12 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ მომენტისთვის არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის. ქართული მხარე, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გამართულ არჩევნებს არ აღიარებს.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 2017 წლის 12 მარტს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, 35 საარჩევნო ოლქიდან, გამარჯვებული კანდიდატები მხოლოდ 12 ოლქში გამოვლინდნენ. დანარჩენ 22 ოლქში მეორე ტური გაიმართება, ერთ ოლქში კი განმეორებითი არჩევნები. მეორე ტური 2017 წლის 26 მარტს გაიმართება. წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, რომელიც უკვე დეპუტატის სახით დაბრუნდება აფხაზეთში. ანქვაბი გუდაუთის საარჩევნო ოლქის კანდიდატებს შორის იყო. მისი კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. ანქვაბმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი 2014 წლის ზაფხულის აქციების შემდეგ დატოვა და მოსკოვში გაემგზავრა, აფხაზეთში კი 2017 წლის 12 მარტის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 12 თებერვალს დაბრუნდა.
12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულთა შორის არიან, ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუა და ამჟამინდელი დეპუტატი, ალმას ჯაპუა. დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში გამარჯვებულთა შორის არ არის ლეონიდ ლაკერბაია, დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ მინისტრი, თუმცა, ამ დრომდე, მის გამარჯვებაზე საუბრობდნენ. მეორე ტურში მონაწილეთა შორის არიან აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკის თანათავმჯდომარე ასლან ბჟანია და ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა. არჩევნებში დამარცხებულთა რიგებში კი მოხვდნენ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარე სერგეი შამბა, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა და პარლამენტის თავმჯდომარე ვალერი ბგანბა.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომიტეტში აცხადებენ, არჩევნებს სხვადასხვა ქვეყნიდან (რუსეთი, მთიანი-ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები) და ორგანიზაციიდან 39 მონიტორი დააკვირდა. რუსეთის ფედერაციიდან წარმოდგენილი დამკვირვებლების დელეგაციას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და ევრაზიული ინტეგრაციის საკითხებში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, კონსტანტინ ზატულინი ხელმძღვანელობდა.
არჩევნები აფხაზეთში, როგორც ოფიციალური წყაროები და რუსი დამკვირვებლები იუწყებიან, მშვიდ გარემოში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩატარდა. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციიდან სადამკვირვებლო მისიით აფხაზეთში ჩასულმა კონსტანტინ ზატულინმა აფხაზეთის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით უკმაყოფილება მაინც გამოხატა: „აფხაზეთის საარჩევნო სისტემის პატივისცემის მიუხედავად, სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც 2 აპრილს გაიმართება, პირველად იქნება გათვალისწინებული კვოტები ეროვნული უმცირესობების კანდიდატებისთვის. სომხეთში 99% სომეხი ცხოვრობს და ამის მიუხედავად, პარლამენტში ეროვნული უმცირესობისთვის 4 ადგილი გამოიყოფა. მითხარით, რა არის იმის მიზეზი, რომ 100-ზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ ერთია რუსული გვარით?“ _ განაცხადა ზატულინმა.
ამ კონტექსტში მან, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის შესყიდვის საკითხში შეზღუდვებზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია ის შიში, რომელიც აფხაზებს აქვთ. „ეს, პირველ რიგში, აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვას უშლის ხელს. მესმის, პოსტკონფლიქტური სინდრომი არსებობს, რომ თუ ეს საკითხი გადაწყდება, მთელი რუსეთის მოსახლეობა აფხაზეთში ჩამოვა, მაგრამ როგორ ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირის დროს? ეს არ მომხდარა და არც მოხდება“. აქვე რუსეთის დუმის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები აფხაზეთის ახალ პარლამენტთან თანამშრომლობით დაინტერესებული არიან და რომ „რუსეთის ბიუჯეტის განხილვისას მხარს უჭერენ აფხაზეთისა და ოსეთისთვის ფინანსური დახმარების საკითხს“.
აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა („აინარი“, „ამცახარა“, „აფხაზეთის სახალხო ფრონტი“ და „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“) წარადგინეს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის 2017 წლის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობით გალის რაიონი (71,1%) ლიდერობდა. კენჭისყრაში მონაწილეობა 429-მა ამომრჩეველმა მიიღო (გალის რაიონის მცხოვრებთა პასპორტები უკანონოდ არის ცნობილი, შესაბამისად, ისინი არჩევნებში ვერ მონაწილეობდნენ). აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად რუსეთის ფედერაცია და ის რამდენიმე ქვეყანა მიიჩნევს, რომელთაც აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო აღიარეს.
ე. წ. საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 15,5 რუბლი (დაახლოებით, 263 ათასი აშშ დოლარი) გამოიყო.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 12 მარტს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, „ჯეროვნად შეაფასოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე. წ. საპარლამენტო არჩევნები და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს“.
რა შედეგებს მოიტანს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის არჩევნები საქართველოსთან მიმართებით? ქართული მხარის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების არაღიარების მიუხედავად, საჭირო იყო თუ არა უფრო მკვეთრი განცხადებები გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებას?
მალხაზ პატარაია _ „აფხაზთა კრების“ ლიდერი:
_ როგორც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში აცხადებენ, ეს არის საპარლამენტო არჩევნები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ არჩევნებზე გალში მცხოვრები მოსახლეობა აქტიურობდა და 70%-ს გადააჭარბა, რადგან დანარჩენი გალელები მათ სათვალავში არ ჰყავთ. ზოგადად, ამ ე. წ. არჩევნებს არ შეუძლია რაიმე შეცვალოს პოლიტიკური მიმართულებით. საერთოდ, ე. წ. აფხაზეთის ელიტა, ყველა ერთიანად, არის მოსკოვიდან დანიშნული და რუსული რეზიდენტურა. ეს ეხება არა მარტო ე. წ. პარტიებს, არამედ საზოგადო მოღვაწეებს, მწერლებს, ე. წ. ექსპერტებს და ა. შ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთ კლანს მეორე ენაცვლება იმისთვის, რომ საზოგადოებაში განმუხტვა მოხდეს, რადგან გასაგებია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ის ადამიანები, რომლებიც მარიონეტულ რეჟიმში სხედან, იქ არსებული საზოგადოების ნდობას კარგავენ. ამიტომ საჭირო ხდება, რომ ერთი კლანი მეორეთი ჩაანაცვლონ. ეს ე. წ. არჩევნები გარკვეული ორთქლის გამოშვებას ემსახურება. სინამდვილეში, იქ არავითარი ცვლილება არ მომხდარა აქამდე და არც მოხდება. რაიმე არსებითი ცვლილება საქართველოსთან დამოკიდებულებაში და პოლიტიკაში არ ყოფილა და არც იქნება, რადგან იქაურობას სრულად აკონტროლებს რუსეთის ხელისუფლება, მათი სპეცსამსახურები და, აგრეთვე, ე. წ. მოსკოვიდან დანიშნული დეპუტეტები არიან ამ სპეცსამსახურების პირდაპირი თანამშრომლები. ეს არის სახელმწიფოებრივი თამაში, რომელიც ზედაპირზე დევს, ისინი თვითონვე უნაწილებენ, _ შენ ეს პარტია იქნები, შენ ის პარტია იქნები, შენ ეს ექსპერტი იქნები და ა. შ. ამაში უხდიან ბიუჯეტიდან ფულს, ანუ აფხაზეთის მთელი სეპარატისტული ელიტა პირდაპირ იკვებება რუსული ბიუჯეტიდან და მათი სარგებლის მეორე წყარო არის გალის ქართული მოსახლეობა.
ზოგადად, ასეთ დროს ნებისმიერი ღირსეული ქვეყნის ღირსეული ხელისუფლება სხვა პოლიტიკას ატარებს საერთაშორისო სარბიელზე, როდესაც ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და არა აგრესორისა და ოკუპანტის მიმართ ლაქუცის პოლიტიკას, როგორც უნდა მოექცე აგრესორსა და ოკუპანტს. ამის მიუხედავად, დღევანდელი მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“, რუსეთისგან თავისი ძალაუფლებით დავალებულია, აქედან გამომდინარე, ის, პირიქით, დეოკუპაციის პრობლემების ძალიან მნიშვნელოვნად ნიველირების პოლიტიკას ატარებს დასავლეთში და აქედან გამომდინარეა მისი ან ძალიან მოგუდული რეაქციები, ან, საერთოდ, ურეაქციობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე ძალიან საშიშ და სახელმწიფოებრიობისათვის სახიფათო პროცესებზე.
გიორგი კანაშვილი _ „კავკასიური სახლის“ აღმასრულებელი დირექტორი:
_ რაც შეეხება კითხვას, _ ე. წ. არჩევნების შემდეგ შეიცვლება თუ არა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიდგომები საქართველოსთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ ფუნდამენტურად ნამდვილად არ შეიცვლება, რა ძალაც არ უნდა მოვიდეს, თუმცა განსხვავებული პოზიციები აქვთ რიგ საკითხებზე, მაგალითად, ხაჯინბას და ანქვაბს, სხვათა შორის, იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანია, კონკრეტულად კი გალის რაიონთან მიმართებით. აქ პოზიციები ცოტა განსხვავებულია. მოგეხსენებათ, რომ ბაღაფშისა და ანქვაბის შემდეგ უკვე ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა გალის მოსახლეობისთვის აფხაზური პასპორტების დარიგება და მოგვიანებით, ხაჯინბას პერიოდში ეს პასპორტები წაართვეს და ახლა იმ პროცესს ვაკვირდებით, რომ გარკვეული გადასასვლელებიც იხურება გალის რაიონში. ეს არის ორი განსხვავებული პოლიტიკის კონკრეტული გამოხატულება, ვგულისხმობ იმას, რომ ანქვაბის პოლიტიკა იყო გალის მოსახლეობასთან მიმართებით უფრო ინტეგრაციული, ვიდრე ხაჯინბას პოლიტიკა, რომელიც ბევრად უფრო სიხისტით ხასიათდება. ალბათ, ანქვაბის მიდგომები გალის მოსახლეობასა და მათ ცხოვრებაზე ბევრად უფრო პოზიტიურად აისახება, ვიდრე ხაჯინბასი. არა მგონია, რომ იმ რაოდენობით მოვიდნენ ახალგაზრდები, ყოველ შემთხვევაში ისინი, რომლებიც არც ერთ ბანაკს არ მიეკუთვნებიან პოლიტიკაში, მაგრამ ეს ძალებიც არიან და რა რაოდენობითაც არ უნდა მოვიდნენ, მათი პოზიციები რუსეთთან და კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით ცოტა განსხვავებულია, ვგულისხმობ საკუთრების უფლებას, სხვა პროცესებს, თუნდაც, უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებით, ვგულისხმობ რუსეთთან ხელშეკრულების პუნქტებს, რომლის იმპლემენტაცია უახლოეს მომავალში იქნება. აქ უფრო ხისტი მიდგომებით გამოირჩევიან ეს ახალგაზრდები, რომლებიც ზომიერად ნაციონალისტები არიან. ამ ეტაპზე ამის თქმა შემიძლია, ზოგადად, საქართველოსთან მიმართებით ნებისმიერი ძალა ინარჩუნებს გარკვეულ დისტანციას, თუმცა ბოლო პერიოდში, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლება მკვეთრად მშვიდობიან პოლიტიკას ახორციელებს, მტრის ხატის ეტაპობრივი დეკონსტრუქცია მიდის და ასეთ ძალას ხშირ შემთხვევაში არ აქვს არანაირი ხელის მოსაჭიდი მიზეზი იმისთვის, რომ საქართველო და საქართველოს ხელისუფლება რაღაც მტრულ ნაბიჯებში დაადანაშაულოს.
რაც შეეხება მეორე კითხვას, _ უნდა გაეკეთებინა თუ არა ქართულ მხარეს ამ ე. წ. არჩევნების შესახებ მკვეთრი განცხადებები? _ როგორც ვაკვირდებოდი, განცხადებები გაკეთდა გუშინ, მანამდეც, დღესაც იყო, ალბათ, კიდევ იქნება, თუმცა, გარკვეულწილად, შიდა მოვლენებმა ეს ამბები გადაფარა, თუმცა საერთაშორისო დონეზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებენ და მეტ ინტენსიურობაში მე განსაკუთრებულ აზრს ვერ ვხედავ.
დიმიტრი შაშკინი _ თავდაცვის ყოფილი მინისტრი:
_ არ შეიძლება, აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულმა ე. წ. არჩევნებმა რაიმე გავლენა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ოკუპირებული რეგიონის აღიარებაზე. ამ დროისთვის აფხაზეთში რეგისტრირებულია 40 000 ამომრჩეველი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეთნიკურ აფხაზებს არავინ არაფერს ეკითხება. ეს არჩევნები არის დემოკრატიობანას თამაში, 40 000 ამომრჩეველი ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი აქ რუსეთის ფედერაციის მარწუხებშია მოქცეული და აქ ადგილობრივი მოსახლეობა არაფერს წყვეტს. და ეს ასეცაა, ოკუპირებულ რეგიონში, ბუნებრივია, ადგილობრივებს, აფხაზებს აზრის გამოხატვის ნებაც არ აქვთ. აქ ყველაფერს რუსეთი წყვეტს და ამ ერს მომავალი არ გააჩნია ოკუპაციის პირობებში. ეს დე ფაქტო არჩევნები არაფერს ცვლის იმ ქვეყნებისთვის, რომელებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ, მაგრამ რაც შეეხება ისეთ ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ ვერ აღიარებენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას, მაგრამ შესაძლოა, აფხაზეთის წარმომადგენლები კვლავ მიიწვიონ სხვადასხვა სახის ეკონომიკურ ფორუმზე თუ პრეზენტაციაზე, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ და საელჩოებმა უნდა იმუშაონ. იმ ქვეყნებთან, რომლებიც ე. წ. შპილკაობაში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა იმუშაოს შესაბამისად, რაც ფაქტია, ასე არ ხდება. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა სხვადასხვა გამოფენაზე ან პრეზენტაციებზე ისე იწვევენ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს, რომ მათ საერთოდ არ აქვთ შექმნილ სიტუაციაზე წარმოდგენა, სწორედ ასეთ დროს არის საჭირო საელჩოების ჩართვა, შესაბამისი რეაგირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. არათუ საქართველოს გარეთ, ეს დე ფაქტო არჩევნები თავად ოკუპირებულ რეგიონშიც არაფერს ცვლის, იქ არც ოპოზიციურ სპექტრში მოხდება გადაჯგუფება. ის ფაქტიც კი, რომ არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში დაინიშნა, არაფერს ცვლის. ეს არის რუსული სცენარი და ამას ვუწოდებთ დემოკრატიობანას თამაშს, არანაირი მეორე ტური არ უნდა განვიხილოთ, ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და ამ არალეგიტიმური არჩევნების ფონზე არ არსებობს არანაირი მეორე ტური.
თამარ ბატიაშვილი
ლაშა ბერულავა