QronikaPlus
700 ათასამდე საქართველოს მოქალაქე 1 ლარად მიიღებს წამლებს, რომლებიც არ მოწმდება?!

700 ათასამდე საქართველოს მოქალაქე 1 ლარად მიიღებს წამლებს, რომლებიც არ მოწმდება?!

2017-07-08 09:35:16

  2002 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სავალდებულო სერიულ კონტროლს დაექვემდებარა: სუბსტანციები, ნარკოტიკული და სანარკოზე საშუალებები, ვაქცინები, სისხლის პრეპარატები, ანტიბიოტიკები, საინფუზიო გადასასხმელი ხსნარები, საინექციო სამკურნალო საშუალებები, თვალის წვეთები და პედიატრიული წამლები. გადაწყვეტილების მიღებიდან დაახლოებით ერთ თვეში მასში ცვილებები შევიდა, რომლის თანახმადაც ე; ვ; ზ; თ და ი ქვეპუნქტებში შემავალი წამლების სერიული წარმოება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა (ჯანდაცვის მინისტრის 2002 წლის #141/ნ ბრძანება). ბრძანება ბრძანებად, მაგრამ 2008 წლის იანვრამდე „წამლის სააგენტო“ მაინც ახორციელებდა კონტროლს. 2008 წელს „წამლის სააგენტო“ გაუქმდა და პასუხისმგებლობა მთლიანად „სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს“ დაეკისრა. ახლა ყურადღებით! თუ 2008 წლამდე ბაზარზე მედიკამენტების შესყიდვა და შემოწმება რეგულარულად ხდებოდა და ამას წამლის სააგენტო აკეთებდა (წელიწადში რამდენჯერმე მაინც), შემდგომში ეს სიხშირე შემცირდა, ხოლო 2013 წლიდან (ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ), წამლების ხარისხის კონტროლი, რომელსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „რეგულირების სააგენტო“ ახორციელებს, ასე გამოიყურება: წამლებზე სახელმწიფო კონტროლის 2014 წლის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 578 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი. ვიზუალური შემოწების შედეგად დადგინდა, რომ 38 დასახელების სამკურნალო საშუალების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშს, ხოლო ერთი წარმოადგენდა საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტულ პროდუქტს. 2015 წელს სულ შესყიდულია 628 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის, 67-ის შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშს, ხოლო 6 დასახელება წარმოადგენდა საქართველოში არარეგისტრირებულ ფარმაცევტულ პროდუქტს. ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა 224 სამკურნალო საშუალებას და 35 სარეგისტრაციო ნიმუშს. 2016 წელს შეისყიდეს 570 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი, მათ შორის, 29 დასახელების სამკურნალო საშუალების შეფუთვა-მარკირება არ შეესაბამებოდა სახელმწიფო ნიმუშს. 181 მედიკამენტი გაიგზავნა ლაბორატორიული კვლევის მიზნით. სულ, სამი წლის განმავლობაში, მედიკამენტების ხარისხის კონტროლი 100 000 ლარით დაფინანსდა. აქედან _ სამკურნალო საშუალებების ნიმუშების შესყიდვაზე გაიხარჯა 10 000 ლარი, მივლინების ხარჯები (აქ დაუკვირდით, _ რედ.) 10 000 ლარი, სამკურნალო საშუალებების ლაბორატორიული კვლევა _ 80 000 ლარი. ე. ი. 2013 წლიდან მოყოლებული მედიკამენტების ხარისხზე შემოწმების მხრივ სრული კოლაფსია. საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სუსტი სისტემაა. გასაგებია, რომ „რეგულირების სააგენტოს“ ბიუეჯტი ძალზე მწირია, მაგალითად, 2016 წელს მხოლოდ 3 მილიონი ლარი იყო, საიდანაც 2,4 მილიონი ლარი თანამშრომელთა ხელფასებს მოხმარდა. ნახეთ, რა გამოდის, რომ მედიკამენტებზე კონტროლის განმახორციელებელი ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს ბიუჯეტის 71% ხელფასებზე იხარჯება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ ყოველწლიურად მედიკამენტების მიზერულ რაოდენობას ამოწმებს. მედიკამენტების ხარისხზე სრული უკონტროლობის ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრო უშვებს ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც 23 დასახელების მედიკამენტის უფასო მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 100 000-ის ჩათვლით და აქვს შემდეგი ქრონიკული დაავადებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და დიაბეტის მეორე ტიპი (არაინსულინდამოკიდებული). ხსენებული პროგრამა 1-ლ ივლისს ამოქმედდა და ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების მქონე პირები აფთიაქში იხდიან წამლის ღირებულების მხოლოდ 10%-ს, რაც არ აღემატება 1 ლარს, მაგრამ არანაკლები 5 თეთრისა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამაშია გაწერილი, პირველ ეტაპზე აღნიშნული პროგრამით სარგებლობის საჭიროება, დაახლოებით, რამდენიმე ასეულობით ათას მოქალაქეს ექნება. პროგრამაში სულ განსაზღვრულია 23 დასახელების მედიკამენტი, თუმცა, პირველ ეტაპზე, მხოლოდ 13 მათგანის მიღება იქნება შესაძლებელი, დანარჩენი  ივლისის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი. „ქრონიკა+“ თავის შემდგომ პუბლიკაციებში აუცილებლად შეეხება ტენდერის თემას, რომელიც სამინისტრომ მედიკამენტების მომწოდებლების შესარჩევად გამოაცხადა. ცნობისთვის: სატენდერო პირობებში მითითებული იყო, რომ მედიკამენტებს უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებული ხარისხის კონტროლის სერტიფიკატი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მედიკამენტებს შორის აბსოლუტური უმეტესობა ევროპული წარმოებისაა და აპრობირებულია საერთაშორისო ფარმაცევტულ ბაზარზე. აქვე ქვეყნებსაც დავასახელებთ: პოლონეთი, სლოვაკეთი, ლატვია, აშშ, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, უნგრეთი. ჯანდაცვის აღნიშნული პროგრამით უკმაყოფილოა ექსპერტთა ნაწილი, რომელთაც „ქრონიკა+“ გაესაუბრა. თუმცა სანამ მათ კომენტარებს შემოგთავაზებთ, მკითხველს დეტალურად აღვუწერთ მედიკამენტების გაცემის იმ პროცედურას, რამაც სპეციალისტთა აღშფოთება გამოიწვია.   რა პროცედურებია საჭირო მედიკამენტის მისაღებად? პირველ რიგში: ბენეფიციარი მიდის ოჯახის ექიმთან, რომელიც ავადმყოფს უწერს ქრონიკული დაავადების დამადასტურებელ ფორმა #100-ს. ამ ფორმაში ექიმი მიუთითებს დაავადების დადასტურებულ დიაგნოზსა და მედიკამენტის დღიურ დოზას; მეორე: ექიმი პაციენტს უწერს რეცეპტს, რომელშიც მითითებულია მედიკამენტის საერთაშორისო დასახელება. მხოლოდ ამის შემდეგ პაციენტი ფორმა #100-ით, რეცეპტითა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ფილიალს და რეგისტრირდება პროგრამაში. მესამე _ ახლა ყველაზე საინტერესო: სოციალური მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ ავადმყოფს აგზავნიან PშP-ს შესაბამის აფთიაქში (თუ რატომ PშP-ს ქსელში და არა სხვაგან, ამას „ქრონიკა+“ ცალკე პუბლიკაციას მიუძღვნის). აფთიაქში მისვლისას პაციენტი წარადგენს რეცეპტს და პირადობას.  მას ერთჯერადად მხოლოდ მედიკამენტის სამი თვის მარაგი შეუძლია შეიძინოს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, პროგრამით ისარგებლებს, დაახლოებით, საქართველოს 700 ათასი მოქალაქე. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, _ რატომ აირჩია ჯანდაცვის სამინისტრომ მაინცდამაინც ოთხი დაავადება, სხვა ბევრად მნიშვნელოვანი, გავრცელებული და რაც მთავარია, დაუყოვნებელი  მედიკამენტოზური ნოზოლოგები კი გვერდზე დატოვა?! ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პასუხი ამაზე ასეთია, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პირმა წამალი უნდა მიიღოს ყოველდღიურად და  ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აირჩია ამბულატორიული პაციენტების თითქმის 70%. ეს არის მინისტრის პირველი ტყუილი და ქვემოთ მოგახსენებთ, რატომაც! რაც შეეხება იმას, თუ რატომ შეჩერდა არჩევანი, მაინცდამაინც PშP-ზე, სერგეენკოს ამაზეც აქვს პასუხი. კერძოდ, მისი განმარტებით, PშP-მ  სიმბოლური თანხით უზრუნველყო მედიკამენტების მოწოდება და სხვა სერვისები, რითაც ჯანდაცვის სამინისტროს ასეულ ათასობით ლარი დაეზოგა. PშP-მ კონკურსში გაიმარჯვა იმიტომ, რომ ათჯერ ნაკლები თანხა მოითხოვაო... კი მაგრამ, თუ ათჯერ ნაკლები თანხა მოითხოვა, რა გამოდის? რომ არაპატენტ მედიკამენტებს თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად აწვდის სამინისტროს? და თუ ნაკლებ ფასად არა და თვითღირებულების ფასად, მაშინ რა მოგება რჩება კომპნიას? თუმცა ესეც დავუშვათ, რომ სახელწიფოს ეხმარება... მაშინ მოსახლეობაზე პრეპარატებს ათჯერ ძვირად ყიდის?! რა დაუჯდა სახელმწიფოს ჯანდაცვის აღნიშნული პროგრამა? მინისტრის განცხადებით, საქართველოში ჯანდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2,5% იხარჯება. ევროპაში ეს არის 5-7-10%, ამერიკა ხარჯავს 17%-ს. შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში ეს პროგრამა დაჯდება 10 მილიონი ლარი. 6 თვის შესყიდვა, ანუ 5 მილიონი ლარი სამინისტრომ უკვე გააკეთა. საზოგადოებრივი არხი ხომ არის სახელმწიფო? კი ბატონო! ჰოდა, ამ არხზეც კი გაშუქდა საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ერთ-ერთი პრობლური საკითხი მედიკამენტების ხარისხის კონტროლია. გარდა იმისა, რომ ევროპის ქვეყნებიდან მედიკამენტების იმპორტისას არ სჭირდებათ საქართველოში რეგისტრაცია, აზიური ქვეყნებიდან მედიკამენტების შემოტანისას მათი ლიცენზირება გამარტივებულია. რაც მთავარია, ბაზარზე ყოველწლიურად მედიკამენტების ხარისხის კონტროლი მინიმალურ დონეზეა. „ჩვენ დაახლოებით ნახევარი წელი მოვანდომეთ სპეციალისტებთან ერთად გათვლების ჩატარებას, რომ გაგვერკვია, 700 ათასიდან, ამ ასაკობრივი ჯგუფებიდან, რამდენს შეიძლება დასჭირვებოდა ესა თუ ის მედიკამენტი და ჩვენი პროექტი სწორედ ამ გათვლებზეა დაფუძნებული. დაზუსტებულად ვიცით სტატისტიკით, რამდენი შეიძლება იყოს“, _ აცხადებს დავით სერგეენკო.   „ქრონიკა+“ ექსპერტების აზრითაც დაინტერესდა.   რამაზ ყურაშვილი _ ენდოკრინოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე: _ რა სტატისტიკა იციან, ერთი ძალიან მაინტერესებს?! 40 წელია, ქვეყანა და ორგანზაცია არ დარჩენილა, რომლის წევრიც არ ვყოფილვარ და ჩემთვის არავის მოუმართავს. როგორც ვიცი, ხსენებული კონტინგენტი არ შეუსწავლიათ. რის საფუძველზე, ანდა საიდან მოიტანეს, რომ მხოლოდ ოთხი დასახელება უნდა შესულიყო? _ რას გულისხმობთ, რომ ნოზოლოგია ბევრად მეტია? _ გაცილებით. მაგალითად, ამოწიეს სტატისტიკა და ნახეს, პარკინსონის სინდრომი რამდენ ადამიანს აქვს? ამ დროს ავადმყოფმა ყოველდღე უნდა მიიღოს მედიკამენტი და ასე, მთელი ცხოვრების მანძილზე, რომ პარკინსონში არ გადაუვიდეს. ამ მედიკამენტის თვიური დოზა 100 ლარი ჯდება. ვინმემ დააყენა საკითხი, რომ ეს პრეპარატი 1 ლარად მიეცათ, თუნდაც 10 ლარად? სად აქვს გაჭირვებულს ამის 100 ლარი? _ ჯანდაცვის ეს პროგრამა ხარვეზიანია? _ პროგრამა ძალიან საჭიროა, მაგრამ უნდა გააკეთო პროგრამა და არა ბოლი. აქ ყველა პარამეტრი და ინდიკატორი ზუსტად უნდა გათვალო. 1 ლარად რომ აძლევ, ხომ უნდა აუხსნა, რატომ აძლევ? კეთილია სახელმწიფო, ხომ?.. მაშინ სხვებისთვისაც იყოს კეთილი.   ნანა სანაია _ პაციენტთა უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე: _ რამდენიმე თვის წინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მედიკამენტებზე კონტროლის ახალი კანონპროექტი შეიმუშავა, რომელსაც სამი ძირითადი მოთხოვნისთვის უნდა ეპასუხა: წამლის ხარისხის კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და რეგულაციები. ეს კანონპროექტი „გლობალ ალიანს კონსალტინგმა“ შეიმუშავა. საჭიროება კი დადგა იმიტომ, რომ ექსპერტების განცხადებით, ქვეყანაში ლიბერალური რეგულირების მოდელია, რომელსაც ფარმაცევტულ სექტორში უსაფრთხოება მინიმუმამდე დაჰყავს. _ საუბარია იმაზე, რომ საქართველოში მედიკამენტების შემოწმება მოიკოჭლებს? _ პრობლემა იგივე რჩება _ დღეს სამედიცინო და ფარმაცევტული სერვისები ერთი და იგივე კომპანიების ხელშია. იმ დროს, როდესაც  მოთხოვნა და მიწოდება ერთი ფირმის ხელშია, მეეჭვება, ამ მიმართულებით რაიმე შედეგი გამოიღოს. წამლის ხარისხის კონტროლის სისტემა საქართველოში, ლამის, კომუნისტების დროინდელია. _ ასე მოძველებულია? _ მეტიც, ბევრი ფიქრობს, რომ ამის მექანიზმი ჩვენთან არსებობს მხოლოდ ემბრიონურ სტადიაში. სხვათა შორის, ამას სახელმწიფოც აღიარებს. კონტროლის მექანიზმების არარსებობა ძალიან ბევრ პრობლემას წარმოშობს, იმიტომ რომ მედიკამენტების უმეტესი ნაწილიდან, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე იყიდება, ძალზე უმნიშვნელო ნაწილი მოწმდება. მასშტაბია ძალიან მცირე. მედიკამენტების 80% კონტროლის მიღმა რჩება.   23 დასახელების პრეპარატის შემოწმების პრეზენტირება სერგეენკოსთან ერთად გააკეთა მისმა მოადგილე ზაზა სოფრომაძემ. როდესაც „ქრონიკა+“ მას კომენტარისთვის დაუკავშირდა, კერძოდ, კითხვით მიმართა, მან პასუხის გაცემა არ ისურვა. სამაგიეროდ, „ქრონიკა+“-ის კითხვებს უპასუხა ამ პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ხუნდაძემ: _ ბატონო დიმიტრი, რატომ მხოლოდ ოთხი მიმართულება? _ ოთხი მიმართულება აქ არის მხოლოდ ამ ეტაპზე. შემდგომში, რა თქმა უნდა, ამ პროგრამის გაფართოებას გავითვალისწინებთ, თვითონ მედიკამენტების სპექტრიც და ასევე ბენეფიციართა რაოდენობაც რომ მეტი იყოს. _ ახლა რამ შეგიშალათ ხელი? _ ეს პირდაპირ კავშირშია ფინანსებთან. მომავალში კი ეკონომიკური მაჩვენებლები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ შემდგომი ეტაპი განვახორციელოთ. უბრალოდ, პირველი ეტაპი იყო ყველაზე ხშირად მომხმარებადი პრეპარატები და ასი ათასი სარეიტინგო ქულის მქონენი ჩასხდნენ სამკურნალო სიაში. პარალელურად კიდევ არსებობს ვერტიკალური პროგრამები ქრონიკული დაავადებებისა. მხოლოდ ეს პროგრამა არ არის, დამატებითი ნუსხაა. ასევე ჩაშვებულია იშვიათი დაავადებების ნუსხა, რომელიც პროგრამულად ფინანსდება. დიაპაზონი დიდია, მაგრამ მოთხოვნილება უფრო მეტი. ეს ყველაფერი კავშირშია ფინანსებთან. დასკვნა: 700 ათასამდე საქართველოს მოქალაქე 1 ლარად მიიღებს წამლებს, რომლებიც არ მოწმდება?!   თამარ როსტიაშვილი      

გაზიარება