QronikaPlus
გიორგი მაჩაბელი: „პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრი რეპეტიტორობის ინსტიტუტი ვერ იქნება“

გიორგი მაჩაბელი: „პედაგოგთა პროფესიული განვითარების ცენტრი რეპეტიტორობის ინსტიტუტი ვერ იქნება“

2017-02-26 08:19:19

  ბოლო დროს პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ფუნქციური გადაფარვა ხდება. კონკრეტულად, პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და ხარისხის განვითარების ცენტრები დასახელდა. ასევე კითხვები ისმის აღნიშნულ უწყებათა მუშაობის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. მაგალითად მოჰყავთ 2016 წლის იანვარში გამართული პედაგოგთა საატესტაციო გამოცდების შედეგები, როდესაც გამოცდაზე გასული 6477 პრაქტიკოსი პედაგოგიდან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა... „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პედაგოგთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი _ გიორგი მაჩაბელი: _ ამ ბოლო დროს პრესაში მოსაზრება გავრცელდა, რომელიც არავითარ საფუძველს არ ეყრდნობა. საუბარია იმაზე, რომ განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში ფუნქციური გადაფარვა ხდება, კერძოდ, ჩვენი და ხარისხის განვითარების ცენტრი ახსენეს. ე. წ. ექსპერტი, რომელიც ასეთ დასკვნას აკეთებს, გაუგებარია, ამ დროს რას ეყრდნობა? ელემენტარულად, შეეძლო, რომ საკითხის არსში გარკვეულიყო. ინფორმაცია ორივე ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ენახა დებულებები, დაეზუსტებინა მოვალეობები, მიზნები, თუ რას ემსახურებიან და ამით გაარკვევდა, რომ ეს ორი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი ორგანიზაციაა. მეორეც, დასკვნა კეთდება, რომ თითქოს სამინისტროში სტრუქტურული ერთეულია, რომელიც იგივე ფუნქციით და მოვალეობებითაა დაკავებული, რასაც ჩვენი ცენტრი ასრულებს. ამაზე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ სამინისტროს არც ერთი ქვედანაყოფი პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით და ამ პროფესიასთან დაკავშირებულ ანალოგიურ პოლიტიკას არ განსაზღვრავს. ჩვენი ერთადერთი სსიპ-ია, რომელიც ამ მხრივ თავის მოვალეობას ასრულებს. ცენტრი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და სტრუქტურებთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავს და ახორციელებს შესაბამის პოლიტიკას. ზოგადად, ამაზე განმარტება, ალბათ, საჭირო არც უნდა იყოს, რომ არა ის „ექსპერტული“ დასკვნები, რაც ამ ბოლო დროს პრესაში გაჩნდა. ამიტომ საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამაზე ყურადღება გაგვემახვილებინა. კარგი იქნებოდა ექსპერტებს გამოექვეყნებინათ მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც ამ დასკვნას აკეთებენ. _ თქვენი ცენტრი რა კონკრეტულ ფუნქცია-მოვალეობას ასრულებს? _ ჩვენი ცენტრი, ძირითადად, პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროგრამებს, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. მაგალითად, ეს ეხება არაქართულენოვან რეგიონებში პედაგოგების მივლინება-დასაქმებას, ქართული ენის შესწავლის მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას, მაღალმთიან რეგიონებში პედაგოგების გაგზავნას და ა. შ., მათ შორის, ცენტრი არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს. ამასთან, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა პედაგოგის პროფესიასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და შემდეგ მის განხორციელებაში მონაწილეობა. ამ ეტაპზე, ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა ე. წ. პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა და ცენტრი მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ასევე ბევრი ის მიმართულებაა, რომელიც არა მარტო პედაგოგების, არამედ სკოლების ადმინისტრაციისა და სხვა პოზიციების პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. ამჟამად სკოლამდელი დაწესებულების პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს. ასევე ბევრი სხვა მიმართულებაა, რომელიც ცენტრს აბარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სამინისტროს სისტემაში სხვა რომელიმე ქვედანაყოფს ანალოგიური ფუნქციები არ გააჩნია. _ მეორე საკითხი თქვენი ცენტრის მუშაობის ეფექტიანობას უკავშირდება, _ 2016 წლის იანვარში გამართულ პედაგოგთა საატესტაციო გამოცდებზე 6477 პრაქტიკოსი პედაგოგიდან 60%-იანი ბარიერი მხოლოდ 1101-მა გადალახა... _ ჩვენი ცენტრი არანაირად არ უკავშირდება პედაგოგების გამოცდებს და მომზადებას. ერთი მხრივ, სახელმწიფოს ერთი ქვედანაყოფი ამზადებდეს პედაგოგებს და მეორე ქვედანაყოფი, ამ შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამოწმებდეს ამ მომზადებას, ეს ცოტა ანომალიურ პროცესად მიმაჩნია. ეს ადრე იყო, პედაგოგებს გამოცდებისთვის მასობრივად ამზადებდნენ, ალბათ, გახსოვთ ეს პერიოდი, რომელმაც ცენტრს იმიჯი შეუქმნა, რომ რაღაც რეპეტიტორობის ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო. მაგრამ არამც და არამც გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრი ვერ ვიქნებით, რადგან ეს პროფესიული განვითარების ცენტრია და არა პედაგოგების გამოცდისთვის მომზადების დაწესებულება. თქვენ შეიძლება მომზადება უმაღლესი განათლების დაწესებულებაში გაიაროთ, აკადემიური ცოდნა მიიღოთ, რასაც შემდეგ ცენტრი იყენებს, რათა უკვე აღნიშნულ ბაზისზე სხვა მიმართულებები დააშენოს, ეს ცოდნა განავითაროს, უფრო სხვა დონეზე აიყვანოს, პედაგოგებს ასწავლოს და აუხსნას, როგორ შეიძლება ამ ცოდნის უკეთესად გამოყენება სასწავლო პროცესში და ა. შ. რეალურად, ეს პროფესიული განვითარების ცენტრია და არა მომზადების. ვიმეორებ, აკადემიურად უმაღლესი სასწავლებლები უნდა ამზადებდნენ. თუ რაღაც ხარვეზებია, პედაგოგი უმაღლეს სასწავლებლებს უნდა უბრუნდებოდეს, ამის საშუალება ნამდვილად არსებობს (60-კრედიტიანი კურსია შემოღებული და სხვ.). იქ უნდა ივსებდეს თავის ცოდნას. ჩვენი ფუნქცია სულ სხვაა, _ ამ ცოდნის აკუმულირება, დაშენება და საგნობრივი უნარების განვითარება. ცენტრი რეპეტიტორობის ინსტიტუტი ვერ იქნება. თუ რომელიმე პედაგოგს ეს აკადემიური ბაზისი არ გააჩნია, ვერანაირი ტრენინგები ამ ცოდნის განვითარებას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ მივიჩნევ, რომ ცენტრის ფუნქციები, აღქმის თვალსაზრისით, მცდარია. ჩვენ ამას ვერანაირად ვერ გავიზიარებთ. ის, რომ პედაგოგთა კორპუსში აკადემიური ცოდნის მხრივ ასეთი მდგომარეობაა, ეს არახალი ამბავია, წლების განმავლობაში მომდინარე პრობლემაა და, სხვათა შორის, ახალი სქემა ამ ცოდნის გამოსწორების გარკვეულ გზებსაც ითვალისწინებს. _ პრემია-დანამატების საკითხი თქვენთან როგორ რეგულირდება? _ ჩვენს ცენტრში დანამატები არ გაიცემა. პრემია რეგულირდება ცენტრალიზებულად, სამინისტროს მეშვეობით და ჩვენი ცენტრიც იმ საერთო წესებს ექვემდებარება, რასაც სამინისტრო განსაზღვრავს. _ ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს რას უკავშირებთ? ვგულისხმობ ცენტრის მუშაობის ეფექტიანობას, ფუნქცია-მოვალეობების აღრევას. _ საზოგადოების ინტერესი რომ არსებობს, ეს კარგი და ჯანმრთელი პროცესია. უფრო აქტიური ინტერესიც უნდა იყოს. მზად ვართ, ყველას ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ცენტრი მაქსიმალურად ღია და ტრანსპარენტული ორგანიზაციაა, დასამალი არაფერი გვაქვს. ვინც საკუთარ თავს ექსპერტს უწოდებს, ოდნავ სერიოზულად უნდა მოეკიდოს თავის საქმიანობას. ელემენტარულად, გარკვეულ დასკვნას რომ აკეთებენ, ანალიზიც სწორად უნდა წარმართონ. თუ რამის გადამოწმება, შეკითხვა, დაზუსტება დასჭირდებათ, მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, სწორი დასკვნების გაკეთებაში დავეხმაროთ.   გელა მამულაშვილი  

გაზიარება