QronikaPlus
რამაზ საყვარელიძე: „დასავლეთმა ორიენტაცია იმაზე აიღო, რომ პატარა ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა თვალსაჩინო გახადოს“

რამაზ საყვარელიძე: „დასავლეთმა ორიენტაცია იმაზე აიღო, რომ პატარა ქვეყნების მიმართ მხარდაჭერა თვალსაჩინო გახადოს“

2017-06-18 07:27:37

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით 29-ე ოფიციალური წევრი მონტენეგრო გახდა. ამ დროს საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო პროგრამაც (მაპი) კი არ მიუღია. მოსალოდნელია თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება და რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან? ასევე რა გავლენას ახდენს ამ პროცესზე თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცება და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ქართულმა მხარემ სამეზობლოდან გამოქცეულ აქტივისტებთან მიმართებით? ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრება: _ ბატონო რამაზ, რა დატვირთვა აქვს ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანებას დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე? _ კულუარულ ნაწილზე მსჯელობა ცოტა რთულია, თუ რა იყო ამ ყველაფრის განმაპირობებელი, მაგრამ ზედაპირიდან რაც ჩანს, ფაქტია, დასავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა ორიენტაცია იმაზე აიღეს, რომ პატარა ქვეყნების მიმართ მათი მხარდაჭერა თვალსაჩინო გახადონ. ეს მზრუნველობა შეიძლება ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი გახდეს. ჩემი აზრით, ამის ელემენტი იყო საქართველოში ჩატარებული სამიტი და მონტენეგროს გაწევრიანებაც. მეტაფორულად რომ ვთქვათ, თავის თავზე წმინდა გიორგის ფუნქცია, ანუ დაჩაგრულების მფარველობა აიღეს. ეს ყოველთვის ისეთი ფუნქციაა, რომლის გამოც მხარდამჭერები უფრო მეტი გეყოლება, ვიდე მეტოქეები. მგონი, ამ გზითა და საშუალებით დასავლეთი მხარდამჭერებს ეძებს. ვიმეორებ, დასავლეთსა და არა ნატოს, რადგან ამ სტრატეგიის ელემენტი სულ მცირე ხნის წინ ქართველებსა და ცოტა გვიან უკრაინელებს უვიზო რეჟიმის შემოტანასთან დაკავშირებით გვქონდა. უვიზო რეჟიმზე ასე ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება, რაღაც ეტაპზე (იქამდე ძალიან ჭიანურდებოდა), ასეთივე სტრატეგიული მოტივებით განპირობებული ფაქტია. არსებითად, ბევრი არაფერი შეცვლილა. საქართველოსა და მისი სამხედრო ძალების (უკრაინა კიდევ ცალკე თემაა) სტრუქტურაში, ბოლო პერიოდში, ისეთი არაფერი მომხდარა, რომ უცბად ასეთი ნაბიჯი გადადგეს. სწორედ მათთან შეიცვალა ეს სტრატეგია. კურსი იმაზე აიღეს, რასაც მცირე ქვეყნების მხარდაჭერა, ყველა იმ საკითხში მათთვის დახმარება ჰქვია, რაშიც მათ უჭირთ. მონტენეგროსთანაც ეს თემაა, მაგრამ, რასაკვირველია, ამას ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ჩვენ რუსეთი გვიჭირს, ხოლო მონტენეგროს უშუალოდ ეს რუსეთი თავზე არ ადგას. მაგრამ გაშუალებით რუსეთის თემა იქაც დგება, მოსკოვმა ნატოში ამ ქვეყნის გაწევრიანებაზე პროტესტიც კი გამოაცხადა. _ ამ ინტეგრაციის გზაზე, როცა პროცესები შეიძლება დაჩქარდეს კიდეც, რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან? _ სიმართლე გითხრათ, საქართველოს მიმართულებით არანაირ განსაკუთრებულ ნაბიჯებს არ ველოდები. რუსეთმა ჩვენთან მიმართებით ერთი მთავარი ნაბიჯი უკვე გადადგა, ცხინვალსა და აფხაზეთში სამხედრო ბაზები აქვს ჩადგმული. ამ პერიოდის, 2008 წლის  შემდეგ მან უკრაინის თემა იმდენად გაამწვავა, რომ დასავლეთისგან პასუხად სანქციები მიიღო. ახლა საბაბის მიცემა ახალი დასავლური სანქციებისთვის რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. საქართველოს გამო ახალ სანქციებზე არ წავა. არა იმიტომ, რომ ეშინია, უბრალოდ, არ უღირს. და რატომ არ უღირს? რუსეთს შეუძლია, საქართველო ნახევარ საათში გადაკეტოს, თუ ეს დასჭირდება. ცხინვალიდან ტანკებს დაქოქავს, საქართველოს ძირითად მაგისტრალზე ჩადგებიან და საკითხიც დამთავრებულია. მე უკვე აღარ ვამბობ სტრატეგიული ობიექტების კონტროლზე და ა. შ. ასე რომ, მას საქართველოს ფრონტზე საკონტროლო პაკეტი ხელში უკავია. ამ პაკეტის გამოყენებას, ჯერჯერობით, არ აპირებს და, მგონი, არც დააპირებს. მას ურჩევნია, რომ ქვეყანა დასავლეთის სტრუქტურებში საკმაოდ ღრმად შევიდეს, ევროკავშირშიც, ნატოს სტრუქტურებშიც ის ქვეყანა შევიდეს, რომლის საკონტროლო პაკეტი ხელში უკავია. მაშინ ის ამ გზით, გარკვეულწილად, დასავლეთის ნაბიჯებს გააკონტროლებს. რაში სჭირდება ახლა საქართველოს დასჯა? არ ურჩევნია, სასჯელი შეინახოს და მისი მუქარის ქვეშ, ამ სასჯელის დამოკლეს მახვილის ქვეშ ამყოფოს ის საქართველო, რომელიც ევროპის სტრუქტურებში გაერთიანდება? _ ოკუპირებული ტერიტორიების სატრანზიტოდ გამოყენებაზე რუსული განცხადებები რაზე მიანიშნებს? _ ვვარაუდობ, რომ საერთოდ რუსეთს ძველი სახელშეკრულებო სისტემა აღარ აწყობს. თუ დავაკვირდებით, მის მიერვე ევრაზიის კავშირიც უკვე მომაკვდავ ორგანიზაციად აღიქმება. ამ კავშირზე აპელირებას და მის ამოქმედებას ისიც არ აპირებს. სავარაუდოა, რომ რუსეთი ახალ სისტემებს აამუშავებს და, ალბათ, ამ სისტემებით (რომელიც მათ შორის ოკუპირებულ რეგიონებსაც მოიცავს) გააგრძელებს მოქმედებას. სხვათა შორის, იმ სტრატეგიას, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით, რომ დასავლეთმა დაჩაგრული ქვეყნების მფრაველობის სტრატეგია ახლა მაინც გამოიყენა, რუსეთი საბჭოთა პერიოდიდან აქტიურად იყენებს. სეპარატიზმის მხარდაჭერა მეტს არაფერს ნიშნავს, _ ჯერ აღვივებ, მერე მხარს უჭერ და საკუთარ მხარეს აყენებ იმ ჯგუფებს, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანაში სეპარატისტულად არიან განწყობილი. ახლა ამას უკრაინაში ვაკვირდებით და ჩვენთან ეს სცენარი უკვე ვნახეთ. დასავლეთი ახლა ხვდება, რომ ასეთი პოლიტიკით მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება იყოს მიღწეული. მაგრამ ვიმეორებ: რუსეთმა ამ პოლიტიკაში დიდი ხანია, უკვე ფეხი შედგა და, სავარაუდოდ, ამ პოლიტიკას უფრო ახალი ფორმებით გააგრძელებს. ამის გამოსახულებად მიმაჩნია ის, რომ რუსული მხარე ახალი სატრანზიტო გზების კონსტრუირებას აპირებს. _ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმე რა გავლენას ახდენს ქვეყანაზე და მის ინტეგრაციულ პროცესებზე? _ ჯერჯერობით მუხთარლის საქმეზე აზრის გამოთქმა მიჭირს, რადგან არ ვიცი, რეალურად რა მოხდა. ალბათ, ბევრმა იმანაც, ვინც აზრს გამოთქვამს, ბოლომდე არ იცის, რასთან გვაქვს საქმე. აქ კარდინალური საკითხია, მუხთარლი თავისი ფეხით მივიდა საზღვარზე თუ იქ მიიყვანეს. თუ მიიყვანეს, მერე იწყება საკითხი საქართველოს შესახებ. თუ თავისით მივიდა, მაშინ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ამ მოვლენით პრობლემები არ ექმნება. და თუ მიიყვანეს, გინდ ეს მოტაცება იყოს, რამე არაფორმალურ ჯგუფს გაეკეთებინა და გინდ საქართველოს ხელისუფლებას, მთლიანობაში საქართველოს პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ შედეგს ველოდები საქმის გამოძიებისგან. ყოველ შემთხვევაში, იქიდან ველოდები კონკრეტულ დასკვნას, თავისით მივიდა ეს კაცი საზღვარზე, თუ მიიყვანეს? ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტს ალიევის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ისეთი ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული, რომელიც არც აზერბაიჯანული და არც ქართული ხელისუფლების მხრიდან არ კონტროლდებოდა. ანუ იატაკქვეშეთში მყოფი პოლიტიკური ფიგურის სტილი ჰქონოდა, დავუშვათ საზღვრამდეც მისულიყო და ა. შ. ასეთი უამრავი ისტორიაა და მომავალშიც ბევრი იქნება. რასაკვირველია, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის უვნებელი, მშვიდობიანი ჟურნალისტი ყოფილიყო, ამის გარდა სხვა საქმეს არ აკეთებდა, ამიტომ მოკიდეს ხელი და წაიყვანეს, ან ერთი, ან მეორე ფორმით. ორივე ვარიანტს არსებობის უფლება აქვს, ამ ორიდან რომელიმეს მიმართ საბუთები უნდა დაიდოს. იქამდე რა უნდა ვთქვა, როდესაც თავისით მივიდა თუ მიიყვანეს, სრულიად სხვადასხვა რამეა. _ მსგავსი პრობლემებია სხვა აზერბაიჯანელ მოქალაქეებთან მიმართებით, ასევე თურქეთის მოქალაქის ექსტრადირების პროცესი მიმდინარეობს. მეზობლებში მსგავსი პრობლემებისას ქართულმა მხარემ რა პოზიცია უნდა დაიკავოს, რომ მისი ინტერესები დარტყმის ქვეშ არ დადგეს? _ ქართული მხრე დარტყმის ქვეშ დიდი ხანია, დგას და იდგება კიდეც. ეს ფრაგმენტები არ არის, ეს პრინციპული პრობლემაა. სხვათა შორის, ეს მარტო ქართული პრობლემა არ არის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას აქვს. კერძოდ, საქართველო თავისი შინაგანი ღირებულებებით დასავლური ორიენტაციის ქვეყანაა. ცდილობს, არის და თავს იწონებს კიდევაც, რომ ასეთია. არადა, მეზობლები ხშირად ღიად აკრიტიკებენ დასავლურ ღირებულებებსა და ცხოვრების წესს. ამ დროს, აღნიშნულ მეზობლებთან ძალიან ინტენსიური და პროდუქტიული ურთიერთობა გაქვს. სასწორზე დგება საკითხი, _ ორიენტაცია ღირებულებებზე უნდა აიღო თუ პრაგმატულ ურთიერთობებზე? მსოფლიოს ყველა ქვეყანა ორიენტაციას პრაგმატულ ურთიერთობებზე იღებს. არც ჩინეთი, არც რუსეთი, არც არაბული ქვეყნები და ა. შ. დემოკრატიის მაგალითად არ გამოდგება, მაგრამ აშშ და ევროპის ქვეყნები პირველთან, მეორესთან და მესამე კატეგორიის ქვეყნებთანაც ურთიერთობას იტოვებს, რადგან პრაგმატიზმი ამას კარნახობს. ახლა, სადაც აგერ ამერიკამ თურქების მიერ შერისხული ადამიანი (რომელიც მასთან ცხოვრობდა), უბრალოდ, ქვეყნიდან გააპარა, ჩემთან აღარ არისო, გამოაცხადა, რა ვთქვათ, ამერიკას თურქეთის შეეშინდა? რა თქმა უნდა, შეეშინდა, მოერიდა, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თავადაც ფრთხილები თუ ვიქნებით, ეს ცუდია. აი, ეს არასერიოზული და არასახელმწიფოებრივი პოზიციაა. მიუღებელიცაა ასეთი დამოკიდებულება. საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას, ორიენტაცია უწევს პრაგმატიზმზე. ჩვენ გვაქვს სხვა ღირებულებები და სრულიად განსხვავებული ღირებულებების პარტნიორები არიან. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, თუ მას საკვანძო პრინციპად პრაგმატიზმი ექნება (ისევე, როგორც სხვა ქვეყნებს), მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ თავი აარიდოს თავის პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გართულებას. ამასთან, თურქული და აზერბაიჯანული თემა ერთი და იგივე არ არის, რადგან თურქეთმა ოფიციალურად მოითხოვა აღნიშნული პირის გადაცემა. საქართველოს ამ პირის საქმე უნდა მოემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ის პიროვნებაა, რომელმაც საქართველოსთვის თავიც გაწირა, საბედნიეროდ, არ დაიღუპა, ომშიც მონაწილეობდა და ა. შ. პიროვნულად საქართველო მასთან აქეთ ვალშია. სამწუხაროდ, ვალის დაბრუნება ამ ცუდი ფორმით უწევს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს საკითხი ჩვენ წინაშე ყოველთვის იდგება. ჩვენი პარტნიორები ყოველთვის მოგვთხოვენ იმ ნაბიჯის გადადგმას, რომელიც ჩვენ დემოკრატიულ ღირებულებებს არ შეეფერება. _ რაც შეეხება ამ საკითხში დასავლეთის დამოკიდებულებას? _ ეს ცოტა გამაღიზიანებელია. რა, დასავლეთმა არ იცის, რომ პატარა ქვეყანა ასეთ რთულ სიტუაციაშია? ამერიკის მაგალითი ამიტომ მოვიყვანე სპეციალურად. თვითონ დასავლეთის უმძლავრესი ქვეყნები უკან იხევენ პრაგმატიზმის მოტივით და ცდილობენ, რომ პარტნიორი ქვეყანა არ გააღიზიანონ. მაინცდამაინც ჩვენზე მოუნდათ პრინციპულობის შეფასება? ამიტომ მიმაჩნია, რომ არ ღირს დასავლეთის სიტყვებზე ძალიან აყოლა, მით უმეტეს, ენას ძვალი არ აქვსო. რადგან დასავლეთი შეგიძახებს, გეტყვის, რომ სხვანაირად უნდა მოქცეულიყავიო, _ მაგრამ ასე სხვანაირად მოიქცევი და პარტნიორს დაკარგავ. და როცა პარტნიორს დაკარგავ, დასავლეთი ბევრს არაფერს გიშველის. ამიტომ დასავლეთის პოლიტიკური წინდახედულობა ყოველთვის ისეთი შორსმჭვრეტელური არ არის, ჩათვალო, რომ ის პერსპექტივას ხედავს და აქედან გამომდინარე საუბრობს. მან უამრავი პოლიტიკური სვლა წააგო აზიის ქვეყნებში, იგივე რუსეთთან და ა. შ., ანუ დასავლეთი ყოველთვის კარგად არ ისვრის. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ის ღირებულებები, რასაც დასავლეთი ატარებს, უდავოდ ყველაზე ჰუმანურია, მხრდასაჭერია და ა. შ. ეს მარცხისთვის გასამეტებელი ამბავი არ არის. აქ სამწუხარო ისაა, რომ ძალიან ხშირად დასავლეთი ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში მარცხს მოუტანს და ამ შედეგებს არ უკვირდება. ამის მაგალითსაც მოგახსენებთ: ეს არის ამერიკის საელჩოს მოქმედება საქართველოში, როცა სააკაშვილს მხარს უჭერდა. ხედავდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სააკაშვილის პოლიტიკას მხარს არ უჭერდა და ესენი ჯიუტად იძახდნენ, რომ კოაჰიბატაცია უნდა გქონდეთო. იმას ვერ ხვდებოდნენ, რომ ამ სიჯიუტით საქართველოში ანტიამერიკულ განწყობას აღვივებდნენ. ისე რომ, თუკი საქართველოში რაიმე ანტიამერიკული განწყობა შეინიშნება, ტყუილად ხელს იშვერენ პუტინისკენ. დღეს რუსული ენა ნახევარზე მეტს არ ესმის, ისე რომ, საქართველოში იქაური პროპაგანდა არ ჭრის, მაგრამ ძალიან ხშირად თვითონ ამერიკული შეცდომები ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობილებების მიზეზია. იქ, სადაც ამერიკამ და დასავლეთმა საზოგადოების ინტერესებს ანგარიში გაუწია, მას რეაქცია მისცა (დავუშვათ, უვიზო რეჟიმის შემოღებაზე) დასავლეთზე ორიენტაციის პროცენტმა მაშინვე აიწია. ასე რომ, წინდაუხედაობით ბევრი შეცდომა მაინც მოსდით. ისინიც ადამიანები არიან. თუკი ამ წინდაუხედაობით ჩვენ შეგვიძახებენ, _ ადამიანთა უფლებები ირღვევა და თქვენ რატომ გძინავთ, პარტნიორების მოთხოვნას რატომ ემორჩილებითო? ჩვენ გვაქვს პასუხი, _ სწორედ იმიტომ, რომ ისინი ჩვენი პარტნიორები არიან. მათთან დაპირისპირება საქართველოსთვის შეიძლება, ძალიან ძვირი აღმოჩნდეს, თან ერთი და ორი წლით კი არა, რამდენიმე ათწლეულით. თუ ადამიანის უფლებები ილახება, კი ბატონო, საქართველოც დასავლეთის პარტნიორი იქნება, თუ ეს დასავლეთი იმ კონკრეტული ადამიანების უფლებებისთვის იბრძოლებს, რომელიც შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოში შელახული იყოს, ანუ არის ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის მთელი რიგი მეთოდები, სადაც საქართველო ყოველთვის დასავლეთის გვერდით დგას. ამის ილუსტრაცია ბევრი გვაქვს. მაგრამ სახელმწიფოთა დონეზე რომ საქართველოს ზომის ქვეყანა პარტნიორს დაუპირისპირდეს, ეს გამართლებული არ იქნება და ასე არც დასავლეთის ქვეყნები იქცევიან. დასავლეთსაც უამრავი პარტნიორი ჰყავს, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის და თუ არ დასჭირდა, ამ პარტნიორებს თითის ქნევით არ ელაპარაკება, ეს გასათვალისწინებელია. _ შიდა პრობლემებს რომ დავუბრუნდეთ, ადგილობრივი არჩევნებისგან რას ელით? _ რა თქმა უნდა, ყველაზე დიდ ინტერესს თბილისის კენჭისყრა იწვევს, რადგან ნახევარი საქართველო აქ არის. მგონი, კალაძის გაჟღერებული კანდიდატურა, ბევრი მიზეზის გამო, მოგებული ვარიანტია. იქ პარტიაც მის მხარეს იქნება, თვითონ კალაძის ფიგურაც საკმაოდ მიმზიდველია, ხალხთან ურთიერთობა არ უჭირს და უკვე მრავალნაირი გამოცდილება აქვს დაგროვილი, ეს ადმინისტრაციული იქნება თუ პოლიტიკური. ამიტომ სხვა დანარჩენ კანდიდატს დიდი შანსი არ უნდა ჰქონდეს.   გელა მამულაშვილი  

გაზიარება