მეტი გამჭვირვალობა ფინანსურ სექტორში, _ ის, რაც საჯარო უნდა გახდეს, ამჯერად, საწარმოებს ეხება. მიმდინარე წლის 1-ლ ოქტომბრამდე კომპანიის ფინანსური ანგარიშგების წარდგენა აუცილებელი ხდება, რადგან ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მათ სწორედ ამ მოთხოვნას უყენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული კომპანიის შესახებ ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს რაც შეეხება, მათი ანგარიშგების გასაჯაროების ვალდებულება მომავალი წლის 1-ლ ოქტომბერს დგება დღის წესრიგში.
საინტერესოა თავად ფაქტი და ის, თუ რას მისცემს ამ დოკუმენტების გასაჯაროება ბიზნესს? ვისთვის იქნება სიტუაცია სასარგებლო? რას ფიქრობენ თავად მეწარმეები და რა უარყოფით მხარეს ხედავენ მასში?
ამ კითხვებით „ქრონიკა+“-მა „მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის“ პრეზიდენტს, მიხეილ ჭელიძეს მიმართა:
_ პირველად როდის გაჩნდა ამ სისტემის შემოღების ინიციატივა და ვისი თაოსნობით?
_ ამასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ეს არის ევროდირექტივის მოთხოვნა, რომ საქართველოში ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები სავალდებულო იყოს. ამაზე მუშაობა უკვე 2 წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ჩვენი ასოციაციაც სხვებთან ერთად საკმაოდ აქტიურად იყო ჩარული და კომუნიკაცია ახლაც ხშირი გვაქვს.
_ როდის შევიდა კანონი ძალაში და რატომ გახდა მისი მიღება აუცილებელი?
_ ეს კანონი ძალაში შევიდა 2016 წლის 30 ივნისს. მისი მთავარი არსი და საერთაშირისო პრაქტიკაა, რომ ფინანსური უწყისები გამჭვირვალე იყოს, შესაბამისად, ეს მოგვცემს შემდეგს: როდესაც კომპანია ფინანსურ უწყისებს მოამზადებს და სახელმწიფოს ჩააბარებს, ეს უკანასკნელი მას გაასაჯაროებს, აქედან გამომდინარე, ვიღებთ შემდეგს:
- ფინანსური კულტურა ყალიბდება. საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური აღრიცხვა, გვინდა თუ არ გვინდა, ყველასთვის სავალდებულო ხდება და ეს კუთხე რომ სავალდებულო და მოწესრიგებულია, საგადასახდო რისკები კომპანიაში მნიშვნელოვნად მცირდება.
- კომპანიის მენეჯმენტი სრულ ინფორმაციას ფლობს კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე და, შესაბამისად, უფრო ადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს.
ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბუღალტერია არ იცის კომპანიამ, არ იციან, მოგებაზეა თუ ზარალზეა იგი და როცა ბიზნესი აგებს, მერე აბრალებენ მთავრობას, გადასახადებს, ბუღალტერს, მაგრამ, ამ დროს, არც ერთია შუაში, არც მეორე და არც მესამე, უბრალოდ, მენეჯერმა ვერ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ხარისხიან ინფორმაციაზე არ ჰქონდა წვდომა. ეს ყველაფერი შიდა რისკებია. რაც შეეხება კომპანიის გარე რისკებს: საუბარია შემთხვევაზე, როდესაც მინდა, ჩემი შპს-ს წილი გავყიდო. თქვენ რას მომთხოვთ? _ რა თქმა უნდა, უწყისებს, რომ ნახოთ, თუ რა მაქვს ბალანსზე, ფულს რამდენს ვატრიალებ, მოგება-ზარალი რა მაქვს _ აი, სწორედ ეს არის, ფინანსური უწყისის შედგენა, რაც ყოველწლიურად გამზადებული გვექნება და თავისუფლად წრვუდგენთ მას. ადრე ამ საბუთებს რომ მოითხოვდა ვიღაც, დაფაცურდებოდნენ, რაღაცას გააკეთებდნენ ორ დღეში, რაც, რა თქმა უნდა, არ იყო გამართული და მერე მიდიოდა საუბარი: მეგონა, გეგონა და ა. შ. ამიტომ, რადგან ეს კულტურა დაინერგება, სისტემა ძალიან კარგი იქნება და მოწესრიგებული. პროცესს ზედამხედველობის სამსახური ჰყავს, რაც მას დაარეგულირებს.
კომპანიაში ინვესტორის შემოყვანა მეტად გაადვილდება იქიდან გამომდინარე, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტით მომზადებული, გამჭვირვალე დოკუმენტია. მას რომ ამოვბეჭდავ და საფრანგეთში ან პოლონეთში გადავაგზავნი, გაიგებენ, იმიტომ, რომ სტანდარტი ყველა ევროპულ ქვეყანაში ერთია. იგი არ მუშაობს ამერიკაში, რადგან იქ თავიანთი სისტემა აქვთ.
მოკლედ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყანასთან საერთო ენა გვაქვს და ვსაუბრობთ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტით (IFღშ). აქედან გამომდინარე, ვიმეორებ: ჩვენ რომ ამ ანგარიშს მოვამზადებთ, ყველასთვის გასაგები იქნება და ინვესტიციების მოზიდვა გაადვილდება.
აქვე მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზარი. თუ ჩვენ გვინდა, რომ საფონდო ბირჟაზე ვიყოთ წარმოდგენილები, ამისთვის (ვინც უკვე იყო საფონდო ბირჟაზე, იმათ აქამდეც ჰქონდათ ვალდებულება, რომ უწყისები გაესაჯაროებინათ), უწყისების გასაჯაროება მოგვეთხოვება. მაგალითად, ვაკეთებთ მოთხოვნას, გვინდა, ფინანსური ინსტრუმენტები გავყიდოთ, ან სესხი ავიღოთ ბანკში, ამისთვის ბანკი გვთხოვს უწყისებს, უწყისები არ გვაქვს! სიტყვაზე, საქართველოში ვინმემ მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობას რომ გადახედოს, მათ 99%-ს არ აქვს უწყისები. ამ დროს სესხის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოგზავნილი კრედიტოფიცერი თვითონ აკეთებს საქმეს, მერე ბუღალტერს შეეკითხება მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და მოკლედ, თვითონ ქმნის რაღაცას, რაც ბანკისთვის მისაღები იქნება. ეს არის დიდი დაკარგული დრო, რესურსი, რომელიც მერე პროცენტებშია ასახული.
როდესაც ბუღალტერია მოსაწესრიგებელი გაქვს, რისკი ნაკლებია, მაგრამ როცა საერთოდ არ გაქვს, ბანკი ამას ხედავს და ფიქრობს, _ ამან შეიძლება, ფული ვერ გადაიხადოს, რისკები უფრო მაღალიაო. ეს უკანასკნელი კი ქვეყანაში რომ მაღალია, შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთიც მაღალია. აქედან გამომდინარე, რისკები დაიწევს და ფინანსურ ინსტრუმენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება.
ფინანსური ინსტრუმენტები კი ყველაფერია, ფულის გარდა რაც რჩება _ აქტივები. მაგალითად, თქვენ გინდათ იყიდოთ რომელიღაც კომპანიის აქცია. რა იცით, როგორია ეს კომპანია?! გინდათ მისი უწყისები, შესაბამისად, შეხვალთ საიტზე და შეგიძლიათ ნახოთ, წლების მანძილზე როგორ იხდიდა ვალებულებებს, რამდენად პასტიოსანია. მხოლოდ ამის მერე მიიღებთ გადაწყვეტილებებს.
უკვე აღვნიშნეთ საგადასახადო რისკები, _ როცა საგადასახადო ორგანო ხედავს, რომ შენ აღრიცხვა მოწესრიგებული გაქვს, მისი შემოწმების შანსი, პრაქტიკულად, ნულია, იმიტომ რომ საგადასახადო ორგანოს აუდიტის დეპარტამენტი თავის რესურსებს უფრთხილდება, ურჩევნია, ისეთი შეამოწმოს, ვინც შესამოწმებელია.
მაგალითად, ხშირად არის შემთხვევები, როცა პრობლემები დისტრიბუციაშია. ვიღაც გახსნის მაღაზიას, ერთი თვის მანძილზე დააფიქსირებს რაღაცას, დისტრიბუციაში დიდი ოდენობით საქონელს აიღებს, გაყიდის და მერე არავის გადაუხდის. ამ დროს კი დისტრიბუტორს არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ ეს კომპანია გადაამოწმოს, მართლა პატიოსანია თუ არა. მაგრამ უკვე, როცა ნახავს, თუ რამდენი აქვს თანხა, როგორ იხდის, უკვე მიხვდება, ადეკვატურია თუ არა იგი. ამაზეც ჩივიან ხოლმე გამყიდველები, დისტრიბუტორები. ახლა ინფორმაცია ექნებათ.
_ სად უნდა განათავსონ მათ ეს ინფორმაცია?
_ შარას.გოვ.გე-ზე, ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური. იგი ფინანსთა სამინისტროს სსიპ-ს წარმოადგენს, რომელსაც ფინანსური უწყისები ეგზავნება.
აქვე, განსახილველი საკითხია სერტიფიცირებული ბუღალტერია, მისადმი ნდობაა გამოცხადებული ზედამხედველობის სამსახურიდან, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სერტიფიცირებულები არიან, სტანდარტებს შეიმუშავებენ, ბუღალტრებს მოამზადებენ, დაატესტირებენ და გასცემენ მას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პროფესიული ორგანიზაციის მიერ მომზადებული ბუღალტრის კვალიფიკაციას სახელმწიფო ენდობა. ბაზარზე უკვე იქნებიან სერტიფიცირებული და კვალიფიციური ბუღალტრები, რომელთაც სახელმწიფო ენდობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება სახელმწიფომ ნახოს, აი, უწყისები არის, მისი ბუღალტერია სერტიფიცირებული პირის მიერაა გაკეთებული, პრაქტიკულად, არ შეამოწმებს, ანუ სერტიფიცირებული ბუღალტრის ხელფასი არასერტიფიცირებულზე მეტი იქნება, რა თქმა უნდა, მაგრამ საწარმოს ეს ხარჯი შეიძლება უღირდეს, რადგან იცის, რომ ნაკლებად შემოწმდება.
_ რა არის ის ნეგატიური მხარე, რასაც თავად მეწარმეები ხედავენ ამ ყველაფერში?
_ რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, რომლებსაც მეწარმეები ხედავენ, აქ ორი ძირითადი თემა გამოიკვეთა. პირველი: მე შეიძლება გამოვაქვეყნო ინფორმაციები, თუმცა ვიღაც გავლენიანი X პიროვნება საწარმოზე იტყვის, _ ეს კარგი საწარმო ყოფილა, მოდი, მე მის მფლობელს დავიბარებ შუაღამის 04:00 საათზე ნოტარიუსთან და თვითონ გადავიბარებ ამ ბიზნესსო. ამ აზრს რამდენად აქვს არსებობის უფლება, ვერ გეტყვით, მაგრამ იყო ეს პრეტენზიაც.
მეორე: ამბობენ, _ მე რომ ამ უწყისებს გამოვაქვეყნებ, ჩემი კონკურენტებიც ხომ ნახავენ ამას? ანუ ისინი გაიგებენ, მე რამდენ აქტივს ვფლობ, ვალდებულებები მაქვს, ფულს რამდენს ვატრიალებ. შეიძლება ნახოს, რომ კონკურენტი, რომელიც ძლიერი მეგონა, სუსტი ყოფილა, ვალებში იხრჩობა და შეიძლება, მანიპულირების საშუალებად იქცეს. მაგრამ კონკურენტი ინფორმაციას გებულობს არა ონლაინ რეჟიმში, არამედ 10 თვის შემდეგ. ანუ, დავუშვათ, მე რომ 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მაქვს უწყისები, ეს უნდა ჩავაბარო მომავალი წლის 2018 წლის 1-ლ ოქტომბრამდე და 1 თვეში გასაჯაროვდება, ე. ი. პირველ ნოემბერს ნახავს ჩემი კონკურენტი, წინა წლის 31 დეკემბერს რა მონაცემები მქონდა. ეს მომენტი, გარკვეულწილად, მეწარმის დაცვაა.
განხილვისას კიდევ გაისმა ფრაზა, რომ ეს არის კომერციული საიდუმლოების გამჟღავნება, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან კომერციული საიდუმლოება კანონით არის განსაზღვრული და ის, რომ მე ფინანსური უწყისი გავასაჯაროო, ამით ჩემი კომერციული საიდუმლოება არ დგება საფრთხის წინაშე. ყოველ შემთხვევაში, კონკურენტის ინფორმაციაც გექნება, მხოლოდ მას ხომ არ ექნება შენს ინფორმაციაზე წვდომა?!
_ თვითონ მეწარმეები თუ არიან ინფორმირებულები ამ ყველაფრის შესახებ და თუ არის რაიმე ზღვარი?
_ ჩვენ საჯარო ლექციები ჩავატარეთ ესტონურ მოდელზე და 3000-კაციან ლექციებზე ეს ყველას ვუთხარით, პრაქტიკულად, ინფორმირებულები არიან, მაგრამ ახლა ხდება შემდეგი: 2 მილიონამდე ბრუნვის მქონე ინდმეწამრმეები ანგარშგებას საერთოდ არ წარადგენენ, მიკრობიზნესად ითვლება და ეს მათი შეღავათია. რაც შეეხება 20 მლნ-მდე ბრუნვის მქონე იურიდიულ პირებს, ისინი წარადგენენ, ოღონდ, თვითონ ბუღალტერი შეუდგენს ფორმას და ძალიან მარტივი იქნება, ხარჯები მათ არ ეზრდებათ.
_ რა ხდება 2-დან 20-მლნ-მდე ბრუნვის მქონე მეწარმეების შემთხვევაში?
_ აქ მეწარმეები, მათ შორის, ინდმეწარმეები მას წარადგენენ, მაგრამ აუდიტორის დასკვნა არ სჭირდებათ. ანუ ერთია, რომ მე, ბუღალტერმა, ბალანსი მოვაწესრიგე, მაგრამ მეორეა, რომ ეს ბალანსი უნდა დამიდასტუროს აუდიტორმა, რომელსაც სახელმწიფო ცალკე აძლევს სერტიფიცირებას. 20-100 მლნ.-ს ზევით ბრუნვის მქონე ვინც არის, ეს ბალანსიც უნდა მოამზადონ და კიდევ, უნდა წავიდნენ და დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიას უნდა დაადასტურებინონ იგი, რაც საკმაოდ ძვირადღირებული მომსახურებაა.
ე. ი. მცირე და მიკროკომპანიებს უწყისების ჩაბარებას სთხოვენ, მაგრამ აუდიტორთან შეხება არ აქვთ და 20 მლნ-ს ზევით ბრუნვა ვისაც აქვს, მათ უწყისებიც უნდა წარადგინონ და აუდიტორსაც მიმართონ.
ერთადერთი, ანგარიშგების წარდგენა არ ეხება, მხოლოდ და მხოლოდ, 2 მლნ-მდე ბრუნვის მქონე ინდმეწარმეს.
სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ საერთოდ, მთელ მსოფლიოში პროცესები მეტი განვითარებულობისკენ მიდის. ის, რაც რამდენიმე ათეული წლის წინათ საიდუმლოდ (ანგარიშებზეა ლაპარაკი) მიიჩნეოდა, დღეს უკვე მსოფლიო სხვადასხვა საბანკო დაწესებულებაში საჯაროდაა განთავსებული. ფაქტობრივად, მოიხსნა ყადაღა და შვეიცარიაც კი, გარკვეული მოთხოვნის საფუძველზე, ინფორმაციას გასცემს თავისი მეანაბრეების სახელით. საუბარია იმაზე, რომ ოფშორებიდანაც ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს და, ფაქტობრივად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთელი მსოფლიო ეკონომიკა ნელ-ნელა წავიდეს ღიაობისკენ. მართალია, მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბები ძალიან დიდია, მაგრამ ამისკენ მიდის ტენდენცია და რაც საქართველოში ხდება, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ.
ამავე კონტექსტში გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესის წილი საკმაოდ მაღალია, ისინი ამით ქმნიან ეკონომიკაში, ბიზნესსექტორში ფულს და მათ პოლიტიკაზე, სავარაუდო გარიგებებზე, შეიძლება, დიდი გავლენა მოახდინოს აღნიშნულმა კანონმა, მათ შორის, ვალუტის კურსზეც. ამ მხრივ ღიაობის პრინციპი, განსახილველი და მოწესრიგებული ბუღალტერია, სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს „ნაცრისფერი და შავი ბუღალტერიის“ გვერდით და ეს უნდა შეფასდეს, როგორც ჩრდილოვანი ეკონომიკის წინააღმდეგ გადადგმული ქმედითი ნაბიჯი.
როდესაც ჩვენ საგადასახადო ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, თუ თამაშის ორი მონაწილიდან ერთი კანონიერად და წესების დაცვით იხდის გადასახადებს, კედილსინდისიერია, „შავი ბუღალტერიის“ მწარმოებელი იქმნის დაუბალანსებელ პირობებს და არათანაბარ მდგომარეობაში გამოდის იმ კეთილსინდისიერ გადამხდელთან, მეწარმესთან შედარებით, რომელიც პატიოსნად იქცევა. ამიტომ თავი და თავი ის არის, რომ თამაშის წესები ყველასთვის ერთიანი იყოს. მაშინ ყველას ეცოდინება, რომ თავისი სამეწარმეო საქმიანობით აღწევს წარმატებას და არა „შავი ბუღალტერიის“ გამო.
აკაკი ცომაია _ ეკონომისტი:
_ გამჭვირვალობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. დადებითი არის ის, რომ ინფორმაცია უფრო გამჭვირვალე და ტრანსფარენტული გახდება, მაგრამ უარყოფითია ის, რომ საზოგადოებაში, ქვეყანაში იარსებებს სახელმწიფოს ნდობით აღჭურვილი რამდენიმე ინსტიტუტი, რომელსაც ინფორმაცია ექნება ყველა კომპანიის შესახებ და შეიძლება, ამ ინსტიტუტმა კორუფციული გარიგებები დადოს სხვა კომპანიებთან ან უწყებებთან, ანუ, უბრალოდ, გაყიდოს ინფორმაცია; კონკრეტულ საწარმოს მიაწოდოს მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარის შესახებ; ფარული გარიგებების რისკი გაიზრდება, რადგან ერთი კონკრეტული ინსტიტუტი სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ იქნება, ის ინსტიტუტი დაინახავს რა ყველაფერს (როგორც საქსტატი ხედავს და, რა თქმა უნდა, საქსტატსაც შეუძლია ეს განახორციელოს, მაგრამ კანონით აკრძალული აქვს), შეიძლება გასცეს იგი. ამის რისკი მაინც არსებობს. ანუ გაჩნდება სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია, დაინტერსებულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდოს და არალეგალურად მიიღოს შემოსავალი. ამის გაკონტროლება არ იქნება მარტივი. კერძო ინტერესი ყოველთვის არსებობს და აქ ვიღაცას მარტივად შეუძლია ფულის შოვნა.
კანონი უკვე ძალაში შევიდა და წინა წლის 31 დეკემბრის მონაცემები 1-ლ ნოემბერს გასაჯაროვდება. რა შედეგს მოიტანს ეს სიახლე და მართლა გამჭვირვალობა უდევს მას საფუძვლად, თუ ქვეტექსტი უფრო შეფარული ფონია, ამის გაგებას წლები და ანალიზი დასჭირდება.
ნინო ტაბაღუა