QronikaPlus
ყოფილი პედაგოგი სასამართლოს წინ შიმშილობის აქციას იწყებს?!

ყოფილი პედაგოგი სასამართლოს წინ შიმშილობის აქციას იწყებს?!

2017-05-14 12:10:15

თბილისის საქალაქო სასამართლოში შრომითი დავა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი ითხოვს მისი განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. დავა სასამართლოში 2016 წლის იანვარში დაიწყო და ამ დრომდე გაურკვეველია, როდის დასრულდება მისი განხილვა პირველ ინსტანციაში? მოსარჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ ამ საქმეს სასამართლოში წინ და უკან დაატარებენ და ამიტომ მოსარჩელის დაცვა ვერ ხორციელდება. მოსარჩელე კი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქმის დროული განხილვა არ მოხდება, საქალაქო სასამართლოს წინ შიმშილობის აქციას დაიწყებს. „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მოსარჩელე _ დავით ფერაძე: _ სამსახურიდან ჩემი განთავისუფლების რეალური მიზეზი იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსნებისა და, კონკრეტულად, ყოფილ მინისტრ თამარ სანიკიძის პერმანენტული მხილება ნეპოტიზმში, კორუფციაში, საგანმანათლებლო პოლიტიკის მცდარობაში, პედაგოგთა ხელფასების გაზრდისთვის, პედაგოგთა პროფესიული წინსვლის სულელური სქემის გაუქმებისთვის ბრძოლა, მინისტრ სანიკიძის გადადგომის მოთხოვნა და ა. შ. ამ ყველაფერზე „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრმა“ არაერთხელ დადო ფაქტები და დოკუმენტები. თითქმის ყოველთვიურად ვასაჯაროებდით უზარმაზარ დაუსაბუთებელ პრემიებსა და დანამატებს, სანიკიძის ფინანსურ ხარჯებს. ამიტომ სანიკიძემ იმ სკოლის დირექტორი დაიბარა, სადაც მე ვმუშაობდი და ჩემი განთავისუფლება ურჩია. ზოგადად, მინისტრს პედაგოგის გაშვების სხვა ბერკეტი არ აქვს. დირექტორისგან სანიკიძემ უარი მიიღო, ამიტომ სანიკიძემ ბრძანება გასცა, რომ ჯერ დირექტორის დევნა დაეწყოთ, _ მას რამდენიმე საქმე შეუკერეს და საშვებულებო პერიოდში გაათავისუფლეს. სასამართლო დავა ამ საკითხზე დღემდე მიმდინარეობს. ამის შემდეგ სკოლას თავს მოახვიეს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სრულიად არასასურველი და მიუღებელი ე. წ. დირექტორი. ის მანამდე არაერთი კლასიდან იყო გაძევებული და მიიჩნეოდა ყველაზე არაკოლეგიალურ პედაგოგად, მაგრამ სამინისტროში მან პირობა დადო, რომ დირექტორობის სანაცვლოდ ყველაფერს გააკეთებდა, რომ იზრუნებდა ფერაძის წინააღმდეგ საქმის შეკერვაზე. მის დანიშვნაზე თანხმობა განაცხადა ექსმინისტრ სანიკიძის მარჯვენა ხელმა და თანამაქინატორმა, სამინისტროს პირველმა ოდეერმა, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა _ ალექსანდრე ონოფრიშვილმა. სწორედ ეს ონოფრიშვილი არის ყველა პოლიტიკური დევნის ორგანიზატორი და ის კურირებდა ჩემ წინააღმდეგ ყალბი საქმის შეკერვას. ერთ-ერთი ჩემეული მხილება იმ სახელმწიფო მასშტაბურ კორუფციულ სქემას ეხება, რომლის თავშიც ონოფრიშვილია. კარგი იქნება, თუ ამითაც დაინტერესდებით. ამ შეკერილი საქმის საფუძველზე კი განთავისუფლების ბრძანება გაიცა, რომელიც პირველი სიტყვიდან ხელის მოწერის ჩათვლით არის სიყალბის კლასიკური მაგალითი, მაგრამ ესეც არ იკმარეს. იყო გამოგზავნილი მუქარები. ამანაც რომ არ გაჭრა, ადგნენ და ჩემს სარჩელზე მოსამართლედ დამინიშნეს განათლების სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი. ჩემმა ადვოკატმა რამდენჯერმე მიმართა სასამართლოს და საქმის დროული განხილვა მოითხოვა. გავაგრძელებთ ამ მოთხოვნას, თუმცა პარალელურად ვემზადები და ვგეგმავ საპროტესტო აქტივობას. ეს იქნება უცხოური ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის საქმის კურსში ჩაყენება და არ გამოვრიცხავ, სასამართლოსთან შიმშილობა დავიწყო.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი _ მარიკა არევაძე: _ მარიკა, რამდენად მნიშვნელოვანია, სასამართლომ სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება? _ სასამართლო არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო და თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მისი უფლება დაირღვა, მას შეუძლია სასამართლოს მიმართოს. ასეთი პირისთვის კი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დარღვეული უფლების სწრაფი აღდგენა. _ როდის დაიწყეთ კონკრეტულად ეს შრომითი დავა და რა ეტაპზე ხართ ამჟამად? _ სასამართლოს 2016 წლის იანვარში მივმართეთ სარჩელით და მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოებაში მიღებიდან წელიწადზე მეტია გასული, მისი განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა. მეტიც, გაურკვეველია, კიდევ როდემდე უნდა ველოდოთ პროცესის ჩანიშვნის თარიღს, ან კიდევ რამდენჯერ უნდა გადაიდოს ჩანიშნული მთავარი სხდომა? ზოგადად, არც ერთი დავის განხილვა არ შეიძლება გრძელდებოდეს წლობით, მით უფრო, დავები შრომით საკითხებზე. შრომითი დავები წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის დავებს, რომელთა განხილვისთვისაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაწესებულია სპეციალური და მოკლე ვადა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე საქმეები უნდა განიხილოს არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში. მიუხედავად კანონით პირდაპირ გაწერილი იმპერატიულად დადგენილი ვადისა, მოცემულ კონკრეტულ საქმეზე ვერა და ვერ ხდება მთავარი სხდომის გამართვა და ამჟამად არც მისი გამართვის თარიღია ცნობილი. საქმის განხილვის გაჭიანურებით კი მოსარჩელის ინტერესს ნებისმიერ შემთხვევაში ადგება ზიანი, ვინაიდან მისი კანონიერი უფლებები დროულად ვერ კმაყოფილდება. გარდა ამისა, სასამართლოში საქმის ამგვარი გაჭიანურება, თავის მხრივ, ლახავს მოსარჩელისა და, ზოგადად, მხარეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და საფრთხეს უქმნის უმნიშვნელოვანესს _ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს რეპუტაციას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. _ რა არის საქმის ასეთი გაჭიანურების მიზეზი? _ ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი საქმის პრობლემა, არამედ, ზოგადი და მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორც არაერთხელ მოგვისმენია, ამის მიზეზად არასაკმარის ადამიანურ და მატერიალურ რესურსს ასახელებენ. პირადად ჩემი პრაქტიკიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ პროცესები, ხშირ შემთხვევაში, მართლაც გაუგონრად ჭიანურდება, რაც საბოლოოდ ხელს უშლის მართლმსაჯულების დროულ განხორციელებას. კონკრეტულად დავით ფერაძის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, სარჩელის წარმოებაში მიღების დღიდან დღემდე საქმის დროული განხილვის მოთხოვნით არაერთი წერილობითი მოთხოვნაც გავაკეთეთ, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება საქმის განხილვა. მოსარჩელე კი ამ დროს თავის დარღვეულ უფლებაში აღდგენას ელოდება. ტექნიკური ხასიათის პრობლემებსაც თუ შევეხებით, უნდა ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, პრაქტიკულად, თბილისის საქალაქო სასამართლოში ელექტრონული/ონლაინ კონტაქტი მოშლილია. _ საქმეს რომელი მოსამართლე იხილავს? _ თავდაპირველი განმხილველი მოსამართლე ირაკლი კოპალიანია, მას ჯანმრთელობის პრობლემები წარმოეშვა და მოვითხოვეთ, საქმე სხვა მოსამართლისთვის გადაეწერათ. ახლახან მოსამართლე ასმათ კოხრეიძეს გადააწერეს, მაგრამ როცა მოსარჩელემ ასმათ კოხრეიძის სამდივნოში დარეკა, უთხრეს, რომ ირაკლი კოპალიანი უკეთესად არის და ისევ უკან უნდა დავუბრუნოთო. რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, რომ მოსამართლე ირაკლი კოპალიანი უკეთესად არის, მაგრამ ეს საქმე წინ და უკან დადის და მოსარჩელის ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება. _ ისევ სასამართლოს რომ დავუბრუნდეთ: როგორ შეაფასებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას, რომელიც მოსამართლეების მიმართ „ცენზურის“ დაწესებას გულისხმობს? _ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, საბედნიეროდ, რამდენიმე ძალიან ღირსეული მოსამართლეც გვყავს და შინაარსობრივად ბევრი გაბედული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც მიუღიათ ასეთ მოსამართლეებს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ღირსეული მოსამართლე ვერ შეძლებს სასამართლოს რეპუტაციის შენარჩუნებას. რაც შეეხება ცენზურას _ პირადად ჩემთვის შეურაცხყოფა და ღირსების შემლახველი მიმართვები მიუღებელია საზოგადოების ნებისმიერი წევრის მიმართ და, მათ შორის, მოსამართლის მიმართაც. ამავე დროს მიუღებელია მოსამართლის ცალკე რანგში აყვანა და მისთვის, ამ მხრივ, განსაკუთრებული პრივილეგიების დაწესება.   თამარ ბატიაშვილი      

გაზიარება