QronikaPlus
ზვიად კუპრავა: „მალე გამოჩნდება, სჭირდება თუ არა ხელისუფლებას ნარკოტიკების ჩადება ადამიანებზე ზემოქმედების მიზნით?!“

ზვიად კუპრავა: „მალე გამოჩნდება, სჭირდება თუ არა ხელისუფლებას ნარკოტიკების ჩადება ადამიანებზე ზემოქმედების მიზნით?!“

2017-04-09 10:03:24

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი“ პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებების ჩადების მავნე პრაქტიკაზე კონკრეტული მაგალითებით საუბრობს. ცენტრის ხელმძღვანელი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ მათ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელსაც უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენენ. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში სამუდამოდ წერტილი დაესმება ჩადების მანკიერ პრაქტიკას და ასევე ეს იქნება ხელისუფლებისთვის, ერთგვარი, ტესტი _ სჭირდება თუ არა მსგავსი ნარკოპოლიტიკა ადამიანებზე ზემოქმედების მიზნით? „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი _ ზვიად კუპრავა: _ სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრი აქტიურად აკვირდება ქვეყანაში შს სამინისტროს მხრიდან წარმოებულ ნარკოპოლიტიკას. ტენდენცია განსაკუთრებით იკვეთება იმ მიმართულებით, როდესაც უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება სისხლის სამართლის საქმეებზე და გახმაურებულ დაკავებებზე, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მოხშირდა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ. ბუნებრივია, როდესაც შს სამინისტრო და საგამოძიებო ორგანოები კონკრეტულ სისხლის სამართლის პოლიტიკას აწარმოებენ, ეს პოლიტიკა, კანონით არის გათვალისწინებული, რომ მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით გატარდეს. ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ეს ასე უნდა მოხდეს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელისუფლებისა და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მაღალი სტანდარტების დაცვა მაშინ, როდესაც საქმე ეხება მათ მიმართ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რადგან საზოგადოებაში არ დარჩეს აღქმა _ ამ ადამიანებთან მიმართებით ხომ არ ხორციელდება ზეწოლის რაიმე ფორმა და ხომ არ არის მათი გაჩუმების, ან სხვაგვარი დამოკიდებულების მცდელობა? ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად აკვირდება ამ პროცესებს, სადაც უამრავი კითხვის ნიშანი გამოიკვეთა რიგ საქმეებთან დაკავშირებით. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: დავით ხარშილაძის შემთხვევისას შსს-მ განაცხადა, რომ მას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, მაგრამ ამ განცხადების პარალელურად, შს სამინისტრო არ ინტერესდება აღმოაჩინოს სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც შეიძლება არსებობდეს და საქმეში გამოძიების პროცესს გამოადგეს. მათ არ გაუჩხრეკიათ დავით ხარშილაძის ავტომანქანა, რომლითაც ის დაკავების დღეს ქალაქში გადაადგილდებოდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც ადამიანს 12 აბი „სუბუტექსი“ უდევს ჯიბეში, შს სამინისტრომ რატომ გამორიცხა, რომ მას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი, ან ნარკოტიკის მეტი რაოდენობა არ ედო მანქანაში?! ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, მათ არც კი დაულუქავთ მანქანა, თუნდაც, შემდეგი ჩხრეკის მიზნით. შეიძლება, შსს-ს არგუმენტი იყოს, რომ დრო, ან გარემოება არ იძლეოდა ამის საშუალებას, მაგრამ საგამოძიებო ორგანო მას არ სჭირდება, ექსპერტებს შეუძლიათ, მანქანა ჩხრეკისთვის დალუქონ და შემდეგ გადასცენ საგამოძიებო ორგანოებს. ეს პროცედურა არ ჩატარებულა, რაც ნათლად მიუთითებს, რომ მათ არ აინტერესებდათ, რა ხდებოდა მანქანაში. ასევე არ ამოიღეს მობილური ტელეფონი და არ დალუქულა შემდგომი შემოწმების მიზნით, იგივე კითხვა აქაც ჩნდება, _ რადგან ადამიანს ჯიბეში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება აქვს, ბუნებრივია, ეს ნარკოტიკი მას ციდან არ ჩამოუვარდებოდა. ამ შემთხვევაში, შს სამინისტრო უნდა დაინტერესებულიყო, საიდან შეძლო ამ ადამიანმა ასეთი რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა? ყველამ ვიცით, რომ მობილურ ტელეფონს დღეს უამრავი აპლიკაცია აქვს და ძალიან მარტივად შეეძლოთ, შეძენის შემთხვევაში (მცდელობა მაინც უნდა ჰქონოდათ), იმ ადამიანზე გასულიყვნენ, ვისგანაც ნარკოტიკული საშუალების ყიდვა შეიძლებოდა. საგამოძიებო ორგანოებს ეს ინტერესიც არ გამოუჩენიათ, რაც ამ კითხვის ნიშნებს ბადებს, რომ დავით ხარშილაძე დაკავებულია მხოლოდ ელისო კილაძის შვილობისთვის. მსგავსი პროცედურები არც მის საცხოვრებელ ბინაში და სამსახურში მომხდარა, რაც ასევე აღრმავებს იმ ეჭვებს, რომელიც ამ საქმესთან მიმართებით საზოგადოებას აქვს. ასევე მნიშვნელოვანია მიხეილ თათარიშვილის ეპიზოდი. როგორც შს სამინისტრო ამბობს, ამ ადამიანსაც აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი, თუმცა აქ კონტრასტულია შს სამინისტროს ოფიციალური ვერსია მის დაკავებასთან მიმართებით და დაკავების რეალური გარემოებები, რადგან შს სამინისტრო თავის დაკავების ოქმში წერს, რომ ეს პირი დააკავეს ქუჩაში, დაახლოებით, სურამის ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც არსებობენ თვითმხილველები და გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებულია, რომ ეს ადამიანი აიყვანეს რესტორანში, როდესაც ის თავის მეგობრებთან ერთად სადილობდა. მიხეილ თათარიშვილი ასევე წინასწარ საუბრობდა შს სამინისტროს მხრიდან მასზე და მის მეგობრებზე განხორციელებულ ზეწოლაზე და ჩვენ გავრცელებული ვიდეომასალა ვნახეთ, როდესაც იგი სახლიდან გადის, ატრიალებს ჯიბეებს და დემონსტრაციულად აჩვენებს საზოგადოებას, რომ მას არავითარი კანონსაწინააღმდეგო ნივთი თან არ ჰქონდა. ასე გადის სახლიდან და ამ პირობებში გასულ ადამიანს იმ დღეს აღმოაჩნდება დიდი რაოდენობით „სუბუტექსი“. ასეთი ფაქტების არსებობა, ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს იწვევს და ესეც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ოჯახთან ახლობლობას უკავშირდება, ვინაიდან ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა დამოკიდებულება აქვს ხელისუფლებას პრეზიდენტთან. როდესაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ახლობლები არ არიან დაცულები, რა შეიძლება ვიფიქროთ საზოგადოების იმ წევრებმა, რომლებსაც გავლენიანი ოჯახები, პრეზიდენტები და მთავრობის სხვა წევრები არ გვყავს მეგობრები და ახლობლები? ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ყოვლად დაუცველები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია კახა შპეტიშვილის საქმე. ეს არის ის ადამიანი, რომლის შემთხვევაში პირდაპირ შეგვიძლია ვიხმაროთ სიტყვა, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. ამ ადამიანმა ორი წელი იბრძოლა სასამართლოს სისტემაში, ორი წლის მანძილზე გამუდმებით ამტკიცებდა, ისევე როგორც ხარშილაძე და თათარიშვილი, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს, ორიოდე კვირის წინ კი სასამართლომ კახა შპეტიშვილი უდანაშაულოდ ცნო და ყოველგვარი სასჯელის გარეშე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, რაც პირდაპირ მიუთითებს და დღევანდელმა სასამართლომაც კი დაადასტურა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ჩვენ უკვე სასამართლოს მიერ დადასტურებული პრეცედენტი გვაქვს კახა შპეტიშვილთან მიმართებით, რომ მას ნამდვილად ჩაუდეს ნარკოტიკი. ეს ერთი პრეცედენტი უკვე შეიქმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაც შსს 260-ე მუხლით ადამიანთა დევნას აწარმოებს, არ გამოირიცხება, რომ ამ ადამიანებს ნარკოტიკი ჩაუდეს. და თუ გავითვალისწინებთ იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც ზემოთ დავსვით, ეს უფრო და უფრო დასტურდება. ჩვენ გვახსოვს სამტრედიაში დემურ სტურუას ფაქტი, ესეც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. დემურ სტურუას შს სამინისტროს თანამშრომელი მათთან თანამშრომლობას სთხოვდა, რომ მის გარემოცვაში, თანაქალაქელებში, მეგობრებში დაესახელებინა ადამიანები, რომლებიც მოიხმარდნენ, ან მოჰყავდათ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ვნახეთ, რომ დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ამაზე სრული პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ძალიან მნიშვნელოვანია გრიგოლ ხერხეულიძის საქმეც. იგი წელიწადზე მეტია ამტკიცებს, რომ ნარკოტიკული საშუალება და იარაღი ჩაუდეს. ხერხეულიძის წინააღმდეგ პროკურატურაში სწორედ ამ მუხლებით დაიწყო გამოძიება, შემდეგ ეს საქმე სასამართლოში წავიდა და ადამიანი მთელი 9 თვის განმავლობაში ციხის საკანში იყო გამოკეტილი, მაგრამ ამ ხნის მანძილზე პროკურატურამ ვერ მოახერხა, ბრალი დაემტკიცებინა, რის შემდეგაც იძულებულები გახდნენ, პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ. ხერხეულიძე დღეს თავისუფალია, თუმცა გამოძიება გრძელდება. როცა შსს-მ ვერ მოახერხა 9 თვეში მოეგროვებინა მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები, რომელიც სასამართლომ დაადასტურა, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდაც არ შეეძლებათ ჰქონდეს მაღალი სტანდარტის მტკიცებულებები. ძალიან მნიშვნელოვანია თენგო ერისთავის საქმე, რომელსაც 7 აბი „სუბუტექსი“ ჩაუდეს. ის წინასწარ ამბობდა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და დაცვას ითხოვდა. ის ასევე იყო პრობაციონერი და რადგან ფიქრობდა, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა თავის დაცვას, დედასთან ერთად ცხადდებოდა პრობაციის ბიუროში. მიუხედავად ამისა, პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა თავხედობას, დედის თვალწინ ჩაუდეს ნარკოტიკი და ასე დააკავეს, თუმცა ერისთავის დაკავებას საზოგადოებრივი რეზონანსი მოჰყვა და ხელისუფლება იძულებული გახდა, იგი გაეთავისუფლებინა. მაშინდელმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღიარა, რომ ერისთავის დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან იყო გარკვეული გადაცდომები, რაც საფუძვლად დაედო მის განთავისუფლებას. ეს იყო გომელაურის აღიარება, რომ მას ნარკოტიკი ნამდვილად ჩაუდეს. არსებობს ამის მსგავსი უამრავი მაგალითი, რომლებზედაც ახლა ვერ ვისაუბრებთ, რაც იმის დამადასტურებელია, რომ ხელისუფლება ნარკოპოლიტიკას აწარმოებს საზოგადოების იმ პირების მიმართ, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, ან იმ ადამიანების მიმართ, რომელთა მოცილებაც და ციხეში გამოკეტვა სჭირდებათ. ეს პრაქტიკა, სამწუხაროდ, საქართველოში დიდი ხანია, დამკვიდრებულია და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ამას თავი ვერ დააღწია, იგი, ერთგვარი, „აქილევსის ქუსლია“ ყველა ხელისუფლებისთვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს და ეს პრაქტიკა წარსულს ჩაჰბარდეს. _ როგორ შეიძლება, ეს პრაქტიკა წარსულს ჩაჰბარდეს, გამოსავალს სად ხედავთ? _ „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრმა“ შევქმენით მოძრაობა „არა ჩადებას“ და მის ფარგლებში იურისტებთან ერთად ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომელიც, სავარაუდოდ, პარლამენტში განსახილველად გავა. საკანონმდებლო ორგანოს „ოქროს კანონს“ შევთავაზებთ, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ჩადების ამ მანკიერ პრაქტიკას და ეს არ იქნება მხოლოდ წერტილი დღევანდელი ხელისუფლებისთვის, ეს იქნება წერტილი ყველა მომავალი ხელისუფლებისთვის. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ ჩაუდოს და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჩვენს ჯიბეში რომ არ ჩაიდოს ნარკოტიკი, ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული ვინმე ოპერის კეთილ ნებაზე. ჩვენი ჯიბეები, სახლები, თუ მანქანები სამართლებრივად უნდა იყოს დაცული და კანონი არ უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ ვისაც ჩვენზე ზემოქმედება მოუნდება, ნარკოტიკი ჩაგვიდოს. სწორედ ამ სქემასა და მექანიზმზე ვმუშაობთ, რომელიც, პრაქტიკულად, ტექნიკურად გამორიცხავს ნარკოტიკის ჩადებას. ამ საკანონმდებლო ინიციატივას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება, ერთგვარი, ტესტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, აქვს თუ არა მას პოზიტიური დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკის მიმართ და ეს იქნება ტესტი იმისა, რეალურად, ხელისუფლებას სჭირდება თუ არა მსგავსი ნარკოპოლიტიკა ადამიანებზე ზემოქმედების მიზნით? ვფიქრობ, რომ ჩვენი ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის გამოსავალი, როგორც საზოგადოებისთვის, რომ იყოს დაცული, ასევე ხელისუფლებისთვის, რომ მის მიმართ არ იყოს პრეტენზიები ჩადებასთან მიმართებით. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას, საბოლოოდ, გონიერება ეყოფა და ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს. _ როგორია კანონპროექტის კონკრეტული დეტალები? _ კანონპროექტზე ახლა სრულყოფილად ვერ ვისაუბრებ, რადგან ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა უახლოეს პერიოდში მზად იქნება, _ საქართველოს პარლამენტს შევთავაზებთ და ბურთს ხელისუფლების მოედანზე გადავიტანთ. შემდეგ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება. თუ ხელისუფლება მზაობას გამოთქვამს და მას ექნება სურვილი, რომ ქვეყანაში არ იყოს კითხვები ნარკოპოლიტიკასთან და ჩადებასთან მიმართებით, ხელისუფლებამ ეს კანონპროექტი კანონად უნდა აქციოს, ასეთ შემთხვევაში ყველანაირი მანიპულაციები დამთავრდება ჩადებასთან დაკავშირებით და საზოგადოების ყველა წევრი _ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად თუ ლოიალურად განწყობილი, ნებისმიერი ადამიანი, საბოლოო ჯამში, დაცული იქნება იმისგან, რომ მის ჯიბეში ვერავინ ჩადოს ნარკოტიკული საშუალება და ვინმე კუკურის კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული, ჩვენს ჯიბეში იდება თუ არა ნარკოტიკი. _ კამპანია კიდევ რა ღონისძიებებს გეგმავს? _ იძულებული გავხდით, რომ დაგვეწყო კამპანია „არა ჩადებას“, ვინაიდან ვხედავთ, რომ ჩადებასთან დაკავშირებით ხელისუფლება დამუხრუჭებას არ აპირებს. გუშინაც ვნახეთ პოლიციის ნაცემი ადამიანი, შოთა პაკელიანი, რომელიც საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშია მოთავსებული. ეს ამბავიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს. ყველა ამ ფაქტიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მოთხოვნა გაჩნდა მსგავსი მოძრაობის დაწყებისა და იმ კანონპროექტით, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ: ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ ხელი აიღოს ამ მანკიერ პრაქტიკაზე. ჩვენი კამპანია არ იქნება ერთჯერადი, ვმუშაობთ როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, პარალელურად გავმართავთ აქციებს და გავზრდით წნეხს ხელისუფლებაზე, რომ მან ხელი აიღოს და უარი თქვას ჩადების პოლიტიკაზე. თამარ ბატიაშვილი    

გაზიარება