QronikaPlus
პარლამენტთან „ბირჟა მაფიის“ მხარდამჭერების დარბევა იგეგმებოდა?

პარლამენტთან „ბირჟა მაფიის“ მხარდამჭერების დარბევა იგეგმებოდა?

2017-06-18 07:21:20

  თბილისში, ძველი პარლამენტის შენობასთან, რამდენიმე დღის წინ მუსიკალურ კლიპ „TSL შავი ზედას“ გამო დაკავებული რეპჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ წევრების Yong Mic _ მიშა მგალობლიშვილისა და Kay G _ გიორგი ქებურიას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები, თავდაპირველად, მეტრო „რუსთაველთან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით პარლამენტთან შეკრებილ ხალხს შეუერთდნენ. ხალხის დიდი ნაკადის გამო აქციის მონაწილეებმა საპატრულო პოლიციას გზის სავალი ზოლის გადაკეტვა მოსთხოვეს. ახალგაზრდებმა ნარკოპოლიტიკა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. მათი თქმით, დაკავებულ რეპერებს პოლიციელებმა ნარკოტიკები ჩაუდეს. აქციაზე გამოტანილი იყო ტრანსფარანტები: „ხალხთან ომი დასრულდეს!“ „ჩაგვრა უნდა დასრულდეს“, „სისტემა ყარს“, „კიდევ ერთი რევოლუცია?“ განსაკუთრებით თვალში საცემი იყო გოგონა ფოტოშარჟით, რომელზედაც გამოსახული იყო პოლიციელი ყელზე გამობმული ჯაჭვით. შსს-მ დაკავების მიზეზად პირადი ჩხრეკისას ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „მდმას“ ამოღება დაასახელა და საქმე სსკ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აღძრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ოჯახის წევრებისა და მეგობრების განცხადებით კი დაკავება მუსიკალური კლიპის შინაარსის გამო მოხდა. შეგახსენებთ, რომ კლიპში ჩანს პოლიციელის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი, რომელსაც ყელზე ჯაჭვი აქვს გამობმული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პოლიციელების გაღიზიანება სწორედ ამ კლიპმა გამოიწვია და მათ წინააღმდეგ საქმეც „შეიკერა“, _ ახალგაზდებს ნარკოტიკები ჩაუდეს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა აღნიშნული ქმედებები პოლიციელების მხრიდან. გარკვეული პერიოდის წინ ნარკოტიკების ჩადებაზე საუბრობდა პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილიც, აღნიშნული ქმედების გამო პატიმრობაში იმყოფება „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვაჟი, დავით ხარშილაძეც. აქცია 7 საათზე დაიწყო და 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ხალხი არ დაშლილა. ხალხის რაოდენობით შეშინებულმა თბილისის მერიამ მორიგი უგუნური ქმედება განახორციელა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შუქი გამორთო. რა თქმა უნდა, არც ეს აღმოჩნდა პროტესტანტებისთვის დამაბრკოლებელი და მათ ტერიტორიის განათება მობილური ტელეფონის ფანრებით შეძლეს. აქციის მონაწილეებს დაკავებულების ოჯახის წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა პირებმა სიტყვით მიმართეს. მათი განცხადებით, როგორც მიშა, ასევე გიორგი ჯანმრთელი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, ვარჯიშობენ და მათთვის წარმოუდგენელიც კია ნარკოტიკულ ნივთიერებებთან რაიმე სახის კონტაქტი.   აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით „ქრონიკა+“ დაკავებული რეპერების მეზობელსა და „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარეს, ნიკა ჭურაძეს ესაუბრა: _ მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სამართალდამცველების „ძაღლებად“ მოხსენიება, დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ კარგად იცის, საზოგადოების ნაწილი მათ სწორედ ასე მოიხსენიებს, შესაბამისად, შს მინისტრმა უნდა იზრუნოს მათთვის ამ სახელის მოშორებაზე და არა პირიქით _ განმტკიცებაზე. მუსიკალური კლიპის შინაარსის გამო დაკავებისთვის კი, მერწმუნეთ, ამ სახელს მხოლოდ განამტკიცებენ.   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა „ბირჟა მაფიის“ კლიპის მონაწილე გიორგი გაგუამ, რომელიც პოლიციელს განასახიერებდა: „მინდა, კომენტარი გავაკეთო „ბირჟა მაფიის“ კლიპსა და ამ კლიპში ჩემს მონაწილეობაზე. იქიდან გამომდინარე, რომ კლიპმა დიდი ინტერესი გამოიწვია, ვპასუხობ მთავარ შეკითხვებს, რაც კლიპში ჩემი კადრების მისამართით ისმის. არ მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი ვყოფილიყავი, ამიტომ მივედი და ვთხოვე, კლიპიდან ამოეჭრათ მომენტები, რომელშიც ვმონაწილეობდი, რაზეც უარი მივიღე, საბოლოო ჯამში კი ფრაგმენტებს „ბლარი“ დაადეს. ეს იყო ჩემი მხრიდან დაუფიქრებელი, გაუაზრებელი ნაბიჯი, გაუგებრობაში გავეხვიე და ამის გამო ვწუხვარ“.   „ქრონიკა+“ ერთ-ერთი დაკავებულის, Kay G _ გიორგი ქებურიას დედას, ლელა რეხვიაშვილს ესაუბრა: _ რა მოხდა რეალურად, რატომ დააკავეს მიშკა და გიორგი? თქვენი აზრით, ეს დაკავება იმ სკანდალურ კლიპს ეხებოდა? _ რა თქმა უნდა, ცალსახა და  დადასტურებული ფაქტია, რომ ბიჭები კლიპის შინაარსიდან გამომდინარე დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩემთვისაც და ჩემი მეუღლისთვისაც აღსაქმელად ძალიან ცუდია ამ კლიპის შინაარსი, ჩვენს ქვეყანაში ხომ არსებობს თავისუფალი აზრის გამოხატვის ფორმები? სასამართლოს მიმდინარეობისას პროკურატურის მხარემ უვადო პატიმრობაც კი მოითხოვა, ხოლო მიზეზად ის დაასახელა, რომ თურმე ეს ბავშვები საშიში დამნაშავეები არიან და საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ, ეს ხომ აბსურდია? გიორგი კარგად ვერ ხედავს და სათვალით სარგებლობს, დაკავებისას მას სათვალე ჩამოართვეს, რათა არ დაენახა, თუ რაზე აწერინებდნენ ხელს, რა ეწერა გამზადებულ ოქმზე, ეს არ არის კანონდარღვევა? _ რა შეგიძლიათ გვითხრათ კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებლის, გიორგი გაგუას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე? _ რა თქმა უნდა, ამ ბავშვზე ფსიქოლოგიურად იმოქმედეს, რომელმაც ე. წ აღიარებითი ჩვენება მისცა. ნამდვილად არ ვიცი, ეს ზემოქმედება მშობლებისგან იყო თუ პროკურატურისგან. გულახდილად გეტყვით, როგორც მშობელი, გაგუას მშობლების ადგილას, ალბათ, ჩემს შვილს დაველაპარაკებოდი და ვეტყოდი, თუ მსგავსი სახის კომენტარს არ გააკეთებ, შეიძლება შენც დაკავებულების ადგილზე აღმოჩნდე-მეთქი. მეორე მხრივ, როდესაც გაგუა ამბობს, არ ვიცოდი, რა კლიპზე იყო საუბარი, ისე გადავიღეო, როგორ შეიძლება, არ იცოდე, როცა უშუალოდ მონაწილე ხარ? როგორ შეიძლება, არ იცოდე, კურდღელი ხარ თუ ძაღლი, როდესაც ფორმა გაცვია და ამ ფორმით  მსგავსი სახის კლიპს იღებ?   როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ე. წ. თურქულ ბარებთან მობილიზებული იყვნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები რობოკოპებით, რომლებსაც უშუალოდ დავალებული ჰქონდათ აქციის მონაწილეების დარბევა ვითომდა გზის სავალი ნაწილის განთავისუფლების მიზნით. აღნიშნული დეპარტამენტის მობილიზება დაგვიანებით, იმ დროს მოხდა, როდესაც აქცია დასრულდა და, შესაბამისად, მათი დარბევა უკვე საზოგადოებაში განსაკუთრებულ აგრესიას გამოიწვევდა. გეგმა ჩავარდა!   მარიამ ბაშარული  

გაზიარება