რთული გამოსაცნობი არაა, თუ რას უნდა ეხებოდეს საკითხი, როდესაც მორიგი კვლევა ქვეყნდება და მისი თემა ქვეყანაში მცხოვრები მოსახლეობის საარსებო მინიმუმია.
ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, შემოსავლის მინიმალურ დონეს წამოადგენს, რომელიც ადამიანის არსებობისა და მისი აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფადაა საჭირო. შეიძლება ითქვას, რომ იგი ცხოვრების დაბალი, ყველაზე ქვედა ზღვრის მაჩვენებელია.
- ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც აუცილებელია ადამიანის ქმედუნარიანობის შენარჩუნებისთვის. იგი გამოხატავს საზოგადოებრივად აუცილებელი ცხოვრების დონის ქვედა ზღვარს. მისი გაანგარიშების მეთოდიკა ეფუძნება მინიმალური სამომხმარებლო ბიუჯეტის შექმნას, რომელიც საშუალო სიდიდის ოჯახის, ან ერთი მომუშავის შემოსავლებისა და გასავლების ბალანსს წარმოადგენს;
- ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას (საქართველოს კანონი „საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ“);
- საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსების მიზნისთვის საარსებო მინიმუმი განისაზღვრება ასი ლარით (საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, მუხლი 21).
სწორედ ასეა განმარტებული სამოქალაქო განათლების ლექსიკონში ის საარსებო მინიმუმი, რაზედაც დღეს ასე აქტიურად ვსაუბრობთ.
საქართველოს კანონი საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ ამბობს, რომ საარსებო მინიმუმი არის საქართველოს მოქალაქეთა სოციალური დაცვისა და სოციალური გარანტიების საფუძველი და მიმართულია მოსახლეობის ნაკლებადუზრუნველყოფილი ნაწილის მხარდასაჭერად. საარსებო მინიმუმი საფუძვლად ედება სახელმწიფოს მიერ მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის გატარებას.
ამავე კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმი არის ერთ სულ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
მის გამოანგარიშების წესს რაც შეეხება, მას საფუძვლად უდევს შრომისუნარიანი მამაკაცის სასურსათო კალათა და იგი გაიანგარიშება ნორმატიულ- სტატისტიკური მეთოდის საფუძველზე, მიმდინარე (შესყიდვის) საშუალო ფასების მიხედვით. ნორმატიული მეთოდის გამოყენებით ფორმირდება სასურსათო კალათა, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოხმარების ფაქტობრივ დონეს.
სასურსათო კალათის ნორმებსა და ნორმატივებს კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს.
ზოგადად, საარსებო მინიმუმის დათვლა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ხდება და შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმის ღირებულების გაანგარიშების მეთოდით, ხსენებული სასურსათო კალათა მოიცავს შრომისუნარიანი მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტებისა და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას. ეს ყველაფერი კი 40 დასახელების პროდუქტს მოიცავს და ერთად 2300 კილო კალორიას გვაძლევს.
მიმდინარე წლის კვლევის ბოლო მონაცემის მიხედვით, შრომისუნარიანი მამაკაცის მინიმუმი მარტში 169,7 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8,1 ლარით მეტია.
ამავე მონაცემების მიხედვით, ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 150,3 ლარია;
ორსულიანი ოჯახისთვის _ 240, 5 ლარი;
სამსულიანისთვის _ 270,6 ლარი;
ოთხსულიანისთვის _ 300,7 ლარი;
ხუთსულიანისთვის _ 338,3 ლარი;
ექვსსულიანისა და მეტისთვის _ 399,9 ლარი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამავე გამოქვეყნებულ დოკუმენტში გვამცნობს:
„2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია „საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის #111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით აიხსნება 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისთვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობა“.
გვახსოვს, რომ საარსებო მინიმუმის ოდენობა წარსულშიც ქცეულა ცხარე კამათის საგნად. ასეა ახლაც, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას ვერ ასახავს. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, არასწორად არის დათვლილი კალორიების რაოდენობაც _ 2300 კილოკალორია, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში კილოკალორაჟი 2700-ზე ნაკლები არ არის.
თანაც, საგულისხმოა ის ფაქტიც, რასაც თავად სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვამცნობს, რომ საარსებო მინიმუმი საქართველოში დგინდება 2003 წლის ბრძანებით დადგენილი მეთოდოლოგიით, რომელიც სპეციალისტებს მოძველებულად მიაჩნიათ. საქართველოს მთავრობაშიც აღიარებენ, რომ საარსებო მინიმუმზე მუშაობა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა.
აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ საარსებო მინიმუმი პოლიტიკური საზომია უფრო მეტად, ვიდრე რაიმე ისეთი, რაც ინფორმაციას გვაძლევს არსებულ რეალობაზე.
საარსებო მინიმუმის დათვლა შესაძლებელია ძალიან ბევრი მეთოდით, იგი ითვლება კალორიების მიხედვით, შესაბამისად, ის შეიძლება დაგროვდეს არა მხოლოდ კალორიების, არამედ მინერალების მიხედვით, რომელიც საანგარიშო პერიოდებს შორის არსებობისთვისაა საჭირო. რეალურად, ცხადია, რომ ის შეიძლება სხვადასხვანაირი მეთოდით დაითვალოს, გამომდინარე იქიდან, თუ რა პროდუქტებს მივიჩნევთ მოცემულობად, რომელმაც ეს კალორიები უნდა ჩამოაყალიბოს, ამიტომ შეგვიძლია შრომისუნარიან მამაკაცზეც და სხვა ერთეულზეც, ამ შემთხვევაში, მივიღოთ 500, 169 და 800 ლარიც.
ბევრ ქვეყანაში ითვლება საარსებო მინიმუმი, თუმცა ჩემი შეხედულებით იგი არც ერთ ქვეყანაში არ აჩვენებს რეალობას, ის მაინც იმის მოტივით ითვლება, რომ რაც შეიძლება დაბალი იყოს, რათა შემდგომ იმის სალაპარაკო ჰქონდეთ, რომ პენსია, მინიმალური ხელფასი, ის რაც სოციალურ სექტორშია, შეესაბამება საარსებო მინიმუმის პირობებს.
საარსებო მინიმუმის არსებული პრაქტიკა არ გვაძლევს ისეთ ეკონომიკურ მაჩვენებელს, რომელზედაც რაიმე დასკვნების გამოტანა შეიძლება. მეტიც, მისგან, უმეტესად, მცდარი დასკვნები გამოგვაქვს ხოლმე, ვიდრე რეალური.
სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ ეს მეთოდიკა დამტკიცებულია 2003 წელს და წარმოადგენს ნორმატიულ სტატისტიკურ მეთოდს, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატისტიკურად ითვლება მოსახლეობის მთელი რაოდეობა და შემდეგ ის, თუ როგორია შიდა ჯგუფების მოხმარება, შიდა ჯგუფებში კი იგულისხმება მე-4-დან მე-7-ს ჩათვლით ჯგუფები, ნაკლებშემოსავლიანიდან მაღალშემოსავლიანისკენ.
ითვლება მათ მიერ პროდუქციის საშუალო ფასებით შეძენა, რომელთა გამოთვლის შემდეგაც კონკრეტული საქონლის საშუალო ფასს იტყვიან, მაგალითისთვის, პირობითად, საქონლის ხორცი ღირს 12 ლარი, შაქარი 1,8 ლარი. ისმის კითხვა, _ ეს რისთვის გვინდა? ჯანდაცვის სამინისტროს 2003 წელს შემუშავებული აქვს მოხმარების მინიმალური ნორმები, რომელთა მიხედვითაც გათვალისწინებულია, ადამიანმა რა რაოდენობის შაქარი, კვერცხი, რძე და ა. შ. უნდა მოიხმაროს და სწორედ ამ ნორმატივებს უსადაგებენ ხსენებულ ფასებს. ამის შემდეგ თუ იცით, რომ მოხმარება არის 29 კილოგრამი ხორცისა, მას ვამრავლებთ ღირებულებაზე და ვღებულობთ, თუ რა დაჯდება წელიწადში ხორცის ღირებულება, ასევეა პურზე, შაქარსა და ა. შ. ამის შემდეგ კი უკვე იანგარიშება საშუალო მაჩვენებელი. ყველაფერი ეს 40 დასახელების კვების პროდუქტზე ვრცელდება.
უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ, მაგალითისთვის, ჯამურად სამომხმარებლო კალათაში არსებული რესურსების თანხის რაოდენობამ მიაღწია 100 ლარს, 70% მიჩნეულია, როგორც საარსებო მინიმუმის აპრიორად, დანარჩენი 30% უნდა გეყოს ყველაფერზე: ტანსაცმელი ფეხსაცმელი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი და ა. შ. და მერე გადიან საერთო ციფრზე, ეს უკანასკნელი კი 169 ლარია შრომისუნარიანი მამაკაცის შემთხვევაში. თვითონ ის ფაქტი, რომ 30%-ია დათმობილი სხვა მაჩვენებლებზე, უკვე ნაკლებად დამაჯერებელს ხდის მონაცემებს. როგორ შეგვიძლია, იმ 169 ლარიდან 30% _ 50 ლარი ვიმყოფინოთ ყველაფერ დანარჩენზე?! ამიტომ მისი ადეკვატურობა ძალიან დიდ ეჭვს იწვევს! თანაც, თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ, იქაც კოლოსალური სხვაობაა. მაგალითად ავიღოთ აშშ: ოფიციალური სტატისტიკით, მასთან შეფარდებით, ჩვენი ოჯახის საარსებო მინიმუმი არის მხოლოდ 6%-ის დონეზე. მართალია, იტყვით, რომ იქ ფასები უფრო მაღალია და ჩვენთან დაბალი. ამ ფასების ფაქტორსაც თუ გავითვალისწინებთ და შესაბამის კორექტირებას მოვახდენთ, ეს 6%, მაქსიმუმ, 15%-მდე გაიზრდება. ე. ი. ჩვენი საარსებო მინიმუმი, ამერიკულთან შედარებით, ფასებიდან გამომდინარე, არის 15%-ის დონეზე, რაც აბსოლუტური ნონსენსია. მართალია, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი მოთხოვნილებები აქვს, მაგალითად, დღეს შეიძლება სტუდენტს უნივერსიტეტში წასასვლელი ფული მოსაძიებელი ჰქონდეს, მაგრამ ისე არ გავა სახლიდან, რომ მობილური ტელეფონი არ ჰქონდეს ჯიბეში, ამიტომ ეს მისი მომსახურების სახსრები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საარსებო მინიმუმში. ეს ხარჯები 20-25 წლის წინათ საერთოდ არ იყო ცნობილი და ჩვენი მოსახლეობა მობილურების გარეშე ავად თუ კარგად ართმევდა თავს ცხოვრებას. ასე რომ, რა თქმა უნდა, განვითარებულ საზოგადოებაში მოსახლეობას მეტი მომსახურება სჭირდება მინიმალურ დონეზე თავის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ჩვენ ისე არ ჩამოვრჩებით ამერიკას ჩვენი მოთხოვნილებებით, ტრადიციებით, კულტურითა და ზოგადი ინტელექტის დონით, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმი, მათთან შედარებით, დაახლოებით, 7-ჯერ უფრო დაბალი იყოს. ამიტომ ამ ლოგიკითაც ექვემდებარება გადასინჯვას ეს მეთოდოლოგია. ამ ხნის განმავლობაში კონსტიტუცია უკვე მესამედ იცვლება და რა მოხდა, რომ ამ მეთოდიკის შეცვლას საშველი არ დაადგა?!
თავად ამ მეთოდიკის წარსული, თავის დროზე, 90-იან წლებში უნდა ვეძებოთ, როცა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, საქართველოში ინფლაციისა და საარსებო მინიმუმის გამოსაანგარიშებელი საქონელწარმომადგენლების დათვლა დაიწყეს. რას ნიშნავს საქონელწარმომადგენელი? _ დღეს რომ მაღაზიაში შევდივართ, თვალები აგვიჭრელდება, იმდენი პროდუქციაა... ხომ არ დავაკვირდებით ყველაფრის ფასს და გამოვიკვლევთ?.. ეს ძალიან შრომატევადია! ამიტომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხდება რაიმე რაოდენობის პროდუქციის არჩევა, ვთქვათ, 300-400-მდე დასახელების სხვადასხვა პროდუქტი. გერმანიაში, შეიძლება, 500-მდეც იყოს და ამათზე დაკვირვების შედეგად ხდება საშუალო შეწონილის გამოანგარიშება, მაგრამ ეს იყო 90-იან წლებში, როცა მოსახლეობა რთულ მდგომარეობაში გახლდათ და საწვავი, მაგალითად, ქილებით იყიდებოდა და შემოსავლის დიდი ნაწილი სურსათის შესაძენად მიდიოდა. მაშინ გამართლება ჰქონდა, რომ ეს პროპორცია ყოფილიყო 70% სურსათზე და დანარჩენი 30%-სხვა დანარჩენზე, მაგრამ ამის შემდეგ სურსათის წილი ინფლაციის დასაანგარიშებელ კალათაში, თანდათანობით, შემცირდა და დავიდა 30-ზე ოდნავ მეტ მაჩვენებელზე, რომელიც არ სცდება 31%-ს, ხოლო საარსებო მინიმუმის გასაანგარიშებელ კალათში ისევ იგივე დარჩა, უბრალოდ, ხან ერთ საქონელს ჩასვამენ და ამოიღებენ და ხან მეორეს. მაგალითად, გასულ წლებში იყო შემთხვევა, როცა ჯონჯოლი სამჯერ ამოიღეს კალათიდან და ისევ ჩასვეს, ერთ წელიწადს ამოჰქონდათ კალათიდან, მეორე წელს სვამდნენ, ხან „ბორჯომი“ ამოიღეს, ხან გიტარა ამოიღეს და ა. შ. იმისდა მიხედვით, როგორია IV-VII ჯგუფების ხარჯების სტრუქტურა.
საქმე ის არის, რომ დღევანდელი ხარჯების მიხედვით, მეთოდიკა უკვე წარმოადგენს ანაქრონიზმს და ის არსებითად უნდა შეიცვალოს!
სხვათა შორის, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, აცხადებდა, რომ ეს მეთოდიკა გადაისინჯებოდა, რაც მერე აღარ განახორციელეს. ნებისმიერ ხელისუფლებას ურჩევნია თქვას, რომ სიღარიბის დეკლარირება არის 22% და არა 44%, ეს მის კარგ მუშაობაზე მეტყველებს და ნაკლები კრიტიკა იქნება, მაგრამ არსებობს ობიექტური რეალობა, სჯობია, სიმართლეს თვალი გავუსწორით და ვთქვათ, რამდენია ჩვენი ფასების, საერთო დონის, სამომხმარებლო და რიგი სხვა ასპექტების გათვალისწინებით საარსებო მინიმუმი. ვფიქრობ, რომ ახლანდელი მაჩვენებელი 80%-ით მაინც უნდა გაიზარდოს როგორც შრომისუნარიან მამაკაცზე, ისე ერთსულიან ოჯახზეც და ა. შ. მონდომების შემთხვევაში თუ კონსტიტუციას ცვლიან, რატომ არ შეიძლება, მეთოდიკაც შეიცვალოს?! სულ რამდენიმე შეხვედარა, აზრთა გაზიარება და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული მაჩვენებელია საჭირო და შეიძლება, რეალურად მომგებიანი და მართალი, ადეკვატური დოკუმენტი დაიდოს მაგიდაზე.
ისევ რომ ამ კალათას მივუბრუნდეთ, თვითონ სურსათის ნაწილშიც არასწორადაა განაწილებული პროპორციები, მეტი ადგილი ეთმობა მცენარეული წარმოების საქონელს და ნაკლები _ ცხოველური წარმოებისას. ყოველი 1000 კილო კალორიის მიღება სხვადასხვა პროდუქციისგან სხვადასხვა ფასი გამოდის. მაგალითისთვის ისევ შაქარი და საქონლის ხორცი რომ ავიღოთ, ახლანდელი ხორცის ფასთან შედარებით, დაახლოებით, 15-ჯერ უფრო იაფად შეიძლება 1000 კილო კალორიის მიღება შაქრისგან. თუ ჩვენ გავზრდით შაქრის მოხმარებას, შეიძლება კალორიულობით იმ კილო კალორიაზე გავიდეთ, რაც ნორმად არის მიჩნეული, მაგრამ რამდენად დაბალანსებული და სწორი იქნება ეს?! ჩვენ მხოლოდ კალორიები ხომ არ გვინდა? გვჭირდება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლების თანაფარდობა.
მოკლედ, ამ მიმართულებითაც უნდა გადაიხედოს შიდა სტრუქტურა, იქ უნდა გაიზარდოს ცხოველური წარმოებისა და შემცირდეს მცენარეული წარმოების საქონლის წილი, მაშინ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ უფრო რეალური სურათი მივიღოთ. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმაც უნდა დააყენოს ეს საკითხი. მართალია, ჩვენ მათ ვერ მოვთხოვთ, რომ განსხვავებული მეთოდიკით დაითვალონ, რადგან ის ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურაა და რა საბუთსაც დაუდებენ მაგიდაზე, იმ მეთოდიკით უნდა იხელმძღვანელონ, მაგრამ მათ აქვთ პროფესიული და მოქალაქეობრივი მოვალეობა, აღნიშნულ მიდგომას გარკვეული წინააღმდეგობა გაუწიონ და თავიანთი პროფესიონალიზმი გამოხატონ. მათი პასიური მდგომარეობა ნამდვილად არაა გასამართლებელი.
ჯანდაცვის სამინისტრომ დიეტოლოგებთან, ექსპერტებთან ერთად ფართო საზოგადოებრივი კონსულტაცია უნდა გაიაროს. თუ ჩვენ არ შევთანხმდით რაღაც მაჩვენებელზე, ხელისუფლებამ რაც უნდა თქვას, ნებისმიერი საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფაქტი, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამს ამას საზოგადოება.
ვახტანგ ჭარაია _ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
_ საქსტატი, როგორც წესი, საერთაშორისო მეთოდოლოგიას იყენებს და ამ მხრივ რთულია, მათ მიედავო.
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო კალორიების მიღების შესაძლებლობა რა გზით არსებობს და საქართველოში რა პროდუქტებით ხდება მათი შევსება? არის თუ არა ადეკვატურად ასახული იგი? იყო მოსაზრება, რომ, მაგალითისთვის, ერთი ცალი კვერცხი, რომელიც, სტანდარტულად, 120 კალორიით ითვლება, დათვლილი იყო, როგორც 150, ანუ ხელოვნურად იყო გაზრდილი კალორაჟი, რომ ის მონაცემი მიეღოთ, რაც შრომისუნარიანი მამაკაცის გამოკვებისთვის არის საჭირო.
ყველაზე დიდი სიფრთხილით თვითონ სამომხმარებლო კალათა უნდა შევადგინოთ, რადგან ქვეყანაში მილიონამდე სოციალურად დაუცველი, 180 ლარზე მცხოვრები 800 000 პენსიონერი გვყავს, ასევე, 300 და 400-ლარიან ხელფასზე მომუშავე რამდენი ათასი ადამიანი. ე. ი. მათთვის უმთავრესი საზრუნავი არის სწორედ ის სამომხმარებლო კალათა, რომელიც მათი არსებობისთვის მინიმუმს წარმოადგენს, ამიტომ მთელი რიგი ფაქტორების გათვალისწინებით სიფრთხილით უნდა შეირჩეს და დაბალანსდეს კალათის წილები.
კანონის მიხედვით, საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკა მტკიცდება და მასში ცვლილები შედის საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების წინადადებების საფუძველზე.
ზოგადად, სწორედ საარსებო მინიმუმითაც შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ განვითარების რა დონეზეა დღეისთვის ჩვენი ქვეყანა, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის არარეალური ციფრები, რაც კვლევის მიხედვით გვაქვს, უნდა გაიზარდოს არანაკლებ 50%-ისა, შედეგად კი სხვა სურათს მივიღებთ.
საბოლოოდ, ამაზე არც მთავრობა ზრუნავს, არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, არც ფინანსთა და არც ეკონომიკის სამინისტრო და მხოლოდ ის ექსპერტები, რომლებიც ამ საქმეში გარკვეული არიან, მეთოდიკას ვერ შეცვლიან. საჭიროა, ამ საკითხს შესაბამისი უწყებები მეტი გულდასმით მოეკიდონ, რომ ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მეტად სარწმუნო, დამაჯერებელი და ადეკვატური კვლევის შედეგები დადოს.
ნინო ტაბაღუა