ზვიად სიჭინავა: „ილია, ალბათ, ახლა ასე იტყოდა: სამეგრელოში მოველ და ზუგდიდი ვერ ვნახე...“
2017-05-07 08:53:30
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და საქართველოში დაუვიწყარი სუპერთასის ფინალის ორგანიზატორი, ზვიად სიჭინავა, შესაძლოა, პოლიტიკაში წავიდეს: მცირე პაუზის შემდეგ ის ისევ გამოჩნდა და ამბობს, რომ უნდა, ზუგდიდისთვის რამე სასიკეთო გააკეთოს.
რამდენიმე დღის განმავლობაში სიჭინავა მშობლიურ ქალაქში იმყოფებოდა და იქ არსებული სიტუაციის გაცნობის შემდეგ, მაინცდამაინც, ოპტიმისტურად არაა განწყობილი. როგორც თავად ამბობს, გუნებას ის უფუჭებს, რომ ქალაქი არ არის ისეთი, რითაც ზუგდიდს საქართველოში და არა მარტო საქართველოში იცნობდნენ.
სანამ დეტალურად ვკითხავდით, რას გულისხმობდა, რას ელოდა და რა დახვდა მას მისი ბავშვობის ქალაქში, ხურჩაში მისი ჩასვლით დავინტერესდით: სიჭინავას ყოფნა ზუგდიდში რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩაში საოკუპაციო ზოლის გადმოწევას დაემთხვა _ რუსმა ოკუპანტებმა, დაახლოებით, 300 მეტრის სიღრმეში გადმოწიეს საოკუპაციო ზოლი და ისედაც პატარა სოფელი კიდევ უფრო დააპატარავეს.
სხვათა შორის, საოკუპაციო ზოლის გადმოწევის შემდეგ, რასაც სუს-ი არ ადასტურებს და ამბობს, რომ ბოჭების გავლება პირობით საზღვარზე ხდება, ზვიად სიჭინავა პირველი ცნობილი სახეა, ვინც ხურჩაში ჩავიდა.
თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ ხურჩა კოკის თემში შედის და დავით ნარმანიას მშობლიური სოფელიც არის, არც ის იქნება გასაკვირი, ვთქვათ, რომ ხურჩელები იქ ნარმანიას უფრო ელოდნენ, ვიდრე სიჭინავას:
„არავინ მოსულა, შვილო, არც გამგეობიდან მოუკითხავთ, არც თბილისიდან... ხომ შეიძლებოდა, ისე მაინც მოსულიყვნენ, ესეც არ გააკეთეს“, _ უთხრა „ქრონიკა+“-ს ხურჩელმა ქალმა.
ზვიად სიჭინავა:
_ მე იქ ვნახე ადამიანები, რომლებიც შველას ითხოვენ და სასოწარკვეთილი არიან. რასაკვირველია, პირველ რიგში, სახელმწიფომ ზომები უნდა მიიღოს, მაგრამ არც რიგითმა ადამიანებმა უნდა ჩამოვუშვათ ხელები. იქ როცა ვეკითხებოდი, _ რას აპირებთ-მეთქი? მპასუხობდნენ, _ ჩვენ რა უნდა ვქნათო?.. უიმედოდაა ხალხი, არადა, რუსეთი ისევ აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას. მისი მიზანია, ერთმანეთს წაგვკიდოს ქართველები და აფხაზები, საბოლოოდ დაგვაკარგვინოს ერთმანეთის ნდობა და მერე სულ თვითონ იყოს დომინანტი ამ ურთიერთობებში: იქ საოკუპაციო ზოლს გაავლებს, აქ სახნავ მიწას მიითვისებს, იქ ვიღაცას გაიტაცებს და ამით მართავს სიტუაციას.
_ ამას ხშირად ამბობთ, _ აფხაზებისა და ჩვენს წაკიდებას ცდილობენო. წაკიდებული არ ვართ ისედაც?
_ კი, ვართ და ვისი დამსახურებაა ეს? სხვისკენ თითის გაშვერა კი არ არის, როცა ვამბობ, რუსეთს უნდა, საბოლოოდ ჩატეხოს ხიდი ჩვენ შორის, არამედ რეალობაა: რუსეთის ინტერესი ასეთია დღეს, სხვაგვარად ის სიტუაციას ვერ მართავდა.
_ მერე, ამას აფხაზები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან? არა მგონია, მთლად ასე ფიქრობდნენ.
_ ხვდებიან, ძალიან კარგადაც ხვდებიან, მაგრამ თუ ამას მასობრივად არ აღიარებენ, ამისთვის მათზე გაბრაზება არ ღირს. ბევრი რამ გაკეთდა ჩვენ შორის არსებული ურთიერთობების გასანეიტრალებლად, გასაცივებლად, ბევრმა ვინმემ აფათურა ხელები ჩვენს ერთად ყოფნაში. ბოლოს და ბოლოს, ტყვია ვესროლეთ ერთმანეთს, იქამდე მივიდა საქმე. ენგურს იქითაც და აქეთაც უამრავი შვილმკვდარი დედაა, მშობელდაკარგული ახალგაზრდაა... და ახლა ჩვენ გვინდა, ერთი ხელის მოსმით ამას ხაზი გადავუსვათ და ისევ ისე ვიყოთ, როგორც იდეალურ დროს ვიყავით? ისევ ისე ვიაროთ ერთმანეთის ქორწილში და ისევ ისე გვყავდეს აფხაზი სიძეები და ქართველი რძლები _ მაგათ? ასე არ გამოვა ეგ ამბავი...
_ რატომ, პრივილეგიებიც ხომ აქვთ, მაგალითად, მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე იმას, რომ რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა რეანომობილი ენგურის ხიდის გავლით ქუთაისიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩავიდა და ავადმყოფი გადმოიყვანა, მათ შორის, ბავშვიც...
_ აი, ეგ არის მთავარი, გამარჯობა, შენი... დიახ, უამრავი ასეთი შემთხვევაა და კარგია, რომ ამას ამბობთ. ძალიან კარგად ხედავენ ისინიც, ძალიან კარგად უნდათ, გულიც მოუწევთ, _ რატომ არ მიჰყავთ რუსეთში? სოჭში ან კრასნოდარში, მაგალითად? სოხუმიდან იქით უფრო ახლო არაა? მაგრამ ძალიან კარგად იციან, იქ რომ ისე არ მიიღებენ, როგორც ჩვენ მივიღებთ და ისიც კარგად იციან, რომ ჩვენი მედიკოსები ძლიერები არიან.
_ და რა დაალაგებს ამ ურთიერთობას? ვინ დაალაგებს?
_ ხალხი დაალაგებს, ოღონდ რუსეთმა მიუშვას ერთმანეთთან სალაპარაკოდ. სადაც რუსეთია, იქ ყველგან წაქეზებაა, სად გინახავთ, რამე მოეგვარებინოთ? ჩვენთანაც, რაც „სამშვიდობო“ ძალები ჩადგა, იმის მერე უფრო გაუარესდა სიტუაცია, კონფლიქტი გაიყინა და თვითონ რუსი სამხედროები იქცნენ კორუფციის ბუდედ და წყაროდ...
დავდგეთ ენგურის ხიდზე და ვნახოთ, რამდენი ადამიანი გადმოდის იქიდან აქეთ და რამდენი გადადის იქით. კონტაქტი ყველას აქვს. ოღონდ ჩვენ გვეშინია ამაზე ლაპარაკის. რატომ? ისინი ხომ ჩვენი ძმები არიან! ჩვენ ვართ ერთი სისხლი და ხორცი. მე ბავშვი მყავს, ასე ვთქვათ, მეოთხედი აფხაზი, ჩემი მეუღლე ნახევრად აფხაზია. რა ვქნა, ახლა, მე?! იმ მხარეს ნათესავები მყავს და დამიჯერეთ, ჩემისთანა საქართველოში ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს იმ მხარეს. ჩვენ ეს ნუ გვავიწყდება.
_ ანუ თქვენც სახალხო დიპლომატიას ანიჭებთ უპირატესობას?
_ მე პოლიტიკოსი არ ვარ, ასეთ ტერმინებს არ ვიყენებ. პირდაპირ ვამბობ: ხალხს შეუძლია ბევრი რამ, რადგან ხალხს ყოველთვის გამოუსწორებია ის, რაც უგუნურებს ჩაუდენიათ...
_ პოლიტიკოსი არ ვარო და პოლიტიკაში მოსვლას კი გეგმავთ...
_ ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ: არ მიმაჩნია, რომ ქალაქის ხელმძღვანელის თანამდებობა, გინდ მერი დაარქვი, გინდ პრეფექტი და გინდ გამგებელი, პოლიტიკური თანამდებობაა: ეს არის მეურნე კაცის თანამდებობა, მენეჯერის, ისეთის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს, იცის და უნდა, რომ უკეთესი იყოს, ვიდრე ახლაა. თქვენ მოგწონთ ახლანდელი ზუგდიდი?
_ მკითხველს თქვენი აზრი უფრო აინტერესებს, თქვენ მოგწონთ?
_ სასტიკად არ მომწონს. მეტსაც გეტყვით, დათრგუნული დავრჩი ამ დღეებში, როცა ამდენი ხნის პაუზის შემდეგ პირველად ჩავედი და ცოტა ხანს დავრჩი. ქალაქი არ არის, ფაქტობრივად...
_ რას გულისხმობთ?
_ იმას, რომ ზუგდიდი ზუგდიდი აღარ არის, ჩაიკარგა... ზუგდიდლების უდიდესი ნაწილი ქალაქიდან წასულია. იცით, დაახლოებით, რამდენია ეს? 20.000-მდე ადამიანი. გესმით, რამხელა რიცხვია? 70 ათასზე მეტი იყო ქალაქის მოსახლეობა, დღეს 48 ათასია. გაქრა ქალაქი. ეს ხალხი უკან ჩავა ზუგდიდში? კი ბატონო, ჩაწერილია იქ იურიდიულად, ფესვები აქვს, ჩადის პერიოდულად, მაგრამ იქ რომ იცხოვროს, ამისთვის პირობები უნდა იყოს, რაც არ არის...
_ ეგ ხომ საბოლოოდ დეცენტრალიზაციის პრობლემამდე მიდის, რადგან რეგიონული განვითარების კონცეფცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, ძირითადი ცენტრები დედაქალაქშია, აგერ, პარლამენტი ქუთაისში იყო და ისიც გადააქვთ, მგონი...
_ კი ბატონო, დეცენტრალიზაციის პრობლემაა, მაგრამ რისი მოგვარებაც ადგილზე შეიძლება, ისიც არ გვარდება. რაც გაკეთებულია წინა წლებში, თითქმის არაფერი ემატება და გაკეთებული კი იშლება, ინგრევა... როგორ, ზუგდიდს თეატრი არ უნდა ჰქონდეს, კინო არ უნდა ჰქონდეს? ზუგდიდის საფეხბურთო გუნდი საქართველოს ჩემპიონატში არ უნდა მონაწილეობდეს უმაღლეს ლიგაში? ერთი მდინარე ჩამოდის ქალაქში, მაგის კალაპოტის გაწმენდას რაღა უნდა? არ აკეთებს ხელისუფლება? გამოვიდეს ვიღაც, აიღოს თავის თავზე, შეაგროვოს მოხალისეები და გაწმინდოს, რა უნდა ამის გაკეთებას? ბოტანიკურ ბაღში გამავალ თხრილში რომ გამდინარე წყალი იყოს და ტბაში წყალი არ მყაყდებოდეს, ამის გაკეთებას რა დიდი სახსრები უნდა? პაკისტანში მეგონა თავი, ზუგდიდის ბაზართან რომ გავიარე _ ბრეზენტებით გადახურული ადგილები, ტროტუარზე დამჯდარი მოვაჭრეები... ესაა ზუგდიდი? დარწმუნებული ვარ, ილია რომ ახლა ჩასულიყო სამეგრელოში, იტყოდა: „მოველ სამეგრელოში და ზუგდიდი ვერ ვნახე...“
_ ვის აბრალებთ ასეთ სიტუაციაში ქალაქის ყოფნას: ამჟამინდელ თუ ადრინდელ ხელისუფლებას?
_ არც არავის. ვამბობ, რომ ყველა ზუგდიდელმა ერთად უნდა აკეთოს თავისი საქმე ქალაქისთვის და მხოლოდ ჯიბეზე და კუჭზე არ უნდა იფიქროს. მე ზუგდიდი მტკივა და ამიტომ გადავწყვიტე, მისთვის რამე გავაკეთო. არ ვიცი, ჯერ კიდევ არ მაქვს საბოლოოდ გადაწყვეტილი. ახლა რომ ვიყავი, ისე დავითრგუნე და ისეთ სიტუაციას გადავხედე, შეიძლება, გადავიფიქრო კიდეც...
_ პარტიებთან თუ გქონიათ მოლაპარაკება, ან შეთავაზება თუ ყოფილა? ან რეაქციაზე თუ იცით რამე მას მერე, რაც თქვენი გადაწყვეტილება გაიგეს?
_ არც ერთ პარტიასთან არ მქონია მოლაპარაკება. არავისთან მისაუბრია ამაზე. იმისთვის ჩავედი, რომ შემესწავლა, მენახა სიტუაცია, რაც დღეს არის ჩემს ქალაქში. ალბათ, ვინმეს სურვილი გაუჩნდება. მზად ვარ, ყველას დაველაპარაკო. კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო, რომ ჩემთვის მერის თანამდებობა უფრო მენეჯერულია. სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ფიქრობენ, მაგრამ მიმაჩნია, მერმა, პირველ რიგში, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ კარგი გზები დააგოს, სატრანსპორტო მიმოსვლა გააუმჯობესოს, განათლებას დს მედიცინას მეტი სტიმული მისცეს, შუქი უზრუნველყოს და სხვა პრობლემები მოაგვაროს. ანუ ის, რაც ეხება ინფრასტრუქტურას, ქალაქის სიცოცხლეს, ტურისტებს, მათ დახვედრას. ჩემთვის ასეა, მაგრამ მზად ვარ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ვისაუბრო და ყველას მივესალმები, ვისაც კარგი უნდა ზუგდიდისთვის, არა პარტიისთვის, არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქალაქისთვის და ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის.
_ მოსახლეობა საკმაოდ პოლიტიზებულია და, უფრო მეტად, პარტიული კუთვნილების მიხედვით აკეთებს არჩევანს, ვიდრე დამოუკიდებელი კანდიდატის სასარგებლოდ. ასეთ სიტუაციაში სარისკოდ არ გეჩვენებათ დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრა? თუ ვამბობთ, რომ გლობალურად, ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი გვაქვს, თქვენ გაქვთ იმდენი რესურსი, რომ ორ მძლავრ პარტიას დაუპირისპირდეთ, რომელთაგანაც ერთს სახელმწიფო რესურსის სავარაუდო გამოყენების „პატივიც“ ექნება?
_ ცოტა ძნელია ამ გადასახედიდან ამაზე პასუხის გაცემა. ჯერ ამომრჩევლის განწყობა უნდა ვნახო არა იმ მასშტაბით, რაც მოვასწარი, არამედ უფრო ფართოდ _ საშუალება უნდა მომეცეს, შეხვედრები დავიწყო, აზრი გავიგო, სიტუაცია შევისწავლო. ყველამ კარგად იცის, რომ ამ თანამდებობაზე მოსვლას იმისთვის არ ვაპირებ, ფული ვიშოვო, მაგრამ აქვე გეტყვით, თუ ვინმე ისეთი კანდიდატი გამოჩნდება, რომელიც ზუგდიდის მიმართ ისე იქნება განწყობილი, როგორც ეს ამ ქალაქს ეკადრება, პირველი დავუდგები გვერდით.
პირადად, როგორც თქვენ, ყველა ამ ქალაქის მცხოვრები, ამომრჩეველი ვარ. თუ ვნახავ, რომ გამოჩნდება ადამიანი, კარგ პირობებს წარმოადგენს და დარწმუნებული ვიქნები, რომ ის ამას ქალაქისთვის გააკეთებს, პირადად ვიქნები მისი მომხრე, ნებისმიერი ადამიანის, იმიტომ, რომ მინდა, ცოტა უკეთესი იყოს ჩემი ქალაქი, მინდა, ამ ქალაქს ის სტატუსი დავუბრუნო, რომლითაც ბავშვობაში ვამაყობდი. არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზუგდიდი იყო ძალიან ცნობილი ქალაქი.
არ აქვს მნიშვნელობა დეტალებზე საუბარს, რა მხრივ და როგორ, მაგრამ ზუგდიდი ყველამ იცოდა, იმიტომ, რომ აქ იყო ქაღალდის კომბინატი, საკონსერვო, ფაიფურის ქარხანა, ჩაის ფაბრიკები, აქ იყო „პრესოვკა“ და აქ ცხოვრობდა ყოველთვის მაგარი ხალხი. მე ერთხელ საჯაროდ ვთქვი კიდეც, რომ ორი სკოლა მაქვს გავლილი და ერთ-ერთი ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა იყო...
ახლა ძნელია იმაზე ლაპარაკი, რა პროგრამა მექნება, რას გავაკეთებ და როგორ. მოხდება წარდგენა, იქნება პროგრამაც, რომელიც შედგება არა ჩემი ხედვით, არამედ იმ მოთხოვნებით, რაც დღეს აქვთ ამ ქალაქის მცხოვრებლებს, პრობლემებით, რომელიც ამ ხალხს აწუხებს.
_ იმედი გაქვთ, რომ ხელს არ შეგიშლიან, თუ დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგებით და კარგ, ქალაქისთვის საჭირო პროგრამას აჩვენებთ?
_ ხომ გეუბნებით, მგონია, რომ ამ ქალაქს გამოცოცხლება სჭირდება, სხვაგვარი სტრატეგია უნდა. ვიმეორებ: ჩვენთან იყო ფაიფურის ქარხანა, კომბინატი და სხვადასხვა. წარმოებები მუშაობდნენ. დღეს, სამწუხაროდ, მცირე ბიზნესია. პირველ რიგში, ამაზე უნდა იფიქრო. როგორც გაუმართლა ფოთს და აქვს პორტი, იქიდან რაღაც შემოსდის და შეუძლია, უფრო მეტი გააკეთოს, აქ ყველაფერი დამოკიდებულია ზუგდიდლებზე. აქ სტრატეგიულად სხვა რაღაც უნდა შემუშავდეს. რა თქმა უნდა, ქალაქს რაღაც თანხები უნდა ჰქონდეს, ინვესტორებისგან ჩადებული თანხაც უნდა დარჩეს ქალაქში... ამ ყველაფერზე დეტალურად მერე ვისაუბრებ, თუ წარდგენა არ გადავიფიქრე და კენჭი ვიყარე.
_ ანუ, საბოლოოდ, ჯერაც არ გადაგიწყვეტიათ?
_ ვნახოთ, არ გამოვრიცხავ.
_ თვითმმართველი ქალაქის სტატუსი თუ ჩამოართვეს ზუგდიდს, ეს მოსაწონი იქნება? სხვათა შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
_ ეს ხომ განვიცადეთ უკვე ბევრჯერ?
_ რა?
_ ქალაქის სტატუსის წართმევა და დაბრუნება. ფაქტი ისაა, რომ ზუგდიდი არის ქალაქი. შეიძლება, ვიღაცისთვის ჩვენ სოფლებები ვართ, მაგრამ პირადად ჩემთვის, ზუგდიდელი კაცისთვის, ქალაქი იყო, არის და ყოველთვის იქნება. რაც არ უნდა გადაარქვა მას სახელი, ზუგდიდი არის სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი.
მიმაჩნია, რომ არასწორია, არ არის მოსაწონი, მაგრამ ჩემს სიტყვებს გეუბნებით. საბოლოოდ, ეს თქვენი სათქმელია, იმ ხალხის, ვინც ამ ქალაქში ცხოვრობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქალაქი და ამას წყალი არ გაუვა. ჩვენ ვართ სამეგრელოს სიმბოლური დედაქალაქი, ქალაქი ზუგდიდი.
_ ბოლოს, კიდევ ერთხელ, სოხუმში თქვენ მიერ ნათქვამ ფრაზებზე, რასაც, ალბათ, ბევრჯერ გაგახსენებენ...
_ უამრავჯერ ავხსენი ეს. ჩემთვის იქ საამაყო ის იყო, რომ ვიტალი დარასელიას საფლავზე ვიტალის ბიძამ მითხრა, ქართულად ილაპარაკე, რუსულად არაო... ეს იყო მანდ მთავარი და არა ის, რომ მე „სტრანა“ ვთქვი. ჩემი ნათქვამი იყო შეცდომა და მე ავტონომიური რესპუბლიკა ვიგულისხმე, როგორც ქვეყნის მოდელი, რომელსაც აქვს ყველაფერი: პარლამენტი, დედაქალაქი, სამინისტროები... მე ვთვლი ზუგდიდს სამეგრელოს დედაქალაქად, ბათუმს აჭარის დედაქალაქად, სოხუმს აფხაზეთის დედაქალაქად და ასე შემდეგ. მარტო ეს ვიგულისხმე. საქართველოში შვიდი წელი ჩემი მუშაობის განმავლობაში ყველამ იცის, რომ ყოველთვის ვამბობდი, ვამბობ და ვიტყვი, _ ერთიანი საქართველო _ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველო.
მიმაჩნია, რომ სოხუმი არის აფხაზეთის დედაქალაქი, ზუგდიდი არის სამეგრელოს დედაქალაქი, ქუთაისი არის იმერეთის დედაქალაქი, როგორც თბილისი არის სრულიად საქართველოს დედაქალაქი. ჩვენ ვართ ამ დიდ ქვეყანაში შემავალი პატარ-პატარა კუთხეები, რომელიც ატარებს სახელს _ საქართველო.
ლაშა ბერულავა