11 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიამ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების აკრძალვის საკითხს ეხება. საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინანდადებით „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის ხელმძღვანელმა, ზვიად ტომარაძემ მიმართა. ამ საკითხზე კომიტეტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა და დეპუტატებმა ინიციატორისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომლების მოსაზრებები მოისმინეს.
„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, „სასამართლოს, საქართველოს მთავრობის მოთხოვნის საფუძველზე, ასევე შეუძლია აკრძალოს ის საზოგადოებრივი გაერთიანება, რომელიც უცხოეთის სახელმწიფოდან, უცხოური სამეწარმეო ან არასამეწარმეო ორგანიზაციიდან, ან უცხოელი მოქალაქისგან მიღებული გრანტის ფარგლებში ახორციელებს გრანტის გამცემის ინტერესებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“.
ზვიად ტომარაძის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზი საქართველოში მოქმედი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაა: „ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გამოხატავენ დამფინანსებელთა ინტერესებს, უპირისპირდებიან სახელმწიფო ინტერესებს, კონსერვატიულ საზოგადოებას, ტრადიციებს და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტს“, _ აღნიშნა ტომარაძემ.
ცნობისთვის: მოქმედი კანონით, სასამართლოს შეუძლია აკრძალოს საზოგადოებრივი გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის, ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება, ან სასამართლოს მიერ მისი საქმიანობის შეჩერების შემდეგ განაახლებს აღნიშნულ საქმიანობას.
როგორ აფასებენ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები?
„ქრონიკა+“ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ესაუბრა.
არჩილ კაიკაციშვილი _ „ახალგაზრდა ადვოკატები“:
_ პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას არ ვიცნობ, მაგრამ მისი ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ პარლამენტმა აღნიშნული წინადადება არ უნდა გაიზიაროს. აღნიშნული წინადადების მიღების შემთხვევაში პირდაპირ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საფუძვლები საფრთხეში. ეს წინადადება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორის განვითარებას იმგვარად, რომ სამოქალაქო ჯგუფებს შესაძლებლობა ჰქონდეთ განახორციელონ პროექტები, ინიციტივები, მათი დამოუკიდებელი საქმიანობა. საკითხის ერთი მხარეა, რამდენად ეთანხმება საზოგადოების უმრავლესობა თუ უმცირესობა, ხელისუფლების რომელიმე შტო, რომელიმე სამოქალაქო ორგანიზაციის სხვადასხვა ფორმით აქტიურობას, მაგრამ საკანონმდებლო დონეზე შეიზღუდოს მათი მუშაობა და ამ შეზღუდვის საფუძველი გახდეს უცხოეთის რომელიმე ფონდიდან, მოქალაქიდან თუ სამთავრობო ხაზიდან მიღებული დაფინანსება, არ მგონია სწორი დასკვნების გაკეთების საფუძვლად. ასეთი კანონი არც ერთ ქვეყანაში არ მოქმედებს, თუმცა რუსეთის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ ის გარემოება, რომ მთავრობამ აკრძალა სოროსის ფონდის საქმიანობა, მაგრამ ამ თვალსაზრისით ვერ ავიღებთ მაგალითს იმასთან მიმართებით, რომ ეს დემოკრატიული გადაწყვეტილებაა. მოცემულ შემთხვევაში საკანონმდებლო წინადადება თავად სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შორის მნიშვნელოვან პროტესტს გამოიწვევს, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაა მიუღებელია საზოგადოების უმრავლესობისთვის, ხელისუფლების რომელიმე შტოსთვის, ან ზოგადად, ეს საქმიანობა შეიძლება შეფასდეს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს არის მხოლოდ შეფასების საკითხი. თუკი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი წესდება და მოქმედებს სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე და დაარღვევს ამ წესდებისა და კანონის ფუნდამენტურ საფუძვლებს, ნებისმიერი დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს აღნიშნული საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეზღუდვა, შეჩერება და განახორციელოს სამართლებრივი ბრძოლა მხოლოდ სასამართლოს გზით. წარმოუდგენელია, დონორი ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსების სისტემა ავკრძალოთ, ამ ლოგიკით მაშინ უნდა აიკრძალოს საქართველოს მთავრობის მხრიდან სესხის აღების კანონით დადგენილი პროცედურები, ასევე უნდა აიკრძალოს მთავრობის, სამინისტროების მხრიდან გამოცხადებული პროექტების დაფინანსება, რომლისთვისაც თანხა ეროვნული ბიუჯეტიდან გაიღება, ამ თვალსაზრისით, მთავრობის მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაცია ბევრი ჯგუფისთვის შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესების საზიანო. აქ ჭეშმარიტებას ვერასდროს მოვძებნით, ეს ინიციატივა ამიტომაც მგონია მკვდრადშობილი, მისი განხორციელების არავითარი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსება როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან არის თვითრეგულირებადი პროცესი, ის არის საპროექტო ფორმაში წარმოდგენილი. რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობა ჩვენთვის მისაღებია თუ მიუღებელი, ეს არის შეფასების კატეგორია და არა სანქციის გამოყენების კატეგორია, მით უმეტეს, ამ პროცესის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რადგანაც თუკი რომელიმე ორგანიზაციის მიმართ მოქალაქეთა რომელიმე ჯგუფს პრეტენზია აქვს, სასამართლო არის ის დაწესებულება, სადაც ყველას შეუძლია, სადავო გახადოს რომელიმე გადაწყვეტილება, შესაბამისად, გააკრიტიკოს აღნიშნული საქმიანობა საჯარო სივრცეში. ეს პროცესი მაქსიმალურად დემოკრატიულია, ვიდრე ის, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციების მხრიდან საზოგადოებრივ ჯგუფებს ავუკრძალოთ დაფინანსება.
ალეკო ცქიტიშვილი _ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“:
_ ზოგადად, რა არის სახელმწიფოებრივი ინტერესები, ეროვნული ინტერესები, სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანებს სხვადასხვანაირად ესმით. არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც სრულიად გაუმჭვირვალედ იღებენ დაფინანსებას რუსეთიდან, მათ შორის, რუსეთისა სახელმწიფო ფონდებიდან და ეს არის სახელმწიფო, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სამხედრო ოკუპაციის გზით აქვს ოკუპირებული საქართველოს ორი დიდი რეგიონი და ეს ოკუპაცია გრძელდება მცოცავი და სხვა მეთოდებით, გადმოდიან ჩვენს ტერიტორიაზე, იტაცებენ ადამიანებს და საერთაშორისო არენაზე ხდება ამ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება. ამ პირობებში ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივია, როდესაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოში იღებენ უშუალოდ რუსეთის სახელმწიფო ფონდებიდან დაფინანსებას. „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“მოამზადა კიდეც კანონპროექტი, სადაც ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აიკრძალოს რუსეთის სახელმწიფო ფონდების ინტერესების გატარება. რაც შეეხება დასავლურ ფონდებს _ ეს არის ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ძირითადად, აშშ-ს სახელმწიფო ფონდი USAD, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით, თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, სადაც ამერიკის სახელმწიფო ამ თანხებს გასცემს და ეს არის სრულიად გამჭვირვალე, თანხების გახარჯვის შესახებ ინფორმაცია ნაჩვენებია როგორც ამერიკის სახელმწიფო ფონდის ვებგვერდზე, ასევე იმ ორგანიზაციების ვებგვერდებზე. ვიღაც თუ ბრმაა, ყრუა და არ ესმის ეს საკითხი, ეს სხვა საკითხია, ნებიმიერ დროს ნახავთ ინფორმაციას, სად იხარჯება ეს თანხები, რა საქმიანობაშიც იხარჯება, ნამდვილად არ არის სარასახელმწიფოებრივი მიმართულებით. რაც შეეხება კონკრეტულად საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ მოამზადა და საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ამაზე აკეთებს აქცენტს, ეს სარჩელი შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყო სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა საკითხი იყო დასმული დისკრიმინაციული კუთხით, რომ უცხოელი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, მაგრამ ის, რომ უცხოელებზე მიწა გაიყიდოს, ან არ გაიყიდოს, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ თუ არა მათთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ამაზე დისკუსიები გრძელდება და სხვადასხვა ქვეყანაში საკითხი სხვადასხვანაირად არის დარეგულირებული. საკონსტიტუციო სასამართლომაც დაადატურა, რომ ის ჩანაწერი ნამდვილად ბადებდა ეჭვებს და ამ შემთხვევაში პრობლემა რა არის? _ თუ საკონსტიტუციო სასამართლო ადასტურებს, რომ ნამდვილად იყო პრობლემა და გაუქმდა კანონში ეს ჩანაწერი, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ანტისახელმწიფოებრივად მოიქცა? მაშინ ასე დავსვამ საკითხს. ეს ინიციატივა ნამდვილად ჰგავს კუდიანებზე ნადირობას და, ძირითადად, ეხება დასავლური ფინანსების შემოტანას საქართველოში და ამ თანხებით საზოგადოებრივი ორგანიზაციების სარგებლობას, რითაც ძალიან ბევრი რამ კეთდება. ის, რომ რუსეთიდან ნამდვილად იმართება გაურკვეველი ორგანიზაციები და მათი გაცხადებული მიზნები არის რუსეთთან შეერთება, მათ ვებგვერდებზე არ ჩანს, თუ საიდან მიიღეს დაფინანსება. ეს სერიოზული პრობლემაა.
გიორგი მშვენიერაძე _ „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“:
_ ეს არის ძალიან არასერიოზული წინადადებაა. როგორც კანონმდებლობა გულისხმობს, ის მხოლოდ ფორმალურად გაივლის საკომიტეტო მოსმენას და ეს წინადადება ვერ იქცევა საკანონმდებლო ინიციატივად, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოში მსგავსი აკრძალვები არ არსებობს. ზოგადად, ბატონ ტომარაძეს მიაჩნია, რომ ბედნიერი იქნება იცხოვროს ქვეყანაში, სადაც აკრძალვები იქნება. ჩვენ, მოქალაქეებს, თავისუფალ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება, სადაც ადამიანების უფლებებია დაცული, არასამთავრობო ორგანიზაციები საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმ მიზნებიდან, რომელიც ბატონ ტომარაძეს და მის ამფსონებს აღიზიანებთ, ქვეყნის დემოკრატიული მშენებლობისთვის არიან მოწადინებულნი. ბატონი ტომარაძისა და მისი ამფსონების მიზანი ამ ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაა და არა იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც გარედან მოდის, ჩვენი მთავარი საფრთხე არის ის, რომელიც თავად კრძალავს სიტყვის თავისუფლებას, სამოქალაქო სექტორის არსებობას და ეს არის რუსეთი.
თამარ ბატიაშვილი