QronikaPlus
ამირან სალუქვაძე: „რეზერვის მომზადების ტემპები სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს არ შეესაბამება“

ამირან სალუქვაძე: „რეზერვის მომზადების ტემპები სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს არ შეესაბამება“

2017-04-07 11:55:10

„ჯერ არანაირი ქოლგის ქვეშ არ ვართ, რომ ჩვენი რეალური მხარდამჭერი ვინმე სხვა აღმოჩნდეს“ როგორი უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს სარეზერვო სამსახური? რას ნიშნავს ცხინვალის რეგიონში ოსური სამხედრო შენაერთების რუსულთან შერწყმა? ამ ფონზე საჭიროა თუ არა მოსკოვთან აქტიური დიალოგის წარმართვა? დაწყებულია თუ არა „ცივი ომი“ დასავლეთსა და რუსეთს შორის? ამ სიტუაციაში საქართველოს როლი და ადგილი სად არის? „ქრონიკა+“-მა ამ და სხვა კითხვებით ბრიგადის გენერალს, ექსპერტ ამირან სალუქვაძეს მიმართა: _ რეზერვის კონცეფციასთან დაკავშირებით ორ განხილვას ვესწრებოდი, რომელიც საექსპერტო წრეებისა და მესამე სექტორის ცალკეულ წარმომადგენლებთან ერთად თავდაცვის სამინისტროში და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართა. პირველ განხილვაზე ათამდე კითხვა და შენიშვნა მქონდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზეც ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვი, გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: 1. რეზერვის მომზადების ტემპები და მისი მოცულობა საერთაშორისო ვითარებასა და სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს არ შეესაბამება. აბსოლუტურად არანაირი წინააღმდეგობა არ უდგას იმას, რომ წელსვე დავიწყოთ რეზერვში გაწვევა ძველი კანონმდებლობის საფუძველზე. თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ მომზადების პროგრამის შეცვლა მოუწევს. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ პრობლემა არ იქნება მომზადებული კონტიგენტის ჩარიცხვა რეზერვის იმ სახეობებში, რომლებიც ახალი კონცეფციით და საკანონმდებლო ცვლილებებით დამტკიცდება. ასევე, წელს თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება სავალდებულო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის შესახებ, რაც რეზერვის მომზადების ერთ-ერთი ეფექტიანი გზაა. ამ საკითხში სავსებით ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებებს. 2. ორივე განხილვაზე ვთქვი, რომ ჩვენს არმიაში, ფაქტობრივრად, მოშლილია სამხედრო მოსამსახურეთა სამედიცინო უზრუნველყოფის სისტემა. უზრუნველყოფის ამ უმნიშვნელოვანესი სახეობის მოშლა მაშინ დაიწყო, როცა თბილისის სამხედრო ჰოსპიტალი გაუქმდა. სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობაზე კონტროლი წლებია, აღარ ხორციელდება. მკითხველს მინდა განვუმარტო, რომ სამედიცინო უზრუნველყოფა მხოლოდ ავადმყოფთა და დაჭრილთა მკურნალობას არ მოიცავს. ძალიან მნიშვნელოვანია ოფიცერთა და სხვა კატეგორიის მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის კონტროლი, იძულებითი დისპანსერიზაცია და მკურნალობა. რატომ წამოვწიე ეს საკითხი რეზერვთან მიმართებით? სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე დიდძალ თანხებს ხარჯავს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ გავუფრთხილდეთ მათ ჯანმრთელობას, რათა მათ შეძლონ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმსახურონ და თადარიგში/რეზერვში ჯანმრთელები ჩაირიცხონ. გვაქვს იმედი, რომ რეზერვში გარკვეული რაოდენობის მომზადებული კონტინგენტია. სინამდვილეში კი მათი ნაწილის ჯანმრთელობა უკვე აღარ შეესაბამება მოთხოვნებს. ჯანმრთელობის კონტროლი არ არსებობს, რეზერვის ასაკს კი 55 წლამდე ვზრდით. 3. უკეთესი იქნებოდა, პარლამენტში განხილვამდე შექმნილიყო სამთავრობო უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უნდა განეხილა არა მხოლოდ რეზერვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოს სამობილიზაციო მომზადების საკითხი, რადგან რეზერვი მხოლოდ ნაწილია მობილიზაციის და ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრობლემა არ არის. ეს საკითხიც გაჟღერდა როგორც განხილვებზე, ასევე ინტერვიუებშიც. 4. კითხვა დავსვი მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებით, რადგან გაჟღერდა, რომ ასეთი ბაზები არ არსებობს. ამ საკითხს არ ჩავუღრმავდები. მგონი, არსი გასაგებია. 5. კითხვები მქონდა ხარჯებთან დაკავშირებითაც. ითქვა მაქსიმალური ეფექტიანობა მინიმალური დანახარჯებით, რაც ბუნებაში შეუძლებელია. მაქსიმალური დანახარჯებით მინიმალური ეფექტიანობა შეიძლება, პირიქით _ არა. არსებობს რაციონალური გადაწყვეტილების მიღების თეორია, რაც სულ სხვა რამეა, არ ჩავუღრმავდები. ასევე კარგადაა გასააზრებელი ანაზღაურების საკითხებიც. 6. კონცეფციის პრეზენტაციისას არ გაჟღერებულა, თუ რა მოცულობის რეზერვი ესაჭიროება შეიარაღებულ ძალებს. თუ ღიად ვასახელებთ იმ ციფრს, 10 წელიწადში რა რაოდენობის რეზერვისტს მოვამზადებთ, არანაირი პრობლემა არაა, საჭიროებაც დავასახელოთ. თუმცა ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პერსპექტიული დაგეგმვა გათვლებზე იყოს დაყრდნობილი. როგორც მიპასუხეს, ასეთი გათვლები არსებობს. თუ ასეთი გათვლები არსებობს, მაშინ კითხვა ისმის, _ გათვლების თანახმად უფრო მეტი რეზერვისტი გვჭირდება, თუ დაგეგმილი 12 ათასი საკმარისია? თუ მეტი გვესაჭიროება, მაშინ როცა თავდაცვის კომიტეტში გაგვაქვს საკითხი, დეპუტატებს უნდა განვუცხადოთ, რომ ეს რაოდენობა არასაკმარისია და საჭიროა დაფინანსების გაზრდა, ან სხვა გზების გამონახვა. 7. ასევე გამოვთქვი მოსაზრება, რომ არმიის რეფორმებში შეძლებისდაგვარად ჩართონ თადარიგში მყოფი ორმოცამდე გენერალი და ათობით კვალიფიციური ოფიცერი, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, თავიანთი გამოცდილება შეიარაღებულ ძალებს მოახმარონ. მინისტრის მოადგილის მხრიდან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით დადებითი რეაქცია იყო. 8. კითხვა მქონდა ტერიტორიულ პრინციპთან დაკავშირებით და მოსაზრება გამოვთქვი, რომ რეზერვის ამ სახეობას სახელწოდება შევუცვალოთ. ტერიტორიულ პრინციპთან დაკავშირებით სავსებით ვეთანხმები ბატონ დავით თევზაძეს. მისი მინისტრობის დროს ორი ტერიტორიული ბატალიონი იყო შექმნილი, კოდორი და ბარისახო. იგეგმებოდა შემდგომშიც, ამ მიმართულებამ განვითარება აღარ ჰპოვა. პირიქით, ორთავე ბატალიონი გაუქმდა. უფრო სიღრმისეული მსჯელობა დიდ აუდიტორიასთან განხილვის დროს ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყველა დამსწრე სვამს კითხვას და აუდიტორია ძალიან იღლება. ამავე დროს, თვითონ კონცეფცია თავისი შინაარსით ზოგადი დოკუმენტია. ღრმა შეფასება და ანალიზი შესაძლებელია, თუ უფრო დეტალური დოკუმენტების განხილვა მოხდება. მთლიანობაში, ადგილზე დგომას მოძრაობა სჯობია და, ზოგადად, ყოველთვის მივესალმები კონცეპტუალურ და პროგრამულ მიდგომებს. ასევე სრულად ვიზიარებ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ოფიცერთა მომზადება უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოში, გადამზადება ან განათლების დონის ამაღლება _ საზღვარგარეთ. ოფიცრის მომზადება არ შეიცავს მხოლოდ სამხედრო სპეციალობის სწავლებას. სამხედრო სპეციალობასთან და ზოგად უმაღლეს განათლებასთან ერთად მან უნდა მიიღოს პატრიოტული აღზრდა, რაც მხოლოდ საკუთარ კედლებშია შესაძლებელი. ბატონი გენერლები საუბრობდნენ ფუნქციების აღრევაზე შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით. დავამატებ შემდეგს: პრობლემები დაიწყო 2004 წლიდან, როცა სამოქალაქო მინისტრები, ფაქტობრივად, სამხედრო მინისტრების ფუნქციებს ასრულებდნენ და უშუალოდ ახორციელებდნენ შეიარაღებული ძალების მართვას. ამას ათასობით ოფიცრის ჯარიდან გაყრა მოყვა. შედეგები ვიხილეთ. დღევანდელი საკადრო კრიზისი, ფუნქციების აღრევა, ქრონიკული რეორგანიზაციებისა და უთავბოლო რეფორმების მოდა საძირკველს სწორედ იქიდან იღებს, როცა სამოქალაქო პირი, რიგითი, იწყებს არმიის მშენებლობას და მისი ყოველდღიური საქმიანობის მართვას, საკადრო პოლიტიკიდან დაწყებული, სამხედრო ტექნიკის შესყიდვებით დამთავრებული. რაც შეეხება უმაღლესი მთავარსარდლის საკითხს, შესამუშავებელია ისეთი ვარიანტი იმ პოლიტიკური მოდელიდან გამომდინარე, რომელიც იმოქმედებს სახელმწიფოში, რომ პოლიტიკური კრიზისების შემთხვევაში ჯარი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად არ იქცეს. საპარლამენტო ქვეყნებში უმაღლესი მთავარსარდალია პრემიერი (კანცლერი), რითაც არც ერთი ქვეყანა არ ინგრევა. ეს არაა პიროვნული საკითხი. არმია იმას უნდა ემორჩილებოდეს, ვისაც ხელთ უპყრია სააღმსრულებლო ფუნქციები, უფლება აქვს, შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისთვის ფინანსები და სხვა სახელმწიფო რესურსები განკარგოს. დავით თევზაძე ისრაელის გამოცდილებას შეეხო, რაშიც სავსებით ვეთანხმები. ჩვენს ქვეყანაში ყველას მოსწონს ის შედეგები, რომლებსაც ისრაელმა მიაღწია, თუმცა მისი გამოცდილების შესწავლა და დანერგვა არავის სურს, ან არ ძალუძს. ასევე ვიზიარებ გამოთქმულ მოსაზრებებს საზღვაო ფლოტთან და ავიაციასთან მიმართებით. არმიის სტრუქტურულ შემადგენლობასთან და განვითარებასთან დაკავშირებით დავამატებ შემდეგს: ბევრჯერ დავწერეთ და გამოვთქვით უკვე, რომ საუბარი არაა მაინცდამაინც „სუ-25“-ების არსებობაზე. ყოველთვის იმ პოზიციაზე ვარ, რომ ეს არაა მცირე ჯგუფის გადასაწყვეტი საკითხი. კვალიფიციური მსჯელობა უნდა შედგეს. ვავითარებთ შვეულმფრენების პარკს? მაშინ განვავითაროთ. რომ არ ვავითარებთ? საჰაერო თავდაცვა? კითხვად დავტოვებ... რატომღაც, ისეთი განწყობაა შექმნილი, თითქოს რუსეთთან დაპირისპირების გარდა სახელმწიფოს წინაშე სხვა ამოცანები არ შეიძლება წამოიჭრას. ვრცელდება მოსაზრებები, რომ ყველაზე სუსტები ვართ, მაინც ვერავის გავუმკლავდებით და ა. შ. ამ განწყობებს არ დავაბრალებდი წაგებული ომის სინდრომს. ამ სინდრომს არც არმია შეუპყრია და არც პოლიტიკური ხელმძღვანელობა. ჩემი დამოკიდებულება იცით როგორც ავიაციასთან, ასევე ფლოტთან მიმართებით, თუმცა კიდევ გარკვეულ აქცენტებს გავაკეთებ. დავივიწყოთ ჩვენი გარემოცვა და მეზობლები. შესაძლებელია თუ არა ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული ჯგუფების შემოჭრა, ან პანკისის მოვლენების მსგავსად დევნის ოპერაციის შესაბამისად ტერორისტული ჯგუფის (რაზმი) გადმოდევნა? სხვათა შორის, სულ ახლახან ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 6 მებრძოლი გაანადგურეს, რომლებზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. მსგავსი სცენარების შემთხვევაში, სახელმწიფო რა ძალებით და როგორ აპირებს მოქმედებას? ამ თემასაც არ ჩავუღრმავდები გასაგები მიზეზების გამო. ყველა ცუდი, რაც მოხდა ავიაციისა და ფლოტის დაშლით (რეფორმას ან რეორგანიზაციას ვერ დავარქმევ), ნადგურდება სკოლა, გამოცდილება, ის მონაპოვარი, რომელიც 90-იანების დასაწყისიდან შევქმენით. ვერ დამისახელებთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც არ არსებობდეს სამხედრო-კვლევითი ინსტიტუტები, ცენტრები, სამხედრო მაღალჩინოსნებით დაკომპლექტებული უშიშროების საბჭო, ან სხვა სათათბირო ორგანოები. ვერ დავასახელებთ ვერც ერთ წარმატებულ არმიას, რომელიც თავის განვითარებას გრძელვადიანი პერიოდით არ გეგმავდეს (სტრატეგიული განვითარების მიმოხილვა არაა გრძელვადიანი დაგეგმვის დოკუმენტი, მიმოხილვა მიმოხილვაა). ამ თემაზეც ბევრჯერ დამიწერია და მოკლედ გავიმეორებ: იმ სცენარებიდან გამომდინარე, რომლებიც შესაძლოა, განვითარდეს ჩვენს რეგიონში, უნდა შევიმუშაოთ შეიარაღებული ძალების პერსპექტიული მოდელი, რომელიც უნდა დაეყრდნოს შესაბამის ოპერატიულ-ტაქტიკურ გათვლებს, მოდელირებას. შემუშავებული მოდელის განხორციელება უნდა დაიგეგმოს 5-10 წლით და გეგმაზომიერად მივყვეთ მის განხორციელებას. ახალს არაფერს ვიგონებ, ეს კლასიკაა და ყველა ნორმალურ უმაღლეს სამხედრო დაწესებულებაში ისწავლება. ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ერთი-ორი წელი გვაქვს გადასაგორებელი და მერე ყველაფერი კარგად იქნება. ამ ფიქრებში კი რამდენიმე ომი გადავიტანეთ და მეოთხედი საუკუნეც გადავაგორეთ. თუ გვსურს, რომ კიდევ ბევრი საუკუნე გადავაგოროთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება გამოცდილი გენერლებით და ოფიცრებით და პრემიერის ხელმძღვანელობით, უმაღლეს მთავარსარდალთან შეთანხმებით იმუშავებს შეიარაღებული ძალების კრიზისიდან გამოყვანისა და განვითარების გეგმაზე. _ რას ნიშნავს მოსკოვის მორიგი სამხედრო გადაწყვეტილება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან მიმართებით? _ კრემლის გადაწყვეტილებამ ცხინვალთან სამხედრო შეთანხმების გაფორმებისა და ე. წ. სამხედრო ძალების გარკვეული ქვედანაყოფების რუსეთის არმიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ჩვენს საზოგადოებაში, უამრავი განცხადება გაკეთდა. მეც შემოგთავაზებთ გარკვეულ მოსაზრებებს. დავიწყებ იქიდან, რომ ეს ყველაზე უჭკუო გადაწყვეტილებაა, რაც რუსეთს მიუღია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რომელიც ჩვენთვის უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი. ავხსნი, რატომ: თუ ჩვენ არ გვჯერა და არაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ტერიტორიები მოსახლეობასთან ერთად დავიბრუნოთ, მაშინ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის არაფერს ცვლის. თუ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველოს ერთიანობას აღვადგენთ (მე მაქვს იმედი, რომ ასეც მოხდება), მაშინ ეს გადაწყვეტილება მომგებიანია. უფრო კონკრეტულად. 1. დღეიდან ყველა დარღვევა, რომელიც საოკუპაციო საზღვართან მოხდება, დაუკავშირდება არა ცხინვალის მარიონეტებს, არამედ რუსეთს; 2. დეოკუპაციის შემდეგ ადგილობრივი ფორმირებები დასაშლელი აღარ იქნება, ან გაჰყვებიან საოკუპაციო ძალებს, ან სამოქალაქო ცხოვრებას დაიწყებენ. თუ იმის იმედი არ გვაქვს, რომ დეოკუპაციას მოვახდენთ, რა აზრი აქვს ერთმანეთის ლანძღვას და აბსუოლუტურად არაფრის მომცემი განცხადებების კეთებას? რაიმე სარგებელი მოაქვს? ძალიან მაინტერესებს, სხვა ძალა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, რას მოიმოქმედებდა? ან წინა ხელისუფლებას ომის შემდეგ 4 წელი ჰქონდა და რა ზომები მიიღო დეოკუპაციისთვის და იმ საერთაშორისო აქტიურობამ, რაც იმ წლებში იყო, რა შედეგები მოგვცა? ამოვიდა ყელში ეს უაზრო ხმაური. აგვისტოს ომამდე 2-3 თვით ადრე გარკვეულ თანამდებობის პირებს წერილი მივწერე, რა მდგომარეობაში იყო ჯარი და წინასაომარ საშიშროებასთან დაკავშირებით გავაფრთხილე. მიიღეს ზომები? აღარ მინდა ძველი სტატიებისა და პირადი მიმოწერების გახსენება. თუმცა არ მოვეშვები იმის გამეორებას, რომ მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, აგვისტოს ომი, მისი გამომწვევი მიზეზები, სახელმწიფოს მზადყოფნა და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, ასევე საბრძოლო მოქმედებების წარმოება სიღრმისეულად უნდა გავაანალიზოთ, გამოვავლინოთ ნაკლოვანებები და ვიმუშაოთ მის აღმოფხვრაზე. 2008 წლიდან დღემდე ამ კუთხით არაფერს ვაკეთებთ. პირიქით, უკვე 12 წელია, არ სრულდება ე. წ. რეფორმები, ვამცირებთ ჯარს, ვყრით პროფესიონალებს... ამიტომ უკვე მერამდენეჯერ ვსაუბრობ ორ საკითხზე, ესენია ტერიტორიული მთლიანობა და საგარეო პოლიტიკა. მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა დაჯდეს, მოილაპარაკოს და დასახოს გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს, რომელსაც სახელმწიფო არ გადაუხვევს და ამ გზაზე ყველანი ერთმანეთის მხარდამჭერები ვიქნებით. უნდა შედგეს ასეთი დისკუსია. მასში მთელი საზოგადოება და ამ საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი უნდა ჩაერთოს. ჩვენ კი მოსმენებზე და საკონსტიტუციო მოწყობაზე ვასკდებით ერთმანეთს. ვაფასებ რა ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, ასეთი შეთანხმების იმედი არ მაქვს. შესაბამისად, კრემლის ასეთ განცხადებებზე ყველანაირი პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები არაფრის მომტანია. ორ დღეში პუტინის ეს გადაწყვეტილება არავის ემახსოვრება. _ ამ ფონზე რამდენად საჭიროა აქტუალურ საკითხებზე რუსეთთან დიალოგის წარმართვა? _ დიალოგი საჭიროა, ყოველთვის ამის მომხრე ვარ. დღეს რუსეთი ისეთ ფაზაში არის შესული, რომ მასთან კონფრონტაცია ჩვენნაირი პატარა სახელმწიფოსთვის კარგის მომტანი არ იქნება. ჯერ არანაირი ისეთი ქოლგის ქვეშ არ ვართ, რომ ჩვენი რეალური მხარდამჭერი ვინმე სხვა აღმოჩნდეს. არც ნატოს წევრი ვართ, არც ორმხრივი ხელშეკრულება გვაქვს რომელიმე სახელმწიფოსთან სამხედრო მხარდაჭერის თავალსაზრისით. ამიტომ დიალოგი თუნდაც იმის მომტანია, რომ ხანგრძლივად მშვიდობიანი პერიოდი შევინარჩუნოთ და სახელმწიფო ფეხზე დავაყენოთ. ამხელა სახელმწიფო იაპონიაც რუსეთთან დიალოგის რეჟიმშია და ცდილობს, როგორმე მშვიდობიანად დაიბრუნოს თავისი კუნძულები. იაპონიისგან დანსხვავებით, ჩვენ ასი პროცენტით მართლები ვართ რუსეთთან, ეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიებია და კრემლის ოკუპაციის პირდაპირ შედეგებზეა საუბარი. სიმართლე ზედაპირზე დევს, მაგრამ ამას უკვე 25 წელია, ვერ ვუმტკიცებთ. ეს ყველაფერი თვითონაც ძალიან კარგად იციან. ამ სიტუაციაში კონფრონტაცია და კომუნიკაციის დახურვა კარგის მომტანი არ იქნება, რადგან შეწყდება დიალოგი, დაწერენ სხვა სცენარს და უარესს გააკეთებენ. ამიტომ მშვიდობიანად, გეგმურად მივყვეთ და ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ. _ რა ფაზაშია დღეს შესული რუსეთი, არის თუ არა დასავლეთთან ე. წ. ცივი ომის გამოკვეთილი ნიშნები? _ ცივი ომის ნიშნები უკვე მესამე წელია, სახეზეა ყირიმის ნახევარკუნძულის მოვლენების შემდეგ. შეგიძლიათ, ჩემს 2005 წლის ერთ-ერთ ბლოგს გადახედოთ, უბრალოდ, ამაზე ახლა რატომ ალაპარაკდნენ? კერძოდ, ნატოს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ შესაძლოა, რუსეთთან ცივი ომი დაიწყოს და ა. შ. მთელმა მსოფლიომ ყურადღება მიაქცია, რომ თითქოს დღეს იწყება ეს ომი. რას ნიშნავს ცივი ომი? რუსეთ-დასავლეთს შორის ცივი ომის უკვე ყველა ელემენტია ბოლო ორი წლის განმავლობაში. რეალურად, ეს იარაღის გარეშე ომია. საინფორმაციო ომი გვაქვს სახეზე? გვაქვს! ეკონომიკური ომი სანქციების სახით გვაქვს? გვაქვს! კიბერშეტევები, ანუ კიბერომის ელემენტები ხომ გვაქვს? რასაკვირველია, გამოუცხადებელია, მაგრამ მაინც გვაქვს, მეტი სხვა რა არის ცივი ომი? მხარეებს შორის ურთიერთობები გაფუჭებულია, ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობა შეჩერებულია, „ჯი8“-დან რუსეთი გარიცხეს, მეტი ცივი ომი რაღა არის, სხვა რაღას უნდა დაუძახონ? ამის მერე ხომ სამხედრო დაპირისპირების ცხელი ფაზა მოდის? საბჭოთა კავშირის დროს ეს ცივი ომი რა იყო? დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილი ჰქონდათ ან ამერიკასთან ან ნატოს წევრ ქვეყნებთან? არ ჰქონდათ. მაშინაც ანალოგიური ვითარება იყო. მაგრამ მაშინ ასეთი სანქციებიც კი არ ყოფილა, როგორიც რუსეთთან მიმართებით ახლა მოქმედებს. ამიტომ თუ არსებულ მდგომარეობას სწორად შევაფასებთ, რუსეთი და დასავლეთი ნამდვილად ცივი ომის ფაზაში იმყოფებიან. ყოველ შემთხვევაში, არ ვამბობ, რომ სხვები ამ სურათს არასწორად აფასებენ. რუსეთის განვითარების ფაზა რომ ვახსენე, არა ეკონომიკური, არამედ სამხედრო და, შესაბამისად, ამბიციების თვალსაზრისით ვიგულისხმე. ერთია 10-15 წლის წინანდელი და მეორე ახლანდელი რუსეთი. _ ამ სიტუაციაში საქართველოს ადგილი სად არის? _ რასაც ახლა საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ვაკეთებთ, ის უნდა გავაგრძელოთ. პარალელურად, კომუნიკაციები რუსეთთან უნდა არსებობდეს, ამის გაწყვეტა კარგს არაფერს მოიტანს. დასავლეთმაც რაიმე ახალი უნდა მოიფიქროს. ვნახეთ სანქციებზე რა პასუხია, არანაირი რეალური შედეგი არ არის. ფასები დავარდა, ამან გარკვეული პრობლემები შეუქმნა რუსეთს, სარეზერვო ფონდების ხარჯვა დაიწყეს, თუმცა ეს კრიზისი გადაიტანეს. ზუსტად ამ სამი-ოთხი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სანქციების პირობებში, რუსეთის არმიამ 5 ათასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღო: თვითმფრინავები, შვეულმფრენები, ტანკები, სამხედრო ხომალდები და ა. შ. ასეთი მასშტაბებით ნატოს წევრი ქვეყანა კი არა, მთლიანად ბლოკი ვერ ახერხებს გადაიარაღებას. რუსეთი ამას ახერხებს. ამიტომ სანქციების გარდა, სხვა უფრო ქმედითი ზომები უნდა მიიღონ. დასავლეთი უნდა წავიდეს ცოტა სხვა ურთიერთობაზე. არის დიპლომატიაში გარკვეული ფორმები, ხელს რომ არ ართმევენ და ა. შ. რაღაც სხვანაირად უნდა აიძულონ, რომ რუსებმა ნორმალური ურთიერთობა და ინტერესების შეჯერება დაიწყონ. ჩვენ, საქართველოს, მეტი არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ნორმალური, გააზრებული პოლიტიკა ვაწარმოოთ და არა აგრესიული. აგრესია დღეს არაფერს მოიტანს. _ იქნება თუ არა საქართველოსთვის საბოლოო „ქოლგა“ ნატოს რიგებში გაწევრიანება? _ როგორც ვუყურებ, ისევ რუსეთის ფაქტორის გამო მაგ ქოლგამდე შორი პერსპექტივაა. რასაკვირველია, იქნება აღნიშნული ქოლგა, თუ ნატომ ეს გაბედა. რასაც ვაკვირდები, ჯერჯერობით, ამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს. ეს გადაწყვეტილება თავის დროზე უნდა მიეღოთ და დღეს რუსეთთან გაცილებით სხვა სურათი და სხვა სიტუაცია გვექნებოდა. ისინიც დასავლეთში ხომ ამ ყველაფერს უყურებენ, მაგრამ მაინც ვერ ბედავენ. მთელი ეს ფილოსოფიაა დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერთობებში. დასავლეთში მხოლოდ ახლა დაიწყეს ფიქრი გადაიარაღებაზე, სწავლებებზე და ა. შ., ხოლო რუსეთმა ეს მომზადება უკვე დაამთავრა. _ პროცესები როგორ შეიძლება, განვითარდეს? _ ვფიქრობ, მაინც ნორმალურად განვითარდება. ზოგს შეიძლება, ცხელი თავი აქვს, მაგრამ თვითმკვლელი კამიკაძე არავინაა. ბირთვულ სახელმწიფოებს შორის სამხედრო დაპირისპირებას კარგი არაფერი მოუტანია. ვნახოთ, ტრამპი-პუტინის შეხვედრა, ჯერ კიდევ, წინაა. თუმცა ეს შეხვედრა ძალიან გაიწელა, ამან ის გამოიწვია, რომ მხარეებს შორის ურთიერთსაპირისპირო ინტერესებმა იჩინა თავი. რუსულ მხარეს ის მოლოდინი და ეიფორია აღარ აქვს (როგორიც მათ ჰქონდათ), რომ ტრამპის მოსვლით დივიდენდებს მიიღებდნენ, მაგრამ შეხვედრა ორივე მხრიდან მზადდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი, რა შედეგი იქნება. ალბათ, ღია დაპირისპირება არ მოხდება, რადგან ეს მსოფლიოსთვის კატასტროფას მოიტანს. ვიცით, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენება თავისი სასიცოცხლო ინტერესების გადასაწყვეტად დასაშვებად მიიჩნია და ეს ცვლილებები განხორციელებულია. ეს რეალობა ყველა მხარემ იცის. დღეს ჩვეულებრივი, არაბირთვული ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის შეუძლებელია. ამას ბირთვული ომი მოჰყვება და აქამდე არც ერთი მხარე არ მივა. გელა მამულაშვილი 599 455026

გაზიარება