შემთხვევა, რომელზედაც ქვემოთ მოგიყვებით, ორი წლის წინათ მოხდა. პოლიციის თანამშრომელმა და მისმა ძმამ მძიმე ავარიით დასახიჩრებულ ბიჭს ისე სცემეს, რომ ის საკუთარ სისხლში ცურავდა. ამას რამდენიმე მოწმე და სამედიცინო დასკვნა ადასტურებს. ცემით დალეწილ ბიჭს დანით მიაყენეს ჭრილობა. სამედიცინო დასკვნაში წერია, რომ ბიჭს ორი ცეცხლნასროლი ჭრილობაც აქვს სხეულზე.
ასეთ მდგომარეობაში მყოფი ვაჟა ნაჭყებიას წინააღმდეგ საქმე ისე შეატრიალეს, რომ დაზარალებული პოლიციელი აღმოჩნდა და მას თავისუფლების აღკვეთა 10 წლით მიესაჯა. ბრალდებულ ნაჭყებიას დედა ხათუნა არჩვაძე შვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად ბრძოლას აგრძელებს. როგორც ის აცხადებს, დღეს დაუსჯელობის სინდრომის მსხვერპლი მისი შვილია, ხვალ კი ანალოგიური სხვებს ემუქრება.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ხათუნა არჩვაძე:
_ 2015 წლის 18 ივნისს ვაკე-საბურთალოს რაიონის მოქმედმა პოლიციელმა, დეტექტივის თანაშემწე მანუჩარ მაისურაძემ, თავის ძმასთან ერთად ოპერაცია დაგეგმა. თავის მეგობარს ჩემი შვილი _ ვაჟა ნაჭყებია, სახლიდან გამოაყვანინა. შემდეგ მისი კორპუსის წინ იმ მიზნით გაიტყუა, თითქოს ერთმანეთი უკეთ გაეცნოთ და ლუდზე დაპატიჟა. ამ დროს მოვარდნენ პოლიციელი მაისურაძე და მისი ძმა, ჩემი შვილი სასტიკად სცემეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლეს და დანით დაჭრეს. პროკურატურის ვერსიით, ჩხუბი რომ დასრულდა, 15-20 წუთის შემდეგ, ვითომ, ჩემი შვილი გამოექანა, სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან, ერთი ამბობს, ზურგზე შემახტაო, მეორემ, უკანიდან დანა ჩამარტყაო. პოლიციელი ამბობს, დავეცი, ჩემი ძმა მოვარდა, დანიანი ხელი დავუჭირე, ჩემს ძმას დანა მუხლზე გაუსვა და იძულებული გავხდი, რომ მესროლაო. გახმაურებული ამბავია, 2013 წელს ჩემი შვილი სკუტერით დაიმტვრა ქავთარაძეზე, მასთან ერთად იყო მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც ადგილზე დაიღუპა, ესეც ძალიან მძიმედ იყო, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ სიცოცხლის ნიშნები ეტყობოდა და ასე გადაარჩინეს. ამის გამო ჩემს შვილს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს და პრობაციონერი იყო. ჯერ ერთი, დანა საერთოდ არ ჰქონდა, ამასთანავე, მტრების გარემოცვაში დარჩა, არც დანა ამოუღიათ ნივთმტკიცებად, არც დანის იდენტიფიკაცია მოუხდენიათ, ეს დანა პოლიციელის იყო, ზურგზე თვითონ გაიკეთა ნაკაწრი, მივიდა ღუდუშაურის კლინიკაში, 15-20 წუთში გამოწერეს და თქვა, რომ უცნობმა პირმა დანით დაჭრა. მერე როდესაც შეიტყო, რომ ჩემი შვილი მომაკვდავი იყო, გამვლელებმა სასწრაფო გამოიძახეს და წაიყვანეს. განცხადება გააკეთა, ვაჟა ნაჭყებიამ დამჭრაო, მაგრამ თვითონ ორჯერ რომ ტაბელური იარაღიდან ესროლა ჩემს შვილს, არ განუცხადებია. საქმეში შს სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნები დევს, რომ მის ძმას არანაირი დანა არ ჰქონდა, ბლაგვ საგანთან ზემოქმედებით რაღაც ნაკაწრი აქვს, პოლიციელს _ არანაკვეთი შემავალი ჭრილობა, ჩემი შვილი კი ძალიან მძიმე დაზიანებებით იყო. ქირურგიის ინსტიტუტში წაიყვანეს, ორნახევარი ლიტრი სისხლი ადგილზე დაკარგა და უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს. 18 ივნისს საავადმყოფოში რომ შეიყვანეს, პოლიციელების გარემოცვა დაუყენეს, 19-ში ბრალი წაუყენეს და 22 რიცხვში ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ცემის ფაქტს მალავდნენ, მაგრამ როდესაც პატიმარი ჩაიბარეს, დეტალური ჩანაწერებია დაფიქსირებული, რა დაზიანებები ჰქონდა. ერთ-ერთმა მოწმემ ისიც თქვა, ისეთი ჩხუბი იყო, ვერც მიუახლოვდებოდიო. პოლიციელი და მისი ძმა ძალიან მაღლები და ათლეტურები არიან, ჩემი შვილი კი მომცრო ტანისაა, თან ნაავარიებია და, პრაქტიკულად, სულ აწყობილია. ყველა მოწმე ამბობს, რომ ჩხუბის შემდეგ ორივე ძმა ტაქსით წავიდა, ჩემი შვილი კი ადგილზე დარჩა, მტრების გარემოცვაში. სასულიერო პირი შეესწრო ამ ამბავს და ისიც ადასტურებს, რომ სროლა იყო. თვითონ მანუჩარ მაისურაძესაც არ დაუმალავს, რომ ესროლა, ეს იმით ახსნა, თითქოს ჩემი შვილი მას ძმას უკლავდა და იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო.
_ სანამ ეს ფაქტი მოხდებოდა, თქვენს შვილს რაიმე შეხება ჰქონდა ამ პოლიციელთან, ან რაიმე დაპირისპირება? რატომ გამოიყვანეს სახლიდან და რატომ გაიმეტეს ასე?
_ არანაირი შეხება არ ჰქონია, არც იცნობდა. ასე ამბობს, თითქოს ჩემმა შვილმა მის მეუღლეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს. შეგნებულად რომ გამოიყვანეს სახლიდან, ამას არც მალავს. ადვოკატმა კითხვა რომ დაუსვა, პრობაციონერი იყო და რატომ არ მიმართეთ შესაბამის ორგანოებსო? უპასუხა, _ ჩემი ოჯახური და პირადი საქმის გამო რატომ უნდა მიმემართა მათთვისო? ჩემი შვილი სტუდენტია და წინა დღით მეგობართან ერთად მიდიოდა ინსტიტუტში. ამბობს, რომ ქუჩაში ბავშვიანი ახალგაზრდა ქალი მიდიოდა და მას უთხრა, რომ ძირს რაღაც დაუვარდა, მაგრამ არანაირ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი, პირიქით... შეურაცხყოფის ფაქტი ვერც პოლიციელის მეუღლემ დაასაბუთა სასამართლო პროცესზე. ჩემი შვილი იხსენებს, _ ვიღაც ბიჭი მივიდა ეტლიან ბავშვთან და მიყურებდაო. როგორც ჩანს, ცოლმა ჩემი შვილი დაანახა. მთელი დოკუმენტაცია პოლიციელების ხელშია, ნახა, რომ პრობაციონერია და როგორც იციან, გაიფიქრა, დედას ვუტირებო. გაჩერებასთან არ აწყობდა, რადგან იქ კამერებია დამონტაჟებული და ოპერაცია დაგეგმა. თავისი სამსახურებრივი ძალაუფლება ასე გამოიყენა და ადამიანი უმოწყალოდ გაიმეტა. საქმის მასალებში უამრავი ფაქტია, ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს, რომ პოლიციელსა და მის ძმას ჩემი შვილისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ და მათ შეგნებულად გააკეთეს ეს ყველაფერი. ამ ამბიდან ერთი კვირით ადრე ჩემი მეუღლე გამოვიყვანეთ საავადმყოფოდან, რომელიც საშინელ ავარიაში მოჰყვა, კომაში იყო, დღესაც კი ეტლით გადაადგილდება, ასეთი დათრგუნულები ვიყავით და ეს ამბავი დაგვატყდა თავს. მერე ცრუმოწმეები მოიყვანეს, 65 წლის ქალბატონია ნანა დეკანოიძე, მე-13 სართულზე პოლიციელი ცხოვრობს, მე-14 სართულზე _ ეს მოწმე. ვითომ დეკანოიძეს შვილიშვილი მიჰყავდა და ბიჭები რომ ისხდნენ ქუჩაში, ყურადღება მიაქცია, თეთრმაისურიანმა ბიჭმა უთხრა, _ რას მომშტერებიხარო? თურმე, შეურაცხყოფილად იგრძნო თავი და როცა ამოირა, ჩემი შვილი უკვე დაჭრილი ეგდო. ამით უნდათ, რომ ჩემი შვილი მონსტრი დახატონ. საქმეში პოლიციელის მეგობარი და მისი ცოლი ჩართეს. ეს ბიჭი ჰყვება, ქუჩაში მივდიოდით, ჩემი ცოლი ბავშვთან ერთად წინ მიდიოდა და „ბლანძინკა“ დაუძახაო. როცა მივედი და პასუხი მოვთხოვე, მიპასუხა, შეურაცხყოფა ხომ არ არის, „ბლანძინკა“ ვთქვიო. ამ ჩხუბთან და დაჭრასთან რა შუაში იყო ამ ამბების მოგონება? ამით უნდათ გაამართლონ ის, რომ ვითომ ჩემმა შვილმა პოლიციელის ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა და ეს საქციელი მისთვის დამახასიათებელი იყო. იმდენად უნდათ ამ მითის შექმნა, მოსამართლე ლილი მსხილაძემ ჩვენი ადვოკატები მალხაზ ჯანგირაშვილი და ინგა შარაშენიძე ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ დაიბარა და უთხრა, _ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი, როგორც ქალს, ისე ნუ მიყურებსო. მოსამართლე ლილი მსხილაძე კი იცით... 22 წლის ბიჭი დგას და გაგიჟებული მას უყურებდა, ხომ წარმოგიდგენიათ?! როგორც ქალს იმიტომ კი არ უყურებდა, ისეთ უსამართლობებს სჩადიან, ამიტომ! ბავშვი გაგიჟებული და გადარეულია, გაშტერებული თვალებით უყურებდა!
_ ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს არ მიმართეთ?
_ ძალიან ბევრი ვიომე, ბრიფინგები ჩავატარე და ამის შედეგად იმას მივაღწიე, რომ ცემისა და დაჭრის ფაქტზე საქმე ცალკე გამოიყო, რომელსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია. საქმეში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ჩაერთო, მითხრეს, რომ ეს არის სტრასბურგში გასაგზავნი საქმე და პოლიციელის მიმართ ასეთი დაუსჯელობის სინდრომი არ შეიძლება. პროკურატურაში გაგზავნილია უამრავი წერილი ამ ცალკე გამოყოფილ საქმესთან დაკავშირებით და არანაირი რეაგირება არ ყოფილა, დასტებად მაქვს წერილები, მაგრამ რეაგირება ნულია. ასეთ უსამართლო ვითარებაში რომ ვიყავი, ავდექი და „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ მივედი, ლია ტოკლიკიშვილმა და მაია გოგოლაძემ ფილმი გადაიღეს, რომელიც შარშან, 13 მაისს ტელევიზიით გავიდა. ჟურნალისტებმა ძალიან კარგად იმუშავეს, სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ და ფილმიც ძალიან კარგი გამოვიდა, რომელიც ზედმიწევნით კარგად ასახავს ჩვენს ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას. ამ ფილმში ძალიან კარგად ჩანს, როგორი უსამართლობის მსხვერპლია ჩემი შვილი. იქაოდა, ეს პრობაციონერი იყო, ის პოლიციელი და დეტექტივის თანაშემწე, ზურგი აქვს და საქმეებს კერავენ... რამდენი შემთხვევა იყო, ვაკე-საბურთალოს პოლიცია ყველაზე ცუდი განყოფილებაა, წამალი ჩაუდეს, ადვოკატი სცემეს, რა ამბავი აღარ გახმაურდა მათ შესახებ... ფილმის ბოლოს ძალიან კარგად არის ნათქვამი, იგივე იყო ბუტა რობაქიძის, გამცემლიძის საქმეებში, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ ის პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქმედებდნენ და ამან პირადი შურისძიებისთვის გამოიყენა თავისი პოლიციელობაო.
ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, სტრასბურგშიც წავალ, მივმართავ ადამიანის უფლებადამცველ ყველა ორგანიზაციას, მედიასაშუალებებს, როგორ სამარცხვინო ხალხთან გვაქვს საქმე.
_ ახლა როგორ არის თქვენი შვილი?
_ ჩემი შვილი იმ დღიდან დაპატიმრებულია, 6 თვე მწოლიარე მდგომარეობაში რეანომობილით მოჰყავდათ, ფეხზე სპეციალური აპარატი ჰქონდა მიმაგრებული. 6 თვის თავზე რომ მოხსნეს აპარატი, სასამართლო პროცესზე ერთი საათის შემდეგ მოიყვანეს ნარკოზიანი, მთელი ტანით კანკალებდა. ცხოველი არ მოიქცევა, ალბათ, ასე. იმ დღესვე გადაიყვანეს სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. წავედი, ახალი „ფორმა 100“ მოვითხოვე, შევუტანე მინისტრ კახიშვილს, სამედიცინო დეპარტამენტის უფროს დემურიშვილს, იქ გარკვევით წერია, რომ მუხლის სახსრის დამუშავება, რეაბილიტაცია სჭირდება. არაფერი არ გაუკეთეს, ბავშვს ფეხი დაუმოკლდა და დამიინვალიდდა. ეს არაფერი, ახლა გაუსაძლისი ტკივილები აქვს, სავარაუდოდ, ორშაბათს ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანენ და „კატე“ უნდა გაუკეთონ, სითხე საერთოდ დაუკარგავს და მშრალი ძვალი რომ ერთმანეთს ეხახუნება, გაუსაძლისი ტკივილები აქვს. ისიც გავიგე, რომ ეს ყველაფერი მე უნდა დავაფინანსო, სპეციალური ჟელე ყოფილა, რომელიც 800 ლაღი ღირს და დროებით შეუჩერებს ტკივილს, ზოგადად, ოპერაციაა საჭირო. ასეთ დღეში ჩამიგდეს შვილი და მე უნდა ვიშოვო თანხა, რომ ბავშვს ფეხი არ მოაჭრან და რამენაირად გადავარჩინო. სამართალდამცველების მხრიდან არანაირი რეაგირება არ არის. ერთი წერილი მაქვს. სადაც ეს დამნაშავე პოლიციელი მუშაობს, იმ განყოფილებას სწერენ, _ ეს საქმე გამოიძიეთ და დაამთავრეთო. ეს არ არის დარღვევა?! ჩემმა ადვოკატებმა რომ მიმართეს, 48 საათში უნდა ეთქვათ პასუხი დაზარალებულად ცნობაზე, ეს ხომ საერთოდ ზედმეტი იყო? თურმე პოლიციელია დაზარალებული. მოსამართლე მსხილაძემ სამ ეტაპად დაყო განაჩენი და გამოაცხადა: პოლიციელი არ მაინტერესებსო. მარტო ჩემს შვილზე საუბრობდა, რადგან დავალება ჰქონდა მიღებული. მართალია, შსს-მ იგივე დასკვნები დადო, მაგრამ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მაინც ჩავრთე საქმეში. სანამ საქმე მოსამართლე მსხილაძეს გადაეცემოდა, დავით კურტანიძე იხილავდა და მოსამართლემ პირველ სხდომაზე მაია ნიკოლეიშვილის დასკვნები დასაშვებად რომ სცნო, ამ ქალბატონმა არ მიიღო. ტრასოლოგიური ექსპერტიზა პირდაპირ ამბობს, რომ შარვალზე მჭრელი დანა აქვს გასმული, ესენი რომ დანის არსებობას მალავდნენ, ექსპერტიზამ პირდაპირ დაადასტურა, ასევე მასრების განლაგებაზეა საუბარი, მაგრამ მოსამართლეს არაფერი გაუთვალისწინებია და ჩემს შვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
_ არ გაასაჩივრეთ?
_ გავასაჩივრეთ. პირველი ინსტანციის სასამართლოში შარშან 14 მარტს დადგა განაჩენი, ერთი წელია, ასეა გაჩერებული. სააპელაციო სასამართლოში საქმე ისეთ მოსამართლეს დააწერეს (გიორგი ჩემია), რომელსაც უფლებამოსილება უჩერდებოდა და ამით 4-5 თვე გაგვიწელეს. ახლა 2-3 თვე დასჭირდა, რომ სხვა მოსამართლისთვის გადაეცათ. ეს საქმე მაია თეთრაულს დაეწერა და ინფორმაცია მაქვს მისი „სამართლიანი“ გადაწყვეტილებების შესახებაც. იგივე პროკურორია, მოქმედი პროკურორი ჰყავს ქმარი და შემადგენლობაშიც მთავარ პროკურატურაში ნამუშევარი პროკურორები ჰყავს. მოკლედ, კარგად მოეწყვნენ, ხან ტრენინგებზე იყვნენ, ხან სემინარებზე, გადაიდო პროცესები და ახლა 12 ივნისს არის ჩანიშნული. 2 წელი გახდება 18 ივნისს, რაც ბავშვი ასეთ საშინელ დღეში იმყოფება! პირველ მაისს მთავარ პროკურატურასთან აქცია ჩავატარე, ასე გავაგრძელებ და ბოლომდე ვიბრძოლებ, სანამ შემეძლება! ამ დაუსჯელობის სინდრომის მსხვერპლი დღეს ჩემი შვილია, ხვალ სხვა იქნება, ამას საწყალი ირინა ენუქიძე ამბობდა, მაგრამ არ უჯერებდნენ.
თამარ ბატიაშვილი