QronikaPlus
„უნდათ მიიღონ სუფთა ქალაქი, ადამიანების გარეშე, დიდი ფულით”

„უნდათ მიიღონ სუფთა ქალაქი, ადამიანების გარეშე, დიდი ფულით”

2017-04-08 08:53:37

პროლოგი „დინამოს“ სტადიონის წინ ჩამოვიარე, გარემოვაჭრეებს დახლები ჰქონდათ გაშლილი და ვაჭრობდნენ. _ როგორ მიდის ვაჭრობის საქმე? პასუხი არ იყო, გამიკვირდა და გამყიდველს შევხედე, შუახნის მამაკაცი იდგა და კითხვის დამსმელს გადაჯვარედინებულ ხელებს აჩვენებდა, _ დღეს მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს, ხვალ საღამოდან აქ არ უნდა იყოთო. არ ვიცი, სად მივდივარ. ეს იყო შაბათს. გარევაჭრობის აღკვეთა დაიწყო.   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536 მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაუშვებელია. სწორედ ამ მუხლის მიხედვით, მიმდინარე წლის 19 მარტს მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლები ხსენებულ ტერიტორიას მოშორდა, ეს მაშინ, როდესაც მათმა მფლობელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. ქალაქში გარემოვაჭრეები იმ თვითდასაქმებულ სოციალურ ფენას წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარი ნებით, ყოველდღიური საშოვარისთვის ქუჩაში ვაჭრობენ. საზოგადოების ნაწილის აზრით, მსგავსი ქმედება ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და მათ აკრძალვას ითხოვენ, ნაწილი კი გარკვეული სახით მის რეგულირებას უჭერს მხარს. ჯერ კიდევ 19 მარტის მოვლენების დროს, დედაქალაქის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ გარემოვაჭრეები ხელს უშლიან ტრანსპორტის ნორმალურ გადაადგილებას, მახინჯდება ქალაქის იერსახე: „ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქტის ყიდვა-შეძენა, აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ გარევაჭრობის მოწესრიგება. თბილისის მერია, მთავრობა ითვალისწინებს მოვაჭრეების სოციალურ მდგომარეობას და მათ ვთავაზობთ სხვადასხვა სავაჭრო სივრცეში საქმიანობის გაგრძელებას, ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ბაზრობების დირექტორებთან, რათა რამდენიმე თვის მანძილზე გარემოვაჭრეებს სავაჭრო დახლები მიეცეთ გადასახადის გარეშე, გავუწიოთ შეღავათები“. „ქრონიკა+“ მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ეს ნიკოლეიშვილმა აღნიშნა: „მერიის პოზიცია ესაა და მეტს ვერაფერს დავამატებ“. _ ულუკმაპუროდ ვრჩებით, ეს პენსიით ვიყიდე და რომ არ გავყიდო, რა ვქნა? ჩვენ ძალიან დიდი მასა ვართ, მშიერი ხალხი ცოდვაა, ორშაბათიდან არ დაგინახოთ გარეთ გამოსულიო, ხვალ საღამომდე გაქვთ ვადა, არაფერი დატოვოთ, ორშაბათიდან აქ არ დაგინახოთო. _ მე რა ვქნა, მშიერი შვილი რომ მელოდება სახლში? _ არ დავნებდებით, ჩვენ ბევრნი ვართ, ყველას ბანკის ვალები გვაქვს და ლუკმა პურისთვის აქ ვდგავართ დღე და ღამ. ღამესაც აქ ვათენებთ უკვე შიშით. _ არ გვეშინია, ბევრნი ვართ, შვილო. ეს იმ გარემოვაჭრეების მოკლე კომენტარებია, რომლებსაც „აყრა“ დაუანონსეს. ჯერ ადგილზე რჩებიან და მერიის შენობის წინ მართავენ აქციებს.   ჯერ კიდევ 19 მარტის მოვლენების შემდეგ გარემოვაჭრეების გვერდით დგას „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელმაც „ქრონიკა+“-თან ღიად და ფართოდ ისაუბრა იმ საკითხებზე, რაც გარემოვაჭრეებს აწუხებთ და იმაზე, თუ როგორ ისახება ამ პრობლემის გადაჭრის გზა: _ გარევაჭრობას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და იგი ყველა ქვეყანაშია წარმოდგენილი, ოღონდ განსხვავება ის არის, თუ როგორ უდგება მთავრობა ამ საკითხს. ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ გარევაჭრობა იყოს ცივილიზებული, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით და არა ისე, როგორც ახლაა. ის, რომ ახლა სტიქიური სახითაა ეს ყველაფერი წარმოდგენილი, ხელისუფლებათა ბრალია, რომელთაც საკუთარი ინიციატივითაც არ მოაგვარეს ეს ამბავი და სულ აკრძალვის მცდელობა ჰქნდათ პირადი კორუფციული ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთანავე, მაქსიმალურად შეეცადნენ, რომ არ გაეთვალისწინებინათ ევროპული გამოცდილება. რას ნიშნავს ორგანიზებული გარევაჭრობა? _ ეს უნდა იყოს გარკვეული დოზით, მასშტაბით და პირობების ფარგლებში, სანიტარიული წესების დაცვითა და ბაზრობებთან მიმართებით ბალანსის დაცვით; ორგანიზებული ვაჭრობა, რომ ბაზარზე დასაქმებული ადამიანებიც ნაკლებად იყვნენ წაგებულ მდგომარეობაში, თუმცა, რეალურად, ეს ისედაც ასეა, ბუნებრივმა მდგომარეობამ დაარეგულირა ეს საკითხი და გარემოვაჭრეები დღეს მიკრომეწარმეები არიან, ხოლო ბაზარზე დასაქმებული ადამიანები _ მცირე მეწარმეები. გარემოვაჭრეები მიზერული საქონლით ვაჭრობენ და მათი მოგება არ აღემატება 10-15 ლარს, ანუ, რეალურად, ლუკმაპურის ფულია. ბაზარზე დასაქმებული ადამიანების შემოსავალი კი, შესაძლოა, 2-3-ჯერ მეტი იყოს, ანუ, სხვადასხვა კატეგორიაა, ერთმანეთს დიდ კონკურენციას არ უწევენ. მიუხედავად ამისა, გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარემოვაჭრეებისთვის შეიძლება, მაგალითად, ბაზრის ტერიტორიიდან 20 მეტრამდე მანძილით იყვნენ დაშორებულები, რომ ერთმანეთისთვის მომხმარებლის წართმევის, ან რაიმე სხვა შიში არ ჰონდეთ. რაც შეეხება გარემოვაჭრეების დახლებს, როგორც იცით, ის არ აღემატება 1-2 მეტრს, ისინი თანახმანი არიან, მომავალში ეს კანონითაც იყოს გაწერილი, რომ ბუნებრივად მოხდეს  მათი უფრო დაბალ ნიშნულზე ფიქსაცია, ვიდრე ეს არის ბაზრობის შემთხვევაში, ასე რომ, ხელოვნურად აპირისპირებენ ამ ადამიანებს. ბაზრების დირექცია ამის მაპროვოცირებელია ხელისუფლებასთან ერთად. ისინი ცდილობენ, მაქსიმალურად დიდი გადასახადი დაუწესონ თავიანთ მოვაჭრეებს, დაჩაგრონ ისინი, მოვაჭრეები კი წინააღმდეგობას ვერ უწევენ, რადგან ყველაზე დაუცველ კატეგორიას წარმოადგენენ ე. წ. კომერციული საქმიანობით დაკავებული ადამიანებისა, მათ არ გააჩნიათ საკანონმდებლო ჩარჩო და ხელისუფლება ცდილობს, რომ არც ჰქონდეთ არასდროს, რადგან სხვა შემთხვევაში ასე იოლად, სიტუაციურად ვერ დაუპირისპირდნენ მათ. არჩევნების წინ ვერ გაუშვებდნენ, ხოლო მის შემდეგ ვერ დაშლიდნენ, როგორც ამას ჩვენთან აკეთებენ ხელისუფლებები. _ რა არის მოტივაცია, რატომ ებრძვიან გარემოვაჭრეებს? _ რა თქმა უნდა, მცირედი პრობლემები გარევაჭრობას აქვს, რომელიც მოწესრიგებადია და ამისთვის კანონი უნდა არსებობდეს, მაგრამ რეალური სიტუაცია ეს არის სავაჭრო სივრცის მონოპოლიზაცია-ოლიგოპოლიზაცია, ანუ მათთვის ლუკმა-პურის ფულის წართმევის ხარჯზე გამდიდრება. თუკი თითოეული მოვაჭრისთვის ეს გზა მართლა 10-15 ლარის მოპოვების საშუალებაა, ჯამურად, როცა რამდენიმე ათას მოვაჭრეზეა საუბარი ქალაქის მასშტაბით და ქვეყნის მასშტაბით 10 ათასზე მეტია ეს რიცხვი, ბუნებრივია, 10-15 ლარზე რომ გადავამრავლოთ, რამდენიმე მილიონიან „მსუყე ლუკმას“ მივიღებთ ხელისუფლებისა და მათთან დაკავშირებული ბიზნესისთვის, ოლიგარქებისთვის. ადრე, სწორედ წინა ხელისუფლების პერიოდში, როცა მსგავსი რამ ხდებოდა და პარალელურად, ჯიხურების ნგრევაც დაიწყეს, მაშინვე გაჩნდა ჯიხურების ქსელი „ორი ნაბიჯისა“ და „ნუგეშის“ სახით. ახლაც პროცესი ამისკენ მიდის, სხვაგვარად წარმოუდგენელია. რატომ უნდათ აკრძალვა და არა მოგვარება ამ ამბის? მათ უნდათ, უცებ დაიკავონ ეს ადგილები მთლიანად და გარემოვაჭრეების შიმშილის ხარჯზე იშოვონ ფული. მეტი ახსნა ამას არ აქვს, რადგან სხვა ქვეყნებში სხვა გზას ნახულობენ, რომელიც ჩვენს შემთხვევაში ორგვარია:
  1. გარევაჭრობა მთელ მსოფლიოშია, ოღონდ ეს არის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა, ადგილმდებარეობიდან დაწყებული, პროდუქციის სახეობით დამთავრებული. სწორედ ამ გამოცდილებას ითვალისწინებს ჩემ მიერ მომზარებული კანონპროექტი, რომელიც 2011 წელს მომზადდა და პარლამენტში შევიდა, თუმცა მათ თქვეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ეს საკითხი საკრებულოსა და თვითმმართველობას განესაზღვრა, ვიდრე კანონის სახე მიეცესო. ეს იყო თავიდან მოცილების მცდელობა, შემდეგ საკრებულომ დღის წესრიგშიც არ ჩასვა ეს კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტის მიხედვით შეტანილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
2014 წელს ისევ იყო მცირე მცდელობა გარემოვაჭრეებზე თავდასხმისა და აღკვეთისა. მაშინ მივაღწიეთ, რომ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა იგი განიხილა, ერთი მოსმენით მოიწონეს, შემდეგ გია ჟორჟოლიანს დაევალა, რომ მომდევნო მოსმენისთვის შენიშვნები ერთად განგვეხილა, როგორც ავტორს და კომიტეტის წარმომადგენელს. მართლაც, მცირედი შენიშვნები გავითვალისწინეთ, მაგრამ შემდეგ 3 წელი შეჩერდა ეს პროცესი და ახლა, როგორც ჩანს, კვლავ გაეხსნათ მადა მერიასა და ხელისუფლებაში ტოტალური უმუშევრობის ფონზე და დაიწყო ის პროცესი, რაც ორი კვირაა, მიმდინარეობს.
  1. ბაზარში ამ ადამიანების შესვლა წარმოუდგენელია, რადგან ბაზრები, ძირითადად, კომერციულია და, საშუალოდ, ერთი დახლი 25 ლარი ღირს. 6 თვით რომ შეღავათი გაუწიონ (თუმცა ამის მოვაჭრეებს ნაკლებად სჯერათ), ამ 6 თვის მერე ისინი განწირულები იქნებიან შიმშილისთვის, იმიტომ, რომ ფულს ვერ გადაიხდიან. ვაჭრობა თუ 10-15 ლარს წარმოადგენს, მაშინ სახლიდან უნდა დაამატონ 10 ლარი. ვერც ერთი მათგანი ვერ გახდება უფრო მასშტაბური საქონლით მოვაჭრე. ანუ ამ ადამიანებს გარდამავალი პერიოდის გავლით შიმშილისთვის წირავენ, შემდეგ ნაწილს გაქცევა მოუწევს, ნაწილს _ შიმშილი, ნაწილს _ ყაჩაღობა და ა. შ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ გაუვა და ნაკლებად ფიქრობს იმაზე, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება შეეწიროს ამ ყველაფერს.
_ რას აპირებთ და რა არის თქვენი მოთხოვნა? _ ჩვენ ვაპირებთ, რომ ამის წინააღმდეგ ვიბრძოლოთ და ორი მოთხოვნა გვაქვს:
  1. დაუყოვნებლივ განაახლოს პარლამენტმა 2014 წელს ერთი მოსმენით მიღებული გარევაჭრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის მოსმენა, სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც გარემოვაჭრეების საქმიანობას არეგულირებს, ხოლო მანამდე თავი დაანებოს რბევას და დევნას.
_ რას ითვალისწინებს კანონპროექტი? _ ბალანსის გამყარებას, სანიტარიულ ნორმებთან დაკავშირებით არის დადგენილი, რომ, რა თქმა უნდა, იგივე საკითხები და რეგულაციები უნდა გავრცელდეს, რაც არ ვრცელდება და რასაც არავინ აკონტროლებს. კიდევ, თუ პირობითად, კონკრეტულ ადგილზე 10 მოვაჭრე ვაჭრობს, შეიძლება იქ 70-60 მოვაჭრე გაჩნდეს, მაგრამ ესენიც თანხმდებიან ამაზე, რადგან ბუნებრივია, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს. რადგან კანონში საუბარია, რომ დაკავებული უნდა იყოს ტროტუარის, არაუმეტეს, ნახევრისა, რაც გადაადგილებისთვის ნორმალურია. მოსაკრებელი და ვიზუალური მხარე: ამის უფლება კანონით მერიას ენიჭება, შესაძლებელია, მოსაკრებელი იყოს 2-3 ლარი 1 კვ.მ-ზე, რადგან ეს ხალხი მთელი დღის მანძილზე ლუკმა-პურისთვის შიმშილობს და მათი გაწირვა არასწორია. ისინი თანახმანი არიან, ეს თანხა გადაიხადონ. ვიზუალური მხარე: შესაძლებელია, თვითმმართველობამ განსაზღვროს უბნების მიხედვითაც კი გარკვეული წესები და დახლებისა და გარევაჭრობის ვიზუალური ფორმები. ძველ თბილისში შეიძლება ეს ისე გაკეთდეს, რომ პირიქით, მიმზიდველიც კი იყოს ტურისტებისთვის. ყველაფრის ამოსავალი წერტილი კი ის არის, რომ დასაქმებული უნდა იყვნენ კერძო პირები და არა კომპანია და შპს. აქ ის არის გადამწყვეტი და მყიდველისთვისაც უკეთესი, რომ კონკურენცია მაღალი იყოს, შესაბამისად, ფასიც დაბალი იქნება. მხოლოდ ინდივიდუალურ პირებზე იყოს ვაჭრობის ნებართვა გაცემული და არა კომპანიებზე, როგორც ხელისუფლებას უნდა. იგივე ტენდერის გამოცხადებაც უნდათ, როგორც ვიცი და ერთ კომპანიას 100-150 დახლს მისცემენ. ჯიხურების ჩადგმა უნდათ, ბაზრობების ხელმძღვანელებთან ურთიერთობა აქვთ და ა. შ. და რამდენი ადამიანი შეეწირება შიმშილობით, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხელისუფლება ვალდებულია, კონკრეტული უბნებისთვის კონკრეტული ფორმის დახლები დაამზადოს და ისინი თვითღირებულების ფარგლებში გადასცენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაჭრობის ნებართვა უნდა მისცენ. კარგი იდეა იქნება მუნიციპალური ბაზრის არსებობა, რომელიც, წესით, მერიის საკუთრებაში შევა. იგი არ არის ორიენტირებული სარგებლის მიღებაზე, არამედ მხოლოდ იმდენს იღებს, რამდენიც საჭიროა შენობის შესანახად, მოსაწესრიგებლად, დასასუფთავებლად, ამგვარის გაჩენაც არ იქნება ურიგო. მათ კი უნდათ მიიღონ სუფთა ქალაქი, ადამიანების გარეშე, დიდი ფულით. ჩვენ ყველანაირი მშვიდობიანი ფორმით შევეწინააღმდეგებით მათ.   ვინაიდან გარევაჭრობაც ბიზნესის (მცირე) სფეროს განეკუთვნება, დავინტერესდით, რა წვლილი შეაქვს მას ქვეყნის ბიუჯეტსა და ეკონომიკაში? ამიტომ ეკონომიკის ექსპერტებს გავესაუბრეთ.   ვახტანგ ხომიზურაშვილი _ ეკონომიკის ექსპერტი: _ სახელმწიფოსთვის მათი თანხა საერთოდ მიზერული რამეა: შეიძლება, არც განიხილონ, როგორც შემოსავალი, აქ სხვა პრობლემაა, საერთოდ ორგანიზებული სახე უნდა მიეცეს რასაკვირველია, ანუ მათთვის ისეთი კეთილმოწყობილი ადგილები უნდა იყოს გამოყოფილი, რომ ვაჭრობის განხორციელება შეძლონ. გარკვეული პერიოდი უნდა მიეცათ, რადგან ასე უცებ აყრა ცოტა უხერხულია, უნდა დაეგეგმათ. საერთოდ, გარევაჭრობასთან დაკავშირებით, მთელ მსოფლიოში ასეა, რომ ან არის ორგანიზებული და გარკვეულ ადგილებში და საერთოდ ვაჭრობა გადადის ე. წ. მარკეტებში. რეალურად ამათ გამოსავალი შეიძლება ჰქონდეთ ის, რომ შეიკრიბონ და სახელმწიფოს დახმარებით მარკეტები გახსნან იმ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა. ეს გამოსავალი იქნებოდა მათთვის, თორემ ცენტრში, რა თქმა უნდა, ნეგატიურია, რადგან ქალაქი კარგავს თავის სახეს და ბაზარს ემსგავსება. მათ მიზერიც რომ გადაიხადონ, უმნიშვნელო რამე იქნება ბიუჯეტისთვისაც. პრობლემა ის არის, რომ როცა სავაჭრო ადგილებს, ძირითადად, იმ ადგილებში გამოყოფენ, სადაც ხალხმრავლობა არ არის, აქედან გამომდინარე, არ არის ვაჭრობაც. ეს პროტესტის საგანია. სამუშაო ადგილების დეფიციტმა წარმოშვა ეს გარევაჭრობა, მიზეზს უნდა შევხედოთ _ უმუშევრობის მაღალი დონე, შემოსავლების ნაკლებობა და, ფაქტობრივად, სიღატაკე, როგორც არის ამ კატეგორიის ხალხში. უნდა იფიქრო, რომ ამგვარი ფორმა სხვა რაიმეთი ჩაანაცვლო, თორემ პირდაპირ აყრა და თქმა, _ არ ივაჭროო, რთულია და არასწორიც.   სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი: _ განვითარებულ ქვეყნებსაც აქვთ გარევაჭრობა: ლონდონში, ბუკინგემის სასახლესთანაც არის იგი, მასშტაბებს, გააჩნია, უბრალოდ. თუ დავაკვირდებით, აგრარული ბაზრის ქუჩის მიდამოებია გადავსებული ქუჩის მოვაჭრეებით, მაგრამ შიგნით რომ შეხვიდეთ, „დეზერტირების ბაზარში“, შედარებით სიხალვათეა, ამიტომ შეიძლება გარკვეული წახალისება იმისთვის, რომ კვების ობიექტების რეალიზატორები ორგანიზებულად შევიდნენ სავაჭრო ტერიტორიაზე და ამ მხრივ გადასახადი მინიმალური იყოს, ან სიმბოლური, რომელიც არანაირ პრობლემას არ შეუქმნის მათ. ეს გაცილებით ნაკლებ ზარალს მოიტანს, ვიდრე მათი აყრის შემდეგ ქუჩის დასუფთავება, გართულებული მოძრაობა და სხვა. ამიტომ აქ საჭიროა მეტად მოქნილი პოლიტიკა. მესმის მოვაჭრეების, მათ ურჩევნიათ, რომ ეგრევე ხელაღებით შესთავაზონ  გამვლელს საქონელი, მაგრამ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ უფრო ცივილიზებული ფორმებით ცხოვრება და გარემოვაჭრეობა მხოლოდ იმ ადგილებში იყოს, რომლებიც საქართველოს ისტორიულ-კულტურულ-არქიტექტურულ ობიექტებს უკავშირდება, სადაც ძალიან დიდი რაოდენობით ტურისტი არის და ქართული სიმბოლიკის შეძენას სახელმწიფო ჯიხურები ვერ აუდის. აი, ამ სტრატეგიის შემთხვევაში გვექნება საშუალება, რომ არც გარემოვაჭრეები დავაზარალოთ და ქალაქსაც საშუალება ექნება, მომავლის სახე მიეცეს. სიტყვიერად ვამბობთ, _ ევროპისკენ, მაგრამ იქ სხვადასხვა კულტურაა და ა. შ. კი არიან გარემოვაჭრეები და მე თვითონაც მინახავს, ხანდახან ისეთი საქონელი აქვთ გამოტანილი, რომ გაგიკვირდებათ, მარამ იქ აქვთ გამოყოფილი ადგილები, შეიძლება, აი, მშრალ ხიდთან რომ არის, ისეთ ტერიტორიას შევადაროთ. ეს მარტო ქალაქის მერიის ამოცანა არ არის, საზოგადოებამ უნდა გამოიმუშაოს  თვითკონტროლი. ეს საშუალებას მოგვცემს, ქალაქიც სისუფთავეში შევინახოთ და სტუმრებთან თუ ერთმანეთთან მოწესრიგებულობით ვიამაყოთ. რაც შეეხება მათ როლს ბიუჯეტში, ან ეკონომიკაში, მცირე ბიზნესი _ ეს არის იმ ოჯახების შენარჩუნების, გადარჩენის ფორმა და ასეთ პირობებში სახელმწიფო სარგებელზე საუბარი ცოტა ზედმეტია. სახელმწიფო სარგებელი ის არის, რომ ისინი თავიანთი საქმიანობით დამატებით ტვირთად არ აწვებიან და დამატებით პრობლემებს არ ქმნიან. მოსახლეობას თბილისში რომ არ ჰქონდეს თავისი საკუთარი შრომისა და რისკის ფასად მოპოვებული სამუშაო ადგილები და შემოსავალი, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, უფრო მეტი სახსრების გამოყოფა დაგვჭირებოდა, არა მარტო დახმარების, არამედ კრიმინოგენური სიტუაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. საკმარისი იყო ხორცის გაძვირება რამდენიმე ლარით და გახშირდა  მსხვილფეხა რქოსანის დატაცების ფაქტები და წარმოიდგინეთ, თუ ადამიანებს ეტყვით, რომ შეწყვიტონ თავიანთი თავის რჩენა, ის ხალხი, სავარაუდოდ, ქვეყნის გარეთაც გავა სამუშაოდ, მაგრამ, შესაძლოა, კრიმინალურ საქმესაც მოჰკიდოს ხელი, ამიტომ პირიქით, თუ კომპლექსურად შევხედავთ, ის სახელმწიფოს ბევრ პრობლემასაც უხსნის იმით, რომ საკუთარი თავის ფუნქციონირებას თვითონვე აფინანსებს, ამიტომ სახელმწიფოც გაგებით უნდა მოეკიდოს მათ არსებობას და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად გაუიოლოს ცხოვრება და საქმიანობა.   სადგურის მოედნისა და სხვადასხვა მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე, ჯერ კიდევ, რჩებიან გარემოვაჭრეები. არც ისინი და არც ქალაქის მთავრობა დათმობას არ აპირებს. შეთავაზება გაკეთებულია, უფასო დახლებს 6 თვით სთავაზობენ ბაზრობაზე, ამ დაპირების კი მოვაჭრეებს არ სჯერათ. ისინი დანებებას არ აპირებენ. კანონში ცვლილებები არ შედის, პროცესი კი ცოცხალია და ჩვენ თვალწინ ვითარდება. რა ემუქრება ათი ათასობით მოვაჭრეს, ხელისუფლების გარდა არავინ იცის.   ნინო ტაბაღუა    

გაზიარება