QronikaPlus
ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა

ლიტერატურულმა პრემია „საბამ“ სოციალური პასუხისმგებლობის ანგარიში წარადგინა

2017-07-01 11:45:24

ყველაზე ავტორიტეტული ლიტერატურული პრემია საქართველოში, ელექტრონული წიგნების წამყვანი ინოვაციური ვებპლატფორმა და სოციალურ-ლიტერატურული პროექტები _ ასეთია „საბას“ 15-წლიანი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, რომლის შემაჯამებელი ანგარიში წარედგინა საზოგადოებას. ლიტერატურული პრემია „საბა“ „თიბისი ბანკმა“ 2003 წელს დააარსა. 15 წლის განმავლობაში „საბამ“ 3800 საკონკურსო წიგნი განიხილა და 127 პრემია გასცა, სულ 500 000 ლარის ოდენობით. პრემიის არსებობის მანძილზე, დაახლოებით, 4-ჯერ გაიზარდა ყოველწლიურად გამოცემული წიგნების რაოდენობა საქართველოში. ასევე, 4-ჯერ გაიზარდა საპრემიო ფონდი, რომელსაც „თიბისი ბანკი“ გამარჯვებულებს გადასცემს. 2013 წლიდან „საბა“ საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი გახდა _ დაემატა ახალი ნომინაცია „საუკეთესო უცხოური თარგმანი“, რომელშიც უცხოელი მთარგმნელები და გამომცემლობები მონაწილეობენ. 2013-2017 წლებში „საბამ“ 30-მდე ქვეყანაში გამოცემული 120 ქართული ნაწარმოების თარგმანი შეაფასა. 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც ელექტრონულ მოწყობილობებში წიგნის კითხვის საშუალებას იძლევა და ინოვაციური პლატფორმაა საკუთარი ელექტრონული ბიბლიოთეკის შესაქმნელად. საბა.ცომ.გე-ს დღეს 140 000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. „საბას“ კატალოგში 4 000 ელექტრონული წიგნია _ ქართული თუ უცხოური კლასიკური ლიტერატურა, თანამედროვე ბესტსელერები, პროფესიული ლიტერატურა და ა. შ. ბოლო წლების განმავლობაში „საბა“ გააქტიურდა სოციალური მიმართულებით და ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყო. 2013-2016 წლებში „საბამ“, ჯამში, 500 000-ზე მეტი წიგნი გასცა საჩუქრად 50 000 ადამიანზე. ეს არის ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური სოციალურ-ლიტერატურული აქცია წიგნიერების ამაღლებისა და წიგნების ხელმისაწვდომობის მიმართულებით.   „შეხვედრის საბა-ბი“ _ კითხვის ხელშეწყობა რეგიონებში „შეხვედრის საბა-ბი“ _ ასე ეწოდებოდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც საბა რეგიონებში ჩავიდა და საჯარო სკოლებს სპეციალური სამკითხველო კუთხეები და ელექტრონული ბიბლიოთეკები აჩუქა. სულ რეგიონებში 6000 ელექტრონული წიგნი გავრცელდა უფასოდ. მოეწყო „საბას“ ლაურეატებთან ადგილობრივი მკითხველების შეხვედრები.   უფასო წიგნები მეტროში 2015 წელს თბილისის მეტროპოლიტენში „საბამ“ წიგნების უფასოდ გავრცელება დაიწყო. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წიგნების ხელმისაწვდომობასა და კითხვის პოპულარიზაციას ემსახურებოდა.   წიგნები მთაში 2016 წელს უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე მთის კურორტებზეც გამოჩნდა. აქცია „იკითხე მთაში!“ გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლებსა თუ მცხოვრებლებზე ათობით ელექტრონული წიგნის უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებდა.   ქალაქი ბიბლიოთეკა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების ყველაზე მასშტაბური პროექტი თბილისში განხორციელდა. მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში _ თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილზე განთავსდა ელექტრონული ბიბლიოთეკები, საიდანაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თავის სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას“ 300-მდე ელექტრონული და ხმოვანი წიგნი და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.   ხმოვანი წიგნები უსინათლოებისთვის 2016 წელს „საბამ“ შექმნა ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაცია, რომელიც სრულადაა ადაპტირებული უსინათლო მომხმარებელზე. პროექტის ფარგლებში უსინათლო და მხედველობაშეზღუდული მკითხველები საჩუქრად იღებენ 400-მდე ხმოვან წიგნს. პროექტი ფონდი „ღია საზოგადოება _ საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა და უსინათლოებისთვის კითხვის ერთადერთ შესაძლებლობას წარმოადგენს.   ბადრი ჯაფარიძე _ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი: _ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს შორის ეს ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რომელიც „თიბისი ბანკმა“ განახორციელა. წარმატება განისაზღვრება იმის მიხედვით, რამდენად შეძლო იმ მიზნის მიღწევა, რასაც ემსახურებოდა და ვფიქრობ, „საბამ“ მოახერხა ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება და ამისთვის საკმარისია მხოლოდ რამდენიმე მაგალითის მოყვანა. პირველ წელს „საბას“ კონკურსში სულ მონაწილეობა მიიღო 80-მა წიგნმა, შარშან უკვე _ 270-მა წიგნმა. ეს მოხდა 15 წელიწადზე ნაკლებ პერიოდში. „საბას“ კონკურსის მიზანი, ხელი შეეწყო შემოქმედებისთვის და შეექმნა ახალი პლატფორმა, რომელიც უფრო დააინტერესებდა როგორც მწერლებს, ასევე მკითხველებს, დიდი წარმატებით განხორციელდა.   რატი ამაღლობელი _ პოეტი: _ როდესაც „საბას“ ვქმნიდით, გვსურდა, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ის მონოპოლია წაგვერთმია და საზოგადოებისთვის მიგვეცა, რომელიც ძალით ჰქონდა მითვისებული. ის იყო მთავარი შემფასებელი ავტორების, ლიტერატორების, მწერლებისა და ის აფასებდა მათ საკუთარი სიმპათია-ანტიპათიის მიხედვით. ამიტომ როდესაც „საბას“ მიმართ ინტერესზე ვსაუბრობთ, ეს გამოიწვია სწორედ „საბას“ თავისუფლებამ და ამ მონოპოლიის გაუქმებამ, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა ხელოვნებასა და ლიტერატურაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. „თიბისი ბანკის“ მესვეურების გარდა არავის სჯეროდა „საბას“ სიცოცხლისუნარიანობის, 15 წელიწადი ძალიან ბევრია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის და აქ თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „საბას“. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „თიბისი ბანკს“, რომ მან მოახერხა და შექმნა ეს პლატფორმა ისე, რომ მისი ავტორი ყოფილიყო და არა მხოლოდ ერთი კორპორაციული ამბავი.   თამარ ბატიაშვილი  

გაზიარება