ჩვენმა ა/ო „შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების“ ცენტრმა წერილობით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, „სითი ინსტიტუტი საქართველოსა“ და თბილისის მერიის სსიპ-თბილისის არქიტექტურის სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და გადახდების კანონიერების დასადგენად.
ასლები დავუგზავნეთ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას საქართველოში, აშშ-ს საელჩოს საქართველოში; ასლები გადაეგზავნება, აგრეთვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლობას საქართველოში.
ჩვენი რუბრიკის ერთგულ მკითხველს ახსოვს, „ქრონიკა+“-ის #9-ში ინფორმაცია მოგაწოდეთ თბილისის მერიის მიერ ე. წ. კონკურსის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებაზე „სითი ინსტიტუტ საქართველოსთან“, თანხით 50 000 ლარი და, აგრეთვე, მეორე ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა გამარტივებული (უტენდერო) შესყიდვის გზით, იმავე „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“, უკვე თანხით 2 800 000 ლარი.
როგორც აღვნიშნეთ, 2015 წლის 21 მაისს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოაცხადა კონკურსი, დედაქალაქის მიწათსამოქმედო გენერალური გეგმის განახლების მიზნით, რომელიც მერიის არქიტექტურის სამსახურისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე აიტვირთა.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიხედვით (საკონკურსო პირობები, თავი მე-2, პარაგრაფი #4), კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას, იურიდიულ პირთა გაერთიანებას, ან საერთაშორისო ორგანიზაციას (უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და ორგანიზაციებისთვის სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ქართველი ქვეკონტრაქტორების არსებობა), რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნების ნაწილში (საკონკურსო პირობები, თავი მე-3, პარაგრაფი 3) კონკურსანტს უნდა ჰქონოდა და წარმოედგინა შემდეგი მომსახურებების გამოცდილება:
- პროფესიული გამოცდილება (მსგავსი სახის პროექტებში მონაწილეობა, ავტორობა, თანაავტორობა, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიის სივრცითი მოწყობის სქემის, ან ტერიტორიულ სივრცითი განვითარების სხვა სტრატეგიების, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების, გეგმებისა და ა. შ. შემუშავების გამოცდილება, სივრცითი დაგეგმარების შესაბამისი პროექტების ჩამონათვალითა და ძირითადი ნახაზების (ფოტოები) ჩვენებით;
- უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციის მონაწილეობის შემთხვევაში, მისი კვალიფიკაციისა და კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონკურსი გამოცხადდა 2015 წლის 21 მაისს და „სითი ინსტიტუტი საქართველო“ შეიქმნა და დარეგისტრირდა 2015 წლის 30 ივნისს!!! ანუ კონკურსის გამოცხადებიდან 1,5 თვის შემდეგ. ამ კომპანიას ჯერ 50 000 ლარის ხელშეკრულება გაუფორმეს, აშკარად გაყალბებული კონკურსით და შემდგომ, ტენდერისა და კონკურსის გარეშე 2 800 000 ლარის ხელშეკრულება.
რაც შეეხება სატენდერო კომისიას (ბრძანება #250, 20.05.2015), კომისიაში წარმოდგენილია თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მერის მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ა. შ. არც ერთ ამ ბატონს არ გასჩენია შეკითხვები, ისე მიაკუთვნეს ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტი საქართველოს“.
დღეის მდგომარეობით, როგორც ირკვევა, სახელმწიფო შესყიდვების გვერდიდან ამ ხელშეკრულებაზე გადარიცხულია 1 540 000 ლარი, ხელშეკრულების ღირებულების ნახევარზე მეტი.
ამ ხელშეკრულების მთავარი მიზანია, შემუშავდეს ქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა იმ პრობლების გადაწყვეტას, რაც, დაგვეთანხმებით, თბილისს დღეს უამრავი აქვს. აქ იგულისხმება მშენებლობებისა და ქალაქის სივრცითი განვითარება, ეკოლოგიური პრობლემები, რეკრეაციული ზონების შექმნა, სატრანსპორტო კოლაფსების გადაწყვეტის გზები, აგრეთვე, ქალაქის განტვირთვისა და განვითარების სტრატეგია. მოკლედ, ის, რაც დღეს გადაუჭრელი პრობლემაა.
მკითხველს, ალბათ, დააინტერესებს, თუ რატომ მივმართეთ მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს და აშშ-ს საელჩოს საქართველოში? მოგეხსენებათ, რომ ზემოაღნიშნული უცხოური ორგანიზაციები გვევლინება, როგორც ერთ-ერთი ძირითადი დონორები, როგორც საქართველოს მთლიანი მასშტაბით, აგრეთვე, თბილისის განვითარებასა და სხვადასხვა მშენებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ამ ორგანიზაციებს ინფორმაცია გვინდა მივაწოდოთ, რომ არ დაეყრდნონ არაკვალიფიციურ დაუსაბუთებელ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რასაც ასე უხვად არიგებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მენეჯმენტი. მით უმეტეს, რომ ეს რეკომენდაციები არანაირ გათვლებს და ეკონომიკურ ანალიზს არ ეფუძნება. მეტიც, დიდი ალბათობით, ეს არის კორუფციის დიდი რისკის შემცველი ხელშეკრულება და პროკურატურა ამ კონტრაქტს შეისწავლის.
რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას ამ კონტრაქტის მიმართ, როდესაც, 1,5-ნახევრიანი ქალაქის _ თბილისის _ რომელიც წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს, მიწათსარგებლობისა და განვითარების გეგმის შექმნაზე გაქვს პრეტენზია, ალბათ, გამოცდილება უნდა გქონდეს, მინიმუმ, ოზურგეთის თუ არა, რაღაც პატარა დაბა, ან სოფლის გენგეგმის შედგენის, როგორც კომპანიას, აგრეთვე მის მენეჯმენტს.
ნამდვილად არ ვაპირებთ, რომ ამ კუთხით ჩვენი დაინტერესება შევწყვიტოთ. გვინდა ჩავატაროთ „ჟურნალისტური გამოძიება“ იქნება თუ სხვა სახის კვლევა, თუ რატომ, რა ხერხით მიენიჭა „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ ეს კონტრაქტი, აგრეთვე, ევროპისა და განვითარებული ქვეყნების სხვა ქალაქებში, მსგავსი მნიშვნელოვანი ტიპის კონტრაქტებს როგორ ანიჭებენ და საერთოდ, მიწათსამოქმედო გენერალური დაგეგმვის ევროპული პრაქტიკა როგორია?
თავიანთ ვებგვერდზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ იმით აპელირებს, რომ მათთან ერთად ამ კონტრაქტის განხორციელებასა და თბილისისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმის განახლებაში უცხოელი პროფესიონალები მონაწილეობენ. ერთ-ერთია გერმანული კომპანია „ Albert Speer & Partner GmbH “, რომელიც ფრანკფურტშია რეგისტრირებული.
აგრეთვე, ჩატარდა საერთაშორისო კონკურსი და შერჩევაში მონაწილეობდნენ მსოფლიო წამყვანი ორგანიზაციები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის ტყუილი და „ქრონიკა+“-ის #9-ში გაჩვენეთ მთავრობის განკარგულება, სადაც ეს შესყიდვა განხორციელებულია გამარტივებული, უკონკურსო-უტენდერო ფორმით.
რაც შეეხება ამ გერმანული კომპანიის მონაწილეობას კონტრაქტის განხორციელებაში, მერიასა და „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელს აწერს მხოლოდ „სითი ინსტიტუტი საქართველო“ და სახელმწიფოს, მერიის წინაშე, ამ გერმანულ კომპანიას არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. თუ ეს არის გაერთიანება, პარტნიორობა, მაშინ ყველა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ნორმიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მას ხელს უნდა აწერდეს ყველა პარტნიორი ორგანიზაცია. ვაპირებთ დავუკავშირდეთ გერმანულ ორგანიზაციას და ვკითხოთ, აცნობიერებენ თუ არა პასუხისმგებლობას, რომ მათი სახელით ხორციელდება ეს კონტრაქტი და რომ მათაც მოუწევთ ამ დასკვნებზე პასუხისმგებლობის აღება და იმ 2 800 000 ლარზე, რაც ამ კონტრაქტით იქნება გადახდილი.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქალაქ თბილისის მერიას, მის არქიტექტურულ სამსახურს, დროებით შეაჩერონ ამ ხელშეკრულებაზე თანხების გადახდა, რადგან ეს იქნება ჰაერში გადაყრილი თანხები, რადგან მათი წარმოდგენილი დასკვნები და რეკომენდაციები არის, მხოლოდ და მხოლოდ, პოპულისტური განცხადებები, მოკლებულია რაიმე შემოქმედებით ნააზრევს და, საერთოდ, იდეებიც აღებულია წინა მთავრობის 2009 წლის გეგმიდან.
ა/ო „შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის“ ხელმძღვანელი
გიორგი ბაჯელიძე