QronikaPlus
„კარასინი-კარასინის“ შეხვედრები, ანუ „ჩადებული“ ფორმატი

„კარასინი-კარასინის“ შეხვედრები, ანუ „ჩადებული“ ფორმატი

2017-02-18 10:04:33

აბაშიძე-კარასინის ფორმატად სახელდებული პრაღის შეხვედრები კარგა ხანია, საზოგადოების პოლიტიზებულ ნაწილში „კარასინი-კარასინის“ ფორმატად მოიხსენიება. ეს, ასე ვთქვათ, უმწეობის იუმორია, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან კარგად გამოხატავს ამ შეხვედრების ნამდვილ არსს. ბოლო შეხვედრებიდან ყველაზე ნათლად მაინც ორი ფაქტი დაგვამახსოვრდა: ზურაბ აბაშიძის უმწეო განცხადებები კარასინის პასუხად, რომ გია ცერცვაძე კრიმინალია და მისი ასევე უმწეობის გამომხატველი რეპლიკა, _ ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს არ გადავცემთ და თუ მაინცდამაინც ამის გადახედვა უნდათ, ამისთვის სხვა ფორმატები არსებობსო. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის (ფაქტობრივად კი ბიძინა ივანიშვილის) პირადმა წარმომადგენელმა პირადად და პირდაპირ განაცხადა, _ ესეც შეგვიძლია შევცვალოთ, მაგრამ სხვა ფორმატის შეხვედრაზეო... მეორე ფაქტი კი, ჯერ კიდევ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2011 წელს მიღებულ შეთანხმებას უკავშირდება, რომელიც საქართველომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე წინააღმდეგობის შეჩერების სანაცვლოდ დადო. ამ შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გამავალ სახელმწიფო საზღვარზე გახსნილ პუნქტებზე საბაჟო კონტროლი დაწესებულიყო, რომელიც შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის უშუალო მონაწილეობით განხორციელდებოდა და ეს არ გულისხმობდა ოკუპირებული რეგიონების პოლიტიკური სტატუსის განხილვას. ამ თემამ, ანუ რუსეთისთვის სავაჭრო დერეფნის საქართველოს გავლით შექმნამ, როგორც ჩანს, დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. მართალია, დეტალები ისევ ბურუსით მოცულია, მაგრამ ცხადია, რომ რუსეთი მისთვის წამგებიან პოლიტიკურ სვლაზე ხელახლა არ დადებდა ფსონს, რაიმე რომ არ ჰქონდეს ჩაფიქრებული, ან, კიდევ, საქართველოს ხელისუფლების ფარული, ან ღია მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდეს. როგორც ყოველთვის, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ არაფერი ხდება საგანგაშო და ყველა დეტალი მაშინ გაირკვევა, როცა მარტში ჯერ მოსკოვში, მერე კი თბილისში შვეიცარიის წარმომადგენლები ჩამოვლენ და საბოლოო შეთანხმების დეტალებს დააზუსტებენ, მანამდე კი გავიხსენოთ, როდის და რატომ შეიქმნა აბაშიძე-კარასინის ფორმატი და რით დაგვამახსოვრა თავი ამ შეხვედრებმა. დღეს უკვე ცხადია, რომ ისევე, როგორც ბევრი რამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრებიც „შემოგვაპარა“, უფრო პოლიტიზებული ჟარგონი რომ გამოვიყენოთ _ ჩაგვიდო. კონკრეტულად თუ ვიტყვით, შეხვედრები, სადაც, სინამდვილეში, გლობალურ პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ და, რატომღაც, ყოველთვის საქართველოს ინტერესების საზიანოდ თანხმდებიან ხოლმე, სულ სხვა შინაარსის დიალოგად შემოგვასაღა. შესაძლოა, ბევრს ახსოვს კიდეც: როცა ეს შეხვედრები დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება, მისი სტრუქტურების წარმომადგენლები, ღიად და გარკვევით ამბობდნენ, რომ ამ ფორმატის შეხვედრაზე მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული შინაარსის საკითხებს განიხილავენ. როგორც აღმოჩნდა, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სულაც არ გაჩენილა ჰაერიდან და არც ზურაბ აბაშიძეა ის პერსონა, რომელსაც რუსეთთან კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე სასაუბროდ გაუშვებ _ ბოლოს და ბოლოს, ამისთვის უფრო სხვა ტიპის ფიგურის შერჩევა შეიძლებოდა და არა ნატოში საქართველოს ყოფილი წარმომადგენლის ძველი და მყარი კავშირებით რუსეთთან... თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება და მასთან აფილირებული პირები კონსპიროლოგიის თეორიად ნათლავდნენ: რომ, სინამდვილეში, ეს ფორმატი ჟენევის ფორმატის ალტერნატივად იყო ჩაფიქრებული და ის თანდათანობით ჩაანაცვლებდა ჟენევის ოთხმხრივ შეხვედრებს. ფაქტობრივად, ასეც მოხდა და ახლა უკვე არ არსებობს საკითხი, რომელსაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე არ განიხილავენ, იქნება ეს ავიაფრენების აღდგენა, რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე საუბარი, გია ცერცვაძის გადაცემა-არგადაცემის საკითხი თუ ა. შ. შესაძლოა, ბევრმა იკითხოს კიდეც, _ რა ძალიან დიდი სხვაობაა ჟენევისა და პრაღის ფორმატებს შორის, მაშინ როცა ჟენევაშიც და პრაღაშიც რუსეთი მხარედაა წარმოდგენილი და თუ იმას ვამბობთ, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ბედი, დიდწილად, რუსეთის ხელშია, რატომაა ცუდი მასთან პირისპირ დიალოგი და საკითხების განხილვა? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ გავიხსენოთ, რას წარმოადგენს ჟენევის ფორმატი, როგორც მოლაპარაკების ფორმა: ეს არის ევროკავშირისა და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის _ აშშ-ის მონაწილეობით გამართული შეხვედრები, სადაც ჩვენი პოზიცია არის არა მხოლოდ ჩვენი, როგორც ცალკე აღებული სახელმწიფოს პოზიცია, არამედ პოზიცია, რომელსაც მხარს უჭერენ და იზიარებენ სწორედ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ. სწორედ იმითაა ეს ფორმატი მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ აქ არ ვართ მარტო, პირისპირ დარჩენილი ჩვენს მთავარ მტერთან, სახელმწიფოსთან, რომელსაც უამრავი ბერკეტი აქვს ჩვენზე ზეწოლისთვის, რომელსაც შეუძლია ჩვენი პოზიციისა და ინტერესების უგულებელყოფა და თავისი ინტერესების თავსმოხვევა. სწორედ ამიტომ მიიჩნევს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ივერიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გრიგოლ ვაშაძე, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი, სინამდვილეში, მხოლოდ გაუგებარი, ბურუსით მოცული შეხვედრებია, რომლის აბსურდულობა ამ ფორმატის შექმნიდან ორ წელიწადში უკვე დადასტურდა, თუმცა ხელისუფლებამ არ აღიარა და პირიქით, წარმატებულ ფორმატად გამოაცხადა. ამავე დროს, გრიგოლ ვაშაძე ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის სულაც არაა აუცილებელი, მისი თამაშის წესები მიიღო და წინა ხელისუფლების გამოცდილებას იხსენებს: „ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ორი რამ: საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგება და რუსეთის პრობლემების დალაგება საქართველოში. კარასინისა და აბაშიძის ფორმატი არის ბურუსით მოცული იმპროვიზებული მოლაპარაკებები, გაუგებარი მანდატით, შეუმუშავებელი ტაქტიკით და სტრატეგიით და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენ მოკავშირეებთან კოორდინაციის გარეშე დაწყებული და მათი მონაწილეობის გარეშე წარმართული... მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის სრული სამართლებრივი ანექსიის გეგმა გასაჯაროვდა, რასაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა, აღმოჩნდა, რომ, თურმე, პრაღაში ასეთი თემების განხილვაც შეიძლება. უკაცრავად, თუ ასეთ მწვავე პრობლემებზე კამათი შესაძლებელია, მაშინ რატომ დღემდე არ იყო დეოკუპაციის, ან ბორდერიზაციის საკითხი დასმული? და თუ ამ თემების განხილვა პრაღაში არ შეიძლება, რა საჭიროა ამ ფორმატის გაგრძელება, მაშინ როდესაც ჟენევის მოლაპარაკებები არსებობს? რატომ დათანხმდა ხელისუფლება, რომ პრაღასა და ჟენევაშიც რუსეთს კარასინი წარმოადგენს და საქართველოს ერთი დელეგაცია ჰყავს პრაღაში და მეორე _ ჟენევაში? არც ერთი ჭკუათმყოფელი არ არის საქართველოში, ვინც იტყვის, რომ საქართველო რუსეთთან რაიმე ფორმატში დიპლომატიური არხებით კონტაქტებს არ უნდა ახორციელებდეს. შეგახსენებთ: რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო-საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნაზე, ავიაფრენის აღდგენასა და რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. სამივე პროცესი წარმატებით დასრულდა. „ივერიის“ რიგებში არ არის ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ რუსეთთან კომუნიკაციის არხი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ არ შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებებში შესვლა მოკავშირეებთან სერიოზული კონსულტაციების, საქართველოს დელეგაციის მკვეთრად განსაზღვრული მანდატის, მკაფიოდ დასახული მიზნების, ტრანსპარენტულობისა და ობიექტური შუამავლების, ან დამკვირვებლების გარეშე. არავინ იცის, პრაღაში, სინამდვილეში, რა ხდება. კარასინი ამბობს, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენის საკითხი განიხილეს; ბატონი აბაშიძე კი ამტკიცებს, რომ ამ თემაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. რა შთაბეჭდილებას ახდენენ „ხელისუფლების“ დესპანები ამ ქაოსით საქართველოს მოქალაქეებზე, ან მოკავშირეებზე? როგორ წარმოგვიდგენია, აშშ-ს ან ევროკავშირის დიპლომატია თბილისში იფრენს პერიოდულად და გვეტყვის, გაიღვიძეთ, ნახეთ, რა ხდებაო?! ხომ განუცხადა ხელისუფლებამ მოკავშირეებს, რომ რეცეპტი აქვს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად? პასუხად მივიღეთ, _ ძალიან კარგი, მაშინ გააგრძელეთ, თქვენ თვითონ მიხედეთ თქვენს პრობლემებს. გვითხრეს და ამის შემდეგ მარტო დავრჩით პირისპირ რუსეთთან, შედეგად კი რუსეთს ჰოკეის ვეთამაშებით, ოღონდ, მსაჯის გარეშე. ასეთი გაუაზრებელი, აბსურდული საგარეო პოლიტიკა საქართველოს არასოდეს ჰქონია“, _ აცხადებს გრიგოლ ვაშაძე. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქოსდა ხილ-ბოსტნეულსა და კულტურულ ურთიერთობებზე გათვლილი შეხვედრების დაწყებიდან ცოტა ხანში ზურაბ აბაშიძემ პირდაპირ დაიწყო ისეთი განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოს მომავალს, მის საგარეო კურსს, პრიორიტეტებს უკავშირდება. მან, არც მეტი, არც ნაკლები, ისიც კი თქვა, რომ უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს ნატოს წევრებს შორის ვერ ხედავს. მოგვიანებით, მას თავისი სიტყვების განმარტება მოუხდა, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილს სჩვევია ხოლმე, როცა რაღაც წამოსცდება და მერე განმარტავს, ასე კი არა, ასე ვთქვიო. არადა, ზურაბ აბაშიძის ციტატა საკმაოდ მკაფიო იყო და ინტერპრეტაციის საშუალებას, ფაქტობრივად, არც ტოვებდა: „NAთO-საქართველოს თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში NAთO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს NAთO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“. დრომ ზურაბ აბაშიძის ამ პოზიციასაც ცივი წყალი გადაასხა _ დღეს უკვე აქტიური საუბარია არა მხოლოდ ნატოს სასწავლო ცენტრის შექმნაზე, არამედ საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზის განთავსებაზეც. თუმცა საკითხავია, რამდენადაა მზად ამისთვის ხელისუფლება? აქვს თუ არა მას ამისთვის მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ნება? თუ გავიხსენებთ, რომ აბაშიძე-კარასინის ბოლოდროინდელ შეხვედრებზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის თემამ წამოიწია, შეიძლება ითქვას, რომ შანსი მცირეა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, ნატომ სამხედრო ბაზის განთავსება მოინდომოს ქვეყანაში, რომელიც საკუთარ ტერიტორიას სატრანზიტო დერეფნად უთმობს მტრულად განწყობილ ქვეყანას არა სავაჭრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ სწორედ სამხედრო დანიშნულებით: პარტნიორი ქვეყნები სწორედ ასე აღიქვამენ რკინიგზის შესაძლო გახსნაზე საუბრის დაწყებას, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს, უმოკლეს დროში ჰქონდეს დერეფანი სომხეთში, გიუმრში განთავსებულ რუსულ ბაზასთან, რომელიც არა მარტო სომხეთზე, სრულიად კავკასიაზე კონტროლისთვისაა გათვალისწინებული. აბაშიძე-კარასინის შეხვედრების უსარგებლობაზე ექსპერტებიც ამახვილებენ ყურადღებას. მაგალითად, ლადო ჩალათაშვილი ამბობს, რომ მთელ იმ პერიოდზე, როცა აღნიშნული ფორმატით შეხვედრები მიმდინარეობდა და პრობლემა ადგილიდან არ იძროდა, ვინმე უნდა იყოს პასუხისმგებელი: „აბაშიძე-კარასინის ფორმატის შექმნის იდეის გაჩენისთანავე კომპეტენტური ადამიანების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული შეხვედრები საქართველოსთვის საფრთხეების შემცველი იყო, რადგან ერთი ერთზე ვრჩებოდით ჩვენზე გაცილებით ძლიერ მტრულ სახელმწიფოსთან და განსაზღვრული არ იყო, რა საკითხების გარშემო იწარმოებდა დიალოგი, ანუ ჩვენი ინიციატივით შევდიოდით ხაფანგში, საიდანაც მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე გამოსვლა ადვილი არ იქნებოდა. მთავრობის ფაქტობრივი და იურიდიული ხლმძღვანელების მხრიდან ორი წლის მანძილზე ისმოდა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს მოიცავდა. და ეს მაშინ, როდესაც რუსეთი ღიად ალაპარაკდა ჯერ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენა-გახსნაზე, შემდეგ საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსეთ-ირანის დამაკავშირებელი ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე, დაბოლოს „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ „ხელშეკრულების“  გაფორმებაზე. ეს უკანასკნელი კი ცალსახად საქართველოს ავტონომიური რეგიონის, აფხაზეთის, რუსეთის მხრიდან ანექსიას ნიშნავს.   აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრის შემდეგ რუსულ-ქართული ურთიერთობების დამლაგებლებმაც კი ვერ დამალეს, რომ მზადდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის, აფხაზეთის, ანექსია. ბუნებრივად ისმის კითხვა, _ ვინ არის პასუხისმგებელი დაკარგულ პერიოდზე? დიპლომატიურ პასიურობაზე? საგარეო-პოლიტიკურ იდიოტიზმზე თუ მიზანმიმართულ მავნებლობაზე? მეგობარი ქვეყნების გაცურებაზე, რომ საქართველო თავისით „ალაგებს ურთიერთობებს“ მოსკოვთან? ტყუილზე, რომ ნატო და ევრაზიული კავშირი თავსებადია? ნებისმიერ სახელმწიფოში პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, განურჩევლად იმისა, სახელმწიფო ინტერესების ზიანი სიბრიყვით მოხდა თუ ღალატით. ზიანი მიყენებულია, შედეგი დამდგარია. რუსეთ-საქართველოს ამ დიალოგის დასრულება აფხაზეთის რეგიონის სავარაუდო მიტაცებით და ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადება აფხაზთა „თვითგამორკვევაზე“, აგრეთვე, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე მთავრობის დუმილი, თუ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უპრეცენდენტოდ კრიტიკული რეზოლუცია და სხვა, ერთადერთ დასკვნას ბადებს _ საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკა დამარცხდა, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს მძიმე ზარალი მიადგა“, _ ამბობს ლადო ჩალათაშვილი, რომელიც წლებია, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემატიკაზე მუშაობს და, ამავე დროს, სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის მიერ გამოვლენილ აგრესიას აკვირდება. ლადო ჩალათაშვილი ერთადერთი არ არის, ვინც აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაში საფრთხეს ხედავს. ამავე დროს, საოცარია, რატომ დუმდნენ და დღემდე დუმან საქართველოს ხელისუფლებაში, როცა სომხეთში უკვე ღიად აკეთებენ კომენტარებს რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით და ეს ახლა კი არა, ორი წლის წინათ დაიწყეს, როცა პირველად გაიჟღერა რკინიგზის შესაძლო გახსნის შესახებ ვერსიამ.   მაგალითად, სომხეთის ეკონომიკის მინისტრ კარენ ჩშმარიტიანის განცხადებით, აფხაზეთის რკინიგზის საკითხი, სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პარალელურად, აქტუალური გახდა და მისივე მტკიცებით, ეს საკითხი განიხილება: „აფხაზეთის რკინიგზის ამუშავების საკითხი _ სომხეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს შორის საერთო საზღვრის საკითხი, განიხილება. დიახ, საკითხი განიხილება და ჩვენ მომხრენი ვართ“, _  თქვა მან და დასძინა, რომ სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რკინიგზის ამ მიმართულების გახსნით, დაინტერესება გაიზარდა სომხეთის მხრიდანაც და რუსეთის მხრიდანაც... უფრო შორს წავიდა სომხეთის პოლიტოლოგთა კავშირის თავმჯდომარე, ამაიაკ ოვანესიანი, რომელმაც თქვა, რომ ეს საკითხი არ არის განპირობებული მხოლოდ სომხეთის გაწევრიანებით ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში და ის შედის როგორც აფხაზების, ასევე რუსებისა და ქართველების ინტერესებში. ოვანესიანი აცხადებს, რომ რკინიგზის გახსნისთვის საჭირო იქნება ინვესტიციები, რადგან ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურებულია და დარწმუნებულია, რომ რუსეთი შეძლებს ამ ინვესტიციების მოზიდვას. მისი აზრით, აღნიშნული რკინიგზის მონაკვეთის გახსნას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისთვის და ამ ფაქტორებს დამატებული სომხეთის წევრობა ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ვალდებულს ხდის რუსეთს, „გამონახოს საშუალებები“, ამიტომაც სომხეთში მთავარ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა დღეს შესაძლებელია, თუ რუსეთი ამას მოინდომებს...   ლაშა ბერულავა  

გაზიარება