QronikaPlus
სამთავრობო ქალაქი _ სპონტანური გადაწყვეტილება, თუ კარგად დავიწყებული ძველი?!

სამთავრობო ქალაქი _ სპონტანური გადაწყვეტილება, თუ კარგად დავიწყებული ძველი?!

2017-04-02 08:24:47

23 მარტს მინისტრების გარემოცვაში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე მორიგი მასშტაბური პროექტი დააანონსა, რომელმაც, გარკვეულწილად, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა და საკმაოდ სკეპტიკური მოსაზრებებიც გამოიწვია. საუბარია იმაზე, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იგეგმება, სადაც, პრემიერ-მინისტრისვე განცხადებით, ერთეული, გამონაკლისის გარდა, ყველა სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალაში, გულუას ქუჩაზე, ქალაქის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია ტერიტორია. „ერთი მხრივ, იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში ბევრი საოფისე, თუ სასტუმროსთვის სივრცე გამოთავისუფლდება, მეორე მხრივ კი წახალისდება სამშენებლო სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება. ორთაჭალის იმ უბანში, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო მოიყრის თავს, ერთეული გამონაკლისის გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის ფიზიკური მომსახურების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას“, _ განაცხადა კვირიკაშვილმა. არ გაუსაჯაროებიათ პროექტის დეტალები. არ არის ცნობილი, რა თანხა დასჭირდება სამთავრობო ქალაქის მშენებლობას, თუმცა ნამდვილად ცხადია, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროექტისთვის თანხა გათვალისწინებული არ არის. სულ არსებული 19 სამინისტროდან ორთაჭალაში დღეს სამი სამინისტროა განთავსებული, ესენია: ფინანსთა, გარემოს დაცვისა და იუსტიციის სამინისტროები. ერთადერთი სამინისტრო, რომელიც ნაქირავებ ოფისშია, ეკონომიკის სამინისტროა. ის თბილისის ცენტრში, თამარ ჭოველიძის ქუჩაზე შენობას ქირაობს. ეკონომიკის სამინისტროს ძველი შენობა კი გასხვისებულია. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა მძაფრად აღიქვა მსგავსი პროექტის მშენებლობის წამოწყება და იდეა, პრემიერის განცხადების შემდეგ კი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, აღნიშნა, რომ იგი საინტერესოა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქისთვის სასიკეთო და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა გაჩნდება: „ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ადმინისტრაციული დაწესებულებების ტერიტორიულ ოპტიმიზაციას გულისხმობს და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე ქალაქისთვის სასიკეთო და საინტერესო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. თბილისის მერიის როლი ამ პროექტში არის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა და დამტკიცება, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემა, რათა მშენებლობისთვის დაწესებული სტანდარტების დაცვით მოხდეს ტერიტორიის განვითარება“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.   ირაკლი ლექვინაძე _ თბილისის მერის მოადგილე: _ მუშაობა საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იდეა ცნობილი გახლდათ ბიზნესსახლისთვის, მის ფარგლებში კი პროექტს ასეთი ფორმით მიეცა სახე და მისი გაჟღერება მოულოდნელობა ნამდვილად არ იყო. რაც შეეხება ვადებს, თუ როდის შეიძლება დაიწყოს მშენებლობა, ეს ჯერ არ ვიცით. ამას სჭირდება შესაბამისი პროექტის მომზადება და ფინანსური ნაწილი. როგორც მერმა აღნიშნა, ამ პროექტისთვის განაშენიანების განხილვა, დამტკიცება და რაც მთავარია, მშენებლობის ნებართვის გაცემაა აუცილებელი. გენგეგმა გულისხმობს თვითონ არეალის სივრცით მოწყობას და ნებართვები მერე ამის შემდგომი ნაწილია, რომელიც თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ფორმალობა ასეთია.   ლადო ვარდოსანიძე _ არქიტექტორი და ურბანისტი: _ რამდენად არის მსგავსი პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი თბილისისთვის ორთაჭალის ტერიტორიაზე? თქვენი რეკომენდაციები როგორია? _ ინიციატორი უნდა დაუკავშირდეს თბილისის გენერალური გეგმის ჯგუფს, დაელაპარაკოს მერაბ ბოლქვაძეს და ჰკითხოს, როგორ არის საქმე, რამდენად შესაძლებელია ამის გაკეთება? მეორე: რა დროს ეგ არის?! ქვეყანა ფინანსურად გაუმართავია იმისთვის, რომ ამხელა მასშტაბის მშენებლობა დაიწყოს, სხვა საკითხებია წინ წამოსაწევი. ამ პროექტით, პრინციპში, თბილისის ცენტრის კონცეფცია რადიკალურად იცვლება. ამ დროს, წესით, გენერალური გეგმა მუშავდება: რა მიმართებითაა პროექტი გენგეგმის დებულებებთან? არ შეიძლება ასე ზეპირად მხოლოდ ამის წარმოთქმა. ეს გაუმართლებელია, გარკვეულწილად, მიშას ხაზის გაგრძელებაა, რაც უნდა მორჩეს!   ნიკო კახეთელიძე _ ურბანისტი: _ თვითონ საკითხს თუ ავიღებთ, რომ სახელმწიფო უწყებები ერთად განთავსდება, თავისთავად, კარგია, იმიტომ რომ ერთმანეთში მეტი კოორდინაციაა და მიმსვლელი მოქალაქე თუ ამ უწყების თანამშრომელი გაცილებით მეტ კონტაქტს დაამყარებს ერთმანეთთან. რაც მთავარია, შენახვის ხარჯი, ლოჯისტიკური თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 10 შენობის, თეორიულად. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგიერთი სამინისტრო ისეთ შენობებშია განთავსებული, სადაც ძალიან ბევრი თანხა შეიძლება წავიდეს მათ შენახვაზე. დიდი ხანია, ამ იდეაზე მუშაობდნენ, მაგრამ არ ვიცი, სად კეთდება. მხოლოდ ორთაჭალის ტერიტორიის ცოდნა პირდაპირი პასუხის გაცემის საფუძველს არ მაძლევს, ვარგა თუ არა ეს ადგილი, გეგმას უნდა დახედო და მასშტაბები განსაზღვრო. ზოგადად, ამის თქმა რთულია. ჯერ ერთი, არ ვიცით, რა მოცულობის, რამდენსართულიან შენობებზეა საუბარი. პროექტი როცა დაიდება, უკვე ზუსტად თქმა შეგვეძლება. სხვათა შორის, ბერლინშიც გაკეთდა მსგავსი პროექტი და ეს არ არის საქართველოში მოგონილი.   მერაბ ბოლქვაძე _ თბილისის გენერალური გეგმის ჯგუფი: _ დარწმუნებული ვარ, რომ საპროექტო დავალების დროს ჩვენ მოგვმართავენ, მოთხოვნა გვექნება ინტენსივობასთან დაკავშირებით, განაშენიანების ფართი რამდენი უნდა იყოს და ის ვერ იქნება განხილული პირდაპირი კოეფიციენტების ნამრავლით.   რომან გოცირიძე _ ეკონომისტი: _ სამთავრობო ქალაქის ეს იდეა მორიგი უპასუხისმგებლო განცხადებაა და გაუაზრებელი ხარჯები ისეთ ვითარებაში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირს. ფაქტობრივად, მიმდინარე წელს ერთი თეთრითაც არ გაზრდილა პენსიები და ლარის ამ ორწლიანმა გაუფასურებამ ათეულ ათასობიათ ადამიანი გააღატაკა, მათ შორის, საშუალო და მცირე ბიზნესი. ასეთი განცხადება, როგორიცაა ამ 4 წელიწადში ასაშენებელი 50 გვირაბი და 1000 კმ. ავტობანი, რომელზეც, თურმე, 3,5 მლრდ დოლარი დაიხარჯება, რაც, თავისთავად, ამ 4 წლიდან 1 წლის ბიუჯეტია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 3.5 მლრდ დოლარი არის საგარეო ვალი, არღვევს ყოველგვარ კანონს და, მათ შორის, თავისუფალ აქტს და აქტით გათვალისწინებულ ნორმებს, რომლითაც განსაზღვრულია ქვეყნის, როგორც საგარეო ვალის მოცულობა, ასევე დეფიციტი. ანუ ეს არის ბლეფი. ასეთი მოუმზადებელი ინიციატივები, რეალურად, გვაჩვენებს, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს, თუ რა მასშტაბისაა ჩვენი ეკონომიკა. რაც შეეხება იდეას, იგი, ჯერ კიდევ, წინა ხელისუფლების დროს იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ კრიტიკის ქარცეცხლში გამოატარეს პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა, ის ტერიტორია, სადაც განთავსებულია სამების საკათედრო ტაძარი და პრეზიდენტის სასახლე, მტკვრის მარცხენა სანაპირო, რომელიც ყველაზე  ნაკლებგანვითარებულია, სწორედ აქ იგეგმებოდა როგორც ბიზნესცენტრის, ასევე სამთავრობო ქალაქის განვითარება, ოღონდ ამ შემთხვევაში იქ არსებული ტერიტორია 36 მილიონად მიეყიდა დღევანდელ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს და იმ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაეცა გარკვეული რაოდენობის შენობა-ნაგებობები. შემდეგ ეს თანხა მთლიანად არ გადაიხადეს, რაც გადახდილი იყო, ისიც უკან დაუბრუნდა. არ ვიცი, რამდენად სწორად თუ არასწორად, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მაშინ 2008 წლის ომი იყო და ფორსმაჟორული ვითარება, არ ჩავეძიები, რამდენად სწორად მოიქცა „ოცნების“ ხელისუფლება ამ კონტრაქტის გაუქმებისას, მაგრამ იდეა სწორედ ის იყო, რომ ქალაქი განვითარებულიყო. ახლა ქალაქის აშენება უნდათ ყველაზე გადატვრთულ რაიონში, ორთაჭალაში, სადაც, ფაქტობრივად, რუსთავისა და თბილისის აგლომერაცია ხდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩქაროსნული ავტობანი გაიხსნება და ნაცვლად ქალაქის განტვირთვისა, კიდევ ერთ ვრცელ უბანს ვქმნით, რომელიც იქნება კვლავ ახალი პრობლემების წარმომქმნელი. ანუ ეს იდეა, როგორც ფინანსურად, ისე გალაქგანვითარებითი კუთხით, აბსოლუტურად მოუმზადებელი და მოუმწიფებელია და თავისთავად ხელისუფლების უპასუხისმგებლობას ავლენს, ხარჯოს ხალხის ჯიბეებიდან ამოღებული ასეულობით მილიონი ლარი და ხარჯოს არაეფექტიან პროექტებში. ხოლო ის მოსაზრება, რომ თითქოს დღევანდელი სამთავრობო ნაგებობების გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა სხვადასხვა საჭიროებისთვის, მათ შორის, სასტუმროებისა და ტურისტებისთვის, გასაოცარია, რადგან ამ მთავრობას არასდროს, არც ერთი ახალი ინიციატივა არ გამოუჩენია, რომელიც შეიძლებოდა ადამიანს დამახსოვრებოდა. ერთადერთი მათი ინიციატივა ის არის, რომ ქართული სუფრა არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადეს და ეს თუ დაამახსოვრდება ადამიანს, დანარჩენი რაც კეთდება, მათ შორის, კარგი _ არის ძველი იდეებისა და წამოწყების გაგრძელება. საკუთარი, კრეატიული იდეა არ ჰქონია! შესაძლოა, ერთ დროს, 15-20 წლის შემდეგ, როცა ქვეყანას მართლაც ექნება ამის სახსრები და მოსახლეობა ცოტა მაინც გამდიდრდება, მერე აშენდეს. მსოფლიოში 120-ე ადგილზე ვართ მშპ-ის მიხედვით ერთ სულზე და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თანხები ჩინოვნიკების კომფორტზე ვხარჯოთ. ეს თანხები კი, რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ბიუჯეტს დააწვება.   აკაკი ცომაია _ ეკონომისტი: _ რა თქმა უნდა, ამ ხარჯების გაწევა ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. ბუნებრივია, რომ ეს ბიუჯეტზე საგრძნობლად იმოქმედებს. შესაბამისად, მაშინ, როდესაც უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი რეალურად არსებობს და შეიძლება, რომ გაცილებით ეფექტიანი პროექტი გაკეთდეს, ძალიან დიდი აბსურდია მსგავსი ინიციატივის წამოყენება და მით უფრო, განხორციელება. ძალიან უარყოფითად ვაფასებ მას, მით უფრო, თუ, მაინცდამაინც, ეს იდეა ფიქსი აწუხებთ: ჯერ უნდა გაყიდონ სამთავრობო შენობები და ამის მერე, როცა მათი რეალიზება და მათგან შემოსავლის მიღება მოხდება, მერე იფიქრონ თავიანთი სამთავრობო რეზიდენციის აშენებაზე. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს: რა ფასად გაიყიდება? წავა პრივატიზაციაში ის, რასაც ამ წუთას მთავრობის შენობები იკავებს? რა ფასად ააშენებენ? ხუთვარსკვლავიან სასტუმროებად გადაკეთებას და ბიუჯეტში ფულის შემოტანას რაც შეეხება, ჯერ თანმიმდევრულად მუშაობა დაიწყონ: გაყიდონ შენობა, შემოვიდეს ბიუჯეტში ფული და ამის მერე იქნება საუბარი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაზე. ეს კარგად ნაფიქრი გეგმა ნამდვილად არაა, მგონია, რომ აბსოლუტურად სპონტანური ნააზრევია, ვიდრე გეგმა, რადგან თვითონ გეგმა არსად ჩანს, ამას თან უნდა მოჰყვებოდეს შესაბამისი გათვლები, ანგარიში, სარგებლის დაანგარიშება...   პაატა შეშელიძე _ ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორი: _ ეს არ არის ახალი იდეა, სააკაშვილის დროინდელი ჩანაფიქრი იყო, უბრალოდ, საქმე ბოლომდე აღარ მივიდა. აქ ორი საკითხია, მე უფრო წინ დავაყენებდი შემდეგს: ამდენი სამინისტრო გვჭირდება თუ არა? პირველ საკითხად დავაყენებდი მართვის ოპტიმიზაციის საკითხს და იმის შემდეგ, რაც ეს მოხდება, დავაყენებდი საკითხს, სად შეიძლება განთავსდეს ის, რაც დარჩა. ამიტომ პირდაპირ ქალაქის მშენებლობა, როცა შესაძლებელია, რომ ნახევარი არ გვჭირდება, ჩემი პოზიციიდან არ იქნებოდა სწორი, თუმცა მთავრობის პოზიციიდან, შეიძლება ფიქრობენ, რომ ყველაფერი ოპტიმიზებულია და ცდილობენ, ააგონ გეგმა. ფინანსური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ დღევანდელი ინფრასტრუქტურის შენახვა უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე შეიძლება დაჯდეს ახალი კომპლექსი, რომელიც არ ვიცით, რა მასალით და როგორ აშენდება. არ არის აუცილებელი, რომ 5-ვარსკვლავიანი შენობები იყოს, შეიძლება იყოს ძალიან მარტივი კონსტრუქციები, რომელიც იაფიც არის და ისეთ პრინციპს ეფუძნება, როგორიცაა საერთო სივრცე. ფინანსური შეფასება არ იქნება სრულყოფილი, რადგან შეიძლება ფინანსური თვალსაზრისით სიიაფის მაჩვენებელი გეგმა დაიდოს. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რატომ მუშაობს და რატომ იღებს ხელფასებს ხალხი იქ, სადაც იგი ეკონომიკის შეკვეცას, შეფერხებას უფრო იწვევს, ვიდრე განვითარებას? მით უმეტეს, ინფრასტრუქტურა, რაც სამინისტროებია, შეძლება ფინანსურად დაბალანსებადი გახდეს და პირიქით _ მოგებაშიც იყოს. თბილისის მუნიციპალიტეტი მე-19 საუკუნეში აშენდა კერძო ფულით და სესხით, მერე ფული დაბრუნდა, ვალი გაისტუმრეს. აქცენტს უფრო გავაკეთებდი შინაარსობრივ ნაწილზე: რად მინდა 19 სამინისტრო, რა დატვირთვა აქვს მას და მხოლოდ ამის შემდეგ დავაყენებდი საკითხს, თუ სად შეიძლება განთავსდეს ის, რაც დარჩა. რაც შეეხება ბიუჯეტის ნაწილს, მაგალითისთვის, შეუძლიათ თქვან: მე ვხარჯავ 2017 წელს, სიტყვაზე, 5 მილიონს, მაგრამ 2018 წელს 40 მილიონად ვყიდი იმას, რაც დღეს მაქვს, ამიტომ დაბალანსების თვალსაზრისით შეიძლება, მართლაც იყოს ეკონომია, მაგრამ არ ვიცით, რას აშენებენ, რა კომფორტის, რა დონეს ეჭიდებიან, აქ უფრო მეტი ინფორმაცია იქნება საჭირო. ხშირად არის ინიციატივები, რომელიც მერე იცვლება. 2012 წელს ისეთი დაპირებებით მოვიდა დღევანდელი მთავრობა, ის რომ შეესრულებინათ, დღეს შეიძლებოდა ძალიან ცუდ დღეში ვყოფილიყავით, მაგრამ საზოგადოებრივი აზრი შეხვდა, მერე დაითვალეს და მიხვდნენ, რომ არასწორები იყვნენ, ზოგიერთი გადაწყვეტილება მიიღეს და მერე შეცვალეს. ლაპარაკს ყოველთვის აქვს აზრი.   ნინო ტაბაღუა          

გაზიარება