QronikaPlus
გაუქმებული პასპორტი და ჩამორთმეული სახელი?!

გაუქმებული პასპორტი და ჩამორთმეული სახელი?!

2017-02-11 07:46:24

ქუჩაში შემხვდა, გამაჩერა და მკითხა: _ აღარ გახსოვარ? გავიოცე, _ არა-მეთქი. სახელი და გვარი მითხარით. _ აღარ მაქვს, _ აი, ასე მიპასუხა. მართლა ვერ მივხვდი, რას მეუბნებოდა... _ ხო, ჩამომართვეს სახელი, გამიუქმეს პასპორტი, შემიწყვიტეს პენსიაც და სოციალური დახმარებაც, სახლიდანაც გამომაგდეს, სადაც დავიბადე და დავბერდი... _ სად ცხოვრობთ? _ ვიკითხე გაოცებულმა. _ სამი თვე ფანჯრიდან გადავდიოდი და ისე მეძინა იქ, მერე ისევ გამიხსნეს კარი და ახლა კი იქ ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი არ არის, ასე მეუბნებიან... _ სახლი თუ არ გაქვთ, რა უნდა ქნათ? _ ასეთი გაოცებული არასდროს ვყოფილვარ. მან კი მშვიდად მიპასუხა: _ სახლს ვინ ეძებს? სახელს ვითხოვ, ჩემს სახელს, სახელის დაბრუნება მინდა და პასპორტი. მოკლედ, შევთანხმდით, რომ შევხვდებოდი. შევხვდი. პირველი, რაც მომაწოდა, თავისი პირადობის მოწმობა იყო. მე ამომრჩეველთა ერთიან სიაში დავძებნე, ისევ ეჭვი მიპყრობდა, რომ ვიპოვიდი, მაგრამ ამაოდ! _ ბაზაში არ მოიძებნა. გაიცინა და მითხრა: _ მეძებ, ხომ? თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მან კი გაიცინა და მიპასუხა: _ ხო, მეც ვეძებ ჩემს არსებობას ამდენი ხანია. მერე დაბადების მოწმობა მომაწოდა. ხელში მეჭირა თხელი, გაცრეცილი ქაღალდი, სადაც, ჯერ კიდევ, ნახევარი საუკუნის წინ დაწერილი მელნით ეწერა, ანუ მაშინ, როცა ე. წ. პასტა-საწერკალამი ჯერ არ არსებობდა. დაკვირვებით დავათვალიერე. მერე საბჭოთა პასპორტიც მომაწოდა. მე იმასაც ვათვალიერებდი, ყველგან ერთი და იგივე გვარ-სახელი ეწერა. მერე შრომის წიგნაკი ორი გვარით. უკვე ქორწინების გვარი აეღო, მერე განქორწინების დოკუმენტი _ იქაც იგივე ეწერა, უბრალოდ, ქორწინების გვარი დაეტოვებინა. მე კიდევ ერთხელ ვცადე დამეძებნა საარჩევნო სიაში საქართველოს მოქალაქე ნათელა ბეჟანიშვილი, მაგრამ ამაოდ! _ ვერსად ვიპოვე. და როცა დარწმუნდა, რომ მართლა ვერსად ვიპოვე, მაშინ ამბის მოყოლა დაიწყო... დაიბადა 1952 წლის 2 იანვარს. დედამ და მამამ ნათელა დაარქვეს. რადგან მამა და დედა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ, უბრალოდ, ხელი არ ჰქონდათ მოწერილი, ნათელას დედის გვარი არგუნეს სოფელ სანვირის სოფლის საბჭოში და აი, ასე გახდა ჩვილი ნათელა ბეჟანიშვილი. გაიზარდა, სკოლაც დაამთავრა, მუშაობაც დაიწყო, შრომის წიგნაკიც აიღო, პასპორტიც, გათხოვდა კიდეც და არასდროს გასჩენია კითხვა, იყო თუ არა ნათელა?! ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა. მალე მათი თანაცხოვრებაც დაინგრა და ნათელას მეუღლისგან დარჩა გვარი ბასილაშვილი. როგორც ჰყვება: _ ვინმე ქმრის გვარზე რომ მომდავებოდა, მესმის, მაგრამ გავიდა წლები და ჩემი სახელი გახდა სადავო. 65 წელია, დედამიწაზე ვარსებობ, ყველა საბუთი მაქვს, სადაც ნათელად ვიწოდები. ასევე ყველამ იცის, რომ ნათელა მქვია. სხვა ზედმეტი სახელითაც კი არავის მოუმართავს. დედა 2002 წელს გარდამეცვალა, ჩემთან ერთად ცხოვრობდა დღევანდელ ჩემს საცხოვრებელ სახლში. დედის წილი ქონება მე დავირეგისტრირე მისი გარდაცვალების შემდეგ. ჩემი ძმა აქ არ იყო იმ დროს. არც მიფიქრია, რომ რამეს მეტყოდა, რადგან დედას მე ვუვლიდი... ანუ ამით რას ვყვები: ამქვეყნად თუ რამე მქონდა, ჩემს სახელზე იყო გაფორმებული. 2012 წლის 27 დეკემბერს პოლიცია მოვიდა და სახლიდან გამასახლა. მე არ ვარსებობდი და ჩემს სახელზე რიცხული ქონებაც არსად იყო. მალე ამას მოჰყვა ის, რომ სოციალურმა სამსახურმა დახმარება და პენსია ერთდროულად შემიწყვიტა. პასუხი ერთია: თქვენი პირადი ნომერი არ იძებნება. აი, ასე დავდივარ წლებია და ვითხოვ: დამიბრუნეთ და აღმიდგინეთ პირადობა! მე წერილებს ვწერ, ისინი _ პასუხებს. _ სად წერთ წერილებს? _ პროკურატურაში, საჯარო რეესტრში, მინისტრთან, გუბერნატორთან, ყველგან. პასუხი ასეთია: თელავის სამოქალაქო სამსახურის რეესტრის უფროსი, ეკა ჩაველაშვილი, მწერს, რომ ვარ არა ნათელა, არამედ თამარი, ამიტომ მე უნდა მივმართო და შევიცვალო ჩემი სახელი. ახალი პირადობა უნდა გასცენ. _ და თუ ამით დაიბრუნებთ თქვენს სტატუსს, მიიღებთ პენსიას, ხელს რა გიშლით? _ როგორ?! ხელში მიჭირავს ყველა დოკუმენტი, სადაც შავით თეთრზე წერია, ვინ ვარ, ყველა შეამოწმონ, როგორ უნდა გავაყალბო ეს დოკუმენტები? ეს ერთი. მეორე, _ იმ შემთხვევაში, თუ მე სხვა სახელი მექნება, რატომღაც, თამარი, მაშინ დედის მიერ მიღებულ მემკვიდრეობას აღარ მომცემენ. ჩემთან რამდენიმე ადამიანი იყო და მითხრა, რომ თუ ამ სახლს დავთმობდი, რომელიც თელავის ცენტრში სკვერის წინ მდებარეობს, დავა არ მექნებოდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. _ ვინ იყვნენ? _ მე მათ არ ვიცნობ, მოვიდნენ და მითხრეს, მე უარი ვთქვი. სამაგიეროდ, ამის მერე შემიწყდა პენსია, სოციალური დახმარება. დოკუმენტებს თავად ხედავთ. ამის მერე, უკვე ჩემგან დამოუკიდებლად, თელავის სამოქალაქო სამსახურის რეესტრი იწყებს ე. წ. გამოძიებას. მიდგენენ, რომ მე არ ვარ ნათელა და ვარ თამარი. მიკეთებს შესწორებას, რომ მამაჩემის სახელიც არასწორია და არის შალვა. ამ გადაწყვეტილებას მიგზავნის თელავი, ბიბერახის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აი, ასე აწერია წერილს. _ უკვე რამდენი ხანია, პენსიას არ იღებთ? _ ნოემბერში უკვე ვერ მივიღე. მერე წერილობით მივმართე და მომწერეს, რომ: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გაუქმებული გაქვთ პირადობის მოწმობა 2014 წლის 2 ივნისიდან. შესაბამისად, 2016 წლის პირველი ნოემბრიდან შეგიწყდათ სახელმწიფო პენსიის ჩარიცხვა. ასე რომ, სახელთან და პირადობასთან ერთად აღარც პენსია მაქვს. ყველაზე ირონიული, იცით, რა არის?! _ როცა პირადობის მოწმობა ავიღე, იმ მოწმობის ვარგისიანობასაც, რომ ნამდვილი იყო და მე მაშინ ნამდვილად ნათელა ვიყავი, ეკა ჩაველაშვილი აწერდა ხელს და დღესაც, როცა წერილებს მწერს, რომ მე ნათელა არ ვარ, თამარი ვარ და ის პირადობის მოწმობა არასწორად იყო გაცემული, იმასაც ისევ ეკა ჩაველაშვილი აწერს ხელს!!! როგორც უნდა, ისე ჭრიან და კერავენ! _ იურისტებისთვის თუ მიგიმართავთ? _ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ვიყავი, გაოცებულები არიან. ბოლოს ყველა იმას მეუბნება, _ მიდი, დათანხმდი და სახელი თამარი დაირქვიო. მეცინება და თან მეტირება, _ 65 წლის ასაკში ახალი სახელი დამიდგინა სახელმწიფომ, პირადობა გამიყალბა და წამართვა, სახლიდან გაძევების მსხვერპლი გავხდი. ამ დროს ხელთ მიჭირავს 65 წლის მანძილზე არსებული ყველა დოკუმენტი, სადაც არსად ვწერივარ, რომ ნათელა არ ვარ. _ ჩვენ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ? _ ჩემი მოყოლილი თავისი დოკუმენტებით გამომიქვეყნეთ და თეა წულუკიანს გადაეცით ჩემი სახელით. მე იუსტიციის სახლში მამცირებენ, დამცინიან, ერთი უბედური ქალი ვარ, ჩემი პენსიით ჩემს შვილიშვილებს ვეხმარებოდი. ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში როცა წავალ, იქ მე მიქელ-გაბრიელი პასპორტსა და პირადობას არ მომთხოვს, მაგრამ სანამდე ამ ქვეყანაზე ვარ, გამაგებინეთ, რატომ არ მაძლევთ კუთვნილ სახელსა და გვარზე პირადობის მოწმობას?!! ვის აქვს მთავარი ინტერესი, რომ გავქრე?!! გამაგებინეთ, ან აღმიდგინეთ ჩემი პირადობა, რომ პენსია მაინც მივიღო 65 წლის თავზე სარჩოდ, ან არადა, ქალბატონო თეა, გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!   მაკა მოსიაშვილი    

გაზიარება