QronikaPlus
,,შავი ქალაქი“ მეშახტეებს დაემშვიდობა...

,,შავი ქალაქი“ მეშახტეებს დაემშვიდობა...

2017-05-19 08:46:54

ტყიბულის მინდელის მაღაროში ტრაგედიის შედეგად 4 დასაქმებული დაიღუპა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შრომის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სარემონტო ბრიგადა 6 კაცის შემადგენლობით შახტის ვერტიკალურ გვირაბში (ჭაური) ამწევი დანადგარის _ „ბადიას“ ბაგირს ცვლიდნენ. სარემონტო ბრიგადიდან 4 დასაქმებული ამწევ დანადგარში, ხოლო 2 ვერტიკალური გვირაბის (ჭაური) თაროზე იმყოფებოდა. ბაგირის შეცვლის პროცესში ამწევ დანადგარს საყრდენად ქვეშ შედგმული რკინის საყრდენი „ბალკა“ ჰქონდა. ბაგირის შეცვლის პროცესში „ბალკამ“ დაკარგა პოზიცია, რის შედეგადაც ამწევი დანადგარი, დაახლოებით, 400 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. ამწევი დანადგარი „ბადია“ ტექნიკური რეგლამენტის „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ აღჭურვილი უნდა იყოს საბლოკირებელი მოწყობილობით, რომელიც, პროფკავშირების ინფორმაციით, დანდაგარს არ გააჩნდა და მის მაგივრად სარემონტო ბრიგადის წევრები ამწევი დანადგარის შესაკავებლად რკინის „ბალკას“ იყენებდნენ. „სავარაუდოდ, დარღვეულ იქნა ტექნიკური რეგლამენტი „ნახშირის შახტების უსაფრთხოების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“, _ მუხლი 32, პუნქტი 5“, _ ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში. გაერთიანებული პროფკავშირები ხელისუფლებას დასაქმებულთა გაერთიანების მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესაბამისი შრომის ინსპექციის დაუყოვენებლივ შექმნისკენ მოუწოდებს და უახლოეს დღეებში გადაწყვეტილების სპეციალური ბრძანებით გამყარებასა და გამოქვეყნებას ითხოვს. „აღნიშნული ნაბიჯით ხელისუფლებამ ნათლად უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ ქმედით ნაბიჯებს დგამს და მზადაა, უარი უთხრას იმ გაუგონარ მდგომარეობას, რომელმაც ქვეყანაში დასაქმების ადგილებზე უკვე 10 წელია, დაისადგურა. 2007 წლიდან დღემდე, შრომის ისნპექციის არარსებობის პირობებში, საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, 420 ადამიანი გარდაიცვალა და 700-ზე მეტმა მძიმე ტრავმა მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება პროფკავშირების აღნიშნულ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, პროფკავშირები ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გაფიცვებისთვის მზადებას დაიწყებს“, _ აღნიშნულია განცხადებაში.   ირაკლი პეტრიაშვილი _ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე: _ ვიბრძოლოთ ცოცხლებისთვის! ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი... ოთხი ჩამქრალი სიცოცხლე, დაობლებული ბავშვები, დაქვრივებული მეუღლეები, ძაძით შემოსილი და სიბერე გამწარებული მშობლები, კორპორაციულ სიხარბეს, სახელმწიფო უპასუხისმგებლობას, საზოგადოების გულგრილობას, ბიზნესის დიქტატურას, საბაზრო ფუნდამენტალიზმს, ნეოლიბერტარიანიზმის „წმინდა“ იდეოლოგიას შეწირული ჩვენი ძმები და პატიოსანი, ღირსეული მოქალაქეები. მავანთათვის ეს სახელები და გვარები, უბრალოდ, სტატისტიკაა და იმის თქმის საფუძველი, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება შახტებზე უბედური შემთხვევები და უფრო მეტიც იღუპება... დღეს თქვენთვის მორალისა და აკაკი წერთლის „გამზრდელის“ „წაკითხვას“ აზრი არ აქვს. არც გამოსავალზე შუბლშეჭმუხნილი (გაწყვეტილი ძარღვით) ფარისევლურ შეშფოთებას მივიღებთ, არც გამოძიების შედეგები მაინტერესებს იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი _ ეს ბიჭები თვითმკვლელები არ ყოფილან. არც შრომის ინსპექცია მიმაჩნია გამოსავლად იმიტომ, რომ სულ ჩემი დიქტატით რომ ჩამოაყალიბონ კანონად ყველაფერი _ ეს გულით, გონებით, იდეოლოგიურ-პოლიტიკურადაა მიუღებელი და აღსრულება მათ ხელშია. დღეს მხოლოდ გლოვის დროა! გლოვობენ ჩვენი ძმების ოჯახები, გლოვაა პროფკავშირებში დაკრძალვამდე (ხელისუფლებამ, მიუხედავად მოწოდებისა, გლოვის დღეც კი არ გამოაცხადა)! დაკრძალვის დღეს ტყიბულის შესასვლელიდან სამგლოვიარო მარშით (მოვუწოდებ პროფკავშირის ყველა წევრს, ვისაც ამის საშუალება აქვს, ტყიბულში ჩამოვიდეს!) პატივი მივაგოთ ჩვენს გარდაცვლილ ძმებს. ვისაც ჩამოსვლის საშუალება არ აქვს, ორ საათზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გაბმული საყვირებით გამოხატეთ თანადგომა და პროტესტი. მანამდე კი ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ვმართავთ საპროტესტო მსვლელობას პარლამენტის შენობამდე! მე ვიცი, რომ ბევრნი ვართ, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ერთად ვართ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად დადგება შედეგი! ეს არის ომი დასაქმებულთა წინააღმდეგ და ბრძოლის წაგება ნუ შეგაშინებთ, ომის მოგებაა მთავარი! ბრძოლის გარეშე კიდევ ბევრჯერ შეგვმოსავენ ძაძებით და სტატისტიკაში მიგვიჩენენ ადგილს. ვგლოვობთ და ვლოცულობთ გარდაცვლილთათვის!“   „ქრონიკა+“ საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელს, თამაზ დოლაბერიძეს ესაუბრება: _ ბატონო თამაზ, კიდევ ერთხელ, რა მოხდა მინდელის მაღაროში და რა მიზეზებმა გამოიწვია ეს ტრაგედია? _ 9 მაისს, 17:20 საათზე, შპს „საქნახშირის“ (ჯი-აი-ჯი ჯგუფი) ტყიბულის ელიზბარ მინდელის სახელობის მაღაროზე ჯგუფური საწარმო შემთხვევა მოხდა, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა. საშახტო აწევის ზეინკლები: ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე და გიზო კუბლაშვილი სატვირთო ლიფტზე (კლეტი) სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ ექსპლუატაციიდან გამოიყვანეს ამწევი დანადგარი, რათა ამწევი ბაგირი (ტროსი) შეეცვალათ. სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის დროს ამწევი დანადგარი საფიქსაციო საყრდენიდან ასხლტა და შახტაში ჩავარდა, რომლის სიღრმე 350 მეტრზე მეტია. შესაბამისად, ზეინკლები, რომლებიც ამ დროს დანადგარის თავზე იმყოფებოდნენ, თან ჩაიყოლა. 10 მაისს, დილის 6 საათზე, სამაშველო სამსახურებმა, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, ძებნის ოპერაცია დაასრულეს _ ოთხივე ზეინკლის ცხედარი 400 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს. მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სამუშაო ადგილი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად სათანადოდ არ იყო მომზადებული. გარდა ამისა, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, შრომის უსაფრთხოების სხვა ნორმებიც დარღვეული იყო. _ რა უნდა დაადგინოს მუშაობის პროცესში ფაქტის კვლევის კომისიამ? _ გამოსაკვლევია, ჰქოდათ თუ არა ზეინკლებს დამცავი ღვედები და მომზადებული იყო თუ არა სარემონტო სამუშაოების წერილობითი განაწეს-დაშვება, რომელშიც ასახული უნდა იყოს სამოქმედო გეგმა, ჩასატარებელი სამუშაოების მოკლე აღწერილობა, სამუშაო ადგილის შესაბამისობა შრომის დაცვის ნორმებთან და როგორც შემსრულებელი, ასევე პასუხისმგებელი პირების ვინაობა. _ სამუშო ადგილებზე დაღუპვისა და დასახიჩრების ბოლო წლების სტატისტიკა როგორია? _ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, 2010 წლიდან დღემდე სამუშაო ადგილებზე 420 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 600-მდე ადამიანი დაშავდა. ტყიბულში, იგივე პერიოდში, 24 ადამიანია დაღუპული და 19 დაშავებული. _ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? _ საკანონმდებლო ხარვეზებსა და კანონის აღმასრულებელი მექანიზმების არაეფექტიანობაზე მთავრობაა პასუხისმგებელი, ხოლო შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სისტემების მართვაზე პასუხისმგებლობა, ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელს ეკისრება. _ რა მოთხოვნები გაქვთ პროფკავშირებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დასარეგულირებლად? _ უნდა შეიქმნას შრომის ინსპექცია, უნდა მიიღონ კანონი სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და უნდა მოხდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კონვენციების რატიფიცირება. _ ხელისუფლების პოზიცია როგორია და რა ნაბიჯებს გადადგამთ, თუ მთავრობა წაყენებულ მოთხოვნებს ისევ არ შეასრულებს? _ ხელისუფლების წარმომადგენლებს ყოველთვის ენის მოჩლექით უწევთ საუბარი დამსაქმებლებთან დაკავშირებით, შესაბამისად, მათი პოზიციები ზედმეტად შემწყნარებლური და სუსტია, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება, გარკვეულწილად, ბიზნესის გავლენისა და შანტაჟის ქვეშ იმყოფება. ეს კი მათ ხელს უშლის, საზოგადოებრივი დაკვეთები განახორციელონ და ქვეყნის მოქალაქეების ინტერესები ჯეროვნად დაიცვან.   კომპანია „საქნახშირი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს უბედური შემთხვევის გამო დაღუპული მეშახტეების ოჯახებს: „მიუხედავად კომპანიის ძალისხმევისა, ზედმიწევნით შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ნორმები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. შექმნილია მოკვლევის ჯგუფი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, რომელიც ამ ტრაგიკული შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენს. კომპანიას მიაჩნია, რომ გამოძიების დასრულებამდე და ტრაგედიის გამომწვევი რეალური მიზეზების დადგენამდე ამ თემით სპეკულირება არ უნდა მოხდეს. თავის მხრივ, „საქნახშირი“ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ხელი შეუწყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. კიდევ ერთხელ გულწრფელად გამოვხატავთ თანაგრძნობას ამ მძიმე ადამიანური ტრაგედიის გამო. კომპანია გვერდით უდგას დაღუპული მეშახტეების ოჯახებსა და მათ ახლობლებს“.   „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის, ჯამბულატ ჯაყელის თქმით, კომპანია ყველაფერს გააკეთებს გარდაცვლილი ადამიანების ოჯახების თანადგომისთვის: „ძალიან კარგი ადამიანები დავკარგეთ, მინდა, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და მთელ კოლექტივს. ჩვენი კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ასევე მზად ვართ, დახმარება გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. მათ შევხვდით, ვესაუბრეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული“.   მაღაროელთა გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას აკეთებს: „2017 წლის 9 მაისს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში 400 მეტრის სიმაღლიდან ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც ლიფტში მყოფი 4 მაღაროელი გარდაიცვალა. სამუშაო ადგილზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. 2016 წელს გარდაიცვალა 58 და დაშავდა 85 ადამიანი. მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში შრომის ინსპექციის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობა. მინდელის მაღაროში მომხდარი ფაქტი და ქვეყანაში არსებული საგანგაშო სტატისტიკა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების პრობლემების სიმწვავეს, რომელზედაც საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო 4 წლის განმავლობაში აქტიურად მიუთითებს. სახალხო დამცველი პარლამენტსა და მთავრობას წლებია, მოუწოდებს მიიღოს უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციები და შექმნას მათი შესრულების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაზიანების თითოეულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, ვინც წლებია, ეწინააღმდეგება შრომის ინსპექციის შექმნას. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს მაღაროელთა გარდაცვალების გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახის წევრებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობასა და პარლამენტს, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები გადადგას შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით; შექმნას შესაბამისი ნორმატიული ბაზა და შრომის უსაფრთხოებისთვის საჭირო რეგულაციების შესრულებაზე ზედამხედველი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელიც აღჭურვილი იქნება შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემისა და შესაბამისი სანქციების გამოყენების უფლებამოსილებით. შრომის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების გარეშე შექმნილი დღეს მოქმედი სამსახური, რომელსაც არ გააჩნია იძულებითი ღონისძიების არავითარი მექანიზმი, არის თვალის ასახვევად შექმნილი ფსევდოსისტემა და არ გვაძლევს შრომის უსაფრთხოების დასაცავად საჭირო რეალურ გარანტიებს“.   ამ ფონზე, მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი განხორციელდება. 11 მაისს გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“ (11.05.17; 1-1/200; 01-98/თ). ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი ბრძანებით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტები შევლენ. „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგისა და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით“, _ აღნიშნულია ბრძანებაში. ერთობლივი ბრძანების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფში, მისი წევრების გარდა, შესაძლებელია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა პირებიც მოიწვიონ. როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების, ასევე სამუშაო ადგილების შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მაისს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც გიორგი გახარია და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თუმცა მის ამოქმედებამდე, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს, მაღალი რისკის ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ.   გელა მამულაშვილი  

გაზიარება