ერთმანეთი 2011 წლის შემოდგომაზე გავიცანით. ზუსტად ის დროა, ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში რომ შემოაბიჯა. პოლიტიკისგან ორივე შორს ვიყავით, ფეხბურთი იყო ორივეს ცხოვრების აზრი, თუმცა, ცხადია, სხვების მსგავსად, დიდი პროტესტი გვქონდა არსებული რეალობის მიმართ და უკეთეს საქართველოზე ვოცნებობდით.
პოლიტიკას კი, სხვა ყველაფრის მსგავსად, ფეხბურთიც ვერ ემიჯნებოდა. 2011 წლის შემოდგომაზე ჩაწყობილი მატჩების თემა აგორდა. ჩემი კოლეგების მსგავსად, ლამის, ყოველდღიურად ვწერდი ამ საკითხზე, მაგრამ ქართულ ფეხბურთში მოღვაწე უკეთური ხალხი გამოღმა გვედავებოდა, რადგან მათ აშკარა უნამუსობას ფაქტების გარეშე ვერ ვამტკიცებდით. ფაქტების მოპოვება კი, თითქმის, წარმოუდგენელი იყო.
მორიგი მასალის წერის პარალელურად „ფორუმ.ჯის“ ფორუმის შესაბამის თემას ვათვალიერებდი, სადაც ბოლო დღეებში იუზერი „ხარში“ გააქტიურებულიყო. პირდაპირ „ათიანში“ ურტყამდა, იმდენ ინფორმაციას ფლობდა. უკეთეს რესპონდენტს, თუნდაც ინკოგნიტოს, ჩაწყობილ მატჩებსა და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე მომუშავე ჟურნალისტი ვერ ინატრებდა. მიმოწერისას შემპირდა, _ ეს რა არის, ისეთ შემზარავ ფაქტებსაც კი გეტყვი, ფორუმზე ჯერ რომ არ მიხსენებიაო.
რედაქციაში მოვიდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი. თავიდანვე შევთავაზე, _ ცუდი დროა და სჯობს, ინკოგნიტო რესპონდენტად დარჩე-მეთქი. _ მე დათო ვარ, ხარშილაძე, ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები, არაფრის მეშინია, დანარჩენი კი შენ გადაწყვიტეო.
ისეთები მოყვა, თმები ყალყზე დამიდგა. დეტალები ახლა აღარ არის საინტერესო _ დათოს მონათხრობში ყველა ის ცნობილი ქართველი საფეხბურთო ფუნქციონერი, მწვრთნელი, მსაჯი თუ ფეხბურთელი იყო ნახსენები, რომელთა შესახებაც ისედაც იცოდა გულშემატკივარმა, მაგრამ „შიგნიდან“ გამოტანილ ინფორმაციას სულ სხვა ეფექტი ჰქონდა. სტატიაში ინფორმაციის წყარო არ დავასახელე.
დათო ყოფილი ფეხბურთელი იყო და ყოველივე ეს საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი. „ლევან, ჩემი ფეხბურთელობა დამთავრებულია, დასაკარგი აღარაფერი მაქვს, მე და შენ ქართულ ფეხბურთს ვერ ვუშველით, მაგრამ მოდი, მაინც ვიაქტიუროთ, ეგებ, ეს გაშავებული და ლაფში ამოსვრილი საქმე სულ ოდნავ მაინც გამოვასწოროთ“, _ მითხრა პირველსავე შეხვედრაზე. მისმა ენერგიამ და ბავშვურად მოციმციმე თვალებმა დიდი იმპულსი მომცა. ჩვენ შეხვედრიდან რამდენიმე წუთში უკვე აღარ ვიყავით ჟურნალისტი და რესპონდენტი, მეგობრებად და თანამოაზრეებად ვიქეცით.
დათომ თავისი იდეა იმავე დღეს გამიზიარა, _ ჩაწყობილი მატჩების საწინააღმდეგო კამპანია ავაგოროთო. შეკრიბა ქართული კლუბების გულშემატკივრები და ბანერების დაბეჭდვა ითავა. „არა ჩაწყობილ მატჩებს!“ _ ეს სამი, თითქოს, უვნებელი სიტყვა ბევრს ესობოდა გულში ლახვრად. როგორც კი მიუვიდოდა დათოს ხმები, რომ ესა თუ ის თამაში წინასწარ იყო გარიგებული, ბანერს უმალ იმ ქალაქში გზავნიდა და ის ფეხბურთელები და კლუბების მმართველები, რომლებსაც ეგონათ, სასურველ შედეგს უპრობლემოდ „დავსვამთ“ და ვერავინ გაიგებსო, დათოს გაგზავნილ ბანერს გახევებული შეჰყურებდნენ. ბევრგან ამის გამო მატჩმა ნაღდ ბრძოლაში ჩაიარა, ბევრგანაც ბანერის ჩამოსაგლეჯად თავად პოტენციურმა ჩამწყობმა გაიწია...
დათოს იმხანად დეპრესიული პერიოდი ჰქონდა, თითქმის სულ სახლში იჯდა და ინტერნეტის მეშვეობით ადევნებდა თვალს თავისი ბანერის მოგზაურობას. მე ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობას ვაგრძელებდი და დათოსგან ახალ-ახალ საინტერესო საფეხბურთო ამბებს ვისმენდი. აშკარად გახალისდა, მაგრამ ხშირად მაინც ვერ იყო კარგ გუნებაზე.
მის დეპრესიას, თავს ვიმტვრევდი, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი, და უცებ გამახსენდა...
...დათოს გაცნობამდე რამდენიმე თვით ადრე საფეხბურთო თვალსაწიერის გასაფართოებლად სამწვრთნელო კურსებზე ვიარე და ლიცენზიაც ავიღე. მერე თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ბავშვები შევკრიბე და გუნდის ჩანასახიც შეიქმნა. თუმცა დიდი მცდელობების მიუხედავად, სამსახურთან მწვრთნელობის შეთავსება ვერ შევძელი, იყო სხვა უამრავი საორგანიზაციო პრობლემაც და ბავშვებს დავემშვიდობე, საბედნიეროდ, როგორც მერე გამოჩნდა, დროებით.
ერთ-ერთი საუბრის დროს დათომ ინატრა, _ ნეტავ, მწვრთნელობა დამაწყებინოო.
_ ბიჭო, მთლად „მანჩესტერის“ ვარიანტი არ მაქვს, მაგრამ რამდენიმე ბავშვი ჩემს ზარს ელოდება და ხომ არ დაგვერეკა-მეთქი?
_ სად იყავი აქამდე? _ პატარა ბავშვივით წამოიყვირა, წამოხტა, _ დროზე დავრეკოთ!
_ კარგი, ოღონდ გაფრთხილებ, მოედანი ძალიან დანგრეულია, ტერიტორიულად შორსაა, ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან არიან და ყოველთვიური გადასახადის გადახდა კი არა, ათლარიანი კედების ყიდვა უჭირთ.
_ რაის გადასახადი, თუ ძმა ხარ, მოედანსაც გავაკეთებ, ყოველდღე ორ საათს „მარშრუტკაში“ ფეხზე ვიდგები, კედებსაც მე ვუყიდი და ფორმასაც! დავრეკოთ და წავედით!
დავრეკეთ და წავედით. წავედით და დაიწყო პერიოდი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემსა და დათოს გულსა და მოგონებებში. წინასწარ ვიტყვი, რომ დათოს დიდი ძალისხმევით მართლაც მოვაწყვეთ მოედანი, ჩვენი მწირი სახსრებით ბავშვები ფორმითაც შევმოსეთ და „მარშრუტკითა“ და ავტობუსითაც ბევრი ვიჯაყჯაყეთ. შიგადაშიგ, რომელიმე ჩვენგანს ტაქსის ფული რომ აღმოაჩნდებოდა, მოედნამდე გაცილებით დიდი ენერგია მიგვყვებოდა ხოლმე.
დათომ სამწვრთნელო კურსების კონსპექტები გამომართვა და ჩაუჯდა, ჩემგან თეორიული საკითხები გაიგო, მე მისგან ბევრი პრაქტიკული საფეხბურთო ნიუანსი ვისწავლე და ასე შევავსეთ ერთმანეთი _ შევქმენით ღარიბი, მაგრამ ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც, იქნებ, საფეხბურთო მწვერვალები არ დაუპყრია, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთის სივრცეში თავისი კუთვნილი პატარა ადგილი ღირსეულად დაიკავა.
თითო „სნიკერსი“ ყველა ბავშვს მოგებული მატჩის შემდეგ _ ეს დათოს მიერ დამკვიდრებული ტრაციებიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც უპირობოდ სრულდებოდა.
ფეხბურთი, უპირველესად, სოციალური მოვლენაა და ნებისმიერ გამარჯვებაზე მეტად, ჩემი და დათოს ფასეულობათა სისტემაში, ჩვენი ბავშვების სწორ გზაზე დაყენება ფასობდა. სიკეთე და ქველმოქმედება აფიშირებისთანავე კარგავს ფასს და ამიტომაც ამ თემას აქვე დავუსვამ წერტილს _ ასე რომ არ ვქნა, დათოც გამიბრაზდება და ელისოც, რომელიც ჩვენი საქმის ერთ-ერთ უმთავრეს გულშემატკივრად იქცა და ჩვენი ბავშვების გულებსა და ოჯახებში დიდი სიხარულიც შეიტანა...
გადიოდა თვეები, ჩემი მცირე და დათოს სუპერენერგიით დამუხტული ჩვენი ბიჭები ფეხბურთის თამაშს სწავლობდნენ და რაც მთავარია, ჩვენ მაგალითი ვიყავით იმისა, რომ ცხოვრებაში მთავარია მეგობრობა, რწმენა, მოყვასის სიყვარული, სწავლა, თავმდაბლობა და შრომისმოყვარეობა. ეს ზოგადი სიტყვებია, უფრო კონკრეტულად კი ერთ რამედ ღირდა იმის ნახვა, როგორ მუხტავდა და მოძღვრავდა დათო ჩვენს ბიჭებს. ამის დეტალურად მოყოლა და სიტყვებით გადმოცემა ჩემს ძალებს აღემატება.
ასაკით ჩემზე პატარა ბიჭის ეს საოცარი სიტყვები ტანში ჟრუანტელს მგვრიდა და ლამის იყო, ჩვენს ბავშვებთან ერთად მეც შევვარდნილიყავი მოედანზე.
ყოველი დარიგება კი აუცილებლად ასე მთავრდებოდა: ფეხბურთელები შეიძლება ვერ გამოხვიდეთ, მაგრამ უნდა იყოთ კაცები, უნდა იყოთ ადამიანები, გძულდეთ უსაქმურობა და უსწავლელობა, არ ჩაგითრიოთ ქუჩის ჭაობმა...
კაცს, რომელიც ამ სიტყვებს ყოველდღე იმეორებდა, ამ ჭაობის აუცილებელი ატრიბუტი ჩაუდეს ჯიბეში...
ამასობაში, 2012 წლის ოქტომბერიც დადგა. არჩევნები მოვიგეთ, უფრო სწორად, გვეგონა, რომ ეს ჩვენი გამარჯვება იყო.
გამოცხადდა თუ არა შედეგები, ეგრევე დამირეკა:
_ გილოცავ, ძმაო, ამ წუთიდან ჩვენ ახალ საქართველოში ვცხოვრობთ, _ მითხრა აკანკალებული ხმით.
_ მეც გილოცავ, აბა, როგორ საქართველოში, დავით? _ არანაკლებია ჩემი ემოცია, თან მეგობრის აზრი მაინტერესებს, რას ელის ხვალინდელი დღისგან.
_ ისეთში, სადაც უსამართლობა არ იქნება, სადაც პატიმრებს აღარავინ აწამებს, სადაც ნამდვილი ფეხბურთი გვექნება, სადაც წამალს აღარავის ჩაუდებენ!
აღელვებულებმა და უზომოდ გახარებულებმა კიდევ ბევრი იმედი გავუცვალეთ ერთმანეთს, ეს ბოლო სიტყვები განსაკუთრებით დამამახსოვრდა. ვერ ვიტყვი, რომ დათოს დაკავების მერე ამომიტივტივდა, არა, სულ თავში მიკაკუნებდა, არ ვიცი, რა იყო ეს _ ალბათ, წინათგრძნობა, რომელიც, სხვა კეთილი მოლოდინების მსგავსად, უკუღმა ახდა. „წამალს აღარავის ჩაუდებენ“, „წამალს აღარავის ჩაუდებენ“, _ რა გულუბრყვილოები ვყოფილვართ.
მალე გახარებულმა მითხრა, _ დედაჩემს ბევრი საინტერესო გეგმა აქვს და ჩვენ გვერდით ხომ იქნებიო? იცოდა, ჩემს მაშინდელ სამსახურში თავს კომფორტულად რომ ვერ ვგრძნობდი და დამპირდა, შენთვის ეს პერიოდი ისევე დასრულდება, როგორც შენ დაასრულე ჩემი დეპრესიაო. _ რაც გამოვა, გამოვა, ჩემთვის ასე ძალიან ნუ წუხდები-მეთქი. _ აი, ნახავ, რაც გამოვაო.
_ გამოვიდა! _ მომახარა ჩვეული ემოციით.
გამოსვლით კი მართლაც საოცარი რამ გამოვიდა. გრძნობების გამოხატვა ჩემი ძლიერი მხარე არ არის, ამიტომაც დღემდე ვერ გამოვხატე დათოსა და ელისოს მიმართ ის მადლიერება, რაც გულით დამაქვს ამდენი წლის განმავლობაში. მადლობა თქვენ თითოეული დღისთვის, მადლობა ასეთი დაფასებისთვის, მადლობა იმისთვის, რაც მე არ დამიმსახურებია! მინდა იცოდეთ, რომ ჩემი 15-წლიანი ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში არც ერთ სამსახურში არ მიგრძვნია თავი ისე კომფორტულად და ბედნიერად, როგორც „ქრონიკა+“-ში. ვიმსახურებ თუ არა აქ ყოფნას, ეს, დაე, მკითხველმა განსაჯოს! მადლობა არაჩვეულებრივი სითბოსთვის და გარემოსთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თქვენი მეშვეობით გავიცანი აქ და მათ არა თანამშრომლებად, არამედ მეგობრებად აღვიქვამ!
გაზეთის სული და გული კი თვითონ დათოა, მისი უშრეტი ენერგია აქაც დიდ ცეცხლს ანთებს. დიახ, ანთებს და არა ანთებდა, მას ხომ ნებისმიერი ადგილმდებარეობიდან შეუძლია თანამებრძოლების „მოქოქვა“, მათ შორის, იქიდანაც, სადაც მავანს სულ ტყუილად ჰგონია, რომ დედა-შვილს გატეხს.
მოკლედ, მადლობები და ემოციები გამიგრძელდა და აქაც წერტილი, დათო რომ არ გავაბრაზო.
მას ასეთი წვრილმანებით უფრო „ააგდებ“, მისი ემოციების აზვირთებას არაფერი უნდა, სამაგიეროდ, მის დაჩაგვრასა და დათრგუნვას ამქვეყნად ვერავინ შეძლებს. სჯობდა, იმ ხალხს, ვინც ეს სიბინძურე მოიფიქრა და განახორციელა, ცოტა მეტი ინფორმაცია მოეძიებინა დათოს ხასიათის შესახებ და უმალ მიხვდებოდა, რომ მსგავსი ხრიკებით მას მხოლოდ გააძლიერებდნენ. ან ის რატომ ვერ ივარაუდეს, რომ ელისოს შვილი სწორედ ასეთი იქნებოდა?!
მის ადგილზე სხვა ნებისმიერი რომ იყოს, მეც და მისი სხვა მეგობრებიც ნემსის ყუნწში გავძვრებოდით, რომ დამამშვიდებელი და გასამხნევებელი სიტყვებისთვის მოგვეყარა თავი, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ დათოს ჩვენგან ნუგეში არ სჭირდება, პირიქით, ჩვენგან მოითხოვს სიმტკიცეს, რადგან ამ ბრძოლაში ერთმანეთის გარეშე ვერ გავიმარჯვებთ. მტკიცედ დგომა კი ოთხკედელშუა გამოკეტილი ამ ტანმორჩილი ბიჭისთვის გაცილებით იოლი ამოცანაა, ვიდრე გისოსებს აქეთ დარჩენილთათვის.
დათო, შენს თავისუფლებას ამქვეყნად ვერც ერთი საპყრობილე ვერ აღკვეთს, შენ ახლა შეიძლება, იმაზე მეტადაც კი ხარ თავისუფალი, ვიდრე 13 მარტამდე იყავი. შენში იმხელა სიყვარულია, ვიცი, არც იმათზე გაბოროტდები, რომლებიც სასამართლო დარბაზში ნაჯახისებური სახით უტიფრად გვიმტკიცებენ თეთრზე შავს და შავზე _ თეთრს. ყველაზე კარგად ხომ შენ იცი, რომ სწორედ ისინი არიან, სინამდვილეში, პატიმრები, სწორედ მათი სულებია გაურკვეველი ვადით დაპატიმრებული.
იყავით კაცები, იყავით ადამიანები _ ყველაზე ხშირად ეს სიტყვები მახსენდება, ჩვენს ბავშვებს რომ მოუწოდებდა. დათოს საყვარელი ხალხის „დუხზე მოსაყვანად“ საჭირო სიტყვების პოვნა არასდროს უჭირდა, მაგრამ ეს ორი სიტყვა საძებარი არც არასდროს ჰქონია.
რადგან დათო, უბრალოდ, კაცია, უბრალოდ, ადამიანია, ძალიან უბრალო და თავმდაბალი ბიჭი, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან სხვანაირი და გამორჩეული...
იმ საქართველოში კი, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ბავშვური გულუბრყვილობით ვულოცავდით ერთმანეთს, ცოტა დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ვიცხოვრებთ. ჩემო დავით, ამ საქმეში შენი როლი განსაკუთრებული იქნება!
ლევან ჯანეზაშვილი