QronikaPlus
რა აკავშირებს კუკური წივწივაძეს ბიძინა ივანიშვილთან?

რა აკავშირებს კუკური წივწივაძეს ბიძინა ივანიშვილთან?

2017-03-30 08:57:07

2017 წლის 13 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური  კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული  საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ბოჭორიშვილის ქუჩაზე „ქრონიკა+“-ის თანამშრომელი და ჩემი შვილი, დავით ხარშილაძე დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და როგორც თავად აცხადებს, მას პოლიციელებმა ორი პაკეტი ფხვნილი ქურთუკის ჯიბეში ჩაუდეს. არ მომხდარა არც დაკავებულის ტელეფონის დალუქვა, არც მანქანისა და არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. სისხლის სამართლის საქმეში არ დევს არც აუდიო, არც ვიდეომტკიცებულება, მათ შორის, არც დაკავების კადრები. ბრალდების ფორმულირება ასეთია: დაკავებულმა დაუდგენელ ვითარებაში დაუდგენელი პირისგან შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. გამოძიება 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. „ქრონიკა+“ იწყებს დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმის მასალების გასაჯაროებას.   2017 წლის 13 მარტს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს/ბუნებრივი წარმოშობის ნარკოტიკებთან ბრძოლის განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, კუკური წივწივაძემ, პატაკით მიმართა ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსს, თ. ბიჭიაშვილს: მოგახსენებთ, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ქ. ქუთაისი, ცხინვალის ქ. 7, ბინა #3-ში რეგისტრირებული 24.02.1989 წელს დაბადებული დავით გიორგის ძე ხარშილაძე არის ნარკოტიკული საშუალებების აქტიური მომხმარებელი და ეწევა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას. ამავე ინფორმაციით, 2017 წლის 13 მარტს დავით ხარშილაძე უნდა იმყოფებოდეს ქ. თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც იგი პირადად უკანონოდ უნდა ინახავდეს ნარკოტიკულ საშუალებას. გთხოვთ, თქვენს მითითებას.                                     კუკური წივწივაძე.   ვინ არის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი კუკური წივწივაძე? კუკური წივწივაძე ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, ქეთევან ივანაშვილის სიძე და მისი ქალიშვილის, ლიკა ივანაშვილის (სულაბერიძე) ქმარია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ქეთინო, ნანა და ბარბარე ივანაშვილები არიან დები და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილები. ნანას ქმარი ნუგზარ ჯამბურია სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარეა. ბარბარე, იგივე დედა ბარბარე, ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი მონაზონია, რომლის ხელშიც გადიოდა წლების განმავლობაში ის თანხები,რომელსაც  ბიძინა ივანიშვილი გამოყოფდა საპატრიარქოსთვის ეკლესია მონასტრების აღსადგენად . ნანა ივანაშვილის უფროსი შვილი, ნატალია ჯამბურია, ჯერ კიდევ, სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. როგორც ამბობენ, ის დღესაც ამ სამინისტროში მუშაობს, იმის გათვალისწინებით, რომ  წარმოშობით სამტრედიელები არიან და კახი კალაძესთანაც ახლო ურთიერთობა აკავშირებთ. რაც შეეხება ქეთინო ივანაშვილის ქალიშვილს, ლიკა ივანაშვილს (სულაბერიძე), ის სამტრედიაში  საკრებულოში თუ გამგეობაში მუშაობდა და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თანამშრომლების ბარათებიდან თანხები მოხსნა და მიითვისა. იმის მიუხედავად, რომ დეიდის ქმარი, ჯერ კიდევ, საკრებულოს თავმჯდომარე არ იყო, ლიკა ივანაშვილის მხრიდან თაღლითობის ეს ფაქტი ჩაფარცხეს, თუმცა სამტრედიაში საკმაოდ დიდი სკანდალი იყო. თავად კუკური წივწივაძის სიდედრი, ქეთინო ივანაშვილი, სამტრედიის გამგეობაში ბაგა-ბაღების გაერთიანებას ხელმძღვანელობს და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, საკრებულოს თავმჯდომარის ზურგით და ივანიშვილის ნათესაობის ხათრით, საკმაოდ სერიოზულ ფულსაც აკეთებს, ხოლო მისი შვილი სოსო სულაბერიძე ფოთში ჯერ სუსში მუშაობდა,ახლა კი სამტრედიის პოლიციაში უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსია. ამომრჩეველთა ერთიან სიაში კუკური წივწივაძე და ლიკა ივანაშვილი ერთსადაიმავე ქუჩაზე, სხვადასხვა ნომრებში არიან რეგისტრირებულნი. კუკური წივწივაძე  საიათნოვას 55-ში, ხოლო ლიკა ივანაშვილი, იმავე ქუჩაზე - 33 ნომერში. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ლიკა ივანაშვილი შპს ,,იუნივერსალ ჯორჯიან გროუფის“ დირექტორია, ამავე კომპანიაში მასთან ერთად წილებს ფლობენ  მირანდა გუბელაძე და გია ჯვარშეიშვილი. მეორე შპს „იუნივერსალ ჯორჯიაა“, სადაც ლიკა ივანაშვილი  პარტნიორია. დღეის მდგომარეობით ლიკა ივანაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს . „ქრონიკა+“-ის წყაროს მიერ სახელდახელოდ მოძიებული ამ ინფორმაციითაც კარგად ჩანს, რომ კუკური წივწივაძე ოპერატიული ინფორმაციის „მომპოვებელ პირად“ შემთხვევით არ შეურჩევიათ. ერთი მხრივ, მისი ცოლისძმა სუს-ის მაღალჩნოსანია, მეორე მხრივ კი ივანიშვილის ოჯახზე იმდენად დამოკიდებული პირია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ნებისმიერი დავალების შესასრულებლად უპირობოდ იქნება მზად. კიდევ ერთხელ განვმეორდები: ჩემი შვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა სუს-ის უფროსის მოადგილის. იოსებ გოგაშვილის მიერ. მან ვერ გაუძლო შურისძიების ცდუნებას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქრონიკა+“-მა იგი კუდ-ის აგენტობაში ამხილა. ამავე ნომერში ასევე გამოქვეყნდება სკანდალური მასალა, რომელიც 13 მარტს დაიწერა და სწორედ ჩემი შვილის დაკავების გამო მისი დასრულება ვეღარ მოხერხდა. ის, რომ დაკავებისას უხეშად დაირღვა ჩემი შვილის უფლებები, მას არ ჰქონდა ადვოკატთან დარეკვის საშუალება, დაკავებისას სასტიკად სცემეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში ოთხი საათის განმავლობაში აიძულებდნენ აღიარებას, რომ ნარკოტიკი მისია, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის თანდასწრებითაც ცინიკურად ექცეოდნენ და დედას აგინებდნენ, ეს ის დეტალებია, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს აინტერესებს და არა აქაურ მართლმსაჯულებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისას მოსამართლემ ცხადია, საჩივარი განუხილველად   დატოვა და მეტიც, კანონით დადგენილი 72 საათის ნაცვლად, 96 საათში განიხილა, მაგრამ დღეს ამ სისტემაში ისეთი ქაოსია, კანონის დარღვევის ფაქტები არც არავის აინტერესებს. კუკური წივწივაძე ამავე სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა, ჯაბა ტეფნაძემ დაკითხა. გამოკითხვის ოქმში ის სიტყვა-სიტყვით იმეორებს საკუთარ პატაკში მითითებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას დასამატებელი არაფერი აქვს. დაკავების შემდეგ დავით ხარშილაძეს არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია, ხელი არ მოაწერა არც ჩხრეკისა და არც დაკავების ოქმს, ადვოკატის მისვლამდე იყენებდა დუმილის უფლებას. ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე დაკავებულთან ორსაათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს, მხოლოდ ამის მერე ჩემმა შვილმა თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე. გამოკითხვის ოქმის თანახმად, დავით ხარშილაძე გადაადგილდებოდა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქუჩის დასახელება ზუსტად არ იცის, გაიგონა მანქანის დაქოქვისა და დაძვრის ხმა, რის გამოც სავალ ნაწილზე გადაინაცვლა და დაინახა პოლიციელების ჯგუფი, რომელიც მისკენ მიემართებოდა. მისი დაკავებისას ამ ჯგუფმა გამოიყენა არაპროპორციული ძალა, თავზე წამოახურა მისივე ქურთუკის კაპიუშონი, რის გამოც მას შეეზღუდა მხედველობა. არ შეუთავაზებიათ, ნებაყოფლობით წარმოედგინა მისი პირადი ნივთები, ქურთუკის ჯიბეებიდან ამოუღეს პირადი ნივთები და ორი პაკეტი შაქრისებრი ფხვნილი, რომელიც მისთვის იყო უცნობი და მას არ ეკუთვნოდა. ჩხრეკისა და დაკავების ოქმებზე დავით ხარშილაძის ხელმოწერა არ არის, ისევე როგორც მხოლოდ ადვოკატის მისვლის მერე განაცხადა თანხმობა ჩვენების მიცემაზე და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. გამოძიების მასალების მიხედვით, ბოჭორიშვილის ქუჩაზე დაკავებისას მხოლოდ ორი პოლიციელი იმყოფებოდა, რომელიც საქმეში მოწმის სახით ფიგურირებს და არც ერთი სამოქალაქო პირი ამ პროცესს არ შესწრებია. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ჩემი შვილის დაკავებისას ადგილზე პოლიციის ოთხი ეკიპაჟი და, მინიმუმ, 12 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, ერთი რეზინის ხელთათმანებით, რომელმაც ჩემს შვილს ქურთუკის ჯიბეში ორი შეკვრა ფხვნილი (და არა აბები) ჩაუდო. ადგილზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირებიც, რომლებმაც მობილური ტელეფონით დაკავების კადრები გადაიღეს, მაგრამ პოლიციამ მათ გადაღებული კადრები იქვე წააშლევინა. ამავე წყაროს ინფორმაციით, ერთმა იქ მყოფმა პოლიციელმა მიწაზე დაგდებულ და ბორკილებდადებულ ჩემს შვილს მობილური ტელეფონით ფოტო გადაუღო, სავარაუდოდ, ზემდგომებისთვის საჩვენებლად. ბოლო პერიოდის განმავლობაში სუს-ის სააგენტოების, გოგაშვილის აგენტურისა და რამდენიმე ათეული ტროლის მეშვეობით, სოციალურ ქსელში ჩემი და ჩემი ოჯახის, გაზეთისა და მეგობრების წინააღმდეგ, არნახული სიბინძურის კამპანია მიდიოდა. გაცილებით მარტივი არ იქნებოდა, ჩემი შვილის დაკავების დროს გადაგეღოთ ოპერატიული ვიდეომასალა, რომელიც მკაფიოდ დაადასტურებდა ფაქტს და რომელსაც დიდი სიამოვნებით დაატრიალებდა გოგაშვილის „გაძიუშნიკი“? მე დამინდეთ, თუ ვიდეოკამერა დაგრჩათ პოლიციაში? ელისო კილაძე    

გაზიარება