QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: „მოსამართლე ასმათ კოხრეიძე საქმეებს ისე იხილავს, არც კი ეცნობა!“

მამუკა ნოზაძე: „მოსამართლე ასმათ კოხრეიძე საქმეებს ისე იხილავს, არც კი ეცნობა!“

2017-04-28 11:17:43

ადვოკატი მამუკა ნოზაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ასმათ კოხრეიძეს არაკვალიფიციურობასა და საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებაში ამხელს. ადვოკატის თქმით, მოსამართლე საქმეებს გაცნობის გარეშე იხილავს და სასამართლო პროცესებს შეგნებულად აჭიანურებს. როგორც ნოზაძე აცხადებს, სხვა უამრავ მოსამართლესთან ერთად, ასმათ კოხრეიძეც ხელისუფლების შეკვეთებს ასრულებს და გადაწყვეტილებებიც შესაბამისი გამოაქვს. ასმათ კოხრეიძე 1959 წლის 24 თებერვალს სამტრედიაში დაიბადა; 1976 წელს დაამთავრა სამტრედიის #2 საშუალო სკოლა; 1976-1981 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სამართალმცოდნეობის სპეციალობით; 1981-1982 წლებში გადიოდა სტაჟირებას საქართველოს ადვოკატთა კოლეგიაში; 1982-1990 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი და მუშაობდა თბილისის სამგორის რაიონის ადვოკატურაში; 1986-1989 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტი; 1990-1995 წლებში მუშაობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად; 1992-1995 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილებაზე იტალიური ენის სპეციალობით; 1995-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 2005 წლიდან 2010 წლამდე, კონკურსის საფუძველზე, ეკავა აკადემიური თანამდებობა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის #781-ე ბრძანებულებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის თანახმად, ასმათ კოხრეიძე თბილისში, დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ფლობს 66,13 კვ.მ. ბინას და 16,39 კვ.მ. ავტოფარეხს. მას ასევე საკუთრებაში აქვს მსუბუქი ავტომანქანა „მიცუბიში პაჯერო“, რომელიც 2016 წელს 6800 აშშ დოლარად შეიძინა. 2016 წლის განმავლობაში ასმათ კოხრეიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხელფასის სახით მიიღო 73562,30 ლარი.   „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ადვოკატი მამუკა ნოზაძე: _ მოსამართლე ასმათ კოხრეიძე, მიუხედავად იმისა, რომ სამოსამართლეო საქმიანობის გარდა, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და სტუდენტებს ასწავლის, მიმაჩნია, რომ ის არის ერთ-ერთი არაპროფესიონალი მოსამართლე, რომელიც საქმეებს არც კი ეცნობა და ისე იხილავს. ეს თვალნათელია და სასამართლო პროცესზე აშკარად ჩანს. _ რაში გამოიხატება მისი არაპროფესიონალიზმი? _ შეიძლება, სასამართლო პროცესზე ის ვინმემ დაინახოს, როგორც ობიექტური მოსამართლე, რადგან სასამართლო სხდომაზე საქმის თითოეულ ფურცელს კითხულობს მაშინ, როდესაც მოსამართლე ვალდებულია, სანამ მოსამზადებელ სხდომას დანიშნავს, მანამდე გაეცნოს სრულყოფილად საქმეს, მტკიცებულებებს, მიმოხილვა გააკეთოს პროცესის გახსნისას და მოსამართლე საქმეს სასამართლო სხდომაზე არ უნდა კითხულობდეს. ამიტომ ზოგიერთი გამოუცდელი თვალი ისე აღიქვამს, თითქოს ასმათ კოხრეიძე ყურადღებიანი მოსამართლეა, ის დეტალურად კითხულობს ყველაფერს და წერტილ-მძიმით უსვამს ყველაფერს ხაზს, მაგრამ, ამ დროს, სხვა რამ ხდება _ გამოცდილი თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ ის არ იცნობს საქმეს და ამიტომ სასამართლო სხდომაზე მხარეების თანდასწრებით ცდილობს საქმის გაცნობას, ამიტომ კითხულობს იმ ფურცლებს სათითაოდ თავიდან ბოლომდე, რომ იქ ეცნობა საქმეს და მხარეებს აჩვენებს, ვითომ ერკვევა. ეს არის დაუშვებელი, ასეთი რამ მოსამართლის მხრიდან მიუღებელია! მეორე პრობლემა ისაა, რომ აჭიანურებს საქმის განხილვას იმიტომ, რომ დროს ფუჭად კარგავს, სასამართლო სხდომაზე ლექტორის ამპლუაში ჰგონია თავი. მოგეხსენებათ, სამეცნიერო საქმიანობა სულ სხვა სფეროა და მოსამართლის პრაქტიკული საქმიანობა სულ სხვაა, მოსამართლეს სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება. ასმათ კოხრეიძეს თავი ისევ ლექციებზე ჰგონია და ელემენტარულ წვრილმანებში კარგავს დიდ დროს, შემდგომ მხარეებს ეუბნება, რომ მას ამოეწურა საქმის განხილვისთვის გათვალისწინებული დრო, ამთავრებს პროცესს და დებს მას 3-4-5 თვე, შესაძლებელია, 6 თვის შემდგომაც დანიშნოს პროცესი იმ მოტივით, რომ თითქოს გადატვირთულია და დრო არ აქვს, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს. როცა მოსამართლე უყაირათოდ იყენებს დროს და სასამართლო პროცესზე ეცნობა საქმეს, მას ვერასოდეს დაასრულებს. ეს პრობლემებია ამ მოსამართლესთან მიმართებით. _ თქვენი აზრით, საქმეს მხოლოდ იმიტომ აჭიანურებს, რომ შესწავლილი არ აქვს? _ არა მხოლოდ ეს, ხანდახან საქმეებს იმიტომ აჭიანურებს, რომ ელოდება, თუ ვინ რა დაკვეთას მისცემს. ეს არ არის თავისუფალი ნების მოსამართლე, რომელიც კანონს ემორჩილება და სამოსამართლეო უნარ-ჩვევებით არის აღჭურვილი. ასეთ მოსამართლეთა კატეგორიას ასმათ კოხრეიძე არ განეკუთვნება. სამწუხაროა, რომ მას ისევ გაუგრძელეს მოსამართლეობის ვადა და სავარაუდოდ, ამ იუსტიციის საბჭოს პირობებში სამუდამო მოსამართლედაც დაამტკიცებენ. როგორც პრაქტიკოსმა ადვოკატმა, მეც ვიცი და ყველამ, მათ შორის, მისმა კოლეგებმაც იციან, ასეთი რომ არის და როდესაც ადამიანს მსგავსი სისუსტეები აქვს, ყოველთვის ცდილობენ მასზე ზეგავლენის მოხდენას და ამიტომაც ეს მოსამართლე ადვილად ექცევა ზეგავლენის ქვეშ. ჯერ ერთი, მოსამართლეების 99% თავისუფალი არ არის. ადრე თუ ვინმეს ჰყავდა ადეიშვილი და ვიღაცები, ახლა სხვა სისტემა შექმნეს და ყველა ზეგავლენის ქვეშ მოაქციეს. სასამართლოში ერთი ბანდა მართავს სიტუაციას და ყველა მის ნება-სურვილს ემორჩილება. თუ არადა, მათი სამსახურებრივი მდგომარეობა ვერ იქნება სტაბილური, გამოსაცდელი ვადის შემდეგ არ განაწესებენ მოსამართლედ, ან ვადის ამოწურვის შემთხვევაში აღარ გაუგრძელებენ ვადას. სწორედ ამ გავლენების ქვეშ იმყოფება ეს მოსამართლე სხვა უამრავ მოსამართლესთან ერთად. _ შეგიძლიათ, კოხრეიძის მიერ განხილული კონკრეტული საქმეები დაასახელოთ, რომელიც ამ ბრალდებებს გაამართლებს? _ რა აზრი აქვს რომელიმეს დასახელებას, ყველა საქმესთან მიმართებით ისეთი მიდგომები აქვს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.   თამარ ბატიაშვილი    

გაზიარება