QronikaPlus
რატომ არ დათმო ხელისუფლებამ „მოსმენების კანონი“?!

რატომ არ დათმო ხელისუფლებამ „მოსმენების კანონი“?!

2017-04-02 08:38:16

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ დაძლია ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტთა პაკეტზე პრეზიდენტის მიერ 20 მარტს დადებული ვეტო და, შესაბამისად, არ გაიზიარა გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპებს შეეხება. დეპუტატებმა კვლავ დაუჭირეს მხარი ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირვანდელი რედაქციით. პაკეტი, დარჩენილი პროცედურების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში შევა ძალაში, თუმცა ფარული მოსმენების სისტემის შესაცვლელად სამართლებრივი ბრძოლა ამით არ დასრულდება. უკვე ცნობილია, რომ კანონი გასაჩივრდება როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ქვეყნის პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით ე. წ. ფარული მოსმენების კანონპროექტზე საქართველოს პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე წარდგა. მისი განმარტებით, მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტი ვერ უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, სუს-ისგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან, დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, უმჯობესია, სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში მოექცეს: „ჩვენ გთავაზობთ, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი დანიშნოს და თანამდებობიდან მოხსნას საქართველოს პრემიერმა, რომ სააგენტოს დებულება სწორედ პრემიერის წარდგენით დაამტკიცოს მთავრობამ, რომ სწორედ პრემიერმა განახორციელოს კონტროლი სააგენტოზე. სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქმნება სწორედ რომ მაღალი, მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქციების განხორციელებისთვის და ვფიქრობთ, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებები იმდენად მტკივნეული, მგრძნობიარე თემაა, იმდენად მწარე ისტორიული გამოცდილება გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული და სახელმწიფოებრივად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტადაც რომ შესაბამისი იქნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელოს ამ სტრუქტურაზე ზედამხედველობა და შესაბამისი პასუხისმგებლობა აიღოს“. მეორე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც, ანა დოლიძის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში აისახა, ეხება იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელსაც კანონი საკომუნიკაციო კომპანიების მიმართ წარმოშობს. კერძოდ, ფარული მოსმენების კანონთა პაკეტის მიხედვით, მეწარმე ვალდებულია, სააგენტოსთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სერვისის შესაქმნელად ხარჯი გაწიოს, პრეზიდენტის რეკომენდაცია კი სამართლიანი ანაზღაურების სისტემის შემოღებას ითვალისწინებს. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, როგორც მოსალოდნელი იყო, მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობისთვის. სხდომაზე გაისმა მოსაზრებები პრეზიდენტის ოპოზიციასთან უნისონში მოქმედების შესახებ; ითქვა ისიც, რომ იგი მოსმენების კანონზე ვეტოს დადებით ქვეყნის უსაფრთხოების მექანიზმებს ასუსტებს. ეს ე. წ. ინსინუაციები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დაგმო _ ანა დოლიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, შპიონაჟის მუხლით პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, თუ არადა, ეს არის „კუდიანების დევნაო“. თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე მოსმენების კანონთან დაკავშირებით თავად პრეზიდენტის პოზიციის პრინციპულობა დააყენა ეჭვქვეშ: „ეს უკვე მესამე ვეტოა, რომელიც პრეზიდენტმა ამ პაკეტთან დაკავშირებით გამოიყენა. პირველად ვადა გვითხრა, რომ ერთ თვეში დაწერეთ კანონიო, პარლამენტს უთხრა. მეორედაც პარლამენტს უთხრა, რომ სასამართლოს დაუქვემდებარეთო და ერთი გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროს დარჩესო და ახლა გვეუბნებით, რომ ეს სამსახური პრემიერ-მინისტრს დავუქვემდებაროთ. სად დავინახოთ აქ ლოგიკა და რატომ იცვლება პრეზიდენტის პოზიცია?“ თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს, კერძოდ კი, ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებელი ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტოს პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარების საჭიროებას არ იზიარებს თავად პრემიერ-მინისტრიც: „რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით განვიხილეთ ის შენიშვნები. ვფიქრობთ, არგუმენტი იმისა, რომ პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერ-მინისტრზე, ვერ დავინახეთ. ეს კანონპროექტი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, ისევ და ისევ, მთავრობის დაქვემდებარებაშია. ამიტომ განსაკუთრებული ცვლილება, თვისობრივი, ამით ვერ მოხდებოდა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ იმ სახით გავიტანოთ, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი პლენარულ სხდომაზეც იმ გარემოებაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ მმართველმა პარტიამ ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე მუშაობისას არც პოლიტიკური სპექტრის მოსაზრებები გაიზიარა და _ არც ბიზნესისა და სამოქალაქო სექტორის. შეგახსენებთ: ფარული მოსმენების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აძლევდა, საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში არაკონსტიტუციურად ცნო ნორმები, რომლებიც მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომისა და ამ გზით მოსმენების განხორციელების უფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ანიჭებდა. ფარული მიყურადების ახალი მოდელით, სატელეფონო კომუნიკაციის, კავშირგაბმულობისა და კომპიუტერული სისტემების მეშვეობით ფარული მოქმედებები ექსკლუზიურად იწარმოებს სპეციალურად შექმნილი სამსახურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და პრემიერ-მინისტრთანაა ანგარიშვალდებული.   რატომ არ დათმო ხელისუფლებამ „მოსმენების კანონი“? _ ამ საკითხთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ს პოლიტოლოგები ესაუბრნენ.   ნიკა ჩიტიძე: _ მთელი პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება არ თმობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და, აქედან გამომდინარე, მას სურს და შესაძლებლობა აქვს, კიდევ უფრო გაიმყაროს საკუთარი პოზიციები, მათ შორის, „მოსმენების კანონთან“ დაკავშირებით. მათ სურთ, ძალაში შევიდეს მათთვის მისაღები კანონპროექტი და იგი კანონად იქცეს. სამწუხაროდ, ეს დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფაა, ვინაიდან, როდესაც მოსმენებზე ვსაუბრობთ, ესაა ადამიანის პირადი თავისუფლება, რომელიც ეხება მიმოწერას და ა. შ. ყველაფერი, რაც ადამიანის პირად თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ასე მგონია, ამ ყველაფრის თავი და თავი არის ის, რომ არჩევნებზე მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა კვლავ ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, აქედან ვიწყებთ ყველაფერს, არჩევნებზე არ გამოცხადდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ხმა მიეცა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისთვის. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მინიჭებული უფლებებით პრეზიდენტის ვეტოს ძლევს. ეს არ ეხება მხოლოდ „მოსმენების კანონს“. მოგეხსენებათ, სხვა შემთხვევაშიც როგორ დაძლიეს პრეზიდენტის ვეტო, მათ შორის, წინა პრეზიდენტის, ისევე როგორც მოქმედის მიერ გამოყენებული ვეტოს უფლება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რატომ იყენებს „ქართული ოცნება“ ბოროტად საკუთარ ძალაუფლებას, აქ, ალბათ, საზოგადოებას უნდა დავუსვათ კითხვა, _ რატომ აირჩიეს კვლავ „ქართული ოცნება“? საარჩევნო უბნებზე მისვლა-არმისვლის უფლება ყველას აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი იქითკენ უნდა წავიდეს, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ, სანამ ხელისუფლებას კითხვას დაუსვამს, საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, _ რამდენად შეესაბამება მისი ქმედება სახელმწიფოს ინტერესებს?!   სოსო ცინცაძე: _ მსოფლიო პრაქტიკა მიგვანიშნებს, რომ მოსმენების კონტროლით ხელისუფლება ხელიდან არ უშვებს ამ მექანიზმს და თუკი რაიმე მექანიზმი არსებობს ამ მიმართულებით, ის მაქსიმალურად გამოიყენებს მას. ეს მთელ მსოფლიოში ასეა. იქაც კი, სადაც კი აკრძალულია, გავიხსენოთ უკანასკნელი წლის მოვლენები, აგერ, მერკელს უსმენდნენ ობამას დროს. რასაკვირველია, ობამა ძალიან დიდი პოლიტიკური სიმპათიით იყო განწყობილი მერკელისადმი. პრინციპში, გამორიცხულია, რომ ობამას თანხმობა მიეცა მერკელის მოსმენაზე. ეს, თავისთავად, ფაქტია, მაგრამ მოსმენა ისეთი ქმედითი იარაღია ტერორიზმის, შეთქმულებების წინააღმდეგ, რომ შემდეგ ზღვარი, ცდუნება ძალიან დიდია, რომ ჩვენს პოლიტიკურ მოწინააღმდეგს, მაგრამ მოკავშირეთაც რომ უსმენდნენ. ბუნებრივია, ყველას უნდა, რომ ყველაფერი იცოდეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურ ინტრიგებს და ა. შ., თვით მოკავშირე რას ფიქრობს, რას აკეთებს. რაც მეტი ინფორმაცია გექნება გარე სამყაროზე თუ ქვეყნის შიგნით, მით უფრო დამაჯერებლად გრძნობ თავს. ამიტომ თვითონ მოსმენის პრობლემა დღეს არსად არის გადაჭრილი. არის ქვეყნები, სადაც, ელემენტარულად, ამის აუცილებლობა არ არის: შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი. არ არის ამის აუცილებლობა და ამიტომ ხელისუფლებას მოსმენები აზრადაც არ მოსვლია. მაგრამ სადაც ოპოზიცია ძლიერია, სადაც ტერორიზმის რისკები მაღალია, იქ ყველგან არის მოსმენები, თუმცა გააჩნია, ამ მოსმენებს რამდენად იყენებ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ში მოსმენებს სასამართლო, როგორც წესი, არ იღებს. ძალიან გამონაკლისი უნდა იყოს, რომ სასამართლომ ნებართვები გასცეს. იქ ადვოკატებისთვისაც არაფერს ნიშნავს მოსმენების არგუმენტით ბრალის გაბათილება. საქართველოში ამ კანონის მიღებით დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ქვეყანაში დემოკრატიული მენტალობა და კანონის უზენაესობა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, ადამიანს სჯეროდეს, რომ სახელმწიფო ამას ბოროტად არ გამოიყენებს. რატომ არის ჩვენთან, რომ ასეთი შუბების მსხვრევა ატყდა „მოსმენების კანონზე“, ყველა წინააღმდეგია, ხელისუფლებაა მარტო მომხრე. კიდევ ერთი ბზარი გაჩნდა მოსახლეობას, არასამთავრობოებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თითქოს მათ კონფლიქტის საბაბები აკლდათ. რატომ? იმიტომ, რომ უნდობლობაა! ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ყველა მთავრობისთვის, დაწყებული გამსახურდიას ხელისუფლებიდან _ დღემდე, ყველა მოდის ძალიან დიდი ნდობის ვოტუმით, შემდეგ, მეორე დღესვე, 20-გრადუსიანი სითბო დგება და თოვლი დნება, ძალიან მოკლე პერიოდში ქრება ეს ნდობა. „ოცნებამ“, ამ მხრივ, ცოტა „იმარჯვა“, რადგან ძალიან მალე შეძლო ნდობის დაკარგვა, ჩემი აზრით, ეს 70-80% არაშესრულებადი დაპირებების ბრალია. წინასწარ ყველამ იცოდა, რომ გამორიცხული იყო, მაგალითად, ტარიფის განახევრება, გამორიცხული იყო სამართლიანობის ტოტალური აღდგენა, წართმეულმა ქონებებმა უკვე ცხრა მესაკუთრე შეიცვალა და ბიზნესმენმა ივანიშვილმა ეს არ იცოდა? რასაკვირველია, იცოდა, რომ ეს შეუსრულებელი იყო, მაგრამ მთავარი მიზანი გახლდათ ხალხის დაჯერება, რომ სააკაშვილზე გაემარჯვათ და ეს ყველაფერი ამ მიზანს ემსახურებოდა. ახლაც არ არის ნდობა, მისმინონ რამდენიც უნდათ, ამას ტრაგედიად არ მივიჩნევ, ჩვენ თუ მართლა დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. „მოსმენების კანონი“ქვეყნის დემოკრატიის უმაღლესი დონეა, მაგრამ ჩვენ რომ ჯერ საძირკველიც არ ჩაგვიყრია დემოკრატიისთვის, როდესაც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ ვიცნობ და არ არსებობსო, როდესაც ჯერ დანაშაული თუ სტიქიური უბედურება არ მომხდარა და აცხადებენ, ეს ოპოზიციური პარტიის ბრალიაო, ასეთ პერიოდში, ვფიქრობ, რომ მთავარი და პირველ რიგში აუცილებელია საფუძველი და საძირკველი. საფუძველი და საძირკველი კი არის არჩევნები და კანონის უზენაესობა. ელემენტარულად, მიკვირს ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების, რატომ ასე აქტიურად არ იბრძვიან იმაზე, რომ მხოლოდ ოპოზიციური ჟურნალისტების, ოპოზიციური პოლიტიკოსების შვილები „აღმოჩნდნენ“ ყველანი ნარკომანები და არც ერთი არ აღმოჩნდა მთავრობის წევრის შვილი, „ოცნების“ აქტივისტის შვილი, პარლამენტის უმრავლესობის წარმომადგენლის შვილი, არც ერთი მათგანი, უბრალოდ, ქუჩაში წითელ შუქზე ფეხითაც არ გადასულა?! ასე რატომ ხდება, ეს ხომ არაბუნებრივია?! ხანდახან მგონია, ამ ჩვენი არასამთავრობოების სპონსორებისთვის ეს უფრო მისაღებია, რადგან სახურავიდან იწყებენ სახლის მშენებლობას. დემოკრატიას სხვა ქვეყნებში 200 წელი აშენებდნენ, დავიწყოთ საფუძვლიდან, რომ არჩევნებში კვლავ ისე არ განმეორდეს. ნინო ბურჯანაძე მთელი დასტა გაყალბებული ოქმებით ტელევიზიიდან ტელევიზიაში დადიოდა, ყველა აღიარებდა, მაგრამ, საბოლოოდ, _ არაფერი, კერბა დარჩა მხიარული. რა გახდა, თუნდაც, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?.. უცხოეთზე რომ უჭირავთ თვალი, აგერ, ერთი თვის წინ ისრაელმაც კი გამოაცხადა მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, მაგრამ აქ ასე არ ხდება, რადგან, ალბათ, ამას სხვა მიზანი აქვს. მე არ მჯერა, რომ ხელისუფლება ხალხის ჯანმრთელობაზე ფიქრობს მარიხუანის ფაქტორთან დაკავშირებით. აქედან უნდა დაიწყოს, თორემ, მოსმენა მთელ მსოფლიოში ხდება, მათ შორის, დემოკრატიულ ქვეყნებში და, როგორც ჩანს, თვით ამერიკისა და ევროპის დემოკრატიის დონეც კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს შეუძლებელი გახდეს, თუნდაც, შინაგანი, მორალური პრინციპების გამო, რომ არც ერთ სამართალდამცველ ჩინოვნიკს ენა არ მოუბრუნდეს იმისთვის, რომ გასცეს თუნდაც სიტყვიერი განკარგულება მოსმენის თაობაზე.   ვაჟა ბერიძე: _ „მოსმენების კანონი“ ცოტა ფაქიზი თემაა, აქ კონცეპტუალურად უნდა გაკეთდეს არჩევანი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის. ეს ხშირად დასავლეთშიც არ ხერხდება და თუ ავიღებთ აშშ-სა და დასავლეთ ევროპას, საკითხი მწვავედ დგას. აქედან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები იქაურ კანონმდებლობაშიც არის დაშვებული, რათა საფრთხეები, რომელიც ტერორიზმიდან მოდის, განეიტრალდეს. აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების გარკვეულ შეზღუდვას შორის იმდენად, რამდენადაც ქვეყანა ტერორიზმის არეალშია და მასთან ეფექტიანი ბრძოლა ყველას უჭირს. მოგეხსენებათ, თურქეთსა და რუსეთში, ამ მხრივ, სერიოზული ვითარებაა. ჩვენ გაგვიჭირდება ვიყელყელაოთ აბსოლუტურად გამორჩეული ადამიანის უფლებების დაცვით, როდესაც მსოფლიოშია რთული ვითარება და ჩვენს სამეზობლოში არანაკლებად საფრთხეების შემცველი რეალობაა. ჩვენს საზოგადოებას უფრო ის აღელვებს, რამდენად კეთილსინდისიერად გამოიყენებს ამ შესაძლებლობას ხელისუფლება, რომლის მიმართ საზოგადოებაში ეჭვებია, რომ ადამიანთა დიდ რაოდენობას უსმენს და ზოგჯერ ეს მოსმენები სცდება უსაფრთხოებით განპირობებულ აუცილებლობას. ეს უფრო გაშფოთებს და ჩემი აზრით, აქ ეჭვები საფუძვლიანია, რომ ადამიანებს უსმენენ არა უსაფრთხოების ინტერესებიდან, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ეს არის საფრთხე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ საფრთხის არსებობას ლეგიტიმური უფლება აქვს, რადგან, სხვა მხრივ, ხელისუფლება ვერ გვარწმუნებს მის აუცილებლობაში, ისევე როგორც იმაში, რომ პოლიციამ არ უნდა ჩაუდოს და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ჩადებები რომ არ არის, ამას ხელისუფლება დარწმუნებითაც კი ვერ ამბობს, ასევეა მოსმენებთან დაკავშირებითაც, _ ხელისუფლება ვერ ამბობს, რომ მოსმენებს სხვა მიზნით არ გამოიყენებს. ეს არის მთავარი, თორემ, რეალურად, საფრთხის სერიოზულობიდან გამომდინარე, გარკვეული თვალსაზრისით, ვიმეორებ, შემოთავაზებულ ვარიანტსაც, მგონია, რომ არსებობის უფლება აქვს. მაგრამ, რატომღაც, ხელისუფლებას ეს არ აწუხებს და არ გვთავაზობს მექანიზმებს, რომლითაც საზოგადოება მართლა გააკონტროლებს, მოქალაქეების მოსმენა უნდათ თუ გარკვეული პოლიტიკური ინტერესები იარსებებს ამ პროცესში.   თამარ ბატიაშვილი  

გაზიარება