საქართველოში, ალბათ, არასდროს უსაუბრიათ კონსტიტუციაზე იმდენი, რამდენსაც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საუბრობენ და კიდევ რამდენიმე თვე ისაუბრებენ. საკონსტიტუციო კომისიამ და მასთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა პერიპეტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებები ყველაზე აქტუალურ თემად აქცია.
ეს არცაა გასაკვირი, რადგან საკითხები, რომლებსაც ცვლილებები უნდა შეეხოს, უშუალოდ ჩვენი ქვეყნის განვითარების პერსპექტივებს მოიცავს.
საკონსტიტუციო კომისიამ, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა დანარჩენი იმედგაცრუებული დატოვა, _ არც დიალოგი, არც შეთანხმება, არც სხვისი აზრის გათვალისწინება და, შესაბამისად, არც არავითარი კონსენსუსი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით არ შედგა. „ოცნების“ ხელისუფლებას მყარად უჭირავს წინა ხელისუფლებებისგან გადაცემული ესტაფეტა და კონსტიტუციას არავის აკარებს. ცვლილებები მასში, როგორც ყოველთვის, მხოლოდ მმართველ გუნდს შეაქვს და ისიც მხოლოდ ისეთი, რომელიც მმართველი პარტიის ინტერესებს შეესაბამება და მის ხელისუფლებაში დარჩენას უწყობს ხელს. სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო სისტემა, რომელიც კონსტიტუციური ცვლილებების ყველაზე ხმაურიანი ნაწილია.
მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისიამ ერთპარტიული ცვლილებები, ერთპარტიულ რეჟიმში შეიმუშავა და ერთპარტიული კენჭისყრაც ჩაატარა, „საოცნებო“ კონსტიტუცია სახალხო განხილვაზე გამოიტანეს. კანონით, ეს პროცედურა ერთთვიან ვადას საჭიროებს. ტრადიციულად, მოსახლეობასთან შეხვედრები ერთი თვის განმავლობაში იმართებოდა. შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეგამოშვებით ინიშნებოდა და საჯარო განხილვაში მონაწილეობის ყველა მსურველს უპრობლემოდ შეეძლო, ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებაც და განხილვებში მონაწილეობაც. მაგრამ წელს ერთი თვე ათ დღეში ჩაატიეს. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, პროცესები დააჩქაროს, ალბათ, იმიტომ, რომ თავის ტკივილი შეიმციროს. ამისთვის ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვა 5-დან 15 მაისამდე დანიშნეს. თან, როგორც ჩანს, იმდენად სწრაფად უნდოდათ ამ განხილვების ჩამთავრება და თავიდან მოშორება, რომ არც გიორგობა, არც ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე არ გახსენებიათ, შაბათ-კვირას ხომ ვინ ჩივის.
გულწრფელად ვთქვათ და „ოცნების“ საპარლამენტო ლიდერების გაგებაც შეიძლება. ნამდვილად არაა იოლი, ხელში დაიჭირო ეს ნაცემ-ნაბეგვი, ერთი პარტიის ინტერესებზე მიჭრილ-მოჭრილი კონსტიტუცია და თუნდაც გამგეობების მიერ მოყვანილ ხალხს ეხვეწო, ტაში დამიკარიო. ძალიან ბევრი ტყუილის თქმაა საჭირო, რომ ადამიანებს აუხსნა, რატომაა დღეს ასე მნიშვნელოვანი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება. ამ ტყუილების თქმა განსაკუთრებით რთულია, როცა იცი, რომ მოსახლეობის 90%-ზე მეტს უნდა, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩეოდეს. ბუნებრივია, ძნელია ასეთი აბსურდის მტკიცება მაშინ, როდესაც შენი სიმართლის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი არგუმენტი გაქვს, ის, რომ, თურმე, გერმანიაშიც ასე ყოფილა და ეს, მაგალითიც, საქართველოსთან მიმართებაში იმდენად არაადეკვატურია, რომ უმჯობესია, თუ პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე მას საერთოდ არ გამოიყენებს. მიზეზი მარტივია, _ გერმანიაში იმდენად ძლიერი და დამოუკიდებელია თვითმმართველობა, რომ ბუნდესლანდების თვითმმართველ ორგანოებში, ძალიან ხშირად, უმრავლესობაში იმყოფება ის პარტია, რომელიც ქვეყნის მმართველი ძალის ოპოზიციაშია. შესაბამისად, იმ 300-კაციან ხმოსანთა კოლეგიაში, რომელიც პრეზიდენტს ირჩევს, უმრავლესობას ხშირად ოპოზიცია წარმოადგენს. გერმანიის დღევანდელი პრეზიდენტიც ამის მაგალითია. შტაინმაიერი დღეს ოპოზიციონერია და ამის მიუხედავად, ხმოსნების კოლეგიამ სწორედ ის აირჩია პრეზიდენტად. ახლა კი ერთი წამით დავფიქრდეთ და წავიოცნებოთ იმის შესახებ, როდის შეიძლება ასეთი რამ მოხდეს საქართველოში?.. ძნელი სათქმელია, ალბათ, კიდევ კარგა ხანს _ არა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლებაში მოსული ყველა პარტია თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ძალაუფლების სრული კონცენტრაციისთვის, შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე, ყველა საკრებულოშიც უმრავლესობა ჰყავდეს. ჩვენი მიჭირხვნილი თვითმმართველობების პირობებში ეს იოლი მისაღწევია, ამიტომ არც ერთი ხელისუფლება თვითმმართველობას არ აძლიერებს. შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ, გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოში პრეზიდენტის ასარჩევად შექმნილი 300-კაციანი კოლეგია ყოველთვის დაკომპლექტებული იქნება ხელისუფლების უმრავლესობით, რომელიც არასდროს აირჩევს პრეზიდენტად ოპოზიციონერ კანდიდატს. ამიტომაც პრეზიდენტი არჩეული კი არა, ყოველთვის გვეყოლება მთავრობის მიერ დანიშნული, ხელისუფლების ჯიბის პრეზიდენტი, რომელსაც აღარც ლეგიტიმაცია ექნება და აღარც უფლებები. ასე რომ, პარალელის გავლება გერმანიასთან, სულ მცირე, უხერხულია.
კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხშირად იმეორებს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმების გასამართლებლად: გასულ კვირას ქუთაისში დაწყებული კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვისას მან განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტებს ხალხი ირჩევს, თურმე, სულ კრიზისები ყოფილა, ხოლო იქ, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი, ან კოლეგია ირჩევს, ყველაფერი მშვიდადაა და კრიზისი რა არის, თურმე, არ იციან. ტყუილიცაა და ტყუილიც, ასეთი მოკლე ფეხები ტყუილისთვისაც სირცხვილია. კობახიძის ამ ლოგიკით, საფრანგეთი და ავსტრია, სადაც პრეზიდენტს ხალხი ირჩევს, კრიზისული ქვეყნები ყოფილან, ხოლო საბერძნეთსა და იტალიაში, სადაც პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს, კრიზისი საერთოდ არ აწუხებთ. არადა, პოლიტიკური კრიზისების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ევროკავშირში სწორედ საბერძნეთი და იტალია გამოირჩევა პერმანენტული პოლიტიკური კრიზისებით.
ტყუილების კორიანტელი დააყენა კობახიძემ „ოცნების“ მოგონილი საარჩევნო სისტემის „გასაპრავებლადაც“. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონსტიტუციის საჯარო განხილვა ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში მათემატიკის გაკვეთილში გადაიზარდა, სადაც გაირკვა, რომ ხელისუფლებას რაღაც თავისი, სხვისთვის უცნობი და აქამდე გაუგონარი მათემატიკა აქვს გამოგონილი. კამათი ელემენტარულმა არითმეტიკამ გამოიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ იმის დასამტკიცებლად, რომ გადაუნაწილებელი მანდატების მთლიანად, პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მიკუთვნება პრობლემას არ წარმოადგენს, განაცხადა, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი მანდატები, სულ რაღაც, 8% დარჩაო და ოპოზიცია გატყუებთ, როცა დიდ ციფრებს გეუბნებიანო. ბუნებრივია, ასეთმა არითმეტიკამ მწვავე დებატები გამოიწვია და რახან ეს ციფრები ყველა განხილვაზე აქტუალურია, ჩვენც დეტალურად გავაანალიზოთ, რას ნიშნავს გადაუნაწილებელი მანდატები და რატომ უნდა ასე დაჟინებით მათი მისაკუთრება ხელისუფლებას?!
მაშ, ასე: გადაუნაწილებელი მანდატები ესაა იმ პარტიების მიღებული ხმები და პროცენტები, რომლებმა ბარიერი ვერ გადალახეს. გადაუნაწილებელ მანდატებს, ყოველთვის ბარიერგადალახული პარტიები ინაწილებენ, მთავარია, ეს გადანაწილება სამართლიანად მოხდეს და არა ისე, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ითხოვს, ანუ „სულ მეს“ პრინციპით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი გადალახა სამმა სუბიექტმა: „ქართულმა ოცნებამ“ _ 48.68%, „ნაციონალებმა“ _ 27.11%, „პატრიოტებმა“ _ 5,01%. მეათედებს ნუ გამოვეკიდებით და ეს რიცხვები მარტივად დავაჯამოთ. 48%+27%+5%=80%, ანუ ყველა ბარიერგადალახულმა პარტიამ ერთად მიიღო 80%, ასე წერია ცესკოს საიტზე და თუ ვინმე მიმატება-გამოკლებაში არ გვენდობა, შეუძლია, იქაც გადაამოწმოს. ბოლო საპარლამენტო არჩევნები იმ სისტემით რომ ჩატარებულიყო, რომელსაც დღეს „ოცნება“ გვთავაზობს, ანუ მთლიანად პროპორციულით, ეს სამი პარტია 120 მანდატს მიიღებდა, გადასანაწილებელი კი დარჩებოდა 30 მანდატი. და რადგან ხელისუფლება ითხოვს, რომ ყველა ასეთი მანდატი პირველ ადგილზე გასულმა უნდა წაიღოსო, ამ 30-ვე მანდატს სწორედ „ოცნება“ მიისაკუთრებდა. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ესაა უმარტივესი არითმეტიკა, რომელიც სკოლაში ყველამ ვისწავლეთ. მაშინ, იქნებ, ვინმემ იცის, რატომ და სად ასწავლეს ირაკლი კობახიძეს სხვანაირი მათემატიკა? როგორ გამოდის მისი არითმეტიკით ისე, რომ გადაუნაწილებელი მანდატები არა 20%, არამედ 8% დარჩებოდა. მისი მათემატიკით 100%-80%=8%-ს?!.
ამ ცრუ არითმეტიკის გარდა, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, მოსახლეობის დასაბნევად და შეცდომაში შესაყვანად პარლამენტის თავმჯდომარე ციფრებით მანიპულირებას და დემაგოგიასაც არ ერიდება. იმისთვის, რომ საჩუქრად წასაღები მანდატების თემა ოპოზიციის სპეკულაციად წარმოაჩინოს, კობახიძე რამდენიმე არჩევნების შედეგს აჯამებს ხოლმე და საშუალო არითმეტიკულით ცდილობს მანიპულირებას. იგი აცხადებს, რომ ბოლო ხუთი არჩევნების შედეგებს თუ დავაჯამებთ, გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა 5.1% იქნება, ბოლო ოთხი არჩევნების დაჯამებით უფრო ნაკლები და ა. შ. საქმე ის გახლავთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როდესაც, უკიდურესად პოლარიზებულ პირობებში, პარლამენტში მხოლოდ ორი სუბიექტი შევიდა, გადაუნაწილებელი, სულ რაღაც, 4% დარჩა. მანიპულაცია და დემაგოგია კი ის გახლავთ, რომ როგორც კი 2012 წლის არჩევნების შედეგებს სხვა არჩევნებთან ერთად დააჯამებ, გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა, რა თქმა უნდა, დაიწევს. მაგრამ, საერთოდ, რა შუაშია ბოლო ოთხი თუ ხუთი არჩევნების დაჯამება და მათგან გამოყვანილი საშუალო მაჩვენებელი?.. „ქართული ოცნება“, რა, ბოლო ხუთი არჩევნების შედეგებით ზის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, თუ კონკრეტულად 2016 წლის არჩევნების შედეგით?!. იმისთვის, რომ ასეთმა დემაგოგიამ ადამიანებზე ვერ იმოქმედოს, შეგახსენებთ წინა არჩევნების შედეგებს და იმას, თუ რამდენი გადაუნაწილებელი მანდატი დარჩა 1995 წლიდან მოყოლებული.
მაშ, ასე:
1995 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 62%. ეს იყო ყველაზე დიდი ნაშთი, რამაც მაშინ 23%-ის მქონე „მოქალაქეთა კავშირს“, რომელმაც მხოლოდ 17 მაჟორიტარის მოგება შეძლო, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოუტანა.
1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 27%; 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 26%; 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 10%; 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 4%; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გადაუნაწილებელი დარჩა მანდატების 20%.
ახლა კი ვნახოთ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული სისტემით, ანუ ყველა გადაუნაწილებელი მანდატი პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ რომ უნდა წაიღოს, რამდენი დაუმსახურებელი მანდატი მიენიჭებოდა ერთ პარტიას 1995 წლიდან მოყოლებული? და რადგან, უკვე, თითქმის, ათი წელია, საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატს ითვლის, დავთვალოთ 150-კაციანი პარლამენტის პირობით. მაშ, ასე, _ „ოცნებისეული“ სისტემით:
1995 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 93 მანდატი;
1999 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 40 მანდატი;
2004 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 39 მანდატი;
2008 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 15 მანდატი;
2012 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 6 მანდატი;
2016 წელს პირველ ადგილზე გასულს საჩუქრად გადაეცემოდა 30 მანდატი.
როგორც ხედავთ, გადაუნაწილებელი მანდატები მცირე რაოდენობით რჩება მხოლოდ მაშინ, როცა არჩევნები უკიდურესად დაძაბულ, რევოლუციურ ვითარებაში ტარდება, როცა პოლიტიკური ველი და, შესაბამისად, ამომრჩეველიც ორ სუბიექტს შორის არის გაყოფილი. ასეთი დაძაბულობით კი აშკარად გამოირჩეოდა 2008 და 2012 წლებში ჩატარებული არჩევნები. დანარჩენ შემთხვევაში კი, ანუ მაშინ, როცა არჩევნები, მეტ-ნაკლებად, მშვიდობიან გარემოში ჩატარდა, გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა საკმაოდ დიდია. საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქის ინტერესი კი სწორედ ისაა, რომ მშვიდობიანი გარემო გვქონდეს, _ არჩევნების წინაც და არჩევნების შემდეგაც. მაგრამ როცა ხელისუფლება უსამართლო სისტემას აკანონებს კონსტიტუციაში და ღიად აცხადებს, რომ ყველა ის მანდატი უნდა წავიღო, რომელიც მე არ მეკუთვნისო, მშვიდობიან არჩევნებსა და პოლიტიკურ გარემოზე საუბარი ცოტა ძნელია.
როგორადაც არ უნდა ეცადოს პარლამენტის ახალგაზრდა თავმჯდომარე, ვერ მოგვატყუებს და ვერ დაგვაჯერებს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები არასერიოზული თემაა და მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ, თურმე, სალაპარაკოდაც არ ღირს. უმაღლესი მათემატიკის ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება იმის დანახვას, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებზე, სრულიად დაუმსახურებლად, ოპოზიციისთვის მიცემული ხმების ხარჯზე, მანდატების, საშუალოდ, 1/3-ის მითვისებას გეგმავს.
გადაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შემდგომ არჩევნებზე აუცილებლად მოიმატებს და ამის მიზეზი „ოცნების“ შემოთავაზებული კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება გახდება. საუბარია პარტიებისთვის ბლოკების შექმნის უფლების შეზღუდვაზე და ბარიერის ისევ 5%-ზე დატოვებაზე. ხომ ნათელია, რომ ბლოკების შექმნის გარეშე პოლიტიკური პარტიების გაძლიერება ვერ მოხდება და ინდივიდუალურ რეჟიმში კი ბარიერის გადალახვას ბევრი ვერ შეძლებს. 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებზე „პატრიოტთა ალიანსი“ ექვსი პოლიტიკური პარტიისგან შემდგარი ბლოკით მონაწილეობდა არჩევნებში. შედეგად, ამ ბლოკმა, ძლივსძლივობით, ზუსტად, 5%-ით გადალახა ბარიერი, ანუ რომ არა ბლოკი, ძნელი სათქმელია, გადალახავდა თუ არა ეს საარჩევნო სუბიექტი ბარიერს? შემდგომი არჩევნებისთვის, როცა ყველა პარტიას ინდივიდუალურად მოუწევს არჩევნებში მონაწილეობა, ძალიან საეჭვოა, რომ ორ პარტიაზე მეტმა შეძლოს ბარიერის გადალახვა. ანუ შედეგად მივიღებთ იმას, რაც ბიძინა ივანიშვილმა, ჯერ კიდევ, კულუარებში წასვლამდე გააჟღერა. მისი ანდერძით, ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაიკრიფოს და პოლიტიკურ ავანსცენაზე მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა უნდა დარჩეს: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. საინტერესოა, ეს გეგმა რომ სცოდნოდა ქართველ ერს 2012-ში, გაიმარჯვებდა კი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო არჩევნებში?!. ივანიშვილის ასეთი დანაბარების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე მაინც უტიფრად ატყუებს საჯარო განხილვაზე შეკრებილ ადამიანებს და უმტკიცებს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პარლამენტში ხუთი პოლიტიკური სუბიექტი შევაო.
ბლოკებთან დაკავშირებით, ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე, ოპოზიციიდან კობახიძის მისამართით დაისვა კითხვა, _ როგორ მოეწონებოდა „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს, 2012 წელს სააკაშვილს რომ გაეუქმებინა ბლოკის შექმნის უფლება და ივანიშვილისთვის კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნის საშუალება არ მიეცა? შეძლებდა ერთი, თუნდაც, მილიარდერის პარტია, ოპოზიციური გაერთიანების გარეშე, იგივე შედეგის დადებას?.. ფაქტია, რომ გაუჭირდებოდა... კითხვა, რა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა, ისევე როგორც ბევრი სხვა.
რაც შეეხება თვითონ განხილვის პროცესს, აქამდე ჩატარებული საყოველთაო-სახალხო განხილვებისგან განსხვავებით, ამჟამინდელი განხილვები მრავალრიცხოვანია. „ოცნება“, შეიძლება ითქვას, ადმინისტრაციულ რესურსს არ ზოგავს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ადამიანთა მაქსიმალურ მობილიზებას ითხოვს. პირველივე შეხვედრას, რომელიც ქუთაისში გაიმართა, ეს მობილიზაცია კარგად ეტყობოდა. გამგეობის, გუბერნიისა და სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულების თანამშრომლები, შეხვედრის დაწყებამდე ორი საათით ადრე, მესხიშვილის თეატრში გამოცხადდნენ. დარბაზის 90%-იც მათ დაიკავეს. უფროსობის მიერ მიცემულ დავალებასაც ზედმიწევნით ასრულებდნენ. სცენარი ასეთი იყო: ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოსვლა მქუხარე ტაშის ფონზე უნდა წარმართულიყო, ხოლო ოპოზიციის გამოსვლები მაქსიმალურად უნდა ჩაეხშოთ შეძახილებით, სტვენითა და უკმაყოფილო ღმუილით. განსაკუთრებული განკარგულება ჰქონდათ იუმორისტულ ფრაზებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ბევრი უნდა ეოხუნჯა. მაგალითად, ეოხუნჯა იმაზე, რომ „ოცნების“ მათემატიკა ყველაზე კარგი მათემატიკაა, ხოლო ოპოზიციამ ისიც კი არ იცის, რომ ორჯერ ორი ოთხია და ა. შ. ასეთი ხუმრობების დროს დარბაზი ისე ხარხარებდა, ბევრს თავი „იუმორინას“ კონცერტზე ეგონა. ერთი ასეთი მორიგი ოხუნჯობის დროს ახალგაზრდა და გამოუცდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ისეთი პოლიტიკური შეცდომა მოუვიდა, რომ სიცილისთვის მომზადებულ დარბაზს, რომ იტყვიან, ღიმილი პირზე შეახმა... საქმე ის გახლდათ, რომ დარბაზში მყოფი მხარდამჭერების სიმრავლის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მაინც არ მიეცა საშუალება, განხილვა მისთვის სასურველ ტონალობაში წარემართა. ოპოზიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული და მათმა გამოსვლებმა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ გაჟღერებულმა არგუმენტებმა, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძე ზომაზე მეტად გააღიზიანა და გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მეტს ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ აქტიურობდა, კობახიძემ სწორედ ამ პარტიის აბუჩად აგდება სცადა. მას შემდეგ, რაც ვერც ერთ მათ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირონიული ტონით მიმართა დარბაზს, _ აბა, ვინმემ თუ იცით, რომელია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობაო“?..
ის იყო, ხელისუფლების აქტივი სიცილისთვის მოემზადა, რომ ვიღაცამ დარბაზიდან დაიყვირა: ეს ის პარტია არაა, მამაშენი, გიორგი კობახიძე, ნინო ბურჯანაძის მოადგილედ რომ მუშაობდაო?.. კობახიძეც და მისი აქტივიც უხერხულობისგან სად დამალულიყვნენ, აღარ იცოდნენ.
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის დროს ძალიან ბევრი კურიოზული ინიციატივაც გაჟღედა. ხელისუფლების აქტივისტები ყველანაირად ცდილობდნენ, თავი გამოეჩინათ და თავიანთი ზემდგომებისთვის რაიმე საამებელი ეთქვათ. ყველაზე ხშირად ისმოდა მოწოდება პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, გათვლა იმაზე იყო, რომ ასეთი ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად მოეწონებოდა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხელისუფლების იმ ფრთას წარმოადგენდნენ, რომლებსაც მაჟორიტარული არჩევნები არ ეთმობოდათ და კატეგორიულად ითხოვდნენ, დაგვიტოვეთ მაჟორიტარებიო. თან არგუმენტი ჰქონდათ რკინისებური, _ რამდენჯერაც ვნახეთ ჩვენი მაჟორიტარი, იმდენჯერ დაგვეხმარა და ხელი გაგვიმართაო. აწი, ვინღა გაგვიმართავს ხელსო? რას ვიზამთ, ჩვენს ქვეყანაში ცოტამ თუ იცის, რომ მაჟორიტარმა ხელი კი არ უნდა გაგვიმართოს, კანონები უნდა წეროს და ბიუჯეტის დამტკიცების დროს თავისი საარჩევნო ოლქის ინტერესების დასაცავად უნდა იომოს. და რახან ამას არ აკეთებენ, ჯობს, პარლამენტი მათგან, საერთოდ გავათავისუფლოთ.
რა თქმა უნდა, იყვნენ უფრო კურიოზული სურვილებითაც: ვიღაცას დროშის შეცვლა უნდა, ვიღაცას _ ჰიმნის, ვიღაცას ნადირობის წესები არ მოსწონს, ვიღაცას _ თევზაობის და ა. შ. მაგრამ მთავარია, რომ ვერავინ გაიგო, რისთვის ტარდება ეს საყოველთაო-სახალხო განხილვა?.. ვის ატყუებს ამით ხელისუფლება, _ საკუთარ მხადამჭერებს, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შიშით მოიყვანეს დარბაზების შესავსებად?.. ან ვის რაში სჭირდება ისეთი განხილვა, სადაც ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის და ფორმალობადაა ქცეული მთელი პროცესი?.. რა საჭიროა ისეთი განხილვა, რომლის შედეგსაც არავითარი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია იმაზე, თუ რა ჩაიწერება, საბოლოოდ, კონსტიტუციაში?.. რა მნიშვნელობა აქვს „ოცნების“ აქტივისტების ტაშს და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნას, მაშინ როცა ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ითხოვს?.. რაღა აზრი აქვს „ოცნების“ მხრიდან „ნაცების“ კრიტიკას, როცა ზუსტად ისეთივე უსამართლო საარჩევნო სისტემას აკანონებს დღევანდელი ხელისუფლება, როგორიც, თავის დროზე, ძველმა დააკანონა?..
დაბოლოს, რა მნიშვნელობა აქვს ამ განხილვებს, თუ პარლამენტი და იქ მსხდომი 117 „ოცნების“ დეპუტატი მაინც მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც მათ ბიძინა ივანიშვილი დაავალებს?..
ყველაზე ცუდი კი, საბოლოო ჯამში, ის არის, რომ ყველაფერი ისევ თავიდან იწყება. „ქართულ ოცნებას“, თავისი წინამორბედების მსგავსად, პოლიტიკური პროცესი ისევ ჩიხში შეჰყავს. ჩიხში შესული პროცესი კი ყველა შემთხვევაში ვითარების რადიკალიზაციას იწვევს, რადიკალიზაცია _ რევოლუციას და ასე წავალთ მესამეჯერ იმ გზით, რომლის გავლითაც ორჯერ ვერაფერი ვისწავლეთ. ფაქტია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა წინა ხელისუფლების შეცდომებზე. სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმ ჭეშმარიტებაში, რომ ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის.
დემნა ვეშაპიძე