QronikaPlus
ლუჟკოვმა შსს-ს პასპორტი უჩვენა, შსს-მ ჩახედა და საქართველოში შემოიპატიჟა

ლუჟკოვმა შსს-ს პასპორტი უჩვენა, შსს-მ ჩახედა და საქართველოში შემოიპატიჟა

2017-05-13 09:18:03

„რუსეთმა მტერს (ანუ საქართველოს, _ რედ.) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ნურავის დაავიწყდება, რომ მოსკოვიდან დაიწყო ფაშიზმის ხერხემალში გადამტვრევა, ამას შევახსენებ იმათ, ვისაც სურს რუსეთის გარშემო განალაგოს საკუთარი სამხედრო ბაზები, სააკაშვილის რეჟიმმა კი ნათქვამი უნდა მიიღოს უმკაცრეს გაფრთხილებად! მოსკოვი დაეხმარება სამხრეთ ოსეთს ომისგან დანგრეული ცხინვალის აღდგენაში“, _ ამ სიტყვების წარმოთქმისას, 2008 წლის 7 სექტემბერს იური ლუჟკოვი მოსკოვის მერი იყო. მან სიტყვა შეასრულა _ მათივე დანგრეული ცხინვალის კვარტალი აღადგინა და მას „მოსკოვსკი“ უწოდა. ამ სიტყვების თქმიდან სულ ცოტა ხანში, 2009 წლის აგვისტოში, ის ჯერ აფხაზეთში, შემდეგ კი, უკვე შემოდგომაზე, ცხინვალშიც ჩავიდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვს ოფიციალურად გაუგზავნა საპროტესტო ნოტა და მიანიშნა, რომ იური ლუჟკოვმა საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ დაარღვია. სხვათა შორის, ეს კანონი 2008 წლის ოქტომბერში მიიღეს, ასე რომ, იური ლუჟკოვი ერთ-ერთი პირველი უცხოელი იყო, ვინც ის დაარღვია, თანაც, წელიწადში ორჯერ. შესაბამისად, ლუჟკოვის გვარი ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო ამ კანონის დამრღვევი უცხოელების სიის თავში, იმ მონაცემთა ბაზაში, რომელმაც შემოწმებისას, საქართველოს საზღვარზე, უნდა „გააწითლოს“ პირი, რომელიც არასასურველი პერსონაა ქვეყანაში. ასე არ მოხდა და ოკუპირებული ტერიტორიების მონახულების რვა წლისთავზე ლუჟკოვი, მეუღლესთან ერთად, საქართველოს უკვე ტურისტად მოევლინა. მან საზღვარი უპრობლემოდ გადმოლახა. ჩვეულებრივი მოქალაქეებიც და, ალბათ, კარგა ხანს _ ჟურნალისტებიც, ვერაფერს გავიგებდით მისი ვიზიტის შესახებ, რომ არა არქიმანდრიტ სერაფიმეს მიერ გავრცელებული ფოტოები _ სასულიერო პირმა ლუჟკოვთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რუსულმა „სპუტნიკმა“ კი გვამცნო, რომ ლუჟკოვმა საქართველოში ტაძრები მოილოცა და მამა სერაფიმეს არამეული გალობის მოსასმენად ქანდაშიც ჩავიდა. საზღვრის გადმოლახვა იქით იყოს, როცა ჟურნალისტები იური ლუჟკოვს დაეკითხნენ, საზღვარი როგორ გადმოლახეთო, აქეთ გაიოცა: ჩვეულებრივად გადმოვლახე, არანაირი შეკითხვა არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვა უნდა დაესვათ, ტურისტად მოვდიოდიო. როცა ჟურნალისტმა შეახსენა, თქვენ კანონი დაარღვიეთ და ამაზე რას იტყვითო? მოსკოვის ყოფილმა მერმა არანაკლებ საოცარი პასუხი გასცა: კი, მსმენია მაგ კანონზე, მაგრამ ეგ ხომ წარსულში იყო და რაც წარსულშია, წარსულში დავტოვოთო... დიახ, მოსკოვის ყოფილმა მერმა პირდაპირ გვითხრა, რომ წარსულია ყველა ის წყენა, ტანჯვა და ტკივილი, რაც რუსეთმა 200-ზე მეტი წლის განმავლობაში მოგვაყენა. ჰოდა, წარსულში ქექვა რა საჭიროა? მაგას არ სჯობს, ეს კანონდამრღვევი, ყოფილი ოფიციალური პირები ტურისტებად მივიღოთ, ვარძია მოვატაროთ, არამეულად ვუგალობოთ და „შაშლიკი პო გრუზინსკი“ გავასინჯოთ?.. ეს მწარე ხუმრობა იქით იყოს და იური ლუჟკოვის ჩამოსვლამ უამრავი შეკითხვა გააჩინა: არის კი ლუჟკოვი ისეთი გულუბრყვილო, რომ საქართველოში ცოლთან ერთად ჩამოსულიყო, თუკი იმის გარანტია არ ექნებოდა, რომ საზღვარზე უკან არ გააბუნძულებდნენ? რა თქმა უნდა, არა, თორემ არც ვარძია აშენებულა 2012 წლის მერე, არც არამეულად გალობა დაუწყიათ ქართველ ბერებსა და სასულიერო პირებს ამ ბოლო 5 წელიწადში _ მანამდეც ძალიან სულშიჩამწვდომად გალობდნენ და მანამდეც ჩამოვიდოდა _ მე შენ გეტყვი და, ფულს აგროვებდა ამ ტურისტული ვოიაჟისთვის... მოკლედ რომ შევაჯამოთ, რა მოხდა, აი, რა სურათი დაიხატება: იური ლუჟკოვმა მწარედ დაგვცინა. დასცინა ჩვენს კანონს, როცა მისი გვერდის ავლით არათუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ დედაქალაქის გავლით, ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში ჩამოვიდა, დასცინა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, როცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გვითხრა, რომ აფხაზეთი სულ სხვა ქვეყანაა, აფხაზები სულ სხვა ხალხია და ასევეა ოსეთიც და რომ ჩვენ, თურმე, თავს უკეთ ვიგრძნობთ ამ ორი რეგიონის გარეშე... სულ რამდენიმედღიანი აღმოჩნდა ის პოზიტივი, რაც საქართველოს შსს-მ საზოგადოების თვალში შეიძინა „ღამის მგლებთან“ დაკავშირებით წინა წლებისგან განსხვავებული, უფრო პრინციპული პოზიციის გამო. ზუსტად 4 დღეში შსს ამ პოზიტივს მიადგა და ისე გულმოდგინედ ჩამოირეცხა, თითქოს, ტალახი ყოფილიყო... მით უმეტეს, ამაზრზენი მოსასმენი იყო შს მინისტრის მოადგილის ის განმარტება, რომ, თურმე, იური ლუჟკოვმა შსს-ს პასპორტი უჩვენა, იქ ყველაფერი რიგზე იყო და შსს-მაც უპრობლემოდ გაატარა: „რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული ჰქონდა, არ იყო. დანარჩენი დამატებით გარკვევას მოითხოვს. ლეგალური საბუთით შემოვიდა, რომელშიც რაიმე მონაცემი იმის შესახებ, რომ მას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონმდებლობა დარღვეული ჰქონდა, არ იყო და, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა ფორმალური საფუძველი, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, _ განაცხადა შალვა ხუციშვილმა. როგორც მოსალოდნელი იყო, იური ლუჟკოვის ასეთ უპრაგონო ვოიაჟს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაშიც. აჟიოტაჟი და ხმაური იმდენად დიდი და ლეგიტიმური იყო, რომ მისი ვიზიტის „გაპრავება“ უმრავლესობის ცნობილ, თავზე და სინდისზე ხელაღებულ „გამპრავებლებსაც“ კი არ უცდიათ. მაგალითად, სოფო კილაძემ განაცხადა, რომ თუ იური ლუჟკოვმა საქართველოს კანონი დაარღვია, მის მიმართ ზომების გატარება აუცილებელია. თუმცა, მან შსს მაინც „გააპრავა“: აქამდე არ იცოდნენ, ახლა იციან და ზომებს მიიღებენო. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში იური ლუჟკოვმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერიდან, ბორჯომის პარკის თვალიერების დროს, გვამცნო, _ რა გინდათ, რა შეკითხვები გაქვთ, ჩვეულებრივი ტურისტი ვარო. როგორც თითქმის ყოველთვის, გამონაკლისი გიორგი ვოლსკი აღმოჩნდა. მან მთლად კანონსაც ვერ გადაუსვა ხაზი, მაგრამ ისეთი რამეები ილაპარაკა, რომელში ჩაწვდომასაც ან ბიძინა ივანიშვილის ალღო სჭირდება, ან თავად ვოლსკის: „ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის. ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი. თუ დარღვევა ჩადენილი აქვს, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის, ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის“. სოციალურ ქსელებში კი პეტიცია გავრცელდა, რომელსაც ხელის მომწერები რეკორდული სიჩქარით ემატება: „მოვითხოვთ იური ლუჟკოვის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას“. ალბათ, მაინც ღირს გავიხსენოთ, რომ 2008 წლის ოქტომბერში მიღებული კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას უშვებს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;. ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) _ გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. იმის გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო, რომ კარგა ხანია, რუსული მხარე ამ კანონის გაუქმებას ითხოვს, საპარლამენტო უმრავლესობა და ხელისუფლების ვერტიკალი კი მთლად გაუქმებაზე ვერ, მაგრამ კანონის დამრღვევთა მიმართ შედარებით ლოიალურ სადამსჯელო მექანიზმზე, უკვე, ალაპარაკდა. პოლიტოლოგი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, შსს-ს მაღალჩინოსნები ინფორმირებული იყვნენ იური ლუჟკოვის შესაძლო ვიზიტზე, რადგან მისი სახელი და გვარი აუცილებლად იქნებოდა მონაცემთა ბაზაში, როგორც კანონდამრღვევის. „ქრონიკა+“-თან საუბარში ნიკა ჩიტიძე ამბობს, რომ არ უკვირს ლუჟკოვის ის განცხადებები, რაც მან „მოამბისთვის“ გააკეთა: „მე უფრო საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მაინტერესებს, თორემ ლუჟკოვი რას იტყოდა, ისედაც წინასწარ იყო ცნობილი, თქვა მან და დაამატა: „რა თქმა უნდა, შეფასება ნეგატიური უნდა მიეცეს, იმიტომ, რომ იური ლუჟკოვი არაერთხელ იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ასევე ცნობილია თავისი იმპერიალისტური დამოკიდებულებით რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, იმის მიუხედავად, რომ ყოველთვის აცხადებდა, მიყვარს საქართველო და ქართველებიო. ზოგი პოლიტიკოსი მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით თბილისის პირველი სკოლის აღდგენას იხსენებს, როცა ის მოსკოვის მერი იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, მაგრამ, რასაკვირველია, ამ სკოლის აღდგენაც იყო რუსეთის მხრიდან გამოყენებული რბილი ძალა, რომელსაც ის ხშირად მიმართავს. საერთო ჯამში, მან, რა თქმა უნდა, დაარღვია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, მაგრამ, მეორე მხრივ, ლუჟკოვის სახელი და გვარი ბაზაში უნდა ყოფილიყო შეტანილი, ამიტომ მე მგონია, რომ შსს-ს მაღალჩინოსნები, ამ შემთხვევაში, ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში ჩამოდიოდა. ზომებს ვერ მივიღებდითო, რომ აცხადებენ, მაშინ ახლა მიიღონ, ჯერ ხომ არ წასულა საქართველოდან?“ _ ამბობს ნიკა ჩიტიძე „ქრონიკა+“-თან. ქართული პრესა არაა ერთადერთი, ვინც იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნაზე წერს. წერს რუსული პრესაც, ოღონდ, ლუჟკოვისა არ იყოს, ისიც დაგვცინის. მაგალითად, ასე: „Юрий Лужков, несмотря на угрозу ареста, гостит в Грузии...“   ლაშა ბერულავა          

გაზიარება