QronikaPlus
მოქალაქე ყველა ხელისუფლებისგან სანქცირებული ნარკობოროტების წინააღმდეგ გამოდის

მოქალაქე ყველა ხელისუფლებისგან სანქცირებული ნარკობოროტების წინააღმდეგ გამოდის

2017-05-20 10:00:20

ჩვენი რესპონდენტი, ფახრად თანირგულიევი, როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების ორგანოების უკანონობა-უსამართლობის მსხვერპლია. 2006 წელს ისე უმიზეზოდ დაიჭირეს და წლობით იყო ციხეში, რომ ამისთვის დღემდე არც ბოდიში მოუხდიათ და არც მიყენებული ზიანი აუნაზღაურებიათ. პირიქით, ისევ „ჩვეულ სტილში“, უკვე 2013 წელს „აიყვანეს“ და ამჯერად უკვე ცხრა თვით გლდანის საპყრობილეში გამოკეტეს. გამოძიების დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების მიუხედავად, ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სასამართლომ ის გამამართლებელი გაანაჩენით გაუშვა. დღეს სამართლიანობისთვისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის იბრძვის. ასეთი ფორმულაა, რომ ქვეყნად არსებობს სამსახურები, სადაც ბოლომდე უმწიკვლობის შენარჩუნება, უბრალოდ, შეუძლებელია. მაგრამ ყველაფერს თავისი დასაშვებობის საზღვრები, ე. წ. წითელი ხაზები აქვს. ყოვლად წარმოუდგენელია, საკუთარი სახელმწიფო, მისი სტუქტურები მუდმივად ბოროტი დამსჯელის როლში გამოდიოდეს. შეგნებულად, მიზანმიმართულად სანქცირებული ბოროტება კი ვერასოდეს შექმნის სამართლიან სახელმწიფოს, სადაც ადამიანების ფუნდამენტური უფლებები დაცული იქნება. ასევე ამ ვითარებაში რომელ ევროპელობაზე, აფხაზებისა და ოსების დაბრუნებაზე ვსაუბრობთ?   „ქრონიკა+“ ფახრად თანირგულიევს ესაუბრება: _ გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალიდან ვარ. ჩემი პრობლემები ცოტა შორიდან მოდის და არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. მე, ჩემი ოჯახი, სანათესავო, ძირითადად, რუსულენოვანი ადამიანები ვართ (გარდაბნის რაიონში, დაახლოებით, 80% ასეა), რუსული სკოლა დავამთავრეთ. 2006 წელს დამაკავეს და რაღაც ზღაპრების საფუძველზე სასჯელი მომისაჯეს. მყავდა უფროსი ძმა, რომელიც მთელი ცხოვრება სამართალდამცველ ორგანოში მუშაობდა, ამიტომ ჩემი დამნაშავეობის შესახებ არავის სჯეროდა. ჩირქი მომცხეს, თითქოს ნარკომანი ვიყავი, არადა, ცხოვრებაში არც მინახავს, არ ვიცი, ეს რა არის. სახლში დედაჩემმა გაიგო თუ არა, ნარკოტიკების გამო დამაკავეს, ისედაც დიაბეტი ჰქონდა, ვერ გაუძლო, მეორე დღესვე კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. ჩემს ძმასაც არ სჯეროდა. დამელაპარაკა, ავუხსენი, რომ არანაირი ნარკოტიკები არ მქონია. დაიწყო ბრძოლა და ამას, საბოლოოდ, შეეწირა კიდეც. _ რა პირობებში დაგაკავეს 2006-ში, კონკრეტულად, რა მოხდა? _ ჩემი მანქანით აზერბაიჯანში მივდიოდი, რაღაც ჩემი ბიზნეს-საკითხების მოსაგვარებლად. გზაში, ალგეთის ტრასაზე დამიჭირეს და ამ დროს დაკავების ადგილად თბილისი მიაწერეს. ვითომ ჯიბეში გარკვეული ოდენობის (რაღაც გრამები ეწერა) ჰეროინი მქონდა და ვითომ ამით თბილისში დავდიოდი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დაკავებისას სპორტული შარვალი მეცვა, რომელსაც ჯიბეები საერთოდ არ ჰქონდა. ისინი კი წერენ, რომ ჰეროინი შარვლის ჯიბეში იყო. მეორე ეპიზოდი: ეს დაკავება კი არა, რეალურად, დაყაჩაღება იყო, რაც თან მქონდა, ყველაფერი წამართვეს. _ მაინც, რა წაგართვეს? _ ტელეფონი, ფული, რაც კი მქონდა. განა, ეს ჩხრეკის ოქმში შეიტანეს, რომ ამ ადამიანს ესა და ეს ჰქონდაო. არა, თავისსავე ჯიბეში ჩაიდეს, რადგან უკან არაფერი დაუბრუნებიათ. თბილისის პოლიცია იყო, „სოდი“ „კუდი“ თუ სხვა, ახლა ზუსტად ვერ გეტყვით. მერე ჩემმა ძმამ განაცხადი შეიტანა, რომ ასე და ასე, ტელეფონი დაკარგულია და გთხოვთ, მოძებნოთო. ტელეფონი, ამ დროს, ჩემივე საქმის გამომძიებელთან აღმოჩნდა. ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მერე აღმოჩნდა, რომ მარტო ტელეფონი კი არა, ჩემი სხვა ნივთებიც მითვისებული ჰქონდათ. მერე ამ საქმეზე ბრძოლა დაიწო. ქალაქის პროკურატურა ხან დაიწყებდა საქმეს, მერე შეწყვეტდა და ა. შ. არადა, ამ საქმეზე დაზარალებულადაც მცნეს. გვაქვს ოთხი, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს არა მარტო მობილურთან დაკავშირებით. მაგალითად, მოსამართლეები არეშიძე, კაპანაძე, ხუჯაძე სახელმწიფოს, საგამოძიებო ორგანოებს მიმართავენ, რომ ჩემს საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ. ეს დღემდე აღუსრულებელია. მე ჯერ პირველ საქმეზე, ე. წ. ნარკოტიკების გამო დაპატიმრებაზე ვსაუბრობ. ბარემ აქვე დავამატებ, რომ 2014 წელს 52 ფურცლად მთავრობის კანცელარიასაც მივმართეთ, რომ მტკიცებულებები გამოეკვლიათ და ჩემს საქმეზე ელემენტარული სამართალი დაედგინათ... _ მაშინდელ პროცესს დავუბრუნდეთ: დაკავებისას სად გადაგიყვანეს? _ ჯერ ის ვთქვათ, რომ ეს დაკავება კი არა, რეალურად, მოტაცება იყო. ალგეთიდან თვალებგადახვეული ერთი ღამე რუსთავში დამმალეს. ეს, სადღაც, ბინაში მოხდა, სადაც ხელებმიბმული ვიყავი, თან ერთ მილიონ დოლარს მთხოვდნენ, _ ახლავე თუ მოგვიტან, ნახევარ მილიონზეც თანახმა ვართო და ა. შ. მეორე დღეს უკვე გადმომიყვანეს. მალევე თვალები მოვიხსენი და ვნახე, რომ სოდ-ის შენობასთან ვიყავით. ერთი ღამე კიდევ იქ გამატარებინეს. უკვე ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ან ფულს გამომართმევენ, გამიშვებენ, ან მომკლავენ და სადღაც გადამაგდებენ, ან ციხეში გამიშვებენ, ბოლოს და ბოლოს. _ ნარკოლოგიურში ხომ არ შეგამოწმეს? _ ნარკოლოგიურში მაშინ შემამოწმეს, როცა უკვე „მოდულის“ შენობაში მიმიყვანეს. სუფთა აღმოვჩნდი. სისხლის ანალიზი ჩამიტარეს, რანაირი აღარ, მაგრამ დამტკიცდა, რომ ცხოვრებაში შეხება არ მქონია. მერე უკვე ოფიციალურად ბრალი წარმიდგინეს, _ 260-ე მუხლი, დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა. წავიდა გამოძიება და მალევე დაამთავრეს. _ წინასწარ გამოძიებაში რამდენ ხანს იყავით? _ დაახლოებით, ერთ თვეში დაამთავრეს. სასამართლო კარგა ხანს გაგრძელდა, ოცი პროცესი მქონდა, შეიძლება, მეტიც და 9 წელი მომისაჯეს. _ მოწმედ ვინ გამოდიოდა? _ საქმის ორი გამომძიებელი და ასევე თავიანთივე თანამშრომლები, ე. წ. ოპერმუშაკები იყვნენ მოწმეები. ასევე წამართვეს ავტომანქანა, რითაც გადავაადგილდებოდი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეს მანქანა საქმეზე ნივთმტკიცებადაც დართული არ არის, დღემდე მისით სარგებლობენ და არ დაუბრუნებიათ. თვითონვე იყენებდნენ ჩემს „ჰიუნდაის“ ჯიპს. _ რომელ ციხეში გადაგიყვანეს? _ ადრე მეხუთე საპყრობილე იყო, ე. წ. გუბერნსკის უწოდებდნენ ორთაჭალაში, რომელიც მერე დაანგრიეს. იქ ჯერ წინასწარ პატიმრობაში ვიყავით, მერე იქიდან ჩათვალეს, რომ საშიში პატიმარი ვარ და „კრიტში“ გადამიყვანეს, ისევ ჩაკეტილ სისტემაში, ორთაჭალაში, პირველ საპყრობილეში, რომელიც დღეს ასევე არ არსებობს. _ არასანდო პატიმრად რატომ გთვლიდნენ? _ იმიტომ, რომ ვებრძოდი, არ ვჩერდებოდი, როგორც უდანაშაულო, გამართლებას ვითხოვდი. პროცესებზე რომ მივყავდი, ყველგან ვასაჩივრებდი, სააპელაციო, უზენაესი, ევროპის სასამართლომდე მივაღწიეთ. გარედან ოჯახის წევრები იბრძოდნენ, ჩემი ძმა აქტიურობდა. ასე არ ვჩერდებოდით და ეს ყველაფერი მათზე მოქმედებდა, ამიტომ პირველში გადამიყვანეს. _ იქ რამდენ ხანს იყავით? _ ხუთი წელი იქ გავატარე, სასჯელი თითქმის იქ მოვიხადე. სულ ბოლო წელიწადზე მეტი უკვე „მატროსოვის ზონაზე“ გადამიყვანეს. მოკლედ, სულ პირველ ჯერზე 6 წელი და სამი თვე მოვიხადე. _ რის საფუძველზე გაგათავისუფლეს? _ ხელისუფლება რომ შეიცვალა, საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა და მეც შემეხო. ეს 2013 წლის 17 იანვარს მოხდა. სასამართლომ საქმე განიხილა და ამნისტიის საფუძველზე გამიშვეს. _ გამოსვლის მერე რა ხდება? _ გამოვედი და ერთი კვირაც არ ვაცალე, მაშინვე ბრძოლაში ჩავერთე. მით უმეტეს, გარეთ რომ ვიყავი, ხელ-ფეხი გამეხსნა. გამოსვლის მერე ვთქვით, რომ ახალ ხელისუფლებას გვერდში უნდა დავუდგეთო. სართიჭალაში გავლენაც მქონდა და ახალ ხელისუფლებას გვერდით დავუდექი, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ (როდესაც მარგველაშვილი ავირჩიეთ) ისევ მიჭერენ. _ მეორე შემთხვევაში რატომ გაპატიმრებენ? _ გეტყვით, 2013 წლის 30 ოქტომბერს რაც მოხდა: ჩვეულებრივად თურქულ კომპანიაში ვმუშაობდი, _ „თურქსისტემჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვიყავი, ასევე გენდირექტორის წარმომადგენელი _ კომპანია „კონტექსში“. ორივე თურქული კომპანიაა. საქმიანი ურთიერთობა მარტო თურქებთან კი არა, ირანთან, უკრაინასთან, ბელარუსთან მქონდა. მოკლედ, მიწევდა თურქეთში, უკრაინაში ჩასვლა, სულ მოძრაობაში ვიყავი. ერთ-ერთ მომენტში თბილისში, ორთაჭალაში მაპატიმრებენ. სწორედ იმ დღეს დაბადების დღე მქონდა. _ რა ხდება-მეთქი? და _ არაფერიო. გამჩხრიკეს. _ ვინ იყვნენ? _ ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამაკავეს, ქალაქის სამმართველოში წამიყვანეს, _ იქ გავერკვევითო. გზაში არაფერს მეუბნებიან. ამჯერად უმანქანოდ ვიყავი. რაღაცები მომიტანეს და ხელი მოაწერეო, _ არაფერსაც არ ვაწერ-მეთქი. აზრზე არ ვარ, რაზე დამაპატიმრეთ-მეთქი. _ როგორ აზრზე არ ხარ, არაფერი იციო? _ დამცინიან. ხელი არ მოვაწერე და ადვოკატი მოვითხოვე. იმ დღეს არაფერი და მეორე დღეს რას ვიგებ: თურქეთში მყავს მეგობარი, რომელმაც, თურმე, „ჩემი დაბადების დღისთვის საჩუქარი გამოგზავნა“. ამ საჩუქარში კი რა შედის? _ ნარკოტიკული ნივთიერება. მოკლედ, ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრად ნარკოტიკს მიგზავნის. ეს ე. წ. საჩუქარი კი მე თვითონ თვალითაც არ მინახავს. როგორ გამოიგზავნა, ვისგან, ან იმ მეგობარმა როგორ არ მითხრა, რომ საჩუქარს მიგზავნიდა და ა. შ.? _ გაჩვენეს ეს „საჩუქარი“? _ კი, მაჩვენეს, აი, ასეთი პატარა ჩანთა იყო და შენი არისო. _ ჩემი არ არის-მეთქი! _ რას ამბობ, შენი როგორ არ არის, ეს ხომ შენ გამოგიგზავნესო? _ მე რა ვიცი, იქნებ, ბინ ლადენის ხალხმა ბომბი გამომიგზავნა, აქ მე რა შუაში ვარ-მეთქი? მეორეც, ეს მართლა გამოიგზავნა, თუ თქვენი ზრაპრული მონაყოლია-მეთქი? მერე საქმიდან ირკვევა, რომ არსებობს ვიღაც მოწმე, აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მათ უყვება, რომ ამა და ამ ადამიანმა (ჩემმა თურქმა მეგობარმა, რომელც იმ დროისთვის საერთოდ მაროკოშია, ეს მერე გავიგე) ვითომ ეს ჩანთა აღნიშნულ ნარკოტიკთან ერთად მისცა. ვითომ პოლიციის ჩვენმა თანამშრომლებმა ამის შესახებ იცოდნენ, საზღვარზე გამოატარეს (გადმოტანა ხომ დანაშაულია, რატომ ადგილზევე არ დაიჭირეს, რა ვალდებულებაც აქვთ?), მერე ეს კაცი სარფიდან თბილისამდე ავტობუსით მოდის, რატომ არ იჭერენ? თურმე, აქამდე ჩამოვიდა, ეს ჩანთა მომცა და ამის შემდეგ ორივეს გვაპატიმრებენ. მერე ის კაცი, ანუ მოწმე, ახსნა-განმარტებას აძლევს და უშვებენ. შემომტანს, გადამტანსა და გამსაღებელს უშვებენ და მე, როგორც ნარკომანს, ისევ მიჭერენ. ხომ სასაცილოა ეს ყველაფერი?! ის მოწმე მოგვიანებით ვნახე... _ მერე რა მოხდა? _ სადაც დამაპატიმრეს, ორთაჭალაში, გარშემო ყველგან ტელეკამერებია. ვეუბნები, _ ამოვიღოთ და ვნახოთ, ეს კაცი საერთოდ ჩემთან მოვიდა თუ არა? თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ვნახოთ, ეს კაცი საერთოდ ჩემს გვერდში ყოფილა? იქნებ, ეს ჩანთა სადმე მაინც ჩემს ხელში აღმოჩნდეს, რომ გადმომცა და ა. შ. ამას მიმტკიცებენ, მე უარზე ვარ. ამ ცხრა თვის განმავლობაში ერთი დღე საკანში რომ ვრჩებოდი, პატიმრებს ამაზე უკვე ეღიმებოდათ. _ ჯერ პროცესი როგორ წარიმართა, ამჯერად ბრალდება რა იყო? _ ბრალდება აქაც იგივეა, შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით, 260-ე მუხლის მეორე ნაწილი და ისევ წინასწარ პატიმრობაში მიშვებენ. _ სად? _ უკვე ახალაშენებულ გლდანის ციხეში. ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში დავყავი. ამ ხნის მანძილზე ხან მაშინებენ, ხან მთხოვენ, რომ არარსებული დანაშაული ვაღიარო. შემოდიან, რბილად არის ნათქვამი. მთელი დღე საკანში რომ ვყოფილიყავი, სხვა პატიმრები, ცოტა არ იყოს, იღიმებოდნენ, რაღაც დღეს არ მოგაკითხესო. სულ მოდიოდნენ, ხან ადვოკატს მიგზავნიდნენ, როგორ აღარ ცდილობდნენ. ადვოკატი აიძულეს, სუსტი წერტილი მოუძებნეს და მითხრა, _ ან ასე უნდა მოიქცე, ან ამგვარად მუშაობა აღარ შემიძლიაო. საქმის მწარმოებელი გამომძიებელი, პროკურორი შემოდიოდა. _ რას გეუბნებოდნენ? _ ჰო, გასაგებია, რაღაც „იაღლიში“ მოგვივიდა, შენ მარტო აღიარე და დანარჩენი ჩვენ ვიცითო. ყველაზე დიდი დაინტერესება ჩემს მეგობარზე, ალექსი მიქელაშვილზე იყო. ჩემი და ალექსის ადვოკატი ალექსის და იყო და ერთად ვიბრძოდით. რა გამოვიდა, სხვა საქმეა, მაგრამ ჩვენ ერთად ვიბრძოდით ოქრუაშვილის, იმ ხელისუფლების წინააღმდეგ. ადვოკატმა მითხრა, _ უნდა თქვა, რომ ალექსისთან ერთად ოქრუაშვილის წინააღმდეგ არასწორად იბრძოდით, ან არადა, შენი საქმე ცუდად იქნებაო. მათი პირველი მოთხოვნა ასეთი იყო: წინა საქმეზე საჩივრები, მათ შორის, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივარი უარყავი, ასევე ალექსი მიქელაშვილთან ერთად გამოთქმული პროტესტი, _ სტატიები, განცხადებები და ა. შ. თქვი, ვითომ ამ ყველაფერს ეს კაცი გაძალებდა და საპროცესოს გაგიფორმებთ, მხოლოდ ერთი წელი იჯდებიო. მერე მითხრეს, რომ აღიარე და ერთი წელიც აღარ იქნება, პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან გაგიშვებთ, პირობითს მოგცემთო. მერე ნელ-ნელა უკან იხევდნენ, საპროცესოს ფულიც აღარ გვინდაო. ბოლოს მეუბნებოდნენ, საერთოდ ბრალს შევწყვეტთ, უკან გამოვითხოვთ, გამამართლებელი გამოგივა, ოღონდ, ესენი გაგვიკეთეო. არაფერი არ გავაკეთე. მირჩევნია, ციხეში ვიჯდე, ვიდრე ამას ხელი მოვაწერო-მეთქი. _ როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი? _ ჩემი მეგობარი, ალექსი მიქელაშვილი დამეხმარა, ბევრი ირბინა და იბრძოლა. აქ, საქართველოში, არც პროკურატურაში და არც სხვაგან, _ არსად მოუსმინეს. მერე იძულებული გახდა, ცხინვალში გადასულიყო, რაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ გავიგე. იქ ოს მეგობრებს სთხოვა, ჩვენთან ასეთი უსამართლობაა და დამეხმარეთო. ოსებმა ევროკავშირს მიმართეს. ამის მერე აქ, უბრალოდ, იძულებული გახდნენ, რომ ცოტა სხვანაირად ემოქმედათ. მიხვდნენ, რომ ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო საქმე იყო და მას სერიოზული სკანდალი მოჰყვებოდა. ამის შემდეგ, ზუსტად 8 თვესა და 21 დღეში, სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. გამოსვლისთანავე დავინტერესდი, ეს რა მომივიდა, ვინ იყო ის მოწმე, რომელიც ამბობდა, რომ ჩემთვის ჩანთა გამოატანეს-მეთქი? დავურეკე თურქ მეგობარს, _ რას ლაპარაკობ, ერთი თვე იქნება, რაც მაროკოდან ჩამოვედიო; შენც ხომ იცოდი, რომ ორი წელი მაროკოში ვიყავიო. დიდ ეჭვებში ჩავვარდი. მერე საქმიდან ის მოწმე მოვძებნე. აზერბაიჯანის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც ქალაქ განჯაში ცხოვრობს. ავდექი და იქ ჩავედი, მოვძებნე, სახლში დამხვდა. კარგი ოჯახი ჰყავს, თვითონ უბრალო ადამიანია, რომელიც თურქეთში დადის სამუშაოდ. ორი-სამი თვე იმუშავებს, რაღაც ორ კაპიკს მოაქუჩებს, ჩამოვა და ამით ოჯახს ინახავს. ამ პიროვნებამ მაინც ბოლომდე ნორმალურად ვერ ამიხსნა, საიდან მოხვდა აღნიშნული პოლიციელების ხელში. ცოტა ბუნდოვანი კითხვები დამრჩა, მაგრამ ზედმეტად აღარ ჩავეძიე. _ მე სხვა გზა აღარ მქონდა, მაიძულეს, მცემეს, ღამის ოთხ საათამდე მაწამეს, _ შენ ან ამ ფორმით ამ კაცის წინააღმდეგ მოწმედ უნდა გახვიდე, ანდა ცემა-ტყეპის შემდეგ ხვალ ბრალი წაგეყენება საზღვარზე ნარკოტიკების გადმოტანა-გასაღებაზე და საქართველოში 20 წლით სასჯელის მოხდა მოგიწევსო. ასე შემაშინეს, ოჯახი მყავს, თან ცემას ვერ გავუძელი, შემეშინდა, ავდექი და ხელი მოვაწერე, ოღონდ აქედან გამიშვანო. იმ ღამესვე გამიშვეს, მაგრამ თურქეთიდან რაც კი წამოღებული მქონდა, ყველაფერი, მათ შორის, ფულიც წამართვეს, უკან არაფერი დამიბრუნეს, სიმართლე გითხრა, ისეთ დღეში ვიყავი, ამას აღარ ვეძებდი, ოღონდ თავი დამეღწიაო. ჩამოსვლის მერე თურქეთში ნამყოფი აღარ არის. _ თუ ასეთი ალალი ადამიანი ხარ და რაც მომიყევი, სიმართლეა, წავიდეთ ნოტარიუსთან და ეს ყველაფერი, ახსნა-განმარტება, გავაფორმოთ, თან ვიდეოფირიც ჩავწეროთ-მეთქი. გადავედით, ახსნა-განმარტება მისცა, ნოტარიუსმა დაამტკიცა იქვე, განჯაში და ამას გარდა, ვიდეოფირიც გავაკეთეთ, სადაც ეს კაცი იგივეს ამბობს. ჩამოვედი, ეს ახსნა-განმარტება ქართულად გადავთარგმნე, ისევ ნოტარიუსით გავატარე და მთავარ პროკურატურას მივაწოდე, სადაც ეს კაცი ამბობს, რომ თანამშრომლებმა ასე და ასე გამიკეთეს, გთხოვთ, ის თანხა დამიბრუნეთო. ამას გარდა, ჩემი განცხადებაც გადავეცი (იმ კაცის ახსნა-განმარტების დართვით), ჩემი გამამართლებელი განაჩენით პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ვთხოვე გაერკვია, ეს ხალხი ჩემ მიმართ ასე არაადამიანურად რატომ მოიქცა? დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც ამ საქმეზე კაციშვილი დასჯილი არ არის. არც ძველ საქმეში, სადაც დაზარალებულადაც კი ვარ ცნობილი. _ არანაირი რეაგირება არ ყოფილა? _ ნული რეაგირებაა, პასუხი არ მიგვიღია. ბოლოს მე და ალექსი მიქელაშვილმა 2014 წლის 12 სექტემბერს მთავრობის მეთაურს მივმართეთ. ერთადერთი, კანცელარიამ ის გააკეთა, რომ ეს საქმე მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა. მასალები 52 ფურცლად არის აკინძული, მაგრამ ეს ყველაფერი მესამე წელი, რეაგირების გარეშეა. _ დღეს რას ითხოვთ? _ სამართალს ვითხოვ არა მარტო ჩემ მიმართ, არამედ ყველა ადამიანის მიმართ, ვინც ათწლეულების განმავლობაში ეს უსამართლობა განიცადა. სახელმწიფომ უნდა დაადგინოს ეს სამართლიანობა. ეს ეხება როგორც ჩემს პირველ, ასევე მეორე საქმეს და, საერთოდ, ყველა ჩადენილ  უკანონობაზე კომპენსაციასაც ვითხოვ. პროკურატურა სასაცილო მდგომარეობაშია, როცა ამბობს, რომ მე, სახელმწიფომ, ბოლოს კიდევ ცხრა თვე ციხეში გამყოფე და შენ კომპენსაცია მაინც არ გეკუთვნისო. ეს პარადოქსია, მეტი არაფერი. აგერ მათი წერილები, სადაც უარს ამბობენ ზიანის ანაზღაურებაზე. ხომ შეიძლება თქვა, ამდენი არა და ამდენი გეკუთვნისო? არა, საერთოდ არ გეკუთვნისო. წესიერ პასუხსაც ვეღარ გვცემენ, იმდენად სირაქლემის პოზაში იმყოფებიან. აქვე განვმარტავ, რომ ჩემი გამართლების შემდეგ სასამართლოს რეაბილიტაციისთვის მივმართე, ასევე ზიანის ანაზღაურებისთვის. ზიანის ანაზღაურებაზე პირველი საქალაქო ინსტანცია რომ დასრულდა, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა. პროკურატურა აცხადებს, რომ არ უნდა გადაიხადონ და თუ რატომ, ამას ვერაფრით ხსნიან. საკუთარ თავსაც ვერ აუხსნიან, ჩემთვის მოყენებული ზიანი რატომ არ უნდა ანაზღაურდეს. დღეს პროცესი სააპელაციო სასამართლოშია. მათი მიზანი ხელოვნურად გაწელვაა, რათა ამ დროს ან რაღაც ისევ დამმართონ, ან სხვა რაღაც მოხდება და ოღონდ კი ზიანი არ ამინაზღაურონ. ასე სამი წელია, პროცესი უშედეგოდ მიდის. ბრძოლას ვაგრძელებთ და ამ კუთხით გვერდით დავუდგებით ქალბატონ ელისო კილაძის შვილს, რომელიც ანალოგიურად დააკავეს. არ არის გამორიცხული, ვინც ჩემთან მიმართებით ასეთი უკანონობები ჩაიდინა, აქაც იგივე ხალხი იყოს გარეული, რადგან სისტემა ერთი და იგივეა და ის არ შეცვლილა. ამიტომ უსამართლობის წინააღმდეგ ამ ქვეყანაში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.   გელა მამულაშვილი    

გაზიარება