QronikaPlus
ირაკლი ცქიტიშვილი: „სერიოზული დაპირისპირება ანქვაბისა და ხაჯიმბას ჯგუფებს შორის გარდაუვალია“

ირაკლი ცქიტიშვილი: „სერიოზული დაპირისპირება ანქვაბისა და ხაჯიმბას ჯგუფებს შორის გარდაუვალია“

2017-03-25 07:30:38

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან, გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდნენ, დანარჩენ 22 ოლქში მეორე ტური გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ „არჩევნებთან“ დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“. ამ ფონზე პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის არმიაში ე. წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი საჯარისო ფორმირების გაწევრიანებას აკმაყოფილებს: „დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ცალკეული შეიარაღებული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანებას გულისხმობს“, _ ნათქვამია განკარგულებაში. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დაიპყრო, შემდეგ ეს ტერიტორიები დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.   მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა+“ ექსპერტ ირაკლი ცქიტიშვილს ესაუბრება: _ ბატონო ირაკლი, სოხუმსა და ცხინვალში რა პროცესებთან გვაქვს საქმე? _ როგორც იცით, აფხაზეთში ე. წ. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. 35 ოლქიდან მხოლოდ 12-ში გამოვლინდა გამარჯვებული, ერთში განმეორებითი არჩევნები და 22-ში მეორე ტური იქნება. პირველსავე ტურში ოპოზიციის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ მის უბანზე აფხაზური რეჟიმის წარმომადგენელთა და მაკონტროლებლთა ყველაზე დიდი რაოდენობა იყო კონცენტრირებული. არის შანსი, რომ ოპოზიცია სერიოზული ძალით იყოს წარმოდგენილი, რაც, სხვათა შორის, უკვე არსებული ხელისუფლების დამარცხებაა. მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსი მეტად იქნება მობილიზებული, რათა ოპოზიონერთა გამარჯვება აღარ დაუშვან, თუმცა რამდენიმე კანდიდატს  სერიოზული შანსი აქვს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ არჩევნებიდან უკვე გავარდა ყოფილი „პრემიერი“ სერგეი შამბა. როგორც ჩანს, მას საზოგადოებამ უთხრა, რომ პენსიის დრო მოვიდა და მან სწორად გაიგო ეს სიგნალი. რადგან ჯერ მხოლოდ ნახევარზე ნაკლებ უბანზეა გამოვლენილი გამარჯვებული, რთულია წინასწარ თქმა, თუ რა სახის ორგანოს მიიღებენ აფხაზები და როგორი ძალთა თანაფარდობა იქნება. თუმცა უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ სერიოზული დაპისპირება ანქვაბისა და ხაჯიმბას ჯგუფებს შორის გარდაუვალია. ზოგადად, აფხაზეთში ე. წ. პოლიტიკური ელიტის გაახალგაზრდავება, ძველების პოლიტიკიდან ჩამოცილება და ახალი სახეების გამოჩენა შეინიშნება. პარალელურად, ცხინვალის რეგიონში სხვა პროცესებთან გვაქვს საქმე. იქაც ემზადებიან „არჩევნებისთვის“, მაგრამ ამ მზადების პროცესში მოსკოვი დროს არ კარგავს და ხელს აწერს ცხინვალთან ოსური ბანდფორმირებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შერწყმასთან დაკავშირებით. სხვათა შორის, აფხაზებთან ასეთი ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებიათ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს განპირობებულია, ზოგადად, მოსახლეობის სიმცირით ოკუპირებულ რეგიონში. ასეთ პირობებში რუსეთს არ უღირს არჩინოს ცალკე შეიარაღებული ფორმირება, რომელიც სამხედრო თვალსაზრისით მაინც არაფრად ვარგა. იმათთვის კი, ვისაც ჯარში უნდა სამსახური, თავიანთი შეიარაღებული ძალების კარი გაუღეს. იქ მომსახურე ოსებს ისეთივე პირობები ექნებათ, როგორც რუს სამხედროებს. დღეს არსებული დუხჭირი მდგომარეობის ფონზე, ალბათ, ბევრი ახალგაზრდა, ვისაც ძალა ერჩის, მოსინჯავს ამ შესაძლებლობას. ძალთა თანაფარდობას ეს რეგიონში არ და ვერ შეცვლის, ან რა უნდა შეცვალოს, როდესაც მთელი ცხინვალის რეგიონი ერთი დიდი რუსული ბაზა და მისი მომსახურე პერსონალია. _ ამ ფონზე, თბილისი რა გზას უნდა დაადგეს? _ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, როგორც ბოლო დროს ჩატარებული ყველა გამოკითხვა, გვიჩვენებს, საქართველოს მოსახლეობისთვის გადაწეულია მეორე და მესამე პლანზე და მას უსწრებს სოციალური საკითხები, ის, რაც ჩვენს მოსახლეობას პირველ რიგში და ყოველდღიურად აწუხებს. გარკვეულწილად, ეს გასაგებიცაა. ჯერჯერობით, სახელმწიფოსთვის რაიმე პერსპექტივა ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისა არ ჩანს, ხოლო ეკონომიკური მდგომარეობა თითოეული მოსახლის ყოველდღიური საფიქრალია. მაგრამ არა მარტო რიგითი მოქალაქეების, ხელისუფლების უპირველეს საზრუნავსაც არ წარმოადგენს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი _ ისიც ყოველდღიური რუტინული საკითხებით არის დაკავებული, რადგან თვითონაც ვერ ხედავს და არ გააჩნია რაიმე პოლიტიკა, რათა ტერიტორიული საკითხი მოაგვაროს. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ორი მექანიზმი გვაქვს: ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და მისგან გამომდინარე ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი პრევენციის მექანიზმი. ჟენევის მოლაპარაკებები დიდი ხანია, ჩიხში შევიდა. პოლიტიკურ ნაწილში მთავარი მოლაპარაკებები თავდაუსხმელობის ხელშეკრულებაზე მიმდინარეობს. თბილისის პოზიციაა, რომ ასეთი პასუხისმგებლობა სწორედ რუსეთმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ რუსები და მას დაქვემდებარებული სეპარატისტები სხვა აზრზე არიან _ მათ უნდათ, რომ ქართულმა მხარემ სწორედ სეპარატისტებთან გააფორმოს ხელშეკრულება და ამით, ჯერ ერთი, ლეგიტიმაცია შესძინოს მათ, როგორც მხარეებს, და მეორე, გამოჩნდეს, რომ, თითქოს, რუსეთი კონფლიქტის მხარე არ არის. ეს ორი ურთიერთგამომრიცხავი პოზიციაა და, შესაბამისად, არც მოლაპარაკებებში არის წინსვლა. რაც შეეხება ჰუმანიტარულ ნაწილს, აქაც ჩიხური სიტუაციაა. გარკვეულ ტრადიციად იქცა, რომ როდესაც ქართული მხარე საუბარს იწყებს დევნილთა დაბრუნების უფლებაზე, რუსები და მათი მარიონეტი სეპარატისტები მოლაპარაკებებს მაშინვე ტოვებენ. ეს უკვე დიდი ხანია, გრძელდება და რაიმე პერსპექტივა, რომ სიტუაცია შეიცვალოს, არ ჩანს. ინციდენტების პრევენციის მექანიზმი კი, პირველ რიგში, ყოველდღიური რუტინული პრობლემების მოგვარებისთვის არის შექმნილი და იქ მოლაპარაკებებს, ძირითადად, სუს-ი აწარმოებს. _ ამ პრობლემაზე, კიდევ, უშუალოდ, რა სტრუქტურები მუშაობენ? _ ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ძირითადად, მუშაობს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური (რაც კიდევ ერთი დასტურია, რომ აქ პოლიტიკური პროცესები ნაკლებად ვითარდება), შესაბამისი სახელმწიფო მინისტრის აპარატი და პარლამენტის დროებითი კომისია, რომელიც ახლახან დაკომპლექტდა. მისი წევრები არიან დეპუტატები გედევან ფოფხაძე, გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, სვეტლანა კუდბა, გიორგი მოსიძე, ედიშერ თოლორაია, ლერი ხაბელოვი, სერგი კაპანაძე, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია, ლაშა დამენია, რომან გოცირიძე, ადა მარშანია და სალომე ზურაბიშვილი. თვალის ერთი გადავლებითაც ჩანს, რომ იმ ადამიანთა ნაკლებობა აღინიშნება, რომლებიც ამ პრობლემას კარგად იცნობენ. გამონაკლისებად შემიძლია დავასახელო სერგი კაპანაძე, თენგიზ გუნავა და ადა მარშანია, სამივე ოპოზიციის წარმომადგენელია. რისთვის არიან სხვები? _ სრულებით გაურკვეველია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმრავლესობამ ამ კომისიაში სხვა კომისიებსა და კომიტეტებს მიღმა დარჩენილ თავის ხალხს მოუნახა სამსახური. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისია ყველაზე აქტიური, ჯერ კიდევ, მაშინ იყო, როდესაც მას შოთა მალაშხია ხელმძღვანელობდა. ეს ნამდვილად გახლდათ ქმედითი ორგანო, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის ოკუპაციური ხასიათის წარმოჩენასა და დამკვიდრებას. სწორედ იმ დროს გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმი, გადაიღეს და გავრცელდა მთელი სერიები დოკუმენტური ფილმებისა სახელწოდებით „ოკუპაცია“, გამოქვეყნდა და გავრცელდა ძალიან ბევრი მასალა, რაც მიმართული იყო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. მას შემდეგ ამ კომისიას, ფაქტობრივად, არ უმუშავია და უფრო ფიქტიური როლი აკისრია _ გაუქმება არ შეიძლება, გაკეთება კი არაფრის უნდათ. წინა მოწვევის პარლამენტში, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიას ბატონი ვოლსკი ხელმძღვანელობდა, სრულებით არაფერი გაკეთებულა. ვოლსკის არ ეცალა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებისთვის, ის სრულიად შეუსაბამო კომენტარებს სულ სხვა პოლიტიკურ თემებზე აკეთებდა. არც ამ მოწვევის პარლამენტში ველოდები წინსვლას. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შემადგენლობა ისეთია, ვისაც წარმოდგენა არ აქვს ამ საკითხებზე და მეორე, ეს თემა არ არის პრიორიტეტული დღევანდელი მმართველი ელიტისთვის. თუ რამეს მოიმოქმედებენ, რუსეთს უნდა დაუპირისპირდნენ, ეს კი მათ არც ერთ შემთხვევაში არ სურთ. _ ამასობაში, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე? _ რუსეთი სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ჩვენს ტერიტორიებზე, აძლიერებს სამხედრო ბაზებს და ადგილობრივი მოსახლეობა, ფაქტობრივად, ამ ბაზების მომსახურე პერსონალად გადააქცია. განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში, სადაც ისედაც ცოტაა მოსახლეობა და მთავარი ობიექტი მთელ რეგიონში სწორედ რუსული საოკუპაციო ბაზაა. აფხაზეთშიც, მეტ-ნაკლებად, იგივე ხორციელდება. ყოველი ის ინვესტიცია, რომელსაც რუსეთი დღეისთვის ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პირველ რიგში, მიმართულია მათი საოკუპაციო ბაზების, იქ მომსახურე სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. ადგილობრივ მარიონეტებს პატარა ლუკმას გადაუგდებენ ხოლმე, რომ ჩუმად იყვნენ და კმაყოფილად იგრძნონ თავი. სწორედ ამ ლუკმისთვის იბრძვიან ადგილობრივი ვითომ პოლიტიკოსები ე. წ. არჩევნებზე, არც ერთმანეთისთვის თავ-პირის მტვრევას ერიდებიან, არც აფეთქებებს. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო გაურკვეველია მათი ყოფა, გაურკვეველია, რა უნდათ და საით მიდიან. ეს გაურკვეველია, მათ შორის, თავად ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ისინი დარბიან, როგორც ციყვი ბორბალში, რომ გადარჩნენ. უფრო სამწუხაროა, რომ მათ სჯერათ ამ სირბილის პერსპექტიულობის. ჯერჯერობით, სჯერათ. _ ქართული მოსახლეობა რა მდგომარეობაშია? _ ყველაზე სავალალო კი, მაინც, ქართული მოსახლეობის მდგომარეობაა. თუ აფხაზებს ან სომხებს, ასე თუ ისე, შეუძლიათ ხმის ამოღება, ქართველებს ამის უფლებასაც არ აძლევენ. მას შემდეგ კი, რაც ხაჯიმბას რეჟიმმა ქართველებს, თითქმის, სრულიად ჩამოართვა ადგილობრივი ე. წ. პასპორტები და ენგურზე გადასასვლელებიც გადაუკეტა, ისინი, ფაქტობრივად, მძევლები აღმოჩნდნენ. ქართველებს იმის უფლებაც კი ჩამოართვეს, რომ, სულ ცოტა, გავლენა მაინც მოახდინონ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. კარგია, რომ საქართველოს სხვადასხვა უწყება ამაზე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ თითქოს მათ განცხადებებს რიხი აკლია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ განცხადება მხოლოდ განცხადებისთვის კეთდება. _ არსებობს გამოსავალი? _ ტერიტორიული საკითხის გადაწყვეტის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ არის და არც გზა ჩანს, რაც გარკვეულ უიმედობას შობს ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს კონფლიქტური რეგიონები მსოფლიო დღის წესრიგიდან ამოვარდა. ამის მიზეზი, პირველ რიგში, ის პროცესები გახდა, რომელიც მსოფლიოს აწუხებს _ სირია და იქიდან დევნილები, ტრამპის მოსვლა ხელისუფლებაში, დაძაბულობა და უსაფრთხოების საკითხები ევროპაში, კონფლიქტი უკრაინაში. ამ ყველაფერს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ინიციატივები და მცდელობები, ქართული საკითხი დაბრუნდეს მსოფლიო დღის წესრიგში, თავად საქართველოს ხელისუფლებას არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი იმას მაინც შეეცდებოდნენ, რომ რუსულ-უკრაინული კონფლიქტის კონტექსტში მუდმივად მდგარიყო საქართველოს საკითხიც. ყველაზე ნათელი მაგალითი იყო რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ტარდებოდა, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და ყირიმში. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ამ თემაზე და ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ყირიმში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებდნენ, მაგრამ არავის გახსენებია იგივე კონტექსტში საქართველო. აქედან ჩანს, რომ ეს მიმართულება გასაძლიერებელია, ყველა მხარესთან უფრო მეტი მუშაობა გვმართებს. მეორე, რაც გასაკეთებელია _ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ პრევენციული ზომების გატარება მთელ მსოფლიოში, რომ სეპარატისტულმა რეჟიმებმა ვერ შეძლონ საკუთარი ინტერესებისა და ხედვების თავსმოხვევა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, მათ შორის, სხვადასხვა გამოფენაში, კონკურსებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად. დიახ, ქართულმა დიპლომატიამ უნდა დაუკეტოს გზა სეპარატისტებს, დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად წარმოაჩინონ თავი საერთაშორისო ასპარეზზე. სამწუხაროდ, ჩვენი დიპლომატიური უწყებები მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებენ თავად აფხაზების ამა თუ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ და ისიც მას მერე, რაც თავად რიგითი მოქალაქეები ამოქექავენ ხოლმე ამა თუ იმ ინფორმაციას. იმ პირობებში, როდესაც რაიმე ქმედითი ღონისძიების განხორციელება ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად შეუძლებელია, საჭიროა ინფორმაციული კამპანიების მეტი ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე. მაგალითად, ხელისუფლებას შეუძლია, ხელი შეუწყოს სხვადასხვა მასალის გამოქვეყნებას საზღვარგარეთის პრესაში და ამ მასალებში უნდა იყოს აღწერილი ოფიციალური თბილისის პოზიცია კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტში არასაკმარისია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მშვიდობიან გზას ვუჭერთ მხარს. მათ ისიც უნდა ავუხსნათ, თუ რას წარმოადგენს ეს კონფლიქტები ისტორიულ ჭრილში. საჭიროა დაფინანსდეს შესაბამისი მასალების ბეჭდვა და მსოფლიო ბიბლოითეკებში გაგზავნა (დღეისთვის იქ მხოლოდ რუსული და რუსული აგენტურის მიერ გამოცემული მასალები მოიძებნება), რათა უფრო მეტ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს არა რუსულ და სეპარატისტულ პოზიციებს, არამედ ქართულსა და ა. შ. უნდა განვახორციელოთ ის არაპირდაპირი ქმედებები, რომელთა შედეგი შესაბამის ფონს შექმნის მომავალში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, როცა ამის საშუალება გაჩნდება.   გელა მამულაშვილი  

გაზიარება