QronikaPlus
როგორ დავიცვათ თავი ფინანსური მაქინაციებისგან?!

როგორ დავიცვათ თავი ფინანსური მაქინაციებისგან?!

2017-02-10 09:09:38

საკრედიტო დაწესებულებების შეთავაზებულ როგორი სახის ხელშეკრულებას არ უნდა მოვაწეროთ ხელი, როცა კრედიტის აღებას გადავწყვეტთ? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ადვოკატ ქეთი უტიაშვილს ვესაუბრეთ, რომელმაც კრედიტორების მიერ მსესხებლების გასაწირად გამოგონილი ახალი საფრთხეები გაგვაცნო. ადვოკატი ასევე გვესაუბრა დაზარალებულთათვის იმედისმომცემ, სასამართლოების პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც კრედიტორთა წისქვილს ნამდვილად არ ასხამს წყალს. ქეთი უტიაშვილი: _ საკრედიტო დაწესებულებები ხელშეკრულებებს აფორმებენ, რომლითაც ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია, ან დოლარით გამოტანილი სესხის ლარებში გადატანა ხდება. გირჩევთ, ასეთ დროს, მსესხებლებმა ყურადღება მიაქციონ, ხომ არ არის ხელშეკრულებაში პირობები შეცვლილი? _ თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ, ახალ ხელშეკრულებებში პირობები შეცვლილია? _ როცა ახალ ხელშეკრულებას სთავაზობენ, გამორიცხული არ არის, რომ საკრედიტო დაწესებულებამ ის ახალი პირობებით წარუდგინოს. ხელშეკრულებაში რომ თანხა შეიცვალა, ან ვალი სასურველი ფორმით გადანაწილდა, შეიძლება, მსესხებლისთვის სასიხარულო იყოს, რადგან იფიქროს, რომ ეს მისთვის მომგებიანია, მაგრამ გულდასმით წაკითხვის შემდეგ აღნიშნულ ხელშეკრულებაში ისეთი სიახლეები აღმოაჩინოს, სჯობდეს, ისევ ძველი წესით, ან დოლარით გაისტუმროს სესხი. ამჯერად არ ვარ უფლებამოსილი, ჩემი კლიენტების ვინაობა გავამხილო, აქედან გამომდინარე, ბანკების სახელებსაც არ გავასაჯაროებ, თუმცა მსგავსი ფაქტები ბევრია. ბოლო დროს, ერთ-ერთი ბანკის ხელშეკრულებას გავეცანი, რომელშიც საოცრად კაბალური პირობები იყო მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსესხებელს გარკვეულ თანხებს პატიობდნენ და აღარ სთხოვდნენ, პირობები მისთვის მომგებიანი არ იყო. ამ ხელშეკრულებას ეს პიროვნება ხელს თუ მოაწერდა, ის გაცილებით მეტს დაკარგავდა, ვიდრე მის მიერ ნასესხები თანხა წარმოადგენდა. მოკლედ, პიროვნებას პრობლემური სესხი ჰქონდა, ბანკი შეჰპირდა, რომ ახალ საკრედიტო ხელშეკრულებას გაუფორმებდა, სადაც ვადები შეცვლილი იქნებოდა და ვალის რესტრუქტურიზაციას მოახდენდა. მსესხებელს ხელშეკრულება გადასცეს და მან ის ჩემთან მოიტანა. აღმოჩნდა, რომ რესტრუქტურიზაციის მიღმა მძიმე პირობები იმალებოდა. ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, ახალი განრიგის დარღვევის შემდეგ, მას არანაირი დავის ბერკეტი აღარ ექნებოდა და ბანკის თანამშრომელს უპირობო უფლება მიეცემოდა, მის საკუთრებაში არსებული ბინა გაეყიდა. ბანკს, ასევე, კერძო პირის ქონების მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება ექნებოდა და ა. შ. ჩემი აზრით, ეს რესტრუქტურიზაცია ემსახურებოდა იმას, რომ ძველ ხელშეკრულებაში არსებული, შედარებით მარტივი, პირობები უფრო მძიმე და კაბალური ფორმებით შეიცვალა, რომელიც ბანკისთვის მეტად სასარგებლოა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ადამიანს ავუხსენით, რომ ასეთი ხელშეკრულებისთვის ხელი არ უნდა მოეწერა და ასეც მოიქცა. _ ეს პიროვნება სწორად მოიქცა მაშინაც, როცა ხელშეკრულება ბანკს წინასწარ გამოართვა და შეძლო, საქმეში ჩახედული იურისტისგან მიეღო კონსულტაცია, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, ბანკები, საკრედიტო ორგანიზაციები, მოქალაქეებს ხელშეკრულებებს წინასწარ არ აძლევენ. ამ დოკუმენტს მათ იმ დროს გადასცემენ, როცა ხელი უნდა მოაწერონ. ხელშეკრულება კი ფურცლების კრებულია, რომელზეც უწვრილესი შრიფტით წერია გარკვეული მოთხოვნები. ბევრს ამის გამო წაკითხვა უჭირს და იმისთვის, რომ ტექსტს სრულად გაეცნოს და იურიდიულად გაიაზროს (რასაც შესაბამისი კომპეტენცია სჭირდება), ალბათ, მთელი დღე უნდა დაკარგოს. ამიტომ მოქალაქეები წაუკითხავად, პირდაპირ აწერენ ხელს და თავს საფრთხეში იგდებენ. არ შეიძლება, რომ ხელშეკრულებების ასეთი მაქინაციური ფორმით შედგენა აღიკვეთოს? _ ამ ადამიანს მართლაც გაუმართლა, რადგან მიიჩნია, რომ შეიძლებოდა, ხელშეკრულებაში ისეთი რამ ყოფილიყო, რითაც მისი მდგომარეობა გაუარესდებოდა და ჩვენთან მოიტანა. იმის გამო, რომ მან ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, რა თქმა უნდა, ბანკთან გარკვეული უსიამოვნებები შეექმნა, მაგრამ თუ მოაწერდა, უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდებოდა. საკრედიტო დაწესებულებები განგებ ბეჭდავენ წვრილი შრიფტით, რომ ნებისმიერი ადამიანი 2-3 საათში ვერ გაერკვეს, რა წერია ხელშეკრულებაში და რა პირობებს სთვაზობენ მას ეს ორგანიზაციები. ამას ემატება ყველაზე მძიმე პირობის არასისტემური მდებარეობა, რაც ართულებს მის აღქმას არა მხოლოდ ფიზიკური შესაძლებლობის კუთხით, არამედ ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილე პირის ფსიქო-ემოციური ფაქტორების ზეგავლენის გამო. ამასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, სასამართლომ უკვე იმსჯელა და პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა. აღნიშნული საქმე მოსამართლე ზაზა მარტლიაშვილმა განიხილა. რადგან ხელშეკრულება დაბეჭდილი იყო ძალიან წვრილი შრიფტით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არღვევდა მსესხებლის უფლებას, ხოლო საკრედიტო დაწესებულების ვალდებულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს საჭირო ცნობები აღქმადი, გასაგები და ინდივიდუალურად მორგებული ფორმით. თანაბარმნიშვნელოვანია მომხმარებლის ფსიქოლოგიური განწყობა, პიროვნული აღქმადობის დონე, ვითარება, რომელშიც იდება ხელშეკრულება, ან _ ყველა დასახელებული ფაქტორი ერთად. ამის გამო მოსამართლემ ბათილად ცნო ხელშეკულების ის მუხლი, რომელიც მსესხებლს მგომარეობას ამძიმებდა და ბანკს დააკისრა თანხა _ 14 ათას ლარზე მეტი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქმეს იხილავს სააპელაციო სასამართლო, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან კვალიფიციური გადაწყვეტილება გახლავთ. რეალობა არის ის, რომ ადამიანების დიდი ნაწილი მართლაც ვერ ახერხებს ასეთი შრიფტით ნაბეჭდი ხელშეკრულებების წაკითხვას, აღქმას და საბოლოოდ, ეს პიროვნებები ზარალდებიან, ქონებას კარგავენ და ა. შ., რადგან ამ ხელშეკრულებაში შეიძლება, ეწეროს: იპოთეკის საგანი თუ არ არის საკმარისი, დანარჩენ ქონებებზე მიექცევა აღსრულება, ან სხვა ისეთი პირობა, რომელიც მოქალაქისთვის ზიანის მომტანი იქნება. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. _ წვრილი შრიფტით ხელშეკრულებების შედგენა არის თუ არა მოქალაქეების უფლებების დარღვევა? თუ არის, ვისი ვალია, რომ ეს საკითხი მოაწესრიგოს? _ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ეს გახლავთ ადამიანის უფლებების შელახვა. ალბათ, როცა სასამართლო რამდენიმე ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს მსგავს საქმეებზე და საკრედიტო დაწესებულებებს ზიანის ანაზღაურებას მსესხებლის სასარგებლოდ მოსთხოვს, ისინი იძულებული გახდებიან, ხელშეკრულებების ფორმები შეცვალონ. ბოლო დროს მოქალაქეებს ისეთ კაბალურ ხელშეკრულებებს სთავაზობენ, თუ მას არ წაიკითხავენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. დასაწყისში ვთქვი, რომ შესაძლებელია, დოლარში გამოტანილი სესხის გალარების დროსაც მოხდეს იგივე. ინფორმაცია მაქვს, რომ რამდენიმე ბანკის იურისტი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამ დაწესებულებებისთვის უმძიმესი ფორმების ხელშეკრულებების შედგენაზე მუშაობდა. რა თქმა უნდა, სესხი ჩვენი რისკია, მაგრამ წაუკითხავ და გაუაზრებელ ხელშეკრულებებს არ უნდა მოვაწეროთ ხელი. ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია ერთ სუბიექტთან და, ამავდროულად, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია სხვა პირის ქონება. _ ასეთი ფაქტიც გაქვთ? _ რა თქმა უნდა. ერთ-ერთ ბანკს საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა შპს-სთან, მაგრამ ამ ვალის უზრუნველსაყოფად ფიზიკური პირის ქონება დატვირთა. ასეთი რამ შეიძლება, მაგრამ ეს საკრედიტო ხელშეკრულება ბანკის მიერ იყო დამოწმებული, თუმცა იპოთეკური ხელშეკრულება ნოტარიული წესით გახლდათ გაფორმებული, სადაც ნოტარიუსს მითითებული ჰქონდა, რომ ვალდებულების გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოხდებოდა. ორგანიზაციამ დაკისრებული ვალი ვერ გადაიხადა. გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი შპს-სა და ფიზიკური პირის მიმართ. ვალის მოცულობა განისაზღვრა, მაგრამ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირი _ შპს _ საერთოდ არ იყო იპოთეკის მონაწილე, ანუ სააღსრულებო ფურცელი ნოტარიუსს რომ გაეცა, ამისთვის შპს-ს თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად ამისა, ასეთი ნაკლოვანი სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე აღსრულება დაიწყო და ამ ადამიანს ქონებას უყიდიდნენ, თანხის გადახდას კი ფიზიკურ პირსაც და შპს-საც სთხოვდნენ. საბოლოოდ, სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი შეაჩერა, რომელიც ნოტარიუსმა უკანონოდ გამოსცა. სასამართლომაც თქვა: ვინაიდან საკრედიტო ხელშეკრულება არასანოტარო ფორმით გაფორმდა, ანუ იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა ფიზიკურ პირსა და ბანკს შორის, ვალის უზრუნველსაყოფ ღონისძიებაში შპს არ მონაწილეობდა, არ შეიძლებოდა, ნოტრიუსს მის მიმართ სააღსრულებო ფურცელი გაეცა. საკრედიტო დაწესებულება ასე განსაკუთრებით ხშირად იქცევა: კრედიტი გაიცემა შიდა ხელშეკრულების ფარგლებში, ოპოთეკით კი იტვირთება მესამე პირის ქონება, ან მსესხებლის, მაგრამ მხოლოდ იპოთეკის საგნის ნაწილში იდება ნოტარიული ხელშეკრულება და სააღსრულებო ფურცელი უპრობლემოდ გაიცემა. არადა, მსგავს შემთხვევაზე უკვე იმსჯელა სასამართლომ და თქვა, რომ ნოტარიულ სააღსრულებო ფურცელს ორივე მხარის ნება სჭირდება და ნოტარიუსმა სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ იმ პირთა მიმართ და იმ დოკუმენტზე უნდა გასცეს, რომელიც მისი დამოწმებულია. ამ მხრივ დაზარალებული ბევრია, თუმცა ზოგი არ მიდის ადვოკატთან, სასამართლოში და უკანონობებზეც, ცხადია, მისი ჩამდენი ორგანიზაციები პასუხს არ აგებენ. _ ასეთ უკანონო დოკუმენტებს ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ნოტარიუსები იმის იმედად გასცემენ, რომ დაზარალებული ადამიანები არ უჩივლებენ, თუ ვინმეს ლობირების იმედი აქვთ? _ ვერ გეტყვით. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ სჯერათ, სწორად იქცევიან, რადგან ასეთ საქმეებზე, ჯერჯერობით, არავინ დასჯილა და პირველი პრეცედენტული გადაწყვეტილებაა, რომელიც მოსამართლე შორენა ჯანხოთელმა მიიღო. ჩვენც ძალიან დიდი შრომის შედეგად მივაღწიეთ შედეგს. საქმე ის არის, რომ სააღსრულებო ბიუროს აღსრულების ვადები აქვს. თუ ამ ვადებში ჩემი კლიენტი ვერ ჩაეტეოდა, აღსრულება მოხდებოდა და ამ შემთხვევაში ფიზიკურ პირს ქონებას გაუყიდიდნენ შპს-ს ვალის უზრუნველსაყოფად. ასევე შპს-ს დაეკისრებოდა კაბალური თანხა ისე, რომ ამ შპს-ს მსგავსი დოკუმენტის გაცემის ნება და უფლებამოსილება ნოტარიუსისთვის არ ექნებოდა მიცემული. იპოთეკის ხელშეკრულება შპს-ს მონაწილეობის გარეშე დამტკიცდა. ამ დროს ვალდებულება მას გაუგზავნეს. ასეთი მახინჯი პრაქტიკა იმას ემსახურება, რომ ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა ფული მარტივი წესით ამოიღონ. ბოლო დროს, სასამართლო ყველაფერს აკეთებს, რომ ბანკმა კაბალური პროცენტი და პირგასამტეხლო არ წაიღოს, თუმცა ეს ორგანიზაციები მაინც ცდილობენ, სასამართლოს გვერდის ავლით გაიმარტივონ სესხის ამოღების პროცედურები. სწორედ ამას ემსახურება ნოტარიული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება. ჩვენ სასამართლოში წავედით და დავა მოვიგეთ, მაგრამ ვიღაც ხომ ფიქრობს, რადგან ნოტარიუსმა ეს ფურცელი გასცა, ე. ი. კანონიერია. ამას ემტება ისიც, რომ ნოტარიუსის დამოწმებულ დოკუმენტში (სესხი, იპოთეკა და/ან ორივე ერთად) მითითებულია, _ დოკუმენტის გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულებას, შესაბამისად, მათ მიაჩნიათ, რომ დავას აზრი არ აქვს და აღარ ცდილობენ სამართლიანობის გარკვევას და ქონებას კარგავენ. თუმცა, როგორც ვიცი, ასეთ ფაქტებზე სასამართლოში უკვე უამრავი სარჩელია შესული. _ ეს ფაქტი იმაზეც ხომ არ მიუთითებს, რომ ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კონკრეტულ ნოტარიუსებთან ალიასში არიან და ერთად სჩადიან უკანონობებს? _ საკრედიტო დაწესებულებებს  შერჩეული ჰყავთ სათანამშრომლოდ ნოტარიუსები, რომლებთანაც მუდმივად თანამშრომლობენ და ხელშეკრულებებს აფორმებენ. ასევე იქცევიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც. მათ ალიანსებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა იმ კონკრეტულ შემთხვევაში ნოტარიუსის ქმედება არაკანონიერი იყო, რაც სასამართლომაც დაადასტურა. ბოლო დროს, გარკვეული ბანკები, ასევე კერძო იპოთეკარები, ხელშეკრულებებს აფორმებენ და მას არქმევენ ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას. ისინი თანხას არ გაასესხებენ, ასეთ ხელშეკრულებას თუ არ გააფორმებენ. მაგალითად, ადამიანი მივიდა კერძო პირთან, რომელიც იცის, რომ ფულს აპროცენტებს. სესხის გამცემი მას ეუბნება, _ თანხას გასესხებ, მაგრამ ხელშეკრულების ფორმა უნდა იყოს არა სესხისა და იპოთეკის, არამედ იმ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთებაო. ასეთ დროს, შესაძლებელია, კრედიტორი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და როცა ის უძრავი ქონების მესაკუთრე გახდება, ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოვალეს უთხრას, მე ეს ქონება ვიყიდეო. ამ ვითარებაში ადამიანს უწევს დავა და სასამართლოს წინაშე იმის მტკიცება, რომ მან ეს თანხა ისესხა და საკუთრებაში არსებული ქონება არ გაუყიდია. ამის დამტკიცება რთულია, მსგავსი საქმეები კი ბოლო დროს ძალიან გახშირდა. _ ანუ კრედიტორი მსესხებელს ატყუებს? _ ამ შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების დროს, მხარეები ზეპირსიტყვიერად თანხმდებიან, რომ ეს არის სესხისა და ოპოთეკის ხელშეკრულება, თუმცა ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას დოკუმენტს არქმევენ. ეს, თავისი შინაარსით, თვალთმაქცურ გარიგებას წარმოადგენს, მაგრამ რადგან ამაზე ორივე მხარეა შეთანხმებული, მოვალეს სჯერა, რომ კრედიტორი მიიღებს თანხას და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, მაგრამ ხშირად სიტყვიერი შეთანხმება ძალას კარგავს, როცა ხელშეკრულებას ვადა ეწურება. ასეთ დროს დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოვალემ სასამართლოზე სიმართლე ვერ დაამტკიცოს და კუთვნილი საცხოვრებლიდან გამოასახლონ. როცა არსებობს პრობლემური სესხი და ის აღსრულებაში უნდა წავიდეს, მხარე სთავაზობს, რომ ვადის გაგრძელების მიზნით ხელი მოაწეროს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებას. კერძო იპოთეკარები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ძირითადად, ასეთი ფორმით მუშაობენ, თუმცა მქონდა შემთხვევა, როცა ბანკიც ანალოგიურად მოიქცა. ამ დროს მათი ინტერესი არის ის, რომ სახელმწიფოს გადასახადები დაუმალონ, საბოლოო ჯამში, ქონება ხელში ჩაიგდონ და დაიკანონონ. სახელმწიფოს იმით ატყუებენ, რომ გამოსყიდვის თანხაში პროცენტიც შეჰყავთ და მას აღარ ბეგრავენ. აქედან გამომდინარე, მსგავსი ფორმის ხელშეკრულებაზე თანხმობა და ხელის მოწერა, ძირითადად, ნიშნავს იმას, რომ მოვალეს, საბოლოოდ, საკუთარი სახლიდან გამოასახლებენ. _ კიდევ რა ფორმებით ატყუებენ ბოლო პერიოდში ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კერძო იპოთეკარები ადამიანებს? _ პრობლემური სესხების დროს არის მოვალის მიმართ მუქარა, სახლში მისვლა. ადამიანებს ეუბნებიან, რომ მათი სახლიდან უნდა გაიტანონ ნივთები, ამ დროს არ აქვთ არც სასამართლოს გადაწყვეტილება და არც სასამართლოს ფურცელი. ეს არის ტერორი და სხვა არაფერი. ხშირად არღვევენ პერსონალურ მონაცემებსაც, რადგან ინფორმაცია კონკრეტული პირის სესხის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურია, შეიძლება მიაწოდონ მესამე პირს _ დედას, მამას, ნათესავს, მეზობელს, რათა ამ ადამიანის რეპუტაციის შელახვით მიიღონ კუთვნილი თანხები. ეს არის დიდი დარღვევა და მსგავსი ფაქტების დროს აუცილებლად უნდა შევიდეს საჩივარი პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორთან, მოცემულ მომენტში კი გამოიძახონ პატრული, _ იგი იმ ადამიანების თავნებობას აღკვეთს, რომლებიც პირის კერძო საკუთრებაში იჭრებიან და ადამიანურ უფლებებს ხელყოფენ. იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციებმა, ან კერძო პირებმა სახლიდან მოძრავი ქონება გაიტანონ, ამისთვის მათ სჭირდებათ სასამართლო გადაწყვეტილება და, ასევე, აღსრულების ფურცელი, რომლის აღსრულებაც სააღსრულებო სამსახურის თანამშრომლის პრეროგატივაა, სხვა პირის მსგავსი მოქმედება კი, მინიმუმ, არის უკანონო და მაქსიმუმ _ დანაშაული, რომელიც სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა აღკვეთონ. რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გაცემას, ამ ინფორმაციის გასაჯაროების გამო მიყენებული მორალური ზიანისთვის ერთ-ერთ ონლაინ-დაწესებულებას სასამართლომ დაზარალებულს სასარგებლოდ თანხა დააკსრა. შეიძლება ამიტომაც, ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციების ხელშეკრულებებში გაჩნდა მესამე პირისთვის ინფორმაციის გადაცემის უფლება, თუმცა გაუგებარია, ვინ მოიაზრება მესამე პირად?! ასეთ ხელშეკრულებასაც არ უნდა მოვაწეროთ ხელი, რადგან ის, შეიძლება, საჯარო სივრცეში აღმოჩნდეს და ყველა მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება გაარკვიოს, ვისგან რამდენ სესხს იღებს, რა დავალიანება აქვს და ა. შ., რაც მოქალაქეთა უფლებებს არღვევს. _ რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო და არ აკეთებს იმისთვის, რომ ადამიანთა უფლებები ასეთი ფორმებით არ ილახებოდეს? _ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაფორმება თვალთმაქცური გარიგებაა. ცხადია, ის ისჯება, თუ დაადასტურებ და აღიარებაც მოხდება იმ ურთიერთობის, რაც რეალურად იყო, მაგრამ მხარეებს არ აქვთ მისი დამტკიცების საშუალება, რადგან ხშირად მტკიცებულებათა ერთობლიობა არ გააჩნიათ. ხშირად კრედიტორი მოვალეს იმდენ მტკიცებულებას არ უტოვებს, რომ მან სიმართლე დაამტკიცოს და სასამართლოსთვის სარწმუნო გახადოს. სახელმწიფო ყველა ხელშეკრულებას ვერ შეისწავლის, აქედან გამომდინარე, თავად უნდა დავფიქრდეთ, როცა ხელშეკრულებებს ვაწერთ ხელს. თუ არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, კვალიფიციურ ადამიანებს ვკითხოთ, სხვა შემთხვევაში, ყოველთვის ვიქნებით დაზარალებულნი და მოტყუებულნი. საქმეებმა ისიც გვიჩვენა, _ ასეთ ფაქტებზე სამართალდამცველი ორგანოები ამბობენ, რომ ეს სასამართლო დავის საგანია და კვალიფიკაციას არ ანიჭებენ. _ ანუ სახელმწიფო დანაშაულს ხელს უწყობს? _ მიაჩნია, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე სისხლის სამართლის გამოძიება უნდა დაიწყონ და სასამართლოს მუდმივად არ ექნება იმის პრობლემა, რომ ბევრი საქმე დაუგროვდეს. ამით მოქალაქეები და გარკვეული უწყებები მიხვდებიან, რომ ურთიერთობის სწორი ფორმა უნდა შეარჩიონ. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ასეთ საქმეებს სჩადიან, საშუალება არ მიეცემათ, სხვისი მდგომარეობით ისარგებლონ და მოქალაქეებს ხელოვნურად შეუქმნან პრობლემები.   ნელი ვარდიაშვილი  

გაზიარება