QronikaPlus
მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც საკუთარი თავი მეფუტკრეობაში აღმოაჩინა

მათემატიკის მასწავლებელი, რომელმაც საკუთარი თავი მეფუტკრეობაში აღმოაჩინა

2017-03-25 07:09:10

კისისხევში მცხოვრები ქალბატონი ყოველდღე ფუტკარს უვლის და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა თაფლს ამზადებს. მათემატიკის მასწავლებელი ფუტკარზე და მასთან დაკავშირებულ სპეციფიკაზე წლებია, მუშაობს. „წლის ქალად“ დასახელებული ლალი სუხიტაშვილი დღეს „ქრონიკა+“-ის პერსონას წარმოადგენს. _ მომიყევით ცოტაოდენი თქვენზე, რომ მკითხველმა უკეთ გაგიცნოთ. _ მე ვარ ლალი სუხიტაშვილი, 43 წლის. დავიბადე თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში. დავამთავრე თელავის მეორე საშუალო სკოლა და შემდეგ თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკა-ინფორმატიკის სპეციალობით. ოჯახი შევქმენი 20 წლის ასაკში და ვცხოვრობ თელავის რაიონის სოფელ კისისხევში. მყავს მეუღლე და სამი შვილი. ჩემი საქმიანობა იყოფა ორ ნაწილად: 18 წელია, ვარ მათემატიკის რეპეტიტორ-მასწავლებელი და 8 წელია, მეფუტკრეობას დავეუფლე. _ რატომ დაინტერესდით მეფუტკრეობით? _ დედამთილის საქმიანობა რომ გამეგრძელებინა. _ რას გულისხმობთ? უფრო დეტალურად მომიყევით, რით დაიწყეთ ამ გზაზე სიარული და რა სირთულეები შეგხვდათ? _ 17-18 წლის წინათ ჩემს დედამთილს ერთი ჩარჩო ფუტკარი აჩუქეს, რომელიც ოჯახად იქცა. ჩემი დედამთილი დიდი მონდომებით და მზრუნველობით უვლიდა, მეორე წელს განაყარიც კი მოგვცა. განაყრების რაოდენობა ყოველ წელს იზრდებოდა, ხან მსხლის ხიდან ჩამოვხსენი, ხან _ ქლიავის ხიდან (მოხუცი ქალი ხეზე ხომ ვერ ავიდოდა). ყოველთვის ვცდილობდით, სათადარიგო სკა გვქონოდა და იზრდებოდა საოჯახო საფუტკრე... მაგრამ იყო ერთი მნიშვნელოვანი გარემოება! _ ჩემი დედამთილი თაფლს სკიდან არ იღებდა, გვეუბნებოდა, თვითონ სჭირდებათო. 5-6 წლის შემდეგ ვნახეთ, რომ ეზოში არსებული 9 სკიდან მხოლოდ 5-მა სკამ გაუძლო ზამთარს, რაზედაც დედამთილს გული დასწყდა და  მოტივაცია დაეკარგა, _ ალბათ, მოვხუცდი და სათანადოდ ვერ ვუვლი, გავყიდოთ და ფული სხვა რამეში გამოვიყენოთო. სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე ჩავდგომოდი ამ საქმეს და გამეგრძელებინა. შევიძინე ქალბატონ ვენერა სტეფანიშვილის წიგნი „მეფუტკრეობა“ და თეორიული სწავლა დავიწყე, პრაქტიკულად ჩემი დედამთილი მედგა გვერდით და მასწავლიდა, როგორ ამეწყო ჩარჩო, როგორ გამეჭიმა მავთული და როგორ ჩამეკრა ფიჭა იმისათვის, რომ ფუტკრებს მასზე ჯანსაღი უჯრედები ამოეშენებინათ, რომელიც ფუტკრის ბარტყის აკვანი უნდა ყოფილიყო და მასში ფუტკართა თაობები გამოზრდილიყო. ჩემს ნათლიას ფუტკარი ჰყავდა და მასთან ვრეკავდი რჩევის საკითხად. ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის პაპა მეფუტკრე იყო და როცა გაიგო, ამ საქმით ვიყავი დაინტერესებული, წიგნი გამომიგზავნა, გამოგადგებაო. იმ წელს 5 კგ თაფლი იყო ჩემი პირველი მოსავალი, სკებიდან მეტის ამოღება ვერ გავბედე. ბავშვებიც გავახარე და მეზობლებსაც თითო ლამბაქი მივაწოდე. მომდევნო წელს მოსავალმა 15 კგ შეადგინა; შემდეგ წელს _ 60კგ. ნაწილი გავაჩუქე და ნახევარი გავყიდე. 2012 წელს სამმა ოჯახმა ვერ გამოიზამთრა. ძალიან დამწყდა გული და ფუტკრის ბიოლოგიისა და დაავადებების შესწავლა დავიწყე. წინა სამი წლის განმავლობაში არ ვიცოდი, რა ასაკის იყო დედა ფუტკარი, რა პერიოდში უნდა მომეხდინა მისი სტიმულირება, რომ მეტი კვერცხი დაედო და ფუტკრის რაოდენობა ოჯახში გაზრდილიყო.  დავიწყე დაკვირვება, რომელი მცენარე როდის ყვაოდა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ყვავილობა და ა. შ. სწორედ მაშინ დამიკავშირდნენ ჭორლდ ვისიონ GEORGIA-ს ოფისიდან კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამა „ბავშვთა კეთილდღეობისათვის ფარგლებში“ მიმდინარე პროექტში „მეფუტკრეობა“ მონაწილეობის მისაღებად. გავიარეთ ოთხდღიანი ბიზნესგეგმის წერის ტრენინგი და ჩემი საფუტკრის განვითარებისთვის ბიზნესგეგმა დავწერე. 400-ლარიანი გრანტით დამაფინანსეს, რაც მოიცავდა: 2 ცარიელ სკას, საკუჭნაოსა და ჩარჩოების კომპლექტს, კომბინეზონს, საბოლებელს, ასტამს, ფიჭის ჩასაკრავ დეზს, ჩარჩოების მავთულსა და ფიჭებს ფუტკრის ოჯახებითვის; ასევე გადმომცეს თაფლოვანი ხემცენარე პავლოვნიას 8 ნერგი. 2012 წლის 19 ივლისის სტიქიამ 1,5-მეტრიანი ნორჩი ხეები მიწის პირას გაანადგურა. „მეფუტკრეობის“ პროექტის ფარგლებში 2012 წლის ივნისში მოეწყო გამოფენა „რჩეული პროდუქტი რჩეულ მარანში“. რადგან მე თაფლი არ მქონდა, ვიფიქრე, ჩემს მაგიდას სანთლებით გავალამაზებ-მეთქი. დედისგან ნასწავლი მქონდა საეკლესიო სანთლის ხელით ჩამოქნა. გავამზადე და 10-10-ად შევკარი ლამაზი ბაბთით. შევიძინე კექსის სილიკონის ფორმები და ჩამოვასხი სანთელი, გავუკეთე ნართის ძაფი, ჩავდე წყლიან ჭიქაში და ავანთე. ჩემი ნახელავით მე თვითონ ვიყავი აღფრთოვანებული. ასეთი ინოვაციით წარვდექი გამოფენაზე, ჩემ გვერდით მეფუტკრეები თავს იწონებდნენ სხვადასხვა არომატისა და ფიჭიანი თაფლით. ჩემს მაგიდაზე სანთელი კიაფობდა. რომელიც დამთვალიერებლებში მოწონებას იმსახურებდა. გულში სიამაყის გრძნობა მეუფლებოდა. _ რა სპეციფიკა აქვს თაფლის „თქვენებურად“ დამზადებას? _ ფუტკრის დაავადებებთან და მავნებლებთან ბრძოლისას საგაზაფხულო და საშემოდგომო დამუშავებისას ანტიბიოტიკებს არ ვიყენებ. თაფლს „ჩემებურად“ კი არ ვამზადებ, არამედ ჩემი ფუტკრები ეკოლოგიურ გარემოში მოიპოვებენ ყვავილის ნექტარს, გადაამუშავებენ და ისეთი არომატის თაფლს მაძლევენ, რომელიც ასეთი მოწონებით სარგებლობს ბაზარზე. _ თაფლის გარდა რა პროდუქციას ამზადებთ და სად გაგაქვთ სარეალიზაციოდ ყველა პროდუქტი? _ ფუტკარი 8 პროდუქტს გვაძლევს, ესენია: თაფლი, დინდგელი, ცვილი, ყვავილის მტვერი, ჭეო, სადედე რძე, სამამლე ჰომოგენატი და შხამი. ამ პროდუქტებიდან მხოლოდ ორს ვერ ვაწარმოებ: შხამს _ რომლის ამოღებაზე არც კი ვფიქრობ და სადედე რძეს, რომლის მიღებასაც წელს ვაპირებ. დანარჩენი 6 პროდუქტი ათვისებული მაქვს და ვყიდი. თაფლს ვყიდი ქილებში დაფასოებულს, ფიჭის ნაჭრეებთან ერთად, ასევე ვამზადებ უგემრიელეს ნუგბარს _ თაფლში ჩალაგებული მაქვს სხვადასხვა ჩირეული და თხილეული. ცვილისგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ვამზადებ დეკორატიულ სანთლებს. დინდგელის რეალიზაციას ვახდენ მოპოვებული სახით, რომელსაც გასანთლულ კალკის ქაღალდში ვფუთავ, ასევე ვიღებ დინდგელის სპირტხსნარ „დისპს“, რომელიც გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ. რაც შეეხება ყვავილის მტვერსა და ჭეოს, მცირე რაოდენობით ვიღებ, რომელსაც ხალხური ტრადიციული რეცეპტებით ვიყენებ ოჯახის წევრებისთვის. 2016 წელს შევისწავლე სამამლე ჰომოგენატის მოპოვებისა და შენახვის ტექნოლოგია. დავამზადე საკვები დანამატები, რომელსაც მთელი ოჯახი ვიღებთ. ამ 4 წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე ათეულობით გაყიდვა-გამოფენაში, მათ შორის, ყოველწლიურად თელავში გამართულ „ერეკლეობის“ ღონისძიებაზე; წნორში გამართულ ფესტივალებზე „ქიზიყური შემოდგომა“ და „ქიზიყური გაზაფხული“; სიღნაღში გამართულ ფესტივალ „სიღნაღობაზე“; თბილისში „კავკასიურ სახლში“ იმართება როგორც „საშობაო-სააახალწლო“, ასევე „საგაზაფხულო“ ფესტივალები. 2015-2016 წლებში ვმონაწილეობდი „ფერმერ ქალთა ასოციაციის“ მიერ „სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღისადმი“ მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვებში; 2015 წელს _ მეფუტკრეთა გილდიის მიერ მოწყობილ საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე; 2016 წლის აგვისტოში მონაწილეობა მივიღე ბათუმისა და გონიოს „თაფლის ფესტივალში“; 2016 წლის 17 დეკემბერს „კახეთის მეფუტკრეთა ასოციაციამ“ „ტკბილი ფესტივალი“ მოვაწყვეთ, რომელიც ტრადიციულად გაგრძელდება. _ კოოპერატივი როდის ჩამოაყალიბეთ, ახლა რამდენი წევრი გყავთ და როგორ მიდის ბიზნესის საქმე? _ 2016 წლის ივნისში „კავკასიურ სახლში“ გამართულ ფესტივალზე სათემო განვითარების ცენტრის წარმომადგენელმა გადმომცა ბუკლეტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სათემო განვითარების ცენტრის ერთობლივი პროექტი ითვალისწინებდა საგრანტო კონკურსს კოოპერატივების შექმნის კუთხით. შევავსეთ განაცხადი და შესაბამისი ტრენინგ-კურსები გავიარეთ, შევიმუშავეთ ბიზნეს-გეგმა, რომელიც დაგვიფინანსდა. ამის შემდეგ 8 მეფუტკრემ კოოპერატივი „თაფლიანი“ დავაფუძნეთ. დამფუძნებლებთა შორის 7 ქალბატონი ვართ და მხოლოდ ერთი მამაკაცია. კოოპერატივი ითვალისწინებს მეპაიეთა მომსახურებრივი კოოპერირების პრინციპების მიხედვით ძირითადი საშუალებებით სარგებობას. გრანტის თანხამ შეადგინა 13000 ლარი, რომლითაც შევიძინეთ თაფლის ელექტროსაწური, სავსე ფიჭების ელექტრო ასათლელი დაზგა თავისი ვარცლით, ცვილის სადნობი ორთქლზე, ფიჭების საბეჭდი ვალცი, კანდის მოსაზელი დანადგარი და ხის დასამუშავებელი დანადგარი. გარდა ამ თანხისა პროექტის ფარგლებში 4 თვის განმავლობაში გვერიცხებოდა 1700 ლარის ოდენობის თანხა, რომლითაც შევიძინეთ მასალა-ნედლეული ცვილი-ფიჭების დასაბეჭდად და ხემასალა სკების ასაწყობად. ასევე დავამზადებინეთ სარეკლამო ბანერი, ეტიკეტი და სავიზიტოები თითოეული მეპაიესთვის, რაც გაგვიადვილებს მომხმარებელთან ურთიერთობას. ამ ეტაპზე კოოპერატივი არ ისახავს მიზნად ბიზნესის წარმოებას, რადგან კოოპერატივი მზად არ არის ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის გაერთიანებისა და რეალიზაციისთვის. ჯერ ჩვენი საფუტკრეების გაზრდაზე ვიმუშავებთ, რათა მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ადგილობრივი ბაზარი დავაკმაყოფილოთ. _ მომიყევით „წლის ქალის“ წოდების შესახებ. ვინ, როდის და რატომ დაგასახელათ „წლის ქალად“? _ „წლის ქალის“ დაჯილდოების ცერემონია ჩატარდა 2017 წლის 8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“, თელავის გენდერის მედიაცენტრისა და გაზეთ „კახეთის ხმის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერები არიან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (IFES). „წლის ქალი“ თელავში უკვე მესამე წელია, აღინიშნება და ხელს უწყობს ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივობის გაზრდას რეგიონულ დონეზე. ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, ღონისძიებაზე მიწვეული ვიყავი ისევე, როგორც წინა წელს. როდესაც ქალბატონმა მაია მამულაშვილმა აქცენტი გააკეთა სოფლის მეურნეობაზე და გააჟღერა, რომ ეს ტიტული ეკუთვნის ფუტკარივით მოფუსფუსე ქალბატონსო, მთელი სხეული გამოუცნობი და გამოუცდელი ემოციების ჯაჭვმა მოიცვა. როდესაც ჩემი სახელი და გვარი დასახელდა, ვიგრძენი, ძარღვებში სისხლი ხან ჩქეფდა, ხან მეყინებოდა, სუნთქვა შემეკრა. სკამიდან ვერ ვდგებოდი, როცა ავდექი, ნაბიჯს ვერ ვდგამდი და როცა გადავდგი, ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვსუნთქავდი, ჟანგბადი არ მყოფნიდა. არ ვიცი, კიდევ როგორ გამოვხატო ის ემოცია. _ ლალი, ძირითადად, რას აკეთებთ ხოლმე ყველაზე დიდი სიამოვნებით? _ უკვე 20 წელია, ბავშვებთან ვმუშაობ. ვასწავლი მათემატიკას და ზოგად უნარებს. სანამ მეფუტკრეობას ასე მოვკიდებდი ხელს, დღეში 9-10 გაკვეთილის ჩატარება მიწევდა. დამიჯერეთ, ერთი და იგივე ხალისით ვატარებდი როგორც პირველ, ასევე მეათე გაკვეთილს. რაც სანთელთან დავიწყე მუშაობა და ჩემი შემოქმედებითი ნიჭი გამოვავლინე, აღმოვაჩინე, რომ სანთელთან ურთიერთობა, ერთგვარი, თერაპიაცაა. _ ვისთვის, ან რისთვის არ გენანებათ რაიმე? _ არ მენანება ჩემი ცოდნის გაცემა, არ მენანება თანხები, რომელსაც ისეთი ნივთის შესაძენად გავიღებ, რომელსაც ფუტკრის ელემენტები აქვს, ჯიბეში 7 ლარი მდებია და 5 ლარი ყულაბაში მიმიცია იმიტომ, რომ ფუტკრის ფორმა ჰქონდა. დაუნანებლად ვყიდულობ ჭურჭელს, საოჯახო ნივთსა და სამკაულებს, თუ მას ფუტკრის ელემენტები აქვს. _ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებთ ყველაზე მეტად? _ პიროვნულობა და ფასეულობები, რომლებიც ჯანსაღ ურთიერთობას ემყარება. _ გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ? _ სკოლაში უცხო ენები არ მხიბლავდა და რადგან ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი, ენებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ამას ძალიან ვნანობ. _ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? _ მაღიზიანებს სიტყვა „არ შემიძლია“; მაღიზიანებს ყავაზე შეკრებილი დაუსაქმებელი ოჯახის ქალების წუწუნი, _ უმაღლესი დავამთავრეთ, მაგრამ სამსახურს ვერ ვშოულობთო. _ რისთვის არ გენანებათ დრო? _ არ მენანება დრო, რომელსაც ჩემს საქმიანობას ვახმარ. თავისუფალი დრო, თითქმის, არ მაქვს, ნეტავ, დღე-ღამეში 28 საათი იყოს და კვირაში _ 11 დღე. _ მაქსიმალისტი ხართ? _ ვერ გეტყვით, რომ მაქსიმალისტი ვარ, თუმცა ბევრს ვითხოვ საკუთარი თავისგან. მიყვარს, როდესაც ჩემს შესაძლებლობებში ვრწმუნდები: თუ რაღაც ისე ვერ გამომივიდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, ხელს არ ჩავიქნევ, მოტივაცია უფრო მემატება. მინდა, პირველი თუ არა, მოწინავეთა შორის მაინც ვიყო. _ რას გაძლევთ ყოველი ახალი გათენებული დღე? _ ყოველი ახალი დღე, რაც უნდა ცოტა მეძინოს, იწყება დროის გადანაწილებით. ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ უფალი ინებებს და ყველა დასახული დღის გეგმის შესრულებას შევძლებ, რაც მეტს შევასრულებ, ნაკლები გადამყვება მეორე დღისთვის. _ რაზე ოცნებობთ? _ ისეთი მეოცნებე არ ვარ, რომ შეუძლებელი ვიოცნებო, ამიტომ ოცნება მიზნის დასახვის დონეზე მაქვს აღქმული და დროს და ენერგიას არ ვიშურებ მიზნის მისაღწევად. თუმცა ახლა დავფიქრდი, რა სიამოვნებით ვიმოგზაურებდი, თუნდაც, ეგვიპტეში. _ ვინ არის მისაბაძი მაგალითი თქვენთვის და რატომ? _ გაგეცინებათ და ფუტკრები, ისინი ისეთი მოწესრიგებულები არიან, ისე აქვთ გადანაწილებული დრო და მოვალეობები, რომ შეგშურდებათ... ბევრი რამ გვაქვს ფუტკრებისგან სასწავლი. _ დღეს რა პრობლემას ხედავთ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ და, ზოგადად, საქართველოში? _ მეფუტკრეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის წამყვან დარგად უნდა ვაქციოთ, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს გეოგრაფიული და ეკოლოგიური მდგომარეობა მაღალი ხარისხის თაფლის წარმოების საშუალებას გვაძლევს, რომელიც ნიშას დაიმკვიდრებს ევროპის ბაზარზე, თაფლი „თხევად ოქროდ“ უნდა ვაქციოთ. დღეს დგას საკითხი, რომ სახელმწიფო თხილის მავნებლებზე შეწამვლას აპირებს, რაც ფუტკრისთვის სახიფათოა. ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებელია გაითვალისწინონ ფუტკრის საფრთხეები, მით უფრო, რომ სახელმწიფომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის გატანის ვალდებულება აიღო. ამ გარემოებამ მეფუტკრეობა არ უნდა შეაფერხოს. _ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება? _ გამოიყენონ მხოლოდ ბიოლოგიურად სუფთა პრეპარატები, რომელიც ეფექტიანად იმოქმედებს თხილის მავნებლებზე და ფუტკარსაც არ დააზიანებს. _ როდის ისვენებთ ხოლმე და როგორ? _ დასვენებით ვერ ვანებივრებ ჩემს თავს. ბიოლოგიურად ვისვენებ ღამის ძილით _ 6-7 საათი. _ ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად? _ განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მამასთან, ის უკვე 9 წელია, აღარ არის და ხშირად მენატრება. ასევე მენატრებიან ბავშვობის მეგობრები და ნათესავები, რომლებსაც გარკვეული წლებია, ვეღარ ვხვდები. სოციალურ ქსელში მათი მეგობრობა ვერ მივსებს დანაკლისს. _ რა არის თქვენთვის ის საქმე, რასაც აკეთებთ? _ ჩემი საქმე ჩემი ცხოვრებაა, ჩემი მომავალია, შვილებივით ნალოლიავები და გამოზრდილი მაქვს. _ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა? _ ვფიქრობ, ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ცხოვრება კიდევ წინაა და დრო მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, გავძლიერდე და შევქმნა უფრო მეტი, რაც მეტ შემოსავალს მომიტანს. _ საკუთარი თავი ნაპოვნი გაქვთ? _ რა თქმა უნდა, მე ვიცი, საიდან მოვდივარ, სად ვარ და სადამდე მინდა მივიდე. თუმცა შეიძლება, კიდევ ბევრი შესაძლებლობა აღმოვაჩინო ჩემს თავში და ვეცდები, სწორი მიმართულებით გამოვიყენო. _ მიგაჩნიათ, რომ რაიმე მისია გაქვთ ცხოვრებაში? _ ერთი მისია უკვე შევასრულე, _ მე ვარ ქართველი ქალი, რომელმაც სამშობლოს აჩუქა ორი ვაჟკაცი და ერთი ქალიშვილი. ზოდიაქოთი მერწყული ვარ და ამით ვხსნი ჩემს ხასიათსა და ბევრ თვისებას, ძალიან მიყვარს სიკეთის გაკეთება, არა იმიტომ, რომ „ქვაზე დავდო და დაველოდო, როდის დამხვდება წინ“, არა, სიკეთის გაკეთების პროცესში ძალიან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ალბათ, ეს არის ჩემი მისიაც „წყალი დავალევინო ყველა მწყურვალს“. _ რა არის ის, რისთვისაც იბრძვით? _ ჩემი შვილების მომავლისთვის, მათ ისეთი განათლება მივცე, რომ საშუალება ჰქონდეთ, თავისუფლად აირჩიონ ცხოვრების სწორი გზა. _ რა არის ცხოვრების აზრი თქვენთვის? _ ფუტკარი ერთადერთი არსებაა, რომელიც თავისი ცხოვრების წესით მხოლოდ დოვლათს ქმნის, თან ისე, რომ თავის გზაზე მხოლოდ სიკეთეს აკეთებს, არაფერს ანადგურებს და აზიანებს. მეც მინდა, ფუტკარივით ვიცხოვრო. _ რომ არა ლალი სუხიტაშვილი, ვინ იქნებოდით? _ ლალი სუხიტაშვილი _ გვარი და სახელი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, პიროვნულად ვიქნებოდი ის, ვინც ვარ, ქალი, დედა, მეუღლე, მასწავლებელი, მეგობარი, მეფუტკრე... რადგან მარტო სახელი და გვარი არაფერია, თუ პიროვნება არ ხარ და ფასეულობები არ გაგაჩნია. _ სამომავლო გეგმები? _ გავზარდო ჩემი საფუტკრე მეურნეობა და ვაქციო წარმატებულ ბიზნესად. _ რა გაძლევთ ხვალინდელი დღის იმედს და სტიმულს? _ გუშინდელი დღე, რომელიც ჩემთვის გამოცდილების სახით აღიბეჭდა გონებაში, ასევე დღევანდელი დღე, რომელიც გუშინდელს აგრძელებს და საწინდარია ხვალინდელი დღის. სტიმულს მაძლევენ ჩემ გარშემო მყოფი კეთილი ადამიანები, რომლებიც მენდობიან, მოსწონთ ჩემი საქმიანობა და სჯერათ, რომ რასაც ვაკეთებ, გულით ვაკეთებ და ჩემში ბოროტება არ იმალება. _ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის? _ იყავით აქტიურები, გიხაროდეთ ყოველი გათენებული დღის. დაისახეთ მიზნები და ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მიზნამდე მიგაახლოვებთ. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღებისას, თორემ შეიძლება, ნაბიჯის უკან გადადგმაც მოგიწიოთ და მიზნამდე მისასვლელ გზას დაშორდეთ. თქვენ მიერ განვლილი ცხოვრების გზა ყოველთვის ყოფილიყოს ხიდი წარსულსა და მომავალს შორის. არ დაივიწყოთ ტრადიციები და ისწრაფოდეთ ინოვაციისკენ. გახსოვდეთ, თქვენში დევს ის შესაძლებლობები, რომლებსაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. ლალი სტიმულია იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც დიასახლისობენ და ბევრად მეტი შეუძლიათ!   ნინო ტაბაღუა    

გაზიარება