QronikaPlus
თვალთვალის დაუოკებელი სურვილი და  ვეტოს დაძლევით განცდილი ერთადერთი გამარჯვება...

თვალთვალის დაუოკებელი სურვილი და ვეტოს დაძლევით განცდილი ერთადერთი გამარჯვება...

2017-04-02 08:35:53

  ნებისმიერი ხელისუფლება მიდრეკილია ძალაუფლების გადამეტებისკენ. მიუხედავად იმისა, ქვეყანა დემოკრატიულია თუ ნაკლებად დემოკრატიული, ცდუნება, გააკონტროლო ყველაფერი, ძალიან დიდია. ყველგან და ყველა ხელისუფლება ცდილობს, მაქსიმალურად ძლიერი და დიდხანს მყოფი იყოს. ამისთვის კი, ხშირად, საჭიროა იცოდე იმაზე მეტი, ვიდრე ამის უფლებას კანონი გაძლევს. კანონი ესაა განმსაზღვრელი იმ არეალისა, რომელშიც ნებისმიერ ხელისუფლებას მოქმედების უფლება აქვს. თუ კანონი რაღაცას არ ზღუდავს, ხელისუფლება მას აუცილებლად გააკეთებს. თუ კანონი ტოვებს ხვრელს, ხელისუფლება მასში აუცილებლად გაძვრება. თუ კანონი იძლევა საშუალებას, რომ სპეცსამსახურებმა უკანონოდ უთვალთვალონ მოქალაქეებს, ხელისუფლებას აუცილებლად ეცოდინება ის, რასაც ადამიანების პირადი ცხოვრება ჰქვია და რისი უკანონოდ  ცოდნაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. თუ კანონი ადამიანის უფლებების დარღვევის საშუალებას იძლევა, ხელისუფლება მას აუცილებლად დაარღვევს და საჭიროების შემთხვევაში თავის გასამართლებელ არგუმენტებსაც იოლად მოძებნის. სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ეგიდით, ხელისუფლება გაამართლებს ნებისმიერ უკანონო მოსმენას, თვალთვალს და მიყურადებას, მით უმეტეს, თუ კანონი სხვადასხვა ირიბი საშუალებით ამის უფლებას იძლევა. იმისთვის, რომ უკანონოდ შემოიჭრან ჩვენს პირად ცხოვრებაში, ნებისმიერი საფრთხის დასახელება გამოდგება, _ კრემლის აგრესიული პოლიტიკით დაწყებული, ისლამური სახელმწიფოთი და ტერორიზმით დამთავრებული. მერე რა, რომ უკანონოდ  მოპოვებულ ინფორმაციას ვერავინ გამოიყენებს სასამართლოში? სამაგიეროდ, გამოიყენებს შანტაჟისთვის, გამოიყენებს ადამიანის დისკრედიტაციისთვის. საქართველოში ესაა კარგად აპრობირებული და დახვეწილი მექანიზმი პოლიტიკური კონკურენტების მოსაშორებლად, მათ დასაპირისპირებლად და, განსაკუთრებით, წინასაარჩევნო პროცესების სამართავად. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. გვინახავს, როგორ ხდება მანიპულირება სატელეფონო ჩანაწერებით, როცა საკმარისია, რუსულად ისაუბრო და კრემლის აგენტის იარლიყი გამზადებული გაქვს. გვინახავს, როგორ ხდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოყენება შანტაჟისა და დისკრედიტაციისთვის. გლობალური სოციალური ქსელი ასეთი მასალების გავრცელებისთვის ამოუწურავ რესურსს იძლევა. ფარული ჩანაწერების გავრცელების გარდა სოციალური ქსელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების შასანიშნავი საშუალებაცაა.  ხელისუფლება ყოველთვის იტყვის, რომ ვერ იპოვა, თუ ვინ განათავსა ვიდეო ქსელში. იტყვის, რომ შეუძლებელია იმის გარკვევა, ვინაა „ჰაკიმ ფაშა“, ან იტყვის, რომ იპოვა, მაგრამ ვერ აკავებს, რადგან „ის ვიღაც ჰაკერი“ აფხაზეთში ცხოვრობს და რა ქნას ხელისუფლებამ(?), აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. ამიტომაცაა ასეთი მნიშვნელოვანი, რომ თვალთვალისთვის საჭირო გასაღები არ იყოს იქ, სადაც ძალიან უნდათ, რომ მოგვისმინონ. რა თქმა უნდა, თუ ხელისუფლებასა და მის სპეცსამსახურს უნდათ, რომ მოგვისმინონ და გვითვალთვალონ, ვის ხელშიც არ უნდა იყოს გასაღები, ისინი ამას მაინც მოახერხებენ, მაგრამ რაც უფრო მეტი წინაღობა და ბარიერი ექნებათ მათ ამ გზაზე, მით უფრო მეტია შანსი დანაშაულებრივი ქმედების გამოაშკარავებისა. ხელისუფლების მიერ ჩადენილ უკანონობას ყოველთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობა მოჰყვება. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, მხოლოდ საზოგადოებრივი წნეხი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის შიში შეიძლება იყოს ხელისუფლების შემაკავებელი. თუმცა ის, რასაც ჩვენ მსოფლიო მასშტაბით ვხედავთ, უკვე სერიოზული განგაშის საფუძველია. როგორც ჩანს, საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო ნაკლებად აღელვებთ მსოფლიო ლიდერებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებს კი არა, უკვე ერთმანეთს უსმენენ და უთვალთვალებენ. სკანდალი იმის შესახებ, რომ ამერიკული სპეცსამსახურები უსმენდნენ გერმანიის კანცლერს და ევროპის სხვა ლიდერებს, ჯერ არ ჩამცხრალა, ამასობაში კი ღვივდება ახალი სკანდალი იმის შესახებ, თუ როგორ უსმენდა ობამა დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სრული დაცულობის გარანტიები არ არსებობს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეეცადა, როგორმე დაეშორებინა ერთმანეთისგან მოსმენებისთვის საჭირო გასაღები და უწყება, რომელსაც საგამოძიებო ფუნქციები აქვს. მაგალითისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იგივე სუს-ი. ბუნებრივია, უწყება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებითაა დაკავებული, დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიოს საქმე და თუ ამისთვის უკანონო მიყურადებაა საჭირო, თან ამისთვის საჭირო გასაღებიც ჯიბეში გაქვს, ძალიან ძნელია, ცდუნებას გაუძლო. ამიტომაც 2016 წლის 14 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ფარული მიყურადების საკანონმდებლო რეგულაციები. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი დაავალდებულა, შეიმუშაოს და მიიღოს ისეთი საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. დილემა, _ უსაფრთხოება თუ ადამიანის უფლებები, _ პირველად საქართველოში არ დამდგარა. ეს მსოფლიოს წინაშე მდგარი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტამდე, ჯერ კიდევ, ძალიან შორსაა. რა უფრო მნიშვნელოვანია, პირადი უსაფრთხოება, თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა?!. პოლიტიკოსთა აზრით, უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია. საზოგადოება კი უსაფრთხოებაზე ფიქრს მაშინ იწყებს, როცა ბომბი ფეთქდება, ან მისი აფეთქების საფრთხე იგრძნობა. დანარჩენ დროს ყველა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ანიჭებს უპირატესობას. ოქროს შუალედის მოძებნა კი ჯერ არ ხერხდება. და სანამ ისეთ ფორმულას ვერ იპოვიან, როცა უსაფრთხოების დაცვა ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე იქნება შესაძლებელი, მანამდე  მნიშვნელოვანია, რამდენად სწორად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება პრიორიტეტებს და რამდენად მართალი იქნება ის თავისი საზოგადოების წინაშე? 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკის მთავრობამ ქვეყნის უსაფრთხოება ნომერ პირველ პრიორიტეტად დაასახელა და ღიად გამოუცხადა თავის მოქალაქეებს, რომ მათივე უსაფრთხოებისთვის სპეცსამსახურებს მეტი წვდომა უნდა ჰქონდეთ ადამიანების პირად ცხოვრებასთან. ამისთვის მიიღეს კიდეც პატრიოტის აქტი და არავის ეს არ გაუპროტესტებია, რადგან საფრთხე აშკარა იყო და შეთანხმებაც ზოგად ეროვნულ დონეზე მიიღეს. სულ სხვაა, როცა გატყუებენ, ისე როგორც საქართველოს ხელისუფლება ატყუებს თავის მოსახლეობას. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ითვალისწინებენ და მოსმენების გასაღებს პირდაპირ სუს-ს არ უდებენ ჯიბეში. გვარწმუნებენ, რომ არ მოხდება უკანონო მოსმენები და თვალთვალი. გვიმტკიცებენ, რომ ცალკე სტრუქტურას ქმნიან, რომელსაც კავშირი არ აქვს გამოძიებასთან, მაგრამ სინამდვილეში ქმნიან ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, რომელსაც მთლიანად სუს-ი აკონტროლებს და რომლის ხელმძღვანელი ყოველთვის იმას გააკეთებს, რასაც მას სუს-ის უფროსი დაავალებს, რადგან ამ სააგენტოს ხელმძღვანელი, ახალი კანონიდან გამომდინარე, სუს-ის უფროსის პროტეჟეა. ასე რომ, შინაარსობრივად არაფერი იცვლება, _ არც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულდება და უკანონოდ მოსმენისა და მიყურადების საშუალებაც სპეცსამსახურებს კვლავ დაუბრკოლებლად ექნებათ. ხელისუფლებას იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, ღიად ეთქვა, სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უნდა მოგისმინოთო. რა თქმა უნდა, ასეთი რამის თქმა არასაკმარისია. ამას გარდა, ადამიანებს ისიც უნდა დაანახო, რომ ქვეყანა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას და გამოსავალი მხოლოდ ტოტალური კონტროლია. ბუნებრივია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ვერ შეძლო და გამოსავლად ისევ საზოგადოების მოტყუება გადაწყვიტა. მაგრამ ესეც არ გამოსდით. ერთადერთი, რაც გამოსდით, ვეტოს დაძლევაა, ამიტომაც ისეთი სიამოვნებით აკეთებენ ამას, თითქოს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას აძლევდნენ ხმას. რაც შეეხება ვეტოს, ესაა ერთადერთი საშუალება პრეზიდენტის ხელში,  დააფიქსიროს თავისი განსხვავებული პოზიცია ამა თუ იმ კანონთან დაკავშირებით. რაღა თქმა უნდა, მარგველაშვილმა მოსმენების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ეს უფლება გამოიყენა და მას ვეტო დაადო. ვეტოს დადებისას პრეზიდენტი ვალდებულია, პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით მიმართოს. ამით პრეზიდენტი, ერთგვარ, ალტერნატივას სთავაზობს პარლამენტს. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მარგველაშვილმა საკმაოდ სუსტი ალტერნატივა წარმოგვიდგინა. გასაღების მფლობელი სააგენტო, პრეზიდენტის ვერსიით, არა სუს-ს, არამედ პრემიერ-მინისტრს უნდა ექვემდებარებოდეს. საკითხავია, რა დიდი განსხვავებაა?.. მთავარია, უკანონო მიყურადების საშუალება, რაც შეიძლება, შორს იყოს ხელისუფლებისგან, თორემ გასაღების ამოსაღებად მთავრობა მარჯვენა ჯიბეში ჩაიყოფს ხელს თუ მარცხენაში, დიდი განსხვავება არაა. ხელისუფლების გარდა ყველას მიაჩნია, რომ ე. წ. გასაღები ხელისუფლების გარეთ უნდა იყოს გატანილი, ანუ ახლად შექმნილი სააგენტო არ უნდა ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და, მით უმეტეს, სუს-ს. ალტერნატიული ვერსიები სააგენტოს პარლამენტისთვის, ან მოსამართლეთა კოლეგიისთვის დაქვემდებარებას ითვალისწინებდა, მაგრამ ყველა ეს მოდელი ხელისუფლებამ დაიწუნა. ასე რომ, გაურკვეველი დარჩა, თუ რა დააკლდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, ადამიანების პირადი ცხოვრების დაცულობაზე, პარლამენტს ან მოსამართლეებს რომ ეზრუნათ. დავუბრუნდეთ თავად ვეტოს და იმ აბსურდამდე მისულ რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. როგორც ცნობილია, კანონის მისაღებად ჩვენს ქვეყანაში, პარლამენტის უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატია საჭირო. სიტუაციის აბსურდულობა კი ის გახლავთ, რომ ვეტოს დასაძლევადაც იგივე 76 დეპუტატია საჭირო. ე. ი. ვინც კანონი მიიღო, ისევ იმათ შეუძლიათ ვეტოს დაძლევა. ისმის კითხვა, _ რა საჭიროა ისეთი კანონი, რომელიც არაეფექტიანია, რომელიც არ მუშაობს და რომელიც, უბრალოდ, სასაცილოა?.. ვეტოს დაძლევა გაცილებით მეტი დეპუტატის მხარდაჭერას უნდა საჭიროებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას არავითარი დატვირთვა, გარდა პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულების დემონსტრირებისა, არ გააჩნია. ამიტომაც არიან ბედნიერნი უმრავლესობის წევრები, როცა ვეტო აქვთ დასაძლევი. ერთი იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის გულის მოფხანის საშუალება ეძლევათ. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის კულუარულ მმართველს ყველაზე მეტად სწორედ განდგომილი მარგველაშვილის კრიტიკა უმშვიდებს ნერვებს. ოცნებელების ეს დამოკიდებულება შესანიშნავად წარმოაჩინა ერთმა ახალგაზრდა დეპუტატმა, გვარად ზარდიაშვილმა, რომელმაც თავის თანაგუნდელებს მოუწოდა, ვეტოს, მაინცდამაინც, დიდი გულისყურით ნუ მოეკიდებით, იმიტომ რომ ეს ვეტო გიორგი მარგველაშვილმა დაადოო. თუმცა ყველაზე მეტად მაინც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოირჩეოდა. თალაკვაძე ყველაზე შორს წავიდა და მოსმენების კანონზე დადებული ვეტოსთვის პრეზიდენტი, ცოტაც და, ქვეყნის ღალატში დაადანაშაულა. მისი ლოგიკით, რადგან პრეზიდენტს არ უნდა, რომ მოსმენების სამსახური სუს-ს დაექვემდებაროს, არამედ პრემიერ-მინისტრს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მოქალაქეები ვეღარ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, ძალოვნები ვეღარ გაუმკლავდებიან ორგანიზებულ დანაშაულს და ქვეყანა ვეღარ აირიდებს ტერორიზმის საფრთხეს. საოცრებაა, მაგრამ ამისთვის, თურმე, საჭირო ყოფილა, ყველას განურჩევლად მოუსმინონ და უთვალთვალონ. კანონერად თუ უკანონოდ, თან ისე, რომ ამის შესახებ ვერც ვერავინ გაიგოს და თუ გაიგებს, მხოლოდ „ჰაკიმ ფაშასგან“, ან „აფხაზეთში მცხოვრები ჰაკერებისგან“. მეორე, რაც „ოცნებაში“ ასე ახარებთ, არის ის, რომ ვეტოს დაძლევისას, ერთგვარ, გამარჯვების ეიფორიას განიცდიან. ყველა ფლანგზე დამარცხებულებს ჰაერივით სჭირდებათ, თუნდაც, სიმბოლური გამარჯვებები. როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოზე იმარჯვებს, ეს მცირე ხნით მაინც ავიწყებთ იმ საშინელ მარცხებს, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განიცადეს. ვეტოს დაძლევისას მათ აღარ ახსოვთ, რომ დამარცხდნენ ეკონომიკაში, დამარცხდნენ დასაქმებაში, დამარცხდნენ დიპლომატიაში, დამარცხდნენ ტერიტორიულ მთლიანობაში, დამარცხდნენ დაპირებებში, დამარცხდნენ ყველა იმ გამოწვევასთან, რომელიც კი მათ წინაშე დადგა. სასაცილოა, მაგრამ „ოცნებამ“ იმდენიც კი მოახერხა, რომ ცოტა ხნის წინ ვეტოს საკითხთან დაკავშირებითაც კი დამარცხდა. ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციასთან დაკავშირებით, უმრავლესობამ, ჯერ იყო და, პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ბანკს ეს ფუნქცია წაართვა, ხოლო როცა დაინახა, რომ სისტემას სერიოზული პრობლემა შეექმნა, თავისი სიტყვები უკან წაიღო და საზედამხედველო ფუნქცია ეროვნულ ბანკს ისევ უკან დაუბრუნა. არ არის გამორიცხული, რომ მოსმენების შესახებ კანონზე ვეტოს უკვე მეორედ დაძლევით გამოწვეული სიხარულიც „ოცნებისთვის“ ნაადრევი აღმოჩნდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლოა, ისევ ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. სარჩელი ახლად მიღებული კანონის თაობაზე სასამართლოში მალე შევა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სასამართლომ იგივეზე უმდა იმსჯელოს, რაზეც პირველად იმსჯელა, როცა კანონი მიუღებლად და კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიჩნია. ეს საქმე საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც, ერთგვარი, ლაკმუსის ქაღალდი იქნება. ბოლო პერიოდში მოსამართლეთა შემადგენლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. იქნებიან კი ყოფილი სახელისუფლებო დეპუტატები მიუკერძოებელი მოსამართლეები?.. ეს ძალიან მალე გამოჩნდება. მოსმენების შესახებ კანონში თეთრი და შავი ნათლად ჩანს, მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლომაც ისევე ნათლად დაინახოს და განასხვავოს თეთრი და შავი, როგორც ეს პირველ ჯერზე გააკეთა.   დემნა ვეშაპიძე    

გაზიარება