QronikaPlus
ლადო თათარიშვილი: „წელიწადნახევარია, ჩვენს ოჯახს სიცოცხლე გაუმწარეს!“

ლადო თათარიშვილი: „წელიწადნახევარია, ჩვენს ოჯახს სიცოცხლე გაუმწარეს!“

2017-03-30 08:52:31

პრეზიდენტის სიძის მეგობარი, მიხეილ თათარიშვილი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მას წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. თათარიშვილისთვის წაყენებული მუხლი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი, სოციალურ ქსელში ვიდეოს გამოაქვეყნებს და დაწერს, რომ მის მეგობარ მიხეილ თათარაშვილს „სუბუტექსი“ ჩაუდეს. „ჩემს მეგობარს, მიხეილ თათარიშვილს, ჩაუდეს 18 აბი „სუბუტექსი“. ვავრცელებ ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 2 დღით ადრე. ის ფლობდა ინფორმაციას სავარაუდო ჩადების შესახებ. როდემდე უნდა ვიტანდეთ პოლიციის მსგავს საქციელს?! გთხოვთ, გაავრცელოთ“, _ ანა მარგველაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.   მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური ამბობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე მას და მის მეგობარს შეიარაღებულმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი თათარიშვილი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. „სასადილოში ვიყავით. 20 კაცი ყაჩაღებივით შემოგვივარდა. არც საბუთი წარმოადგინეს, არც არაფერი. ზუსტად ასე დაგვაკავეს ივნისში, მე, თორნიკე კაჭარავა და მიხეილ თათარიშვილი, დიდუბეში. უკვე მაგის მერე ვიცოდი, რომ შსს ჩვენზე გაღიზიანებული იყო. ხმები მოგვდიოდა, რომ ნარკოტიკის ჩადებას აპირებდნენ. ალბათ, მე ვერ გამიბედეს და ჩემს გასამწარებლად მიხეილ თათარიშვილს ჩაუდეს“, _ განაცხადა მინდია გოგოჭურმა.   ამ საქმის დეტალებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება მიხელ თათარიშვილის მამა, ლადო თათარიშვილი: _ ჩემი შვილი, მიხეილ თათარიშვილი, თავის მეგობრებთან ერთად საკუთარი ბიზნესის საქმესთან დაკავშირებით დასავლეთ საქართველოში იმყოფებოდა. გვიან ღამით მოდიოდნენ თბილისისკენ, გზაში ხაშური-სურამის მონაკვეთზე საზოგადოებრივი კვების ობიექტში გაჩერდნენ. სამნი იყვნენ: ჩემი შვილი, მინდია გოგოჭური და ერთიც სხვა მეგობარი. შეუკვეთეს სადილი და სანამ მიუტანდნენ, ამ დროს სამი შავი ჯიპი მოვიდა, იქიდან 12-ზე მეტი პოლიციელი გადმოვიდა, 5-6 კაცი შიგნით ობიექტში შევიდა, ყველას აკვირდებოდნენ სახეზე, როგორც კი მიშიკო ამოიცნეს, ხელები ამოუტრიალეს და მანქანაში წაიყვანეს. მანქანაში წაყვანამდე ჯიბეებს იტრიალებდნენ, ეუბნებოდნენ, არაფერი გვაქვს, რა გინდათ, რას გვერჩითო, მაგრამ მაინც ჩასვეს მანქანაში. მანქანიდან მიშიკო ისევ ყვირის, _ დანას ნუ მადებთ, ბიჭებო, დანას ნუ მიშლით! მეორე მხრიდან საპასუხო გინება ისმოდა, მოწყდნენ ადგილიდან. სანამ ეს მანქანა წავიდოდა, ეს ორი მეგობარი მიწაზე დააგდეს და ასე ჰყავდათ მოთავსებული. როცა წავიდნენ, მერე ის პოლიციელებიც გაჰყვნენ. ფაქტობრივად, მიშიკო მოიტაცეს და დაიკარგნენ. მეგობრებს ეგონათ, რომ იქაური პოლიციელები იყვნენ, მივიდნენ ხაშურში, სურამში, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ბოლოს მიხვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა და თბილისში ჩამოვიდნენ. დაახლოებით ღამის სამ საათზე მირეკავს პოლიციელი და მეუბნება, _ თქვენი შვილი დაკავებულია, აქა და აქ არისო. იმავე წუთს ადვოკატ ირმა ჭკადუას დავურეკე, მივედით პოლიციის სამმართველოში, ვრეკავ, მეუბნებიან, აქ არ არის, იქ არ არის, ადვოკატსაც დაურეკავს გამომძიებლისთვის და უთქვამს, _ აქ არის, მოდით და საშვს დავუშვებთო. მივედი სამმართველოში, ირმაც მოვიდა. გამომძიებელი ჩემს ტელეფონს არ პასუხობს, ირმა ურეკავს. ტელეფონი გამორთო და მოკლედ, ვერაფერს ვაზუსტებთ. მერე იძულებულები გავხდით, სახალხო დამცველისთვის დაგვერეკა. ირმამ თქვა, _ მას პირდაპირ შეუძლია შესვლაო. სახალხო დამცველი, დაახლოებით, ხუთი საათისთვის მოვიდა. გამოდის და გვეუბნება, _ აქ არისო. ამ დროს გამომძიებელმაც დაურეკა ირმას და უთხრა, _ აქ არის, მაგრამ ნარკოლოგიურშია გადაყვანილიო. მივედით ნარკოლოგიურში, ფანჯრიდან დავინახეთ, რომ მიშიკო იქ არის. ადვოკატი შევიდა და ეკითხება, _ მიშიკო, რა ხდებაო?! არ ვიციო, _ პასუხობს და პოლიციელებს ეკითხება, _ რატომ დამაკავეთო?! პოლიციელები პასუხობენ, _ როგორ, არ იცი, რაზე დაგაკავეს, არ იცი, ჯიბეში რა გქონდა, 18 ცალი „სუბუტექსი“ რომ გქონდაო?! ირმა ამბობს, _ გაკვირვებული და გაოგნებული უყურებდა, _ როგორ, ნარკოტიკები ჩამიდეთო?! ბოლოს გაირკვა, რომ 18 ცალი ნარკოტიკული საშუალება ჩაუდევთ _ მანამდე თუ იყო მსგავსი ტიპის შემთხვევები? _ გუშინ ჩემთან იყო ჟურნალისტი „იმედიდან“, ცოტნე გეგეჭკორი და ინტერვიუ მთხოვა. არ ვიცი, როგორ მოიქცევა, ვთხოვე, რასაც ვიტყვი, თუ სრულად გამოქვეყნდება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვარ თანახმა ინტერვიუზე, რადგან პირდაპირ ეთერში არ ვარ-მეთქი. დამეთანხმა. პირველი კითხვა დამისვა, _ თქვენი შვილი, მიხეილ თათარიშვილი, სამჯერ არის ნასამართლევი (სამჯერ არ არის, მაგრამ კითხვა ასე დასვა) და ამას რას უკავშირებთო? მაგალითად, მე, ცოტნე გეგეჭკორი, რატომ არ ვარ ასეთ მდგომარეობაში და რატომ არის თქვენი შვილიო? ლეგიტიმური კითხვა იყო და ვუთხარი, რომ ეს შეკითხვა ნებისმიერს დაებადებოდა, ოღონდ ახლა რასაც გეტყვით, ეს ყველაფერი გაუშვით-მეთქი. ახლა მოგიყვებით იმას, რაც მანამდე მოხდა: სააკაშვილის ხელისუფლების დროს სტუმრები გვყავდა და რაჭაში ვიყავი წასული პროექტის გასაკეთებლად, იქ ტელეფონი არ იჭერდა. დილის ხუთ საათზე 50 კაცი შემოვიდა სახლში. სახლი არის 750 კვ.მ., ოთხი სართული, ვერ გააკონტროლებ 50 კაცს, ვინ, სად, რას დადებს. სახლში იყვნენ ჩემი მეუღლე და ორი ბიჭი _ მიშიკო და გუგა თათარიშვილები. ბიჭებს ზედა სართულზე აქვთ თავიანთი საძინებლები და ოთახები. მეუღლე, ბუნებრივია, დაიბნა, რა ექნა, არ იცოდა, ასეთ დროს, უცბად, სახლში აღმოჩნდა ტყვიები. ერთს პისტოლეტიც უნდა დაედო, მაგრამ მე როგორც ვიცი, არ დადო, რადგან მიშიკოს ნაცნობი აღმოჩნდა. არ ვიცი, რამდენად შეეფერება სინამდვილეს, მაგრამ მე ასე ვიცი. დაიდო მხოლოდ ტყვიები. ორივე ბიჭს ეუბნებიან, რომ ეს თქვენია. ორივემ, რა თქმა უნდა, უარყო. პოლიციელებმა უთხრეს, ამის გამო თქვენ ორივეს მოგისჯიან და ერთ-ერთმა საკუთარ თავზე აიღეთო. ეს არის დაკავშირებული ჩემს პირად საქმესთან, რომელზედაც ახლა არ ვისაუბრებ, ამას ახლა მნიშვნელობა არ აქვს. ორივე მიჰყავდათ. უფროსი იძულებული გახდა და უთხრა, _ ჩემს ძმას თავი დაანებეთ, მე ავიღებ საკუთარ თავზეო. ასე წაიყვანეს. 6 თვის შემდეგ გადავიხადეთ გირაო 30 000 და მიშიკო გამოუშვეს. „იმედის“ ჟურნალისტს ვეუბნები, _ მიშიკოს ეს რომ საკუთარ თავზე არ აეღო და მის ადგილზე გუგა ყოფილიყო, მაშინ თქვენი შეკითხვა როგორი იქნებოდა მის მიმართ-მეთქი? მეორე ამბავი უკვე ამ ხელისუფლების დროს ხდება: ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილების უფროსმა გააკეთა, მიშიკოსთვის გამოუხევიათ ქურთუკი და იქ ჩაუდევთ 20-ლარიანი ბეჭედი, ამას წინ უძღვის ერთი ფაქტი (შეგიძლიათ, ამის შესახებ მინდია გოგოჭურსაც ჰკითხოთ): ჯერ უთხრეს, არჩევნებში მოგვეხმარეთო, ამათ უარი უთხრეს. დაემუქრნენ, _ თუ არ დაგვეხმარებით, ავტომატიც გექნებათ, მოპარულიც, ნარკოტიკიც და აბა, ნახეთ, რა ბიჭები ხართო. გადის გარკვეული დრო და ეს ამბავი ხდება. მირეკავენ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, კერძოდ, გალდავა, რომ თქვენი შვილი დაკავებულიაო. ეს ხდება გასული წლის 2 აპრილს. გამიკვირდა, მივედი, გვერდით მიშიკო ჰყავთ დაკავებული, ამას ესწრება ჩემი მეორე შვილიც, გალდავა მეუბნება, _ ბატონო ლადო, გირჩევთ, რომ თქვენს შვილს უთხრათ, დაგვეხმაროს ამ საქმეში და ის სახლში იქნებაო. არ მეუბნება, რას აბრალებენ, რა აღმოაჩნდა, არაფერს მეუბნებიან... ჯერ არ მინდა გავაჟღერო, ვისზე იყო საუბარი, მაგრამ მეუბნება, რომ ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი ძალიან მაღალი რანგის ჩინოსნის ოჯახიდან მოპარულია იარაღი. მეუბნება, რომ დაგვეხმარეთ, ოღონდ ეს არავინ უნდა გაიგოს, არც პოლიციამ, არც პროკურატურამ და არც არავინ, კაციშვილმა ეს არ უნდა იცოდეს, მოგვეხმაროსო. ჩვენ არ გვინდა, ვინ მოიპარა, რა მოიპარა, თქვენს შვილს იმდენი ნაცნობი ჰყავს, გაიკითხოს-გამოიკითხოს და მას ეს ყოველთვის ყველაფერში გამოადგება და დავეხმარებითო. ფაქტობრივად, აგენტობას სთავაზობდნენ. ურჩიეთ, რომ დაგვეხმაროს, ეს იარაღი დაგვიდონ, ჩვენ არ გვინდა, ვინ წაიღოო, იმ იარაღიდან, განსაკუთრებით, სამი იარაღის სახელი თქვა, ისინი გვაინტერესებსო. მაყუჟიან იარაღზე იყო საუბარი. გთხოვთ, მოგვეხმაროსო, კარგი ბიჭია, მთელი თბილისი პატივს სცემსო, ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვსო და ეს მას შეუძლიაო. მე ვუთხარი, _ თქვენ ისეთ რამეს მეუბნებით, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ მე ხომ ვიცი, ჩემი შვილი როგორია, რაც მან მითხრა, რომც შეეძლოს, ამის გამკეთებელი ის არ არის-მეთქი. _ აგერ არის თქვენი შვილი და დაელაპარაკეთო. რომ ვუთხარი, მიპასუხა, _ გაგიჟდიო? ჯერ რა ვიცი, რასაც მეუბნებიან, აზრზე არ ვარ და რომც ვიყო, მერე რას დამაბრალებენ, რას ამბობ, მამაო! ეს იყო და ეს... ამის გამო აწვალეს, არც მიუსაჯეს და დღესაც ეს საკითხი ჰაერშია გამოკიდებული, 10 000 ლარის გირაოთი გამოუშვეს. მეგონა, ეს ამბავი დავიწყებული და დამთავრებული იყო და ახლა ეს ამბავი მოხდა. რა ვთქვა, აღარ ვიცი... წელიწადნახევარია, დილა-საღამო შესვლა-გამოსვლა, გარეთ ვერ გადის, ეს ცხოვრებაა?! მთელ ოჯახს სიცოცხლე გაგვიმწარეს! ახლა რას შეთხზავენ, რას მიუსჯიან, რაღა უნდა მიუმატონ, ბრალდება წაყენებულია, 18 ცალი ნარკოტიკული საშუალება ეს იმხელა ტყუილია, რა გითხრათ, მიშიკო საერთოდ ვერ იტანს ნარკოტიკს, კაცი სიგარეტს არ ეწევა! _ პრეზიდენტის სიძემ განაცხადა, ალბათ, მე ვერ გამიბედეს და ჩემს გასამწარებლად მიხეილ თათარიშვილს ჩაუდესო... _ ეს ყველაფერი გაკეთებულია მინდია გოგოჭურის გამო. გახსოვთ თქვენ პრეზიდენტის განცხადება, იციან, რომ ეს ბიჭები ერთმანეთთან მეგობრობენ და... ალბათ, იცოდნენ, რომ მინდია გოგოჭური რომ დაეჭირათ, ძალიან დიდი ამბავი ატყდებოდა, თუმცა არანაკლები ატყდა მიშიკოზედაც, ეს არ ჰქონდათ ამათ გათვლილი. მინდიას ახლო მეგობრები ყოველ წუთს ელიან იგივეს. მიშიკო სხვას მანქანაში არაფრით არ უჯდებოდა, კაცს ტელეფონი არ აქვს იმიტომ, რომ რამე არ დააბრალონ, წარმოიდგინეთ! სახლიდან რომ გადიოდა, ჩავაცილებდით, რომ მოდიოდა, წინასწარ დარეკავდა, კარს გავუღებდით და იქ ვხვდებოდით. პრეზიდენტის ქალიშვილს, ანის ურეკავდა ხოლმე და სთხოვდა, გაჰყოლოდა, რადგან სხვას ვერ ენდობოდა. სადაც იქნებოდა, ალბათ, ამას მაინც განახორციელებდნენ! _ ტელევიზიით კადრები ვიხილეთ, სადაც ეს ამბავი მოხდა, იმ კვების ობიექტის მეპატრონე პოლიციელებმა დააშინეს... _ სასამართლო რომ დამთავრდა, იმ ღამეს ბიჭები წავიდნენ და იმ ობიექტზე მივიდნენ. იმათ თქვეს, ყველაფერს ვიტყვითო. ესენი რომ წამოვიდნენ, ყველაფერი ადვოკატს უთხრეს. შემდეგ ადვოკატი და ჟურნალისტები წავიდნენ და გამოჰკითხეს. გოგონებმა სიმართლე თქვეს, ძალიან მწარედ იქცეოდნენო, საშინლად ეშინოდათ, ტელევიზიითაც გავიდა ეს კადრები, ჩანაწერია გაკეთებული და ობიექტის უფროსი ამბობს, _ მოვიდნენ და გამაფრთხილეს, თქვენმა ხალხმა ენას კბილი დააჭიროს, თორემ ეს ობიექტი აღარ გექნებაო. მეორე დღეს უკვე პოლიცია მივიდა, დაკითხა ეს ხალხი, ვიცი, რომ ამის მიუხედავად, სიმართლე მაინც თქვეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. ძალიან გთხოვთ, რომ აღნიშნოთ: ამ ამბის დროს ამ ობიექტში იჯდა რამდენიმე კაცი. ბიჭებმა როგორც მითხრეს, ძალიან ხნიერი ხალხი არ იყოო. ვთხოვ, თუ ადამიანები არიან, გამოეხმაურონ ამ ამბავს, ვინც ნახა და რაც ნახა, ის თქვან! _ რას აპირებთ? _ ამ ამბის გამო ხვალაც აქცია ეწყობა და იქ უნდა მივიდე. მიშიკოს ადვოკატისთვის უთქვამს, რომ შემოგთავაზონ, არაფერ მოლაპარაკებაზე არ წახვიდეთ. ოღონდ გარეთ ვიყო, დედაჩემი ყველაფერზე დათანხმდება და სამუდამო პატიმრობა რომ მომისაჯონ, არაფერს ვაღიარებო. არ გავჩერდები არაფრით. ხვალ ახალგაზრდებს აქვთ აქცია და მეც მივალ, რა ვქნათ ოჯახმა, არ ვიცით...   თამარ ბატიაშვილი    

გაზიარება