მას პირველად სოციალური თერაპიის სახლში შევხვდი, იმ ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებული ზრუნვა რომ სჭირდებათ. არასდროს არაფერი ენანება ცხოველებისთვის და ყველაზე ხშირად ნახევარდაცვის ხაზზე ფიქრობს.
26 წლის ბიჭი, ამ ყველაფერთან ერთად, პროფესიით ჟურნალისტია, თან მწერალი, ლექტორი, მენეჯერი და საყვარელი გუნდის თავგადადებული გულშემატკივარი.
რასაც ვერასდროს გაამართლებს და ვერ იტანს, ეს კონფორმიზმია. საკუთარი ღირებულებებითა და მასზე აღმოცენებული პრინციპებით ხელმძღვანელობს და რაიმეს შეცვლას არ გეგმავს. „აპოკალიფსის დღიურები“ დაწერა, რომლის მთავარი გმირიც ყველაზე მეტად წიგნის ავტორს ჰგავს. წერს ჭიქა ყინულიანი ვისკის თანხლებით და გამოსდის პოსტაპოკალიფსური ფენტეზი, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ყოველდღე ახალ შესაძლებლობებს აძლევს და ნამდვილი სახე მხოლოდ დაორთქლილ სარკესთან შეიძლება დაინახოს. ის დღეს ჩვენი სტუმარია.
მაშ, ასე! გაიცანით თორნიკე რაზმაძე, _ ჟურნალისტი, მწერალი, მენეჯერი, PR-ის სპეციალისტი და ლექტორი.
_ მომიყევი ცოტაოდენი შენზე, რომ მკითხველმა უკეთ გაგიცნოს.
_ მე ვარ თორნიკე რაზმაძე, 26 წლის, დავიბადე და გავიზარდე თბილისში, თუმცა წარმოშობით რაჭიდან ვარ ორივე მშობლის ხაზით და ზაფხულშიც მუდმივად იქ დავდივარ დასასვენებლად. ჩემი საქმიანობის სფეროებია ჟურნალისტიკა და საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR). თავისუფალ დროს ვწერ, ვუყურებ ფეხბურთს და თუ ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, რაც იშვიათად ხდება, გეიმინგითაც ვარ დაკავებული.
_ როდიდან დაინტერესდი ჟურნალისტიკით?
_ რთულია კონკრეტული თარიღის დასახელება, ალბათ, მაინც მაშინ, როდესაც 18 წლის ვიყავი და იმაზე ფიქრი დავიწყე, რომელი უნივერსიტეტი და სპეციალობა უნდა ჩამეწერა პირველ ნომრად ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. სხვათა შორის, ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება. ბევრი პოპულარული პროფესიის ჩამონათვალი მქონდა, რომელიც ზუსტად ვიცოდი, რომ არ მაინტერესებდა, მაგრამ რა მაინტერესებდა, ეს მხოლოდ ჩაბარებამდე რამდენიმე თვით ადრე გადავწყვიტე. ამჟამად ამ სფეროში აღარ ვმუშაობ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ შეცდომა დავუშვი, მოწოდებით დღემდე ჟურნალისტი ვარ.
_ რა მოგცა იმან, რომ დღეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პოპულარობით სარგებლობ?
_ როდესაც ამ კითხვას მისვამენ, სულ მეცინება ხოლმე, იმიტომ რომ მართლა ცხადად მახსოვს ის დღე, როდესაც წიგნის დაწერა გადავწყვიტე. სასაცილო კი ის არის, რომ ბლოგის გაკეთება მინდოდა და ტექნიკურად ვერ გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ადვილია (როგორც ამბობენ). ეტყობა, საკმარისი უნარები და მოთმინება არ აღმომაჩნდა. ჰოდა, გადავწყვიტე, მთელი ნააზრევისა და გულის ტკივილის სხვა ფორმით გადმოცემა, თანაც იმ ჟანრში, რომელიც ძალიან მაინტერესებს _ პოსტაპოკალიფსური ფენტეზი. ასე შეიქმნა „აპოკალიფსის დღიურები“.
მთელ ამ პროცესში ყველაზე რთული არა დაწერა, არამედ დაბეჭდვა იყო. გამაღიზიანებელია, როცა ფულის გაკეთება უნდათ იმისგან, რაშიც შენ ამხელა ენერგია და ემოცია ჩადე (სტამბებსა და გამომცემლობებს ვგულისხმობ).
არანაირი პოპულარობით მე არ ვსარგებლობ, ვინმეს თუ ჰგონია ასე, ილუზიაა, მერწმუნეთ.
_ წერისა და ჟურნალისტური საქმიანობის გარდა რას აკეთებ?
_ ვკითხულობ ლექციებს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ორ სხვადასხვა უნივერსიტეტში, სამომავლოდ კიდევ ვაპირებ ახალი საგნების დამატებას. ამჟამად დაკავებული ვართ „ბარსელონას“ ოფიციალური ფანკლუბით, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გაიხსნა თბილისში. ფეხბურთსა და „ბარსელონას“ ჩემს ცხოვრებაში უკვე 18 წელია, უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. იგი მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ჰობი და ინტერესი.
_ რამეზე თუ მუშაობ ახლა (ახალ წიგნზე)?
_ ვმუშაობ ახალ წიგნზე „მჭიდროდ დაკეცილი დროშები“, რომელიც, ასევე, სათავგადასავლო რომანი იქნება, თუმცა ამჯერად არა პოსტაპოკალიფსური ფენტეზი. წიგნი ეხება თანამედროვე ადამიანების ცხოვრებას, პოლიტიკურ და სოციალურ სისტემებსა და სამი მეგობრის ისტორიის მაგალითზე გვიჩვენებს, რას უკეთებს სისტემები ადამიანებს, რომ ყველაფერი შეიძლება ტყუილზე იყოს აგებული, ისიც კი, რაც ჩვენი მორალური ცხოვრების ქვაკუთხედს ქმნის. ხშირად უკითხავთ მეგობრებს: რა მიზნით წერ ამ წიგნსო? და ვხუმრობ ხოლმე: ადამიანი როცა წაიკითხავს, მინდა, რომ ყველაში და ყველაფერში ეჭვი შეიტანოს-მეთქი. რაც უფრო ხშირად ვამბობ ამას, უკვე ნაკლებად მეჩვენება ხუმრობად.
_ ვინ გიფასებს ყველაზე ობიექტურად შენს ნაშრომს?
_ ვერავინ. ვცდილობ, ისევ მე გამოვდგე შემფასებლად. ვინც არ მიცნობს, იმის პოზიცია არ ვიცი. ვინც მიცნობს, ყოველთვის მგონია, რომ დადებითი შეფასება ნაცნობობის, ან მეგობრობის გამოა გადაჭარბებული.
_ რას აკეთებ ყველაზე დიდი სიამოვნებით?
_ ფეხბურთის ყურება, ავტომობილის მართვა და წერა ჭიქა ყინულიანი ვისკის თანხლებით.
_ ვისთვის, ან რისთვის არ გენანება რაიმე?
_ ცხოველებისთვის არ მენანება არაფერი.
_ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის (საქმეში)?
_ სიამოვნების მიღება.
_ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებ ყველაზე მეტად?
_ პრინციპების ერთგულებას, თუნდაც ამ პრინციპებს ბევრი მცდარად აფასებდეს. ცხოვრება უცნაური რამეა, ის, რის გამოც დღეს იკიცხები, როდესმე, თუნდაც, შენი სიცოცხლის დასრულების შემდეგ, შეიძლება საამაყო მაგალითად მონათლონ. ამიტომ მთავარია, გქონდეს შენი ფასეულობების სისტემა და არასდროს გადაუხვიო მას, თორემ კონფორმისტი გახდები.
_ გადაწყვეტილება გაქვს, რომელიც გინანია?
_ პატარა ვიყავი, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ, ასე, 8-9 წლის, გუბეში ბაყაყებს ქვებს ვესროდი. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ მოხვდებოდათ, მაგრამ ერთ-ერთს მოხვდა და მოკვდა. დღემდე მახსოვს, როგორ განვიცადე. ალბათ, ახლა სასაცილოდ ჩანს, მაგრამ, რეალურად, ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაშინ ვინანე, იმ წამს.
_ რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
_ როგორც უკვე ვთქვი, კონფორმიზმი. მზად ვარ, დავხოცო ადამიანები, რომლებიც გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე შეხედულებებს იცვლიან, პრინციპებს ღალატობენ, ან საერთოდაც არ აქვთ მსგავსი მორალური ფასეულობები.
_ რისთვის არ გენანება დრო?
_ „ბეჭდების მბრძანებლისთვის“.
_ თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
_ პერიოდულად, ან სეზონურად ვიცი ბარების ამოჩემება და იქ დავდივარ ხოლმე. შემდეგ მუდმივად ვწუხვარ იმაზე, რომ ქართველებს ასე ძალიან გვიყვარს ლუდი და ფეხბურთი, მაგრამ არც ერთი არ გვივარგა.
_ მაქსიმალისტი ხარ (ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვარს ხოლმე? გინდა, რომ სულ პირველი იყო შენს საქმეში)? თუ ხარ/არ ხარ, რაში გამოიხატება მაქსიმალისტობა, ან პირიქით?
_ ალბათ, მაინც არ ვარ მაქსიმალისტი, რადგანაც სულ მგონია, რომ უფრო მეტი შემიძლია, მაგრამ ამ უფრო მეტს არ ვთხოვ ხოლმე საკუთარ თავს. შეიძლება, ამას სიზარმაცე ჰქვია.
_ რა ჟანრის, ვის მუსიკას უსმენ ხოლმე?
_ ჩვენი მშობლების თაობა რასაც უსმენდა, 70-80-იანი წლების კლასიკურ და არაკლასიკურ როკს.
_ რას გაძლევს ყოველი ახალი გათენებული დღე?
_ ახალ შესაძლებლობებს.
_ რაზე ოცნებობ?
_ ვოცნებობ საფეხბურთო კომენტატორობაზე და „ელ კლასიკოს“ წაყვანაზე. კიდევ იმაზე, რომ ჩემს წიგნზე ფილმი გადაიღონ. იქნებ, როდესმე რომელიმე ასრულდეს კიდეც, არა მგონია, ზედმეტად უტოპიური ოცნებები იყოს.
_ თუ გყავს ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ.
_ კი, დათო, ჩემი წიგნის გმირი, ვგავარ კი არადა, მე ვარ, ალბათ.
_ ვინ არის მისაბაძი მაგალითი შენთვის? რატომ?
_ ვცდილობ, არავის მივბაძო, რადგანაც მათზე უკეთ მათი თავის თამაში მაინც არ გამომივა. რაც არ უნდა მაღალი დონის მსახიობი თამაშობდეს ადოლფ ჰიტლერს, თავად ჰიტლერზე უკეთ მაინც ვერ ითამაშებს.
_ დღეს რა პრობლემას ხედავ იმ სფერო(ებ)ში, სადაც მოღვაწეობ და, ზოგადად, საქართველოში?
_ ფული გვიყვარს, ზედმეტად გვიყვარს. აქედან მოდის ყველა პრობლემა.
_ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?
_ მოვა დრო, როდესაც ფულით ვეღარაფერს ვიყიდით. ალბათ, ჩვენ მაშინ ცოცხლები აღარ ვიქნებით, მაგრამ სწორედ მაშინ მოგვარდება ყველა მსგავსი პრობლემა.
_ როდის ისვენებ ხოლმე და როგორ?
_ ზაფხულში კაკლის ჩრდილში წამოწოლილი. ეგ არის დასვენება, სხვა ყველაფერი დასვენების მოგონილი ფორმაა.
_ ვინ გენატრება ყველაზე მეტად?
_ გიორგი ჯაფარიძე, ჩემი საუკეთესო მეგობარი, რომელმაც 2 წლის წინათ დაგვტოვა.
_ შენი აზრით, თავისუფალი ხარ?
_ არა, ჩვენ ყველა შექმნილი სახელმწიფო და პოლიტიკური სისტემების მონები ვართ, რომლებსაც გვგონია, რომ ეს არის თავისუფლება.
_ რა არის თავისუფლება შენთვის?
_ თავისუფლება არის უფლება, აკეთო ყველაფერი, რაც შენ მოგწონს და სხვას არაფერს უშავებს.
_ ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა?
_ არ ვიცი. თუ ხვალ მოვკვდი, აღმოჩნდება, რომ ცხოვრების ბოლო ეტაპზე ვყოფილვარ, თუ არადა, შეიძლება, საწყისიც იყოს.
_ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვს (ამ კითხვის პასუხი განსაკუთრებით მაინტერესებს)?
_ ამ კითხვაზე პასუხი არასდროს მექნება. 4 წლის წინათ რომ ეთქვა ვინმეს, წიგნს დაწერ და ლექციებს წაიკითხავო, ალბათ, სასაცილოდ არ მეყოფოდა.
_ რაიმე მისია გაქვს ცხოვრებაში?
_ არა, როგორც წესი, ადამიანები მისიებით არ იბადებიან, თვითონ იქმნიან ამ მიზნებსა და მისიებს. ამიტომაც არ გვიყვარს ხოლმე ხანდახან რაღაც მისიით მოვლენილი ადამიანები, ჩვენზე უკეთესები გვგონია და ჯვარს ვაცვამთ ყველანაირი გაგებით.
_ რა არის ის, რისთვისაც იბრძვი?
_ საკუთარი თავი.
_ შენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდი, ან გამოასწორებდი შენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად?
_ ჩემი ნება რომ იქნება, მაგაზე მერე დავფიქრდები. სანამ რაღაცის შეცვლა შეგეძლება, მანამდე რომ იწყებ ფიქრს, ეს გვიჩენს ხოლმე ადამიანებს ნევროზს ზუსტად.
_ რა არის ცხოვრების აზრი შენთვის?
_ ამ კითხვაზე რაც არ უნდა გიპასუხო, ყველაფერი სისულელედ გამოჩნდება.
_ როგორ ფიქრობ, გაქვს თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში?
_ წარმატება ცუდი სიტყვაა, მაღიზიანებს, იმიტომ, რომ ჩემთვის არასაინტერესო რამეებს არქმევენ. წარმატებაა კარგი სამსახური, წარმატებაა დიდი შემოსავალი, წარმატებაა კარგი სახლი, მანქანა, სოციალური სტატუსი. მერე?!
_ გაქვს ისეთი პრინციპი, რომელსაც არ უღალატებ არასდროს?
_ კი, ყველა პრინციპი ასეთია. მთავარი კი ის არის, რომ არასდროს გახდე კონფორმისტი.
_ რომ არა ის, ვინც ახლა ხარ, ვინ იქნებოდი?
_ ახლა ვინ ვარ, რომ გავიგებ, მაგაზე პასუხიც შემდეგ მეცოდინება.
_ რა არის შენი სამომავლო გეგმა?
_ არ მაქვს.
_ რაზე ფიქრობ ხოლმე ყველაზე ხშირად?
_ ნახევარდაცვის ხაზზე.
_ ვისი იმედი გაქვს ცხოვრებაში?
_ იღბლის.
_ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე შენთვის და როგორ გგონია, სად არის ხსნა ადამიანებისთვის?
_ სიმშვიდე ჰქვია ფოთლების შრიალს, ხსნა კი არსადაა. აი, ასე პოეტურად თუ პროზაულად გიპასუხებ.
_ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებ ხოლმე.
_ რატომ სვამ კითხვას, რომელზედაც პასუხი უკვე იცი (შენ არ მოგმართავ, გამონათქვამი მაქვს ასეთი)?
_ ვინ ხარ რეალურად და ვისთან ხარ ნამდვილი თორნიკე?
_ დაორთქლილ სარკესთან.
_ რა იქნება შენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ მაინც უნდა დავიხოცოთ და იქნებ...
ნინო ტაბაღუა