QronikaPlus
დავით ხარშილაძე: ,,მიხსენებდნენ დედას, რატომ არ ისვენებს, ხომ გააფრთხილეს?!“

დავით ხარშილაძე: ,,მიხსენებდნენ დედას, რატომ არ ისვენებს, ხომ გააფრთხილეს?!“

2017-04-28 13:33:32

2017 წლის 12 აპრილს გლდანის მერვე საპყრობილეში „ქრონიკა+“-ის თანამშრომელი, დავით ხარშილაძე გამოიკითხა. დაკავებისა და ნარკოტიკული საშუალებების ჩადების შემდეგ ეს მისი პირველი სრულყოფილი ჩვენებაა, სადაც იგი დაკავების სკანდალურ დეტალებს იხსენებს. „ქრონიკა+“ დავით ხარშილაძის ჩვენების სრულ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ:   „საქმის ირგვლივ მოგახსენებთ, რომ ვმუშაობ დედაჩემის, ელისო კილაძის მიერ დაარსებულ შპს „მედიაჰოლდინგ ქრონიკა+“-ში ადმინისტრაციის უფროსად, რომელიც განთავსებულია ქ. თბილისში, გუდაურის ქ. #3-ში. 2017 წლის ცამეტ მარტს მქონდა გადასახდელი ლომბარდის პროცენტი, სადაც ოჯახის საჭიროების გამო დაგირავებული გვქონდა ოჯახის კუთვნილი ძვირფასი სამკაული. აღნიშნულის გამო, დაახლოებით, 14 სთ-ზე შევედი დედაჩემის სამუშაო ოთახში, რა დროსაც მან გადმომცა ლომბარდში გადასახდელი თანხა _ 110 ლარი. ცოტა ხანში წავედი ოფისიდან დედაჩემის სახელზე რეგისტრირებული BMW X5-ით, სახ. ნომრით XA777RS , კოსტავას ქუჩაზე მდებარე „გალფის“ ავტოგასამართ სადგურზე შევავსე სწავავი, რის შემდეგაც გმირთა მოედანზე მდებარე ვულკანიზაციაში მივედი დაზიანებული საბურავისა და დისკის შესაკეთებლად, აღნიშნულის შემდეგ წავედი სპორტის სასახლესა და „მორკინალს“ შორის ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე ვერ შევძელი მანქანის გაჩერება და შესაბამისი ადგილის მოსაძებნად გზა გავაგრძელე კორპუსების უკან ვიწრო ქუჩაზე, ე. წ. ბარაკებთან. ამ ქუჩის დასახელება არ მახსოვდა, თუმცა როცა ამ ტერიტორიაზე მიწევდა გაჩერება, სპორტის სასახლესთან გზა ვიცოდი. აქვე ერთ-ერთ ჩიხში ცხოვრობდა ჩემი ნაცნობი, რომელთან სახლშიც ადრე ნამყოფი ვარ, მას ქუთაისიდან ვიცნობ, რადგან ნათესავები იქ ჰყავს. ერთ-ერთ ქუჩაზე მოვახერხე გაჩერება. ამის შემდეგ ფეხით წავედი სპორტის სასახლისკენ ლომბარდში თანხის შესატანად, გზაში გავჩერდი ჩასარიცხ აპარატთან, შევავსე ბალანსი ათი ლარით, რა დროსაც აღმოვაჩინე, რომ ლომბარდში გადასახდელი ფული მანქანაში, ე. წ. ბარში დამრჩენია, რის გამოც მანქანისკენ მოვბრუნდი. გზაში მომინდა ბუნებრივი მოთხოვნილება, რის გამოც გავცდი მანქანას, წავედი ახლად აშენებული კორპუსის მიმართულებით, იქ ვნახე მოფარებული ადგილი და მოვტრიალდი მანქანისკენ, ამ დროს დავურეკე ჩემს ბავშვობის ქუთაისელ მეგობარ ქეთი ჯანაშიას, მოვიკითხეთ ერთმანეთი. გათიშვის დროს დავხედე საათს, რადგან დედა _ ელისო კილაძე, ოფისში მელოდებოდა და საოჯახო საქმეებზე უნდა წავსულიყავით. აღმოჩნდა, რომ 16:10 წუთი იყო, რის გამოც უკვე ვაგვიანებდი და ოდნავ ავუჩქარე ნაბიჯს, რა დროსაც ზურგს უკან მანქანის სწრაფი დაშვების ხმა გავიგონე. რადგან ვიწრო ქუჩაა, რომელსაც ტროტუარი არ აქვს, რის გამოც მოვდიოდი შუა გზაზე, შევშინდი და ინსტინქტურად გვერდზე გავხტი. გზის სავალი ნაწილიდან გადასვლის მიზნით გავირბინე რამდენიმე მეტრი, რადგან გავცდენოდი მანქანებს და გადავსულიყავი გზის სავალი ნაწილიდან. ამ დროს მესმის ხმა, _ გაჩერდი, თორემ გესვრი! პარალელურად წინა მხრიდან მოაყენეს მანქანები _ ერთი სედანი და ორი ჯიპი, საიდანაც გადმოხტნენ ადამიანები, რამდენიმეს პოლიციის ფორმა ეცვა. იმწამსვე დავეცი მუხლებზე და ავწიე ხელები, რადგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი მქონდა ჩადენილი და არ მინდოდა, პოლიციელებს რამე ეჭვი გასჩენოდათ, რის გამოც მათ ჩემ მიმართ გამოეყენებინათ ძალადობა. იმის მიუხედავად, რომ მე დავემორჩილე პოლიციას და მუხლებზე მდგომი ხელებაწეული ველოდი იმის გარკვევას, თუ რა უნდოდათ მათ, ამ დროს აგრესიულად მომვარდნენ პოლიციელები _ 2 წინა მხრიდან, როგორც შემდეგ გავარკვიე, ჩიბირაშვილი და ვასაძე და 2 უკნიდან. ისინი სახეზე შემიძლია ვიცნო, სახელები არ ვიცი. ამ დროს ჩიბირაშვილმა და ვასაძემ ცემა და გინება დამიწყეს, ვასაძემ პირში ხელი ჩამარტყა, რა დროსაც წინა ზედა კბილი ჩამიტყდა, ასევე მცემდა ჩიბირაშვილი. ამის პარალელურად, ჩემს ზურგს უკან პოლიციელებმა აწეული ხელები ამომიტრიალეს უკან, ძალიან მტკივნეულად შემბოჭეს და მაქსიმალურად ვიწროდ დამადეს ხელბორკილი. ამ დროს ადგილი ჰქონდა სისტემატურად ჩემს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მუხლებზე მდგომი და ზურგს უკან ხელებდაბორკილი მომატრიალეს და სახით ასფალტზე დამაგდეს, რამდენიმე პოლიციელი ზურგზე მუხლით დამაწვა. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, რამდენიმე წამით გონებაც დავკარგე, ის კი ნამდვილად მახსოვს, რომ ვყვიროდი, თავზე მძიმე ტრავმა მაქვს და ნუ მირტყამთ. ასევე ვყვიროდი, რომ სუფთა ვიყავი და არაფერი ჩაედოთ. ამ დროს წაქცეულმა დავინახე, რომ საშუალო სიმაღლის მელოტი პოლიციელი, რომელიც ზაქარია ვასაძე აღმოჩნდა, გაემართა მუქი ფერის „პრადოს“ ჯიპისკენ, ჩაიცვა მოლურჯო ფერის ხელთათმანები და იმავე მანქანაში მყოფ რამდენიმე პირთან ერთად გამოემართა ჩემკენ. ერთი ხელი ვასაძეს მუშტად შეკრული ჰქონდა. მივხვდი, რომ რაღაცას მიდებდნენ და ისევ ავტეხე ყვირილი, _ სუფთა ვარ, ნუ მიდებთ-მეთქი. „პრადოდან“ გადმოსულმა ერთმა პირმა, საშუალო სიმაღლის, ტყავის ქურთუკში, ვისი ამოცნობაც შემიძლია, ამოიღო მობილური, გადამიღო სურათი და შესაძლოა, ვიდეოც, რის შემდეგაც ის მომიახლოვდა და თავზე წამომაფარა ჩემი ქურთუკისა და მოსაცმელის ქუდები. სრულად შემეზღუდა მხედველობა. ამ დროს რამდენიმე ადამიანი მცემს. პარალელურად მე ვითხოვდი ადვოკატს და ქუჩაში მყოფი პირების დასწრებას. 2-3 წუთის შემდეგ წამომაყენეს ფეხზე, მიმიყვანეს იქვე მდგარ გოლფთან. მე მათ ვუთხარი, ისევ მოეყვანათ მოწმეები, რომლებიც იქვე ტრიალებდნენ და ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდნენ, მათ შორის მესმოდა ნაცნობი ხმა, რომელიც, სავარაუდოდ, იყო ჩემ მიერ ზემოთ ხსენებული, ამავე უბნელი შორენა ლალიაშვილი, რომელსაც ქუთაისიდან ვიცნობ. ჩემი მოთხოვნების საპასუხოდ ისინი იქცეოდნენ აგდებულად, ცინიკურად და გამომწვევად, ასევე მაგინებდნენ. ამის შემდეგ ვასაძემ დაიწყო ჩემი ჩხრეკა, რა დროსაც ქურთუკის გულის ჯიბიდან ამოიღეს ჩემი პასპორტი, მასში ჩადებული „თიბისის“ პლასტიკური ბარათი და 20-ლარიანი კუპიურა. მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს სიგარეტი „პარლამენტი“ სანთებელასთან ერთად. ასევე ამოიღეს შარვალზე სპეცსაკიდით დაკიდებული მანქანის გასაღები. შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ორი გამჭვირვალე პაკეტი, რომელშიც მოთავსებული იყო კრისტალისებრი ფხვნილი, როგორც ინტერნეტში ნანახი მასალებით და ფოტოებით ვიცი, სავარაუდოდ, ბიო ამფეტამინი. ეს პაკეტები მე არ მეკუთვნოდა. მაშინვე დავიწყე ყვირილი, რომ წამალი ჩამიდეს და შველას ვითხოვდი. ამ დროს ისევ მომესმა ჩემი ნაცნობი შორენას ხმა, რომელიც პოლიციელებს უყვიროდა და მე მეკითხებოდა, ჩაგიდესო? მოვიხედე და შორენა დავინახე, რომელიც, სავარაუდოდ, ვიდეოს იღებდა. ეს პაკეტები სადაც იყო, ორივეში კრისტალისებრი ფხვნილი ვასაძემ ჩადო თეთრი ფერის კონვერტში და კონვერტი გადასცა ქუმელაშვილს, ხოლო სხვა ნივთები, რომელიც ჩემი იყო, რეალურად, დაულუქავად, კონვერტში ჩაუდებლად წამოიღეს. ამის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა მითხრა, ხელი მომეწერა რაღაც ფორმაზე, რომელიც ფურცლებზე იყო დაბეჭდილი. მე მოვითხოვე აეხსნათ, რატომ იყო ეს ფორმები ცარიელი? რა თქმა უნდა, შევსებული ოქმების ხელის მოწერაზე უარი განვაცხადე. ამის პარალელურად ადგილზე შეკრებილი მოსახლეობა პოლიციელების მიმართ აგრესიის გამოხატვას იწყებს, რის გამოც მსვამენ მანქანაში და მივყავართ რესტორან „თაღლაურას“ მიმდებარე ტერიტორიის გავლით დიღმის მასივისკენ. პოლიციის შენობასთან ახლოს გავჩერდით. ის მანქანები წავიდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით გაჩერებულები ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით. ამ დროის განმავლობაში ჩემზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, მიხსენებდნენ დედას, ელისო კილაძეს, რატომ არ ისვენებდა? ხომ გააფრთხილეს, რატომ აქვეყნებდა ხელისუფლებისა და შსს-ს, ასევე სუს-ის წინააღმდეგ მასალებს და ნიშნის მოგებით მემუქრებოდნენ ჩემი დაჭერით და წამლის ჩადებით. ამის შემდეგ ავედით პოლიციის შენობაში, სადაც გაგრძელდა სიტყვიერი, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, გამხადეს სრულიად და მაიძულეს, რამდენიმე ბუქნი გამეკეთებინა. მეუბნებოდნენ, რომ ახლა მაინც არ გაანებებთ თავს ამ გაზეთის გამოცემას, 2-3 მილიონი ხომ გაქვთ უკვეო! მე არ ვპასუხობდი მათ პროვოკაციებს, ვითხოვდი ადვოკატთან დაკავშირებას და ზარს ოჯახთან. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ მკითხეს ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები. მე მხოლოდ დედის ნომერი მახსოვდა და ვუთხარი კიდეც. პოლიციელებმა არ მოინდომეს ელისოსთან დაკავშირება, გახსნეს კომპიუტერში პროგრამა, რომელშიც ათვალიერებდნენ ჩემი და ჩემი ოჯახის მონაცემებსა და ფოტოებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებში ფაქტობრივი მისამართი მე მათთვის არ მითქვამს და ეს მისამართი ვახსენე ადვოკატთან ერთად დაკითხვის დროს, ასევე არ მითქვამს მარიამ ხარშილაძის, ჩემი დის ტელეფონის ნომერი მარტივი მიზეზის გამო, ზეპირად არც კი ვიცოდი. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, თითქოსდა, ჩემგან ამოღებული 2 პაკეტი ფხვნილი შეცვალეს სხვა პაკეტებით, რომელთაგანაც ერთში 3 აბი „სუბუტექსი“ აღმოჩნდა. ჩემ მიმართ განხორციელებულ ზეწოლას შეესწრო სახალხო დამცველის ადვოკატი; აგრეთვე წინასწარი დაკავების იზოლატორში შესვლისას სათანადოდ დააფიქსირეს პოლიციელების მიერ მოყენებული დაზიანებები; აგრეთვე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ ოპერატიულმა ჯგუფმა მერვე საპყრობილის შემოსასვლელთან მოტყუებით ჩამომართვა ჩემი კუთვნილი ნივთები, რომლის დაბრუნებასაც არ აპირებდნენ მანამ, სანამ წერილობით არ მივმართავდი პროკურატურას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენება მიცემული მაქვს თბილისის პროკურატურის გამომძიებელთან, რომელიც იძიებს ჩემ მიმართ პოლიციელების ჩადენილ დანაშაულთა საქმეს. ოქმში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით მზად ვარ, ჩვენება მივცე სასამართლოში. გამოკითხვის ოქმი დაწერილია ჩემი ხელით, ჩემი სიტყვებით. გავეცანი, სწორია და ვაწერ ხელს“.

გაზიარება