გამორჩეული გარეგნობისა და ცხოვრების განსხვავებული სტილის მაღალი, ქერა ქალბატონი სლავური ცხვირით, მუქი ფერის კანითა და დახვეწილი ნაკვთებით! _ მისი ინტერესის სფერო ახლა კედლის ინსტალაციებია. სხვადასხვა ფერის ნატურალური ქვებისა და ლითონისგან, ფერადი მინებისა და ბევრი სხვა მასალისგან ისეთ ნამუშევრებს ქმნის, რომელიც ერთადერთია და არ მეორდება. სწორედ ამან მიგვიყვანა ნატალიასთან.
მასზე საქართველოში ბევრმა, უბრალოდ, არ იცის. არ იცნობენ იმიტომ, რომ როგორც თვითონ ამბობს, ყვირილი და საზოგადოებაში გამოჩენა დიდად არ უყვარს. არადა, ის არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა ოკეანის გადაღმა, ამერიკაში ხელოვნების ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე წარადგინა. მისი ნამუშევრები სნუპ დოგის, ბითსი ქოლინზის, ლორენ ჰილის, ქვინსი ჯონსის, ნიკ ვესტისა და სხვა ბევრი წარმატებული ადამიანის კოლექციას ამშვენებს.
ახლა საქართველოშია, რამდენიმე დღეში ამერიკაში აპირებს გამგზავრებას, გეგმები კი დიდია.
დღეს „ქრონიკა+“-ს მისი გაცნობის პატივი აქვს _ ნატალია კლდიაშვილი:
_ ნატალია, მოგვიყევით თქვენზე.
_ ხელოვნებასთან ჩემი კონტაქტით დავიწყებ და ვიტყვი, რომ 17 წლისამ თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, 21 წლის ვიყავი, როცა სწავლა დავამთავრე. ამის შემდეგ, 22 თუ 23 წლის ვიყავი, როდესაც ზაფხულში ზღვიდან ჩამოვედი და მახსოვს, უამრავი ფერად-ფერადი კენჭი ჩამოვიტანე. მაგიდაზე რომ ამოვყარე, ყველა ერთად გადმოცვივდა და სველი, ფერადი კენჭებისგან ძალიან ლამაზი სურათი შეიქმნა. მომინდა, რომ ასევე დარჩენილიყო. ავიღე წებო და ვიღაცის ძველი ტილოს ნახატი, რომელიც გადავღებე და ქვების აწყობა დავიწყე. სამზარეულოში ვიყავი და, ფაქტობრივად, მისვლის წამიდან იქიდან არ გამოვსულვარ. გავიხედე და წიწიბურა ვნახე, ცოტა ბრინჯიც იყო, გატეხილი პატარა სარკე, რაღაც გაწყვეტილი მძივი და იქვე, მთელი პალიტრა გავაკეთე სპონტანურად და ძალიან მოულოდნელად. დღესაც მაქვს ის ნამუშევარი და ვერავინ ხვდება, რით გავაკეთე. მას შემდეგ 27 წელიწადი გავიდა.
მერე დავფეხმძიმდი, ამ საქმის კეთებას თავი დავანებე და როგორც მალე გაჩნდა ეს იდეა, ისევე მალე მივივიწყე.
მყავს 22 წლის ბიჭი, რომელიც ტექნიკურ საკითხებში ძალიან ნიჭიერია. მე ძალიან არამატერიალისტი ვარ და ის ცოტა მიწაზე მსვამს ხოლმე, ერთმანეთს ვაბალანსებთ. საერთოდ, თუ რამე არ მესმის, მასთან გავდივარ და მეხმარება. ძალიან კარგი შვილი მყავს, ყველაზე დიდი შედევრი, რაც ცხოვრებაში შემიქმნია, სწორედ ისაა, არა იმიტომ, რომ ჩემია, არამედ იმიტომ, რომ მართლა კარგი ადამიანია. ეს რამდენიმე სიტყვით მასზე. მისი დაბადებიდან ბევრი წელი გავიდა და ისე მოხდა, რომ მამაჩემის მეგობარმა ეს ნამუშევარი ნახა და მთხოვა, ისევ მსგავსი რამ შემექმნა და ორი ინსტალაცია შემიკვეთა ამ სტილში. დაახლოებით, 20 წელი იყო გასული. ორივე ამუშევარი გავაკეთე. როგორც კი დავამთავრე და ანაზღაურება ავიღე, მივხვდი, რომ ვეღარ ვჩერდებოდი. ძალიან დიდ სიცარიელეში დავრჩი. მერე დავიწყე და გაგრძელდა...
სხვადასხვა სტილის ძალიან ბევრ ნამუშევარს ვაკეთებდი, მერე ეს კოლექცია შევკარი და პირველი ექსპერიმენტული გამოფენა გავაკეთე ამ ნამუშევრებით, მაინტერესებდა, თუ როგორ მიიღებდა ხალხი. აღმოჩნდა, რომ გამოფენამ ძალიან დიდი წარმატება მომიტანა, უკვე ჩამოვყალიბდი, სხვანაირად შევხედე ყველაფერს და მეორე დიდი გამოფენა გავაკეთე. ეს იყო „პლანეტები“, რომელიც აშშ-ში წავიდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დღემდე აქვს.
როცა პირველ გამოფენას ვაკეთებდი, ბოლო ნამუშევარი შევქმენი სახელწოდებით „მზე“ და როცა ამას ვაკეთებდი, ვამბობდი, რომ ეს არის ამ გამოფენის დასასრული და შემდეგი გამოფენის დასაწყისი. ვამბობდი, რომ ეს „მზე“ მოიტანს იმ ენერგიას და იმ ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს შეაფასებს, შეფუთავს და უფრო ფართო აუდიტორიას წარუდგენს _ ზუსტად ასე მოხდა, აქ, ოთახის ბოლოში ეკიდა „მზე“, როცა იგი დავითმა შეამჩნია, რომელიც ძალიან დიდი ხანია, ბავშვობის მერე საქართველოში არ ჩამოსულა, _ ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვარია, ის ახლა ჩემი არტდირექტორი და კურატორია. ყველა გამოფენა, რომელიც მექნება და მანამდეც მქონდა, მისი დამსახურებაა. სწორედ მან დაინახა ეს ნამუშევარი და აქედან დაიწყო ყველაფერი: შემოვიდა და თქვა, _ ჩამოხსენით ნამუშევარი, ვყიდულობო. ფასიც კი არ უკითხავს, მაშინვე მითხრა, _ მაჩვენეთ, რას აკეთებთო. როცა ჩემი ნამუშევრები ვაჩვენე, მითხრა, რომ ამ კოლექციით ერთ წელიწადში „ჰემპტონში“ფურორით გავიდოდით. მართლაც, ერთ წელიწადში ეს კოლექცია იქ წავიდა და ჩემი გვარი ენდი ვორჰოლის, პიკასოსა და მსგავსი შემოქმედების სიაში იყო მოხსენიებული. ამ გამოფენაზე მოხვედრის პრინციპი კი შემდეგია: 100 საუკეთესო გალერეა მსოფლიოს ქვეყნებიდან წარადგენს 100 საუკეთესო ხელოვანს თავიანთი გალერეიდან აშშ-ში, „ჰემპტონში“. მეც აქ წარმადგინეს, პირდაპირ უმაღლეს საფეხურზე მოვხვდი, არადა, ძალიან ბევრი რამ უნდა გაიარო, რომ იქ მოხვდე. სამწუხაროდ, საბუთების გამო მე თვითონ ვერ წავედი და გამოფენამ უჩემოდ ჩაიარა, მაგრამ გამოხმაურება კარგი იყო, ჟურნალისტებთან ბევრი არ მილაპარაკია, არ მიყვარს ხოლმე გამოსვლები და ყვირილი, ვისაც აინტერესებდა, ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით ნახა, ვისაც _ არა, იმას არ უნახავს.
_ რა იყო ის სირთულეები, რომელიც გზად შეგხვდათ?
_ ცხოვრებისეული ძალიან ბევრი იყო და აქამდე ვარდისფერი ღრუბლებით არ მოვსულვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც მიყვარდა და ჩემს სულში კარგი იყო და არის, ყველაფერი ამოვიღე და მაყურებელს გადავეცი.
_ რა არის თქვენი ინსპირაცია?
_ სულ კოსმოსის თემაში ვარ, იმდენი რამე ხდება ირგვლივ, თუნდაც ახალი გრავიტაციული ტალღები, რომელიც ახლა აღმოაჩინეს, ეს ყველაფერს ცვლის, მთელი სამყაროს ისტორიას ატრიალებს. მეცნიერულ დასკვნებს ყოველთვის ვეცნობი, ყველაფერი მაინტერესებს კოსმოსზე, თუმცა იმიტომ არა, რომ ამის მიხედვით ავაწყო რამე, უბრალოდ, მოდის იდეები, ზოგჯერ ძალიან ღრმად, კვანტურ დონეზე შევდივარ. მეხუმრებიან ხოლმე, დაანებე თავი ხელოვნებას და მეცნიერი გახდიო _ მეცნიერობა ხმამაღალი ნათქვამია, რა თქმა უნდა, მაგრამ ცარიელი ფურცლიდან არ ვაკეთებ ხოლმე არასდროს.
_ რა იყო გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ? რას შეცვლიდით?
_ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერს შევცვლიდი და არაფერს, რადგან რაც გავაკეთე, ამ გადმოსახედიდან თითქმის ყველაფერი არასწორი იყო. არ უნდა გამევლო ისეთი მძიმე ცხოვრება, რაც გავიარე და ეს მე თვითონ გავაკეთე, თვითონ ავირჩიე რთული გზა, რომლის გავლაც დიდი ნერვებისა და წლების ხარჯზე მოვახერხე, მაგრამ არასდროს არაფერი მინანია. ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი ერთმანეთის მიყოლებითაც კი, მაგრამ ამ შეცდომებმა მომიყვანა დღეს აქამდე, ამიტომ არაფერს შევცვლი.
_ ვისთვის და რა არ გენანებათ ხოლმე?
_ არავისთვის არაფერი მენანება და ეს თუ არ შევაჩერე, არ ვიცი, სადამდე მივალ. ყველაფერს უანგაროდ გავცემ ხოლმე და ეს ჩემთვის იმხელა სიამოვნებაა, იმდენად ვივსები, რომ ძალიან დიდხანს მიმყვება. როცა გასცემ _ კოსმოსი თვითონ ათმაგად გიბრუნებს უკან.
სულ ასეთი ვიყავი, რაც თავი მახსოვს და არ მესმოდა, უბრალოდ, რატომ შემეძლო უანგაროდ გამეცა ყველაფერი. არ მახსოვს, რამე ისე გამეკეთებინოს და ათმაგად არ დამბრუნებოდეს. ეს ბუმერანგია, ცუდს თუ გაისვრით, ცუდი მოვა გაათმაგებულად, კარგს თუ გაისვრით _ კარგი. ამიტომ გაეცით მეტი.
_ ვის ჰგავხართ?
_ მაგაზე არ მიფიქრია, ალბათ, „ქარწაღებულნის“ სკარლეტს. ისიც ვერძია, მეც ასე ვარ და ვადარებდი თავს. ის ძალა, რაც ვერძს აქვს, რომ თავიდან დაიწყოს ყველაფერი და დამწვრიდან ააშენოს რაღაც, მეც მაქვს. ბოლო წამამდე ვიბრძვი ყოველთვის და სხვებსაც ვეხმარები. ამიტომ ყველა, ვინც მყავს, როცა ჩემთან მოდის, იცის, რომ ისე დავუხატავ თავის პრობლემას, ისე გადავუკეთებ ხოლმე ყველაფერს, რომ, თურმე, პრობლემა არც ყოფილა.
ზოგადად, სასაცილოც ვარ, ტრაგიკულიც, გიჟიც ვარ, უხეშიც ვარ. _ ნამუშევრების შექმნის დროს რამეს თუ უსმენთ?
_ გაგიკვირდებათ და ტექნოს. მუსიკა, სადაც სიმღერის ტექსტი ჟღერს, კონცენტრაციას მაკარგვინებს, ამიტომ სულ ტექნო მაქვს ჩართული ერთ ხმაზე, არ მაფიქრებინებს არაფერზე, მთიშავს და თან, როცა ვიღლები, ცეკვას ვიწყებ _ ვისვენებ.
_ თქვენთვის რა არის ყველაზე ძვირფასი თვისება ადამიანში?
_ ერთგულება ყველაფერში: საქმეში, მეგობრობაში, სიყვარულში.
_ რისთვის იბრძვით?
_ სამართლიანობისთვის და ყოველთვის ასეა. ჩემში ეს გრძნობა გაასმაგებულადაა. არ აქვს მნიშვნელობა ვისთვის, შეიძლება, ვიღაც უცხოსთვის, მაგრამ მაინც სამართლიანობისთვის ვიბრძვი.
_ ვინ გენატრებათ?
_ ოჯახის წევრები და მეგობრები, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.
_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?
_ ტყუილი, სულ იმის შეგრძნება მაქვს, რომ როცა მატყუებენ, შეურაცხმყოფენ. ყველანაირი სიმართლე მირჩევნია ტყუილს.
_ იმ სისტემაში რას შეცვლიდით, რაც გაწუხებთ?
_ ძალიან მომწონს ახალი თაობა და მიმაჩნია, რომ შეუძლებელია, მაგრამ, მაინც, ისინი მოახერხებენ, შეცვალონ და მოაწესრიგონ ეს სისტემა. ბევრი, თითქმის, ყველა ჩვენი თანამედროვე დამოკიდებულია და ჩამოკიდებული მაინც მატერიალურ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, რომელიც უნდა დაინგრეს და სრულიად ახალი სამყარო შეიქმნას. ეს ქართული სნობიზმი უნდა მოისპოს, ჩემი სული არის სრული ჰიპი, მეტი თავისუფლება! ყველას თავისი ცხოვრება და არჩევანი აქვს, მაგრამ რჩევა იქნება _ მოიცილონ ეს მძიმე ცხოვრება და მატერიალისტები არ იყვნენ. მსუბუქად ცხოვრება სულ სხვა რამეა.
_ ხელოვნება რა არის?
_ ჩემი სულიერი მდგომარეობა, რასაც მე ვგრძნობ და გადმოვცემ ფერებით, ფაქტურებით, იმით, რაც მხვდება, ჩემი ინსტალაციებით ჩემი სული რეალიზდება.
_ თქვენთვის სამაგალითო ვინ არის?
_ ჩემი შეცდომა. აბსურდია, ვინმეს ვუყურო. ადრე, შეიძლება, დედას და ბებოს ვუყურებდი და მათზე ვსწავლობდი, მაგრამ მაინც ჩემებურად ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა.
_ საკუთარი თავი იპოვეთ?
_ არა, მას უკანასკნელი ამოსუნთქვისას ვიპოვი, ალბათ, ამ ქვეყნიდან წასვლის წინა წამს.
_ პარალელური განზომილების გჯერათ?
_ კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, საინტერესო პროექტი მინდა გავაკეთო ამსტერდამში, ეს მინდა გავაკეთო ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ თავს და საკუთარ ვარსკვლავს ეძებენ. მინდა, წითელ ქუჩაზე გავხსნა იგი, იქ, სადაც ადამიანები სიყვარულის საყიდლად ჩადიან.
_ რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად?
_ ჩემს ნამუშევრებზე. თუ შეყვარებული ვარ, შეყვარებულზე, მაგრამ შეყვარებული სულ ვარ ხოლმე. გამორიცხულია დღე და წუთი, როდესაც შეყვარებული არ ვიყო. შეიძლება, გვერდით არ მყავდეს, მაგრამ მაბედნიერებდეს, რომ სადღაც არსებობს.
ზოგჯერ იმის ხალისი მაღვიძებს, რომ ნამუშევარი უნდა გავაკეთო...
_ კმაყოფილი ხართ ხოლმე ნამუშევრით?
_ ბოლომდე არა, იმ მომენტში რასაც ვაკეთებ და ვიღებ, იმით _ კი, მაგრამ მეტი შემიძლია გავაკეთო. არ არსებობს სრულყოფილი, ყოველთვის განვითარება მჭირდება.
_ რა გეამაყებათ?
_ ის, რასაც ვაკეთებ _ ჩემი ხელით, ჩემი შრომით, ჩემი გონებით და პიროვნებით შემიძლია, ჩემივე ახალი პროდუქტი შევქნმა. მე ეს ძალიან მავსებს და მეამაყება. ასევე მეამაყება და ბედნიერი ვარ, რომ მყავს ასეთი კარგი შვილი, რომელსაც ჰყავს მეგობრები, რომლებიც ბევრად ჩემზე უკეთესები არიან და ადამიანები, რომლებიც ძალიან მავსებენ და ეს მაბედნიერებს.
_ სიცარიელეს გრძნობთ ხოლმე?
_ არასოდეს, რადგან ასეთი დრო არ მქონია. ან ჩემს საქმეს ვაკეთებ, ან შეყვარებულთან ვარ, ან მეგობრებთან, ან შვილთან, ან მშობლებთან, ან მარტო ვარ და სულელურ ფილმებს ვუყურებ. იქაც ბედნიერი ვარ. ბევრ რამეს ვაკეთებ და დროც არ მაქვს სიცარიელისთვის. პანიკა მაქვს ხოლმე დროსთან დაკავშირებით და სულ ვცდილობ, ტყუილად ერთი წამი მაინც არ გავიდეს, არ დავკარგო.
_ გგონიათ, რომ ადამიანიც პატარა კოსმოსია?
_ რა თქმა უნდა. ყველა ადამიანი სამყაროა, გააჩნია, რა მიმართულებით წაიყვან თვითონვე შენს თავს, რადგან ატომისგან შევდგებით და იქ ყველაფერი ბრუნავს, ესეც ილუზიაა, ჩვენ თვითონვე შეგვიძლია შევიქმნათ ჩვენივე სამყარო ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს და ამას სიმძიმისგან განთავისუფლება სჭირდება.
ხშირად მხოლოდ იმით ვყოფილვარ გახარებული, რომ მზე დამინახავს. არ შეიძლება, ადამიანი კონკრეტული ნივთებით ხარობდეს: მანქანით, სახლით, მობილურით და ა. შ. ადამიანი ყველაფრით უნდა ხარობდეს, გრძნობებს აქვს აზრი, დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.
_ გგონიათ, რომ ამოუწურავი ხართ?
_ კი, უსასრულობა ვარ. ყველა ადამიანი ასეა, ზოგი თვითონვე იკეტება, არადა, ნამდვილად უსასრულობა ვართ.
_ ვინ არის ნატალია კლდიაშვილი?
_ დრო გვაჩვენებს, ბევრი ვინმეა: დედა, მეგობარი, საყვარელი, მხატვარი, ბევრი ვიღაცაა, მაგრამ რაღაც ერთი _ არა. ყოველ შემთხვევაში, დრო გვაჩვენებს, თუ ვინ არის სინამდვილეში.
_ შინაგანად რამდენი წლის ხართ?
_ ჩემი შვილის ტოლი, 22 წლის, ალბათ.
_ რა არის სილამაზე?
_ სულიერი მდგომარეობა, სიკეთე. ადამიანების ურთიერთდამოკიდებულება, ანუ როგორ ექცევი მათ და როგორ გექცევიან ისინი შენ.
_ როდის ისვენებთ?
_ როცა ღამის 2 საათის შემდეგ შევდივარ კლუბში, ამ სამყაროს რომ ვტოვებ და სხვაგან გადავდივარ, აი, ზუსტად მაშინ ვისვენებ, იმიტომ, რომ ვიფანტები, არაფერზე ვფიქრობ.
_ სამომავლო გეგმა?
_ ახლა ამერიკაში მივდივარ, მაგრამ წინასწარ არაფერს ვიტყვი, რადგან ეგ უკვე ცალკე თემაა და გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება.
_ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?
_ დაივიწყეთ ყველაფერი მატერიალური და გახსენით კოსმოსისკენ გზა, არხი. განთავისუფლდით ყველანაირი სიმძიმისგან და დანარჩენი თავისით მოვა. გაეცით რაც შეიძლება მეტი. თუ არ შეგიძლიათ გასცეთ მატერიალურად, მაშინ გაეცით სიყვარული, მუსიკა, ათასი რამე, რაც ადამიანმა შეიძლება გააკეთოს.
ამ ქვეყანაზე არაფერი ტყუილად და უშედეგოდ არ ხდება. ძალიან დიდი შრომის, დიდი სურვილის ფასი ყოველთვის სრულდება. კარგ ენერგიას კარგი ენერგია მოაქვს _ დაიჯერეთ და ყველაფერი კარგად იქნება.
ნატალია თავის ნამუშევრებთან დავტოვე, რომელთაგან ერთი _ „შავი ხვრელი“, უბრალოდ, თვალს მჭრიდა მთელი ინტერვიუს მსვლელობისას. წამოსვლისას ვფიქრობდი, რატომ არ ვიცნობდით მას აქამდე? ის ხომ იმ ენერგიის მატარებელია, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას. მიხაროდა, რომ ქართველი დედა ბევრ სტერეოტიპს არღვევს და იბრძვის სიყვარულისთვის, წარმატებისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი სახელი არაერთხელ გაჟღერდება.
„ქრონიკა+“-ის მკითხველი კი მომდევნო ნომერში მორიგ საინტერესო პერსონას გაიცნობს.
ნინო ტაბაღუა