საქართველოს მოსახლეობა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სულ 3 720 000 ადამიანს შეადგენს. ევროპის ყველა ცივილიზებულ ქვეყანას აქვს კრიტერიუმი, რის მიხედვითაც გამოითვლება, თუ რომელი ფენის წარმომადგენელია ესა თუ ის პიროვნება, თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე მათი მორგება, მეტწილად, შეუძლებელი და ცოტა უხერხულიც კია.
ჯერ კიდევ ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ცვლილების პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, აღნიშნა, რომ 32 000 მოქალაქე, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს _ ეს განცხადება კი, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში საშუალო ფენა აღარ არსებობს.
ე. ი. საქართველოში მცხოვრებ 3 720 000 ადამიანთაგან მხოლოდ 32 000 ადამიანია, რომელიც შედარებით მაღალშემოსავლიანად ითვლება, ის კი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 0,8%-ს შეადგენს. დანარჩენ 99,2%-ს რაც შეეხება, ხშირად, მათი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ საკუთარი ჯანმრთელობის დაფინანსება და სადაზღვევო პაკეტების შეძენაც არ შეუძლიათ. ყოველივე ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ორი უკიდურესობა არსებობს და საშუალო ფენა გაუჩინარდა.
ცნობილია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაღალი, საშუალო და დაბალი ფენების განმსაზღვრელად გარკვეული სტანდარტები არსებობს. საშუალო კატეგორიას განეკუთვნება ის ადამიანი, რომელსაც საბანკო ანგარიშზე განთავსებული აქვს 18 თვის საარსებო მინიმუმის ოდენობის თანხა, ჰყავს მანქანა, აქვს აგარაკი და კვირაში ერთხელ ოჯახთან ერთად რესტორანში საუზმობს, ან ვახშმობს.
საქართველოში საარსებო მინიმუმი 168,1 ლარს უტოლდება. იმისთვის, რომ საშუალო ფენას განეკუთვნებოდე, საჭიროა, რომ დეპოზიტზე, მინიმუმ, წელიწადნახევრის სამყოფი თანხა გქონდეს დაგროვილი, რაც, ჩვენი ქვეყნის პირობებში, 3026 ლარია, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საარსებო მინიმუმი 168,1 ლარს უტოლდება და 18 თვის ოდენობა 3025 ლარია. რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, როგორიცაა აგარაკი, მანქანა და ა. შ., აღნიშნულებიც ქართველების საკმაოდ დიდ ნაწილს არ გააჩნია, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, საშუალო ფენას არ განეკუთვნებიან.
მაღალშემოსავლიანი მოსახლეობის სრულ პოპულაციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე და ამბობს, რომ დაბალი, ფაქტობრივად, 0,8%-იანი მაჩვენებელი დაუჯერებელიცაა, თუმცა საშუალო ფენის არარსებობას ხაზს უსვამს:
სოსო არჩვაძე:
_ რეალურად, ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტია საქართველოში მსგავსი, 40 000-ლარიანი წლიურშემოსავლიანი ადამიანი. აღრიცხვიანობის პრობლემაა, ან, კიდევ, მიუხედავად დეკლარირებისა, არაფორმალურ ეკონომიკას აქვს ადგილი. ცალსახაა, რომ მალავენ. უბრალოდ, უდანაშაულობის პრეზუმპცია არსებობს და კონკრეტულად ვერავის დავადებ ხელს.
დაახლოებით, ემპირიული შეფასებით, ჩემი დაკვირვებისა და მოკვლევის საფუძველზე, რომელიც არ ვამბობ, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, საქართველოში შეძლებული და მდიდარი ოჯახების რაოდენობა მერყეობს, დაახლოებით, 80-დან 120 000 ოჯახამდე. ეს ოჯახების რაოდენობა და ოჯახში ხომ რამდენიმე წევრია კიდევ. სტატისტიკა თვლის, რომ 3,5 ადამიანია თითო ოჯახის საშუალო შემადგენლობა, ანუ ზემოთ აღნიშნული ოჯახების რაოდენობა ამ ციფრებზე რომ გავამრავლოთ, მივიღებთ საკმაოდ დიდ ციფრს.
რაც შეეხება საშუალო ფენას, გააჩნია, რას გულისხმობთ მასში: ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში შემოვიტანე ტერმინი და ახლა ბევრიც იყენებს მას, _ ევროპული სტანდარტებით, საშუალო კლასს განეკუთვნება ოჯახი, რომელსაც აქვს აგარაკი, ისვენებს სეზონების მიხევით, სულ ცოტა, ორჯერ, მათ შორის, ერთხელ მაინც უცხოეთში, საარსებო მინიმუმის წლინახევრის მარაგი უნდა ჰქონდეს დეპოზიტზე იმისთვის, რომ სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში მოხმარების სტანარტები და სტერეოტიპები არ შეცვალოს და კიდევ ერთი, დამატებითი, ჩვენთან ნაკლებად, მაგრამ კათოლიკური ქვეყნების კულტურასთან ეს თანხვედრაში მოდის _ ოჯახის წევრებმა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ისადილონ რესტორანში. ეს ევროპული სტანდარტებია, რაც საქართველოში მხოლოდ შეძლებულ ფენას ძალუძს.
არის კიდევ ბევრი სხვა სოციალური კრიტერიუმი, მაგალითად, აპრიორი, ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი მიეკუთვნება საშუალო ფენას, მაღალს თუ დაბალს.
ევრპული სტანდარტის მიხედვით, სოციალური მიკუთვნებით, აპრიორი თქვენ _ პრესის წარმომადგენელი და მე _ ეკონომისტი, მივეკუთვნებით საშუალო ფენას, როგორც იურისტი, პედაგოგი, ექიმი და ა. შ.
არის კიდევ მესამე კრიტერიუმი, ეს გახლავთ ნორმატიულ სტატისტიკური მეთოდი. ვთქვათ, 1000-დან 3000 ლარამდე ხელფასი ვისაც აქვს, ის ითვლება საშუალო ფენად, ვისაც ნაკლები _ ღარიბად, ვისაც მეტი _ შეძლებულად და მდიდართა კატეგორიად. იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას და რა პროფესიის ადამიანს გამოვიყენებთ, შეიძლება ერთი და იგივე ადამიანი მოხვდეს შეძლებულ, ღარიბ და საშუალო ფენაშიც.
საქართველოში, ცხადია, არიან ღარიბები და შედარებით შეძლებულები.
უფრო აქტიურად უნდა მოხდეს სიღარიბის დაძლევა, მაგალითად, ამერიკაში 60-იანი წლებიდან არის სიღარიბის დაძლევის პროგრამა, რომლითაც 45 მილიონი ადამიანი იღებს სასურსათო ტალონებს, ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვ.
საზოგადოებამ და მედიამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანების მდგომარეობის გაშუქებას და გაუმჯობესებას.
ვახტანგ ჭარაია _ ეკონომიკის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი:
_ 32 000 ადამიანი საკმაოდ მცირე რაოდენობაა ქვეყნის მასშტაბით, ვისაც შედარებით მაღალი ხელფასი აქვს, ანუ წელიწადში 40 000 ლარი, ან მეტი. საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა გაჭირვებულია და ამაზე მიუთითებს სხვა მონაცემებიც, მაგალითად, სოციალურად დაუცველთა ბაზა, პენსიონრების რაოდენობა, თვითდასაქმებული ადამიანების ოდენობა და ა. შ.
თუ ყოველთვიურად გადავიანგარიშებთ, დაახლოებით, 5000 ლარზე ნაკლებია ეს თანხა მათთვის, ანუ 1500 ევროზე ნაკლები. შესაბამისად, ასეთ კატეგორიაზე ცალსახად იმის თქმა, რომ ისინი არიან მდიდრები, ან შეძლებულები, არაა სწორი, მაგრამ თუ შევადარებთ მთლიან მოსახლეობას, ჩვენთან არიან ან ძალიან ღარიბები, ან შედარებით მდიდრები.
საყოველთაო ჯანდაცვის ჭრილში რომ შევხედოთ, ეს თავად ძალიან კარგი ინიციატივაა და სწორი პოლიტიკა, თუმცა ის, გარკვეულწილად, თამაშგარედ ტოვებს სადაზღვევო კომპანიებს და მეტიც, ახალი პროექტის თანახმად, თუ ადამიანს აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს, ეს კი არასწორი მიდგომა მგონია, რადგან თუ ადამიანს სურს, რომ დამატებით დაეზღვიოს, რატომ უნდა შეუშალოს ამაში ხელი ვინმემ, მით უფრო, სახელმწიფომ? მან შესთავაზოს ის მინიმალური პაკეტი, რაც შეუძლია, დანარჩენი ინდივიდუალურად უნდა იყოს: თუ მსურს დამატებით კიდევ ერთი სადაზღვევო პაკეტი შევიძინო, რატომ უნდა დავკარგო დამატებით ის მინიმალური პაკეტი, რომელიც ყველა შემთხვევაში სახელმწიფოსგან უნდა მქონდეს და თან, აქ სხვადასხვა ფაქტორიც იჩენს თავს, მაგალითად: დღეს მაქვს კარგი სამსახური და ხვალ შესაძლოა, რაღაც მიზეზით, მომიწიოს მისი დატოვება. ე. ი. კერძო დაზღვევაც დამეკარგება და სახელმწიფო ისედაც აღარ მაქვს. ჩემი აზრით, ის, რასაც მინიმალური პაკეტი გულისხმობს, არ წარმოადგენს ისეთ თანხას, რომ ამაზე საერთოდ უარი თქვას სახელმწიფომ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს დაზღვევა აქვთ.
საბოლოო ჯამში, საშუალო ფენა აღარ გვყავს. თუ ამ 1-0.8%-ს დავარქმევთ საშუალო ფენას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კრიტერიუმს ისინიც არ აკმაყოფილებენ, ეს მაჩვენებელი ძალიან ცოტაა, როცა იგი ქვეყნის ხერხემალი უნდა იყოს. მოსახლეობის ნახევარს მაინც უნდა წარმოადგენდეს, რომ წარმატებულ საზოგადოებაზე ვისაუბროთ და ჩვენთან 1%-ია. ქვეყნის მასშტაბით ეს მაჩვენებელი არაფერს წყვეტს.
გვყავს შედარებით მეტ ხელფასს რომ იღებენ წლის მანძილზე, ისეთები, მაგრამ ისინიც არ არიან მდიდრები. 3500-ლარიანი, ან მეტი, 5000 ლარამდე ხელფასი კარგია საქართველოში, თუმცა განსაკუთრებული ფუფუნების საშუალებას არ იძლევა და დანარჩენი მოსახლეობის 99%-დან, უმეტესობა, დაახლოებით, 80%-მდე ცხოვრობს ღარიბულად.
თუნდაც იგივე პენსიონერებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, სოციალურად დაუცველებს, თვითდასაქმებულებს თუ გავითვალისწინებთ, მათი შემოსავალი 300, უფრო ხშირად, 200 ლარამდეა ხოლმე და შესაბამისად, ამ კატეგორიის მოსახლეობაზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგად ცხოვრობენ. ისინი არსებობენ, საარსებო მინიმუმით არიან, პენსია 180 ლარია, თვითდასაქმებულებზე ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ, დაახლოებით, 200-დან 300 ლარამდე აქვთ შემოსავალი, შესაბამისად, ეს არის, თითქმის, მთლიანი მოსახლეობა, რჩება მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო ნაწილი, რომელსაც მაღალი შემოსავალი აქვს.
_ შესაძლოა, რომ უფრო მეტს ჰქონდეს მსგავსი შემოსავალი, თუმცა თანხების გადანაწილებას ისე ახდენდნენ ოჯახში, რომ იგი არ ჩანდეს?
_ შეიძლება, ასეც იყოს, მაგრამ თუნდაც მერე იმდენი დავამატოთ და იყოს 64 000 მაღალშემოსავლიანი (ვისაც 40 000 ლარი აქვს შემოსავალი წელიწადში), ესეც რა არის? 10-ჯერ მეტნი ვერ იქნებიან. შეუძლებელია, რომ ამდენმა დამალოს გადასახადები ისე, რომ საერთოდ არ ჩანდეს იგი და თუნდაც ეს 3500-ლარიანი შემოსავალიც ვინ თქვა, რომ ფუფუნებას ნიშნავს?!
შესაძლოა, ვიღაცისთვის 1000-ლარიანი შემოსავალი ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი იყოს, მაგრამ, რეალურად, ევროპული სტანდარტებით, ესეც არაფერია, ევროში მათი კონვერტაცია რომ მოვახდინოთ, 1500 ევროც კი არ გამოდის. ეს საქართველოში, შესაძლოა, გეყოს, მაგრამ დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის რაც კარგი ცხოვრების ატრიბუტია, პრინციპში, განსაკუთრებული თანხა არ არის. ანუ არც ეს თანხა უსვამს ხაზს სიმდიდრეს.
რომან გოცირიძე _ ეკონომისტი, პარლამენტარი:
_ მართალია, ეს მონაცემები არაა სწორი, თუმცა არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით. რეალურად, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩვენი ქვეყნის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 3852, დაახლოებით 4000 აშშ დოლარია და ბოლო ამ ოთხი წლის განმავლობაში მყარ ვალუტაში დაანგარიშებული მშპ ერთ სულ მოსახლეზე კლებულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წლების მანძილზე სიღარიბის კლება არ არის დაფიქსირებული. თუ 2011 წლის შემდეგ სიღარიბის მონაცემები შემცირდა, შემდგომ პერიოდში, 2014 წლის მერე, ლარის გაუფასურების გამო, რეალურად, ქვეყანაში პირიქით _ სიღარიბე გაიზარდა. ფაქტობრივად, მსოფლიო ბანკის ამ წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის დონე, ჯამში, 69% იყო. რადგან გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა 32%, ხოლო საშუალოდ გაჭირვებულის 37% იყო _ ჯამში, 69%.
მოწყვლადი/სიღარიბესთან ახლოს _ 24%;
საშუალო კლასი _ 7%
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება და მათი შემოსავლების შემცირება ამ მოწყვლადი ჯგუფის ნაწილს ღარიბთა კატეგორიაში გადაიყვანს, ისინი რისკჯგუფებს წარმოადგენენ, ხოლო საშუალოდ ღარიბ ფენას უკიდურესად ღარიბში გადაიყვანს.
სწორედ 2014 წლის შემდეგ, როგორც აღვნიშნე, ლარის გაუფასურების შემდეგ, ბევრს შემოსავალი შეუმცირდა, ბევრმა სამუშაო ადგილი დაკარგა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესში.
2011 წლის მონაცემებით მშპ ერთ სულ მოსახლეზე უფრო მეტი იყო, ვიდრე 2016 წელს და, შეიძლება ვთქვათ, რომ დღეს უფრო მეტად ღარიბია ქვეყანა, ვიდრე 2014 წელს იყო.
ქვეყანა არის ძალიან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში. დაბალია ეკონომიკური ზრდა, რაც ბოლო 4 წლის მანძილზეც აღინიშნებოდა და რეალურად ეს წლები იყო, ფაქტობრივად, უძრაობის ხანა, რამაც გავლენა მოახდინა მოსახლეობის მდგომარეობაზე.
საშუალო ფენის ჩამოყალიბების პროცესი და ღარიბთა კატეგორიიდან საშუალო და მაღალშემოსავლიან კატეგორიაში გადასვლის პროცესი ქვეყანაში, ფაქტობრივად, კუს ნაბიჯებით ხდება.
_ თუმცა, რეალურად, ევროპული სტანდარტებით, საშუალო ფენის მოთხოვნებს მხოლოდ მაღალი ფენა აკმაყოფილებს.
_ ევროპული სტანდარტებით და განმარტებით საშუალო ფენა რა არის, ამას ჩვენ ჩვენსას ვერ მივუსადაგებთ, იქ სხვადასხვა ფენის სისიტემაა და სხვა რეალობაა. ჩვენი სტანდარტიდან გამომდინარე, ქვეყანაში ფენა გვაქვს, რაც შეიძლება არ ითვლებოდეს საშუალო ფენად, მაგრამ ადამიანთა კატეგორია, რომელთა მობილურობა ეკონომიკური გაუარესების გამო ქვეყანაში შესაძლოა, გადადიოდეს ღარიბთა, ან მოსაზღვრე კატეგორიებში, შეიძლება ბევრი იყოს.
სწორედ ეს არის რისკის ჯგუფი; შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე აღმოჩნდება ღარიბთა კატეგორიაში, ჩვენთან საშუალო ფენაც კი ჩვენი სტანდარტებით, ხვალ შეიძლება სიღარიბის ზღვართან ახლოს დადგეს.
ფაქტობრივად, ქვეყანაში უმეტესი მოსახლეობისა სიღარიბის ზღვარზეა. თუმცა ეს ციფრი, რაც მოცემულია, 32000 _ არ არის ზუსტი ციფრი. ქონების გადამხდელებისთვის, რომელთაც 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი აქვთ, მათთვის სხვა მეთოდოლოგიაა საჭირო, თუმცა, შეიძლება ვთქვათ, რომ, რეალურად, ასეთები გაცილებით მეტნი არიან, თუნდაც 2-ჯერ მეტი, თუმცა ეს სართო სურათს მაინც არ ცვლის.
საერთოდ, ძნელია საქართველოში დაადგინო მოსახლეობის რეალური შემოსავლების რაოდენობა, რადგან ხშირად აღრიცხულ შემოსავლებს აღურიცხავი სჭარბობს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აქტუალურია მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც რესტორნებსა და სასტუმროებშია დასაქმებული, აგრეთვე სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალისთვის, რომელიც პირდაპირ არის დამოკიდებული პაციენტების მიერ გადახდილ გასამრჯელოზე. აღურიცხავი შემოსავლების, ანუ ქრთამით მიღებული შემოსავლების წილი დიდია სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავეების ბიუჯეტშიც.
ოფიციალური განმარტებით, სიღარიბე ეს არის ნორმალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღების უუნარობა, რადგან ასეთ ცხოვრებაში ჩართვის საშუალებას ფინანსური რესურსების ფლობა იძლევა. სიღარიბეს ასევე განმარტავენ უფრო არამატერიალისტური ხედვითაც, მაგ: როდესაც ადამიანს არ აქვს გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის საშუალება, როდესაც ხელყოფენ ადამიანურ ღირსებას და ასევე, როდესაც ადამიანი განიცდის ძალაუფლების ნაკლებობას.
არსებობს ორი სახის სიღარიბე: აბსოლუტური სიღარიბე და შედარებითი სიღარიბე. აბსოლუტური სიღარიბე _ ეს არის ბაზისური ადამიანური მოთხოვნილების ნაკლებობა, როგორიცაა: სუფთა წყალი, საკვები, თავშესაფარი, განათლება ჯანმრთელობა და ტანსაცმელი, რადგან ადამიანს არ აქვს უნარი, მოახერხოს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. შედარებითი სიღარიბე კი _ ეს არის, როდესაც ადამიანს უფრო ნაკლები ფული, ან ქონება აქვს, ან ნაკლები შესაძლებლობა სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისა იმ საზოგადოებასთან შედარებით, სადაც ის ცხოვრობს.
საბოლოოდ კი, შეიძლება ითქვას, რელურად, რამდენ ადამიანს აქვს იმაზე მეტი შემოსავალი, ვიდრე უფიქსირდება და რამდენი მათგანი მალავს გადასახადებს სახელმწიფოსგან, ზუსტი სტატისტიკა უცნობია. ერთი კი ცხადია და ცალსახა, 3 720 000 მილიონიან ქვეყანაში 0,8%-იანი (ოფიციალური მონაცემებით) მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ცოტაა.
მოსახლეობის ნაწილთაგან ან არიან ღარიბები, ან მეტად შეძლებულები. საშუალო ფენის ფორმირება კი არ ხდება. რომელ მათგანს მივეკუთვნებით მე და თქვენ ევროპული სტანდარტებით, ეს საკითხავია.
ნინო ტაბაღუა