იყო, იმ „ცხრაწლიანი რეჟიმის“ დროს წინასწარდაგეგმილი, მკაცრად განსაზღვრულადგილებიანი სხდომებისა და განხილვების მეტი რა იყო _ ზუგდიდლებს ყველაფერი ახსოვთ... მაგრამ იმას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში დადგა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს ანალოგს ვერ უძებნიან და უფრო ღრმა წარსულში _ შევარდნაძისდროინდელში ინაცვლებენ.
მსგავსი შეხვედრების ორგანიზებით, წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, შევარდნაძის ადგილობრივი ხელისუფლებიდან მაინც ქობულეთის რაიკომის ყოფილი მდივანი და მაშინ სამეგრელოს გუბერნატორი ბონდო ჯიქია გამოირჩეოდა: ისეთ თათბირს მოსცხებდა, გამგებლების თანდასწრებით, რეგიონში არსებული პრობლემების განხილვის მიზნით, რომ შენი მოწონებული.
მაგრამ საქმე ის იყო, რომ მხოლოდ თვითონ განიხილავდა და გამგებლებს მხოლოდ ასმენინებდა. ზოგს შერისხავდა, ზოგს დაუყვავებდა, ზოგს გაუტარებდა და კრება რჩებოდა მხიარული, ჟურნალისტები კი მერე იმაზე ვდარდობდით, როგორ და რამდენად გაგვეჭრა გუბერნატორის გამოსვლა ისე, რომ დარბაზის კადრებიც გამოჩენილიყო და სიუჟეტში _ ჩვენი ტექსტიც.
როცა თბილისში კონსტიტუციის აღდგენის საზეიმო ცერემონიალზე მიმავალი ედუარდ შევარდნაძე ააფეთქეს, მეორე დღესვე ზუგდიდში კრება ჩატარდა. „მოქალაქეთა კავშირის“ აქტივი, სრული შემადგენლობით შეკრებილი, ერთსულოვნად უკრავდა ტაშს სახელმწიფო მეთაურის გადარჩენას და გუბერნატორისგან მითითებაც მიიღო, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიაში, სახელმწიფოს მეთაურის სახელზე დეპეშები გაეგზავნათ, სადაც მას გადარჩენას მიულოცავდნენ და დამნაშავეების მკაცრად დასჯას მოითხოვდნენ და ეს დავალებები პირდაპირ, მედიის თანდასწრებით გაიცემოდა.
მოგვიანებით, ასეთი სპექტაკლები უკვე ზუგდიდში ტარდებოდა _ შევარდნაძის თანდასწრებით.
მაგრამ ბონდო გაგუას თქმით, შედარება მაინც არ შეიძლება:
„არა, ძმაო, მე ამ სპექტაკლს მიშას და მისი ხელისუფლების დროს დადგმულებს ვერ შევადარებ, ქართული ფილმი როა, „შნო“, ხომ გაქვთ ნანახი? ეგრეა ამ შედარების ამბავიც: იმათ შნო ჰქონდათ და ისე დგამდნენ, რომ „დრაივს“ რომ ეძახიან, ისიც იყო, ინტერესიც, დროის გასვლასაც ვერ გაიგებდი და სხვაგვარ აზრსაც ითვალისწინებდნენ, აქ კი რა ხდებოდა, რა ვნახეთ? მიკროფონთან დადარაჯებული ოდიოზური სახეები, რომლებიც ცდილობდნენ, სიტყვის სათქმელად არ მიეშვათ არავინ, ვისაც სხვაგვარი პოზიცია ჰქონდა და ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრების გაჟღერებას აპირებდა“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ზუგდიდელმა ბონდო გაგუამ, რომელიც დიდი მონდომებით ცდილობდა დარბაზში შესვლას, მაგრამ ეს ვერ მოახერხა:
„დილით ადრე მივედი, შენობასთან ახლოს გავიარ-გამოვიარე და რას ვხედავ? უკვე არ გაუმაგრებიათ ბირჟა? აგერ, ჩემი მეზობელი, გამგეობის თანამშრომელი, სამსახურში მისასწრებ დროზე გასული ეგ მე სახლიდან არ მინახავს და აქ რამ მოიყვანა ამ შაბათ დილას-მეთქი? _ ვიფიქრე მაშინვე, მაგრამ მერე ჩემი კიდევ ერთი ნაცნობი დავინახე: გამოწკეპილი და საგულდაგულოდ დაბანილ-დავარცხნილი, ლურჯი პერანგით და პიჯაკით, ეგ ერთი სოფლის კოორდინატორი იყო არჩევნების დღეს. მერე ჩემმა ნაცნობმა, ვისთან ერთადაც ვაპირებდი განხილვაზე შესვლას, ჩვენი უბნის საბავშვო ბაღის გამგე მიჩვენა. მოკლედ, მთელი საჯარო სამსახურები იყო გამოყვანილი და თანაც, დილიდან, რომ „არასასურველ პირებს“ ვერ მისცემოდათ საშუალება, დარბაზში შესულიყვნენ“, _ ამბობს ის.
მართალია, ზუგდიდში ისეთი მარგალიტები არ გამოუთქვამთ, როგორიც ამბროლაურში და ქუთაისში, სადაც ქუთაისლებს მოათხოვნინეს, გადაიტანონ აქედან პარლამენტიო, მაგრამ არც მთლად უმაგისობა იყო. მაგალითად, სოსო ლაგვილავა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების აქტიური მხარდამჭერი გახლდათ, როცა მან გურამ აბსანძე თანამდებობაზე დანიშნა, შეხვედრის განმავლობაში თითქმის არ დამჯდარა: მიკროფონთან იდგა და დარაჯობდა, როგორც დევი _ წყაროს სათავეს. ადგილობრივი უშიშროების ყოფილი შეფის სიმამრი გულწრფელი იყო _ სწორედ ასეთი განხილვებია მისი და მისნაირების კეთილდღეობის წყარო...
დარბაზში წინა რიგებში ეკავათ ადგილი „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ლაშა დამენიამ ირონიული ღიმილი ვერ შეიკავეს, როცა ზუგდიდის სახელმწიფო თეატრის ყოფილმა დირექტორმა და ენმ-ს აქტიურმა მხარდამჭერმა, მაია კალანდიამ, მიკროფონთან მისვლა რის ვაი-ვაგლახით მოახერხა და ისინი გააკრიტიკა, _ აქ არ უნდა ისხდეთო.
მაია კალანდია იყო სწორედ ის ერთადერთი პირი, ვინც ზუგდიდში ჩასულებს და დარბაზში სახელდახელოდ შეკრებილ საჯარო მოხელეებს იდილია დაურღვია. მის გამოსვლას თან წამოძახილი და ჩოჩქოლი ახლდა _ დარბაზის აგრესიულად მორჩილი უმრავლესობა ცდილობდა, კალანდია გაეჩუმებინა, მაგრამ მან სათქმელი ბოლომდე თქვა და მერე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.
მაია კალანდიამ ნოდარ დუმბაძე გაიხსენა და კობახიძეს, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გაახსენა, მერე კი საფრანგეთში დარჩენილი თავისი ოჯახის წევრები შეიცოდა (მაია კალანდიას ქალიშვილი პარიზშია გათხოვილი და საფრანგეთის მოქალაქეა, _ ავტ.), რომლებსაც პირდაპირი წესით მოუწიათ ემანუელ მაკრონის არჩევა:
„მინდა გაგახსენოთ პასაჟი ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, როცა ილიკო ჩიგოგიძე უხსნის ილარიონ შევარდნაძეს, _ რა კარგია ერთი თვალი და რა ცუდია ორი თვალი. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება შემექმნა დღეს, როცა ბატონი ირაკლი კობახიძე უსამძიმრებდა იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ.
ლამის, იმპულსი გამიჩნდა _ ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთაც საფრანგეთში პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აირჩიეს, გავუგზავნო დეპეშა, _ რა ცუდია, რომ მათ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს და რა კარგია 300 ხმოსნის მიერ არჩეული მომავალი პრეზიდენტი... მე არ მოვსულვარ აქ დისკუსიისთვთვის, პოლემიკაში არ ჩავერთვები ერთი უბრალო მიზეზის გამო: რასაც ამ ე. წ. საკონსტიტუციო ცვლილებებში ვკითხულობ, ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ.
ვაპროპტესტებ, აგრეთვე, „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობას ამ პროცესში. როცა ზვიად ძიძიგურმა მოგილოცათ, რომ „თქვენ იქიდან გამოხვედით“ და თქვენც კვერი დაუკარით, უნდა შეგახსენოთ, რომ თქვენ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მოგცათ ხმა იმ ადამიანის გამო, რომლის სურათი დაგქონდათ მთელი არჩევნების პერიოდში.
თქვენ დღეს მაგონებთ პერსონაჟებს ედუარდო დე ფილიპოს კომედიიდან „ცილინდრი“, რომელნიც განასახიერებენ, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა ღირსება აიყაროს იმისთვის, რომ მიიღოს ის, რაც მთავარია მისთვის.
თქვენ ამას ვერ მიიღებთ _ თქვენ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების მიზნით მოსულ ბიძინა ივანიშვილთან ერთად დარჩებით გარეთ, როგორც დანარჩენი“.
რასაკვირველია, მხიარულად დარჩენილი კრების დასრულების შემდეგ კრებამ სხვა ადგილას გადაინაცვლა _ ცხარე კამათმა და დემოკარტიისთვის დამახასიათებელმა პოლემიკამ ხომ მოშიება იცის...
ლაშა ბერულავა