წელიწადის მეოთხედი უკვე გავიდა და ექსპერტები, მინისტრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სტატისტიკოსებიც მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებს ეხმაურებიან.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ამ სამი თვის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0% შეადგინა.
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მარტში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0 პროცენტი შეადგინა.
2017 წლის თებერვალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,8 პროცენტი შეადგინა.
2016 წლის პირველ კვარტალს რომ გადავხედოთ, ეკონომიკურმა ზრდამ 2,3% შეადგინა, რაც ბევრად ნაკლებია 2017 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემთან შედარებით (4,4%).
ამ შეფასებებს, როგორც უკვე აღვნიშნე, საქსტატი აქვეყნებს და იგი უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება.
„აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა, განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს“, _ ვკითხულობთ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საკმაოდ პოზიტიური შეფასებები მოჰყა ამ მაჩვენებელს უკვე ნახსენებ წრეებსა თუ ინსტიტუტებში, რადგან 5%-იანი მაჩვენებელი მაღალ ნიშნულად შეაფასეს, თუმცა 2007 წლის 12,6%-იანი ზრდა, ქართული ეკონომიკური ბუმი, რომლითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვიყავით მსოფლიოში და ასევე 1996-1997 წლები, როცა პირველად საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 11% იყო და „პოსტსაბჭოთა ვეფხვადაც“ კი მოიხსენიებდნენ საქართველოს _ აღარ გვახსოვს. თუმცა, აქვე, წარსული რა გასახსენებელია, როცა ყველაზე მეტად ჩვენ დღევანდელი რეალობა და სამომავლო პერსპექტივები უნდა გვაინტერესებდეს და ასეც არის.
წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-მა კომენტარები მოიპოვა:
კობა გვენეტაძე _ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:
_ ვფიქრობ, გამოქვეყნებული ციფრები უფრო იმას ადასტურებს, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ. ჩვენი აქამდე გაკეთებული ანალიზის მიხედვითაც, 4% ის ზრდაა, რომელსაც შესაძლებელი იქნება, რომ წელს მივაღწიოთ. ჩვენ ასევე გავაახლებთ ჩვენს პროგნოზებს უახლოეს მომავალში.
გიორგი გახარია _ ეკონომიკის მინისტრი:
_ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის 5%-იანი ზრდაც არ არის ბევრი და სწორედ ამიტომაა დაანონსებული 4-პუნქტიანი გეგმა.
მარტში 5,3%-იანი ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ძალა იყო ექსპორტის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მწარმოებლები უფრო მეტ საქონელს ყიდიან. რაც უფრო მეტ საქონელს ყიდიან, მეტი სამუშაო ადგილი იქნება და მეტი დასაქმებული გვეყოლება. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის არც 5% არის ბევრი. სწორედ ამიტომ დაანონსდა 4-პუნქტიანი გეგმა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი და მაღალი იყოს.
_ როგორ აისახება ეს ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაზე?
_ ამ თემას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
რა თქმა უნდა, ასეთი ასახვა შედეგების სახით იქნება, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე მყოფ ეკონომიკაზე და საკმაოდ რთულ რეგიონზე.
დავით ასლანიშვილი _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ განვლილმა ოთხმა თვემ თვალნათლივ წარმოაჩინა როგორც მიღწევები და პოზიტიური ძვრები, აგრეთვე სააშკარაოზე გამოიტანა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას საქართველო და მისი მაკროეკონომიკური სტაბილურობა 2017 წლის მომდევნო პერიოდის განმავლობაში.
პოზიტიურ შედეგს შორის უპირველესად უნდა აღინიშნოს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი, რომელიც სტაბილურად 5%-ის წლიურ ზრდას აჩვენებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამეთუ ეს ზრდა მიღწეულია ტრადიციულად მძიმე პერიოდში (იანვარ-აპრილი).
ამასთანავე, ეს მაჩვენებელი აღემატება საკუთრივ დასახულ მაჩვენებელს _ 4% წლიურ და აგრეთვე საერთაშორისო პროგნოზს, რომელიც 3,8% წლიურზე იყო გათვლილი.
ამ კონტექსტში განსაკუთრებული პოზიტიური როლი შეასრულა საქართველოს მთავრობამ და მისმა ფისკალურმა აგენტმა _ ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა. ამ მხრივ მიღწეული სტაბილურად მაღალი ნაშთი სახაზინო ანგარიშზე _ 850 მლნ-დან 1040 მლნ ლარამდე _ ამის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა. შედეგად გვაქვს ცალსახად დადებითი საბიუჯეტო შედეგები.
ამასთანავე ვხედავთ რისკებს და გამოწვევებს, რომლის გადალახვაც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა და ეს რისკები მომდევნო პერიოდში იჩენს თავს _ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება/სტაგნაცია: ანაკლია, ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, რიკოთი და სხვ. თუ ერთ ნაწილში (ანაკლიის პორტი, ჰესები) სახეზეა პროექტების ჩავარდნისა და გადაწევის რისკი, ჯერჯერობით, იმედის მომცემია რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები.
უნდა აღინიშნოს, რომ კერძო სექტორისთვის საგარეო ვალების გადახდის მხრივ უმწვავეს 2017 წლის განმავლობაში ყოველი ასეთი პროექტი ჰაერივით მნიშვნელოვანია, რამეთუ ამ პროექტებით მოიზიდება ასობით მილიონი აშშ დოლარი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს კერძო სექტორის მიერ (კომერციული ბანკები და არასაბანკო სექტორი) გადასახდელ 4,7 მლრდ აშშ დოლარის საგარეო ვალს, საიდანაც, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, 875 მლნ აშშ დოლარი უკვე 2017 წლის მიჯნაზე გადასულია „დაუყოვნებლივ“ მუხლში, ანუ ვერ მოხერხდა მისი დროული დაფარვა და სესხი მნიშვნელოვანი ჯარიმით გადმოსულია 2017 წელს.
რამდენიმე წლის წინათ დაანონსებული პროექტების დროზე ვერგანხორციელების შემთხვევაში საგარეო ვალის ტვირთი და ვალების მომსახურებაზე გასაწევი ხარჯი მკვეთრად იმატებს, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და ლარის სავალუტო კურსის სტაბილიზაციას.
ამ მხრივ აუცილებელია საგარეო ვალებთან გამკლავება და ამისთვის
სავალუტო სტაბილურობა.
გამოცხადებული ლარიზაციის პროგრამის წარმატება და ლარის, როგორც სრულფასოვანი ვალუტის ქცევის მიზნით აუცილებელია კაპიტალის ბაზრის განვითარება, ოღონდ არა საბანკო ოლიგოპოლიის კარნახით, არამედ დამოუკიდებელი ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფით, ისე როგორც ეს იყო ბაზრის დანგრევამდე _ 2000- 2007 წწ.-ებში.
ასევე კარდინალურად შესაცვლელია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონის დებულებები და მონაწილეობის წესები.
მანამ, სანამ საბანკო ოლიგოპოლია და ეროვნული ბანკი აკონტროლებენ კომერციული საბანკო სესხის ალტერნატიულ რესურსს _ კაპიტალის ბაზარს _ ფუჭია მოლოდინი ლარიზაციის წარმატებაზე.
ამას მოწმობს სტატისტიკაც _ თვით კომერციული ბანკების მიერ მოზიდული რესურსის მხოლოდ 20-30% შეადგენს ლარს.
ღიმილის მომგვრელია რიგი საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დაანონსებული კაპიტალის ბაზრის განვითარება, ვითომ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ემისიით.
უბრალოდ, სირცხვილია, როდესაც ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს ლარში ფასიანი ქაღალდის გამოშვებას (ბონდები), რომლის ერთი ცალის ნომინალური ღირებულება არის 1 მლნ ლარი! და რომლის 100% მყიდველი არის მხოლოდ კომერციული ბანკები!
რაც კიდევ უფრო სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს), ასეთი გზით „კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“ ეს სტრუქტურები სესხს აძლევენ კომერციულ ბანკებს, რომ კომბანკებმა ამ სესხით მათ მიერ გამოშვებული ბონდები შეიძინონ...
მართლა ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული?!
განსაკუთრებით პრობლემურად მიმაჩნია ის ინსტიტუციური კრიზისი მონეტარულ პოლიტიკაში, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო სუფევს ქვეყანაში _ საბანკო ოლიგოპოლიის ხელშეწყობა, ჩაგდებული გალარების პროგრამა, ლარიზაციის არაეფექტიანი წარმართვა, გაუგონარი ოდენობის რეფინანსირების სესხები, არათანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა, რაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ლარის კურსის დღენიადაგ რყევით გამოიხატება.
ყოველივე ამის შედეგია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტიტუციური ნდობის დაკარგვა, რაც დადასტურდა IღI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) ბოლო კვლევით.
სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი:
_ რამდენიმე პოზიტიური მომენტი დაემთხვა. მართალია, ჯერ პირველი კვარტალია და წელიწადზე მისი განზოგადება ძალიან თამამი ნათქვამი იქნება, თუმცა, მაინც, პირველ რიგში, აღსანიშნავია ის, რომ ბიუჯეტში სახსრების მობილიზების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მარტში მან გადააჭარბა წინა 2 თვის საშუალო მაჩვენებელს საკმაოდ სოლიდურად, 45%-ით. ხარჯებიც, ასევე, გაიზარდა.
გაიზარდა დღგ-ის გადამხდელი ორგანიზაციების ბრუნვა 17-18%-ით.
ასევე, ჩვენი ექსპორტის 30%-ით ზრდასთან გვაქვს საქმე, რაც 2-ჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელია იმპორტის ზრდასთან შედარებით. განსაკუთრებით თვალში საცემია ის, რომ ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა საკმაოდ სოლიდურად, 44%-ით, რაც რეკორდული მაჩვენებელია და ექსპორტის მაჩვენებელმა ბოლო თვეს, მარტში, ბოლო 27 თვის მანძილზე, საუკეთესო მაჩვენებელი დადო. 2014 წლის დეკემბრის შემდეგ ასეთი ზრდა არ დაფიქსირებულა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა ისეთია, რომ წლის ბოლო თვე, საერთოდ, აგროსასურსათო პროდუქციის მომატებული ექსპორტით, საახალწლო სუფრებით ხასიათდება და ამანაც განაპირობა დეკემბრის მაჩვენებელი, თუმცა, ამის ფონზე, წლევანდელ მარტში არც ერთი ფაქტორი არ მუშაობდა, მით უფრო თვალში საცემია ეს.
გაიზარდა ფულადი შემოსულობები ქვეყნის გარედან, რაც ბევრმა პოზიტიურმა ფაქტორმა უზრუნველყო. ვფიქრობ, თუ ეს დადებითი ტრენდი ამუშავდა და ფაქტორები ერთმანეთზე დაეწყო, შესაძლებლობა გვექნება, რომ არა მარტო კვარტლური, არამედ წლიური მსგავსი მაჩვენებლები მივიღოთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზეა, იდეალურადაა და აღარ გვიჭირს, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.
თვითონ ამ ფაქტორების გამომწვევი მიზეზი კი მხოლოდ ერთი არაა, რადგან ეკონომიკაში მხოლოდ ერთი ფაქტორი არ არსებობს, იქ ბევრი რამე იჩენს თავს და რომელი გადასწონის, საქმეც ესაა. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიზანმიმართული საქმიანობაც იყო შედეგის გამომწვევი და ეკონომიკაშიც დაგროვილი იყო ის მუხტი და პოტენციალი, რომელმაც მას ამის საშუალება მისცა.
მაგალითს გეტყვით: საქართველოს საექსპორტო ბრენდული საქონელი, როგორც წესი, ღვინო და მინერალური წყალია, მაგრამ ბოლო თვეების მანძილზე ჩვენი მრეწველობის პროდუქციის, ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა რგორც აშშ-ის, ისე რუსეთის მიმართულებით და პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის მიმართულებით განხორციელებულ ექსპორტში.
ანუ ჩვენ თუ მრეწველობასა და ეკონომიკას მივხედეთ, ღვინო და ბორჯომი, რა თქმა უნდა, საექსპორტო საქონელში დარჩება, მაგრამ მათი წვლილი შედარებით მოკრძალებული იქნება.
ჰოლანდიის მაგალითი გავიხსენოთ, მას ყვავილების ექსპორტით იცნობენ, მაგრამ პატივს სცემენ როგორც არა ყვავილების, ტიტებისა და მიხაკების ექსპორტიორ ქყვეყანას, არამედ როგორც, განვითარებულ ეკონომიკურ სახელმწიფოს მომსახურების მაღალი დონით. ამიტომ ჩვენც, შესაბამისად, რეალური სექტორის რეალურ განვითარებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.
საქართველო იმდენად მცირე ზომის ეკონომიკის მფლობელია, რომ ჩვენზე გავლენას ახდენს არა მარტო შიდა, არამედ გარე, ეგზოგენური ფაქტორებიც.
პოლიტიკური რყევების შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს არავითარი დამცავი ფაქტორი, რომ ბოლომდე შევინარჩუნოთ სიმყარე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ჩვენი ეკონომიკა მეტად მდგრადი იყოს და გარე ფაქტორებზე ნაკლებად დამოკიდებული.
ველოდებით დაანონსებულ ეკონომიკურ ზრდას და მიღწევებს, რომელსაც ეკონომიკური გუნდი გვპირდება.
ნინო ტაბაღუა