ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მისი ცნობით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ შესული 2077 განცხადება „იცდის“, რაც მცირედით ჩამორჩება 2015 წლის მაჩვენებელს (2,154 საქმე). სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების ამ რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და ქვეყანათა ტოპათეულში შედის.
ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნის მიმართ, ჯამურად, სტრასბურგის სასამართლოში 79 750 საქმე „იცდის“. წინა წელთან შედარებით დაგროვილი განცხადებების რიცხვი 23%-ით გაიზარდა. სასამართლოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, 2016 წელს აპლიკაციების ზრდა უკავშირდება ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს დაპატიმრების პირობებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებს სასამართლო პრიორიტეტად მიიჩნევს. 2016 წლის ბოლოს ასევე გაიზარდა სასამართლოში თურქეთის წინააღმდეგ შესული განცხადებების რიცხვი. იმ 79,750 განცხადებას შორის, რომელიც, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასამართლოს მიერ განხილვას ელოდება, ყველაზე მეტი საქმე (18,171 საქმე, 22.8%) უკავშირდება უკრაინას, 12,600 _ თურქეთს, (15.8%) ხოლო 8,950 _ უნგრეთს (11.2%).
2016 წელს სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის 993 გადაწყვეტილება გამოაცხადა, აქედან 829 (83.5%) შემთხვევაში სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, მინიმუმ, ერთი დარღვევა დაადგინა. ქვეყნებს შორის, რომლებსაც 2016 წელს სასამართლომ ერთი დარღვევა მაინც დაუდგინა, პირველ ადგილზეა რუსეთი (222 გადაწყვეტილება), მას მოსდევს თურქეთი (77), რუმინეთი (71), უკრაინა (70), საბერძნეთი (41) და უნგრეთი (40).
2016-ში საქართველოს წინააღმდეგ არსებულ საქმეებს შორის სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ 4 გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დარღვევები ოთხივე საქმეში აღმოაჩინა. სასამართლოს განცხადების თანახმად, დარღვევები ეხებოდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევას, თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას.
ევროსასამართლოს ისტორიაში, 1959 წლიდან 2016 წლამდე, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში სასამართლომ, სულ, 68 გადაწყვეტილება გამოიტანა, საიდანაც 52 საქმეში დარღვევები დაადგინა.
არის თუ არა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის პირდაპირი ინდიკატორი? ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში შექმნილ ქაოსზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს? არის თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობისთვის შესაფერისი კანდიდატი მანანა კობახიძე?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება იურისტი ლევან ალაფიშვილი:
_ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები პირდაპირი ინდიკატორი, რა თქმა უნდა, არ არის ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, შესაბამისად, მტკიცებითი ფორმატით რაიმე დასტურის გაკეთება სერიოზული არ იქნება, მაგრამ შეიძლება იმაზე მსჯელობა, თუ რას გრძნობენ და ფიქრობენ მოქალაქეები, როგორ აღიქვამენ ისინი საკუთარ უფლებრივ მდგომარეობას? როგორ აღიქვამენ სახელმწიფოს, უზრუნველყოფს თუ არა იგი ადამიანის უფლებათა დაცვას? პოულობენ თუ არა სამართალს ქვეყნის შიგნით? მოგეხსენებათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე წარიმართება მას შემდგომ, რაც ქვეყანაში უფლების დაცვის ყველა საშუალება ამოიწურება. ამ კონტექსტში რიცხოვნობის ზრდა, რა თქმა უნდა, იმასაც მიანიშნებს, რომ მოქალაქეთა ცნობიერება იზრდება, _ შეიძლება, უსაფუძვლო სარჩელიც იყოს, მაგრამ რაზედაც ნამდვილად შეგვიძლია მსჯელობა, ეს არის აღქმა, რა გრძნობა აქვთ მოქალაქეებს და რამ განაპირობა მიმართვა ქვეყნის გარეთ ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის საკუთარი უფლებების დასაცავად? გავიხსენოთ, რომ სტრასბურგში მოპასუხე მხარე არის სახელმწიფო, ანუ მოქალაქე სახელმწიფოს უჩივის იმისთვის, რომ მან ქვეყნის შიგნით არ უზრუნველყო ამ ადამიანის უფლებრივი დაცვა. ხელისუფლებისთვის ეს არის ინდიკატორი, მისი ქვეყნის მოქალაქეები ადამიანის უფლებებს ასე აღიქვამენ. შეიძლება, ხელისუფლების სხვადასხვა შტო სასამართლო სისტემასთან ერთად იყოს, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოები, მაგალითად, მუნიციპალიტეტი, სამინისტრო, თუ სხვა ცენტრალური ორგანო, გარდა იმისა, რომ მას მმართველობითი ფუნქცია აქვს, ასევე ევალება, რომ თავისი საქმიანობა კანონის შესაბამისად წარმართოს. სანამ დარღვეული უფლება იჩენს თავს და პროცესები სასამართლოში წარიმართება, თვითონვე უნდა უზრუნველყოს უფლებების აღდგენა, ეს არის საჯარო მმართველობის პრინციპი. რეალურად, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ _ სტრასბურგში საქმეების მატება ინდიკატორია მოქალაქეთა აღქმისა, მათი დამოკიდებულებისა საკუთარი ხელისუფლების მიმართ, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა, მოქალაქეთა, გადასახადის გადამხდელთა უფლებების ჯეროვან დაცვას.
_ ბატონო ლევან, როდესაც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კუბლაშვილი თანამდებობას ტოვებდა, განაცხადა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებლობის ძალიან მაღალ საფეხურზე. როგორი პოლიტიკური ძალაც არ უნდა მოვიდეს, ან ძალთა როგორი განლაგებაც უნდა იყოს პარლამენტში, არსებულ გარანტიებს ვერავინ შეეხება. თუმცა კუბლაშვილის შემდეგ სასამართლო სისტემა ბევრჯერ მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ _ თუნდაც, მურუსიძის თემა; რამდენიმე დღის წინ შევიტყვეთ, რომ ორმა მოსამართლემ პროკურატურას მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით მიმართა. როგორია თქვენი პოზიცია, _ სასამართლოში შექმნილ ქაოსზე პასუხისმგებლობა უზენაესი სასამართლოს დღევანდელ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს არ ეკისრება?
_ იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციით და კანონითაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია კონკრეტულადაა განსაზღვრული და მას არ აქვს ადმინისტრაციული ფუნქცია მთლიან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, არ აქვს ფუნქცია რეგულაციის დაწესებისთვის საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე აქტებისა, რა თქმა უნდა, პირდაპირი მსჯელობა მის პასუხისმგებლობაზე არ იქნებოდა სწორი და სერიოზული, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ, რეალურად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის იმ კორპორაციის, საკმაოდ მძლავრი პროფესიული გაერთიანების ხელმძღვანელი, რომელიც ხელისუფლების ცალკე დამოუკიდებლობის შტოა, მოსამართლეთა გაერთიანების ლიდერი. თითოეული მოსამართლე დამოუკიდებელია და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ერქმევა თუ პირველი ინსტანციის მოსამართლე, ორივე თანასწორნი არიან, კანონით ასეა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაგრამ იმისთვის, რომ სასამართლო რეალურად დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოდ იქცეს, პირველ რიგში, დანარჩენი სახელისუფლებო ორი _ საკანონმდებლო და აღმასრულებელი _ შტოსგან განთავისუფლდეს. ვფიქრობ, რომ დადგა დრო, თვითონ მოსამართლეთა კორპუსის სისტემამ საჯაროდ განაცხადოს, რომ ის მზად არის და მას დღესვე უნდა დამოუკიდებლობა. ამავე კონტექსტში უნდა განვიხილოთ ე. წ. მესამე ტალღის პროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და არც სხვა მოსამართლეთა პოზიცია არ მოგვისმენია. ამ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობა, მთავრობა რას ამბობს? _ მოსამართლეებს, ამ დამოუკიდებელ, ძალიან ბევრ მართლა პროფესიონალ ადამიანს ეუბნება, რომ სასამართლოს სისტემას როდის მივანიჭებთ დამოუკიდებლობას, ჩვენ გადავწყვეტთ კანონისა თუ იუსტიციის საბჭოს მეშვეობითო; ჩვენი პოლიტიკოსები, რიგ შემთხვევებში, დამწყები პოლიტიკოსები, რომელთა გამოცდილება იმ ცალკეულ მოსამართლეებთან შედარებით მოსატანიც კი არ არის, მოსამართლეთა კორპუსს, მთელ სისტემას ეუბნებიან, _ თქვენ ჯერ არ ხართ მზად დამოუკიდებლობისთვისო! პრეზიდენტმა ამას ვეტო დაადო და სწორადაც ამბობს, რომ ხვალ კი არა, ეს დღესვე გააკეთეთო. ამ ე. წ. საკანონმდებლო პროცედურებში საერთოდ დაკარგულია მოსამართლეთა ხმა და თქვენს კითხვას მივუბრუნდები: აი, აქ, ამ კონტექსტში ვხედავ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის როლს. უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია: ფიქრობს, რომ დღესვე უნდა მიენიჭოს სრული დამოუკიდებლობა სასამართლო ხელისუფლებას, თუ იზიარებს მოსაზრებას, რომ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გადაუწყვიტოს სასამართლო სისტემას, თითოეულ მოსამართლეს, როდის და რა დოზით მიანიჭოს თითოეულ მათგანს დამოუკიდებლობა? ეს არის მთავარი, აქ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განცხადების ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის გაკეთებას აყოვნებს.
_ ევროსასამართლომ საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატები დაიწუნა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისკენ იშვერს ხელს. თქვენ რას ფიქრობთ?
_ მოკლედ გიპასუხებთ და უბრალოდ შეგახსენებთ: იუსტიციის მინისტრი გაბრწყინებული თვალებით გამოვიდა და ძალიან უხაროდა, ერთ-ერთ კონკურსანტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ორიანი დავუწერეო, იმ მოსამართლეს, რომლის ოდენობის წიგნიც არ აქვს წაკითხული იურისპრუდენციაში და იმდენი არ აქვს გაკეთებული თვითონ წულუკიანს. თვალების ჟუჟუნით და ბრიალით რომ თქვა, ორიანი დავუწერეო, სტრასბურგმა ახლა მას კი არა, საქართველოს რომ დაუწერა ორიანი, არავინ სთხოვს პასუხს არც წულუკიანს და არც კვირიკაშვილს! ეს არის ჩვენი ყოფის პარადოქსი და უბედურება! იმ სირცხვილზე, რომელიც ჩვენმა სამშობლომ მიიღო, პერსონალურად კვირიკაშვილი და წულუკიანი არიან პასუხისმგებლები! არ ვიცი, მათ სტკივათ თუ არა თავიანთი ქვეყანა, როგორია მათი აღქმა სამშობლოსი, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ ცოტა დარცხვენილი მაინც უნდა ყოფილიყვნენ. მის ადგილზე თანამდებობიდან გადავდგებოდი, რადგან ეს იმ დონის სირცხვილია, მით უმეტეს, ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარი სახელმწიფოსთვის, ეს ასე ადვილად არ ჩაივლის სხვადასხვა გადაწყვეტილების დროს. არ გამეხარდება ევროსაბჭოში იქნება თუ სხვა ევროპულ ფორუმზე სხვადასხვა გადაწყვეტილების დროს გაიხსენონ, _ ეს ის საქართველო არ არის, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატი რომ ჩაუგდესო? ეს ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გვიფიქრია და გვიღვაწია ჩვენი სამშობლოს რეალურ დემოკრატიულ რელსებზე შედგომისთვის, არასასიამოვნოა.
_ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ მანანა კობახიძეს მოუსმენენ. კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. იმ ფონზე, როდესაც ამ ადამიანთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იყო, გავიხსენოთ, თუნდაც, მის წინააღმდეგ ალეკო ელისაშვილის ბრალდება, პროკურატურის განცხადების მიუხედავად, რომ დანაშაული ვერ აღმოაჩინეს, საზოგადოებაში გარკვეული კითხვები მაინც არსებობს. რამდენად შეეფერება საკონსტიტუციო სასამართლოს მანანა კობახიძის კანდიდატურა?
_ პირველი: მოქმედი პოკლიტიკოსის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გამწესება უფრო დააზარალებს ისედაც პოლიტიკური თავდასხმების ობიექტად ქცეულ საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს თავისთავად შეამცირებს მის დამოუკიდებლობას და სერიოზულ ჩრდილს მიაყენებს. მეორე: მანანა კობახიძე გახლავთ ის ადამიანი, რომელიც სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოზე პოლიტიკური თავდასხმების ავანგარდში იყო, კარგად გვახსოვს მისი განცხადებები. მესამე: ქალბატონი კობახიძე გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელმაც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებებს, ზუსტად პოლიტიკური მოტივაციით ნაკარნახებ კანონს და ეს კანონი სულ ახლახან, საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო. მან მხარი დაუჭირა ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას იმ ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომელშიც გამწესებას ის და პარლამენტი ლამობს. მეოთხე: ქალბატონი კობახიძე გახლავთ ის პოლიტიკოსი, რომელიც ავტორი იყო იმისა, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჩხრეკა-ამოღება ეწარმოებინათ ყოველგვარი დადგენილების გარეშე. იგი დავით საგანელიძესთან, გედევან ფოფხაძესთან და სხვა პოლიტიკოსებთან ერთად იყო ავტორი და ინიციატორი ამ კანონპროექტისა, ანუ უფლებადამცველი, გნებავთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი, რომლის უმთავრესი ფუნქცია ადამიანის უფლებების დაცვაა, ეს ადამიანი იყო ინიციატორი და აქტიურად ლობირებდა კიდეც საკომიტეტო მოსმენებზე იმას, რომ სრული თავისუფლება მისცემოდათ სპეცსამსახურებსა თუ საგამოძიებო ორგანოებს; დადგენილების, ერთი ფარატინა ქაღალდის გარეშეც კი ეწარმოებინათ ჩხრეკა და ამოღება, ჩაედოთ რაც უნდოდათ და ა. შ. აი, ამის ავტორი იყო და, შესაბამისად, ეს არ იქნება პარლამენტის სწორი გადაწყვეტილება, მით უმეტეს, მას კონსტიტუციური უმრავლესობა აქვს და დასაწყისში ამბობდა, _ არა, ჩვენ ამას არასახელმწიფოებრივად არ გამოვიყენებთო. როგორც ჩანს, ამ დაპირებას ვადა გაუვიდა და, შესაბამისად, ამ კონსტიტუციურ უმრავლესობას სხვადასხვა საკითხის პოლიტიკური ჭრა-კერვისთვის გამოიყენებენ და არა სახელმწიფობრივი მოტივებით. მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეს ვერც გააფუჭებს და ვერც გააკეთებს, იმიტომ, რომ იგი კოლეგიაში იქნება ერთი დანარჩენ ოთხთან, ან პლენუმზე იქნება ერთი დანარჩენ ცხრასთან. თუმცა კარგი კადრის, ობიექტურისა და დამოუკიდებლის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს განვითარების ახალ ეტაპზე გადაყვანა ადვილად შესაძლებელი იყო. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო უმრავლესობას დიდად არ ანაღვლებს სახელმწიფო და ამდაგვარი ინსტიტუტები, შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დაასაქმოს და ადგილი მოუძებნოს პოლიტიკურად განაწყენებულ თავის თანაგუნდელს, ვიცე-სპიკერს, რომელსაც თანამდებობა არ ერგო. როგორც ჩანს, შიგნით უკმაყოფილებაა და, ალბათ, ერთმანეთს ემუქრებიან კიდეც. შესაბამისად, ამიტომ იღწვის თავგამოდებით საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“, რომ ასეთი დისკრედიტებული ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გაამწესოს.
თამარ ბატიაშვილი