QronikaPlus
ვაჟა ბერიძე: „არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი აიძულეს, დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკიდან!“

ვაჟა ბერიძე: „არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი აიძულეს, დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკიდან!“

2017-07-16 10:26:49

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და დედაქალაქის მერობის წარმოდგენილ კანდიდატებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი _ ვაჟა ბერიძე: _ ბატონო ვაჟა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. იგრძნობა თუ არა ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი და როგორ არიან მომზადებულები პოლიტიკური პარტიები ამ არჩევნებისთვის? _ წინასაარჩევნო პერიოდი ნაკლებად იგრძნობა და ძალიან მიზერულია იმის შეგრძნება, რომ რამდენიმე თვე გვაშორებს ამ არჩევნებს. საერთოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ სხვაგანაც და ჩვენთანაც შედარებით ნაკლებია ინტერესი და ყურადღება, მაგრამ აქ ჩვეულებრივზე კიდევ უფრო ნაკლებია იმიტომ, რომ საქართველოში, ამ 26 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, თვითმმართველობის სისტემა ვერ ჩამოყალიბდა და თვითმმართველობის ავტორიტეტი არის დაბალი. ამას იციც ცხადყოფს, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, პრინციპში, ამაში მკრეხელური არაფერია, ასეთია დღევანდელი ხელისუფლების ხედვა და კონცეფცია ადგილობრივი თვითმმართველობის როლისა და ადგილის შესახებ, მაგრამ მაინც უფრო მეტი უნდა იყოს, რადგან დღევანდელი ხელისუფლების კავშირი საზოგადოებასთან ძალიან შესუსტებულია, უკუკავშირი თითქმის არ არსებობს, აქედან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველობის მეშვეობით ურთიერთობის ვერსიფიკაცია უნდა მოახდინოს მმართველმა ძალამ, მაგრამ ამის გაცნობიერებას მმართველ გუნდში ვერ ვხედავ. რაც შეეხება პარტიების როლს ამ პროცესში, საერთოდ ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტიები არიან სუსტები როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად და მიბმულები არიან რომელიმე გუნდს და დამოკიდებულები არიან იმაზე, რამდენს დახარჯავს ივანიშვილი ამა თუ იმ არჩევნებში, ან სააკაშვილის განწყობას, ის რის მობილიზებას დააპირებს მისი მომხრე ბიზნესმენებისგან. დანარჩენს არსებობის პრობლემა აქვს და მათი მხრიდან პოლიტიკური კუთხით რაიმეს გატარებას რეგიონული სტრუქტურების გაძლიერებაზე არც ველი და პრინციპში, ეს არც ჩანს. ჩვენთან ცუდი როლი შეასრულა, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული მართვადი ოპოზიციის შექმნამ. თავის დროზე, ეს იდეა ზურაბ ჟვანიას ეკუთვნოდა, მერე სააკაშვილმაც სცადა წარმატებით ამ პოლიტიკის განხორციელება, ახლა იმავეს ცდილობს ივანიშვილი და გარკვეული წარმატებებიც აქვს. მართვადი ოპოზიცია და მართვადი პოლიტიკური ძალა, უკვე, პოლიტიკური ძალა აღარ არის და დღეს მახინჯი ფორმით, მაგრამ მავანთა ოცნება ახდა და არენაზე, ძირითადად, ორი პოლიტიკური ძალაა, ეს არის ივანიშვილი და მისი პარტია, მეორე _ სააკაშვილი და მისი პარტია. მისგან წარმოშობილი და ძველი პოლიტიკური ერთეულები, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, კარგი პოლიტიკოსებითაც იყოს დაკომპლექტებული, გამოცდილი ადამიანებით, ინტელექტუალებით, შესაბამისი როლის შესრულებას ვერ შეძლებენ და არც აპირებენ, რამდენადაც ვატყობ. ამიტომ ეს პროცესი _ საარჩევნო კამპანია, მაინც თვითდინებაზეა მიშვებული და თუ რამე არ შეიცვალა, ვგულისხმობ სტრესულ სიტუაციას, რომელიც ქვეყანას შეაზანზარებს, ასე მშვიდად, გარკვეული უპირატესობით ფეხბურთის ვარსკვლავი ტელევარსკვლავს აჯობებს და ჩვენი ამ მიმართებით ინტერესი მინელდება და მინავლდება იმიტომ, რომ კონკურენტული გარემო არ არის. ამას ამერიკელები ხაზს უსვამდენენ, როდესაც 2012 წლის არჩევნებს აფასებდნენ, ამბობდნენ, რომ არის ორი კონკურენტუნარიანი სუბიექტი _ „ნაცმოძრაობა“ და ივანიშვილის კოალიცია. ახლა კონკურენტუნარიანი სუბიექტები არ არსებობენ, ხელოვნურად შექმნილი ორი სუბიექტის პრიმატი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ჩუმი დასტური ახლავს, ვფიქრობ, უფრო არევს სიტუაციას პერსპექტივაში, რადგან საშინაო ფაქტორები სულ უფრო და უფრო მცირე როლს ასრულებს და საგარეო პოლიტიკური სულ უფრო მეტს. აქედან გამომდინარე, როდესაც საგარეო პოლიტიკური როლი უფრო დომინირებს, იქ  საქართველოს რომელი რეგიონით დაინტერესებული სუბიექტი რას მოიმოქმედებს და როგორ ააფათურებს ხელებს საქართველოსა და კავკასიის საქმეებში, კაციშვილმა არ იცის. ეს კი სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ეროვნული ინტერესებისთვის. _ სათითაოდ დაგვიხასიათეთ დედაქალაქის მერობის ის კანდიდატები, რომლებიც უკვე ასპარეზზე გამოჩნდნენ. როგორ შეაფასებთ მათ შანსებს? _ პიროვნულად ყველა ღირსეული მოქალაქეა და თავიანთი ახლობლებისთვის და ოჯახებისთვის მისაბაძი ადამიანები არიან. ზოგი რით გამოირჩევა, ზოგი _ რით, მაგრამ თუ მთავარ მოთამაშეებზე შევჩერდებით, როგორიც არის კახა კალაძე და ზაალ უდუმაშვილი, ისინი პოლიტიკოსები არ არიან. დავიწყოთ იქიდან, რომ ხალხმა უნდა მისცეს დასტური პოლიტიკაში პოლიტიკოსის სტატუსით შემოსასვლელად. პოლიტიკური კარიერა მწამს და მჯერა, რომ ეს არის პიროვნების პიროვნული მცდელობის, ინტელექტის, დამსახურების, ხედვების განვითარების გარკვეული ჯამი, შეიძლება ითქვას, სიმბიოზიც, რომელსაც საზოგადოება წლების მანძილზე თვალს ადევნებს და ბოლოს დასტურს აძლევს, რომ პოლიტიკოსი იყოს და საზოგადოების ინტერესებს მოემსახუროს. კალაძის ბიოგრაფია ყველამ ვიცით, ნამდვილად მისაბაძი მოქალაქეა, ნამდვილად მისაბაძია მისი ერთგულება საქმისადმი, ნიჭიერება, მიზანსწრაფულობა, შრომისმოყვარეობა, რამაც ერთი სამტრედიელი ბიჭი საერთაშორისო დონის ვარსკვლავად აქცია და ის ქონება, რაც მას აქვს, კეთილსინდისიერი შრომით დააგროვა. ჩვენ ამ მაგალითზე თაობებს და ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ, რომ თუ მშრომელები, ნიჭიერები არიან და საქმისადმი ერთგულები, ასეთი წარმატებულები იქნებიან, მაგრამ ეს ერთი მხარეა ასეთ რთულ და მრავალხლართიან ოპერაში. მეორე მხარეა პოლიტიკა, როდესაც შენ გადაწყვიტე, რომ პოლიტიკაში მოხვიდე, უწინარეს ყოვლისა, ორიგინალური ხედვები, იდეები, ფუნქცია და მისია უნდა გქონდეს, ასეთი ხედვები და მისია, მაგალითად, თავის დროზე, ივანიშვილს ჰქონდა. ვფიქრობ, რომ კალაძეს ეს მისია არ აქვს, ამიტომ ჩვენ რასაც ვაკვირდებით, 3-4 წელია, ის შეიძლება მენეჯერია, ხედვები აქვს ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ ფიგურად ის ვერ ჩამოყალიბდა, ამიტომ მგონია, რომ ეს 4-5 წელი, რაც ის არის პოლიტიკაში, არაა საკმარისი იმისთვის, რომ მან ისეთი რთული ქალაქის ხელმძღვანელობა შეძლოს, როგორიც თბილისია. იმავეს ვიტყვი ზაალ უდუმაშვილზე, ასე თუ შევხედავთ, წინასწარ აკვიატებული ხედვის გარეშე, ის არის ნიჭიერი ადამიანი, თავისი თავი თვითონ გააკეთა, წარმატებულია, ზოოვეტერინარული ინსტიტუტიდან ტელევარსკვლავობამდე გზა დამოუკიდებლად გაიარა და ამ თვალსაზრისით, პიროვნულად მხოლოდ საზოგადოების სიმპათიებს შეიძლება უდავოდ იწვევდეს, თუმცა ის „რუსთავში 2“-ში იყო საინფორმაციო სამსახურის მიერ მომზადებული ნიუსების ინტერპრეტატორი ან გამხმოვანებელი, აქ მისი პიროვნული ხედვები არ ჩანდა. თუ ის იზიარებდა იმ პარტიის პოზიციას, რომლის გავლენის ქვეშაც იყო „რუსთავი 2“, მაშინ ეს მისი პლუსი არ არის, ვინაიდან ჟურნალისტი უნდა იყოს მიუკერძოებელი. მით უმეტეს, ის რასაც აცხადებდა 9 წლის მანძილზე, თუ იმას სწორად მიიჩნევდა, ძალიან გაუჭირდება. თბილისი რთული ქალაქია, ოპოზიციურია, დავით აღმაშენებლიდან დაწყებული ისეთი უხიაკი ქალაქია, რომ დღემდე ვერავინ მოათვინიერა. აქ იყო უმრავლესობა არაბები, მუსლიმები, სომხები თუ ქართველები, მაინც იყო დაუმორჩილებელი და ძალიან რთული ქალაქი. ხალხს რომ ელაპარაკო, ყველა თბილისელს თავი გენიოსი ჰგონია, ამიტომ ძალიან რთულია ამ ნაბიჯის გადადგმა. პიროვნულად ზალიკოს პატივს ვცემ, მაგრამ მის ამ შეცდომებს ვხედავ და ვფიქრობ, რომ გაუჭირდება. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ის ძალიან კარგი ოჯახის შვილია, მამამისს ვიცნობ, როგორც საზოგადო მიღვაწეს, დედას პირადად ვიცნობ და არის არაჩვეულებრივი ქალბატონი, უდავოდ კარგი ოჯახის შვილია, მასაც აქვს ხედვები, ბიოგრაფია, თვალსაზრისი, მაგრამ მან და მისმა პარტიამ უნდა იცოდეს, რომ იმავე ტვირთის მატარებელია, რაც აქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი გაემიჯნენ, მაგრამ ფორმალურად, რადგან ის ნეგატიური არ დაუგმიათ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა და ასეთ შემთხვევაში, მე რომ ობივატელი ვარ, დავუშვათ, ორთოდოქსი „ნაციონალი“ მირჩევნია ტრანსფორმირებულ „ნაციონალს“, რომელიც ფორმალურად გაემიჯნა თავის წინა პოზიციას და რეალურად და ფაქტობრივად _ არა. ამიტომ მისი შანსი, ვფიქრობ, რომ მერის პოსტზე მცირეა. ალეკო ელისაშვილი უდავოდ ნიჭიერი კაცია, პრინციპული, სიმართლის მოყვარული და სამართლიანი, ქალაქიც იცის, პატრიოტიც არის და სიამოვნებით ვუყურებ „არტ არეაზე“ ქალაქში მის ექსკურსიებს მოხალისეებთან ერთად. მე ვიყავი ერთ-ერთი ტელეპროგრამის ავტორი ტელეკომპანია „კავკასიაში“ და როგორცკი გამოვიდა, ჩემს კოლეგა გიორგი გიორგაძეს ვუთხარი, რომ ეს კაცი დიდ საქმეს შეასრულებს პოლიტიკაში და მოიწვიე-მეთქი. ასე რომ, ალეკოს დებიუტი ჰქონდა „კავკასიის“ ეთერში, გადაცემაში „საქმე და ეკონომიკა“. ეს იყო ზუსტად 10 წლის წინათ და ახლაც მიმაჩნია, რომ მას აქვს პერსპექტივა და მაჟორიტარობას, მე პირადად, ვერ ველევი იმიტომ, რომ მაჟორიტარობის პირობებში ალეკო ელისაშვილისნაირები საკრებულოსა და პარლამენტში ვერ მოხვდებიან. სალომე ზურაბიშვილისნაირები, რომელსაც რაღაცაში ვეთანხმები, რაღაცაში _ არა, მაგრამ ის პოლიტიკოსია. ალეკოს აქვს შარმი, მაგრამ მას არ აქვს ხედვა. მისი უპარტიობა დიდი პლუსია და ძალიან დიდი მინუსია, ამას მხარდაჭერა სჭირდება, ფული სჭირდება, პოლიტიკა არ არის იდეალისტების არენა, რაც მას არ აქვს და ეს მის შანსებს ამცირებს. მერობის სხვა კანდიდატი თუ არის, არ ვიცი, თუმცა მოხარული ვიქნებოდი, ყოფილიყვნენ. არ ვიცი, რას შემოგვთავაზებს კანადელი შერიფი, მაგრამ „გოდოს მოლოდინში“ არ ვარ, თუმცა ველი, რომ ვიღაც ისეთი გამოვა, პარტიებზე მაღლა მდგომი, რომელიც რეალურად არის საქმეში ჩახედული თავი და არა ისეთი, რომელიც პოლიტიკოსობას მერის პოსტზე ისწავლის. ამ ექსპერიმენტმა რამდენჯერმე არ გაამართლა. _ როდესაც დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“ პრეზენტაცია იყო, მაშინ მან განაცხადა, რომ ერთი თვის ვადაში წარადგენდნენ დედაქალაქისა და სხვა ქალაქების მერობის კანდიდატებს. ამ დღეებში ამ განცხადებას უკვე უნდა ველოდოთ. არ არის გამორიცხული, ამ პოსტზე თავად პარლამენტის ექსთავმჯდომარის კანდიდატურა ვიხილოთ. ამაზე რას იტყვით, როგორია ეს კანდიდატურა? _ უსუფაშვილს პატივს ვცემ, ის კარგი იურისტი და გაწონასწორებული პოლიტიკოსია, მაგრამ მას არ აქვს ის მთავარი, რაც უნდათ თბილისელებს, რაც საჭიროა ხელმძღვანელი პოლიტიკური თანამდებობისთვის. ბიძინას მიერ ხელდასხმული სპიკერის როლი მან კარგად მოირგო, არც არაფერი გააფუჭა და შესაძლოა, არც ბევრი რამე გააკეთა, მაგრამ იყო პარლამენტის ნორმალური თავმჯდომარე, თუმცა არაკონკურენტუნარიან საარჩევნო მარათონში. თბილისელები ძალიან რთული ხალხია, მას არანაირი შანსი არ ექნება, მას გარბენიც არ აქვს აღებული, როგორც დამოუკიდებელ ფიგურას პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ის პერიოდი დამთავრდა ბიძინასთან შეერთებით, როცა ის იყო მიშა სააკაშვილის რესპექტაბელური ოპოზიციონერი, შემდეგ იყო ბიძინას მოკავშირე და ახლა დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, რომლისაც არ სჯერათ. მე, მაგალითად, შეიძლება მივიჩნიო, რომ ის არის დამოუკიდებელი და ვიღაცებს ჰგონიათ, რომ ის ისევ ბიძინას თამაშს თამაშობს. ამასთან დაკავშირებით მჩხიბაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ მერის პოსტზე მას შანსი არ აქვს. _ ბიძინა ივანიშვილი ახსენეთ და თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ აღარ ჩანს ის ამ საარჩევნო მარათონში? 2012 წლის შემდეგ მას არც ერთი არჩევნები არ გამოუტოვებია, სადაც აქტიურად არ ყოფილიყო ჩართული, ახლა კი კალაძის წარდგინებას არ დასწრებია... პოლიტიკური თამაშიდან გავიდა? _ ეს ცოტა დელიკატური, ცოტა საფრთხილო და ცოტა რთული თემაა, შეიძლება ითქვას, რომ ცალკე საუბრის თემაც არის ორ ადამიანს _ ჟურნალისტსა და რესპონდენტს შორის. ასე მარტივი საკითხი არ არის _ ბიძინამ გადაწყვიტა, რომ აღარ გამოჩნდეს და უბრძანა საქართველოს, _ დაივიწყეთ ბიძინა! ასე არ ხდება, მისი ავტორიტეტით მოყვანილი ხელისუფლება დგას სათავეში. ლეგიტიმაცია ამის წინა და ამ ხელისუფლებასაც მან მისცა და ახლა რომ არ ვიცით სიმართლე, ნამდვილად ავად არის თუ არა, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. არ მინდა ბიძინასთან მებრძოლი ადამიანი ვიყო, ეს არ არის ჩემი მოწოდება, ღმერთმა დიდხანს ამყოფოს და ჯანმრთელად, მას ბევრი კარგი საქმე გაუკეთებია და კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია ქვეყნის პირველი გავლენიანი პირის შესახებ, მნიშვნელობა არ აქვს, მას უჭირავს თუ არა გავლენიანი თანამდებობა, ამით დაინტერესებულმა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა არ იცოდეს, ის ავად არის თუ არა. რატომ არ აქტიურობს, ეს მისი პიროვნული პოზიციაა, თუ ეს მისი ტაქტიკური სვლაა და საერთოდ, არ ვიცოდეთ რას ფიქრობს ის მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე. ის საქართველოს მოქალაქეა, სხვათა შორის, ისიც დიდი პატრიოტიზმია, რომ მილიარდების შოვნის შემდეგ ის თავის ქვეყანაში ცხოვრობს და ესეც მისი პლუსია, მარამ ის განცხადება, რომ ტყუილია თითქოს ზეგავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ჩვენ, ქართველები ძალიან გამჭრიახები ვართ და ძალიან ჩაღრმავებულად ვიცით ყველაფრის ჩხრეკა, იმისთვის, რომ დავეთანხმოთ კახი კალაძეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენას არ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე. ვერ გეტყვით, როგორ არის ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში, იქნებ, მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო და სხვანაირად იქნება საქმე, მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, სულ რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იყო გადამწყვეტი ჩვენს პოლიტიკაში, საქართველოში და მის გარშემო, თუ ამაზე ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, მას არჩევნებში წარმატების მიღწევა გაუჭირდება. _ ხელისუფლებამ ასეთი ინფორმაცია გაახმოვანა, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალები გამოსცადოს... _ ახლა ჩვენ უნდა ვიმკითხაოთ: ივანიშვილის უმიზეზოდ, უსაფუძვლოდ და ყოველგვარი საჯაროობის გარეშე გვერდით გადგომა და გაუჩინარება არის დესტაბილიზაციის სერიოზული წინაპირობა, ეს ბატონმა ბიძინამაც უნდა იცოდეს და ყველამ, ვინც დღეს საქართველოს პოლიტიკაში მეტნაკლებ როლს ასრულებს თავისი თანამდებობის მეშვეობით. ამიტომ კატეგორიულად დაუშვებელია, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მისი ამბავი საჯაროდ. საჯაროა ყველა პიროვნება, რომელიც თავისი ავტორიტეტით, წიგნიერებით, ქონებით თუ საზოგადოებრივი პოზიციით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და ამ ადამიანების შესახებ ყველაფერი უნდა ვიცოდეთ: ვის რა შეხედულებები აქვს, რა გეგმები აქვთ, რას აკეთებენ, მათი დუმილის მიზეზიც უეჭველად უნდა ვიცოდეთ, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში ისინი ხდებიან ისეთი ფაქტორი და ისეთ სიტუაციაში ვართ, ძალიან ნიჭიერ მწერალ თამაზ ბიბილურს აქვს რომანი „ჟამი კითხულისა“, კითხული და მისი შვილი, ასევე კითხული არ ჩანს და მთელი სოფელი არის ექსტრემალურ, ფსიქოსოციალურ მდგომარეობაში და აფექტი იპყრობს, როდესაც არ ჩანს სიგნალი კითხულისგან. მე ახლა ასეთი ორიგინალური და პროზაული არ მინდა, საქართველო გახდეს, მით უმეტეს, ამ ქვეყანას თუ მისი პოლიტიკური ელიტა, ისტაბლიშმენტი გონივრულად არ მოექცევა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ ყველაფერი წავიდეს სირიის სცენარით, იმდენი მოთამაშის ინტერესი ეჯახება ერთმანეთს, უფრო მეტისაც კი, ვიდრე სირიაში. ამიტომ მოვუწოდებ ბატონ ბიძინას, გამოვიდეს და გვითხრას, რას ნიშნავს მისი დისტანცირება, რეალური გამიჯვნაა პოლიტიკური სპექტრისგან და რეალურად აღარ მიიღებს ის ქვეყნის მართვაში მონაწილეობას, თუ მართლა ღმერთმა დაიფაროს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს? ვიზიარებ თქვენს კითხვაში დასმულ მოსაზრებას, რომ შესაძლოა, მან გადაწყვიტა, მიუშვას დამოუკიდებელ ცურვაში, როგორც ჩვენი ლარი იყო მიშვებული და არ ეღირსა ბოლომდე თავისუფალი მცურავი კურსი, შეიძლება მან თავისუფლად მიუშვა თავისი პარტია, რომელიც არ იქნა და არ შედგა პოლიტიკურ პარტიად, ასევე მთავრობა და პარლამენტი, სასამართლო სისტემა, რომელზე ზეწოლასაც მას მიაწერენ. იქნებ, ასეა, დააკვირდება შორიდან და ჩაჭრა კავშირები საზოგადოებასთან და მედიასთან. თუ ეს ასეა, მიზანი კეთილშობილურია, სწორია, მაგრამ ფორმა _ მიუღებელი. მეორე ვარიანტი _ შესაძლოა, მართლაც ავადაა, ამისგან დაზღვეული არავინ არის, მაშინ მიუღებელია ამის შესახებ საზოგადოების არაინფორმირებულობა. ჩვენ სსრ კავშირში ხომ არ ვცხოვრობთ, პოლიტბიუროს წევრების ამბებიც კი არ ვიცოდით, რა ხდებოდა. მესამე ვარიანტი _ არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ის აიძულეს, დისტანცირებული ყოფილიყო პოლიტიკიდან რეალურად და ეს ზეწოლა შეიძლება მოდიოდეს როგორც ოკეანისგაღმიდან, ასევე კრემლიდან.   თამარ ბატიაშვილი      

გაზიარება