QronikaPlus
თეა მარტყოფლიშვილი, თბილისი _ მისამართის გარეშე

თეა მარტყოფლიშვილი, თბილისი _ მისამართის გარეშე

2017-05-13 09:46:11

ფულის გათეთრება _ არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების, ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზება, ანუ მათი ჩრდილოვანი, არაფორმალური ეკონომიკიდან ფორმალურში გადაყვანა იმისთვის, რომ ამ სახსრებით ღიად (სახალხოდ) სარგებლობა გახდეს შესაძლებელი. გათეთრების პროცესში ხდება შემოსავლის ნამდვილი წყაროს დამალვა, რეალური გარიგებების ფორმალურით შეცვლით. ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში ფულის გასათეთრებლად, ხშირად, ოფშორულ ზონებს იყენებენ, ეს არის ქვეყნები ე. წ. საგადასახადო სამოთხით, სადაც საბანკო სისტემებში ბენეფიციარების კონფიდენციალობა უზრუნველყოფილია. გავრცელებული მტკიცებით, ეს ტერმინი აშშ-ში 1920-იან წლებში წარმოიშვა. ამერიკულმა მაფიამ კრიმინალური გზით შეძენილი ფულადი სახსრების ლეგალიზებისთვის ავტომატური სამრეცხაოების გახსნა დაიწყო. საქართველოს კანონმდებლობაში, როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში, იურიდიულად დამკვიდრებულია ტერმინი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“ და იგი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, შემდეგნაირადაა განსაზღვრული: უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა, ან სხვა მოქმედება), აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა. თავისი შინაარსით, ფულის გათეთრება მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. სპეციალისტები გამოყოფენ ფულის გათეთრების რამდენიმე ეტაპს. ჩვეულებრივ, მიღებულია სამ ეტაპად დაყოფა: განთავსება, დანაწევრება, ინტეგრაცია. თუმცა ოპერაციათა სირთულიდან გამომდინარე ზღვარის გავლება ამ ეტაპებს შორის საკმაოდ რთულია და დამოკიდებულია ფულის გამთეთრებელი პირის, ან გუნდის ინტელექტუალურ მომზადებასა და ფანტაზიაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილე იოსებ გოგაშვილმა 2017 წლის პირველ მაისს ოფიციალურად გამოაქვეყნა ბოლო წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, საიდანაც ვიგებთ, რომ: იოსებ გოგაშვილს ოჯახის წევრებიდან ოჯახის წევრთა სიაში შეყვანილი ჰყავს მეუღლე თეა მარტყოფლიშვილი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი. შესაბამისად, ოჯახში შემოსავალს მხოლოდ ორი სრულწლოვანი წევრი განსაზღვრავს. დეკლარაციიდან ჩანს, რომ გოგაშვილის ოჯახს არ მიუღია მიმდინარე ბოლო წელს არანაირი საჩუქარი. თუმცა ოჯახის წევრებმა შეძლეს და 2016 წლის მაისიდან 2017 წლის პირველ მაისამდე შეიძინეს ბინა იოსებ გოგაშვილის სახელზე, საქართველოში, თბილისი, ავთო ვარაზის ქ. #91, 160,73 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი 261,00 კვ.მ.; აქვე იოსებ გოგაშვილს 2000 წლიდან აქვს დედოფლისწყაროში,  სოფელ ზემო მაჩხაანში, შირაქის ნაგომრებში, მიწის ნაკვეთი შირაქი, _ 12502,00 კვ.მ. თუმცა წინა წლებში მის სახელზე არსებული სხვა უძრავი ქონება ჩუქებით გადასცა მის ვაჟს, ნიკა გოგაშვილს, რომელიც წლევანდელი დეკლარაციით ოჯახის წევრად აღარ მოიხსენიება. ასევე იოსებ გოგაშვილმა და თეა მარტყოფლიშვილმა ბოლო ერთი წლის მანძილზე სამსახურიდან შემოსავალი მიიღეს: გოგაშვილმა 142609,50 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან, როგორც ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ _ 72158,13 ლარი; ბოლო ერთი წლის მანძილზე გოგაშვილს გასავალი ჰქონდა სარემონტო სამუშაოებისთვის 60000,00 ამერიკული დოლარი, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად 25000,00, ასევე ამერიკული დოლარით. საშუალოდ, გამოდის, რომ სოსო გოგაშვილმა ავეჯის, ტექნიკისა და რემონტისთვის, ბოლო ერთი წლის მანძილზე, დახარჯა 206 000 ლარზე მეტი, თუმცა მისი მთელი წლის შემოსავალი შეადგენდა მხოლოდ 142609,50 ლარს. და თუ ამას დავუმატებთ, ასევე, იოსებ გოგაშვილის გასავალს, კერძოდ, უძრავი ნივთის ნასყიდობას, 75000,00, ამერიკულ დოლარსა და იპოთეკური სესხისთვის 9600 დოლარს, მივიღებთ, რომ გოგაშვილს კიდევ 856000 დოლარი დაუხარჯავს, რაც, ასევე, საშუალოდ, 210 000 ლარს შეადგენს. მთავარი კითხვა, _ თუ გოგაშვილის დეკლარაციას დავუჯერებთ და ვნახავთ, რომ მისი გასავალი ბოლო ერთი წლის მანძილზე მილიონ ნახევარი იყო, სამართლიანობისთვის კი 400 000 ლარს აღემატებოდა და მისი წლიური შემოსავალი მხოლოდ 142 005 ლარი გახლდათ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, _ საიდან, ბატონონ სოსო? ციდან ჩამოვარდა დარჩენილი 300 000 ლარი? ასეთი რა გაელვება მოხდა თქვენს თავს? ჩვენ ვწერთ ფაქტებს, დანარჩენი სამართალდამცველებმა მოიძიონ... ახლა კი ოჯახის სხვა წევრზე რომ გადავიდეთ: თეა მარტყოფლიშვილი, მისამართი _ თბილისი, მისამართის გარეშე. ჯერ დეკლარაციით დავიწყოთ. თეა მარტყოფლიშვილმა 2017 წელს შეიძინა მსუბუქი ავტომანქანა „ტოიოტა პრადო“, გამოშვების წელი 2016, სახ. ნომერი PE 999 TR tsc, დაუჯდა 37400 ამერიკული დოლარი. მისი შემოსავალი კი მთელი წლის მანძილზე, როგორც აღვნიშნეთ, იყო 72158,13 ლარი. დეკლარაციიდან ჩანს, რომ თეა მარტყოფლიშვილის ბოლო ერთი წლის გასავალი იყო სესხი, სამომხმარებლო, ავტომობილის შეძენის მიზნით 3500,00 დოლარი, ხოლო ლიზინგი (განვადება), ავტომობილის შეძენა, შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ _ 6240,00 ამერიკული დოლარი. ჯამში, როგორც დეკლარაციიდან ვიგებთ, მისი გასავალი იყო სულ 9740 დოლარი. ქართული ვალუტით 23 668 ლარი. მართალია, ქალბატონმა თეამ 2016 წელს ვენეციაში დაისვენა, მაგრამ აღნიშნული გასავალი არსად დაფიქსირებულა. თუმცა ჯერ სად ხართ? _ ახლა იწყება კიდევ ახალი ქონების „სთორი“: 2017 წლის 3 მაისს მოქალაქე თეა მარტყოფლიშვილმა, მცხოვრებმა თბილისში, მისამართის გარეშე,  მიმართა ქალაქ თბილისის ლისის საკრებულოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას თხოვნით, რათა დაერეგისტრირებინათ ნაკვეთი #07/014, ზონა _ თბილისი, სექტორი _ ვაკე. წარადგინა დოკუმენტაცია ნასყიდობის შესახებ. ე. ი. იოსებ გოგაშვილის მეუღლემ, რომელსაც საცხოვრებელი მისამართიც კი არ აქვს თბილისში და უმისამართოდაა, დეკლარაციის გამოქვეყნებიდან, ანუ 1-ლი მაისიდან 3 მაისამდე შეძლო და იყიდა ვინმე ლევან ჯოხაძისგან 250.00 კვ.მ. ფართი, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აღნიშნული მიწის ნაკვეთის შესასყიდი თანხა ჰქონდა. თუმცა დეკლარაციაში გარკვევით უწერია, რომ მას თანხა იმ წუთას არ გააჩნდა. ლეგიტიმური კითხვა, _ მეუღლეს ესესხა? რადგან სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ თან ჰქონდა 5000 ლარი, თუ სესხი აიღო? ბუნებრივია, სადავო არ გახდება ის ფაქტი, რომ ოჯახი დეკლარაციის გამოქვეყნებას დაელოდა და შემდეგ გადაწყვიტა მიწის ნაკვეთის შეძენა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი კვადრატული მეტრი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 25-დან 40 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს და შევაფასებთ, ყველაზე ნაკლები მაჩვენებლით მივიღებთ, რომ თეა მარტყოფლიშვილმა, სავარაუდოდ, აღნიშნული მიწის შესაძენად გადაიხადა 6250 ამერიკული დოლარი. ასეა, ჩემო კარგებო, „ავრორამ“ მხოლოდ ამ ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის გაისროლა 2012 წლის შემდეგ, რადგან სწორედ 2012 წლის შემდეგ იოსებ გოგაშვილის ქალიშვილმა, ნინო გოგაშვილმა, იყიდა: ქალაქ თბილისში, კრონშტადის ქ. #84-ში; ქალაქ თბილისში, ცაგარლის ქუჩა #82-ში; ქალაქ თბილისში, კრონშტადის ქ. #84-ის მიმდებარედ 1026.00 კვ.მ. ბინა _ სართული 2, ბინა #6. ასევე, ამავე მისამართზე უძრავი ქონება ეკუთვნის იოსებ გოგაშვილის მკერავ ცოლისდას, ხათუნა მარტყოფლიშვილს _ შენობა 1, საერთო ფართი 6731.6 კვ.მ., მათ შორის, საცხოვრებელი ფართი: 4164.9 კვ.მ. კომერციული ფართი 370.6 კვ.მ., ასევე საზაფხულო ფართი 735.7 კვ.მ., კიბის უჯრედები და სადარბაზო ფართი 464.9 კვ.მ., ავტოსადგომის ფართი 995.5 კვ.მ. რატომღაც, მკერავმა ხათუნამ რომ უცებ, ერთ დღეში, მილიონ ნახევარი კვ.მ. მიწა იყიდა, ეს ცნობილია და ამ თემას აქ აღარ მივუბრუნდები... მაგრამ მარტყოფლიშვილს მთელი ჯარის თავდაცვისა და შსს-ს ყველა ფორმა რომ მარტო შეეკერა, ნაკლებად მჯერა, რომ მას ამდენი ქონების დასაგროვებელი თანხა ეშოვა. ასევე სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი ცოლისდა, ნინო მარტყოფლიშვილი, უახლოეს მომავალში გეგმავს თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. #34-ში ბინის შეძენას... ამდენად, ჩვენ ვამბობთ, რომ ოცნებები არ სრულდება... რას ემსახურება ჩვენი სტატია?! სიმართლეს... დიახ, გოგაშვილები თუ მკითხავთ, ვის აინტერესებს თქვენი ქონება, გიპასუხებთ, _ ყველას, რადგან სოსო გოგაშვილი ყველას ცხოვრებაში ერევა, ყველას უსმენს და მას ავიწყდება, რომ ის ყველა მერე ჩვენ გვისმენს. ღარიბი კაცის გამდიდრება კი არ არის „გრეხი“, სხვისი და სახელმწიფოს სახელით ნაშოვნი ფულია „გრეხი“... ვინმეს კი არ შურს, სოსო, შენი, არამედ მარტივი კითხვა ჩნდება, _ საიდან?! დაბოლოს, ანალიზი: მარტივი არითმეტიკაა საჭირო, _ კაცმა, რომელმაც მთელი წლის გასამრჯელოდ მხოლოდ 142 000 ლარი აიღო, როგორ ჰქონდა მას გასავალი 400 000 ლარზე მეტი?! არის თუ არა ეს შავი ფული და როგორ ათეთრებს მას გოგაშვილი? ყველა სესხი, ყველა გასავალი სახეზეა მისსავე დეკლარაციაში. მას გასული წლის დეკლარაციის შევსების დროს არც ანაბარზე ჰქონდა თანხა, შესაბამისად, ჩნდება მარტივი კითხვა: ბატონო ბიძინა, 2012 წელს სოსოსთვის თუ მოხვედით, გვითხარით, რაა... თუ თაღლითობა არ ხდება, მაშინ როგორ იშოვა გოგაშვილმა ერთ წელიწადში თითქმის ნახევარი მილიონი ლარი?!. სამართლებრივად კი თაღლითობა არის ეკონომიკური დანაშაული და დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით. სწორედ მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. დანაშაული ჩადენილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც უკვე მოხდება ნივთის (ქონების) მესაკუთრის, ან მფლობელისგან ნივთის ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება და არ აქვს მნიშვნელობა, შეძლო თუ არა დამნაშავემ თავისი საბოლოო მიზნის მიღწევა, ანუ ნივთისა და ქონების მისაკუთრება. თაღლითობა არის განზრახი დანაშაული და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, რაც იმით გამოიხატება, რომ დამნაშავე დაზარალებულისთვის გარკვეული, არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ან პირიქით, ნამდვილი ინფორმაციის დამალვით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას, ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის, ხერხი. დაბოლოს, თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის არასწორად შევსებაზე რეაგირება ორი გზით შეიძლება მოხდეს: მიმართოს მოქალაქემ განცხადებით, დასაბუთებული არგუმენტებით, თუ რატომ მიაჩნია, რომ რომელიმე საჯარო პირმა დეკლარაცია არასწორად შეავსო; საჯარო პირი მოხვდეს იმ პირთა შორის, რომელთა შემოწმებასაც კომისია, საჯარო სამსახურის ბიურო განახორციელებს წლის განმავლობაში. თითოეულ შემთხვევაში შესამოწმებელი თანამდებობის პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს თანამდებობის პირთა საერთო რაოდენობის ხუთ პროცენტს. 2017 წლის პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურის ბიუროს არ ჰქონდა უფლება და ვალდებულება, შეემოწმებინა თანამდებობის პირის მიერ შევსებული დეკლარაციების სისწორე და მოეხდინა რეაგირება. მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან კი საჯარო სამსახურის ბიუროს დაემატა მონიტორინგის ფუნქცია, რომელმაც წელს ჩაბარებული დეკლარაციების ნაწილის მონიტორინგი უნდა განახორციელოს. გაარკვიეთ, რა შემოსავალი დამალა სოსომ?.. საიდან ჰქონდა მას მილიონის თითქმის ნახევარი?..   მაკა მოსიაშვილი  

გაზიარება