QronikaPlus
წარუმატებელი ეკონომიკური პროექტი მთავრობისგან

წარუმატებელი ეკონომიკური პროექტი მთავრობისგან

2017-03-25 07:27:45

გალარების პროგრამა დასრულებულია. იგი 17 მარტს ზოგისთვის ცხადი და ზოგისთვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. ბევრს საუბრობდნენ მის დადებით მხარეებზე სამთავრებო წრეებში, თუმცა სხვა განწყობა ტრიალებდა ეკონომიკის ექსპერტებსა და საზოგადოებაში. საბოლოოდ, იგი უკვე დასრულდა და შედეგიც სტატისტიკურად აისახა. ლარიზაციის პროგრამაში მსესხებელთა, დაახლოებით, 17% (16,8%) ჩაერთო (ის პირები, რომელთაც სესხი დოლარში 2015 წლის 1-ლ იანვრამდე აიღეს), რეგისტრირებული 23 000 მოქალაქიდან კომერციულ ბანკს დოლარიდან სესხის ლარში გადატანის თხოვნით მხოლოდ 4543-მა მათგანმა მიმართა. ჯამურად, იმ საბანკო სესხების რაოდენობა, რაც 17 იანვრის შემდეგ გალარდა, 61 648 590 მილიონი დოლარია. ლარის გამყარების პიკი მარტის დასაწყისში იყო, როცა მან 2,42 თეთრი შეადგინა, სწორედ ამ დღეს, ე.ბ.-ს მონაცემით, 305-მა ადამიანმა 5 მლნ დოლარი გაალარა, როცა მანამდე სესხების გალარების მაჩვენებელი 1, 5 დოლარს არ აღემატებოდა. პროგრამის შეფასებისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ეს ერთჯერადი აქცია პროგრამაში ჩართულებს შემდგომი სავალუტო რყევებისგან დააზღვევს. შედეგი უკვე კარგიაო, _ გამოაცხადა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ოჯახს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროგრამაში. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საზოგადოებას სესხების გალარების პროგრამა, ჯერ კიდევ, გასულ წელს წარუდგინა, რომელიც 2015 წლის 1-ლ იანვრამდე კომერციული ბანკების მიერ აშშ დოლარით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირების სესხების გალარებას გულისხმობდა. იგი 2017 წლის 1-ლ იანვარს დაიწყო, ორი თვე გაგრძელდა და 17 მარტს დასრულდა. ახალმა პროგრამამ უამრავი კითხვის ნიშანი დაბადა თავიდანვე და, გარკვეულწილად, კორექტივები შევიდა იმ ადამიანების რაოდენობაშიც, რომელთაც ამ პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ. თავიდან დაანონსდა, რომ 34 000 მსესხებელს ჰქონდა უფლება, პროგრამაში ჩართულიყო, შემდეგ კი ეს ციფრი 7000-ით შემცირდა და 27 000 გახდა და პროგრამა იმ პირების დოლარში აღებული სესხების ნებაყოფლობით გალარებას გულისხმობდა, რომელთა სესხებიც უძრავი ქონებითაა უზრუნველყოფილი, ეს ყველაფერი კი ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმების საფუძველზე მოხდებოდა და იგი ერთჯერად სოციალურ პროექტს წარმოადგენდა. მთავრობამ უზრუნველყო შეღავათიანი კურსით სესხების გალარების ხარჯების სუბსიდირება. სესხების გალარება ნებაყოფლობით პროცესს წარმოადგენდა და თავად ბანკები იყვნენ ვალდებულნი, რომ ამ პროგრამის შესახებ ყველა მსესხებლისთვის ეცნობებინათ. კონვერტაციის სხვაობის დასაფარად მთავრობამ ბიუჯეტიდან 65 მილიონი გამოყო, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი ამ თანხიდან. მიღებული შედეგით, ამ სუბსიდირებით სარგებლობის უფლება მხოლოდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, 27 000 მოქალაქეს ჰქონდა და იმათგანაც მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ნდობა მხოლოდ 4543-მა ადამიანმა გამოუცხადა. დასრულებისთანავე დაიწყო საუბარი პროექტის წარუმატებლობასა და არამომგებიანობაზე. გაჩნდა კითხვები, თუ რატომ არის შემდეგი სავალუტო რყევებისგან დაზღვეული 4-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 4543 მოქალაქე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი პროექტი და ა. შ.   „ქრონიკა+“ გალარების პროგრამიდან მიღებული შედეგებით დაინტერესდა და შეფასებისთვის ექსპერტებს მიმართა.   აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი: _ აღნიშნული პროექტის წარუმატებლობა მის თავდაპირველ დაგეგმვას უკავშირდება. რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თავად პროექტი, ამას თვითონ მონაცემები ცხადყოფს და სტატისტიკა. ამგვარი შედეგი იმას ნიშნავს, რომ, ზოგადად, ნდობა ინსტიტუტებისა და, მათ შორის, სახელმწიფო ინსტიტუტების, მთავრობისა და ე. ბ.-ს მიმართ საქართველოს მოსახლეობას, პრაქტიკულად, არ გააჩნია. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ სტატისტიკაც ცხადყოფს წარმატების უარყოფითობას. _ ამ ინსტიტუტებისადმი ნდობის არქონა რამ გამოიწვია? _ ძალიან ბევრმა ფაქტორმა, ერთ-ერთი ფაქტორი არის, წარმოებული, განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკა. სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ადამიანების კვალიფიკაცია არცთუ ისე დამაიმედებელი და დამაჯერებელია. ამ სტრუქტურაში მომუშავე, მაღალი თანამდებობის მქონე პირებისგან ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია შეფასებები ეკონომიკასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, არ მართლდება და პირიქით, უკუშედეგს და უკუსიტუაციას ვიღებთ. თუნდაც ლარის კურსთან დაკავშირებით არის უამრავი მტკიცებულება. ყოველივე ეს არის ის, რამაც საზოგადოებას ამ სტრუქტურაში მომუშავე ადამიანების შესახებ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩინა და ადამიანებს არ აქვთ ნდობა. ეს ძალიან ცუდია. _ ამბობდნენ, რომ გალარების პროგრამამ ლარის კურის გამყარებაზეც იქონია გავლენა, თქვენ რას იტყვით? _ ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის წევრებს, რომლებიც აღნიშნულს აცხადებდნენ, საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, თუ რა ამყარებს, ან აუფასურებს ლარს, რა არის სწორი. იმ შემთხვევაშიც რომ ყველა ადამიანს გაელარებინა თანხები, მაინც არ  არსებობს პირდაპირი ბმა, რომ ამას ლარის გამყარება გამოეწვია. მით უფრო, რომ ძალიან ცოტა ადამიანმა გაამყარა, ძალიან ცოტამ ისარგებლა ამ კონკრეტული პროგრამით. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კვალიფიკაციაში პრობლემები აქვთ.   გიორგი კეპულაძე _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი: _ პროგრამა ერთჯერადი სოციალური აქციაა. მსგავსი შედეგი საზოგადოების უნდობლობამ გამოიწვია: სასურველი იყო, რომ უკეთესი შედეგები დაფიქსირებულიყო. რა თქმა უნდა, ოპტიმისტური მოლოდინები იყო ე.ბ.-სა და მთავრობის მხრიდან, რომ 30-50% მაინც იქნებოდა გალარების მსურველი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე ვერ მოხდა. გაცილებით ნაკლებმა გადაიტანა სესხი დოლარიდან ლარში. ყოველივე ეს, ძირითადად, განპირობებული იყო იმით, რომ არ არის  მთავრობისადმი ნდობა ეკონომიკურ პროექტებთან დაკავშირებით და მოსახლეობამ არ გადაწყვიტა, დოლარიდან ლარში გადაეტანა თანხა. ასევე პრობლემა იყო ის, რომ ერთგვარი ნეგატიური კამპანია წარმოებდა გალარების პროგრამასთან დაკავშირებით. მედიაში ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის მხრიდან  ჟღერდებოდა ის, რომ მთლიანობაში ეს გალარების პროგრამა არ იყო კარგი და მართებული. ამან, საბოლოო ჯამში, ის შედეგი მიგვაღებინა, რაც დღეს გვაქვს, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დოლარიდან ლარში გადატანა გადაწყვიტეს, კონკრეტულად იმ მომხმარებლებისთვის წარმატებული იყო, რადგან მათ მომავალში სავალუტო რისკისგან დაიზღვიეს თავი და, ერთგვარად,  ფინანსურად მოგებულებიც დარჩნენ. საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ეფექტი არც თავიდან იყო მოსალოდნელი, ზედმეტ მოლოდინს წარმოადგენდა ის, რომ პროგრამა რაიმე შედეგს მოგვცემდა, ეს იყო სოციალური აქცია, რომელმაც იმ იმ 4500 მომხმარებელს, ვინც სესხი დოლარიდან ლარში გადაიტანა, შედეგი მისცა. _ არ აღმოჩნდა პროექტი იმდენად ეფექტიანი, როგორსაც ელოდნენ? _ შესაძლოა, ვიღაცას რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა. ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე აცხადებდა, რომ ინდივიდუალური იყო ამ პროგრამის შეფასება. ანუ კონკრეტულად მომხმარებლებს უნდა დაეთვალათ თავიანთი სესხი, უნდა დაეთვალათ, ლარში გადატანის შემთხვევაში რამდენი მოუწევდათ ყოველთვიური შესატანი, შემდეგ, საბოლოო ჯამში, გადახდილი თანხა და  ამის მიხედვით ეფიქრათ, ღირდა თუ არა სესხების გალარება? მაგრამ ეკონომიკური ეფექტიანობა არც უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი. _ რა იყო სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი მეტი ეფექტიანობისა და წარმატებისთვის? _ მთავრობის მხრიდან თავიდანვე არასწორი კომუნიკაცია, ანუ სწორად არ იყო აღწერილი და გადმოცემული კომერციული ბანკების, ე.ბ.-ს, მთავრობის მხრიდან. უფრო უკეთ უნდა ყოფილიყო ახსნილი, რა პროგრამაა, რა სარგებელს მიიღებენ ადამიანები ამის შედეგად, ასევე ვალუტის მაღალი კურსი იყო ხელის შემშლელი. დავაკვირდით და, ვთქვათ, თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისამდე გამყარების ტენდენცია იყო, შემდეგ გაჩერდა, მომხმარებლები ელოდნენ, რომ უკეთესი კურსით გადაიტანდნენ დოლარიდან ლარში სესხს, თუმცა, საბოლოო ჯამში, ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა მთავრობა გარკვეულ სოციალურ პროგრამას იწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ენდობოდნენ ამ პროგრამას და ენდობოდნენ მთავრობის მიერ წამოწყებულ რეფორმებს, პროგრამებს და ა. შ. ფაქტია, ეს ნდობა დღეს ძალიან შემცირებულია, რაც პრობლემაა მთავრობისთვის. ვნახოთ, როგორ გაგრძელდება მოვლენები, რადგან მთავრობა ხომ მხოლოდ ამ ეკონომიკური პროგრამით არ ასრულებს, სხვა რეფორმები ექნებათ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას მათი ეკნომიკური მოქმედებების მიმართ ნდობა ჰქონდეს. _ ლარის კურსი იმის გამო გამყარდა, რომ გალარების პროგრამა რაიმე შუაში იყო? _ ჩვენი ორგანიზაცია თავიდანვე ამბობდა, რომ ეს ლარის კურსზე არც დადებითად და არც უარყოფითად არ აისახებოდა, რადგან იმ თანხის ოდენობა, მთლიანობაში, სულ რომ გალარებულიყო, მაინც არ იყო ისეთი, რომ გრძელვადიან პერიოდში ლარის კურსზე გავლენას მოეხდინა. მესმის, რომ ის 4500 ადამიანი, რომელმაც სესხი ლარში გადაიტანა, არ წავა და დოლარს აღარ შეიძენს, რაც, ერთგვარად, შეამცირებს ყოველთვიურ ზეწოლას ლარის კურსზე და ლარზე, მაგრამ ეს რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ ამას განსაკუთრებული ეფექტი როგორც გამყარების, ისე გაუფასურების კუთხით არ ექნება და არც თავიდან ველოდით. ლარის კურსისა და ეკონომიკის გამოსწორებისთვის და მომჯობინებისთვის საჭიროა უფრო რადიკალური რეფორმები და სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ვიდრე ერთი გალარების სოციალური აქცია.   პაატა შეშელიძე _ ეკონომიკის ექსპერტი, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ დირექტორი: _ პროექტის წარუმატებლობა რამდენიმე ფაქტორის ბრალია: პირველი _ მხოლოდ 27 ათას ადამიანს მისცეს გალარების შანსი, ეს ნიშავს იმას, რომ შემოთავაზება არაგონივრული იყო; მეორე _ წამოწყება იყო ისეთი, რომ უზარმაზარი შეცდომები დაუშვეს! უნდოდათ, ვიღაცის ჯიბით კომპენსაცია გაეკეთებინათ; მესამე _ თუ ასეთი კომპენსაციის რესურსი არსებობდა, რატომ არავინ გამოიყენა ლარის დასასტაბილურებლად? შესაბამისად, ეს იქნებოდა ხეხლშესახები ყველასთვის და არა რაღაც გარკვეული ჯგუფისთვის; მეოთხე _ ვიხილეთ შედეგი, რომ  დამატებითი შემოსავალი ვინც მიიღო, იყვნენ ბანკები, რომლებსაც პოტენციურად ეყოლებოდათ გადახდის უუნარო კლიენტი და მათ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს მათ მიერ რისკით გაცემული სესხები. ე. ი. მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს ცალკეული პირების არასწორი გადაწყვეტილებების დასაზღვევად ფლანგავს და, ამ დროს, არ აღიარებს საკუთარ შეცდომებს. არ აღიარებს იმას, რომ თვითონ იყო ინიციატორი იმ არასწორი პოლიტიკისა, რამაც ლარის დევალვაცია გამოიწვია. უფრო დეტალურად რომ ვთქვა, პროექტი არასწორი იყო თავიდანვე იმიტომ, რომ თავისივე შეცდომებს არ აღიარებდა და  ცდილობდა, რომ ვიღაცას, რაღაც ნაწილს მაინც, დახმარებოდა თავისივე შეცდომის გამოსასწორებლად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფული აღებული იყო ბიუჯეტიდან, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვიდან, მაშინ კითხვა ისმის, _ თუ ეს ფული ფიზიკურად არსებობდა, რატომ არ იყო გამოყენებული ლარის სტაბილიზაციისთვის და რატომ მოხმარდა იგი რაღაც გარკვეული ერთი ჯგუფის მდგომარეობის გაუმჯობესებას? ვიმეორებ: თუ თანხა არსებობდა, გამოყენებულიყო ლარის გასამყარებლად, არადა, იმ ფულით სხვა ადამიანებს დაეხმარნენ. ისმის კითხვა: ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც დაეხმარნენ? ისინი უნდა გამოაშკარავდნენ! რა თანხები მიიღეს და რატომ, რომელი ბანკის კლიენტები იყვნენ და რომელი ბანკები გასცემენ ასე არაპროფესიონალურად სესხებს?! ეს არის მთავარი საკითხი.   სოსო არჩვაძე _ ეკონომიკის ექსპერტი: _ იყო პოპულარიზაციის სიმწირე და მთავრობის მხრიდან ინფორმაციის არასწორად მიწოდება. პროექტი, გარკვეულწილად, ჩავარდა. აქ ისევ გამოიკვეთა მთავრობის მიმართ უნდობლობა, რაც  პროგრამის ეფექტიანობაზეც აისახა: პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობაც შედარებით მცირე იყო. რამდენად იმედიანად უყურებენ იურიდიული და ფიზიკური პირები ეკონომიკის მდგომარეობას და მის პერსპექტივებს, აი, ეს არის მთავარი ალფა და ომეგა იმისთვის, რომ ბიზნესმა და მოსახლეობამ  მეტი ყურადღება ლარს მიანიჭოს. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს აქვთ დოლარიზაციის პრობლემა. მაგალითად, თურქეთს, სადაც მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა, დოლარიზაციის დონე ძალიან მაღალია. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ  იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს, აქ წარმოებული პროდუქტი უნდა გამოირჩეოდეს ხარისხით საერთაშორისო ბარზარზე. უფრო ამტანი უნდა იყოს და გამოყენების პროცესში ნაკლებ სირთულეს უქმნიდეს მომხმარებელს. აი, ამ სამი კომპონენტის თანხვედრის შემთხვევაში ქართული ეკონომიკა და მის საფუძველზე აღმოცენებული ქართული ვალუტა იქნება ყურადღების ცენტრში და მეტ მოწონებასაც დაიმსახურებს. მთავრობის სურვილები და გადაწყვეტილებები კი ვალუტაზე არ ვრცელდება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ვალუტის გამყარება კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია როგორც შიდა ისე გარე ფაქტორებზე. ვალუტის ბედი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, იმაზე, თუ როგორია ფისკალური პოლიტიკა, ზოგადად, ადმინისტრირება, თამაშის წესები როგორ, არის თუ არა წახალისება ბიზნესისთვის, რეგიონებისთვის თუ კეთდება რამე შეღავათი და ა. შ. გასათვალისწინებელია, თუ როგორია ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებები. რაც შეეხება გალარების პროგრამას, უშუალოდ კონკრეტულ ინდივიდზე იყო მორგებული და მას კურსზე გავლენა ვერც ექნებოდა. მთავრობისა და ეროვნული ბანკის რეალური პოტენციალის მქონე პროექტმა საზოგადოების 17%-იანი გამოხმაურება მოიპოვა. ფაქტობრივად, იგი ჩავარდა, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს ეკონომიკური გუნდი, ეროვნული ბანკი და რამდენად გაიზრდება სანდოობა მათ მიმართ.   ნინო ტაბაღუა  

გაზიარება