QronikaPlus
ასე ვიბრძოდით ქუჩის ბიჭები და დედიკოს ბიჭები საყაჩაღოდ წასულებს გვეძახდნენ (მეორე ნაწილი)

ასე ვიბრძოდით ქუჩის ბიჭები და დედიკოს ბიჭები საყაჩაღოდ წასულებს გვეძახდნენ (მეორე ნაწილი)

2017-04-09 10:01:47

გაგრძელება. დასაწყისი იხ. „ქრონიკა+“ #11.   ინათა და სროლებიც შეწყდა. „ძოტის“ უკან ჩემს საცერივით დახვრეტილ კედელთან ვარ ჩაკუნცხული. გამარჯვების, გადარჩენისა და სიამაყის ტკბობის მორევში ვლივლივებ ნეტარებით... _ ბიჭო, ვიღაც ფაფხურობს ჩემ წინ, მაგრამ ვერ ვხედავ, _ წამოიძახა გუჯამ „ძოტიდან“, რომლის ვიწრო სათოფურიდან სივრცე კი, მაგრამ იქვე, 2-3 მეტრში, ყველაფერი არ ჩანდა. ჩემგან მეტი „აბზორია“. _ ახლავე, „ბრატ“! _ გავძახე და „ლიმონკა“ (F-1) გადავუგდე მომხდურს. იგი, სავარაუდოდ, მდინარეში დაჭრილი აფხაზი უნდა ყოფილიყო, რომელმაც ჩვენს ნაპირზე გამოსვლა მოახერხა. აფეთქებიდან ერთ წუთში ისევ ისმის ფაფხურის ხმა („ჟივუჩია“ ეს ვერანა), კიდევ გადავუგდე „ლიმონკა“ და შეწყდა ფაფხური. დავუბრუნდი ჩემი ტკბობის მორევში ლივლივს და ახლა „ცარიელამ“ არ მომასვენა, უკაკუნებს მოკლე ჯერებით. _ რა იყო, ბიჭო, ვინმეს კიდევ ხედავ მოსაკლავს? ხმა არ გამცა, კიდევ ესროლა და _ მოდიო, _ დამიძახა. გავიხედე მისი სათოფურიდან და ჩვენს ნაპირზე ერთია დარჩენილი, მდინარეში შესვლას ცდილობს, ორი-სამი ნაბიჯი და ეგრევე დიდ ქვებს ეფარება. აშკარად პანიკამ აიტანა, თორემ წამოწექი, ვირო, ვითომ მკვდარი ხარ, ვინაა დღისით მდინარის პირას მიმსვლელი? ღამის სიბნელეში კი უკვე გადაიპარება არხეინად. _ მიმიშვი, „ბრატ“, ახლა განახებ კლასს, _ ამოვიღე მიზანში და გავიტრუნე, არ ვესვრი. ისიც გათამამდა და შეაბოტა მდინარეში, წყალი მანდ ცოტა ჩქარია და მოდიდებულიც, შუაგულში რომ შევიდა და წყალიც მკერდამდე მიწვდა, ეე, მაშინ ვდრუზე ორტყვიანი ჯერი, წყლის შხეფებით მივხვდი, რომ ცოტა წინ მომიწია, ზუსტად იმავე წამს მეც მგლიჯეს გაღმა ნაპირიდან შიგ სათოფურში, მაგრამ კუთხით ნასროლი იყო და მარჯვენა კუთხეს მოხვდა. ეგრევე შევიტანე შესწორება დამიზნებისას და ვგლიჯე მეორე ჯერი, ხელები მაღლა ააფართხალა და უმალვე ჩაიძირა, თითქოს იმ წამს სიღრმიდან ნიანგმა დაითრიაო. მოვუტრიალდი ბიჭებს და ჩავიბარე დამსახურებული ოვაციები, მთელი ღამით ბრძოლების მერე დღის სინათლეზე რომ საკუთარი თვალით ნახავ ჩაძაღლებულ მტერს, სულ სხვა ეშხი აქვს. _ რა ჩათლახი ხარ, ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ ჯერ შემეშვა და მერე დამეშვა, _ მეუბნება ღიმილით „ცარიელა“. _ მორჩა, ბიჭებო, დაისვენეთ, _ და ისაა, უნდა ჩავჯდე ჩვეულ პოზაში, რომ ისევ კაკანი, ახლა უკვე გუჯა ისვრის. მივედი და რას ვხედავ, _ ჩვენგან 5-7 მეტრში ერთი დაჭრილი მიფოფხავს ძლივძლივობით, უფრო სწორად, ხელებით ცდილობს, გათიშული ტანი წაათრიოს, ეტყობა, ის ჯარისკაცია, ორი „ლიმონკა“ რომ ვესროლე. აღარ ვასროლინე, აშკარაა, სიცოცხლის ბოლო წამები აქვს. მართლაც, ნახევარი მეტრიც ვერ გახოხდა და გაქვავდა... ცოტა ხანში მასპინძელთა მეთაურმა მოგვაკითხა. ვითარება მოკლედ ავუხსენი და მათიც მოვიკითხე, ერთი მებრძოლი მოუკლეს გუშინ ღამით და ერთიც მძიმედაა დაჭრილი. დაუნახავთ ორი მებრძოლი და პაროლიო, _ ჰკითხეს... პაროლს ეტყოდნენ? ეგრევე ჯერი მიუშვეს და ზევიდან „მუხაც“ მოაყოლეს. _ ამოვალ ცოტა ხანში, გინახულებთ-მეთქი, _ ვუთხარი მოღუშულმა. _ გადავცემ ჩვენების ნაღმტყორცნელებს და დაამუშავებენ იქაურობას, _ დამიტოვა სიტყვა და წავიდა. მართლაც, 5 წუთში რამდენიმე ნაღმი ჩაუგდეს იქითა ნაპირზე ჯერ კიდევ შემორჩენილებს და ამით დამთავრდა დილა. მარცხენა ფლანგიდან მიძახიან, _ ერთი დაგვეჭრაო, _ არადა, აღარაფერი ხდება, მივირბინე და ფეხშია ერთი დაჭრილი, შარვალი სულ გამომწვარი აქვს, აშკარაა, რომ „სამასტრელია“. ეტყობა, მოსალოდნელ კონტრშეტევაში მონაწილეობა დაეზარა და თავი დაიჭრა, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ არავის ვაგრძნობინე, თავისი გასჭირვებია ამ ქვეშაჯვიას და მე რაღა დავუმატო? ავედი უკან ადგილობრივებთან, იმათი დაჭრილიც მოვინახულე, არავინ გვაკითხავს, ხელით წარმოუდგენელია მისი გაყვანა, მტრის ნარჩენი ვინ სადაა ჩარჩენილი, ჯერ კაცმა არ იცის, წმენდა არ ჩატარებულა, უკვე მაგარი გაბრაზებული ვარ შტაბზე, მე და ხილიანელი ნუგზარა წავედით შტაბისკენ, რომ მანქანა ჩამოვაყვანინოთ და თან დავუცაცხანოთ. შევდივართ მეთაურთან და ზის ტიპი ჟურნალისტი ქალბატონის პირისპირ და ყვება გმირული ბრძოლის დეტალებს. ამ ქალბატონმა, ეტყობა, შენიშნა ჩვენი გაბრაზებული თვალები და შეცბა. მის შემცბარ თვალებზე მიხვდა ეს პატივცემული „გენერალისიმუსი“, რომ მის ზურგს უკან ვიღაცაა, მომიტრიალდა და... _ ვინ ხართ?! _ მეკითხება. _ ვინ ვართ კი არა, ახლავე მანქანა მომეცი, რომ დაჭრილები ამოვიყვანო პოზიციებიდან და დროზე შეცვლა გაამზადე, სამი დღე-ღამეა ვიბრძვით, მივდივართ ჩვენ აქედან-მეთქი, _ კბილებში გავცერი მოზომილად. _ რაა? ჩვენ არ ვიბრძვით?! _ უკვე დარბილებული ტონით მიპასუხა. არაფერი აღარ ვუთხარი, იმ ქალბატონს უმადლოდეს. „ბერდეემს“ მოვაჯექით და პოზიციამდე ჩავედით, დაჭრილები შევსხით შიგნით და სამშვიდობოს გავუშვით. შუადღისთვის დათო თევზაძე სამი მებრძოლით მოვიდა ჩვენს მოსანახულებლად, მხოლოდ „აზოტა“ ვიცანი, „გორდას“ მეთაური. დაათვალიერეს ბრძოლის ველი ვიწრო სათოფურიდან, აქეთ-იქით ნაპირზე რვა გვამი დავითვალეთ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მდინარის სიგანე ორივე ნაპირზე სამჯერ მეტია და ძირითადი ცეცხლი მდინარისკენ იყო მიმართული, სამი მაგდენიც მდინარეში უნდა ჩაგვეხოცა, ერთ მოკლულზე რომ 2-3 დაჭრილი მოდის და სწრაფ, ცივ მდინარეში კი ეგენიც, ფაქტობრივად, მკვდრები არიან, კი ავიდა დახოცილების რიცხვი 50-70-მდე, მაგრამ ესეც მხოლოდ სათოფურიდან აღქმული რეალობაა. მოგვიანებით, აქეთა ნაპირზე, სასაფლაოს ქვების „ცეხში“, ერთი მაგდენი ყრია კიდევ. დღეს ამაზრზენი სანახაობაა დაფლეთილი გვამების გროვა, მაშინ კი ჩვეულებრივი სტატისტიკა იყო, რეაქცია _ ნული. გამოვაცილე დათო უკან და ადგილობრივების ათეულიდან რამდენიმემ ერთდროულად უთხრა: _ მაგარი ბიჭები გყოლიათ, ბატონო დავით! დათომაც ჩვეული სიდინჯით უპასუხა: _ ჩემი დივერსიული სადაზვერვო ასეულია, _ კიდევ ერთხელ შემეშინდა ჩემივე შენაერთის სახელწოდების, არადა, ჩვენებურად, „თეთრი გიორგი“ გვქვია და მოფერებით „ბელი ჟორას“ გვეძახიან. დათოს ერთ-ერთმა თანმხლებმა ჩვენი უშუალო მეთაურის ბრძანებაც ცოტა ხმადაბლა მითხრა, _ დღესვე კინდღში დაბრუნდითო. გავაცილეთ დათო და ისევ ცუდი ამბავი, _ ადგილობრივებს კიდევ ერთი ბიჭი მოუკლეს პერიმეტრის წმენდისას და ვერ გამოჰყავთ, ჩვენ გვთხოვეს დახმარება, როგორც ჩანს, ჩვენზე სერიოზული წარმოდგენა აქვთ და ხომ ვერ გავაწბილებდით? ახლავე მოვალთ და მივხედავთ-მეთქი. ექვსნი წავედით დასახმარებლად, მე და „ცარიელა“ განუყრელი მეწყვილეები ვართ და უშუალოდ იმ შენობის შტურმს მეტი არც სჭირდება, დანარჩენი ოთხი კი უკან „სტრახოვკაზე“ გვყავს. დავიწყეთ საწყისი პოზიციის დაკავება და სოხუმის შსს-ს სპეცრაზმმაც მოგვისწრო, აღჭურვილობა აქვთ... ცრემლები მომადგა, ეგ რომ ჩვენ ბრძოლისას გვქონოდა, ეეეჰ! მოკლედ, ბრძოლა დასწრებაზეაო და აღარც მათ გამოუთქვამთ პრეტენზია, რომ უკანა რიგებში „მაცქერალის“ როლი ერგოთ. იოლად შევუტიეთ შენობას, სადაც, სავარაუდოდ, ორი აფხაზი უნდა ყოფილიყო, ცეცხლით მივუახლოვდით და „ლიმონკებიც“ ბლომად შევუყარეთ, ავტომატებითაც კარგად დავამუშავეთ და არაფერი, ორი გვამი კი ვიპოვეთ, მაგრამ არ იყვნენ ეგენი ჩვენი დახოცილი, კარგად გაციებულები იყვნენ დაკრეჭილი ოქროს კბილებით, სავარაუდოდ, ჩეჩნები. მოვძებნეთ ჩვენი დაღუპული მებრძოლიც. სავარაუდოდ, ტროფეი იარაღზე ნადირობას შეეწირა. უხმოდ დავტოვეთ იქაურობა, ვერც კი აღგიწერთ, რა შეგრძნებაა, როცა 30-მდე შეიარაღებული კაცი აქეთ-იქით იწევა და შუაში, ღირსების დერეფანში გატარებს. ბრავო, სოხუმლებო! თქვენთვის ნაღდად ღირდა ბრძოლა! იქვე აჩადარელებმა დამასაჩუქრეს ტროფეი „შმელით“, რომლითაც გვიბაგუნებდნენ მთელი ღამე რუსები. არ შემშლია, „შმელს“ მხოლოდ რუსი სპეცები ისროდნენ, ახალი იარაღია და საკმაოდ საშიში, ჩეჩნებისთვის, ან აფხაზებისთვის რომ მიეცათ. ის ღამეც იქ დავრჩით და დილით უკვე „მშობლიური“ კინდღისკენ გამოვწიეთ, სადაც თბილისიდან ჩამოსული მთელი ჩვენი ძირითადი შემადგენლობა გველოდებოდა.  
  1. S. მინდოდა, ბოლოს შეჯამება გამეკეთებინა, მაგრამ აღარ მაინტერესებს. თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მოკვლევამ ვერ გაბედა დაედო ოფიციალური შეფასება და რახან ვერ გაბედა, ეს უკვე სამაგალითო დასკვნაა. სამშობლოს გამყიდველები ვერ უსწორებენ თვალს რეალობას. საქართველო დამარცხდა გამყიდველი ქართველების ხელით. ჯარისკაცს ომი არ წაუგია!
    გიორგი ხიზანიშვილი

გაზიარება