QronikaPlus
„დედაქალაქის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია, აქედან 12 „ქართული ოცნების“ წევრია“

„დედაქალაქის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია, აქედან 12 „ქართული ოცნების“ წევრია“

2017-04-01 08:50:45

„სამოქალაქო პლატფორმა _ ახალი საქართველო“ და მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ ახალ კვლევას ასაჯაროებენ, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ქონებრივ დეკლარაციებს ეხება. „ქრონიკა+“ „მედიატორის“ წარმომადგენელს, ნინო ყურაშვილს ესაუბრება: _ კვლევა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. „თბილისის საკრებულოს 50 წევრიდან ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია 21 დეპუტატს, მათ შორის, 12 „ქართული ოცნების“, 2 „ნაციონალური მოძრაობის“, 2 კი „ევროპული საქართველოს“ წევრია. ასევე დეკლარაცია არ შეუვსია პარტია „ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციის“ 2 და „პატრიოტთა ალიანსის“ 1 წევრს, დამოუკიდებელ დეპუტატებს: ალეკო ელისაშვილსა და დავით მანჯავიძეს. რაც შეეხება 29 დეკლარაციას, რომელიც კვლევის პერიოდში შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ თბილისის საკრებულოში 13 მილიონერია, აქედან _ 12 „ქართული ოცნების“  წევრი, ხოლო 1 _ „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ წევრი. კვლევა დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებს ეყრდნობა და ქონება შეფასებულია დღევანდელი საბაზრო ღირებულების მიხედვით, მაქსიმალური ცდომილება 10%-ს შეადგენს. მილიონერებს შორის პირველ ადგილს იკავებს „ქართული ოცნების“ წევრი, თამარ ტალიაშვილი 3 383 989 18 ლარით; მას „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია ჯიშკარიანი მოსდევს 3 349 705 ლარით; „ქართული ოცნების“ წევრი ვლადიმერ ძნელაძე _ 2 935 134 ლარი; „ნინო ბურჯანაძე _ ერთიანი ოპოზიციიდან“ ზაზა ვეკუა _ 2 510 281 2 ლარი; ასევე „ქართული ოცნებიდან“ ავთანდილ დავითაძე _ 2 311 337 ლარი. მილიონერებს შორის ყველაზე „ღარიბი“ აღმოჩნდა გიორგი ტყემალაძე _ 946 400 ლარი, რომელიც, ასევე, „ქართული ოცნების“ წევრია. ჯაბა სამუშიას ქონებრივ დეკლარაციაში დღემდე არ აქვს მითითებული საცხოვრებელი ბინა ნუცუბიძეზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ჯაბა სამუშია ამ ბინის კანონიერი მესაკუთრეა (ქალაქი თბილისი, ნუცუბიძე, #129 149.72 კვ.მ). დეპუტატების ნაწილი თავს არიდებს ქონებრივი დეკლარაციის შევსებას, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ისინი საკუთარ შემოსავალს მალევენ, ან ისეთი არაკანონიერი შემოსავლები აქვთ, რომლის გასაჯაროებას ერიდებიან. ჯაბა სამუშიას შემთხვევა გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, დეპუტატების მიერ შევსებული დეკლარაციები არ არის სრულყოფილი. ფაქტია, უმრავლესობის გარდა საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილსაც არ აქვს შევსებული ქონებრივი დეკლარაცია, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატები მეტი გამჭვირვალობით უნდა იყვნენ დაინტერესებულები.   „ქრონიკა+“ „ახალი საქართველოს“ წევრს, ლევან ხაბეიშვილს ესაუბრება: _ სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თბილისის საკრებულოში, ფაქტობრივად, 40-50% მილიონერია. ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, მათ შორის, დედაქალაქში არსებული მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, საკრებულოში არიან მილიონერები, რომლებიც შემდეგ გადაწყვეტილებებს იღებენ. მაგალითად, სოციალური მუხლი, 2016 წელთან შედარებით, 29 მილიონი ლარით შემცირდა. ამავე დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, ზამთარში კომუნალური ვაუჩერები გაუქმდა, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებას მოაკლდა 150 000 ლარი და ა. შ. ფაქტია, როგორც საქართველოს პარლამენტში (სადაც, ასევე, სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოსა“ და „მედიატორის“ კვლევით 41 დეკლარირებული მილიონერია), ასევე თბილისის საკრებულოში მყოფ მილიონერებს არ აქვთ იმ რეალური პრობლემების აღქმა, რაც თბილისის მოსახლეობას აწუხებს. საუბედუროდ, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე თბილის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატები პარტიული ვერტიკალის მიმართ, ძირითადად, მონური მორჩილებით შემოიფარგლებიან. ანუ ისინი პირდაპირ ასრულებენ იმ დავალებებსა და მითითებებს, რაც, ხშირად, „შუშის კოლბიდან“ მოდის. გავიხსენოთ „პანორამა თბილისი“, ბოტანიკური ბაღი და ასევე ბევრი სხვა ახირება, რომელიც „ბრძენკაც“ ივანიშვილს ახასიათებს. ის, რომ არც საკრებულოს დეპუტატები და არც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა არ იკლავს თავს კანონშემოქმედებით, ამაზე ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის 100-დღიანი „მუშაობის“ შედეგად მხოლოდ 27 დეპუტატმა იმუშავა ფორმალურად სხვადასხვა კანონპროექტზე, ანუ 123 დეპუტატს, ფაქტობრივად, 4 თვეში არც ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე არ უმუშავია. იგივე რეალობა გვაქვს თბილისის საკრებულოში, სადაც მილიონერი დეპუტატების მიერ მიღებული რეგულაციების, კანონების შედეგად მოსახლეობას, ყოველდღიურად, 1 ლარად და 18 თეთრად კვებავენ. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში ბოლო რამდენიმე წელია, კიდევ უფრო მძიმდება სოციალური ფონი, რაზედაც თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სტატისტიკაც მეტყველებს. მაგალითად: 2014 წელს თბილისის უფასო სასადილოებში იკვებებოდა 14 000 მოქალაქე; 2015 წელს უკვე 26 000 ადამიანმა მიმართა მერიას იმისთვის, რომ ყოველდღიურად მინიმალური კვება მიეღო; 2016 წელს ეს რაოდენობა 32 000-მდე გაიზარდა; დღეს კი 39 000-ს აჭარბებს იმ თბილისელების რაოდენობა, რომლებიც დედაქალაქის სასადილოებში 1 ლარად და 18 თეთრად იკვებებიან. ამათ გარდა, ბაზაში დამატებით დარეგისტრირებულია 7 000 მოქალაქე, რომელიც უფასო სასადილოში კვებას ითხოვს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დედაქალაქში 50 000-მდე ადამიანს ელემენტარული გამოკვების პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, ეს რიცხვი ბევრად დიდია. რიგში მყოფი 7 000 ბენეფიციარის დასაკმაყოფილებლად საჭიროა 3 000 000 ლარი, რომელიც თბილისის ბიუჯეტში, ამ დრომდე, არ მოიძებნა. სამაგიეროდ, გვინახავს აზიურ ოთახში ასიათასობით გადახდილი ლარი, ფარდებისთვის გამოყოფილი ათი ათასობით ლარი, მერიის კაფეტერიისთვის 200 000 ლარი, რჩევაში გადახდილი 80 000 ევრო, სარესტორნო მომსახურებაში დახარჯული მილიონები, ჭამის ეტიკეტისთვის და სწავლებისთვის გაღებული თანხები ბიუჯეტიდან, არაადეკვატურად დარიგებული პრემია-დანამატები, რაც, ყოველწლიურად, მილიონობით ლარს შეადგენს, ასევე ვოიაჟები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად: რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საკრებულოს რამდენიმე დეპუტატის გამგზავრება ბიუჯეტს 30 000 ლარამდე დაუჯდა. ეს ყველაფერი ადასტურებს შემდეგს: ნარმანია, მისი ოროსანი მთავრობა და „ნოტარიუსად“ ქცეული დედაქალაქის საკრებულო, მისი „გამპრავებელი“ მილიონერი დეპუტატებით, ბიუჯეტს საკუთარ ჯიბის ფულად აღიქვამენ!   გიორგი მეფარიძე  

გაზიარება