გაუქმებული ბლოკები, მერების არჩევითობა... ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ექვსი თვეა დარჩენილი, მაგრამ არც ქვეყანას და არც პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო კამპანიის ჯერ არაფერი ეტყობა. არც მერობის შესაძლო კანდიდატები გაუჟღერებია რომელიმე პოლიტიკურ ძალას და არც ბლოკის შექმნის სურვილი გამოუთქვამს ვინმეს. თუმცა ყოველივე ეს ნამდვილად არაა პოლიტიკური სპექტრის ბრალი, პრობლემა ისაა, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე სრულიად გაურკვეველია, როგორი წესებით ჩატარდება ადგილობრივი არჩევნები.
უცნობია, რამდენი ქალაქი შეინარჩუნებს თვითმმართველ სტატუსს, აქედან გამომდინარე, უცნობია, რამდენი საკრებულო იქნება ასარჩევი ქვეყანაში. ასევე გაუგებარია, რამდენ ქალაქში უნდა წარადგინონ პარტიებმა მერობის კანდიდატები და რამდენ მუნიციპალიტეტში _ გამგებლის? ეს გაუგებრობები ხელისუფლების საკმაოდ მოულოდნელმა და სრულიად დაუსაბუთებელმა ინიციატივამ გამოიწვია, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინათ „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის განვითარების მიზნით, მეტი დეცენტრალიზაციის გატარება შემოგვთავაზა და მანამდე არსებულ ხუთ თვითმმართველ ქალაქს: თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავსა და ფოთს კიდევ შვიდი ქალაქი: ზუგდიდი, თელავი, ოზურგეთი, მცხეთა, ახალციხე, ამბროლაური და გორი დაუმატა. მათზე მიბმული სოფლები კი ცალკე მუნიციპალიტეტებად გაერთიანდნენ, რის შედეგადაც დამატებით კიდევ 7 მუნიციპალიტეტი მივიღეთ, სადაც მოსახლეობა თავის საკრებულოსა და გამგებელს ირჩევს.
სამი წლის წინათ ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ეს რეფორმის მხოლოდ დასაწყისია და 2017 წლამდე დეცენტრალიზაციის პროცესი კიდევ ბევრ ქალაქს შეეხებაო. ანუ იგივე რეფორმა უნდა შეხებოდა ხაშურს, ბორჯომს, კასპს, ქარელს, ქობულეთს, ზესტაფონსა და ა. შ., მაგრამ ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება რეფორმის გაგრძელებას კი არა, მის საერთოდ შეჩერებას და მეტიც, უკან დაბრუნებას გეგმავს. ანუ 7 თვითმმართველი ქალაქი ისევ რაიონული ცენტრი უნდა გახდეს. არც ქალაქებსა და არც სოფლებში ეს პერსპექტივა არ მოსწონთ და ხელისუფლებისგან განსხვავებით მათ საამისო არგუმენტებიც აქვთ.
როდესაც ქალაქი და მის გარშემო არსებული სოფლები ერთ მუნიციპალიტეტში იყვნენ გაერთიანებულნი, მუდმივად იდგა დაფინანსების პრობლემები, ანუ რისთვის მიენიჭებინათ პრიორიტეტი, _ იმ გადაუდებელი საჭიროებისთვის, რომელიც ქალაქის წინაშე იდგა, თუ იმ ასევე გადაუდებელი საჭიროებისთვის, რომელიც სოფლად იყო? შედეგად ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტები ან კუს ნაბიჯით მიდიოდა, ან საერთოდ გაჩერებული იყო.
საბოლოო ჯამში, პრიორიტეტი მაინც ქალაქის სასარგებლოდ კეთდებოდა, ერთიან მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის გადაქაჩვა ყოველთვის ქალაქის სასარგებლოდ ხდებოდა, იმიტომ რომ ქალაქში მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, მეტ მომსახურებას, ანუ სერვისს იღებს სახელმწიფოსგან. მეტი მცხოვრები მეტ ამომრჩეველს ნიშნავს, ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ყოველთვის ცდილობდა, განსაკუთრებით დიდი ქალაქის მოსახლეობაზე ეზრუნა და, ძირითადად, ქალაქელები ჰყოლოდა კმაყოფილი. ამის გამო სოფლები ყურადღების გარეშე რჩებოდნენ. გაყოფის შემდეგ ბევრი რამ გამოსწორდა, იმიტომ რომ მეტი ყურადღება მიექცა და მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო სოფლებში. ქალაქისგან გამოყოფილმა, სოფლებისგან შემდგარმა მუნიციპალიტეტებმა და პირდაპირი წესით არჩეულმა გამგებლებმა, როგორც იქნა, სოფლად მცხოვრები ადამიანების ინტერესებზე დაიწყეს ზრუნვა.
დეცენტრალიზაციის შემდეგ ქალაქს თავისი ბიუჯეტი გაუჩნდა, სოფელს კი _ თავისი. ელემენტარული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაც სწრაფი ტემპით დაიწყო, ადამიანებმა თვალნათლივ დაინახეს, რომ ქალაქს თუ სოფელს რაღაც მაინც დაეტყო: სკვერი მოეწყო, სკამი დაიდგა და ნაგვის ურნებიც გამოჩნდა; სოფლებში კი წლების განმავლობაში გაჩერებული საბავშვო ბაღების მოწყობის პროცესი დაიძრა. რა თქმა უნდა, სასურველ შედეგამდე ჯერ ძალიან შორს ვართ, მაგრამ თუ გავჩერდით და მით უმეტეს, უკან წავედით, მიზანთან საერთოდ ვერასდროს მივალთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის გამოც სამი წლის წინათ ხელისუფლებამ თვითმმართველობის ეს რეფორმა წამოიწყო, არის ის, რომ მოსახლეობისთვის უნდა გამარტივებულიყო გამგეობასთან თუ საკრებულოსთან წვდომა და კონკრეტული სერვისების მიღება. როცა ქალაქი და სოფლები ერთად იყო, გამგეობები კი ქალაქში იყო განთავსებული, სოფლიდან გამგეობამდე მისასვლელად, ხშირად, ათეულობით კილომეტრის გავლა გახლდათ საჭირო. ამის გამო უამრავი ადამიანი, უბრალოდ, მისთვის საჭირო მომსახურებას ვერ იღებდა. გაყოფის შემდეგ კი სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა. ასეთივე რეფორმის მოლოდინში იყო ბევრი ქალაქი და სოფელი, მაგრამ... ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველაფერი შეაჩეროს და უკან დააბრუნოს. რატომ?.. _ წესიერად ვერავინ გაიგო. იმიტომ, რომ ხელისუფლება გასაგებად არ თუ ვერ ხსნის მიზეზებს. ერთადერთი ის ვიცით, რომ რამდენიმე მინისტრი ცალყბად საუბრობს ხარჯების დაზოგვაზე. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ჩინოვნიკები, რომლებიც 100 ათას დოლარიანი ჯიპებიდან ვერა და ვერ გადმოვსვით, საბიუჯეტო ეკონომიას თვითმმართველობის გაუარესების ხარჯზე გვთავაზობენ. რაც მთავარია, დასაზოგი თანხები იმდენად მწირია, რომ ბიუჯეტს საგრძნობლად არც დაეტყობა, სამაგიეროდ, ამ „დაზოგილ“ თანხებს, შეიძლება, ბევრი სიკეთე შეეწიროს: ისევ გაუარესდება სახელმწიფოსა და მოსახლეობის ურთიერთობის ხარისხი, სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის ისევ გართულდება სერვისების მიწოდების შესაძლებლობა, ზოგადად, გაუარესდება ადამიანების ცხოვრების დონე.
ქალაქებისა და სოფლების ისევ შეერთება ერთ მუნიციპალიტეტში არ მოსწონთ თავად თვითმმართველი ქალაქების მერებს. ისინი ერთხმად აცხადებენ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება დააშორებს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, შეაჩერებს მიმდინარე პროექტებს და შეამცირებს ადგილობრივი დემოკრატიის სტანდარტს. ყოველივე ამის ფონზე, საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვა იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ ეჭვი აღარავის ეპარება, ძაღლის თავი აშკარად სხვაგანაა დამარხული. როგორც ჩანს, რომელიღაც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზედმეტი დამოუკიდებლობა მოინდომა და, მაგალითად, ცენტრთან შეუთანხმებლად, სანიაღვრე არხის გაკეთება გაბედა; ან ბიუჯეტი ისე არ გახარჯა, როგორც ეს გუბერნატორს უნდოდა. ფაქტია, რომ თვითმმართველობის განვითარებისთვის აუცილებელი დეცენტრალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაში ჩანასახშივე კვდება, ასევე ფაქტია, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას ძალაუფლების განაწილება არ მოეწონა და ისევ ცდილობს მთელი ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრაციას. ეს კი უკვე ავტორიტარიზმის უტყუარი დიაგნოზია. მახსოვს, „ვიღაცას“ დემოკრატიით ევროპელები უნდა გაეკვირვებინა(!).
7 თვითმმართველი ქალაქის ისევ სოფლებთან გაერთიანება ნიშნავს, რომ 7 მუნიციპალიტეტი უნდა გაუქმდეს, უნდა გაუქმდეს 7 საკრებულო და აღარ უნდა აირჩეს 7 პირდაპირი წესით არჩეული გამგებელი. მაგრამ, როგორც ჩანს, თვითმმართველობის ნგრევა და უკუსვლის პროცესი ამით არ დასრულდება. სამთავრობო კულუარებიდან ძალიან საგანგაშო ხმები ჟონავს იმასთან დაკავშირებით, რომ შუშის სასახლის უმაღლესი ქურუმი ძალიან უკმაყოფილოა მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევის წესით, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მერებიც და გამგებლებიც საკრებულოებმა აირჩიონ. მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარეობს, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, კერძოდ, ქუცნაშვილმა და ვოლსკიმ უკვე გააკეთეს. მალე, ალბათ, კვლავ გვეტყვიან, რომ ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადაჰყავთ და თუ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, მერები და გამგებლები საკრებულომ უნდა აირჩიოს. და მერე რა, რომ მთელ ქვეყანას პრეზიდენტის, მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა უნდა და რომ ეს ქვეყანა რამდენიმე ათეული წელი იბრძოდა იმისთვის, რომ ამომრჩეველს თავად აერჩია თავისი ქალაქის მერი და თავისი მუნიციპალიტეტის გამგებელი. გარდა ამისა, ყველა საერთაშორისო სტანდარტით ქალაქი, რომელსაც არ ჰყავს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული მერი და არ ჰყავს მის წინაშე ანგარიშვალდებული ადგილობრივი ხელისუფლება, არ აქვს საკუთარი შემოსავლები, ქონება და ბიუჯეტი, კარგავს განვითარების შანსს.
რეფორმის პირველი ეტაპი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო და რომლის დროსაც თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა გაიზარდა, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რაც „Fრეედომ Hოუსე“-ის 2015 წლის მოხსენებაში საქართველოს რეიტინგის ზრდაზეც შესაბამისად აისახა. ამან კიდევ უფრო მეტად გააჩინა იმედი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად განახორციელებდა მის მიერვე შემუშავებულ, თვითმმართველობის სტრატეგიით გათვალისწინებულ რეფორმას. მუნიციპალიტეტების ტერიტორიულ ოპტიმიზაციასაც გააგრძელებდა და არა რეფორმის შეჩერებას და წარსულში დაბრუნებას.
გარდა იმისა, რომ ჯერ არ ვიცით, გამოაკლდება თუ არა საერთო რაოდენობას 7 საკრებულო, ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება ვერ დაიწყება, თუკი კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არ იქნება მკაფიოდ გარკვეული, _ აიკრძალება თუ არა კანონით პოლიტიკური ბლოკების შექმნის უფლება? კონსტიტუციის 50-ე მუხლში ნახსენები პოლიტიკური ბლოკები, რომლის ამოღებაც უნდა „ქართულ ოცნებას“, საპარლამენტო არჩევნებს ეხება. საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორაც არ უნდა მოინდომოს უმრავლესობამ, ოქტომბრისთვის ვერ მოესწრება, მაგრამ სულ სხვა თემაა ადგილობრივი არჩევნები. მის შესახებ კონსტიტუციაში არაფერი წერია და ყველა საკითხი საარჩევნო კოდექსით რეგულირდება. ასე რომ, თუ ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ ბლოკების აკრძალვა შემოდგომაზე ჩასატარებელ ადგილობრივ არჩევნებზე უნდა გავრცელდეს, კოდექსში ცვლილების შეტანა სირთულეს არ წარმოადგენს. გაზაფხულზევე მოესწრება საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა და ყველა პარტია იძულებული გახდება, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა.
ადვილი წარმოსადგენია, როგორ კომფორტულ მდგომარეობაში აღმოჩნდება „ქართული ოცნება“, რომელსაც ისედაც ხელში აქვს ადმინისტრაციული რესურსი: პოლიცია, სუს-ი, გუბერნიები, გამგეობები და ა. შ. ასევე „ოცნების“ უკან დგას ამოუწურავი ფინანსური რესურსი, რომელსაც მისი დამფუძნებელი ფლობს. და ყოველივე ამას დაემატება ის, რომ პოლიტიკურ პარტიებს აეკრძალებათ ბლოკებისა და კოალიციების შექმნა. ანუ აეკრძალებათ წინასაარჩევნოდ გაერთიანება და გაძლიერება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ყველა ხელისუფლება ბლოკით მოვიდა და მათ შორის „ქართულმა ოცნებამაც“ წინა ხელისუფლება კოალიციის მეშვეობით დაამარცხა.
როგორც ჩანს, „ოცნებაში“ ისტერიულად ეშინიათ ისტორიის განმეორების. ეშინიათ, რომ ისევ ჩამოყალიბდება პოლიტიკური პარტიების ერთობა, რომელიც უკვე მერამდენედ შეასრულებს საზოგადოების დაკვეთას და არასასურველ ხელისუფლებას გაისტუმრებს. როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ ხვდებიან, რომ მოსახლეობის მხარდაჭერას დღითი დღე კარგავენ. მათი ამომრჩევლების რაოდენობა ოთხ წელიწადში, თითქმის, განახევრდა. ნდობა მათ მიმართ კლებულობს. ამის მაგალითია გასული საპარლამენტო არჩევნები, როცა „ოცნებას“ არჩევნებზე მისულთა უმცირესობამ, მხოლოდ, 48%-მა დაუჭირა მხარი. უმრავლესობამ კი, 52%-მა, სხვა პარტიებს მისცა ხმა. ხელისუფლებაში დაინახეს, რომ დასასრული უკვე დაიწყო და იმისთვის, რომ ეს დასასრული ცოტა მაინც გადაავადონ, ხელოვნურად სხვას უნდა შეუზღუდონ გაძლიერების შანსი. საარჩევნო ბლოკების კონსტიტუციით აკრძალვა არის „ოცნების“ ღიად გაჟღერებული სურვილი, რომ მხოლოდ „ჩვენ“ უნდა ვიყოთ მუდამ ხელისუფლებაში და ვერავინ, ვერასდროს ამას ხელი ვერ უნდა შეუშალოს.
ბუნებრივია, სანამ ბლოკების შექმნა-არშექმნის საკითხი არ გაირკვევა, პარტიები არჩევნებისთვის ვერ მოემზადებიან და კამპანიაც ვერ დაიწყება. მართალია, ჯერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუფიქსირებია ღიად, ვინმესთან ბლოკში გაერთიანების სურვილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამდაგვარი გეგმები ბევრს აქვს.
რამდენიმე დღის წინ ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის თავისი ვერსია წარუდგინა, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ საკითხად, სწორედ, ბლოკების შექმნის უფლების კანონით შენარჩუნებაა დასახელებული. ოპოზიცია ხელისუფლებას სთავაზობს, რომ კანონი იმდაგვარად შეიცვალოს, არც პოლიტიკური პარტიების გაძლიერების შესაძლებლობები შეიზღუდოს და არც, ერთგვარ, შპს-ებად ქცეული, ერკაციანი პარტიები წახალისდეს. გამოსავლად დასახელებულია ბლოკების წესდების შემოღება. დღევანდელი კანონით, ბლოკის მიერ მიღებული ყველა რესურსი, ანუ საბიუჯეტო დაფინანსება, უფასო სარეკლამო დრო და დაფინანსებული წარმომადგენლები უბნებზე, ბლოკის წევრებს შორის თანაბრად ნაწილდება. შედეგად, ბლოკში მყოფი „ერთკაციანი“ პარტიები, რომლებიც ბლოკში, ძირითადად, სინერგიისთვის არის საჭირო (რაოდენობრივად რომ ბევრი პარტია გამოჩნდეს), იღებენ დაფინანსებას, უფასო რეკლამას და 3700 წარმომადგენელს ყველა არჩევნებზე. შედეგად, ერთკაციანი პარტიები საკმაოდ სარფიანი ბიზნესი გახდა. ბლოკის წესდების შემოღება კარდინალურად შეცვლის მდგომარეობას. ბლოკის წევრებს თავად მიეცემათ საშუალება შეთანხმდნენ, თუ როგორ გაანაწილებენ, ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, მიღებულ რესურსებს. ბუნებრივია, „ერთკაციანი“ პარტიები ვეღარ მიიღებენ ვერც დაუმსახურებელ დაფინანსებას, ვერც უფასო რეკლამას და ვერც წარმომადგენლებს, რასაც კანონი დღეს თანაბრად უნაწილებს ყველას, მიუხედავად იმისა, ბლოკში შემავალი პარტიებიდან, ვინ რა წვლილი შეიტანა წარმატებაში. გარდა ამისა, 3700 დაფინანსებულ წარმომადგენელს მიიღებს არა ბლოკის ყველა წევრი, არამედ მხოლოდ ბლოკი, როგორც ერთი სუბიექტი, რაც საბიუჯეტო დანახარჯებს საგრძნობლად შეამცირებს. ასევე უფასო რეკლამა მიეცემა ბლოკს და არა ყველა მის წევრს სათითაოდ.
გარდა ამისა, ოპოზიციამ მათეული ხედვა წარმოადგინა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ხელისუფლებას მათ სისტემის ორი ვარიანტი შესთავაზეს.
ვარიანტი A: ისევე როგორც პარლამენტის შემთხვევაში, ადგილობრივ არჩევნებშიც, მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჟორიტარული სისტემა ადგილობრივ დონეზეც უნდა გაუქმდეს. ამას გარდა, შემოთავაზებული ვარიანტი საკრებულოებში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასა და მათ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაბალანსებას გულისხმობს. ამ მხრივ ქვეყანაში მართლაც სერიოზული დისბალანსი გვაქვს. მაგალითად, დმანისში, სადაც, სულ, 22 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული, საკრებულო 32 წევრისგან შედგება, ქუთაისში კი 154 ათასი ამომრჩეველი საკრებულოს მხოლოდ 25 წევრს ირჩევს. შემოთავაზების მიხედვით საკრებულოების წევრთა რაოდენობა შემდეგნაირად უნდა გადანაწილდეს:
საკრებულოები, რომელთა მუნიციპალიტეტებშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 30 000-ზე ნაკლებია, 20 დეპუტატით უნდა დაკომპლექტდეს; საკრებულოები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 30 000-დან 60 000-მდეა _ 25 დეპუტატით; საკრებულოები, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 60 000 ამომრჩეველზე მეტია, _ 30-ით; ხოლო თბილისის საკრებულოს რაოდენობა უნდა განისაზღვროს 45 დეპუტატით.
B ვარიანტი: ისევ პროპორციულისა და მაჟორიტარულის ნაზავს ითვალისწინებს, ოღონდ პროპორციული მანდატები ე. წ. გერმანული მოდელის მიხედვით უნდა განაწილდეს. შერეული სისტემის შემთხვევაში, გერმანული მოდელი ერთადერთი საშუალებაა, არ დაირღვეს სამართლიანი არჩევნების უმთავრესი პრინციპი, „რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, იმდენი პროცენტის ადგილები ერგოს მას არჩევით ორგანოში“.
ბურთი ხელისუფლების მოედანზეა. მან, რაც შეიძლება მალე, ყველა კითხვას უნდა უპასუხოს: რატომ უქმდება თვითმმართველი ქალაქები?.. რატომ უქმდება მერების პირდაპირი არჩევის წესი?.. რატომ უქმდება ბლოკები?.. და საერთოდ, რა სისტემით უნდა ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები?.. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამგვარ კითხვებზე პასუხები არჩევნებამდე, მინიმუმ, ერთი წლით ადრეა გაცემული. ყველამ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, იცის, როგორი თამაშის წესებით უნდა იხელმძღვანელოს, საქართველოში კი ამის მიღწევა ვერასდროს მოხერხდა. ჩვენთან უმნიშვნელოვანესი ცვლილებები არჩევნებამდე ორი, სამი თვით ადრე უნდა შევიდეს კანონში. როგორც ჩანს, ეს მანკიერი ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, საქმის კეთებას არჩევნებამდე, მინიმუმ, ერთი წელი სჭირდება, თორემ გაფუჭებასა და წარსულში დაბრუნებას ორი თვეც მშვენივრად ჰყოფნის.
დემნა ვეშაპიძე