QronikaPlus
სოსო ცისკარიშვილი: „ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას როგორც ჰქონდა ოცნებად ევროპაში გასეირნება, ასევე რჩება ოცნების ფარგლებში!“

სოსო ცისკარიშვილი: „ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას როგორც ჰქონდა ოცნებად ევროპაში გასეირნება, ასევე რჩება ოცნების ფარგლებში!“

2017-04-07 12:02:15

28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მიმოსვლა 180 დღის ვადაში, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ. საქართველოსთვის ევროპის 30 ქვეყანაში უვიზო რეჟიმის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა. ექსპერტები ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობენ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსა და ხელისუფლებას იმ რისკებს ახსენებენ, რაც უვიზო რეჟიმის ე. წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს უკავშირდება. საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის განხილვის დროს, ძირითადად, იკვეთება ევროპაში მასობრივი მიგრაციის საკითხი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ხუმრობა „ბოლო ვინც წამოხვალთ, აეროპორტში შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ“, ზუსტად გამოხატავს საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას უვიზო რეჟიმის პროცესის მიმართ. რეალურად კი ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის ევროპასთან ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობაა. „უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ ასპარეზს ქმნის“, _ ასე აფასებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სერგი კაპანაძე, საქართველოსთვის ევროპაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. კაპანიძე ფიქრობს, რომ ეს პროცესი დადებითად აისახება საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანზე. „ვიზალიბერალიზაცია მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, პირველ რიგში, იმ კუთხით, რომ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, წავიდნენ ევროპაში არა მარტო მოგზაურობის, არამედ პროდუქციის გატანის, კონტაქტების დამყარების, ახალი შესაძლებლობების მიზნით. ეს, ასევე, ნიშნავს საგანმანათლებლო შესაძლებლობებს, როგორ მოკლევადინი, ისე გრძელვადიანი კუთხითაც“, _ განაცხადა სერგი კაპანაძემ. ვიზალიბერალიზაციის ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს „საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი“. პაატა გაფრინდაშვილი მიუთითებს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე ქართველ მეწარმეებს, რომლებსაც აქამდე ვიზის მისაღებად ხანგრძლივი და დამღლელი პროცედურის გავლა სჭირდებოდათ, საშუალება ექნებათ, გაემგზავრონ ევროპის ქვეყნებში ახალი ბაზრების ასათვისებლად, საერთაშორისო გამოფენებზე დასასწრებად, გამოცდილების შესაძენად, თუ ბიზნესპარტნიორების მოსაძებნად. გაფრინდაშვილის აზრით, მეწარმეებს შენგენის ზონაში შესვლით შესაძლებლობა ექნებათ, გააუმჯობესონ წარმოების ხარისხი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდონ ინვესტიციები. „გადაადგილების თავისუფლება ერთგვარი ჯადოსნური ჯოხივით არის, რადგან მოქალაქეს შეუძლია უვიზოდ იმოგზაუროს. თუ მეღვინეებს სურთ შეხვდნენ თავიანთ პარტნიორებს, ისაუბრონ კონკრეტულ საქმეებზე, გააფორმონ ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია იძლევა ამ სიკეთეს. აღარ არის საჭირო რიგში დგომა, ბიუროკრატიული პროცედურების გავლა. ეს აადვილებს მეწარმის საქმიანობას და ხელს უწყობს ბიზნესის გაფართოებას“, _ ამბობს პაატა გაფრინდაშვილი. საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესის პარალელურად ევროკავშირმა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ე. წ. სწრაფი შეჩერების ახალი მექანიზმი დაამტკიცა. „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. შენგენის ქვეყნებთან უვიზოდ მიმოსვლა შეწყდება იმ შემთხვევაშიც, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქუთაისიდან ახალგაზრდებთან, ჟურნალისტებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად უვიზოდ გაემგზავრა. „საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს ათენი წარმოადგენს. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება. საბერძნეთში ვიზიტი უბრალო დამთხვევა არ არის, რადგან საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია. საბერძნეთში მყოფი ქართველი მოქალაქეების მეორე თაობა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაზე თავის კვალს ტოვებს. მათით ვამაყობთ, ისინი ამტკიცებენ არსებულ კავშირებს და საფუძველს ქმნიან განსაკუთრებული ურთიერთობებისთვის. დღეს იწყება უფრო მჭიდრო ურთიერთობების შექმნის საჭიროება, ბიზნესი, მეცნიერება და ტურიზმი გამარტივდება. საქართველოსათვის რთულ დროს ჩვენ გავაძლიერეთ ადამიანთა შორის კავშირი, რომელზეც ჩვენს ურთიერთობას ვაფუძნებთ... დრო შეიცვალა. დღეს საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი რეფორმატორია და ისეთი ურთიერთობის შექმნას გეგმავს, რომელიც უბრალო ასოციაციაზე უფრო დიდი იქნება. ჩვენ ევროპულ ჩარჩოში ვექცევით და ვცდილობთ, შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული სოციალურ პარტნიორებთან, პატივს სცემს კონტროლისა და ბალანსის სისტემას, ძლიერი დემოკრატია აქვს და ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს. კასპიის ზღვიდან ადრიატიკამდე ჩვენ გაერთიანების ხელშესახები შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ ვართ კასპიის რესურსები _ ევროპაში შეღწევისთვის აუცილებელი გზაგამტარი; საბერძნეთი კი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის რეგიონული დისტრიბუტორია. ენერგიის გარდა, საბერძნეთი ჩინეთის გზაგამტარიცაა ევროპაში. იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთსა და მის მიღმა. ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობის განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისთვის“, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ვიზალიბერალიზაციის ახალ შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და რისკებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელი _ სოსო ცისკარიშვილი: _ ბატონო სოსო, ვინაიდან ჩვენში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან გამოწვეული საყოველთაო ეიფორიის განწყობაა, თქვენ როგორ შეაფასებთ მომხდარს და თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალების გონივრულად გამოყენებას? _ რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაცია სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანია, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის აღიარება სანდო პარტნიორად. რეალურად, ვართ თუ არა სანდონი, ამას ორიოდე თვეში უფრო დავაზუსტებთ. საფრთხის შემცველია ის ფაქტი, რომ ე. წ. იაფი ბილეთები, ანუ 50-ევროიანი ბილეთები, როგორც კი ვიზალიბერალიზაცია მივიღეთ, უკვე სამჯერ უფრო ძვირი გახდა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ევროპაში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა. 90 დღის გასვლას უნდა დაველოდოთ, პირველ ნაკადებზე ევროპაში გამგზავრებულებს. რა მოხდება 91-ე დღეს, ყველა იქნება უკვე დაბრუნებული საქართველოში, თუ მათი უმრავლესობა ევროპაში გვყავს მოსაძებნი, რომ იძულებით დავაბრუნოთ სამშობლოში, ეს იქნება ზუსტი შეფასება იმისა, გვაქვს თუ არა ის გონიერება, რომელიც ადამიანს უნდა აძლევდეს სურვილს _ წესის დაცვით იმგზავროს და მოიაროს ევროპა. ეს თუ ასე არ მოხდა და თუ საქართველოს მოქალაქეებმა ისეთივე დისკომფორტი შექმნეს მასპინძლებისთვის, როგორც ეს უკანასკნელ ხანებში მოხდა ისრაელში, როდესაც იქ ჩასულ სტუმართაგან საქართველოს მოსახლეობის 80% დარჩა ისრაელში და ცდილობს იქ გააგრძელოს ცხოვრება, რასაკვირველია, ეს მიუღებელია ისრაელის სახელმწიფოსთვის და, ზოგადად, ვნებს ქართულ-ებრაულ ურთიერთობებს. ამიტომ ის ფაქტი, რომ ძალიან აქტიურად ვრცელდება წესები ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის შესახებ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკითხი უკვე გასიგრძეგანებული აქვთ ჩვენგან წასულ ტურისტებს. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ არცთუ ცოტა, 1000 პატიმარია შენგენის ზონაში, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქის პასპორტს ფლობს. მარტო მათ მოსანახულებლად რომ დაიძვრებიან ახლობლები, ექნებათ თუ არა მათ ამის შესაძლებლობა და იმის პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ თავადაც არ დაარღვიონ რაიმე საზღვარგარეთ, ესეც საკითხავია. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხანგრძლივი საუბარი იყო, შემთხვევითი არ მგონია, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მხოლოდ მას შემდეგ მისცეს, რაც ძალაში შევიდა მექანიზმი შეჩერების შესახებ. ვისაც მიგვიწვდება ხელი, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენს თანამემამულეებს შევაგონოთ აუცილებლობა ყველა იმ წესის დაცვისა, რაზედაც ევროპული მხარე საუბრობს, გაიხანგრძლივონ ევროპული კომუნიკაციების უფლებები და პირველივე წასვლაზე ისე არ მოიქცნენ, რომ მერე ისინი ევროპაში აღარავინ შეუშვას, 5000 ევრომდე ჯარიმად არ მოიმკას და არ იყო საძებნელი უკვე ქართული პოლიციის მიერ ევროპის სივრცეში, რადგან ჩვენმა სახელმწიფომ ვალდებულება აიღო, წესის დამრღვევი ტურისტები თავად მოიძიოს და საკუთარი სახსრებით ჩამოიყვანოს საქართველოში უკვე როგორც რეადმისიის ერთ-ერთმა მონაწილემ. ასევე ფაქტი ისიც არის, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას როგორც ჰქონდა ოცნებად ევროპაში გასეირნება, ასევე დარჩება ოცნების ფარგლებში, რადგან ეს გამგზავრება უვიზოა, მაგრამ არა _ უფასო. იმ ხარჯების გადახდა, რაც ერთ ადამიანს ელის ევროპაში მოგზაურობისას, ალბათ, მრავალი ოჯახისთვის რამდენიმე თვის გამოკვების ოდენაა. _ ვიზალიბერალიზაციის განხილვის დროს საზოგადოების მხრიდან ხშირად იკვეთება ევროპაში მასობრივი მიგრაციის საკითხი. ზემოთ აღნიშნეთ, რომ ამ დასკვნების გაკეთებას 91-ე დღეს შევძლებთ, მაგრამ თქვენ როგორც ანალიტიკოსს, რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ, როგორ ფიქრობთ, დავდგებით ამ რეალობის წინაშე? _ ჩემთვის ყველაზე შემაშფოთებელი მაგალითია ჩვენი ტურისტების 80%, რომელიც ისრაელში ჩავიდა და გადაწყვიტა, რომ იქ გააგრძელოს ცხოვრება. შენგენის ზონა, ცხადია, მრავალსახელმწიფოიანია და ვინ, სად, როგორ, რანაირად... უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებაა, ზედმიწევნით იყოს შესწავლილი თითოეული მოქალაქე, რომელსაც სურვილი გაუჩნდება ქართული პასპორტის აღბისა, რადგან ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, რომელიმე ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილმა სახელმწიფომ მოიძიოს ადამიანები, თუნდაც, თვითმკვლელები, რომლებიც ქართულ პასპორტს მიიღებენ, შემდომ კი რაიმე ისეთს მოიმოქმედებენ საზღვარგარეთ, რომ უპირობოდ შეჩერდეს ვიზალიბერალიზაცია. უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი ვცეთ ქართულ პასპორტებს, რომლის ფასმაც ძლიერ იმატა და უკვე სხვადასხვა ქვეყნიდან ამბები მოდის შეკიხვით, _ რა ღირს ქართული პასპორტები? _ რისკი დიდია. იმ შემთხვევაში, თუ დაგვემუქრება შეჩერების მექანიზმის ამოქმედება, რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას? _ უპირველეს ყოვლისა, მთელი მსოფლიო გაიგებს, რა დაბალია ზოგადი განათლების დონე ჩვენს მოსახლეობაში. რასაკვირველია, ბევრად დაეცემა ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი, როგორც ევროპის მიერ დასჯილის. _ შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებისთანავე პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი დელეგაციასთან ერთად პირველად საბერძნეთში გაემგზავრა. თბილისში საზეიმო კონცერტი მოეწყო, რომელიც, სავარაუდოდ, საკმაო თანხა დაჯდა. ამაზე რას იტყვით? _ თავისთავად, ის ვიშვიში, რომელიც დიდი მოლოდინის შემდეგ ავტეხეთ ვიზალიბერალიზაციის მიღებისას, რასაკვირველია, არ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ ასეთ გადაწყვეტილებას ველოდით. ისეთი ტაშფანდური გააჩაღეს, რომ ევროპიდან, ალბათ, უფრო შევეცოდეთ. არ მგონია, ევროპული ქვეყნები, როდესაც შენგენის ზონაში შედიოდნენ, ასეთ სანახაობას მართავდნენ. თანაც ტაშფანდური გასცდა შენგენის ზონას და ის ვიხილეთ ინგლისშიც, რომელიც შენგენის ზონაში არათუ არასოდეს ყოფილა, არამედ ახლა უკვე ევროკავშირის წევრიც აღარ არის. რა ექეიფებოდათ ლონდონში, არ ვიცი, მაგრამ სწორედ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ვიზის მიღება არის დამამცირებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ამისთვის აუცილებელია, რომ პასპორტი და ყველა მონაცემი ჯერ თურქეთში გადაიგზავნოს. იქიდან არც ხმა, არც რაიმე ბგერა ისმის და არის საკმაო დღეები, რომ ადამიანმა გაიგოს, მიდის თუ ვერა ინგლისისკენ. ასეთი წიავ-წიავი პარლამენტის წევრებისგან, რომ მხოლოდ თავიანთი დამსახურების შედეგად მონათლონ ვიზალიბერალიზაცია, იმაზე გვაფიქრებინებს, რომ პარლამენტართა სამივლინებო ხარჯები გადასახედია და მერე დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე _ ვინ უნდა მოიჭიროს ქამრები. ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც არ არის მდიდარი საკუთარი ძალაუფლებით, უფრო ხმაურიანად ზეიმობს წინგადადგმულ ნაბიჯს. ასეთ ვითარებაშია სწორედ ჩვენი ქვეყანა. რასაკვირველია, წარმატება კმაყოფილების მომტანია, მაგრამ ზედმეტი არსად არ ამკობს. თავშეკავება და აკადემიზმი ყოველთვის უფრო წინმსწრებია რაიმე სასიკეთო სიტუაციაში, ვიდრე აღვირახსნილი კმაყოფილება, რომლის შინაარსსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა ვერ ეცნობა და ვერ მოიძიებს. _ საკმარისად ახორციელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა საინფორმაციო ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც დაკავშირებულია ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებასთან დაკავშირებით და როგორი იქნება თქვენი რეკომენდაცია ამ მიმართულებით? _ სერიოზული ვალდებულება უნდა გახდეს ადგილობრივი ხელისუფლებებისთვის, რომ თანასოფლელები, თანაქალაქელები იყვნენ ისე ინფორმირებულნი, როგორც, ვთქვათ, დედაქალაქში მცხოვრებნი, რადგან ჩვენ უამრავი სატელევიზიო სივრციდან ვიგებთ ერთსა და იმავეს და ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ თბილისელთა დიდი რაოდენობა უკვე ნამყოფია ევროპაში და მშვიდობიანად დაბრუნებულიც. ამიტომ, ადგილობრივი თვითმმართველობების დახურვის ნაცვლად, უნდა იყოს მათი ხელშეწყობა იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ყველაფერში იყოს ინფორმირებული და გარკვეული თანხმობა იქონიოს როგორც ოჯახიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან, რადგან ასეთები არ უნდა იყვნენ შემჩნეულნი ქუდობაში, ხულიგნობაში, რომ ნეგატიური თვისებები არ გამოავლინონ ევროპაში. თამარ ბატიაშვილი

გაზიარება