QronikaPlus
სოსო ცინცაძე: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მყარი საზღვრები არც ერთ მეზობელთან არ აქვს!“

სოსო ცინცაძე: „საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც მყარი საზღვრები არც ერთ მეზობელთან არ აქვს!“

2017-07-16 10:46:10

ჩვენი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტილოგი _ სოსო ცინცაძე: _ ბატონო სოსო, გასულ კვირას თბილისში კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ფორუმი გაიმართა. ოპოზიციამ ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი მიხეილ შვიდკოვი, რომელმაც რუსეთის დაფინანსებით თბილისში მოქმედი საინფორმაციო მედიასაშუალება „სპუტნიკი“ მოინახულა და ჟურნალისტი მამონტოვი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოში იმის გამო არ შემოუშვეს, რომ იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა. როგორ შეაფასებთ თბილისში კრემლის დესპანების გახშირებულ ვიზიტებსა და, თუნდაც, ხსენებული ფორუმის ჩატარებას? _ დავიწყოთ იმით, რომ რუსეთი არ არის აშშ, როდესაც ვიეტნამში ომი ჰქონდა გახურებული და ამერიკის სენატორთა თუ ჟურნალისტთა 80% საკუთარი სახსრებით, ან რედაქცია, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, დაეფინანსებინა თავისი ჟურნალისტი, მიფრინავდნენ ვიეტნამში, ხვდებოდნენ ხო ში მინის მებრძოლებს და უკან ბრუნდებოდნენ ისე, რომ თეთრ სახლს არაფერს ეკითხებოდნენ. რუსეთში ასე არ ხდება _ არცთუ ისეთი მაღალი თანამდებობის პირი შვიდკოვი (ის არ არის გუშინ-გუშინწინ მოსული, მას საშუალო დონის წამყვანი თანამდებობები ეკავა), ასევეა მამონტოვი, არ არის ისე, რომ მათ თავში მოუვიდათ აზრი, _ რა კარგია საქართველო, ისტორიულად ვართ დაკავშირებულნი, ეგებ, გავიხსენოთ და ჩავიდეთ, რომ სულ არ დავკარგოთო. ასე არ ხდება! ეს ვიზიტი თვეებით ადრე მომზადდა, აბსოლუტურად შეთანხმებული უმაღლეს დონეზე. რასაკვირველია, ამის თაობაზე პუტინმაც იცოდა. შესაძლებელია, თვითონ პუტინი არ ხელმძღვანელობდა, ამისთვის მას არ სცალია, მაგრამ ის, რომ უიმისოდ დღეს რუსეთიდან საქართველოში სახელმწიფო ჩინოვნიკები თუ კრემლთან დაახლოებული ჩიტიც ვერ შემოფრინდება, ეს ფაქტია! რა არის დღეს რუსეთის მიზანი? _ აქ შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი და გამორიცხვის ტრადიციული ანალიტიკური მეთოდით უნდა ვივარაუდოთ: რუსეთს აქ უნდა, „რბილი ძალის“ საშუალებით კიდევ რაღაც გაგვახსენოს, რომ ერთად ვცხოვრობდით, მართლმადიდებლები ვართ, რა კარგი იყო სსრ კავშირის დროს, საქართველო რუსეთიდან, პრაქტიკულად, ყველაფერს იღებდა, სამაგიეროდ, პოლიტიკურად კოლონია არ იყო, მაგრამ არც დიდი განსხვავება ყოფილა. თუ მეორე მხარე ის არის, რომ ჩამოვიდნენ ესენი და აქ შექმნან „მეხუთე კოლონის“ მსგავსი? რა არის ახლა რუსეთის პრობლემა? _ საქართველოში მას არ გააჩნია „მეხუთე კოლონა“, როგორც ბალტიისპირეთში. ბალტიისპირეთის ყველაზე რთული მოვლენა ის არის, რომ რიგის მერი რუსია და ზოგიერთ რესპუბლიკაში მოსახლეობის 40%-მდე რუსია, თანაც როგორი რუსი, _ უკვე პოლიტიკურად რუსი. ჩვენთან ასე არ არის, ალბათ, ჩვენი სამხრეთული ბუნებიდან გამომდინარე, ისტორიული სტუმართმოყვარეობის, ამის შედეგია ის, რომ აქ მცხოვრები რუსების უმრავლესობა ეთნიკურად კი დარჩნენ რუსებად, მაგრამ პოლიტიკურად ისინი თითქმის ქართველები არიან. ჩვენი მიზანი რა არის? _ სომხები ახალქალაქში, ასევე აზერბაიჯანელები, მუსლიმები, კი ბატონო, ვინც არ უნდა იყვნენ ეთნიკურად, მაგრამ პოლიტიკურად ქართველები ვარ გავხადეთ. თბილისელი სომხები, თითქმის ყველა, პოლიტიკურად ქართველია. მათი ისტორიული სამშობლო სომხეთია, მაგრამ პოლიტიკურად ქართველები არიან. 90-იან წლებში მახსოვს, რამდენიმე ჩემი სომეხი მეგობარი საქართველოდან გაიქცა და აქ სახლები გაყიდა. ორი წლის შემდეგ, როდესაც სიტუაცია შეიცვალა და ურაპატრიოტიზმი დაცხრა, ყველა უკან დაბრუნდა და ამბობდნენ, სხვაგან ცხოვრებას ვერ შევეგუეთო. მეტსაც გეტყვით: ჩემი ნაცნობი ოსებიც კი, რომლებიც მაშინ საქართველოდან გაიქცნენ, შემდეგ ვლადიკავკაზიდან ყველა უკან დაბრუნდა. ამბობდნენ, _ კი, ენა ერთია, კულტურა, მაგრამ საქართველო სულ სხვააო. ეს რუსეთისთვის დამატებით სირთულეებს ქმნის იმიტომ, რომ აქ „მეხუთე კოლონას“ ვერ შექმნიან, ეს უკვე ჩვენი ბუნებიდან გამომდინარეა. ამდენად, არ მგონია, მოსკოვში მთლად სულელები იყვნენ, კრემლშიც არის ჭკვიანი ხალხი, მარტო სურკოვი რად ღირს. ნეტავ, ღმერთს ექნა და „ოცნებას“ ან ადრე რომელიმე ხელისუფლებას სურკოვის დონის ხუთი ანალიტიკოსი და პოლიტიკოსი მაინც ჰყოლოდა, სულ სხვანაირი იქნებოდა დღეს საქართველოში სიტუაცია. იქ არის ჭკვიანი ხალხი, რომელთაც, ჩემი აზრით, მინიმალური მიზანი აქვთ. ის გასაწყვეტად გამზადებული ძაფებიც კი, რომელიც ისტორიულად აკავშირებდა რუსეთ-საქართველოს, ესენი მაინც არ გაწყდეს და უკეთეს მომავალს დაელოდონ. რუსეთში მშვენივრად აანალიზებენ, რომ ეს ორი ქვეყანა ერთმანეთს არა პოლიტიკურად, არამედ ყველანაირად სცილდება. მაგალითად, მე დიპლომატიას ვასწავლი და მოგეხსენებათ, ამ სფეროში ლიტერატურა ქართულად არ არსებობს, არის ინგლისურად და რუსულად. იგლისურად კისინჯერს სტუდენტი კი არა, ინგლისური ენის ჩვენი მასწავლებელიც ვერ კითხულობს, რუსული კიდევ არავინ იცის. ჩემს ჯგუფებში 80 სტუდენტია და რუსული იცის 3-მა, ისიც ეთნიკურმა სომხებმა, რუსული სკოლა რომ დაამთავრეს. რასაკვირველია, ეს რუსებს აწუხებთ. ეს ჩვენც უნდა გვაწუხებდეს აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებით. აქ რამდენიმე ვარიანტია: მე არ ვარ ჩართული სახელმწიფო სტრუქტურებში, არც დაზვერვის მონაცემებს ვიცნობ, მხოლოდ ვვარაუდობ, რასთან გვაქვს საქმე. არ ვფიქრობ, რომ მათი, ასე ვთქვათ, დესანტი, ჩვენთვის სტრატეგიულ საფრთხეს წარმოადგენდეს, მაგრამ აქ ერთია ცუდი, რომ ვინაიდან ჩვენში ეს უკვე ფობიის მსგავსად ჩამოყალიბდა, ეს ფობია ადამიანს საღი ანალიზის უნარს უკარგავს. არ შეიძლება, ვინმე გძულდეს, როგორც კი შეიძულებ ვინმე სახელმწიფო პიროვნებას, უკვე ობიექტური აღარ ხარ, სუბიექტური ხარ და ეს, პირველ რიგში, შენთვის არის ცუდი, იმიტომ, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებ. ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ამიტომ მზვერავებს ჯაშუშებს რომ ეძახიან, პირველი უკრძალავენ, „კაგებე“-დან დაწყებული, „მოსადით“, „ლენგლით“ და „ცეერუთი“ დამთავრებული, რომ შენ არ უნდა გძულდეს შენი მოწინააღმდეგე, თორემ უკვე საღ აზროვნებას კარგავ. როდესაც ჩვენი საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელს ვუსმენ, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათში რუსეთის მიმართ მხოლოდ სიძულვილს ვხედავ. არავინ გაიძულებს, რომ ოკუპანტი გიყვარდეს, კი არის ქრისტიანული _ გიყვარდეს მტერი შენიო, მაგრამ დედამიწაზე ცხოვრება სხვანაირია, ეს კანონები, ალბათ, ცაში მოქმედებს. მე არ მომწონს მეორე რამ: ეს ხალხი რუსეთიდან რომ ჩამოდის, მათ კავშირი აქვს შემორჩენილი ნამდვილ ეროვნულ ინტელიგენციასთან, ვუსმენ ამ ფორუმის ზოგიერთ მონაწილეს, რომელიც ცდილობს, მშვიდ ფონზე, მამონტოვზე მეტი რუსი იყოს. გვარების დასახელება არ მინდა, მაგრამ ეს ადამიანები ცდილობენ, გაამართლონ, რატომ არ უნდა რუსეთს ჩვენი შესვლა ნატოში; რომ ნატო რუსეთის მტერია; ჩვენ რომ ნატოში შევდივართ, რუსები ღიზიანდებიან და ა. შ. ეს პრიმიტივიზმია! ჯონდი ბაღათურიას ვუსმენდი, ამას მთელი ნახევარი საათი ამტკიცებდა, ეს დიპლომატია არ არის, ეს არის, ელემენტარულად, პრიმიტივიზმი! საქართველოში უკვე ისეთი განწყობა შეიქმნა გარკვეულ სეგმენტში, რომ აზრი არ აქვს რუსეთთან ლაპარაკს, იმიტომ, რომ მაინც მოგვატყუებენ, რაზე უნდა ველაპარაკოთ?! ეს დიპლომატია არ არის, ეს ჩემი პროფესიაა და აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა! დიპლომატია მე ხომ არ მომიგონია, რაც წამიკითხავს, დაწყებული რიშელიეს პოლიტიკური მემორანდუმით, ძველი ბერძნებიდან და ძველი რომაელებიდან ბისმარკამდე და ტალეირანამდე, თუ გნებავთ, კისინჯერამდე, დიპლომატიას წითელ ხაზად გასდევს _ შეურიგებელ მტერთანაც თუ გაქვს დიალოგის შანსი, არ უნდა დაკარგო! წარუმატებელი მოლაპარაკებაც უნდა გამოიყენო, რადგან ამ დროს ინფორმაციას მაინც იღებ! ჩვენთან ხომ არავინ ფიქრობს იმაზე _ რა ინტერესები აქვს დღეს რუსეთს საქართველოსთან, გარდა ორი სტანდარტისა, რომელიც ორივე მცდარია. ერთი _ დამონება და საქართველოს სახელმწიფოს გაქრობა და მეორე _ სუფთა ძმაკაცობა. არიან რუსოფილები და რუსოფობები, მაგრამ ის, რომ იყოს საქართველოს პატრიოტი, მაგრამ ცივი გონებით ფიქრობდეს _ როგორ შეიძლება მან გამოიყენოს საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ის პატარა ოდნავი ბილიკებიც კი, ავტობანებზე რუსეთის პოლიტიკასთან მისასვლელი, სადაც ჩვენი ინტერესები ემთხვევა, ამაზე არავინ ფიქრობს. კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა, რომ ორი ქვეყნის ინტერესები 100%-ით ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს, სადღაც ყოველთვის არის პატარა ზონები, როდესაც ემთხვევა. ამ ზონებიდან დავიწყოთ, მუდმივი არაფერია, დღეს პუტინია, ხვალ ივანოვი იქნება, ზეგ არ ვიცით, ვინ იქნება რუსეთში, ასევე არ ვიცით, ვინ იქნება საქართველოში. რასაკვირველია, ის, რომ სჯობია იყო მდიდარი და ჯანმრთელი, ვიდრე ღარიბი და ავადმყოფი, ეს აქსიომაა! სჯობს, გყავდეს ისეთი დამცველი, ქომაგი და დარწმუნებული იყო შენს მფარველში, როგორც ისრაელია დარწმუნებული შტატებში, როგორ იაპონიაა დარწმუნებული შტატებში, როგორც სამხრეთ კორეაა დარწმუნებული შტატებში, ამას რა სჯობია, თუმცა მაშინაც კი არ შეიძლება, რუსეთს აღიქვამდე შეურიგებელ მტრად და საერთოდ, 140-მილიონიან მეზობელთან რკინის ფარდის ჩამოშვებას ფიქრობდე, მაშინ როდესაც მავთულხლართები, ლამის, გორთან ჩამოვიდეს! _ გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნატოს შეკავების პოლიტიკაში ჩართვაში დაადანაშაულა. თქვენ როგორ გაიგეთ კარასინის ეს განცხადება? _ ზურა აბაშიძე ნახევარი საუკუნეა, ჩემი მეგობარია, მისი ინტელექტიც ვიცი და პროფესიონალიზმიც. ეს ფორმატი თავიდანვე იყო ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიული შეცდომა, თანაც აჩქარდა, დიპლომატიაში ასე არ ხდება! ერთი რამ მიკვირს: ათეული წლებია, ძალიან კარგად ვიცნობ თედო ჯაფარიძეს, მაშინ ივანიშვილს სწორედ ის ჰყავდა გვერდით. რატომ არ ურჩია მან, რომ არ შეიძლებოდა აქედან წარმომადგენლის დანიშვნა, ეს რუსეთისა და საქართველოს მხრიდან ერთდროულად უნდა მომხდარიყო. ჩვენ 2-3 თვით ადრე დავნიშნეთ აბაშიძე და მერე ივანიშვილმა საყვედურები დაიწყო, ჩვენ დავნიშნეთ და რუსეთს არ უნდა ჩვენთან ლაპარაკიო. თან დავნიშნეთ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებში! ძალიან კარგად მახსოვს, ივანიშვილთან ზურა აბაშიძე მიიყვანა იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ, ერთად მივიდნენ. თქვენი კოლეგის ერთ-ერთ შეკითხვაზე ფანჯიკიძე, რომ იტყვიან, პირდაპირ ჭაღზე აძვრა, ისე განაცხადა, არავითარ შემთხვევაში დიპლომატია არ ეხება აბაშიძეს, არავითარ შემთხვევაში პოლიტიკაო... ეჭვიანობდა, აბაშიძე ჩემს სფეროში არ შემოვიდესო! არავითარი ურთიერთობა, მხოლოდ ვაჭრობა, მხოლოდ ჰუმანიტარული, ე. ი. ჩვენ აქედან დავნიშნეთ დიპლომატი ვაჭრობის საკითხში. უკეთესი იყო, მაშინ ვინმე მეურნე დაგვენიშნა! და რუსეთმა ვინ დანიშნა?! რუსეთმა არ დანიშნა დამოუკიდებელი, პრემიერთან ანგარიშვალდებული კაცი! რუსეთმა თამასა დაბლა დასწია, რითაც უკვე დაირღვა ფორმატის მთავარი არქიტექტურა, 11 მოადგილე ჰყავს ლავროვს, ამ მოადგილეებში ერთ-ერთ მათგანს _ კარასინს, რომელიც არც წამყვანი მოადგილეა და არც მნიშვნელოვან საკითხებს კურირებს, ხვალ-ზეგ უკვე პენსიაზე გავა, მას დაავალა, რომ, ყველაფერთან ერთად, სამ თვეში ერთხელ შეხვდები აბაშიძეს, ინტელიგენტი, წესიერი კაცია, ეს სააკაშვილი არ არის, ნერვებს არ მოგიშლის, ჩხუბს არ დაგიწყებს, დაელაპარაკები და ნახეთ, რა გამოვა. თავიდანვე უკვე აღმოვჩნდით წაგებულ ფორმატში და პოზიციაში. ზურა აბაშიძეს არ აქვს უფლება, პოლიტიკაზე ილაპარაკოს, იქიდან დიპლომატი ლაპარაკობს, აქედან ლაპარაკობს არადიპლომატი თავისი რწმუნებებით, თორემ ზურა პროფესიით დიპლომატია. კარასინი პოლიტიკაზე რომ ლაპარაკობს, ზურას არ აქვს უფლება, შეეკამათოს, რაღაც უთხრას, აქედან მას ეუბნებიან, _ არაფერი სხვა, გარდა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლისა, რუსეთთან ვიზალიბერალიზაცია, ვაჭრობა, ქინძი, ოხრახუში, ღვინო, ამაზე ელაპარაკე. კარასინი ლაპარაკობს იმაზე, რაც მას უნდა და როგორც კი ზურა თავისი ფორმატიდან პოლიტიკაზე გადაუხვევს, კარასინი ეუბნება, _ იცით, რა, ამაზე თქვენთან ვერ ვილაპარაკებ, ამაზე დიპლომატს უნდა ველაპარაკო. ეს შეცდომაა! 3-4 წელიწადია, ამაზე ვსაუბრობ და საჭირო იყო ამ შეცდომის გამოსწორება! ჩვენთან საპარლამენტო რესპუბლიკაა და აქედან პირველი კაცის სპეციალური წარმომადგენელია, იქიდან ძალზე დაბალი დონე! ზურას უფრო მეტი დონე აქვს აქედან, ვიდრე კარასინს, მიუხედავად იმისა, რომ ზურა ხელ-ფეხ შეკრულია! პროფესიონალ დიპლომატს არ აქვს უფლებამოსილება, ფუნქცია არ გააჩნია იმიტომ, რომ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც თვითონ არაფრის მაქნისია, ძალიან ეჭვიანობს და აცხადებს, _ ჩემს ბოსტანში ცხვირს ნუ ყოფ, ვინ გეკითხება შენ დიპლომატიას, ამისთვის აქ სამინისტროაო! ამიტომ არის, რომ კარასინს შეუძლია ასეთი რაღაცები თქვას, მაგრამ ზურას არ შეუძლია, ამაზე დისკუსია გამართოს. ე. ი. ეს მაღალპროფესიონალი, ჩემი მეგობარი ზურა, რუსულ გამონათქვამს თუ ვიხმართ, გამოვიდა „საცემი ბიჭი“. ჩამოვა აქ და მთელი ოპოზიცია და საზოგადოების უმრავლესობა ზოგი პირდაპირ ლანძღავს, მოღალატეს და რას არ ეძახის, მისდამი უფრო კეთილგანწყობილები, კიდევ, ქირქილებენ და დასცინიან, უპორტფელო კურიერს ეძახიან. სამ თვეში ერთხელ ჩადის პრაღაში, რას ელაპარაკება, კაციშვილმა არ იცის... ჩამოდის და, კიდევ კარგი, ზურას შესანიშნავი დიპლომატიური გამოცდილება აქვს, რაღაცის თქმას მაინც ახერხებს. როდესაც სათქმელი არაფერი აქვს, მაინც ახერხებს რაღაცის თქმას. რომ ვუყურებ, ხანდახან მეცინება და სიმართლე გითხრათ, მეცოდება ხოლმე კიდეც. ეს არის ტრაგედია, როდესაც ასეთი მაღალი დონის პროფესიონალს ანდობ არამკითხე კურიერის ვალდებულებას. კარასინის ეს განცხადება მიმანიშნებელია იმაზე, რომ რუსეთს აღიზიანებს საქართველოს ნატოსკენ ლტოლვა. მიუხედავად ამისა, კარასინმა მშვენივრად იცის, რომ აღარაფერი ვთქვათ პუტინსა და ლავროვზე, განჭვრეტ მომავალში საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს. ეს ერთხელ ძალიან რბილად ზურამაც თქვა, _ ჩვენ დღეს და ხვალ ნატოში არავინ გველოდებაო. სხვა იტყოდა, _ ზეგ და მაზეგაც არ გველოდებაო. მთავრობა ამბობს, დღეს არ გველოდებიანო, ზურამ თქვა, ხვალაც არ გველოდებიანო და გახსოვთ, ამაზე რა ამბავი ატყდა, ალასანიას პარტიიდან დაწყებული, ეს კაცი კინაღამ ჯვარზე გააკრეს. სანამ ასეთი დაძაბული ურთიერთობაა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის, ჩვენი მდგომარეობა ასეთია _ სხვა თვრება და ბახუსიდან გამოსვლა ჩვენ გვიწევს! თუ რუსეთი ფიქრობს, რომ ნატო მისი ნამდვილი მტერია და მოწინააღმდეგე, რაც, პრაქტიკულად, ასეც არის, დახედეთ რუკას და მიხვდებით, რა არის რუსეთისთვის საქართველო ნატოში, მაგრამ აქ ორი მომენტია: ჯერ ერთი ის, რომ საქართველოში არავინ გაგიჟდება ისე, რომ რუსეთს ომი დაუწყოს გინდ ნატო იყოს თუ სხვა, მეორე ის არის, რომ საქართველოს ნატოში არავინ მიიღებს, ეს ვისაც ძალიან უნდოდა, სწორედ მისი ქმედებების შედეგად, ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ მხოლოდ ისინი არ არიან, მეხუთე პუნქტში გარკვევით წერია, რომ ნატოში არ შეიძლება იყოს მიღებული სახელმწიფო, რომელსაც მეზობელთან სასაზღვრო დავა აქვს. ჩვენ მარტო რუსეთთან გვაქვს სასაზღვრო დავა?! ჩვენ სასაზღვრო უთანხმოება გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აზერბაიჯანთან რამხელა ტერიტორიაა სადავო, ჩვენს მღვდლებს არ უშვებენ, ტურისტებს ხან უშვებენ, ხან _ არა, საქართველო არის, ალბათ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აღიარებული მყარი საზღვრები არც ერთ მეზობელთან არ აქვს გარკვეული. ამბობენ, თურქეთთან გვაქვსო, მაგრამ როგორ აქვთ, როცა ერდოღანი ყოველ მეორე გამოსვლაში აჭარას ახსენებს, როგორც თურქეთის გულს? დომხალი გვაქვს! არ აინტერესებს დღეს დასავლეთს! რა ვქნათ, დავუჯეროთ? _ სამი დღის წინ, არც დაფიქრებულა ეს პატარა ბიჭი (საგარეო სამეთა მინისტრი, _ ავტ.), ისე თქვა, რომ არასოდეს საქართველოს საკითხი ისე აქტუალური არ ყოფილა დასავლეთისთვის, როგორც დღესო. მე კი ვიტყოდი, რომ არასოდეს შეხვედრებში, თათბირებში საქართველოს საკითხი ასე მიჩქმალული არ ყოფილა, როგორც დღეს არის. მანახოს სადმე ჩვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გარდა ეუთოსი და ევროკავშირის სიტყვიერი ლირიკული განცხადებებისა, ასევე ამერიკის ელჩის განცახდებებისა, რომ ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს კანონიერ საზღვრებსო. ეს ხომ არაფერს ცვლის, რაიმე მოთხოვნა რუსეთს წაუყენეს, საზღვრებს რომ სწევენ და მავთულხლართებს გვიბამენ?! რაიმე სანქცია დაუწესეს საქართველოსთან მიმართებით?! არასოდეს მომხდარა! ჩვენი ტერიტორიების დაკარგვის თაობაზე ერთადერთი სანქცია, რაც არსებობდა, დსთ-ს აქცია იყო შევარდნაძის დროს, როდესაც მაშინ მკვეთრად შემცირდა, მით უმეტეს, აფხაზეთთან რუსეთის ვაჭრობა. მაშინ საახალწლოდ მანდარინი გაიტანეს რუსეთში და მთელ დსთ-ში ამბავი ატყდა, ხელშეკრულებებს ვარღვევთო. ჩერნომირდინი იყო მაშინ პრემიერი და თავს იმართლებდა, რუს ბავშვებს მანდარინი გავუტანეთ აფხაზეთიდანო. ერთადერთი სანქცია იყო ეს! საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის გამო არავითარი სანქცია არ ყოფილა! _ ჰამბურგში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ტრამპი-პუტინის შეხვედრა გაიმართა. თქვენი აზრით, ეს შეხვედრა რა შედეგს მოიტანს? აქვე გკითხავთ, ტრამპმა ასეთი განცხადება გააკეთა: ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა უკრაინაში და სხვა რეგიონებშიო. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ახსენა ამერიკის პრეზიდენტმა გამოკვეთილად საქართველო? _ ტრამპს სხვა ქვეყნები არ უთქვამს, ზუსტად თქვა _ პოლონეთი, აღმოსავლეთ ევროპა. მას კონკრეტულად ბალტიისპირეთიც არ უთქვამს, იმიტომ, რომ ეს იყო მისი გამოსვლა პოლონეთში და დღეს ნატოს პროგრამა მაქსიმუმი არის მხოლოდ ნატოს წევრების დაცვა რუსეთის აგრესიისგან. იმასაც გეტყვით, რომ სრულიად დაცულად დღეს არც პოლონეთი გრძნობს თავს, ბალტიისპირეთი _ მით უმეტეს. ამიტომაც არის, რომ პოლონეთი და ბალტიისპირეთი რუსეთისგან სისტემატურად მოითხოვს მეტ გარანტიას. იქ რამდენიმე ბატალიონის 700-900 ჯარისკაცი არაფერია, მაგრამ ეს სიმბოლოა, რაც უკვე დაცვაა. გინდ 10 ჯარისკაცი იყოს პოლონეთში და გინდ მილიონიანი არმია, რუსეთი თუ პოლონეთს შეუტევს და ამ ჯარისკაცებს დახოცავს, ეს უკვე ამერიკასთან ომია. დღეს საერთაშორისო საზოგადოებისთვის რა ფორმატშიც ადრე საქართველო იმყოფებოდა, ჩაანაცვლა უკრაინამ. ამის განმაპირობებელი ბევრი ფაქტორია თავისი მნიშვნელობით, _ სად 40-მილიონიანი ქვეყანა და სად 3-მილიონიანი? სად უკრაინის გეოგრაფიული მდებარეობა და სად _ საქართველოსი? გარდა ამისა, თვითონ უკრაინის ფაქტორი რა არის? _ 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მამა ბუში კიევში გამოვიდა და სულ ემუდარებოდა, თითქმის, ემუქრებოდა უკრაინელებს, _ არ გაბედოთ და სსრ კავშირიდან არ გახვიდეთო! მაშინ მისი საზრუნავი ის იყო, რომ უკრაინას ჰქონდა ბირთვული იარაღი, შემდეგ დასავლეთის მეშვეობით ხელშეკრულება გაფორმდა, რომ უკრაინა ამ ბირთვულ იარაღს რუსეთს გადასცემდა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტად გამოდიოდა დასავლეთი. დღეს რომ ვთქვათ, დასავლეთმა უკრაინა გადააგდო. ეს გარანტია არ არის, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, შენი ტერიტორიული მთლიანობის გარანტი ვარო, პირველ რიგში, ეს გულისხმობს ამ ტერიტორიის სამხედრო ძალით დაცვას და არა სანქციებს. ეს არის გარანტია ქვეყნისთვის, ისევე როგორც ცივი ომის წლებში სსრ კავშირი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას აძლევდა გარანტიებს და მის საზღვრებს იცავდა, ისევე როგორც დღეს ხელშეკრულებით აფხაზეთისა და ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს იცავს და მისი გარანტია რუსეთი. ასეთი გარანტია იყო, მაგრამ რუსეთი იცავს თავის ხელშეკრულებას, დასავლეთმა არ დაიცვა! ამიტომ ტრამპს რა ადარდებს _ პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს ინგლისის პრემიერ ტერეზა მეის ეუბნება, _ უბრწყინვალესი შეხვედრა იყოო. აქედან გამოდის, რომ პუტინმა მიაღწია დასახულ მიზანს და რაც უნდოდა, ამ შეხვედრიდან ის მიიღო. პუტინი უკვე ახერხებს, რომ საერთაშორისო იზოლაციიდან გამოდის, რომელშიც ის მოექცა ყირიმის გამო, დონბასის გამო. ტილერსონის განცხადებაც როგორი იყო: 35-წუთიანი შეხვედრა 2 სთ. და 15 წთ. გაგრძელდა და ძალიან კეთილგანწყობილ ვითარებაში მიდიოდა. სსრ კავშირის დროსაც, მაგალითად, ბრეჟნევის შეხვედრა ნიქსოთან, რეიგანის _ გორბაჩოვთან, ასეთ მეგობრულ ვითარებაში არ ყოფილა, ძალიან მწვავე კითხვებიც იყო და მწვავე დისკუსიაც. ახლა გამოდის, არავითარი დისკუსია არ ყოფილა. ტრამპმა შეხვედრა დაიწყო კითხვით, _ თქვენ მართლა ერეოდით ჩვენს არჩევნებშიო? პუტნმა უპასუხა, _ რას ბრძანებთ, არც მიფიქრია, ჩავრეულიყავიო და ტრამპი თავს უქნევდა. მერე თქვა, _ დამაჯერებელი იყო პუტინის არგუმენტებიო. პუტინის დამაჯერებელი არგუმენტების ამერიკის ოთხ მთავარ სადაზვერვო ორგანიზაციას არ სჯერა, ამერიკის კონგრესს არ სჯერა და ტრამპს სჯერა! მაგრამ ტრამპია დღეს პრეზიდენტი და არა „ფებეერი“ და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო! ტრამპი დღეს არის დაციკლული, მისი იდეა ფიქსია ისლამური სახელმწიფოს განადგურებაა, აქ უნდა მას რუსეთის დახმარება. ტრამპი, შეიძლება, მაგარი ბიზნესმენია, მაგრამ ძალზე სუსტი პოლიტიკოსია და ნული დონის დიპლომატი, მას არ სურს, სიმართლეს გაუსწოროს თვალი, _ გინდ განადგურდეს „ისლამური სახელმწიფო“, იქ რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები მაინც ვერ იქნება თანხვედრაში, ვინაიდან მთელი დასავლეთი გამოდის სირიის დღევანდელი ოფიციალური რეჟიმის წინააღმდეგ, თვითონ ამერიკაც. ამერიკის კოალიცია ებრძვის ისლამურ სახელმწიფოს და ასადს, კოალიციის მომხრებს, ვისაც ასეულობით მილიარდის იარაღს აძლევს ამერიკა, არიან ქურთები და ასადის მოწინააღმდეგე სირიის დემოკრატიული ფრონტი, ამიტომ ესენი როგორ უნდა შეთანხმდნენ?! როგორ შეიძლება, რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეთანხმება იყოს ხანგრძლივი, როდესაც ამერიკა ეხმარება იმას, ვისაც ებრძვის რუსეთი?! ესეც შეუძლებელია! პუტინმა მაინც მიაღწია თავისას, ვინაიდან ტრამპთან მისასვლელი ბილიკი მოძებნა და რაზეც ამერიკელი ექსპერტები შიშობდნენ შეხვედრის წინ, რომ პუტინი ტრამპს მოატყუებსო, ჩანს, მათი შიში უსაფუძვლო არ იყო. საქართველო ხომ იქ არც უხსენებიათ, შეიძლება გუნებაში ფიქრობდნენ, მაგრამ არ ლაპარაკობდნენო, ეს უკვე პოლიტიკა არ არის, მით უმეტეს, დიპლომატია! _ თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი დააანონსა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს პენსის ვიზიტი საქართველოში? სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შედეგები? _ შედეგისგან დამოუკიდებლად ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლური ვიზიტი. პენსი სპეციალურად არ მოდის ამერიკიდან საქართველოში, ის ჯერ ჩერნოგორიაში ჩადის, ნატოს ყველაზე ახალგაზრდა წევრთან, მერე თბილისში ჩამოდის. მართალია, დიპლომატიაში და პოლიტიკაში მთავარია შედეგი და არა პროცესი. თუმცა ჩვენი „გენიოსი“ განათლების მინისტრი ამტკიცებს, _ რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენ მიგვიღებენ თუ არა ნატოში, ან როდის მიგვიღებენ, მთავარი პროცესიაო. ეს სისულელეა, თუ არ იცის, სხვას მაინც ჰკითხოს! საერთაშორისო ურთიერთობის მეორე კურსის სტუდენტს ჰკითხოს და ჯეჯელავას ეტყვის, რომ სისულელე თქვა! რა რეალური შედეგი მოჰყვება პენსის ვიზიტს საქართველოსთვის, არ ვიცით. აქ რამე შეთანხმება გაფორმდება, თუ უფრო დემონსტრაცია იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ამას უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რომ მხოლოდ აქ ჩამოდის ვიცე-პრეზიდენტი, რეგიონს ვგულისხმობ. თავის დროზე ვნახეთ, რომ მხოლოდ თბილისში ჩამოვიდა ბუში, მაგრამ ამან სულაც ვერ შეაჩერა რუსეთი 2008 წლის ომისთვის, ისიც დემონსტრაცია იყო, მაგრამ რუსეთმა, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ფეხებზე დაიკიდა და იგივე ბუშის პრეზიდენტობის პირობებში რა დღე დაგვაყარა. ამიტომაც პენსის ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ მორჩა, ბუზსაც ვერავინ აგვიფრენსო!   თამარ ბატიაშვილი        

გაზიარება