27 თებერვალს ომის ვეტერანები თბილისში ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას გადადგომა იქნება. ვეტერანები აცხადებენ, რომ აქციის მოწყობის ძირითადი მიზეზი მინისტრ იზორიას ქმედებაა, რომელიც მან დამსახურებული სამხედროების მიმართ ჩაიდინა და ისინი უწყებიდან უაპელაციოდ დაითხოვა, რაც სამშობლოს ღალატის ტოლფასია.
„ქრონიკა+“ თავდაცვის სამინისტროდან განთავისუფლებულ სამხედროებს ესაუბრა.
კახა საღინაძე:
_ წოდებით მაიორი ვარ, თავდაცვის სამინისტროში ცხრამეტნახევარი წელი ვიმუშავე, ბოლოს საავტომობილო ბაზის შტაბის უფროსი ვიყავი. დეკემბერში ჩვენმა მეთაურმა სამინისტროში თათბირზე გვითხრა, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კადრების განკარგულებაში გადაგვიყვანეს, ამიტომ ხელახლა უნდა დავენიშნეთ, რადგან ჩემი თანამდებობა არ გაუქმებულიყო. ჩემი მეთაური, პოლკოვნიკი დიმიტრი ბატიაშვილიც მეუბნებოდა, რომ ისევ ჩემს ადგილზე დამნიშნავდნენ. მაინც ბუნდოვანი სიტუაცია იყო და სამინისტროში სარდლის მოვალეობის შემსრულებელ იოსებ ლოლაძეს გავესაუბრე. მას არ დაუკონკრეტებია, ვის ტოვებდნენ სამსახურში და ვის _ არა, გვითხრა, აქედან რომ გახვალთ, კადრების განყოფილებაში იკითხეთო. მაშინ კადრების განყოფილების უფროსი დავით კაპანაძე იყო და ვთხოვე, რომ ჩემს საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეწოდებინა. უარი მითხრა, უფლება არ მაქვსო. იმასაც გეტყვით, რომ თავდაცვის სამინისტროში აკრძალული მქონდა მისვლა, თუ პოლკოვნიკ ლოლაძესთან არ შევათანხმებდი.
_ რატომ, რა იყო მიზეზი?
_ რამდენჯერმე დაინახა, რომ სამინისტროში ვიყავით ჩასულები. როგორც ჩანს, არ უნდოდა, რაიმე ინფორმაცია გვეთქვა. ეს სიტყვიერად უთხრა ჩემს მეთაურს, მის კაბინეტში ვიჯექი, როცა დაურეკა. სიტყვიერი კამათის შემდეგ კადრების სამსახურის უფროსმა ნახა, რომ კადრების განკარგულებაში ვიყავი გადაყვანილი. თავდაცვის სამინისტროში ასეა, _ ოფიცერი 4 თვის განმავლობაში გადის კადრების განკარგულებაში, აქედან 2 თვე ხელფასიანია, 2 _ უხელფასო, მაგრამ სტაჟში ჩვეულებრივად ითვლება. ვიფიქრე, სხვაგან მნიშნავდნენ, მაგრამ სად? _ არავინ არაფერი მითხრა. ერთი საათი რჩებოდა იმ დრომდე, რომ პატაკი უნდა დამეწერა და ფულადი ანაზღაურებით წამოვსულიყავი, არ მინდოდა ამის დაწერა, რადგან პენსიამდე 6 თვე მაკლდა. ვუთხარი, _ რადგან არსად მნიშნავთ, მირჩევნია, ფულადი ანაზღაურებით წავიდე, მაგრამ იცოდეთ, რომ სამსახური მინდა-მეთქი. მთლიანი სამინისტროს კადრების უფროსს დავურეკე და ვკითხე, _ სად მოვიაზრები და სად შეიძლება დამნიშნოთ შესაფერის თანამდებობაზე-მეთქი? _ ვერაფერს გეტყვი და ის მითხარი, ფულადი ანაზღაურებით გაგიშვა, თუ კადრებში დაგტოვოო? რადგან არსად მნიშნავდნენ, ვარჩიე, ფულადი ანაზღაურებით წამოვსულიყავი, ბანკის ვალები მაქვს, 4 შვილი მყავს... თან იქვე მოვახსენე, რომ ამას ასე არ დავტოვებდი. კადრების განყოფილებაში რომ გადამიყვანეს, მესამე დღესვე მოვიდა ჩემი დათხოვნის ბრძანება. თან მე და ჩემი მეთაური სამხედრო პოლიციაში დაგვიბარეს და 6 საათი ვიყავით დაკითხვაზე.
_ რა მიზეზით?
_ დედოფლისწყაროში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით. მაწვებოდნენ, რატომ არ შეასრულეთ სარდლის ბრძანებაო. ჩვენ იოსებ ლოლაძის ტელეფონოგრამა მოგვივიდა, სადაც სიტყვა სიტყვით ეწერა: გევალებათ გამოყოთ ერთი სატვირთო, დახურული ავტომანქანა პირადი შემადგენლობის გადასაყვანადო. ჩვენც ავდექით და ერთი სატვირთო ავტომანქანა, დახურული, კარგ მდგომარეობაში, ექიმისგან შემოწმებული მძღოლით გავუგზავნეთ. არავინ ვიცით, რატომ მოხვდა იმ მანქანის ძარაზე 36 კაცი, რატომ არ გააცილა სამხედრო პოლიციამ და ა. შ. ბრძანებაში რაც ეწერა, ის შევასრულეთ. პროკურორის შეკითხვები ისეთი შინაარსის იყო, გინდა თუ არა, დამნაშავეები ხართო. საბოლოოდ, მე ასე დამტოვეს და ჩემს მეთაურს ბრალი წაუყენეს, აღიარებას და გირაოს შეფარდებას სთხოვდნენ, მაგრამ ადვოკატი აიყვანა და თავის უფლებებს იცავს. უკვე გაიარა ერთი სასამართლო იმის გამო, რომ აქ მოსული ტელეფონოგრამა რატომ უკან არ შეამოწმა. ე. ი. სარდლის ბრძანება უნდა შეგვემოწმებინა, რისი უფლებაც არ გვქონდა.
_ სარდლის დანაშაული იყო?
_ სარდლის ხელმოწერით იყო, ამას ის კი არ წაიკითხავდა, მაგრამ როცა ოსიაურიდან ტელეფონოგრამა მოვიდა სარდლის სახელზე, რომ მანქანა სჭირდებოდათ, იქ ეწერა, 30 კაცზე სჭირდებოდათ, მაგრამ ტელეფონოგრამა როცა ჩვენთან წამოვიდა, იქ არ ეწერა პირადი შემადგენლობის რაოდენობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცოდით. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლები, გამოკითხვები... თითქოს ჩემთვისაც უნდოდათ ბრალის წაყენება და ეს დღესაც დღის წესრიგში დგას. ჩვენზე უნდოდათ ხელის შეწმენდა.
_ საბოლოოდ, რატომ გაგათავისუფლეს?
_ იმ ბაზაზე, სადაც მე ვმსახურობდი, თავის დროზე, მეთაური იყო იოსებ ლოლაძე. როდესაც მივედი, მანქანებს განსაზღვრული წვის ნორმები ჰქონდა, ყველას ჩამოვაკელი და მთელი ბაზა ეკონომიაზე გავიყვანე, 5 წლის მერე რომ უნდა მომატებოდა, მე მოვაკელი და ამ ნორმებში მაინც ჩაჯდა, აქედან გამომდინარე, მძღოლს საშუალება აღარ ჰქონდა, რომ საწვავი ამოეღო და ჩვენ შორის ეს არასასიამოვნო ფაქტი დადგა. მეორე ის იყო, რომ ბაზაზე ეკლესიას ვაშენებდით, უკვე პოლკოვნიკი ლოლაძე მოვიდა, გადახედა ეკლესიას, ჯარისკაცები, რომლებიც სახურავს აკეთებდნენ, ჩამოვიდნენ და დასხდნენ, მშენებლობაზე ასევე მოვლინებული იყო სამოქალაქო პირი, ინჟინერი უგულავა, შემოტრიალდა ლოლაძე ამ ჯარისკაცებისკენ და თქვა, _ აქ რას ყრიანო?! და შეაგინა. მივიდა უგულავა და პასუხი მოსთხოვა, _ რატომ შეგვაგინეო?! ლოლაძემ უგულავას უთხრა, _ იცი, მე ვინ ვარო?! _ ვიცი, ვინც ხარ, მაგრამ ამის უფლება არ გაქვსო! _ მისი პასუხი იყო. ამის გამო სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. უგულავამ თავი რომ ვეღარ შეიკავა, ჭიშკრის გარეთ გავიდა და იქ დაჯდა. ლოლაძემ პირადად მე მითხრა, _ ახლა სამხედრო პოლიციაში დარეკე და გადაეცი, რომ თვითდათხოვნაში წავიდაო. _ არ წასულა, კაცი გარეთ ზის, თქვენ რომ წახვალთ, შემოვა-მეთქი. _ მაშინ ნასვამიაო. _ დილით ყველა შევამოწმეთ, არ არის-მეთქი ნასვამი. თვითონ დაურეკა სამხედრო პოლიციას და სანამ ისინი მოვიდოდნენ, ლოლაძე წავიდა. შემოვიდა სამხედრო პოლიცია, შეამოწმეს უგულავა და ურეკავენ, _ ბატონო პოლკოვნიკო, ფხიზელიაო. მაშინ შეამოწმეთ შტაბის უფროსი საღინაძე, მოადგილე პორტნოი, ნაწილის მორიგე ყელბერაშვილი და ზურგის უფროსი თოდრია და მეთაურიცო. ყველა შეგვამოწმეს, შერცხვათ მერე და მეთაური აღარ შეუმოწმებიათ. რა თქმა უნდა, არც ერთი არ ვიყავით ნასვამი, ეს ფაქტი შეურაცხყოფად მივიღეთ და გენერალურ ინსპექციაში დავაფიქსირეთ. დაიწყო ამ საქმის მოკვლევა, ჯარისკაცებმაც და ოფიცრებმაც ჩვენება მივეცით, რომ ლოლაძემ ნამდვილად შეაგინა ჯარისკაცებს, დეტალურად დავწერეთ ეს ყველაფერი. მაშინ გენერალური ინსპექციის უფროსი იმერლიშვილი იყო, რომელმაც ეს საქმე თითქმის იმ დონეზე მიიყვანა, რომ ლოლაძე დღესაც სარდლის მოვალეობის შემსრულებელია და სარდლად არ დაუნიშნავთ. როდესაც მინისტრი შეიცვალა, შეიცვალა ასევე გენერალური ინსპექციის უფროსიც და უგულავა სიმართლისთვის დღესაც იბრძვის. აქედან წამოვიდა ლოლაძესთან დაპირისპირება. ლოლაძემ თავისი ახლობლები ყველანი სამსახურში დატოვა. დეკემბრერში ჩემი სამსახურიდან 70 მძღოლი გაუშვეს და გუშინწინ რომ 3 ახალი მძღოლი დანიშნა, საინტერესოა, ვის ადგილზე?! მისი ყოფილი მძღოლი, საძმაკაცო რომ მოიყვანა და დასვა, საიდან მოიყვანა, თუ ადგილი არ იყო?! ჩემი ადგილი კი არ იყო, რომელიც ორჯერ ვარ დაჭრილი და კონტუზია მაქვს მიღებული?! ჩემი ადგილი არ იყო, შეიარაღებულ ძალებში სრულად მემსახურა, პენსიამდე 6 თვე მაკლდა! ლოლაძის დევიზია _ დამლაგებლებიდან დაწყებული ყველა ჩვენიანი უნდა იყოს, ამ პრინციპით მოქმედებს! სიმართლე გითხრათ, მრცხვენოდა, როცა მის ბრძანებებს ვასრულებდი. მისი საწყისი პროფესიაა კბილის ტექნიკოსი, ბენზინგასამართი სადგურის გამმართველი, მერე ზეინკალი... მედროვე კაცი _ მერე უცებ ზედიზედ სამი წოდება მიიღო. ახალაიას მინისტრობის დროს მოვიდა თავდაცვის სამინისტროში.
_ როგორ მოახერხა, ასეთი კარიერა გაეკეთებინა, ვინ მფარველობდა?
_ ხიდაშელის მინისტრობის დროს ლოლაძე მოადგილე იყო, იმის ნათესავია. ხიდაშელის დროს ვადაზე ადრე წოდება მიიღო, ხელფასის ოდენობის პრემია, საგარეჯოში ირმა ინაშვილი რომ იყრიდა კენჭს, ამან გაუყალბა არჩევნები და ვერ მიიღებდა?! სხვა ფაქტსაც გეტყვით: რამდენიმე თანამდებობის პირის მანქანა დაიმტვრა. საერთოდ ასეა, _ ვინც მანქანა დაამტვრია, თუ ჩვენი მძღოლის ბრალეულობა გამოიკვეთება, ის თავისი ხარჯებით აკეთებს მანქანას. ჩვენც ვეხმარებოდით, რადგან ცენტრში მანქანის შეკეთება ძალიან ძვირი ჯდება. ეს დამტვრეული მანქანები რომ შემოიყვანეს, მათი რემონტი ძალიან დიდი თანხა ჯდებოდა და რადენიმე მანქანის რემონტზე ჩემმა მეთაურმა ბატიაშვილმა უარი თქვა, რადგან უზარმაზარი თანხები ჯდებოდა. ეს მანქანები იყო თანამდებობის პირების: თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძის, თავდაცვის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ აბრამიასი, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მოლოდინის, ორი მანქანა იყო გენერალური ინსპექციის. მე და ჩემს მეთაურს გვერჩივნა ახლა წამოვსულიყავით, ვიდრე ახალი მინისტრი რომ მოვიდოდა, იმას ციხეში გავეშვით. ეს საქმე ასე არ დამთავრდება, დღეს თუ ხვალ პატრონი გამოუჩნდება და ყველაფერი გაირკვევა. ეს მანქანები მაინც გარემონტდა, მაგრამ ჩვენთან _ არა. ბიუჯეტიდან ამის გამო უზარმაზარი თანხები დაიხარჯა: 25 718.12 ლარი, 14 172.00 ლარი, 15 362.06 ლარი, 3 374.00 ლარი, 2 983.00 ლარი. დღესაც ტაბელში არ უზით მანქანები, ძმაკაცობით ჰყავთ მიცემული ჯიპები და ძმაკაცობაშივე გაცემული თავდაცვის სამინისტროს საწვავი. ის მანქანები ღამით სად დადის, ღმერთმა იცის და ამას არავინ აკონტროლებს, ასობით მანქანა ზის ტაბელის ზემოთ!
_ რას აპირებთ?
_ რამდენიმე ოფიცერმა ერთობლივი წერილი დავწერეთ პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე, პასუხი მივიღეთ მთავარი პროკურატურისგან, რომ თავდაცვის სამინისტრო ამ საკითხს განიხილავს. ველოდებით, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, დიდი იმედი არ გაქვს, რადგან ლოლაძე ვინ არის და რას წარმოადგენს, ყველამ აბსოლუტურად კარგად იცის და ჩვენი შეხსენება არ სჭირდება!
იაგო გორგაძე:
_ ლოჯისტიკის სარდლობა ჯი3-ის უფროსი ვიყავი და 9 წელი ამ თანამდებობაზე ვიმსახურე, საჯარისო სამსახურსა და საბრძოლო მომზადებას ვკურირებდი. უმწიკვლო სამსახურისთვის მედლებიც მივიღე, პრემიერ-მინისტრის მადლობაც და ა. შ. რაც შეეხება ჩემს განთავისუფლებას: პოლკოვნიკი ლორთქიფანიძე ჩემი უშუალო უფროსი იყო, პოლკოვნიკი ლოლაძე კი, _ პირდაპირი უფროსი. საერთოდ, შეიარაღებულ ძალებში ყველა სამხედრო მოსამსახურე უშუალო უფროსს ემორჩილება და მის ბრძანებას ასრულებს, მოხსენებასაც მის წინაშე აკეთებს. როგორც აღმოჩნდა, პოლკოვნიკ ლორთქიფანიძესა და პოლკოვნიკ ლოლაძეს შორის უკმაყოფილება იყო, მე ჩემი უშუალო უფროსის გვერდით ვიდექი ჩემი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე. ერთხელაც, სამინისტროს ტერიტორიაზე პოლკოვნიკი ლოლაძე შემთხვევით შემხვდა და მითხრა, _ პოლკოვნიკ ლორთქიფანიძეს გვერდით ნუ უდგახარ და მისი ბრძანება არ შეასრულო, ბოდიში ამ სიტყვაზე და დაიკიდეო. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი და ვერაფერი ვთქვი, სარდლის მოვალეობის შემსრულებელი მეუბნება, რომ ჩემს უშუალო უფროსს არ დავემორჩილო, რაც არ შეიძლება... ამიტომ ლოლაძის უკანონო სიტყვიერი ბრძანება არ შევასრულე. ერთ დღესაც ლოლაძე მოვიდა და დაინახა, რომ მე და ჩემი მეთაური ვსაუბრობდით, არ ესიამოვნა. ამის შემდეგ არც კი მესალმებოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვამახვილებდი. როდესაც თავდაცვის სამინისტროში ოპტიმიზაციის საკითხი დადგა, ლოლაძეს იმის შესაძლებლობა მიეცა, რომ პირადულიდან გამომდინარე ემოქმედა და ანგარიში გაესწორებინა. შემომითვალა: გორგაძემ პატაკი დაწეროს და წავიდეს, თორემ გავაფუჭებ, ის ჩემთან ვერ იმსახურებსო. მანამდე ლორთქიფანიძეს უთხრა, _ შეთანხმებული მაქვს, შეიარაღებული ძალებიდან უნდა წახვიდეო. ხელმძღვანელი პირი თუ ბოროტად გამოიყენებს თანამდებობას, ყოველთვის შეუძლია ხელქვეითი გააფუჭოს, უბრალოდ, ეს ოფიცერმა არ უნდა იკადროს, მაგრამ, საუბედუროდ, ხდება. ჩემს რამდენიმე მეგობარს ამის თაობაზე ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ამ დაპირისპირების გამო მათავისუფლებდნენ, მინისტრთან ვერ მივიდოდი და ამის შესახებ, იქნებ, გენერალურ შტაბში მიეწვდინათ ხმა. დრო ძალიან ცოტა გვქონდა და ვერ შეძლეს. გამზადებული ფურცლები მოიტანეს, რომ ხელი მოგვეწერა, თუ ხელს არ მოვაწერდი, სამსახურში დავრჩებოდი, რადგან ჩემი შტატი არ გაუქმებულა, მაგრამ შემომითვალეს, 1-2 თვეში მაინც გავუშვებთ და კომპენსაციასაც აღარ მივცემთო. იძულებული გავხდი, ხელი მომეწერა. ამას რამდენიმე დღეში ჩემი განთავისუფლების ბრძანება მოჰყვა. ეს არ მაკმარა, ჩემი მეუღლეც შეიარაღებულ ძალებში 8 წელი ფელდეგერად მუშაობდა, ლოჯისტიკის ქვედანაყოფში ეს ერთადერთი თანამდებობა იყო. ვინაიდან ჩემი მეუღლე იყო და სამსახურში რჩებოდა, ლოლაძემ დაავალა და მისი ადგილი გააუქმებინა. ჩემ გამო უკვე ოჯახს შეეხო. როდესაც ჩემი მეუღლე სამსახურიდან წამოვიდა, მეთაური სამჯერ წერს პატაკს, ვინმეს შეუთავსეთ ეს თანამდებობაო, ე. ი. საჭირო ყოფილა! მახეში გაებნენ, პასუხობდნენ, _ ვერ შევუთავსებთ, რადგან ეს თანამდებობა თუ გჭირდებოდათ, რატომ გააუქმეთო? ამით პრობლემა შეიქმნა და სამსახურს ხელი შეეშალა. ეს ლოლაძემ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა და ორივე გაგვამწარა, აი, ამისთანა სარდლის მოვალეობის შემსრულებელი განაგებს ამხელა პირად შემადგენლობას! პოლკოვნიკი უნდა მოქმედებდეს არა პირადი, არამედ სახელმწიფო ინტერესებიდან! საუბედუროდ, ის ჩემთვის პოლკოვნიკი ლოლაძე კი არ არის, ის არის ვიღაც იოსებ ლოლაძე, რადგან პოლკოვნიკი ასეთ რამეებს არ სჩადის!
_ როგორ ფიქრობთ, ლოლაძის ასეთი ქმედებების შესახებ მინისტრმა იზორიამ თუ იცის?
_ წესით, უნდა იცოდეს, სარდლობაში ცუდი ატმოსფერო რომ შეიქმნა, ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული იყო. შესაბამისი სამსახურები არსებობს და, რა თქმა უნდა, ინფორმაციები მიდის. ყველგან ვთქვი, ასეთი რამე დამავალა და ამ ამბავს ვეწირები-მეთქი. საქმე ის არის, რომ თავდაცვის სამინისტრომ კომისია არ შექმნა, რომ გასაუბრება ყოფილიყო და ისე გადაეწყვიტათ, ვინ უნდა წასულიყო სამსახურიდან. გასაუბრება რომ ყოფილიყო, კომისიის წინაშე ამ ამბავს ვიტყოდი. მეორე დღეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან რომ მივედი, ჩემი საშვი დაბლოკილი იყო და სამინისტროში ვერ შევედი, ვინ ჩამეყენებინა საქმის კურსში?! ასეთ დღეში მარტო ჩვენ კი არ ვართ, ათასობით ადამიანია. გასაგებია ოპტიმიზაცია, მაგრამ სამსახურიდან იმ მოტივით გამოშვება, რომ ის ჩემიანია და ამიტომ ვტოვებ, ასე არ არის! ყველანი ჯარისკაცები ვართ და როდის დავჭირდებით სამშობლოს, არავინ იცის, ამიტომ ასეთი მოქცევა არამართებულია! ახლა ვიბრძვით, რომ სამართალი ვიპოვოთ!
_ „კოლექტიური ლოლაძე“ ბევრია შეიარაღებულ ძალებში?
_ საუბედუროდ, კი! თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ თავდაცვის სამინისტროში მუშაობენ მართლა ღირსეული ოფიცრები, რომლებიც, უბრალოდ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე არ არიან, რომ საკითხები გადაწყვიტონ და სწორი მიმართულებით წაიყვანონ.
ვარლამ ლორთქიფანიძე:
_ პოლკოვნიკი გახლავართ, თავდაცვის სამინისტროში მისი დაარსების დღიდან ვმუშაობდი. 32 წელი ისე ვიმსახურე, ერთი საყვედურიც კი არ მიმიღია. ჩემი ბოლო თანამდებობა იყო თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ლოჯისტიკის სარდლობის შტაბის უფროსი. ლოჯისტიკის სარდლის მოვალეობის შემსრულებელია პოლკოვნიკი ლოლაძე. სამსახურებრივ საკითხთან დაკავშირებით ერთმანეთს დავუპირისპირდით, როდესაც ის ორხევის საავტომობილო ბაზაში მივიდა და ჯარისჯაცებსა და ოფიცრებს აგინა. ინციდენტის დროს ჯარისკაცებს დავუჭირე მხარი და საკუთარი აზრი გამოვთქვი, რომ სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა არ შეიძლება, ასეთი რამე იკადროს, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჯარისკაცებს არაფერი ჩაუდენიათ. ამის შემდეგ ჩვენ შორის ურთიერთობა დაიძაბა, ჩემს ხელქვეითებს ეუბნებოდა, რომ არ დამმორჩილებოდნენ, რომ ცოტა ხანში მაგას მაინც გავუშვებთ სამსახურიდან და თუ მის ჯგუფში იქნებით, ჩემთან ვეღარ იმუშავებთო. თავდაცვის სამინისტროში ადრე შედგენილი კრიტერიუმები იყო _ ვისი დანიშვნა შეიძლებოდა და ვისი _ არა. მაღალი რანგის თანამდებობებზე შერჩევის საბჭოს მეშვეობით ვინიშნებოდით. ჯერ კიდევ, ხიდაშელი იყო მინისტრი, მან ალასანიას მიერ გამოცემული აქტი გადადო და კრიტერიუმებით დანიშვნა 2017 წლამდე შეაჩერა. კრიტერიუმებში სხვადასხვა მოთხოვნა იყო: პოლკოვნიკი რომ გამხდარიყავი, მინიმუმ, 15 წელი უნდა გქონოდა ნამსახურები თავდაცვის სამინისტროში სამხედრო თანამდებობაზე, ინგლისური ენა უნდა გცოდნოდა, თუმცა ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, უნდა გქონოდა შესაბამისი სამხედრო განათლება და სხვ. ლოლაძემ პირდაპირ გამომიცხადა, 2017 წლის კრიტერიუმების თანახმად თქვენ არ ინიშნებითო. იძულებულები გავხდით, რომ წამოვსულიყავით. ავად ვიყავი და სახლში გამომიგზავნეს, პატაკზე ხელი რომ მომეწერა. ამის შემდეგ კრიტერიუმები შეცვალეს და მინისტრს ვადა გააგრძელებინეს. აფერა ჩაატარეს! ჩემს განათლებაზე მოგახსენებთ: მე-8 კლასის შემდეგ ლესელიძის სახელობის სამხედრო სკოლა-ინტერნატში წავედი, მერე ბაქოს უმაღლესი სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი დავამთავრე, შემდეგ ვსწავლობდი უკრაინის სამხედრო აკადემიაში. კარგი, თუ თავდაცვის სამინისტროს სჭირდება, რომ მე წამოვიდე, ჩემი ხელფასის ხარჯზე ეკონომია გააკეთონ და ბაზა განავითარონ, ჯანდაბას, ამას შევეგუები, მაგრამ როდესაც მიშვებ ადამიანს, რომელმაც თავდაცვის სამინისტროში 3 ბატალიონი ჩამოვაყალიბე, გული გეტკინება, როდესაც არაკვალიფიციური კადრები, მაპატიეთ და, თავზე დაასხდებიან იმას, ვინც ეს ყველაფერი შექმნა. კაცი, რომელიც ომში არ ყოფილა და პრეტენზია აქვს, რომ ნაომარია; კაცი, რომელსაც სამშობლოსთვის არაფერი გაუკეთებია, მოდის და გეუბნება, _ გაიწიე და მე უნდა დავჯდეო, ხომ უნდა გეკუთვნოდეს იქ დაჯდომა?! ამ ქვეყანას პატრონი რომ ჰყავდეს, თავდაცვის სამინისტრო საერთოდ უნდა დაშალო და ახლიდან ჩამოაყალიბო!
_ რატომ?
_ არსებობს უამრავი ნორმატიული აქტი, რომელიც კანონთან შესაბამისობაში არ მოდის. პატარა მაგალითს გეტყვით: გენერალური შტაბის უფროსმა გამოსცა სახელმძღვანელო დოკუმენტაცია და ლიტერატურა, სადაც გაწერილია ფუნქციები, სტრუქტურა და ეს ყველაფერი დამტკიცებულია, მიწოდებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის, რომ სტრუქტურა არის დოკუმენტი, რომელსაც შემდეგ უნდა მოვარგოთ შტატი, დებულება და ა. შ., რაც უგულებელყოფილია. ლოჯისტიკის სარდლობის შტაბის უფროსი სამმართველოს უფროსის დონეზე ჰყავდათ დაყვანილი და ეს სპეციალურად გააკეთეს. შინაგანი სამსახურის წესდება დღეს თაროზეა შემოდებული, რომელსაც არავინ იყენებს. კი, შესაცვლელია, მაგრამ კალენდარს შეხედეთ, რა რიცხვია და რომელი წელია?! რას აკეთებდა ეს ხალხი ამდენი ხანი?! ჯიპებს რომ მოასხდნენ და აქეთ-იქით დარბიან, ვისაც შავი ჯიპი ჰყავს, ის კარგი ბიჭია და უკვდავია (ასე უწოდებენ საკუთარ თავს), ვისაც თეთრი მანქანა ემსახურება, ის ამ დონეზე ვერ არის. ჯიპებისა და პრემიების ფრიალს, სჯობს, საქმე გააკეთონ! ჯარისკაცი თუ არ გიყვარს, იქ საქმეს ვერ გააკეთებ! სიმართლე გითხრათ, ლევან იზორია რომ მოვიდა, თავიდან გამეხარდა, რადგან ეს კაცი პოლიციის აკადემიის რექტორი იყო და ვფიქრობდი, სწავლა-განათლებას პატივს სცემდა. მისი მოსვლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროში აბსოლუტურად სხვა სურათი დაიხატა. განათლების არმქონენი დატოვა და განათლებულები სახლში გაუშვა. ოჯახაშენებულო, მე რომ მიშვებ, ვის ტოვებ, ამას ყურადღება ხომ უნდა მიაქციო! უნდა შეექმნათ კომისია და განეხილათ, ვინ იყო მართლა გასაშვები და ვინ _ არა. ის პოლკოვნიკები, რომელთაც ვადაზე ადრე სამჯერ აქვთ მინიჭებული წოდება და მე ერთხელაც არ მაქვს ვადამდე ადრე მიღებული, არც საყვედური მაქვს, განმარტება გააკეთონ, _ რატომ მისცეს ხალხს 3 და 4 წოდება ვადაზე ადრე?! რა დამსახურება აქვთ, ომი მოიგეს?! ომი არ არის მოგებული, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თქვეს, არ მოუგიათო. თუ ომი არ მოვიგეთ, რაში არიგებენ ამ ორდენებს, მედლებს, წოდებებს, ფულად ჯილდოებს, პრემიებს?! თუ ამ ხალხმა ეს ყველაფერი უკანონოდ მიიღო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ, სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა! ჩვენ რომ საშემოსავლოს გვიკავებენ, ამით ისინი პრემიებს იღებენ, სეირნობენ და თბილ კაბინეტებში არიან მოკალათებულნი, ასე არ გამოვა! როდესაც ლოლაძესთან დაპირისპირება დაიწყო, ხიდაშელმა შემომითვალა, _ მაქედან წადი და სხვაგან გადაგიყვანო. არსადაც არ წავალ-მეთქი, _ მეც შევუთვალე. მაშინაც პროტესტს გამოვთქვამდი და _ ახლაც.
_ რატომ მფარველობენ ლოლაძეს?
_ ვიცი, რატომაც მფარველობენ, მაგრამ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც გაზეთით უნდა გაჟღერდეს, ღიად არ შეიძლება ამ საკითხზე საუბარი, არის რაღაცები, რომელიც სამხედრო საიდუმლოს წარმოადგენს. თუ საჭირო იქნება, სასამართლოს დახურულ სხდომაზე ვიტყვი.
დავით ნემსაძე _ შეიარაღებული ძალების თადარიგის სამხედრო ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა სახლის“ სამხედრო განყოფილების უფროსი:
_ შეიარაღებული ძალებიდან ორჯერ დამითხოვეს: პირველად ბაჩანა ახალაიამ, შემდეგ _ თინათინ ხიდაშელმა. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების დეგრადაცია მიდის და ეს საკმაოდ ჩაშვებული პროცესი იყო ე. წ. პრინტერში, რომელიც ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება. ჯერ ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა იყო საქართველოს ისტორიის შეურაცხყოფა, იმიტომ, რომ მან ძალიან უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლი, რომელიც სამხედრო სავალდებულო გაწვევის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქეებს ავალდებულებდა, ემსახურათ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, თუ ისინი შესაბამისი იყვნენ სამედიცინო დასკვნით. ქალბატონმა მინისტრმა აუკრძალა ამ ადამიანებს ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალდებულების მოხდა. მინისტრის ბრძანება კონსტიტუციას არ აუქმებდა. სამწუხაროდ, თავის დროზე, სახელმწიფო დონეზე მას პასუხი არ გაეცა და ამან წაახალისა დანაშაული, რომელსაც დღეს ბატონი იზორია სჩადის. ის უკანონობები, რაც დღეს ხდება, ეს არის ჯაჭვური რეაქციით წამოსული. სადაც არ არის კანონი და სამართალი, რომელიც ყველასთვის ერთია, მაშინ ყველაფერი ემსგავსება ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმას“, სადაც კანონები დე იურე ფარდულის უკან იწერება და სამწუხაროდ, შეიარაღებული ძალები იმართება ამ დე იურე კანონებით, რომელიც დამყარებულია ნეპოტიზმზე. ნეპოტიზმი კიდევ არის არაპირდაპირი კორუფცია, მოდის თუ მიდის, მიჰყავს და მოჰყავს მისი ხალხი, ან ტოვებს, ნერგავს უწყებაში და მერე ამას პირადი ინტერესებისთვის იყენებს. მე, მაგალითად, შეიარაღებული ძალებიდან იმის გამო გამომიშვეს, რომ შევეწინააღმდეგე ჯარისკაცების ცემას, ოფიცრებთან ნეპოტისტურ დამოკიდებულებებს, თანხების აკრეფას პირად შემადგენლობაში, ამაზე ხმამაღლა განვაცხადე! სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა და როგორც კი გამოძიება დაიწყო, შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზის მეთაურთან დამიბარეს, რომელსაც ესწრებოდა კუდ-ის თანამშრომელი და იურისტი იოსებ ბახტურიძე. მითხრეს, რომ მეც შემექმნებოდა პრობლემები, ვინაიდან სამართლებრივი კუთხით დიდი რყევები გამოვიწვიე. არ მინდა, საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ როდესაც შეიარაღებული ძალები იშლება, მაშინ როგორც ოფიცერს და სამხედრო უფლებადამცველს ვალდებულება მაქვს, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო. ბატონმა იზორიამ პირველი რაც გააკეთა, ის არის, რომ გააუქმა ხიდაშელის ბრძანება სამხედრო გაწვევების თაობაზე. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ეს პროცესი კარგად გაგრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ფიქცია აღმოჩნდა.
_ ფიქციას რატომ უწოდებთ?
_ ხიდაშელის ბრძანება იზორიამ გააუქმა, მაგრამ ასე არ უნდა მომხდარიყო _ ეს სამთავრობო ეგიდით უნდა განხორციელებულიყო და ხიდაშელისთვის ეთქვათ, რომ ამის უფლება არ გაქვს და ვინც თავდაცვის მინისტრს ზემოდან აკონტროლებდა, უნდა ეთქვა მისთვის, რომ არღვევ უზენაეს კონსტიტუციას _ კანონთა კანონს. შემდეგ რაც მოხდა, ყველაფერი ფიქციად გაგრძელდა. ბატონმა იზორიამ პირველი შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც კრწანისის ინციდენტთან დაკავშირებით უაპელაციოდ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმპცია და განაცხადა, რომ გუშაგი იყო მართალი, მაშინ როდესაც გამოძიება დამთავრებული არ იყო. ამას აკეთებს სამართლის მეცნიერებათა დოქტორი და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი ფიქტიური მეცნიერები არიან. ეს ყველაფერი გამოჩნდა, როდესაც პირადი შემადგენლობის დათხოვნები მიმდინარეობდა, ე. წ. რეფორმა-ოპტიმიზაცია. ჯერ ერთი, რეფორმა-ოპტიმიზაცია ასე არ კეთდება, არამედ სამთავრობო დონეზე, შეიარაღებული ძალების კვოტირებას ამტკიცებს პარლამენტი, შემდეგ გენერალური შტაბი პრეზიდენტს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების სიას წარუდგენს, პრეზიდენტი ამას ერთპიროვნულად ვერ წყვეტს, იწვევს უშიშროების საბჭოს, განიხილავს, შენიშვნებს შეიტანს, თუ ასეთი გამოვლინდება, მერე გენერალურ შტაბს რეფორმის განსახორციელებლად დამტკიცებულს უგზავნის. მანამდე პირადი შემადგენლობა გაფრთხლებული უნდა იყოს, რომ არ დაირღვეს შრომის სამართლის კოდექსი, რაც არ მომხდარა. უბრალოდ, იზორიამ გადაწყვიტა, რომ ის არის მინისტრი და მას უფლება აქვს, გაყაროს პოლკოვნიკები, ვიცე-პოლკოვნიკები და ეს გააკეთოს მისი პირადი ინტერესების გამო, სადაც გამჭვირვალობის დონე ნულია, არ არსებობს შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლი არასაიდუმლო საქმეზე და ხდება ის, რაც ხდება და რაც ხდება, ეს არის ანარქია! ანარქიაა, როდესაც ომგამოვლილ ვეტერანებს ასე ექცევი! ჯერ კიდევ, ეროვნული მოძრაობიდან წამოსული, პოლკოვნიკი მამუკა ლომოური, რომელიც დოქტრინების დეპარტამენტში მუშაობდა და რომელიც არის სამთო ტაქტიკის ერთადერთი სპეციალისტი და კარგად მოგეხსენებათ, საქართველოს 75% მთაგორიანია, ის არის 12 წიგნის ავტორი, უაპელაციოდ შეამცირეს. ასევე ხვიჩა გაბიევი, რომელიც არის სსრ კავშირის ჩემპიონი, ომების მონაწილე, ეთნიკურად ოსი და მონაწილეობდა 2008 წლის ომში, ეს ადამიანი შეამცირეს. მას მამა ჰყავს ოკუპირებულ ზონაში და ვერ გადადის იმიტომ, რომ ომის მონაწილეა, ამათ კიდევ ზურგში დანა დაარტყეს და ეს გააკეთეს იმიტომ, რომ, თურმე, შეიარაღებულ ძალებს ფიზიკური ნორმატივების განყოფილება არ სჭირდება. მაშინ როგორ უნდა ისუნთქოს შეიარაღებულმა ძალებმა ფიზიკური მიმართულებით, ან ვინ დაგეგმავს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფიზიკური მომზადების ხანგრძლივი ეტაპების პროგრამებს?! ამ ყველაფერს თავისი მიზანი ჰქონდა _ როდესაც პროფესიონალს სამსახურიდან უშვებ, მაშინ აკეთებ იმას, რაც შენ გინდა! ეს გააკეთეს იმიტომ, რომ ახალი რეპრესიისთვის ემზადებოდნენ, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ტესტის აწევა უნდოდათ 60-დან 70%-მდე, რასაც პოლკოვნიკი გაბიევი ეწინააღმდეგებოდა და უპირველეს ყოვლისა, ასეთი კაცის მოშორება დადგა დღის წესრიგში. სამხედრო ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის უიშვიათესი სპეციალიტია ელგუჯა ურუშაძე, რომელიც სხვადასხვა საბრძოლო მედალს ფლობს _ მხედრული მამაცობისთვის, ვაზიანში რუსების დანატოვარი ქიმიური ჭუჭყი მან გაიტანა, ბაზას მოაცილა და ამ დროს კაცი თვითონ დაავადდა, ასეთი კაცი ბაზიდან მოიშორეს, ვითომ გასაუბრება შედგა და პირდაპირ გეტყვით _ სამხედრო ქიმიკოსს გაესაუბრა კბილის ტექნიკოსი და მიიჩნია, რომ სამხედრო ქიმიკოსის, უზარმაზარი წიგნების ავტორის შეფასება იყო საშუალო. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, დღეს სამხედრო ქირურგს ავეჯის ხელოსანი ესაუბრება და რა ქულას დაუწერს, ეშმაკმა უწყის, ავეჯის ხელოსნები და კბილის ტექნიკოსები კი საკმაოდ მუშაობენ დღეს თავდაცვის სამინისტროში იმ ყავის მომდუღებლებთან ერთად, რომლებიც ერთმანეთს ტორტების გამოცხობაში ეჯიბრებიან და, რატომღაც, რეიტინგში „ნაპოლეონი“ ლიდერობს. რაც შეეხება გ