QronikaPlus
უკანონო პატიმარი დათო ხარშილაძე, ვა-ბანკზე წასული ხელისუფლება, გესლიანი ტროლები და გასუსული „პეროიანი“ ვირთხები

უკანონო პატიმარი დათო ხარშილაძე, ვა-ბანკზე წასული ხელისუფლება, გესლიანი ტროლები და გასუსული „პეროიანი“ ვირთხები

2017-03-26 08:11:37

დააკავეს და შემდეგ წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვაჟს _ დათო ხარშილაძეს. მისი დაჭერა რომ პირწმინდად პოლიტიკური აქტია და პირდაპირ უკავშირდება დედის საქმიანობას _ ეს ცხადია და თან ისეთი ცხადი, სულ რომ ბანანის ხეზე იჯდე და ანანასს ლოღნიდე _ მაინც უნდა მიხვდე. თუნდაც რომ მომხმარებელი, თუნდაც რომ „ბარიგა“ ყოფილიყო (და ეს რომ ასე არაა, ცხადად გამოჩნდა _ არც მოხმარება დაუდგინდა და თვით გამოძიებაც კი ვერ სდებს ბრალს „ბარიგობაში“), მაშინ როცა ამ ქვეყანაში „ბარიგებიც“ უდრტვინველად საქმიანობენ და მომხმარებლებიც ხშირად ეკრანიდანაც გვმოძღვრავენ, ფაქტია, რომ ადამიანის ამის გამო დაკავება უკვე შერჩევითი სამართლის პროდუქტია. და როდესაც, თუნდაც, ასეთ (მომხმარებელ და რეალიზატორ) შვილს უჭერ კრიტიკულ და მეტიც, ისეთ სკანდალურ ჟურნალისტს, პირდაპირ ვიტყვი, ქართულ ბეჭდურ მედიას მთელი ისტორიის მანძილზე რომ არც დასიზმრებია, უკვე ცალსახაა, რომ ეს ყველაფერი მიმართულია იმ ჟურნალისტზე შურისძიებისთვის, მის დასაშინებლად, დასასჯელად. ანუ მას აქილევსის ქუსლი უპოვეთ, ჩაავლეთ ამ ქუსლში ხელი და აჯანჯღარებთ. გლეხურად რომ ვთქვათ, _ რა, ქვეყანაში მოქმედი ბარიგებისა და მომხმარებლების ნახევარი მაინც დაიჭირეთ, მაინცდამაინც, ხელისუფლებასთან მებრძოლი ჟურნალისტის ვაჟი რომ ამოჰყვა თქვენს „ოპერატიულ“ ბადეს? თან, მიყოლებით, ჯერ კრიტიკული ჟურნალისტის ვაჟი, შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლის ვაჟი. ეგ ფაფა არ გინდათ, რომ თქვენვე თქვლიფოთ? ვის გვაჯერებთ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნიშნით დევნა და ანგარიშსწორება არაა? როგორც უკვე ვთქვი, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაშიც იქნებოდა, დათო ხარშილაძე რომ მომხმარებელი და „ბარიგა“ ყოფილიყო და აქვე ვიმეორებ, არც ერთია, არც _ მეორე! მოხმარების ფაქტი არ დაადგინა ორმა ექსპერტიზამ, „ბარიგობის“ დაბრალება კი თქვენს „შესაძლებლობებსაც“ გასცდა. ნარკომომხმარებელი რომ ყოფილიყო, კიდევ ვინმე ირწმუნებდა, მოხმარებაში გამოიჭირეთ, რადგან ნარკოდამოკიდებულება ისეთია, თავსაც დაგავიწყებს და დედის საზოგადოებრივ მდგომარეობასაც. მაგრამ ეს ვნება არ აქვს ნარკორეალიზატორობას, ბატონებო. რას ამტკიცებთ თქვენი ბინძური ჭკუით, რომ ამხელა კაცი (რომც სდომოდა ამგვარი რამ) იმას ვერ აანალიზებს, ვისი შვილია, რა ლუპის ქვეშაა? ნარკოტიკს ამოიღლიავებდა და ასე ივლიდა? ჩვენ გვაგიჟებთ, ელისო კილაძის შვილს მიიჩნევთ გიჟად, თუ თქვენ გაგაგიჟათ ხეგლეჯია „მამამ“? არც მოხმარება დაუდგინდა და „ბარიგობასაც“ ვერ ტენით და მხოლოდ შეძენა-შენახვაო. აქაც გაიჭედეთ, თუ ადამიანი არც მოიხმარს, არც ყიდის, ამდენ ნარკოტიკს რისთვის, ვისთვის ყიდულობს? რა ფორტეპიანოდ უნდა?! საქმეც ეგ არის, რომ არც მოიხმარს, არც ყიდის და არც უყიდია და არც შეუნახავს. ეგ, ბატონებო, თქვენ გაქვთ „შენახული“ იმ პირების დასასჯელად, ვინც თვალში არ მოგდით და ასე გარდამავალი დროშასავით დაატარებთ და ხან ვის უდებთ და ხან _ ვის! აბა, თუ შეიძინა და თან ოპერატიული ინფორმაცია გქონდათ, რატომ ვერ გადაიღეთ ეს შეძენა? მას რომ მართლა შეეძინა, ხომ გადაიღებდით და გამოფენდით? ვიღაც უკურნებელი „ქოცი“ იტყვის, რომ შეძენის შემდეგ მიიღეთ ოპერატიული ინფორმაცია და შემდეგ დააკავეთ. კარგი, ბატონო, გამოგყვებით მაგ ბანძ ზღაპარშიც. ჩხრეკა რატომ არ გადაიღეთ? ან პოლიციელების გარდა ერთი მოწმე წამლად როგორ ვერ იშოვეთ? და ამის მერე გინდათ, რომ ვინმეს დააჯეროთ, ეგ ნარკოტიკი თქვენი ჩადებული არაა?  აღარაფერს ვამბობ სხვა უხეშ სამართლებრივ დარღვევებზე, ცემასა და ადვოკატის არშეშვებაზე. და კიდევ, თუ ოპერატიული ინფორმაცია ნარკოტიკის შეძენის შემდეგ შეიტყვეთ და შეძენა ამიტომაც ვერ ასახეთ ფირზე, უკაცრავად და, საიდან შეიტყვეთ ეს შეძენის ფაქტი, თუ არა თავად „ბარიგისგან“, ან მისი გარემოცვისგან? და თუ „ბარიგისა“ და მისი გარემოცვისგან ფლობდით მაგ ოპერატიულ ინფორმაციას, რანაირადღაა დაუდგენელი, ვისგან და რა ვითარებაში შეიძინა? აა, უი, „ბარიგისგან“ და მისი გარემოცვისგან არ მიგიღიათ ინფორმაცია? უკანონო მოსმენით მიიღეთ? და საერთოდ, რა სტადიაში ხართ, რომ დედებზე შვილებით შურისძიებაზე გადახვედით? ამბად თუ მაინც გსმენიათ, დედამ მანქანა რომ ასწია შვილის გადასარჩენად? იცით, რა ძალას იძენს ქალი შვილის დაცვისას? არ გაკმაყოფილებდათ ის ძალა, რომლითაც ელისო კილაძე გიტევდათ? ძალას ახუთმაგებინებთ? საერთოდ, იყურებით წინ, თუ ივანიშვილმა ცხვირწინაც დაგირგოთ ხეები? ვინც მონაწილეობა მიიღეთ ამ სამარცხვინო ეპოპეაში _ დედაზე შურისძიების მიზნით, უდანაშაულო ბიჭისთვის ნარკოტიკის ჩადებასა და დაკავებაში, შვილები არ გყავთ? დიახ, თქვენ, ვინც მონაწილეობდით ამ „ოპერაციაში“, პოლიციელები, ვინც მოწმეებად მოგვევლინეთ, ყველა, ვინც ამ ამბავში გარეული ხართ _ დაგვირგვინებული მანტიამოსხმული ბიზნესმენ ლომიძით. და რაც მთავარია, ამ ყველაფრის ორგანიზატორები და რაც მთავარია, მთლად ზემოთ, საიდანაც ეს დაკვეთა გაიცა, რას ფიქრობთ? დოქსოპულოებს დედები არ ჰყავთ, მაგრამ არც შვილები? დედაზე რომ შვილით ცდილობთ შურისძიებას, საკუთარ შვილებზე არ ფიქრობთ? გგონიათ, რომ ეს ხელისუფლება მარადიულად იქნება? თუ შემდეგ სხვების ჰუმანურობის იმედი გაქვთ? ფრთხილად, ფრთხილად! ეგ ჰუმანურობა მაგ თქვენმა საქციელმა არ ააორთქლოს და შურისძიების პირისპირ არ დაგაყენოთ! იცი, რამდენი მთავრობის გაქცევას მოვესწარი? მაგრამ ჯერ არ მინახავს, რომელიმეს თქვენნაირი წვრილფეხობა მაყარში წაეყვანოს! აქ დარჩებით და ხალხის რისხვას სად წაუხვალთ? ჩახედეთ, მოსამართლე ვეფხია ლომიძის ბიზნესებს და ქონებას, ვინმეს გჯერათ, რომ ამ ქონების პატრონი მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას გამოიტანდა? თავის ქონებას ეჭვქვეშ დააყენებდა, ან დააყენებს როდესმე? მაგრამ ცდება თავის ამ საქციელით, ის არათუ ქონების, თავისი და მრავალი შვილის ამ ქვეყანაში ცხოვრებას აყენებს ეჭვქვეშ. მაგრამ ერთიცაა, აპირებენ კი ამ ქვეყანაში ცხოვრებას? დააგროვებენ ქონებას, განამტკიცებენ და მერე იმ „გარყვნილი“ ევროპისკენ აიღებენ გეზს და ჩვენ გვიტოვებენ აქ ქვეყანას _ გავერანებულს. ყველაფერი არის ცხადზე ცხადი _ ეს არის შურისძიება ელისო კილაძეზე, მისი დასჯა. დიახ, დასჯა და არა დაშინება. მათ გადასარევად იციან, რომ ელისო კილაძეს ვერ დააშინებენ. მაგრამ ისიც გადასარევად იციან, რომ ამ ისტორიით დააშინებენ ბევრ სხვას. ელისო კილაძისა და ხატია დეკანოიძის შვილების დაჭერის ამ „ოპერაციით“ არაერთი ჟურნალისტის, პოლიტიკოსისა და, საერთოდ, კრიტიკულად განწყობილი პირის არსებაში ჩასახლდება უჩინარი ცენზორი _ ბევრი შეიკავებს თავს, ბევრი მოერიდება ხელისუფლების კრიტიკას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ მათი შვილები არ აღმოჩნდნენ ელისო კილაძისა და ხატია დეკანოიძის შვილების ადგილზე. ყოველ შემთხვევაში, ესაა ამ ხელისუფლების ზეამოცანა. მოკლედ, ყველაფერი ცხადზე ცხადია, _ დათო ხარშილაძე უკანონო პატიმარია: დათო რომ მომხმარებელი ყოფილიყო, ექსპერტიზა გამოავლენდა, დათოს რომ ნარკოტიკი შეეძინა, იმდენი კამერით გადაიღებდნენ და ისე დაადგენდნენ შეძენის ვითარებასაც და ადგილსაც, რომ ზოგიერთს ინსულტი ან ინფარქტი დაემართებოდა სიხარულის ნიადაგზე და რაც მთავარია, მას გაჩხრეკდნენ არათუ კამერებისა და რამდენიმე მოწმის თანდასწრებით, საჯაროდ, ტელეეთერში მიიყვანდნენ და იქ ამოუტრიალებდნენ ჯიბეებს. მათთვის რომ დათოს ეს შანსი მიეცა, ელისო კილაძის დასჯას საერთო-სახალხო ქოცურ დღესასწაულად აქცევდნენ _ კალენდარში შეტანით და უქმე დღედ გამოცხადებით. მოკლედ, თუ ამ ყველაფრის მერე ვინმეს კიდევ რამე კითხვა რჩება, ან უტვინოა, ან სინდისგარეცხილი და თავს იტვინებს, რადგან ასე აწყობს. და ასეთები, როგორც აღმოჩნდა, მრავლად არიან! თუმცა არც ისე მრავლად, რადგან უმეტესობა ან დაინტერესებული ქოცია, ან ამ ხელისუფლების დაქირავებული ტროლი, რომელიც იმ ისტერიის თესვას ცდილობს, რაშიც ხელფასს უხდიან. ისე ჩაიხვიეს, ეგ პრობლემა წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდა ელისო კილაძის შვილსო, გეგონება, თვითონ არ ლანძღავდნენ იმ სისხლიან ცხრა წელიწადს დღეში 27 საათი. ახლა, რა, უცებ გახდნენ სანდო იმდროინდელი სამართალდამცველები? ზოგი ისე ასისინდა, _ მომხმარებელიაო, რომ დაავიწყდა, როგორ გმობდნენ ცოტა ხნის წინ ნარკოპოლიტიკას და როგორ გაიძახოდნენ, მოხმარების გამო ადამიანს ციხეში არ უნდა უშვებდნენო. მოკლედ, ელისო კილაძის ბოღმამ ისე დაუბრმავათ გონება, „ნაცების“ „სისხლისმსმელობაც“ დაავიწყდათ და თავისი ლიბერალური განწყობებიც ნარკომომხმარებელთა მიმართ. ახლა გახდნენ „ნაცები“ რძისმსმელები? და მომხმარებლები ციხეში გამოსამწყვდევები? და საერთოდ, რა ფენომენია, როდესაც დედა გძულს პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ან იმის გამო, რომ თვითონ ღმერთს არ უქნიხარ, ამ ცხოვრებაში ვერაფრად შედექი და გაცოფებს სხვების წარმატება და ამ სიძულვილის გამო გიხარია, ღლიცინის, ნიშნისმოგების ხასიათზე გაყენებს ბავშვის გადმოვარდნა მეხუთე სართულიდან (შორენა ბეგაშვილის შვილის ისტორია), 18 წლის გოგონას სიკვდილი (მაია ასათიანის შვილის ტრაგედია), ახალგაზრდა ბიჭის დაჭერა? ისე როგორ უნდა წახდე და დაკარგო ადამიანის სახე, რომ ასეთ შემთხვევებზე აღლიცინდე? ისე როგორ უნდა გადაგიყვანოს ჭკუიდან ბოღმამ და ისე როგორ უნდა აგითქვიფოს ტვინი გესლმა, რომ იმ დედის ადგილზე ერთი წამითაც არ წარმოიდგინო თავი? ან თუ ის დედა ისე გძულს, რომ მის ადგილზე არც გსურს თავის წარმოდგენა, იმ შვილის ადგილზე წარმოიდგინე თავი! გინდა, ტროლი იყავი, გინდა, ტოლმა, როდესაც ამ უმსგავსობას წერ, შენ არ წერ? ორ ფეხზე არ დადიხარ? გული არ გიდევს მკერდში? ერთია, რას წერენ ისინი, ვისაც გესლი ტვინში ასხამს და კიდევ მეორეა, საზოგადოების იმ ნაწილის გასუსვა, ვინც გადასარევად ხედავდა კონტექსტს _ რომ დათო ხარშილაძის დაკავება აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო და დედის საქმიანობას უკავშირდებოდა, ხედავდა ამას და დუმდა _ ჟურნალისტის შვილის დაჭერას არ იმჩნევდნენ და „ჩემი ცოლის დაქალების“ ნორას უწვებოდნენ, ლამის, კუბოში! აი, ეს ვითომ რა მოდა და ყაიდაა? ვინმეს ეჭვი ეპარება, როდესაც ერთხელ გაუვათ, შემდეგ რომ ყველას მიადგებიან? რამ დაადუმა საზოგადოების ეს ნაწილი? ამ ხელისუფლების შიშმა, თუ იმის შიშმა, რომ, ემანდ, „არასვეცკური“ არ იყოს სოლიდარობის გამოცხადება? ხვდებით მაინც, რომ „პეროიან“ ვირთხებს ემსგავსებით? ხომ გინახავთ ერთხელ მაინც ღამურა? ხომ მურტალი შესახედია? აი, პეროიანი ვირთახა კიდევ უფრო შემზარავია საყურებლად. თუ არ გჯერათ, ოდნავ დაძაბეთ წარმოსახვა და წარმოიდგინეთ ვირთხა, გავას რომ 2 ცალი ფარშავანგის ბუმბული უმშვენებს და გული რომ უსკდება, ემანდ, იმ 2 ცალ „პეროს“, ფარშავანგს რომ ააბდღვნა და გავა დაიმშვენა, რამე არ მიეცხოს! ამოიღეთ ხმა, თორემ თუ ბოლო არ მოეღო ჩადებებსა და ამ ბაკქანალიას, თქვენს კართანაც დაიჩოქებს აქლემი და თქვენს შვილს, ქმარს, ძმას, დას, დედას ჩაუდებენ ნარკოტიკს, მერე სხვაც დადუმდება და კრინტს არ დასძრავს.   რეზო შატაკიშვილი  

გაზიარება