QronikaPlus
კორუფცია უნდა შეჩერდეს!

კორუფცია უნდა შეჩერდეს!

2017-07-16 10:49:18

კორუფცია რომ ქვეყნის მდგრადობის დამანგრეველია და მას აქტიურად უნდა ვებრძოლოთ, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. უამრავი ფაქტია, რომელიც, ჯერ კიდევ, თანამედროვეობის პერიოდში საკმაოდ გვაზარალებს. სწორედ ამ დამანგრეველ პრობლემას მიეძღვნა 5 ივლისს გამართული პრეზენტაცია, რომელიც ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციამ“ ჩაატარა და მასზე ის ფაქტები ამხილა, სადაც ცალსახად შეიძლება კორუფციული კვალის დანახვა. ორგანიზაციას ხელმძღვანელობს „მსოფლიო ბანკში“ გამოცდილებამიღებული გიორგი ბაჯელიძე, დამფუძნებლები არიან, ასევე, ქეთევან ენუქიძე და ვატო გელაშვილი. ქეთევან ენუქიძე _ ორგანიზაციის თანადამფუძნებელი: „ჩვენს საქმეში დასავლეთი გვერდში გვიდგას. სოლიდური დაფინანსების მიუხედავად, არასამთავრობოები ზედაპირულ ანალიზებს აკეთებენ, არადა, ბევრად უფრო ხაზგასმით საუბარი და მუშაობა, კვლევაა საჭირო. ამ ინსტიტუტების რეპუტაციის შელახვა კი ამ ორგანიზაციების ფუნქციონირებას უშლის ხელს. ჩვენი ორგანიზაცია სრულიად მიუკერძოებელია. ჩვენ არ განვეკუთვნებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული დამოუკიდებლობა. რაც შეეხება თავად კორუფციას, იგი არ არის მხოლოდ ფულის მოპარვა, კორუფცია ხდება მაშინ, როცა ამას კანონმდებლობაც უწყობს ხელს. ორგანიზაციის ლოგო წარმოადგენს კორუფციაში ჩართული ადამიანის გასვრილ ხელს, ხოლო წრე გამოხატავს შემოსაზღვრულ არეალს, რომელშიც ქართული საზოგადოებაა მოქცეული.   ორგანიზაციის მიზნები: მაღალი რისკის კორუფციული გარიგებების მონიტორინგი; საზოგადოების ყველა ფენის ინფორმირება; არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მაქსიმალურად ადაპტირების ხელშეწყობა. რაც შეეხება კორუფციის არსს, მის უარყოფით მხარეებსა და მთავრობის ქმედებებს, კანონებს იყენებენ თავიანთი ნების აღსასრულებლად. ჩვენ თუ გვინდა, დასავლეთის ნაწილი გავხდეთ, მაშინ უნდა შევძლოთ, რომ ეს კანონმდებლობა, რომელიც ბევრად უარესია, ვიდრე 1921 წლის კონსტიტუცია და კანონმდებლობა, მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ჩვენს მომავალზე. თავის მხრივ, კორუფცია არის: პატრონაჟი, ნეპოტიზმი; ქრთამი, გამოძალვა, გაყალბება; ნარკობიზნესის მფარველობა; თანამდებობის ბოროტად გამოყენება. კორუფციის შედეგად არ ვითარდება: ეკონომიკა; ჯანდაცვის სისტემა; სასამართლოს სისტემა; განათლების სისტემა; სოფლის მეურნეობა. არც ერთი სფერო არ არის წარმატებული, თუ იქ კორუფციაა. კორუფციის შედეგები კი ქვეყანას აზარალებს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურად; იგი ამკვიდრებს ნიჰილიზმს; იზრდება უმუშევართა რიცხვი; სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, დღეს 800 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღატაკის ზღვარს მიღმა; UNDP-ის მონაცემებით, 40 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს. და, აი, ამ კონფორმიზმისა და ნიჰილიზმის გარშემო ტრიალებს ჩვენი სახელმწიფო, რომელიც, რეალურად, ახალგაზრდა სახელმწიფოა, ახლა მას უფრო ჯანსაღი სისხლი სჭირდება. თავად კორუფციის მაღალი რისკის სფეროებია: სახელმწიფო შესყიდვები; მიწების უკანანოდ გასხვისება; უკანონო მშენებლობები; სასამართლო; სოციალური დახმარება (რომელსაც ვერ ვიგებთ, რა უპირატესობით ნიშნავენ, როგორ აუქმებენ, ზოგჯერ პირველი ჯგუფის ინვალიდს უხსნიან დახმარებას და ბევრი მინახავს ასეთი ადამიანი); დევნილთა დახმარება (რომელიც ასევე ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს)“.   პრეზენტაციაზე გიორგი ბაჯელიძემ არაერთხელ განმარტა, რომ ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ორგანიზაციას და არ აქვთ პოლიტიკური მიზნები: „შეიძლება, პოლიტიკურმა ოპოზიციამ  გამოიყენოს ჩვენი მონაცემები, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, მაგრამ ამის გამო ამ მონაცემებს ვერ დავმალავთ და ჩვენც ვერავინ დაგვაბრალებს ამას. მე 2 წლის მანძილზე ვაფრთხილებდი მთავრობას, ვცილობდი მათთან კონსენსუსის მიღწევას, ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება ასე მუშაობა, გამოვნახოთ საერთო ენა, მაგრამ _ არა! პირადად მე 5000-ზე მეტი ტენდერი ჩამიტარებია 12 წლის მანძილზე და ისიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, საერთაშორისო ტენდერები. ვიცით, ევროპის სახელმწიფო შესყიდვის სისტემა როგორ მუშაობს.   ახლა კი უშუალოდ ტენდერებსა და ამ სფეროში არსებულ კორუფციულ სფეროებზე ვისაუბროთ: 2016 წლის სახელმწიფო შესყიდვებმა, ჯამურად, 4 000 000 000 ლარი შეადგინა, რაც ბიუჯეტის 40%-ს შეადგენს. ბიუჯეტის თითქმის ნახევარი მიდის სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ციფრი უკვე გვიჩენებს, თუ რამდენად სერიოზულად უნდა მოეკიდოს სახელმწიფო ეფექტიან ხარჯვას. 4 000 000 000 ლარიდან 1 500 000 000 ლარი პირდაპირი შესყიდვის გზით, ყოველგვარი ტენდერისა და კონკურსის გარეშე განხორციელდა, რაც მთლიანი შესყიდვების 37%-ს შეადგენს _ ეს სტატისტიკა აღებულია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდიდან. ისინი თავიანთ ანგარიშებშიც ვერ მალავენ ამ საგანგაშო ციფრებს. ეს ციფრებიც არ არის ზუსტი. იქ ბევრად მეტია უკანონობა, ვიდრე ჩანს. სახელმწიფო შესყიდვების კანონი 2015 წლის ნოემბრიდან ამუშავდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც აპირებს, რომ ტენდერით არ შეისყიდოს მომსახურება,  ჯერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართავს, მისგან ნებართვას იღებს უტენდერო განხორციელებაზე და ამის შემდეგ მიმართავს მთავრობას და ის, შესაბამისი განკარგულებით, ნებას რთავს, რომ ტენდერი არ ჩაატაროს. ეს არის მთელი პროცესი. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული კანონისა, 2016 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კანონით ვალდებულია, რომ მონიტორინგი ჩაატაროს და ტენდერის არჩატარების უფლება გასცეს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მმართველი არის პერემიერ-მინისტრისგან დანიშნული პირი, ის ნიშნავს და ათავისუფლებს, ასეა აწყობილი. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დანიშნული ჩინოვნიკი შეეწინააღმდეგოს მინისტრების მოთხოვნას ტენდერების არჩატარებასთან დაკავშირებით?! ისმის კითხვა, _ რა არის მიზეზი იმისა, რომ სამინისტროს ტენდერის არჩატარება მოუნდეს? ჩვენი ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ 80-90% იმ შესყიდვებისა, რომელიც უტენდეროდ განხორციელდა, საერთოდ არ საჭიროებდა უტენდერო  პროცედურების განხორციელებას. ანუ მთავრობის განკარგულებიდან და სახელმწიფოს შესყიდვების ნებართვიდან ჯერ მხოლოდ თვეები გადის და ამის შემდეგ იდება ხელშეკრულება პირდაპირი შესყიდვის მუხლით, არადა, მთავრობის განკარგულება იყენებს სახელმწიფო შესყიდვების მე-10’ მე-3 (დ) მუხლს (მე ამ მუხლს ბიუჯეტის მომპარავ მუხლს ვუწოდებ), რომელიც ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ არის. ესაა სახელმწიფო და საოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების კანონიერ ვადაში ჩატარების მუხლი. აი, ამ მუხლებით „პრავდება“ ყველა ხელშეკრულება, რომელიც შემდეგ ხმაურდება. ეს ყველაფერი ხდება იმ  მიზეზით, რომ შექმნილი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ჩინოვნიკებს საშუალება მიეცეს, მათთვის სასურველ ნებისმიერ ფირმასთან ხელშეკრულება გააფორმონ. დღეს სახელმწიფო შესყიდვებში ისეთი სიტუაციაა, რომ შეუძლიათ, ნებისმიერ კომპანიას ნებისმიერ თანხაში, ნებისმიერ მომსახურებაზე ხელშეკრულება ისე გაუფორმონ, რომ მას სახელმწიფო შესყიდვების კანონს და მთავრობის განკარგულებას დაამატებენ, ანუ იმავე მუხლს. ე. ი. კანონით სჩადიან უკანონობას. კორუფცია არასდროს მიდის კანონის აშკარა დარღვევით, იგი მის ზღვარზეა. ელექტრონული შესყიდვების სისტემა 2011 წელს დაინერგა, ანუ მისი შემოწმება შეგვიძლია მხოლოდ 2012 წლიდან და როცა ეს მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, ისინი კარგად მოერგნენ იმ დარღვევებს, რაც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.   გვაქვს მაგალითები:
  1. რეგიონული განვითარების სამინისტრო.
ორგანიზაცია „ჯენერალ ბილდინგ“ _ რომლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერში ვკითხულობთ, რომ იგი დაფუძნებულია 27.02.2014-ში, დამფუნებელია აშშ-ს მოქალაქე, 90%-ის მფლობელი ზვიად წიკლაური (ზოგადად, ახალი ტრენდია და ხშირად შევხვდებით  კიდეც, რომ უცხოეთში მყოფ ადამიანებს იყენებენ კომპანიების დასაფუძნებლად). შემდეგ დამფუძნებელიც და ორგანიზაციაც თვალსაწიერიდან გაქრნენ, არადა, მათი მიმართულებით თანხები გადარიცხეს. ამ ორგანიზაციამ პირველი ხელშეკრულება უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვით, 14 მარტს _ დაფუძნებიდან 2 კვირაში _ დადო და ზუსტად 4 მლნ ლარი მიიღო. ეს თანხა გამოეყო ფოთი-სარფი სავაჭრო გზის 2 კმ-იან მონაკვეთზე სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების შესასრულებლად, ქვების ჩასაყრელად და ა. შ. აი, როგორ გამოიყენეს კანონის ეს მუხლი: საქართველოს კანონის მე-10’ მე-3 (დ) მუხლი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის განკარგულება: მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომ ტენდერი არ ჩატარებულიყო. რადგან ეს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა, ამიტომ ტენდერის ჩატარების დრო არ არისო. მაგრამ ხელშკრულება 3 თვის მერე გაფორმდა, ამ პერიოდში კი მოესწრებოდა 2 სრული და 6 გამარტივებული ტენდერის ჩატარება. თუ სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, იმდენად  მნიშვნელოვანია, რომ ტენდერი არ ჩავატაროთ და თან ამ საქმეს 2 კვირის გახსნილ კომპანიას ვანდობთ, რომელიც საერთოდ არ იკითხება, ვინ არის, რა არის, არც ერთი ხელშეკრულება არ ჰქონია _ ლოგიკა იკარგება! გადის კიდევ რამდენიმე თვე და უფრო დიდ ხელშეკრულებას _ 8 მილიონს უფორმებენ ისევ იმავე მონაკვეთს ქვების ჩასაყრელად. ამით არ მთავრდება და კიდევ შეიქმნა ერთი კომპანია „ნიუ როუდი“, რომელსაც 4 მილიონს უყოფენ 2 კმ-იან ფერდობზე გზების ჩამოშლის გამო. ჯამურად, 16 მლნ-ზე მეტი გადაირიცხა 2 კმ-იან მონაკვეთზე და, სხვათა შორის, ის პროექტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა დამთავრებულიყო, შარშან, 2 წლის შემდეგ, ძლივს დამთავრდა და არავინ იცის, რეალურად, რამდენი დაიხარჯა;
  1. ენერგეტიკის სამინისტრო _ ორგანიზაცია „ნიუ სენთერი“.
მასთან ხელშეკრულება გაფორმდა და აქაც იგივე მუხლია გამოყენებული. განკარგულება მიღებულია 2014 წლის 26 აგვისტოს, რომ ტენდერი არ ჩატარდეს, რადგან გადაუდებელი სამუშაოა, თუმცა ხელშეკრულება 2 თვის შემდეგ ფორმდება, შპს „ნიუ სენთერის“ დირექტორია ოთარ კვიციანი, თავად შპს დაფუძნებულია იმავე წლის 24 ივლისს, იმავე წლის 26 აგვისტომდე 1 თვით ადრე. შპს-მ დუშეთის რაიონში მიკროჰესის მშენებლობისთვის ხელშეკრულებით 700 000 ლარი მიიღო. თავად დამფუძნებელს ვეძებთ და ვერაფრით ვიპოვეთ;
  1. ეკონომიკის სამინისტრო _ ტურიზმის დეპარტამენტი.
როგორი მნიშვნელოვანია ტურიზმი ჩვენთვის _ ყველა გაკეთებულ საქმეში უამრავი ფული იხარჯება და ყველგან კორუფციული ხელშეკრულებებია დადებული. ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად უამრავ თანხას ხარჯავს და ყველა არჩატარებული ტენდერი ისევ იმ მუხლით „პრავდება“. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, ბოლო 3 წლის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის რეკლამირებაზე სხვადასხვა ქვეყანაში ვხარჯავთ თანხას. 2016 წელს ამ მიმართულებით 8  მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა  ტენდერის გარეშე დაკონტრაქტდა. 2017 წელს დაფინანსება გავზარდეთ, იგივე კომპანიებია დაფინანსებული, ოღონდ  ყველა ახალი მინისტრის დროს ძველი კომპანიებიც რჩება და ახალი ემატება. რა არის ფასებს შორის სხვაობა და რამდენი დაკარგა სახელმწიფომ ამ უტენდერო კორუფციით, ამ ყველაფერს გამოვიძიებთ“.   Black Sea Arena-ს საქმე „საინტერესოა Black Sea Arena-ს საქმე, როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა Eastern Promotion-თან. იგი სახელმწიფო ინსტიტუტი გახდა, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს ექვემდებარება. აქ იგივე მუხლია გამოყენებული, რომელიც ზემოთ არაერთხელ აღვნიშნეთ. ამ კომპანიას გაწეული მომსახურებისთვის 67 000 ლარი გადაუხადეს. თანდართულ ხარჯთაღრიცხვაში მთლიან ღირებულებას სწორედ ეს თანხა წარმოადგენს. აგვისტოში ქეთი მელუა ჩამოდის და მან 1 დღით ბათუმში კონცერტი უნდა გამართოს Black Sea Arena -ზე. მელუას 100 000 $-ზე ცალკე გაუფორმდა ხელშეკრულება, ანუ ეს თანხა მომღერალს ჩვენი ბიუჯეტიდან გადავუხადეთ და 67 000 ლარი Eastern Promotion -ს კულტურის სამინისტრომ იმაში გადაუხადა, რომ მან მოლაპარაებები აწარმოა მელუასთან. ყველა სატრანსპორტო ხარჯები, სასტუმროს მომსახურება, კვების ხარჯი და ა. შ. ასევე დაანგარიშებულია და პლუს ამ 67 000 ლარიდან საკომისიო არის 30 000 ლარი. ანუ ამ კომპანიას ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს, რომ ჩვენი ბიუჯეტიდან არ დაგვეფინანსებინა და პლუს საკომისიოს იღებენ 30 000 ლარს. 12 წლის მანძილზე საერთაშორისო ორგანიზაციებში ვმუშაობდი და არ მახსოვს, 5 ხელშეკრულებაზე მეტი უტენდეროდ ჩამეტარებინოს! დღეს თბილისში პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დამაინტერესა, ვინ ატარებს ამას? ამიტომ კითხვებით მივმართე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს _ პასუხი არაა! მერიას _ პასუხი არაა. შემდეგ თავად აქ მომუშავეების მანქანები ვნახე. წარწერა: „ბლექ სი გრუპი“ _ სწორედ ის აკეთებს რეაბილიტაციას, მაგრამ კონტრაქტი არ დევს, არც ტენდერი ჩატარებულა და არც დაჩქარებული წესით გაუფორმებიათ ხელშეკრულება. არ არის საბუთები და, შესაბამისად, არ ვიცით, რა ფასებში აკეთებს, რა თანხაზეა საუბარი, როდის დაამთავრებს. ამ ყველაფერში დამნაშავეა შესყიდვების ეროვნული სააგენტო, რომლის ფუნქციებიცაა სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგის ჩატარება. ყოველწლიურ ანგარიშებს წაიკითხავთ, სამუშაოს გამართულობასა და წამატებას უდასტურებენ და წერენ, რომ ყველაფერი კარგადაა, ამას გადაეყრებით მსოფლიო ბანკის შემთხვევაშიც. როდესაც ამ დოკუმენტების კვლევა დავიწყე, შეკითხვებით მივმართე მსოფლიო ბანკს, სადაც წლების მანძილზე ვმუშაობდი, _ რატომ უდასტურებთ ამათ გამართულად მუშაობას-მეთქი? მიპასუხეს, _ ჩვენ ამას არც ვუდასტურებთო. სანდრო ბრეგაძეა მსოფლიო ბანკის ამიერკავკასიის შესყიდვების უფროსი. თქვა, _ ჩვენ, უბრალოდ, განვაცხადეთ, რომ შესყიდვების ელექტროსისტემა თავისთავად არის კარგიო. ანუ ანგარიშში მათ ეს ჩვენებაც შეცვალეს, ასევე ტექსტი და ჩაწერეს: მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს ამ მოვლენებს. ძირითადად, ყველა ტენდერი ერთ მონაწილეზეა მორგებული. ყველგან კორუფცია ყვავის, რასაც აბსოლუტურად ყველა პროექტი ადასტურებს. სახელმწიფო ადუდიტის კომპეტენცია მუშაობის დაწყებიდან 1 წლის მერე მოქმედებს, უკვე პროექტი დაწყებულია, ფული ჯიბეშია, აბა, სცადეთ და უკან ამოიღეთ ფული!  ეს უნდა დამთავრდეს! ვერასდროს შევქმნით ისეთ მთავრობას, რომელიც ხიბლში არ შედის თავისი არსებობის პერიოდში. როგორც კი სამოქალაქო სექტორი მოისუსტებს, ადამიანები პროტესტს არ გამოთქვამენ, იქ კორუფცია ყვავის. აუცილებლად ჩავუსაფრდებით და ყოვლდღე დავდებთ მხილების ახალ ფაქტს.   კიდევ ერთი სასაცილო და, ამავე დროს, საშინელი ფაქტი: 5 წლის მანძილზე, 2012 წლიდან წლევანდელის ჩათვლით, ახალგაზრდებს ჯარში იწვევენ წელიწადში ორჯერ _ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ ადამიანებს ჯანმრთელობს შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ, რასაც აკეთებს შპს სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია. იგი 100%-ით კერძოა, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო. 5 წლის მანძილზე, გაზაფხულზე, ახალგაზრდების გაწვევამდე 1 თვით ადრე, მთავრობას გამოაქვს დადგენილება: ბიჭები 1 თვეში უნდა გავიწვიოთ, ამიტომ ტენდერის დრო არ გვაქვსო და მის გარეშე უფორმებენ ხელშეკრულებას კომპანიას. იგივე ხდება ოქტომბერშიც 1 თვით ადრე. თქვენ გგონიათ, ავიწყდებათ?! _ 5 წლის მანძილზე ატომატურად 5 მლნ მიიღეს! მაგრამ ამ ჩინოვნიკებს ურჩევნიათ, რომ ვუძახოთ უნიათოები, უნიჭოები, რომ გამორჩათ, ვერ მოაბეს თავი, ვიდრე კორუმპირებულები. არ მივცემთ ამის უფლებას! როდესაც ევროკავშირს, ნატოს წარმომადგენლობას ეს ყველაფერი მივაწოდეთ, ყველა გვეუბნება, ჩვენ რა ვქნათო? ამიტომ დარჩა სამოქალაქო აქტივობა, არასამთავრობოები, დასავლელი მეგობრები. ჩვენ თუ არ მივხედეთ ამას, არავინ გააკეთებს! გვაქვს ამის უფლება. ასეთ საქმეებს არც ერთ კორუმპირებულ მინისტრს, ჩინოვნიკს არ შევარჩენთ!“ _ აცხადებს გიორგი ბაჯელიძე.   მესამე სექტორი ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებს და კვლავ გააგრძელებს შესწავლილი მასალების გამოქვეყნებას.   ნინო ტაბაღუა  

გაზიარება